რობერთ შექლი
რიჩარდ გრეგორი პლანეტათშორისო დეზინფექციის სამსახურის AAA Ace-ის ოფისში, საკუთარ კაბინეტში იჯდა დამტვერილ მაგიდასთან და, არნოლდის მოლოდინში, დაღლილი თვალებით დაჰყურებდა სიას. ჩამონათვალში სულ 2,305 ნივთი იყო და გრეგორი იხსენებდა, რამე ხომ არ გამორჩა.
ანტირადიაციული მალამო? სიაშია. ვაკუუმის მაშხალები? ესეც. წყლის გამწმენდი ნაკრები? კი, არაფერი დავიწყნია.
კმაყოფილებით გაიზმორა და საათს დახედა. არნოლდი, მისი პარტნიორი სადაცაა უნდა დაბრუნებულიყო. ამ 2,305 ნივთის შესაძენად იყო წასული და იმის გადასამოწმებლად, როგორ დაასაწყობებდნენ კოსმოსურ ხომალდზე უკლებლივ. რამდენიმე საათში, AAA Ace-ის გუნდს ახალი სამუშაოს შესასრულებლად უნდა აეღო გეზი.
ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. კოსმოსური ხომალდი თვითმომარაგებაზე მყოფ კუნძულსა ჰგავს. თუ, ვთქვათ, ლობიო დაგიმთავრდა, დემენცია II–ზე ვერ ნახავ მაღაზიას, საიდანაც მარაგს შეივსებ. ლობიოს ვინ ჩივის, მთავარი პროცესორის მიკროსქემა თუ დაიფერფლა, პლანეტათშორისო სანაპირო დაცვა როდი გამოექანება მის შესაცვლელად. სათადარიგო მარაგ-ნაწილებიც ბორტზე უნდა გქონდეს და მათ შესაცვლელად საჭირო ხელსაწყოებიც. და კიდევ – სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა შეაკეთო. კოსმოსი სივრცეში მეტისმეტად განფენილია და უკიდეგანო იმისთვის, რომ სამაშველო ოპერაციის იმედად იყო.
ჟანგბადის დანადგარიდან სიგარეტებამდე – კოსმოსური ხომალდი კიარა ნამდვილი ჰიპერმარკეტია…
გრეგორმა სია გვერდზე გადადო, ბანქოს გაცრეცილ დასტას დასწვდა და საფირმო პასიანსის გაშლა დაიწყო – საკუთარი გამოგონების. ეს პასიანსი არასდროს გამოსდიოდა, მაგრამ აბეზარი ფიქრებისგან თავდასახსნელად მისწრება იყო.
ამ საქმეში შემოუსწრო არნოლდმა – გააღო კარი და ოთახში თავი შემოყო. სახე ბედნიერებისგან გაბადროდა და გრეგორმა ეჭვის თვალით ახედა. როცა არნოლდს ჩამრგვალებული ლოყები ასე უღაჟღაჟებს და მოუთმენლობისგან ცმუკავს – კარგს არაფერს უნდა ელოდო.
– ყველაფერი იშოვე?
– ბევრად უკეთესი, – არნოლდის მზერიდან სიამაყე იღვრებოდა.
– სტარტამდე რამდენიმე საათია…
– წამი-წამში, – უთხრა არნოლდმა და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა, – თან, კარგა გვარიანი თანხაც დავზოგე… ჩვენ ორისთვის.
– ოჰ, არა, – ამოიოხრა გრეგორმა, – რა ქენი ამჯერად?
– წარმოიდგინე, – არნოლდმა ხელები გაშალა, თითქოს, სცენაზე ყოფილიყოს, – მხოლოდ წარმოიდგინე ერთი რიგითი ექსპედიციისთვის საჭირო აღჭურვილობა – 2,305 ნივთი და უმცირესი შანსი, რომ ოდესმე რამეში დაგვჭირდეს. ხომალდის ტვირთამწეობა ზღვრულ მაჩვენებელზეა, სათავსოები და თავისუფალი სასარგებლო სივრცე კი – მინიმუმზე. და ეს ყველაფერი მეტწილად უსარგებლო აღჭურვილობის გამო…
– უსარგებლო, თუ იმ ერთ-ორ შემთხვევას არ ჩავთვლით, როდესაც ჩვენს სიცოცხლეს იხსნის, – შენიშნა გრეგორმა.
– ეგეც გავითვალისწინე! – შესძახა არნოლდმა, – ყველაფერი მეტისმეტი სიფრთხილით ავწონ-დავწონე და შენი სიის მნიშვნელოვნად შემცირება შევძელი, ისე, საქმე რომ არ დავაზარალო – ცოტა იღბალი და ეგეთ რამეს მივაგენი, ექსპედიციას რომ ნამდვილად სჭირდება… ერთი აუცილებელი რამ!
