რობერთ სილვერბერგი
ოთხმოცდაათი ათასი კილომეტრის სიმაღლიდან მოინადირა მათი გული – საშუალო ზომის, კოხტა პლანეტამ, მიწითა და ტყით, ქალაქების და სხვა მსგავსი საშარო ადგილების ნიშანწყლის გარეშე. მიმზიდველი ადგილი. ისეთი სწორედ, რომელსაც ვეძებდით, ჩვენი, ერთობ უნაყოფო რომ გამოდგა, იმ ექსპედიციის დანაკარგის შესავსებად.
ქლაიდ ჰოლდრეთს მივუბრუნდი, რომელიც შეფიქრიანებული დაჰყურებდა თერმოსკოპს.
– აბა? რას იტყვი?
– კარგი რამ ჩანს – ტემპერატურა მიახლოებით 20 უნდა იყოს – თბილი ჰაერი, ჟანგბადით გაჯერებული. ვფიქრობ, ღირს, მოვსინჯოთ.
ლი დეივისონი საკუჭნაოდან გამოვიდა. მდორედ მოგვიახლოვდა. როგორც ყოველთვის, ცხოველების სუნი ადევნებოდა. თან ჰყავდა ლურჯი მაიმუნი, რომელიც ალფერაზიდან წამოვიყვანეთ და ახლა დეივისონის მკლავზე დაცოცავდა.
– მიაგენით რამეს?
– პლანეტას, – ვუთხარი, – სამხეცეში რა ხდება, ადგილი გვაქვს?
– ნუ ღელავ – მთელი ზოოპარკის სამყოფი… ეს მოგზაურობა დიდად სარფიანი ვერ გამოდგა.
– ჰო, – დავეთანხმე, – ვერ გამოდგა… ჩამოვიდეთ და ვნახოთ რა ამბავია?
– საჭიროა, – თქვა ჰოლდრეთმა, – ასე ხელცარიელნი დედამიწაზე ვერ დავბრუნდებით – მხოლოდ რამდენიმე ცისფერი მაიმუნითა და რაღაც ჭიანჭველაჭამიებით… კარგად გვესმის.
– მეც მომხრე ვარ, – თქვა დეივისონმა, – შენ?
თავი დავუქნიე.
– რუკას შევადგენ, თქვენ კი ცხოველებს მიხედევთ, – გვითხრა ჰოლდრეთმა.
დეივისონი კვლავ სათავსოში გაუჩინარდა, ჰოლდრეთი კი მონიტორს მიუჯდა და პლანეტის კოორდინატებისა და ზოგადი აღწერილობის აღსანუსხად ცხრილის შევსება დაიწყო – ვარსკვლავთშორისი საქმეთა ბიუროს ზოოლოგიის დეპარტამენტის ცხოველთა შემგროვებელი ჯგუფის გარდა, ჩვენ კვლევითი ჯგუფიც გვერქვა, ეს პლანეტა კი გამოუკვლეველი იყო და არც აღრიცხული გვქონდა.
ილუმინატორში შევყურებდი მწვანე და ყავისფერ ბურთს, რომელიც ნელა ტრიალებდა და გულმა რეჩხი მიყო – ასე მემართებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ და უცხო სამყაროში უნდა შეგვებიჯებინა. უსიამო ფიქრებისგან დასახსნელად, ორბიტის გამოთვლა დავიწყე, ამასობაში ზურგსუკან ჭყივილი შემომესმა – ლურჯი მაიმუნები იყვნენ, რომლებიც, სანამ ხომალდი დაშვებას დაიწყებდა, დეივისონმა სათითაოდ გაკოჭა უსაფრთხოების ღვედით. მათ გნიასს რიგელიანელი ჭიანჭველაჭამიების ყრუ, გამყინავი ხმაც შეუერთდა და თუ რამ აბეზარი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ყველა გადაპენტა.
პლანეტა დასახლებული იყო, რაც ძალიან კარგია. ის-ის იყო დავეშვით, რომ ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები ხომალდს შემოეხვივნენ. ფეხიც არ ჩაგვედგა ჯერ – ილუმინატორიდან შევყურებდით.
– სამოთხეს ჰგავს, – შესძახა დეივისონმა თან მოკლე წვერზე ჩამოისვა თითები, – ერთი შეხედე! ათასობით სახეობა უნდა იყოს.
– მსგავსი არასდროს მინახავს, - გაოცებით თქვა ჰოლდრეთმა.
ხმაამოუღებლივ ვათვალიერებდი, თან გონებაში გამოვთვალე, რამდენი ადგილი გვაქვს სამხეცეში თავისუფალი და რამდენის წაყვანას შევძლებთ…
– როგორ გამოვარჩიოთ, რას წავიყვანთ და რას დავტოვებთ? – ჩავილაპარაკე ჩემთვის შეფიქრიანებულმა.
– რა მნიშვნელობა აქვს?! – ჰოლდრეთი იღიმოდა, – მჯობნის მჯობნი არ დაილევაო – ამას გვეუბნები ახლა… ათეულობით უცხო არსებას მოვაგროვებთ ამ ჯერზე და დანარჩენისთვის შემდეგ დავბრუნდებით… იმაზე მწყდება გული მხოლოდ, წყეული რიგელის ირგვლივ ხეტიალში რომ გავფლანგეთ დრო.
– ჭიანჭველაჭამიები ნუ გავიწყდება, – შეახსენა დეივისონმა.
ჭიანჭველაჭამიებს რიგელზე მან მიაგნო და ამით ძალიან ამაყობდა.
– ჰო, ჭიანჭველაჭამიები, – გამეცინა ცალყბად, – აი, მათზე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული და ჭიანჭველაჭამიებმა იმწამსვე მორთეს ყრანტალი. ხმამაღლა, თითქოს, ჩემს გასაგონადო.
– ზერელე დამოკიდებულებაა, – გული მოუვიდა ჰოლდრეთს, – დილეტანტური!
– ვინ თქვა, რომ ზოოლოგი ვარ? კოსმოსური ხომალდის პილოტი ვარ… და თუ მაგ ჭიანჭველაჭამიების ხმა და სუნი არ მომწონს, ვერ ვხდები, რატომ უნდა…
– ჰეი, აქეთ ნახეთ! – ჩემი და ჰოლდრეთის გაბაასება დეივისონის შეძახილმა შეწყვიტა.
