შუათანა

ლი ბრექეთი

ტაქსიმ შემოუხვია და ნელა დაუყვა დაღმართს.

– მოდის! – შეჰყვირეს ბავშვებმა და თეთრი კარიბჭე ფართოდ გააღეს, – დედა! მამა! მოვიდა! ძია ფრედი მოვიდა!

მეთ უინსლოუ ვერანდაზე გამოვიდა. გამოყვა ლიუსილიც. ღაწვები შეჰფაკვლოდა. საოთხივლისოდ[*] სამზარეულოს ალაგებდა. ტაქსი გაჩერდა. ჯოში და ბარბი გამოქანდნენ. აღტყინებულნი ხტოდნენ, როგორც ვეფხვის ბოკვრები, ყვიროდნენ და მათ შეძახილზე მეზობლის ბავშვებიც გამოეფინნენ. შეჰყურებდნენ სუნთქვაშეკრულნი. შორიახლოდან, ხელი რომ არ შეეშალათ, იმიტომ რომ ეს ოჯახური დღესასწაული იყო. მაგრამ უინსლოუს კარზე ისეთი ამბები ხდებოდა, მათაც სურდათ თვალის მიდევნება.

– შეხედე ამათ, – გულიანად გაეცინა მეთს, – გეგონება ფრედი კიარა, ტარზანი, სანტა კლაუსი და სუპერმენი გვესტუმრა. სამივე ერთად.

– კარგი ერთი! ბევრი ადამიანია ნამყოფი იქ, სადაც ის იყო?! – გამოეპასუხა ლიუსილი და ხმაში სიამაყე გამოერია.

გაიქცა ძმის შესახვედრად და მეთიც მიჰყვა. მართლაც, რა ჰქონდა ცოლისძმასთან გასაყოფი, უყვარდა და პატივს სცემდა… ეგაა ოღონდ – ჯოში და ბარბი არასდროს უცქერდნენ მამას ისე თვალებგაბრწყინებულნი, როგორც – ბიძას. და მის დანახვაზე, სადღაც გულის სიღრმეში დამარხულმა ეჭვმა, წამით ისევ თავი შეახსენა.

ფრედი კი ავტომობილის სალონიდან გადმოვიდა. სამხედრო ფორმაში. მედლებით გულდამშვენებული. მაგრამ მთელი მისი მხედრული პეწი და გამართულობა სადღაც გაქრა, როდესაც ცდილობდა ბავშვები დაეკოცნა. ხან ერთი და ხან – მეორე და ხანაც – ორივე ერთად. შემდეგ წელში გაიმართა და დას გადაეხვია. ბოლოს მეთს ჩამოართვა ხელი.

– დაგეხმარები, – მეთი ჩანთებს დაწვდა.

მეზობლის ბავშვები დიდი თვალებით უცქერდნენ და თან ერთმანეთში ჩურჩულებდნენ: „მარსი!“… „მარსი!“…

– ამას თავად წამოვიღებ, – უთხრა ფრედმა – და სახელურს დაწვდა. ეს იყო პატარა ყუთი, რომელზეც სერიული ნომერი იყო დატანებული და სამხედრო მარკირება ეტყობოდა. კიდევ ნახვრეტები ჰქონდა ოთხივ მხრიდან, – ბავშვებო, ფრთხილად, ეს იშვიათი ვაზა დედათქვენისთვის წამოვიღე მარსიდან საჩუქრად… ამხელა გზა გამოვატარე და როგორ იქნება, მაინცდამაინც აქ გატეხოთ… თქვენი საჩუქარი კი დამავიწყდა… სულ ამომივარდა თავიდან, – უთხრა და გახედა ცბიერი ღიმილით, – თუმცა, მარსზე მაინც არაფერი იყო სათქვენო…

– მარსული ქვა? ნუთუ, ეგეც არ იყო? – გული მოუვიდა ჯოშს.

– ქვა?.. ქვებისთვის ადგილი აღარ მეყო.

– პატარა კენჭისთვის? – ჰკითხა ბარბიმ. თან ცდილობდა, ნასვრეტებიდან ყუთში შეეჭყიტა.