გრეგორი ფეხზე წამოდგა და არნოლდს ზემოდან დააცქერდა. თავის პარტნიორზე გვარიანად მაღალი იყო. ნათლად წარმოიდგინა არნოლდის დანაყული ცხვირ-პირი, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და მშვიდად, როგორც შეეძლო, უთხრა:
– არნოლდ, არ ვიცი, რა გააკეთე, მაგრამ გიჯობს, მიბრუნდე უკან და ის 2,305 ნივთი შეიძინო და ხომალდზე აიტანო… რაც შეიძლება სწრაფად!
– ვეღარ ვიზამ, – არნოლდმა ახედა და ნერვიულად გაეცინა, – ფულიც არ მაქვს… მაგრამ ერთი ნივთი ყველა დანარჩენად ღირს.
– რომელი ერთი ნივთი?
ერთი ნამდვილად საჭირო რამ… უკვე ხომალდზეა. წამოდი და გიჩვენებ.
ქენედის კოსმოსურ სადგურამდე გრეგორს კრინტი აღარ დაუძრავს, მხოლოდ იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა ბაგეზე. მათი ხომალდი გამშვებ მოედანზე იდგა, სრულ მზადყოფნაში. გაფრენამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი.
არნოლდმა ლიუკი შეაღო და ზარ-ზეიმით განაცხადა:
– ის აქ არის. ყველა ექსპედიციისთვის სანატრელი რამ.
გრეგორმა დაინახა დიდი და უცხო ფორმის მანქანა, ციფერბლატით, ნათურებითა და ციმციმებით ზედაპირზე.
– რა ჯანდაბაა? – ჰკითხა გრეგორმა.
– ხომ ლამაზია? – არნოლდი მივიდა და სიყვარულით გადაუსვა ხელი, – ჯოს გალაქტიკური ნაგავსაყრელიდან წამოვიღე. ორ გროშად გამომატანა.
სწორედ ამას შიშობდა გრეგორი. ჯოსთან ადრეც ჰქონიათ საქმე და ეგ ამბავი ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა. ჯოს დანადგარები მუშაობდა, როგორ არა… ისაა საქმე, როგორ მუშაობდა და როდის. და რა ნაყოფს ისხამდა მათი მუშაობა.
– ჯოს ჯაბახანასთან ერთად არ ვიმგზავრებ კოსმოსში. დამთავრებული ამბავია! – მკაცრად განაცხადა გრეგორმა, – სჯობს, ჯართად გავყიდოთ, თუ მოვახერხეთ.
და მიმოიხედა – ძალაყინს ეძებდა.
– მოიცა, – შეევედრა არნოლდი, – გაჩვენო მაინც… წარმოიდგინე, რომ კოსმოსში ვართ, ძირითადი ძრავი დაზიანდა – მესამე კბილანაზე დურალუმინის ქანჩს ტუჩი მოუცვდა და გამოსაცვლელია… Რას ვაკეთებთ?
– საგანგებო შემთხვევებისთვის გამიზნული 2,305 ნივთიდან ერთს ვიღებთ და… – უპასუხა გრეგორმა, მაგრამ არნოლდმა არ აცალა.
– აჰა! შესაბამისი ქანჩი სიაში არ გაქვს! საგულდაგულოდ გადავამოწმე. გამოგრჩა… ახლა რა ხდება? რას ვაკეთებთ?
– არ ვიცი, – მხრები აიწურა გრეგორმა, – შენ მითხარი.
არნოლდი ჯოს დანადგართან მივიდა, ღილაკს დაარტყა ხელი და ხმამაღლა, მკაფიოდ უთხრა:
– დურალუმინის ქანჩი, დიამეტრით – 6.5 მილიმეტრი.
მანქანამ დაიფრუტუნა, აზუზუნდა, შუქები აანთო. შემდეგ პირი გახსნა და არნოლდმა ახალთახალი, მოლაპლაპე დურალუმინის ქანჩი აიღო.
– აი, ამას ვაკეთებთ, – უთხრა.
– ჰმ! – ჩანს, გრეგორზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, – ვხედავ, ქანჩებს აწარმოებს… სხვა?
არნოლდმა ისევ დაკრა ღილაკს ხელი.
– კრევეტები. 500 გრამი.
მანქანამ კვლავ მოაღო პირი და იქ შეკვრა კრევეტები იდო.
– გასუფთავებული უნდა მეთქვა, ჩემი შეცდომაა, – თქვა არნოლდმა, – მაგრამ, სხვა დროს იყოს… ახლა კი, – ღილაკს დააჭირა, – გრაფიტის ღერო სიგრძე – 4 მეტრი, დიამეტრი – 5 სანტიმეტრი.
ამჯერად მანქანამ კარი უფრო ფართოდ გახსნა – გრაფიტის მილის სიგრძეზე.
– კიდევ რისი წარმოება შეუძლია? – ჰკითხა გრეგორმა.
– რასაც ინებებ, – უპასუხა არნოლდმა, – ვეფხვის ბოკვერი? კარბურატორი? ოცდახუთვატიანი ნათურა? საღეჭი რეზინა?
– მოიცა, რას ამბობ ახლა – ყველაფრის დამზადება შეუძლია? – ჰკითხა გრეგორმა.
– რა გინდა სულო და გულო. ეს ხომ კონფიგურატორია… თავად სცადე.