გავიხედე და დავინახე მხეცი, რომელიც ის-ის იყო ტყიდან გამოსულიყო და გვიახლოვდებოდა. რაც ზოოლოგიურ ექსპედიციებში დავიწყე ფრენა, რა აღარ მინახავს, მაგრამ – ასეთი…
გრძელ ფეხებზე მოძრაობდა ტაატით. ჟირაფის ზომის იყო პაწია თავით განსაცვიფრებელ კისერზე, მაგრამ ჩვენებური ჟირაფისგან განსხვავებით, ექვსი ფეხი ჰქონდა და გველებივით დაკლაკნილი საცეცები. თვალები ღრმა, იისფერი ლანგრები, დამსხდარი ორი საცეცის ბოლოს. დანარჩენ ცხოველთა კრებულს მოწყდა ნარნარით და კაბინაში შემოიხედა. ერთი თვალით მე მომაჩერდა, მეორეთი – დეივისონს. უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს, რაღაცის თქმა სურსო.
– დიდია, არა? – თქვა ბოლოს დეივისონმა.
– ფიქრობ, თან როგორ გაიყოლო ერთი ასეთი, არა?
– ეგებ, შევძლოთ ხომალდზე მოთავსება, – ჩაიბურტყუნა დეივისონმა, – თუკი ბოჟიკს[*] ვნახავთ… – ჰოლდრეთს მიუბრუნდა, – ჰაერი როგორია? მსურს, გავიდე და შეგროვება დავიწყო… ღმერთო, ეს რა იშვიათი რამეა!
ჟირაფისებრმა არსებამ, ჩანს, დაასრულა ჩვენი შესწავლა, თავი და საცეცები გასწია, ჩაიმუხლა, ფეხები შეკეცა და ჩამოჯდა იქვე, ხომალდის შორიახლოს. ძაღლის მსგავსი პატარა ცხოველი, ზურგზე ჯაგარაშლილი მის ირგვლივ დარბოდა და ყეფდა გამალებით, მაგრამ ჟირაფს არად ჩაუგდია. ამასობაში პლანეტის ფაუნის სულ უფრო მეტი წარმომადგენელი, ყველა ჯიშის, ჯურის, სიმაღლისა და ფორმის თავს იყრიდა ხომალდის ირგვლივ. ჩანს, ცნობისმოყვარეობა კლავდათ, არასდროს ენახათ ჩვენი მსგავსი ახალმოსახლე მათ სამყაროში. დეივისონს კი ჟინი კლავდა. თვალებში წყურვილი ჩასდგომოდა – ერთად და სათითაოდ ყველა ცხოველის დაჭერისა და დედამიწაზე გადაყვანის წყურვილი. იოლად წასაკითხი იყო, მის გონებაში რა იხარშებოდა. შეჰყურებდა არსებებს ირგვლივ და თითქოს აბრებს აკრავდა ზედ: „ესა და ეს ამა და ამ პლანეტიდან“.
– ატმოსფერო უსაფრთხოა, – ფიქრები დამირღვია ჰოლდრეთმა – მოკიდეთ ხელი კაკანათსა და ბადეებს, ვნახოთ, ერთი, რის დაჭერას შევძლებთ.
გულმა ისევ რეჩხი მიყო. ყველაფერი მეტისმეტად უზადოდ გამოიყურებოდა. მე კი დიდი ხანია, ვიცი – ამ სამყაროში უზადო არაფერია. სადღაც აუცილებლად არის მახე დაგებული.
თუმცა, ამ პლანეტას ხიფათისა არაფერი ეტყობოდა. მართლაც ნამდვილი სამოთხე იყო ზოოლოგთათვის და დეივისონსა და ჰოლდრეთს დიდების ჟამი დაუდგათ. ისინი ნიმუშების შეგროვებას შეუდგნენ.
– არაფერი მინახავს მსგავსი! – იმეორებდა დეივისონი. ორმოცდაათჯერ თუ კიდევ მეტჯერ. ამ ჯერზე პატარა იასამნისფერი არსება მოიხელთა, ციყვს რომ ჰგავდა და ყურადღებით შეათვალიერა. ციყვიც მისჩერებოდა დეივისონს და ისიც ყურადღებით ათვალიერებდა.
– წავიყვანოთ რამდენიმე, – თქვა დეივისონმა, – კარგი ვინმე ჩანს.
– შენი ნებაა, – მხრები ავიჩეჩე. ცხოველები არ მანაღვლებდა, მთავარია, დროზე შეგვევსო სამხეცე და აქედან გაფრენა არ დაგვგვიანებოდა. მდუმარედ მივადევნე თვალი, როგორ დაიჭირა დეივისონმა წყვილი ციყვი და შემოიყვანა ხომალდში.
ჰოლდრეთიც გამოჩნდა. ძაღლის მსგავსი არსება დამანახა, გლუვი, პრიალა კანითა და დაწინწკლული, თლილი, დაწახნაგებული თვალებით.
– ჰა, როგორია, გას? – მკითხა ამაყად.
– მშვენიერია! მშვენიერი! – ცოტა მკვახედ კი მომივიდა.
ჰოლდრეთი მომაჩერდა, ცხოველი დასვა. ის კი არც გაქცეულა, მშვიდად იჯდა და გვიცქერდა მხიარულად.
– რა ჯანდაბა გჭირს, გას? მთელი დღეა იბღვირები.
– არ მომწონს ეს ადგილი, – გამოვუტყდი.
– მიზეზი? თუ უბრალოდ კაცია და გუნება?
– ძალიან იოლია ყველაფერი, ქლაიდ. მეტისმეტად იოლი. მხეცები შეჯგუფდნენ და, თითქოს, ელიან, რომ მიხვიდე და აიღო…
ჰოლდრეთმა ჩაიცინა.
– შენ კი ბრძოლას ხარ ჩვეული, არა?.. ბრაზობ ჩვენზე, რომ ყველაფერი ასე იოლია?