მეთმა ჩემოდანს მოჰკიდა ხელი, თან ფიქრობდა – არ იცვლება… წონაში დაუკლია და ახალი ნაოჭებიც შეემატა, მგონი, მაგრამ მაინც ბავშვების ჭკუისაა, – და თვალი მასაც იმ ყუთისკენ გაექცა… – რაღაც კარგი უნდა იყოს. განსაკუთრებული.

– რა ცხელა, – თქვა ფრედმა და თვალები დახუჭა, – მარსზე ათი თვის შემდეგ, სულ მთლად გადავეჩვიე, მგონი, მზესა და აღმოსავლურ ზაფხულს… – თვალი გააყოლა მეთს და ლიუსილს, – ბარბი, ნუ ჩამომეკონწიალები, ბიძაშენი მოხუცდა და უშენოდაც ძლივს დგას ფეხზე… – და, ვითომ მუხლები მოეკეცაო, – არა, მართლა, ასე მგონია წებოს მორევში მივცურავ.

– არ გინდა, ვერანდაზე ჩამოჯდე? – ჰკითხა ლიუსილმა – ნიავია აქ…

კარგი აზრია, – უპასუხა ფრედმა, – მაგრამ შენი საჩუქრის ნახვა არ გინდა? – და ყუთი ძირს დადო, დიდი ნეკერჩხლის ქვეშ. ჩრდილში.

– მეგონა, ხუმრობდი, – ეჭვით გამოხედა დამ, – მართლა ვაზა წამოიღე მარსიდან?

– ახლა… მთლად ვაზაც არაა… ნახავთ, რაც არის… ჯოშ, ცოტა უკან დაიხიე, მე თავად გავხსნი, ასეთი ამბავია…

– ოჰ, ფრედი ძია! – ბარბი, მოსამართი თოჯინასავით ცმუკავდა, – გახსენი რა… სწრაფად… გეხვეწები

მათმა ჩემოდანი სახლში შეიტანა და ისევ გამოვიდა ეზოში. მივიდა ხესთან და ყურადღებით დააცქერდა.

ფრედმა ყუთს სახურავი მოხსნა. ჩაიმუხლა, თან ბავშვებს ამოხედა.

– მთელი წელი ამ წამზე ოცნებობდა, უთუოდ, – გაიფიქრა მეთმა, – უნდა დაქორწინებულიყო და საკუთარი ბავშვები ყოლოდა.

ჯოშსა და ბარბის ერთი ოხვრა აღმოხდათ. და ისევ დადუმდნენ. ენა ჩაუვარდათ.

– მართლა ცოცხალია?

– შემიძლია, მოვეფერო?

– ხომ არ მიკბენს?

– ფრედი ძია, ხომ ნამდვილად ჩვენ მოგვიყვანე?

დააყარეს კითხვები.

კარიბჭეს კი მეზობლის ბავშვების მრავალი თვალი და ყური მოაწყდა, რომ არაფერი გამოპარვოდათ.

მეთმა და ლიუსილმაც ჩაიხედეს ყუთში. წითელ ქვიშასა და გამხმარ ტოტებს შორის გასუსულიყო ბეწვფუმფულა ცხოველი, კურდღლის ზომისა… მართლაც, ძალიან ჰგავდა კურდღელს, რომარა ფიალასავით ყურები. ჭრელი ბეწვი ჰქონდა, ჟანგისა და მონაცრისფრო-მომწვანო. ზუსტად მარსული ქვიშისა და ჩირგვების ფერი. გაუნძრევლად იჯდა და უცნობ ადამიანებს შეჰყურებდა ოდნავ მოჭუტული, ბრჭყვიალა თვალებით.

– ღმერთო ჩემო, ეს რა არის? – აღმოხდა ლიუსილს.