გრეგორმა სცადა.
ბოთლი წყაროს წყალი. მაჯის საათი. ქილა კოქტეილი.
– ჰმმმ, – თქვა ბოლოს.
– ახლა ხომ ხედავ? განა, 2,305 ნივთს არა სჯობს? უფრო იოლია და ლოგიკურიც ის აწარმოო რაც გჭირდება და მაშინ – როდესაც გჭირდება.
– კარგი რამე ჩანს, – დაეთანხმა გრეგორი, მაგრამ …
– რაღა მაგრამ?
გრეგორმა თავი გააქნია. წარმოდგენა არა ჰქონდა „რაღა მაგრამ“… მხოლოდ წარსულის გამოცდილება, რომ ჯოს დანადგარები არასდროს არის ისეთი სასარგებლო, საიმედო ან მუშა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მცირე ხნის ფიქრის შემდეგ, ღილაკს დაკრა:
– ტრანზისტორი, სერია GE 1324E.
მანქანამ დააცემინა და პირი გახსნა. გრეგორი დასწვდა ტრანზისტორს და ყურადღებით შეათვალიერა.
– ნამდვილად კარგი რამე ჩანს, – აღიარა ბოლოს, – რას აკეთებ?
– კრევეტებს ვწმენდ, – უთხრა არნოლდმა.
კრევეტები გემრიელი აღმოჩნდა. სანამ პარტნიორები შეექცეოდნენ, გაფრენის ნებართვაც მიიღეს. ერთ საათში ხომალდი უკვე კოსმოსში იყო.
გეზი დენეთ IV-ისკენ აეღოთ, საშუალო ზომის პლანეტისკენ, რომელიც მდებარეობს საიქოფაქსის თანავარსკვლავედში. დენეთზე ცხელი, ნოტიო კლიმატი და მოსავლიანი მიწა იყო, მაგრამ ხშირი და ძლიერი წვიმები იცოდა. ათიდან ცხრა შემთხვევაში წვიმდა და იმ მეათეჯერ – მოქუფრული იყო და წვიმისთვის ემზადებოდა.
საბედნიეროდ, ამინდის მართვა უკვე შესაძლებელი გახდა. AAA Ace–ს მსგავსი პრობლემების მქონე არაერთ პლანეტაზე უმუშავია. ახლაც წარმატების იმედი ჰქონდათ – მხოლოდ რამდენიმე დღე და საავდრო ღრუბლებს გადაყრიდნენ და მზესაც გამოახედებდნენ.
მოგზაურობამ მშვიდად ჩაიარა. დენეთ IV-ს რომ მიაღწიეს, არნოლდმა ავტოპილოტი გამორთო და მართვა გადაიბარა. ხომალდი სქელ, მოქუფრულ ღრუბლებში ჩაეფლო, როგორც ბლანტ ჭაობში. ბოლოს, როგორც იქნა, გააღწიეს და მთის მწვერვალებიც გამოჩნდა. მთებს შორის დასაფრენად გამოსადეგი ვაკეც ნახეს, მოშიშვლებული, თალხისფერი.
– უცნაური პეიზაჟია, – შენიშნა გრეგორმა.
არნოლდმა თავი დაუქნია. მთელი ყურადღება მართვაზე ჰქონდა – ხომალდი ღერძის ირგვლივ მოხდენილად შემოატრიალა, ხმელეთს შეუპირა და ძრავი გამორთო.
– ნეტავ, მცენარეული საფარი რატომ არ არის? – ჩაიბურტყუნა გრეგორმა.
არნოლდს არ უპასუხია. ერთ წუთში შეიტყეს პასუხი. ხომალდი წამით შედგა, შემდეგ თითქოს, მიწა ჩაწყდაო, კიდევ ორი მეტრი იფრინა და მოწყვეტით დაენარცხა მიწაზე.
თალხი „ვაკე“ მკვრივი და მყარი ნისლი აღმოჩნდა, ისეთი, მხოლოდ დენეთზე რომ იცის.
პარტნიორებმა ღვედები შეიხსნეს და კბილები და ნეკნები მოისინჯეს ჯერ. მთელი რომ აღმოჩნდა, შემდეგ ხომალდი დაათვალიერეს.
მათ ბებერ ხომალდს ვარდნამ ხეირი არ აწია – რადიო და ავტოპილოტი მწყობრიდან გამოვიდა, კიჩოზე ათიოდ ფირფიტას პირი მოეღო და, რაც ყველაზე ცუდია, მართვის მექანიზმის ნაწილები იყო დაზიანებული.
– კიდევ გაგვიმართლა, – თქვა არნოლდმა.
– კი, – უთხრა გრეგორმა და ზეწარივით ჩამოწოლილ ნისლს ახედა, – მაგრამ შემდეგ ჯერზე, ჯობს, სანავიგაციო ხელსაწყოების მიხედვით დავეშვათ.
– ზოგი ჭირი მარგებელია, – უთხრა არნოლდმა, – ახლა ნახავ, როგორი შეუცვლელი რამაა კონფიგურატორი.