– მისმინე, ათასი შარი გამოვიარეთ, მხოლოდ იმისთვის, რომ წყვილი საძაგელი სუნიანი ჭიანჭველაჭამია დაგვეჭირა, აქ კი…
– კარგი რა, გას… თუ გინდა, უფრო სწრაფად ვიზამთ… მაგრამ ეს ადგილი ზოოლოგიური ოქროს მაღაროა!
თავი გავაქნიე.
– სწრაფად იქნება თუ ნელა… არ მომწონს, ქლაიდ, არ მომწონს და მორჩა.
ჰოლდრეთს ისევ გაეცინა, ძაღლს დაწვდა და ხელში აიყვანა.
– მეორეს ასეთს სად ვნახავ, გას…
– მანდვე, სადაც ეს იყო, – ვუთხარი და ვანიშნე ხელით, – იმ ხესთან. ენა გამოკიდებული ზის და გელოდება, როდის აიყვან.
ჰოლდრეთმა შეხედა და გაეღიმა.
– ამოუცნობია სამყარო!
ბადით მოიხელთა ის მეორეც და ნადავლთან ერთად ხომალდში შეიმალა.
სანამ ის ორი ცხოველებს აგროვებდა, გასეირნება გადავწყვიტე. ეს პლანეტა გამოგონილს ჰგავდა. მინდოდა იქაურობისთვის თვალი კარგად შემევლო.
ერთი რომ, ცხოველები არსად მინახავს ასე – უთვალავი რაოდენობით, ყველა ერთად, ბედნიერად რომ ცხოვრობენ. ხუთასამდე განსხვავებული სახეობა მაინც იყო, ერთმანეთზე უცნაური, მაგრამ ყოველი სახეობის წარმომადგენელი რამდენიმე დავთვალე სულ – ბუნება ასე არ მუშაობს.
მეორე რაც მენიშნა – ერთმანეთთან მშვიდობიანად იყვნენ, თან, იმ ჟირაფის მსგავსის მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას ავლენდა ყველა. არც ასე მუშაობს ბუნება. ქიშპი, მტრობა არ მინახავს. რა გამოდის – მათ შორის არ არის მტაცებლები?.. ეს ხომ შეუძლებელია. ეკოლოგიის თვალსაზრისით სრული აბსურდი.
მხრები ავიჩეჩე და ბილიკს გავუყევი.
ნახევარი საათის ბორიალის შემდეგ, ცოტა მეტი ვიცოდი ჩვენი ოქროს საბადოს გეოგრაფიის შესახებ. ჩანს, უზარმაზარ კუნძულზე, ან ნახევარკუნძულზე დავეშვით – რომ ვიარე, წყლის თვალუწვდენელ სივრცეს მივადექი. ტაფობ ადგილზე ვიყავით, მხოლოდ ერთი, კარგა მაღალი გორაკი მოჩანდა.
ხომალდიდან არცთუ მოშორებით უსიერი ტყე იყო. იქეთ მხარეს – სანაპირომდე გადაშლილი, მეორე მხარეს კი უცაბედად მთავრდებოდა. სწორედ მის პირს დავსვით ჩვენი ხომალდი. ცხოველთა უმრავლესობა, ალბათ, ამ ტყეში ცხოვრობდა.
ვაკეს დიდი ფართობი ეკავა და უდაბნოში გადადიოდა. თვალწინ ასეთი უცხო სურათი გადამეშალა: მარცხნივ უნაყოფო ქვიშა, მარჯვნივ – ნაყოფიერი ჯუნგლები. იქვე – პატარა ტბაც. ამიტომ იყო, ასეთი მდიდარი ცხოველთა სამყარო რომ დაგვხვდა – ყველა სახის ბუნება და გარემო ერთ მცირე ტერიტორიაზე.
ზოოლოგობას არ დავიჩემებ, მაგრამ ფერი ფერსო და ჰოლდრეთისა და დეივისონისგან რაღაც ცოდნა მეც მოვკრიბე. ცხოველების მრავალფეროვნება საოცარი იყო. სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერის… სუნიც კი მკვეთრად განსხვავებული სდიოდათ. მხოლოდ ერთადერთი რამ საერთო – მშვიდობიანობა. შუადღის ხეტიალის განმავლობაში, ასი განსხვავებული არსება მაინც მომიახლოვდა უშიშრად, შემათვალიერა და გამეცალა ისევ. მათგან ნახევარი მაინც უცხო სახეობისა იყო, ისეთი, ხომალდთან რომ არ მოსულა. ერთი გლუვკანიანი თვალებდაწინწკლული ძაღლიც შემომხვდა და ერთი – ჟირაფი. და კვლავ იგივე განცდა დამეუფლა – რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს.
არ მომწონდა. ეს ყველაფერი საერთოდ არ მომწონდა.
ხომალდთან რომ დავუბრუნდი დავინახე ჰოლდრეთი და დეივისონი, როგორ დასდევდნენ და აგროვებდნენ ცხოველებს. სურდათ, რაც შეიძლება, მრავალნაირი ნიმუში მოეგროვებინათ.
– როგორაა საქმე? – ვკითხე.
– სამხეცე გადაივსო, – მიპასუხა დეივისონმა, – ახლა ვცდილობთ, საუკეთესოები გადავარჩიოთ.
თან ჰოლდრეთის ძაღლები გამოსვა გარეთ და მათ მაგიერ ორ პინგვინს დაწვდა, თითოს რვა ფეხი რომ ჰქონდა.
ჰოლდრეთმა კოპები შეკრა და მიაჩერდა.
– რა ჯანდაბად გინდა ეგენი, ლი? ის, ძაღლის მსგავსი ბევრად უფრო კარგი ეგზემპლიარია… არ მეთანხმები?
– არა, – თავი გაიქნია დეივისონმა, – ესენი მირჩევნია, კარგად დააკვირდი, კუნთოვან სხეულს, რომელიც…
– იყოს ეგენი, – სიტყვა შევაწიე მეც, – საინტერესო ვინმე ჩანს… რვა ფეხი აქვს.
– ოჰო! შენ ზოოლოგიც გახდი? – ჰოლდრეთმა მხიარულად გადმომხედა.