– დედამიწაზე – არაფერი, – უთხრა ფრედმა, – მარსზე კი ცხოვრების დომინანტური ფორმაა… იყო, სანამ ჩვენ მივედით. მგონი, ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რაც გადარჩა. ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი – ძუძუმწოვრებს შორის. და ერთი უიშვიათესი ხერხემლიანი. იქ რა ჰქვია, არ ვიცი და აქ სახელი არ აქვს ჯერ… ვინ იცის, რამდენი წელი გავა, სანამ ზოოლოგები გაუგებენ რამეს და რომელსამე ჯგუფს მიაკუთვნებენ… მანამ შეგიძლია, „შუათანა“[**], დაუძახო… ჩვენ ასე შევარქვით.

– რატომ? – ჰკითხა ლიუსილმა

– იმიტომ რომ არც ესაა, არც – ის… აი, რომ გკითხო რას გავს, შენ მეტყვი, რომ თან კურდღელს ჰგავს, თან – ზღვის გოჭს. შეიძლება მიმსგავსო ციყვს და პატარა მაიმუნს… მოკლედ, არც იქეთაა, არც – აქეთ. შუათანაა… მოდი, ბარბი, აიყვანე ხელში, ნუ გეშინია.

– მოიცა, მოიცა! – შესძახა მეთმა და ბარბის გადაეღობა, – ფრედ, დარწმუნებული ხარ, რომ უსაფრთხოა? არ მინდა, ბავშვები დაკბინოს ან კიდევ…

– კურდღელზე უფრო უწყინარია, უპასუხა ფრედმა, – ასეული წელია უკვე, თუ მეტი არა, მათ მტრები არ ჰყავთ. სრულიად უწყინარ არსებებად იქცნენ და არც ადამიანების უფრთხიან ჯერ. შიშველი ხელებით ამომიყვანია სოროდან, აი – ასე, – და ნაზად ამოიყვანა ყუთიდან, – ეს მოშინაურებული გვყავდა და ჩვენთან ცხოვრობდა ბაზაზე, დედამიწის ატმოსფეროსაც კარგად შეეგუა, ტემპერატურას და გრავიტაციას. ამიტომ წამოგიყვანეთ… გამომართვი და ნუ ღელავ ტყუილად.

მეთი ერთი პირობა ყოყმანობდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და „შუათანა“ ხელში აიყვანა. იმაზე მსუბუქი და სიფრიფანა მოეჩვენა, ვინემ ელოდა. თბილი იყო და ფუმფულა, როგორც ბევრი სხვა დედამიწელი პატარა ცხოველი. დააკვირდა. კუდი არ ჰქონდა. წინა ფეხები – ბევრად გრძელი და არც უკანა ფეხები ჰგავდა კურდღლისას. ცხოველმა თათი მკლავზე ჩამოსდო მეთს, თავი აწია და დაყნოსა. შუადღის მზე ხის ტოტებს შორისაც აღწევდა და „შუათანას“ თითქმის მოჭუტა თვალები, გეგონებოდა, ეძინებაო.

მეთი გათამამდა, ხელისგული გადასვა ფრთხილად, მოეფერა.

– როგორი ფაფუკი ბეწვი აქვს… ბუმბულივით. ნახე, ლიუსილ.

ლიუსილი ისევ ეჭვით უყურებდა.

– კი მაგრამ, მიკრობები?

მკაცრად შეხედა ფრედს.

– შემოწმებულია, – დაამშვიდა ფრედმა.

– მაშ, კარგი…

აიყვანა ისე, როგორც ადამიანები კატებს იყვანენ ხოლმე – წინა თათებს ქვეშ მოკიდა ხელები და ყურადღებით დააცქერდა.

„შუათანაც“ უცქერდა. აკვირდებოდა მშვიდად.

ლიუსილს გაეღიმა.

– მართლაც, საყვარელია… – ფრთხილად დასვა მწვანე მოლზე, – ოღონდ, ბავშვებო, არაფერი ატკინოთ.

ჯოში და ბარბი წამოწვნენ ბალახზე და უხმაუროდ კიარა, სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებდნენ ცხოველს, ეფერებოდნენ რიგრიგობით. მეზობლის ბავშვებმაც დაძლიეს გაუბედაობა და მოკრძალება, ზოგი ჭიშკარში შემოვიდა, ზოგი პირდაპირ ღობის გისოსებს შორის შემოძვრა და მალე ეზოში ტევა აღარ იყო.