დაზიანებული ნაწილების სია შეადგინეს. არნოლდი მივიდა კონფიგურატორთან, დააჭირა ღილაკს და ჩამოთვალა:
– ძრავის ფირფიტა, ფართობი – 13 კვადრატული სანტიმეტრი, სისქე – 1.5 სანტიმეტრი, ფოლადის შენადნობი 342.
მანქანამ დავალება უნაკლოდ და სწრაფად შეასრულა.
– ათი ცალი გვჭირდება, – შეახსენა გრეგორმა.
– ვიცი, – არნოლდმა ისევ დააჭირა ღილაკს, – კიდევ ერთი – ზუსტად ეგეთივე.
დანადგარი არც შერხეულა.
– ალბათ, სრულად უნდა ვუთხრა, – თქვა არნოლდმა, კვლავ დაარტყა ღილაკს და გაიმეორა, – ძრავის ფირფიტა, ფართობი – 13 კვადრატული სანტიმეტრი, სისქე – 1.5 სანტიმეტრი, ფოლადის შენადნობი 342.
დანადგარს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ დასტყობია.
– უცნაურია, – ჩაიბურტყუნა არნოლდმა.
– მართლაც! – გრეგორმა ავისმომასწავებელი წვა იგრძნო მუცლის ღრუში.
კიდევ ერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ, არნოლდი მანქანას დააცქერდა. ჩაფიქრდა. შემდეგ დაარტყა ღილაკს ხელი და უთხრა:
– პლასტმასის ჩაის ჭიქა.
აპარატმა დაიზუზუნა და ღია ლურჯი ფერის პლასტმასის კოხტა ჭიქა დაუმზადა.
– ერთიც, – უთხრა არნოლდმა.
როდესაც კონფიგურატორმა არაფერი ქნა, არნოლდმა ცვილის სანთელი მოითხოვა. მანქანამ – დაამზადა.
– კიდევ ერთი ცვილის სანთელი, – უთხრა არნოლდმა.
მანქანა არ განძრეულა.
– საინტერესოა, – თქვა არნოლდმა, – ამაზე არ მიფიქრია…
– რაზე? – ეჭვით შეხედა გრეგორმა.
– იმაზე, რომ კონფიგურატორს შეუძლია ნებისმიერი ნივთის დამზადება, მაგრამ – თითოჯერ.
ცდები განაგრძო, რის შედეგადაც მანქანამ დაამზადა ფანქარი. მაგრამ მხოლოდ ერთი ცალი.
– მშვენიერი ამბავია, – უთხრა გრეგორმა, – კიდევ ცხრა ფირფიტა გვჭირდება. და მართვის მექანიზმისთვის ოთხი იდენტური ნაწილი. რა გეგმა გვაქვს? რას ვშვრებით?
– რამეს მოვიფიქრებთ, – გულარხეინად მიუგო არნოლდმა.
– იმედი მაქვს.
გაწვიმდა. პარტნიორები ჩამოსხდნენ მოსაფიქრებლად.
– მგონი, ვიცი რა ხდება, – თქვა არნოლდმა რამდენიმე საათის ფიქრის შემდეგ, – სიამოვნების პრინციპის ამბავია.
– რა? – გრეგორი შეიშმუშნა. წვიმის კაკუნის ხმაზე ჩაეთვლიმა.
– ამ მანქანას ინტელექტი აქვს, – უთხრა არნოლდმა, – იღებს ბრძანებას, გადაჰყავს ქმედებად და აწარმოებს პროდუქტს ჩადებული პროგრამის შესაბამისად.
– ნადვილად აწარმოებს, – დაეთანხმა გრეგორი, – მაგრამ – მხოლოდ ერთხელ.
– საქმეც ეგაა… რატომ მხოლოდ ერთხელ? ამ თავსატეხის გასაღები გვჭირდება. ვფიქრობ, თავად შეზღუდა თავი… ერთგვარი თვითცენზურა, რასაც სიამოვნების გზნება მართავს… ან, რაღაც სიამოვნებასთან მიმსგავსებულის…
– ჩამოგღცი და ვეღარ მოგდევ… – უთხრა გრეგორმა.
– მომისმინე, შემქმნელები ზღვარს არ დაუწესებდნენ. ერთადერთი ახსნა ასეთი მაქვს – ამ სირთულის მანქანამ ადამიანური, კვაზი-ჰუმანური თვისებები შეიძინა. ის სიამოვნებას იღებს ნივთის წარმოებით. მაგრამ – მხოლოდ პირველ ჯერზე. ამის შემდეგ, კონფიგურატორს რაღაც ახლის შექმნა სურს.
მოსმენილმა გრეგორს ყველა ხალისი დაუკარგა და ისევ რული მოჰგვარა. არნოლდი კი განაგრძობდა.
– საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენება – აი, რა სურს ამ დანადგარს. შექმნას ყველაფერი, რაცკი შეუძლია… განმეორება კი, მისი თვალსაზრისით, დროის ფუჭად კარგვაა.