– ზოოლოგი – არა, მაგრამ ამ გამოცანის ამოცნობა კი მსურს, რატომ უნდა ჰქონდეს ამას რვა ფეხი, სხვას – ექვსი და ზოგს – მხოლოდ ოთხი?
ორივენი მომაჩერდნენ. მოწყალედ, როგორც, ალბათ, პროფესორი უყურებს პირველკურსელს.
– იმას გეკითხებით, რაღაც ევოლუციური ლოგიკა ხომ უნდა იყოს? დედამიწაზე ცხოველებს ოთხი ფეხი აქვთ, ვენერაზე – ექვსი. ამისთანა დომხალი, აქ რომ არის, აქამდე სადმე გინახავთ?
– გვხვდება ხოლმე უცნაურობები, ლოგიკის წრფეს რომ აცდენილია, – მიპასუხა ჰოლდრეთმა, – სიმბიოტები სირიუს სამზე, მღრღნელები მიზარზე, მაგრამ, ისე… მართალი ხარ, გას. ნამდვილად არის აქ თავისებური ევოლუციური გადახვევა. ვფიქრობ, უნდა დავრჩეთ და სრულად გამოვიკვლიოთ ეს ამბავი.
დეივისონს სახე გაუბრწყინდა და მე მივხვდი, რამხელა შეცდომა დავუშვი. სასწრაფოდ ვცადე, გამოსწორება.
– არ გეთანხმები, – ვუთხარი, – უმჯობესია, სწრაფად გავემგზავროთ იმით, რაც უკვე ხელთ გვაქვს, რომ მოგვიანებით უფრო დიდი ექსპედიციით დავბრუნდეთ.
დეივისონმა ჩაიხითხითა.
– კარგი ერთი, გას, ნუ სულელობ! ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება შეგხვდეს, ეს ჩვენი წვეულებაა, რატომ უნდა მოვიწვიოთ მთელი ზოოლოგიური განყოფილება?
არ მინდოდა იმის გათქმა, რაც გულში მედო – მეშინოდა უფრო დიდი ხნით აქ დარჩენის. ხელები გულზე გადავაჯვარედინე.
– ლი, ამ ხომალდის მფრინავი მე ვარ და ჩემი მოსმენა მოგიწევს. გრაფიკით ხანმოკლე გაჩერება გვეკუთვნის, ამიტომ, მალე უნდა გავემგზავროთ. და არ მითხრა ახლა, რომ შტერი ვარ.
– ხარ და რა გიყო! – შესძახა დეივისონმა, – ბრმა და სულელი, ვინც სამეცნიერო აღმოჩენებს გადაეღობა!
– მომისმინე, ლი. იმისთვის რომ თქვენი ცხოველებისთვის მეტი ადგილი გამოგვეთავისუფლებინა, საკვების ძალიან შეზღუდული მარაგი გვაქვს. და თქვენ ნადავლის შემგროვებელი მისიით ხართ და არა სამეცნიერო კვლევით. გეუბნებით, რომ სწრაფად უნდა გავფრინდეთ აქედან… თუ, რასაკვირველია, არ გსურთ, საკუთარი ეგზემპლიარების ჭამა მოგიწიოთ.
წუთით მდუმარედ მომაჩერდნენ. შემდეგ ერთმანეთს გადახედეს.
შემდეგ ჰოლდრეთმა თქვა:
– მგონი, ვერ შევეკამათებით, ლი… ამ ადგილის გამოსაკვლევად დიდი დროა საჭირო, ახლა მოვუსმინოთ გასს და მოგვიანებით ხელახლა დავბრუნდეთ უფრო ხანგრძლივი დროით.
– მაგრამ… თუმცა, ჯანდაბას… კარგი, – უხალისოდ დაჰყაბულდა დეივისონი და რვაფეხა პინგვინს დასწვდა, – მივუჩენ ამათაც ადგილს და შეგვიძლია, წავიდეთ, – თან, ისე მიცქერდა, როგორც ბოროტმოქმედს.
მაშინ ისევ დავუძახე.
– რა ხდება, გას?
– ლი, მეგობარო, სულაც არ მსურს, საქმეში ხელი შეგიშალო, მაგრამ მართლა ზღვარზე გვაქ საკვების მარაგი, – ვითომ მას ვატყუებდი, მაგრამ, სინამდვილეში, საკუთარი შიშებიდან ვცდილობდი თავის დაძვრენას.
– ვიცი, რაც არის და – როგორ, – მითხრა და ხომალდში ავიდა.
ერთი ხანობა ვიდექი ასე, გაუნძრევლად. ფიქრითაც კი არაფერზე ვფიქრობდი. შემდეგ ავედი ხომალდში და დავიწყე აფეთქების ორბიტის დაყენება.
საწვავის ხარჯვას ვანგარიშობდი, როდესაც რაღაც უცნაურობა შევნიშნე – მართვის კაბინის рубка კარიდან სადენები ისე იყო გადმოყრილი, როგორც ნაწლავები. ვიღაცას პულტი დაეზიანებინა. თან – საქმის ცოდნით.
კარგა ხანს გაოგნებული დავუყურებდი საბოტაჟის შედეგს. შემდეგ შევბრუნდი და სამხეცისკენ გავემართე.
– დეივისონ!
– რა იყო?
– წამით გამოდი აქეთ.
დაველოდე და რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა. მოუთმენლობა ეტყობოდა და უკმაყოფილოდ შეეყარა კოპები.
– რა გინდა, გას? დაკავებული ვარ და… გახევდა და პირი დააღო.
– რა ჯანდაბაა! პულტს შეხედე!
– შენ შეხედე! – გამოვცარე გაბრაზებულმა, – ძლივს ვიკავებ თავს… მიდი, ჰოლდრეთი მოძებნე.
სანამ წასული იყო, საგულდაგულოდ დავათვალიერე მექანიზმი. გარედან უფრო საზარლად ჩანდა, მაგრამ ახლა ცოტა გული მომეცა. თავად მართვის პულტი წესრიგში იყო, მხოლოდ სადენები გამოეგლიჯათ. სამი-ოთხი დღის სამუშაო იყო, თუმცა, ყველაფრის გამართვა შეიძლებოდა.