– მიყვარს ბავშვები, – თქვა ფრედმა და გულიანად გაიცინა, – როგორ მიხარია მათი ნახვა და კიდევ… ნორმალური ადამიანების…

– ნორმალური ადამიანების?.. რას გულისხმობ?

– როგორც ექიმსა და ფსიქიატრს, ათი თვე ქსენოფობებთან მომიწია ურთიერთობა…

– ქსენო… რა, – ჰკითხა დამ.

– დავიწყებული სიტყვა, რომელიც უცხოს შიშს აღნიშნავს… როდესაც ადამიანები მეტისმეტად ბევრს დარდობენ იმაზე, რა ელით ბაზის კედლებს გარეთ, შემდეგ ჩემს კაბინეტში მოხვედრა უწევთ… კარგი, რაც იყო – იყო… სადმე გრილ ადგილას ჩამომსვით და ცივ ლუდში ჩამახრჩეთ…

წინ ცხელი შუადღე და ჯერკიდევ ცხელი საღამო ელოდათ. ეს დღე ფრედს ეკუთვნოდა. ის იყო ბატონ-პატრონი. მეზობლის ბავშვები აციმციმებულ თვალებს ვერ წყვეტდნენ ასტრონავტს. მათთვის ნამდვილი გოლიათი იყო. დევგმირი. მათი მშობლებისთვის კი ადამიანი, ვინც ისეთ შორეულ ადგილებში მოგზაურობს, რაც მათი წარმოსახვის საზღვრებს მიღმაა.

ფრედი ეზოს ყველაზე გრილ კუთხეში იჯდა ბავშვებით შემოჯარული.

მოსვენებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.

– ისეა, როგორც წიგნებში, ძია ფრედ?

ფრედმა ამოიოხრა და „შუათანაზე“ მიუთითა, რომელიც ბარბის მკლავებში ნებივრობდა.

– მაგას ჰკითხე, ჩემზე უკეთ ეცოდინება.

– რა თქმა უნდა, – უთხრა ბარბიმ, – ჯონ ქართერმა ყველაფერი იცის, მაგრამ…

– ვინო? – ჰკითხა ფრედმა.

– ჯონ ქართერმა… ჯონ ქართერმა მარსიდან.

ფრედს გაეცინა.

– კარგი სახელი კი შეგირჩევიათ… ედგარ რაის ბეროუზის მოთხრობების გმირის… „მარსის მეომრები“, „მარსის მახვილი“ და… რომელია კიდევ – „ღმერთები მარსიდან“, არა, მეთ?

– კი, ასეა, – უთხრა მეთმა ცოტაარიყოს მჟავედ, – წიგნი არ გამოუტოვებიათ… მაგრამ, – ბავშვებს მიუბრუნდა, – ჯონ ქართერი დედამიწელი იყო, რომელიც მარსზე გაემგზავრა.

ეს კი მარსელია, ვინც დედამიწაზე ჩამოვიდა, – უპასუხა ჯოშმა და ამასაც კითხვა უნდაო – იფიქრა უთუოდ, უფროსების ულოგიკო აზროვნებით მერამდენეგზის გაოცებულმა, – იგივეა. არა, ძია ფრედ?

– იმ ჯონ ქართერის მსგავსად, ესეც ორი პლანეტის მოქალაქეა, – მხარი აუბა ბიძამ.

– დიახ, – თქვა ბარბიმ, – მაგრამ ჩვენ მისი ენა ჯერ არ გვესმის, ამიტომ ისევ შენ უნდა მოგვიყვე მარსის ამბები.

– რა გაეწყობა, – თქვა ფრედმა და მოუთხრო მარსის დამშრალი არხებისა და დანგრეული ქალაქების შესახებ, უძველესი კოშკების შესახებ, რომლებიც დგანან ეულად და ზედ დაჰნათის ორი მთვარე… კიდევ ულამაზეს პრინცესებზე, ბოროტ მეფეებზე და გმირ რაინდებზე… ყვებოდა მანამ, სანამ ბავშვებმა გული არ იჯერეს და არ დაეხსნენ. წავიდნენ ჯონ ქართერთან ერთად სათამაშოდ.