– მსგავსი აბდაუბდა პირველად მოვისმინე, – უთხრა გრეგორმა, – მაგრამ ვთქვათ, დაგიჯერე და მართალი ხარ, რა უნდა ვქნათ?
– არ ვიცი, – გულწრფელად უპასუხა არნოლდმა.
– სწორედ ამის მეშინოდა.
ვახშამზე კონფიგურატორმა რომ არ დაიწუნებოდა, ისეთი შემწვარი ხორცი მოამზადა, დესერტზე – ვაშლის ღვეზელი ობიანი ყველით. ამან პარტნიორებს განწყობა საგრძნობლად გამოუკეთა.
გრეგორმა ex machina ბრენდის სიგარეტს მოუკიდა და საშველის ძებნა დაიწყო.
– ჩანაცვლების გზით უნდა წავიდეთ, – უთხრა, – უნდა ვცადოთ. შენადნობი 342 არ არის ერთადერთი, რაც ფირფიტებისთვის გამოდგება, სხვა მრავალი მასალაა… ნაკლებად გამძლე იყოს, მთავარია – დედამიწამდე გაძლოს.
მაგრამ კონფიგურატორის მოტყუება არც ისე იოლი აღმოჩნდა. რკინის ან სხვა შავი ლითონის შენადნობის დამზადებამ არ დააინტერესა, მაგიერ ბრინჯაოს ფირფიტაზე უარი არ უთქვამს. მაგრამ, ბრინჯაოს შემდეგ, არც სპილენძი, აღარც თუნუქი დაამზადა. მაგიერ, პარტნიორებმა წარმატებით გამოსტყუეს ალუმინის, კადმიუმის, პლატინის, ოქროსა და ვერცხლის ფირფიტები. და ვოლფრამის ფირფიტაც – იმდენად უცხო და იშვიათი ნაკეთობა, რომ სამუზეუმოდაც გამოდგებოდა. არნოლდს ცნობისმოყვარეობა კლავდა, გაეგო, რა ეშმაკებით მოახერხა ამ მანქანამ ვოლფრამისგან ფირფიტის ჩამოსხმა. როდესაც პლუტონიუმის იდეა გრეგორმა უარყო, მიხვდნენ, შესაფერისი ლითონები შემოაკლდათ. არნოლდმა განსაკუთრებულად მყარი კერამიკის გამოყენება მოიფიქრა, ბოლო ფირფიტა კი თუთიისა იყო.
ძვირფასი ლითონები, ცხადია, მაღალ ტემპერატურაზე დნება, მაგრამ გაგრილების სისტემას თუ მიახმარდნენ, იმედი ჰქონდათ, როგორმე მიატანდნენ დედამიწამდე. ასე იყო თუ ისე, კარგად იმუშავეს და ნამდვილად დაიმსახურეს ბოთლი ხერესი, კონფიგურატორმა რომ დაუმზადათ – მშრალი, სრული გემოსი, თუმცა, მიზეზ-მიზეზ, ოდნავ მომეტებულად ზეთოვანი.
მეორე დღეს, დილიდან შეუდგნენ ფირფიტების დამაგრებას და, საქმე რომ მოამთავრეს, ხომალდის კიჩო აფერადებულ ხალიჩას დაემსგავსა.
– ლამაზი კი გამოვიდა, – თქვა არნოლდმა.
– სილამაზეს არა ვჩივი, დედამიწამდე გაძლოს, – უპასუხა გრეგორმა, – ახლა მართვის მექანიზმს მივხედოთ.
სათქმელად იყო იოლი. ოთხი იდენტური ნაწილი სჭირდებოდათ – მინისა და მავთულის უზუსტესი მიკროსქემა. ვერაფრით ჩანაცვლებდნენ.
მანქანამ მეყსეულად დაამზადა ერთი ცალი. ეს იყო და ეს. ამასობაში შუადღეც მოადგათ. პარტნიორების არაქათი აღარ ჰქონდათ.
– რაიმეს მოიფიქრებ? – ჰკითხა გრეგორმა.
– ახლა არა. ჯერ – ვისადილოთ.
ამ ჯერზე ლობსტერის სალათი ინებეს, მაგრამ კონფიგურატორმა ერთი ამოიხვნეშა და არაფერი დაუმზადებია.
– რა სჭირს? – ჰკითხა გრეგორმა.
– ამის მეშინოდა, სწორედ, – არნოლდმა თავი გაიქნია.
– რა ხდება? ლობსტერი ხომ პირველად მოვთხოვეთ.
– ასეა, მაგრამ ვითხოვეთ კრევეტები. ორივე კიბორჩხალების გვარისაა. მგონი, სახეობათა დაჯგუფება დაიწყო…
– ჯანდაბა… მგონი, კონსერვის ქილა გავხსნათ, ის აჯობებს, – შესთავაზა გრეგორმა.
არნოლდი უხერხულად იღიმოდა.
– საქმე ისაა, რომ კონფიგურატორის შეძენის შემდეგ… რას ვიფიქრებდი, კონსერვი დაგვჭირდებოდა…
გრეგორს გულმა რეჩხი უყო.
– არ წამოგიღია?