მაგრამ სიბრაზემ როდი გამიარა. და ჰოლდრეთისა და დეივისონის ხმა რომ შემომესმა, შევტრიალდი და კარგა დავუღრიალე:
– აბა, იდიოტებო, რომელმა ქენით?!
მათ ერთდროულად მორთეს ყვირილი. არაფერი მესმოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი.
ცოტა ხანს ვუსმინე და ვუთხარი, ამჯერად – ოდნავ უფრო მშვიდი ხმით:
– რიგრიგობით!
– თუ ფიქრობ, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა შეგნებულად დააზიანა ხომალდი, – თქვა ჰოლდრეთმა, – გეფიცები…
– რას ვფიქრობ, ეგ მე ვიცი, მაგრამ დაუყონებლივ წასვლა მსურდა, თქვენ კი რაღაც ხნით აქ დარჩენა და ჩემი დათანხმების უიოლესი გზა, მართვის პულტის დაზიანება იყო. ასეთი სურათი ჩანს… მაგრამ, – მძიმედ შევხედე, – თქვენთვის ერთი ამბავი მაქვს, ამ დაზიანების აღმოფხვრა რამდენიმე დღეში შემიძლია. ასე რომ, მიხედეთ თქვენს საქმე. ცოტა დრო გაქვთ ზოოლოგიზაციისთვის. მე…
დეივისონმა ფრთხილად მომხვია ხელი.
– გას, – მშვიდად მითხრა, – ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია.
უცებ მთელი სიბრაზე ჩამეფერფლა და მხოლოდ შიში დამრჩა. ვხედავდი, დეივისონი არ ტყუოდა.
– თუ შენ არ გააკეთე და ჰოლდრეთმა არ გააკეთა… მეც არ გამიკეთებია – მაშინ – ვინ?
დეივისონმა მხრები აიწურა.
– იქნებ, ჩვენს შორის ვიღაცამ… შეუგნებლად… – ვთქვი, – მაგრამ სისულელეს ვამბობ… ერთი ეგ ხელსაწყოები მომაწოდე, ლი.
ისინი კვლავ ცხოველებისკენ გაემართნენ, მე კი ყველა ეჭვი გადავაგდე და შევეცადე, მხოლოდ რემონტზე მეფიქრა. თავაკი A უნდა მივუერთო ბუდე A-ს და ტრანზისტორი F უნა დავუკავშირო პოტენციომეტრ K-ს, როგორც სქემაშია… რუტინული, მოსაწყენი სამუშაო იყო, ვახშმობის დრომ რომ მოაწია, მხოლოდ წინასწარი სამზადისი მქონდა მოთავებული. დაძაბულობისგან სახსრები მტკიოდა და თითები მიკანკალებდა. გადავწყვიტე, დამესვენა კარგად და ხვალ გამეგრძელებინა.
იმ ღამეს მოუსვენრად მეძინა, ღამეულ კოშმარებში ჭიანჭველაჭამიების ფრუტუნი ჩამესმოდა და სამხეცეში დამწყვდეული სხვა მრავალი ცხოველის ჭყივილი, ხვიხვინი, ბღავილი, წივილი და ჩხავილი. საცაა, რიჟრაჟდებოდა უკვე, როდესაც მართლა მშვიდი ძილით ჩამეძინა. შემდეგ იყო, ვიღაც რომ მაჯანჯღარებდა. თვალები გავახილე და ჰოლდრეთის და დეივისონის გაფითრებულ სახეებს მივაჩერდი.
რამდენჯერმე დავახამხამე სწრაფად. როგორც იქნა, გამოვფხიზლდი.
– ჰა? რა ამბავია?
ჰოლდრეთი ჩემკენ დახარა და ერთხელაც შემანჯღრია ძალუმად.
– ადექი, გას… წამო!
ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე.
– რა ჯანდაბა ხდება… მაღვიძებთ შუა…
ჯერისევ ძილ-ბურანში მყოფმა დერეფანში ამოვყავი თავი. ზურგში ხელის კვრას ვგრძნობდი. მართვის ოთახისკენ მიბიძგებდნენ. მზერა გავაყოლე, საითკენ ჰოლდრეთი მითითებდა… და უმალ გამოვფხიზლდი.
მართვის პულტი ისევ ისე იყო დაზიანებული, თითქოს მის შეკეთებას იმდენი დრო არ დავახარჯე. ვიღაცამ თუ რაღაცამ მოკიდა ხელი და მთელი ჩემი ნაჯაფარი წყალს გაატანა.
თუკი რამ წყენა ყოფილა ჩვენ შორის, ტკბილ მოგონებად იქცა. კვლავ ერთ გუნდად აღმოვჩნდით სასოწარკვეთის ზღვარზე შეკრულნი იმ თავსატეხის წინაშე, რომლის გასაღებიც უნდა გვეპოვა. სანამ გვიანი არ იყო.
– ახლა, რა ხდება, – თქვა ჰოლდრეთმა. აღელვებული იყო და ბოლთას სცემდა, – ორჯერ დაგვიზიანეს მართვის პულტი. არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვინ ქნა და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ მას არ უქნია, – შეისვენა. გადმოგვხედა, – აქ ორი ვარიანტია მხოლოდ, ან, როგორც გასმა ივარაუდა გუშინ, ვიღაც ჩვენს შორის აკეთებს ამას… შეუცნობლად, ან – სხვა ვიღაც აკეთებს, უჩუმრად… ორივე – მძიმე ამბავია.
– ყურადღებით უნდა ვიყოთ, – ვუთხარი, – რას გთავაზობთ: პირველ რიგში, რიგ-რიგობით უნდა ვუდარაჯოთ მართვის ოთახს. ძილი – მორიგეობით. და მეორე – ცხოველებისგან უნდა დავცალოთ ხომალდი.
– რა? – შესძახა ჰოლდრეთმა, მაგრამ დეივისონი დამეთანხმა.
– მართალს ამბობს – ჩვენ არ ვიცით, ვინ გვყავს ბორტზე. მოაზროვნე არსებებს არა ჰგვანან, მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნებით. მაგალითად, ეს ჟირაფი იასამნისფერი თვალებით… საიდან ვიცით, რომ ჰიპნოზის უნარს არ ფლობს? ეგებ, ბრძანებას გვაძლევს, რომ პულტი დავაზიანოთ… ვინ დადებს თავს, რომ – არა?