მეთმა საყვედურით გადმოხედა.

– შენღა აკლდი… ამ სულელური ზღაპრებით ისედაც თავები აქვთ გამოტენილი.

ფრედს გაეცინა.

– კარგი რა, მეთ, ნამდვილი ცხოვრება ისედაც საკმარისზე დიდი ულუფებით მოუწევთ, როცა გაიზრდებიან.

ჩამოწვა ღამე. მეზობლებმა თავიანთ სახლებს მიაშურეს და თან წაიყვანეს თავ-თავიანთი შვილებიც. დარჩნენ მხოლოდ მასპინძლები და ფრედი.

მეთი სამზარეულოში გავიდა ლუდის მოსატანად, როდესაც ბარბის კივილის ხმა შემოესმა. სადღაც, ფანჯრებს მიღმა. სიბნელეში.

ქილა, რომელიც ის-ის იყო გაეხსნა, ხელიდან გაუვარდა. დაასკდა იატაკს და ლუდმა შადრევანივით ამოხეთქა.

– ღმერთო! – შესძახა და გავარდა გარეთ.

ფრედი და ლიუსილიც წამოხტნენ. ხმა სადღაც გარაჟის მხრიდან მოდიოდა და ბარბისთან ერთად ახლა უკვე ჯოშიც ყვიროდა.

– ბარბი! ჯოშ! რა ხდება?!

ბნელოდა. მხოლოდ განათებული სახლის ფანჯრებიდან წვდებოდა მკრთალი შუქი. მეთმა გაარჩია ბიჭის ლანდი. გარაჟის კარს ეჯაჯგურებოდა.

– გაიჭედა… არ იღება!

კარს მიღმა ბარბი იძახდა. ითხოვდა შველას.

მათი მივარდა, შვილი გვერდზე გასწია და კარს მოქაჩა. მართლაც გაჭედილი იყო, მაგრამ ძლიერ ხელს დაჰყვა. ნელა, ჭრიალით. საკმარისად რომ მოაღო პირი, მეთმა შეიხედა ღიობში.

ბარბის ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლი. დამფრთხალი ჩანდა. გვერდით ჯონ ქართერი იდგა, უკანა ფეხებზე წამომართული, წინა თათით კი ბარბის ცერა თითს ჩაფრენილი. ფართოდ გახელილი თვალები ოქროსფერ-ზურმუხტისფრად უბზინავდა. მეთს რაღაც მოაწვა ყელში. ხელი გაუწოდა შვილს. გოგონა ჩააფრინდა, ხელი გაუშვა ჯონ ქართერს და მამის მკლავებში აღმოჩნდა.

– მამააა… ბნელოდა და ჯოშმა კარი ვერ გამიღოოო… – ზლუქუნებდა.

ამასობაში ჯოშიც შემოვიდა გარაჟში და ჯონ ქართერი აიყვანა.

– ოჰ, ეს გოგოები, – თქვა დამცინავად, – რამდენიმე წუთით ჩაეკეტა კარი და დახეთ, რა ამბავშია.

ახლა, როცა ყველაფერი კარგად დასრულდა, არ იმჩნევდა, რომ თავადაც შეშინებული იყო.

– რას აკეთებდით იქ? – ჰკითხა ლიუსილმა, როდესაც ბარბი ცოტათი დამშვიდდა.

– ვთამაშობდით, – უპასუხა ჯოშმა არხეინად, – რა ვიცოდი, თუ ეს სულელი კარი გაიჭედებოდა…

– ბარბი კარგადაა, – თქვა ფრედმა, – შეშინდა მხოლოდ.

ლიუსილმა ამოიოხრა ღრმად.

– მერე კიდევ იტყვიან, რატომ ჭაღარავდებიან დედები ადრეულად… თქვენ ორნი, წადით ახლავე დასაძინებლად. სირბილით!