– არა…
დანადგარს მიუბრუნდნენ და სთხოვეს: ორაგული, კალმახი და თინუსი… ამაოდ.
მაშინ სცადეს: შემწვარი ღორის ხორცი, ცხვრის კანჭი და ხბოს სტეიკი… შეაყარე კედელს ცერცვი.
– გუშინ რომ საქონლის ხორცი შეგვიწვა, ძუძუმწოვრები მენიუდან ამოშალა, – თქვა არნოლდმა, – ჩვენ თვალწინ, სახეობათა ახალი თეორია იბადება…
– სამწუხაროა, რომ შიმშილით სიკვდილი მაგ თეორიის დასრულებას არ დაგვაცდის, – უთხრა გრეგორმა და შემწვარი ქათმის ხორცის შეკვეთა სცადა. ამან გაჭრა.
– ევრიკა! – შესძახა არნოლდმა.
– ჯანდაბა!- შესძახა გრეგორმა, – ნეტავ, ინდაური მეთხოვა.
დენეთზე წვიმდა. კოსმოსური ხომალდი ნისლში იყო გახვეული.
არნოლდმა ლოგარითმული სახაზავი აიღო და რაღაც გამოთვლებს ჩაუჯდა. გრეგორმა კი, მას შემდეგ, რაც წუხანდელი ხერესი გამოსცალა, ყუთი ვისკის შეკვეთა სცადა, მაგრამ – წარუმატებლად. ჩამოჯდა და პასიანსის გაშლა დაიწყო.
ვახშამი სადილიდან მორჩენილ ქათამზე გადაატარეს და არნოლდმა, როგორც იყო, ანგარიში დაასრულა.
– შეიძლება, იმუშაოს, – თქვა.
– რამ უნდა იმუშაოს?
– სიამოვნების პრინციპმა, – უპასუხა არნოლდმა, – ამ მანქანის კვაზი-ჰუმანური ხასიათი ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. რაკი ადამიანური თვისებები შეიძინა, რა თქმა უნდა, თვითგანვითარების უნარიც აქვს. მე ვფიქრობ, შეგვიძლია ვასწავლოთ, რომ ერთი და იმავე საქმის მრავალჯერ შესრულებითაც შესაძლებელია სიამოვნების მიღება… ჩვენ შემთხვევაში – მართვის მექანიზმის დეტალების წარმოებით.
– ცდად ღირს, – თქვა გრეგორმა.
შუაღამემდე ეჩიჩინებოდა არნოლდი მანქანას. ეს იყო სწავლება განმეორების სიხარულზე. იმ ესთეტიკურ სიამოვნებაზე, რომელიც შემოქმედისთვის ხელოვნების ნიმუშების შექმნას მოაქვს, ისეთის, როგორიც მართვის მექანიზმის ნაწილებია. ერთხელ კიარა, რამდენჯერმე. კიდევ და კიდევ. დაუსრულებლად. როდესაც ყოველი შემდეგი ნივთი წინას ტყუპისცალია. ეს იყო ფსალმუნი ვნების ალზე, რაც ერთი და იმავე მასალისგან დამზადებული ნიმუშების დამზადებას სდევს. ერთი და იგივე ნაწილები, ერთი და იმავე მასალისგან, ერთი და იმავე ხერხით, ერთი და იმავე ოსტატობით. რა გზნებაა! როგორ შეესაბამება ეს ყველაფერი მანქანის ფილოსოფიას. უნარსა და შესაძლებლობებს. განმეორება, – ამბობდა გრეგორი, – პირველად ქმნაზე უპირატესია, რაკი ბევრად ახლოა ენტროპიასთან, ენტროპია კი თავად სრულყოფილებაა.
კონფიგურატორი ზუზუნებდა და ცხრავე თვალს აფახულებდა. ჩანს, ყურადღებით უსმენდა. და, როცა დენეთის ნესტით გაჟღენთილი გაცრეცილი გარიჟრაჟი წამოადგათ თავს, არნოლდმა დააჭირა თითი ღილაკის და მართვის მექანიზმის ნაწილის დამზადება ბრძანა.
მანქანა ყოყმანობდა. თითქოს, ფიქრობსო. ნათურები ციმციმებდა და ციფერბლატზე ისრები თრთოდნენ.
ბოლოს დაატკაცუნა, პირი გააღო და იქ მართვის მექანიზმის დეტალი იდო.
– ვაშა! – შეჰყვირა გრეგორმა და ზურგზე ხელი დაარტყა არნოლდს. თავადვე სწრაფად დააწვა ღილაკს და ბრძანება გასცა… მაგრამ კონფიგურატორს აღარაფერი დაუმზადებია. მხოლოდ ხმამაღლა შეუღრინა.
გრეგორმა ისევ სცადა. ამ ჯერზე მანქანამ მდუმარე უარი შეაგება.
– ახლა რაღა ხდება? – გრეგორი არნოლდს მიაჩერდა.
არნოლდი სევდიანად უყურებდა.