– კი, მაგრამ… რაღაც საწინააღმდეგოს თქმა სურდა ჰოლდრეთს, თუმცა, გადაიფიქრა, – ასეთი რამ შესაძლებელია… – თქვა. გულნატკენი იყო, – რა გაეწყობა, დავცალოთ ხომალდი და ვნახოთ. შეკეთებას თუ მოვახერხებთ… თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ეგებ, უკან დავაბრუნოთ.
ამაზე მოვრიგდით და ჰოლდრეთმა და დეივისონმა სამხეცე დაცალეს. მე კი დაღამებამდე ვიმუშავე, თავი არ ამიწევია. მხოლოდ ნაწილის შეკეთება მოვასწარი. ისე, როგორც წინა დღეს.
შევისვენე, თან ვდარაჯობდი. დავდიოდი წინ და უკან, რომ არ ჩამძინებოდა. ასე გავძელი, სანამ ჰოლდრეთი მოვიდოდა, ჩემს შესაცვლელად
მოვიდა. და მძიმედ ამოიხვნეშა. პულტზე მიმანიშნა. ისევ დაზიანებული იყო. მესამედ.
არც ვერსია გვქონდა, არც – ამოხსნა. ნადავლის შეგროვების ექსპედიცია გვექცა შემზარავ ამბად.
იმის თქმა შემეძლო მხოლოდ, რომ მორიგეობის დროს თვალი არ მომიხუჭავს და არც არვინ დამინახავს. მაგრამ დიდი ვერაფერი ნათქვამი იყო, რადგან, ან თავად გამოვდიოდი დივერსანტი, ან – რაღაც უჩინარი გარე ძალა… ორივე ჰიპოთეზა იყო აბსურდული. ყოველ შემთხვევაში – ჩემთვის.
უკვე ოთხი დღე გავატარეთ ამ პლანეტაზე და საკვები მართლა შემოგვაკლდა. გამგზავრებისგან კი ისევე შორს ვიყავით, როგორც ოთხი დღის წინ.
ცხოველები ხომალდის გარშემო დაეხეტებოდნენ. ათვალიერებდნენ, ყნოსავდნენ. ის ფსევდო-ჟირაფი არ გვშორდებოდა და თვალს არ გვწყვეტდა. მხეცები ისევ ისეთი მეგობრულები იყვნენ და ვერც კი გრძნობდნენ, ჩვენ რა დღეში ვიყავით. უძინარნი, თვალებდასისხლიანებულები, ტუჩებდამსკდარნი ზომბებს დავემგვანეთ. და გვეშინოდა. სამივეს.
რაღაც ძალა ხელს გვიშლიდა ხომალდის შეკეთებაში.
რაღაც გვიკრძალავდა ამ პლანეტის დატოვებას.
მე გავხედე იასამნისფერთვალებიან ჟირაფის, რომელიც აფახულებდა და მიყურებდა მოწყალე თვალით. სხვა ცხოველებიც იქვე იყვნენ, მის გარშემო შემოჯარული. პლანეტის ფაუნის საარაკო მრავალფეროვნება.
იმ ღამეს სამივე ერთად ვიცავდით მართვის ოთახის კარს. მაგრამ პულტი ისევ დააზიანეს. სადენები იმდენ ადგილას იყო ამოჩრილი და აბურდული, რომ კიდევ ერთი-ორი ასეთი საბოტაჟი და უკვე ვერვინ ააწყობდა… იმასაც ვეჭვობდი, ახლა თუ მოვახერხებდი შეკეთებას.
იმ ღამეს კარგად ვიშრომე, არ დამისვენია. წავიხემსე მხოლოდ (და ეს საკმაოდ მწირი ვახშამი იყო, იძულებული ვიყავით საკვების რაციონი შეგვემცირებინა) დილით კი ყველაფერი ისე დამხვდა, თითქოს ხელიც არ შემივლია.
– ვნებდები, – გამოვაცხადე, – აზრი არ აქვს. უბრალოდ ნერვები დამაწყდა იმის შეკეთებაში, რისი შეკეთებაც შეუძლებელია.
ჰოლდრეთმა თავი გაიქნია. სახეზე ფერი აღარ ედო.
– ახალი გზა უნდა ვნახოთ.
– ჰო, რაღაც ახალი გზა…
საჭმლის კარადა გამოვაღე და მარაგი გადავთვალე. თუკი ოდესმე გავფრინდებოდით აქედან, წინ შიმშილის გზა გველოდა.
გავედი გარეთ და ხომალდის მახლობლად დიდ ქვაზე ჩამოვჯექი. ერთი უბეწვო ძაღლი მომადგა და დამყნოსა.
– მანდ რას აკეთებ, გას? – გადმომძახა დეივისონმა.
– ჰაერს ვყლაპავ, სხვა რა უნდა ვქნა… ყელში ამომივიდა ეგ ხომალდი. დანახვა აღარ მინდა. ძაღლს ყურებსუკან მოვეფერე და მიმოვიხედე.
ცხოველებს უკვე აღარ ვაღელვებდით დიდად, ჩანს, ამ ხნის განმავლობაში ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილეს. არც ხომალდის ირგვლივ იკრიბებოდნენ. მთელს ტაფობს იყვნენ მოდებულნი. იქაურობა რაღაც ცომისმაგვარი თოვლით იყო თეთრად გადაპენტილი. ღამღამობით ცვიოდა ხოლმე ციდან. “მანანა” – ასე ვუწოდეთ. ყველა ცხოველი ამით იკვებებოდა, მგონი.
ხელები იდაყვებში მოვხარე და იქვე წამოვწექი.
მერვე დღე გათენდა. ხომალდის შეკეთებას თავი ვანებე. მშიოდა. სამივემ საგრძნობლად დავიკელით წონაში. დეივისონი დავინახე სარჩილავით ხელში.
– რას აპირებ?
– პულტის შეკეთებას, – ჩაიბურდღუნა, – შენ ტყუილად ზიხარ. მე კი არ მსურს ასე გულხელდაკრეფილი ვიჯდე.