ჯოში და ბარბი სახლისკენ გაემართნენ. ჯონ ქართერი ჯოშს ისევ ხელში ჰყავდა აყვანილი.

– აბა, მოიცადე, – შეაჩერა მეთმა, – მაგ ცხოველს საწოლში არ აგატანინებ, – სტაცა ხელი „შუათანას“ და ჯოშს მკლავებიდან გამოსტაცა.

ჯოში შემოტრიალდა. სახეზე ეტყობოდა, სადავოდ იყო მზად, მაგრამ ფრედმა დაასწრო და უთხრა:

– მე წავიყვან… – ფრთხილად გამოართვა, – მამაშენის უფლება აქვს, ცხოველის საძინებელ ოთახში ყოლის ნება არ დაგრთოს… თან, არა მგონია, ჯონ ქართერმა მოხერხებულად იგრძნოს იქ თავი, – დაამატა მომრიგებლურად, – მას ხომ გრილი ადგილები უყვარს, სადაც სოროს გათხრას შეძლებს და თავის გემოზე მოიწყობს ბინას. ისე, როგორც მხოლოდ მას სურს.

– კატაკომბებს? – ჰკითხა ბარბიმ. თვალები ჯერკიდევ წყლიანი ჰქონდა.

– ან – გამოქვაბულს? – ჰკითხა ჯოშმა.

– სწორედ მასე… ახლა გაიქეცით და ნუ იდარდებთ მასზე – მე და მამაშენი ვიზრუნებთ.

– კარგი, – უთხრა ჯოშმა, გაუწვოდა ხელი ცხოვწლს და ჯონ ქართერმა თათები შემოხვია, თითქოს საზეიმოდ ართმევსო ხელს, – ღამე მშვიდობისა… ძია ფრედ, თუ ზაზუნასავით თხრის, მისი წინა ფეხები მაიმუნისას რატომ ჰგავს?

– მართალაც, უფრო მაიმუნისას ჰგავს, მაგრამ კარგა ხანია მარსზე ხეები გაქრა და მას მიწაზე ჩამობრძანება მოუწია… ამას ჰქვია სახეობათა შეგუება… მეთ, – მიუბრუნდა სიძეს, – რა გამახსენდა, ძველი სარდაფი რომ გქონდათ, თუ ისევ არაფერში იყენებთ, მშვენიერი იქნება „შუათანასთვის“.

– ჰო, – თქვა მეთმა დაფიქრებით, – არაფერში ვიყენებ… და ცხოველს შეხედა. ჯონ ქართერმა არაამქვეყნიურად მოკიაფე თვალები შეაგება.

მეთმა თავზე შემოიდო ხელი. ყრუ ტკივილს გრძნობდა.

– მგონი, შაკიკი მეწყება… წვიმას თუ აპირებს… რომ დაგტოვოთ, ხომ არ გეწყინებათ? წავალ, დაისვენებ.

– წადი, ძვირფასო, – უთხრა ლიუსილმა, – ფრედს მე მივეხმარები.

მეთმა ორი ასპირინი დააყოლა ლუდს, რამაც, ცხადია, შვება არ მისცა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაეძინა. რაღაც უცხო სიზმრებს ხედავდა. პირქუშსა და უთავბოლოს.

კვირა დღე გათენდა. არ წვიმდა, მაგრამ მეთს მაინც ტკიოდა თავი.

– დარწმუნებული ხარ, რომ შაკიკია? – ჰკითხა ლიუსილმა.

– კი – მარჯვენა მხარეს შუბლიც მტკივა, საფეთქელიც და, მგონი, ყბაც ამტკივდა უკვე.

– ჰმ, აბა, მარსზე არასდროს წახვიდე – გაუსაძლისი შაკიკი იცის იქ. წნევის სხვაობა მოქმედებს, ჟანგბადის ნიღბების მიუხედავად… თუ იცი, რატომ? – ჰკითხა ფრედმა.

– არა და არც მაინტერესებს… – უხალისოდ მოუჭრა მეთმა, – ეგ შემზარავი ისტორიები კი სამედიცინო კონფერენციისთვის შემოინახე.