– სცადა განმეორება… ყოველი შემთხვევისთვის – ვინიცობაა რამე გამომრჩაო. დარწმუნდა, რომ არ მოსწონს… ჩიტი ბდღვნად არ უღირს.
– მანქანა, რომელსაც განმეორება არ მოსწონს! – შესძახა გრეგორმა – ეს არაადამიანურია!
– პირიქით, – ჩაიბურდღუნა არნოლდმა, – მეტისმეტად ადამიანურია.
ჭამის დრომ რომ მოაწია, პარტნიორებს თუ რამ კერძი გაეგონათ, ყველას გახსენება მოუხდათ. ბოსტნეულის სალათი მანქანამ უყოყმანოდ დაუმზადა, მაგრამ მშიერი კაცისთვის არცთუ კალორიული იყო. კიდევ გამოიმეტა პურის ნაჭერი, მაგრამ უარი უთხრათ ნამცხვარზე. რძის პროდუქტებიც შავ სიაში იყო, რაკი წინა დღეს ყველი ჰქონდათ. ბოლოს, ერთსაათიანი ცდისა და წვალების შემდეგ, ვეშაპის კარგა მოზრდილი სტეიკი გამოსტყუეს – ჩანს, კონფიგურატორს ვერ გადაეწყვიტა, რომელ სახეობას ეკუთვნოდა ვეშაპი.
დანაყრდნენ თუ არა, გრეგორმა სცადა განმეორების სიხარულის შესახებ თემის გაშლა… მანქანა თვალებს აპაჭუნებდა – ჩანს, უსმენდა ისევ.
არნოლდმა კი ცნობარში ჩარგო თავი – ახალ გზას ეძებდა. ასე იქექებოდა დიდხანს.
– ვიცოდი, რომ მივაგნებდი! – შეჰყვირა ბოლოს.
გრეგორმა იმედით გამოხედა.
– რას?
არნოლდმა გადაშლილ წიგნს სტაცა ხელი და გრეგორს მიაჩეჩა.
– მართვის მექანიზმის შემცვლელია. ვედნიერ II-ზე შექმნეს მეცნიერებმა ასე ორმოცდაათი წლის წინ… თანამედროვე სტანდარტებით მოუქნელი და მოძველებული კია, მაგრამ – მუშაობს. და ჩვენს ხომალდს ერგება.
– მაგრამ… რისგან მზადდება? – ჰკითხა გრეგორმა.
– კარგი ამბავი მაქვს! ესაა სწორედ ჩვენი ხსნა – რეზინისაა.
დაარტყა ღილაკს ხელი და კონფიგურატორს მართვის მექანიზმის აღწერა ჩამოურაკრაკა.
ძვრა არ იყო.
– ვედნიერ II-ის ტიპის მართვის მექანიზმი უნდა დაამზადო! – შესძახა არნოლდმა, – საკუთარ პრინციპებს ღალატობ! – კვლავ დაკრა ღილაკს.
არაფერი.
გრეგორს უცაბედმა ეჭვმა დაკრა. მიუახლოვდა კონფიგურატორის, ჩაიმუხლა, კარგად დაათვალიერა, იპოვა, რასაც ელოდა და ანიშნა არნოლდს.
ფირფიტაზე ამოტვიფრული იყო:
„მე –3 კლასის კონფიგურატორი. დამზადებულია Vednier Laboratories-ის მიერ, ვედნიერ-II-ზე“.
– ცხადია, უკვე დაამზადებინეს, – ხელი ჩაიქნია არნოლდმა.
გრეგორს არაფერი უთქვამს. ან რა უნდა ეთქვა?
ნესტმა კოსმოსური ხომალდის ჭამა დაიწყო. კედლები შიგნიდან დაცვარულიყო და სოკოც მოდებოდა. ფოლადის ფირფიტაზე კი ჟანგი გაჩნდა. პარტნიორები მანქანას ისევ უგალობდნენ განმეორებით სულის ლხენაზე, ის უსმენდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა.
მენიუში აღარ იყო ხილი (მადლობა – ვაშლის ღვეზელს), ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და ბურღულეული… კონფიგურატორს დაამზადებინეს ბაყაყის ბარკლები, გამომცხვარი კალიები (დაილოცოს ძველი ჩინური სამზარეულო) და იგუანას ფილე. ამით ქვეწარმავლებმა, მწერებმა და ამფიბიებმაც აკრძალულ სიაში გადაინაცვლა და საკვებად გამოსადეგი პროდუქტებიც გამოილია.
პარტნიორებს შფოთი დაეტყოთ. გრეგორს ისედაც მოგრძო სახე კიდევ უფრო ჩამოუგრძელდა. არნოლდმა კი თმებში სოკოს კვალს მიაგნო. გარეთ განუწყვეტლივ წვიმდა. კოსმოსური ხომალდი ლამიან მიწაში საკუთარი წონის ქვეშ ეფლობოდა.
კონფიგურატორს ვახშმად რომ ვერაფერს გამორჩნენ, გრეგორს უეცრად გონება გაუნათდა.