სარჩილავი მოუხერხებლად ეკავა, თან სქემაში იქექებოდა.
მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
– სცადე, რაკი ეგრეა.
ხომალდი აღარ მაღელვებდა, მაღელვებდა წვა ცარიელ კუჭში და ჯერ კიდევ ბურუსში გახვეული ეჭვი, რომ სამუდამოდ ჩარჩით აქ.
– გას!
– რა?
– მგონი, დროა, გითხრა – მეოთხე დღეა, მანანას ვჭამ. საკვებად ვარგა. ყუათიანია…
– მანანას ჭამ? რაღაც… კაცმა არ იცის რას?… რაც უცხო პლანეტაზე იზრდება? შეიშალე?
– შიმშილით სიკვდილი გირჩევნია?
ცხადია, მართალს ამბობდა.
ხომალდის სიღრმიდან რაღაც ხმები შემოგვესმა. იქ ჰოლდერეთი იყო. ყველაფერს ჩვენზე მძიმედ განიცდიდა – ოჯახი დარჩა დედამიწაზე და მათი ნახვის იმედი დღითიდღე ელეოდა.
– რატომ არ ცდით?.. შენც, ჰოლდრეთ, – გასძახა, – გადით მდელოზე და გასინჯეთ… უარესი რა დაგვემართება?
– სწორს ამბობს, დასაკარგი აღარაფერი დაგვრჩა – მანანა ან შიმშილით სიკვდილი, – ვთქვი და დავუძახე, – ქლაიდ… ქლაიდ…
ხმა რომ არ გამცა, ჰოლდრეთის კაბინაში შევედი. მაგიდასთან იჯდა და კრუნჩხვისგან კანკალებდა. მაჯებზე ნაკაწრებიდან ალისფერი სისხლი სდიოდა და გაყინული თვალებით დასცქეროდა.
– ქლაიდ!
მოვკიდე ხელი მკლავებში და სამედიცინო კაბინეტში შევათრიე. ხმა არ ამოუღია, სანამ მაჯებს ვუხვევდი. უსიცოცხლოდ მიყურებდა, ტიროდა მხოლოდ.
ლოყაზე შემოვარტყი და, თითქოს, გამოცოცხლდა. მაგრამ ისე მიყურებდა, თითქოს, ვერც ხვდებოდა, სად იმყოფებოდა.
– დამშვიდდი, ქლაიდ… ყველაფერი კარგადაა.
– სულაც არ არის კარგად, – მითხრა დამარცვლით, – რატომ ვარ ცოცხალი? რატომ არ მაცალე, რას მერჩოდი?
დეივისონი შემოვიდა.
– რა მოხდა, გას?
– თავის მოკვლა სცადა, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ყველაფერი რიგზეა… წაიყვანე, აჭამე რამე… ხომ შეჭამ, ქლაიდ?
საღამოსკენ ჰოლდრეთი ცოტა ფერზე მოვიდა. მეც. დეივისონმა იმდენი მანანა შეაგროვა, რამდენიც შეძლო და ამდენი დღის განმავლობაში პირველად დავნაყრდი.
– აქაური ფაუნის წარმომადგენლების დახოცვა რომ შეგვეძლოს, მაშინ ნამდვილი სუფრა გაიშლებოდა… სტეიკები და ბარბექიუ… – თქვა დეივისონმა.
– ბაქტერიები, – მშვიდად უთხრა ჰოლდრეთმა, – შარია.
– ჰო, ვიცი… მაგრამ, ოცნების ნება ხომ მაქვს…
– ოცნების დრო არ გვაქვს! – შევძახე რიხიანად. საკვებმა ძალა მომცა, – ხვალ დილიდან მართვის პულტის აღდგენას ვიწყებთ. ახლა, როცა საჭმელს მივაგენით, შევძლებთ იმდენ ხანს ვუდარაჯოთ, სანამ არ ვნახავთ, რა ხდება ჩვენს თავს…
ჰოლდრეთს გაეღიმა.
– ღმერთო, ნეტავ მეღირსოს ამ ხომალდიდან გავიდე და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე… ატანა არ მაქვს. ატანა!
– დავიძინოთ, – ვუთხარი მე, – ხვალიდან კი საქმეს შევუდგეთ… ყველანი დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, – ხმაში ის შემართება გამოვურიე, რომელიც, სინამდვილეში, არა მქონდა.
დილით ადრე ავდექი. ხელსაწყოების ნაკრები ავიღე. ცდა ბედის მონახევრეა, თუმცა, წარმატების დიდი იმედი არა მქონდა.
მართვის კაბინისკენ გავემართე.
და გავშეშდი.
ილუმინატორს მივაშტერდი გაოგნებული.
შემდეგ მოვბრუნდი და ჰოლდრეთი და დეივისონიც გავაღვიძე.
– გაიხედეთ გარეთ, – ვუთხარი ხმაჩახლეჩილმა.
გაიხედეს. და ჩემი დაემართათ მათაც.
– ჩემს სახლსა ჰგავს, – თქვა ჰოლდრეთმა, – ჩემს სახლს დედამიწაზე.
– ნიძლავს ჩამოვალ, შიგნიდანაც იგივეა, – ვუთხარი, – სრული აღჭურვილობით… წავიდეთ, ვნახოთ.
მივუახლოვდით სახლს, ცხოველები შემოგვეხვივნენ. ჟირაფიც მოვიდა და თავი დახარა. სახლი იდგა მდელოს შუაში, პატარა, კოხტა, ახლად შეღებილი.
უჩინარ ხელს აეგო, სანამ ჩვენ გვეძინა. მყუდრო სახლი, როგორც – დედამიწაზე. ხომალდის შორიახლოს. ჩვენთვის. რომ შევიდეთ და ვიცხოვროთ.
– მართლა როგორ ჰგავს ჩემს სახლს, – განცვიფრებით გაიმეორა ჰოლდრეთმა.
– ასეც უნდა იყოს, – ვუთხარი, – შენი გონებიდან გადმოხატეს, როგორც კი შეიტყეს, რომ ხომალდზე ცხოვრების გაძლება არ გაქვს.