მაგრამ არ ჩქარობდა. ჯერ სცადა, ყველა მხრივ აეწონა, რაც მოაფიქრდა. კიდევ ერთი მარცხი ბოლო იმედს წარკვეთდა, ამიტომ ფრთხილობდა. ბოლოს ასე განსაჯა – წარმატების შანსი მცირეა, მაგრამ ცდად მაინც ღირს.
ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა კონფიგურატორს. ჩანს, თვალები ისე ველურად უელავდა არნოლდიც კი შეშინდა.
– გრეგორ! რას აპირებ?!
– ერთ დავალებასაც მივცემ, – გრეგორს ხმა უთრთოდა. უცახცახებდა ხელიც. დაარტყა ღილაკს და ჩურჩულით უთხრა მანქანას რაღაც.
ერთი წუთი არაფერი ხდებოდა. შემდეგ არნოლდმა შეჰყვირა:
– შობე!!
მანქანა აჯანჯღარდა, ჯერ წამოწითლდა შემდეგ გაიასამნისფრდა, ციფერბლატზე ისრები დახტოდა, ნათურები ციმციმებდა.
– რისი წარმოება თხოვე? – ჰკითხა არნოლდმა.
– არაფრის წარმოება არ მითხოვია… საკუთარი თავის განმეორება ვუბრძანე!
კონფიგურატორს კრუნჩხვამ დაუარა და შავი კვამლის ღრუბელი გადმოანთხია. პარტნიორებს ხველა აუტყდათ. აღარაფერი ჩანდა.
როდესაც კვამლი გაიფანტა კონფიგურატორი ისევ იქ იყო, ცოტა ფერშელახული, აქა-იქ საღებავაქერცლილი. რამდენიმე ნათურა ჩამქრალიყო და ციფერბლატი – დაზიანებული, მაგიერ მის გვერდით ახალთახალი, ზეთით გაპოხილი მეორე კონფიგურატორი იდგა.
– გამოგივიდა! – ყვიროდა არნოლდი, – გადავრჩით! შენ ეს მოახერხე!
– მეტიც მოვახერხე, – უთხრა გრეგორმა. დაღლილი ჩანდა, მაგრამ – კმაყოფილი, – არამხოლოდ გადავრჩით – ავშენდით!
ახლა მეორე კონფიგურატორის ღილაკს დაკრა ხელი და უბრძანა:
– განმეორდი!
ერთი კვირის შემდეგ არნოლდი და გრეგორი სამ კონფიგურატორთან ერთად დაბრუნდნენ ქენედის კოსმოსურ სადგურში. მისია დენეთზე დასრულდა. არნოლდმა ჩამოსვლისთანავე დატოვა ხომალდი. წინ ბევრი საქმე ჰქონდა. ჩაჯდა ტაქსიში და ჯერ მანჰეთენის ჩანელ სთრითს მიაშურა, შემდეგ – ცენტრალურ ნიუ იორქს. რამდენიმე საათში დაბრუნდა უკან.
– ყველაფერი რიგზეა, – შესძახა, – რამდენიმე იუველირს შევუთანხმდი, ოცი მოზრდილი ქვის იოლად გაყიდვა შეგვიძლია, შემდეგ, ვფიქრობ, პლატინაზე უნდა გადავერთოთ, პლატინის მერე კი… რა ხდება? არ მისმენ?
გრეგორმა მჟავედ გამოხედა.
– ვერაფერს ამჩნევ?
არნოლდმა მიმოიხედა. ჯერ გრეგორს შეხედა. შემდეგ – კონფიგურატორებს. შეამჩნია – სამის ნაცვლად ოთხი კონფიგურატორი იდგა.
– კიდევ ერთი? ძალიან კარგი… ახლა უთხარი, რომ თითომ თითო ალმასი დაამზადოს.
– ვერაფერს მიხვდი, – უთხრა გრეგორმა სევდით, – კარგად დააკვირდი.
უახლოესი კონფიგურატორის ღილაკს დააჭირა და ბრძანა:
– ალმასის ქვა!
დანადგარი აცახცახდა.
– სულ შენი წყეული სიამოვნების პრინციპია, – უთხრა გრეგორმა, – განმეორება! ეს შეჩვენებულები ისე არიან აღგზნებულნი…
კონფიგურატორი შეტორტმანდა და დაამზადა…
კიდევ ერთი კონფიგურატორი.
©Robert Sheckley – The Necessary Thing. Galaxy Science Fiction, June 1955
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
Milestone!
ეს მეოცე, საიუბილეო თარგმანია ბლოგზე. ადრე როგორც იცოდნენ ხოლმე, “20 რჩეულ მოთხრობადაც” შეიკვრება… სხვათაშორის, კი ვფიქრობდი “კალიბრში” ამეწყო ელექტრონულ წიგნად… მაგრამ ბესთერის ერთი შედევრი აკლია, რომელიც შავად თარგმნილი მაქვს და დრაფტშია ჯერ და ფილიფ დიქი, რომელიც არც შერჩეული მაქვს, არც – ნათარგმნი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო რამე. მის გარეშე ვერ იქნება.
ამასობაში, ნელ-ნელა შეიყარნენ შექლები 🙂