– რას გულისხმობ? – ჰოლდრეთმა და დეივისონმა მკითხეს თითქმის ერთხმად.
– ვერ ხვდებით, ეს რა ადგილია? – ვთქვი და ვიგრძენი, როგორ უცაბედად შევეჩვიე იმ ამბავს, მთელი დარჩენილი ცხოვრების აქ გატარებას რომ ვაპირებდი, – ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს სახლი?
თავებს აქნევდნენ შეცბუნებულნი, თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებენო. დაჯერება არ სურდათ.
სახლი. ხომალდი. ტრამალი. ტბა. ტყე. ახლა ყველაფერს მიეცა აზრი.
– ჩვენზე ზრუნავენ. როდესაც მიხვდნენ, რომ ხომალდზე ბედნიერად არ ვიყავით, აგვიშენეს სახლი, როგორც – მშობლიურ დედამიწაზე.
– ვინ? ჟირაფმა?
– ვინც ამ ადგილს მართავს. ვინც გვაიძულებს, საკუთარი ხომალდის დაზიანებას ისე, რომ ვერც კი ვხვდებით… ვინც გვმართავს, როგორც ბაწარჩაბმულ თოჯინებს… თავი დაანებეთ ჟირაფს, თავისი გასჭირვებია… ისინიც ტუსაღები არიან, როგორც უკვე – ჩვენ. მოაზროვნე არსებები. ცდილობდნენ, ჩვენს გაფრთხილებას, მაგრამ, უკვე გვიანაა… ვიღაცამ სხვადასხვა გალაქტიკიდან მოკრიბა და თავი მოუყარა ამ პლანეტაზე. მთელ ამ
განსაცვიფრებელ მრავალფეროვნებას… ეს ადგილი უბრალოდ ზოოპარკია. ზოოპარკი უცხოპლანეტელთათვის, რომლებიც გვსწავლობენ და გვაკვირდებიან… ღმერთმა უწყის, ვინ არიან ან როგორ გამოიყურებიან თავად.
ავიხედე მაღლა, მოლურჯო-მომწვანო მოციმციმე ცისკენ, რომელიც ისე ახლოს იყო, თითქოს და მაინც – მიუწვდომელი.
ჩვენი ახალი სახლის ვერანდაზე მოაჯირს დავეყრდენი უხალისოდ. ხელები ჩამოვუშვი. მივენდე ბედს. მათთან ბრძოლას აზრი არა ჰქონდა.
ვიცოდი, სადღაც გამოკიდეს უკვე კოხტა აბრა ასეთი წარწერით:
“დედამიწელები. ბინადრობის ადგილი: დედამიწა. მზის სისტემის მესამე პლანეტა.”
©Robert Silverberg – Collecting Team. Super-Science Fiction, December 1956
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(*)რა ჰქვია ჟირაფის შვილს დიდხანს ვეძებე. ზოგ ლექსიკონში ჩოჩორიო ამბობენ, სხვაგან – კოზაკს, მაგრამ კოზაკი აქლემის შვილია და აქლემსა და ჟირაფს საერთო ნაშიერი საიდან ეყოლებათ. 🙂 ეგეთები მხოლოდ ვლადიმირ ვისოცკის ერთ ცნობილ სიმღერაში ხდებოდა. ოკაპიც ვნახე, მაგრამ ოკაპი ზომით მომცრო ჟირაფისებრთა ცხოველია. ცალკე ჯიშის. იმ ვარიანტებიდან, რაც შემხვდა, ავირჩიე ბოჟიკი.
ბოიკის ვარიაციაა, ალბათ (საბასთან მოზრდილი ხბოა).
ავტორის შესახებ:
რობერთ სილვერბერგი ამერიკელი მწერალია. წერდა სხვადასხვა ჟანრში (პორნოს ჩათვლით, რაც ფანტასტიკაშიც კარგად გამოადგა 🙂 ). სახელი და დიდება მაინც საიფაიმ მოუტანა. აქვს სამივე პრესტიჟული ჯილდოს (Hugo, Nebula, Locus) მდიდარი კოლექცია. საიფაი და ფენტეზის დიდების დარბაზის წევრია. აშშ საიფაი და ფენტეზი მწერლების გილდიის დიდი მაგისტრის ტიტულიც აქვს.
„ორასი წლის ადამიანი“ თუ გინახავთ – ფილმი ეფუძნება აზიმოვის მოთხრობას და აზიმოვისა და სილვერბერგის ერთობლივად შექმნილ რომანს. აზიმოვთან ერთად სხვა რამდენიმე რომანიც აქვს დაწერილი.
გატაცებული იყო ისტორიით, კულტუროლოგიითა და არქეოლოგიით (ამ თემატიკის წიგნებიც აქვს), ეს ინტერესი მის საიფიშიც ჩანს.
ჩემი და ცოტა უფროსი თაობის ხალხისთვის დავამატებ: იმის გამო, რომ საბჭოთა ცენზურამ დაიწუნა, სილვერბერგის თარგმნა მხოლოდ 90-იანებში დაიწყეს, ამიტომ საიფაის ბევრმა მოყვარულმა ეს მწერალი ახალგაზრდობაში იძულებით და დაუმსახურებლად გამოვტოვეთ. კარგი ავტორია შემდეგი 20-ეულის დასაწყებად. 🙂
“ნადავლის შემგროვებლები” (Collecting Team) პირველად 1956 წელს გამოქვეყნდა, ოღონდ “დაიჭირეთ ყველა ცოცხლად!” (Catch ’Em All Alive!) ერქვა.
სილვერბერგმა ორჯერ გამოაცხადა, წერისგან დავიღალეო. პირველად 40 წლისამ, მეორედ 80-ს რომ მიაწია. პირველ ჯერზე შესვენებამ 5-ოდ წელი გასტანა. მეორე პაუზა დღემდე გრძელდება (მწერალი 86 წლის არის), თუმცა სილვერბერგი კვლავ ესწრება პრემია “ჰიუგოს” დაჯილდოების ცერემონიას (ახლა უკვე – ონლაინ). ამ ტრადიციას პრემიის დაწესების დღიდან არ ღალატობს.