ფრედს გაიცინა.

– ეგ რა გამახსენე… მძულს ამ პაპანაქებაში ნიუ იორქი. ცოცხალი ორგანიზმისთვის ნამდვილი საწამებელია… მართლა, რა მინდა, გითხრათ, – მიუბრუნდა ბავშვებს, – სანამ ასეთი სიცხეებია, ჯონ ქართერი სარდაფში იყოს გრილად… მაინც სხვა კლიმატის და სხვა სამყაროს შვილია. დააცადეთ, სანამ უკეთ შეეგუება.

– ასეც ვიზამთ, – დაჰპირდა ბარბი, – გარდა ამისა, ახლა არც სცალია, სახლს იშენებს… ნამდვილ ციხე-სიმაგრეს… უნდა ნახოთ ერთი, რა კედელი ამოჰყავს.

ჯონ ქართერს მართლაც დიდი საქმე გაეჩაღებინა. ნელ-ნელა მუშაობდა და ხშირ-ხშირად ისვენებდა, მაგრამ უკვე ბევრი მოესწრო. სარდაფის რბილ იატაკში ღრმა სოროს თხრიდა. შესასვლელის ირგვლივ მიწაყრილი მოეწყო და თათებით დაეტკეპნა.

– ქარისა და სილისგან დასაცავად, – განუმარტა ბავშვებს ბიძამ.

– ნიძლავსა ვარ, ნებისმიერ რამეს ააგებს, ტანად საკმარისად დიდი რომ იყოს, – ბარბი აღფრთოვანებული იყო.

ოდესღაც, ეგებ, უფრო დიდიც ყოფილიყო, – უთხრა ფრედმა, – დიდი ხნის წინ, როცა მარსზე სიცოცხლე ჩქეფდა…

– ჩემი სიმაღლის? – ჰკითხა ჯოშმა.

– შესაძლებელია… მაგრამ დღეს არაფერია დარჩენილი, რაც მან ააშენა. ან – ვინმე სხვამ. ნაშთიც აღარ არის დიდი შენობების.

იმ ღამეს მართლაც დაცხო წვიმამ.

– ჩემი შაკიკი არ ტყუოდა, – გაიფიქრა მეთმა, როდესაც მეხის გავარდნის ხმამ გამოაღვიძა. წამით. და ისევ ძილს მისცა თავი. მოწყენილი და დარდიანი სიზმრები დაეხვია.

დილით ისევ სტკიოდა თავი.

ფრედი ნიუ იორქში გაემგზავრა კონფერენციაზე. მეთი წავიდა ოფისში თავისი შაკიკით. საქმეს გულს ვერ უდებდა. ფორიაქობდა. ასე ხანგრძლივად არასდროს ტკივებია თავი. ის სამუშაო დღე წუთისოფელივით გრძელი ეჩვენა. როდესაც, როგორც იქნა, სახლში დაბრუნდა, პირველი ის ჰკითხა ცოლს, ყველაფერი თუ რიგზე იყო.

– რიგზე? – გაუკვირდა ლიუსილს, – რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზეა. რატომ…

– ბავშვები?

– ბავშვები მთელი დღე მარსიანელობას თამაშობენ… მშვენივრად ერთობიან. არასდროს ყოფილან რამით ასე გატაცებულნი. ის ცხოველიც ძალიან საყვარელი ვინმეა, უკვე შეეჩვია და უნდა ნახო, როგორ უთმენს ყველაფერს… წამო, გაჩვენებ.

ბავშვთა ოთახის კართან მივიდნენ და ცალი თვალით შეიჭყიტეს. ჯოშსა და ბარბის პირსახოცები ჰქონდათ შემოხვეული, ლიუსილის ხარახურა სამკაული ასხმული და საზეიმოდ გაჯგიმულნი იქნევდნენ ხის ხმლებს. ჯონ ქართერი კი ოთახის შუაგულში შემოსკუპებულიყო სკამზე. მასაც რაღაც ქსოვილის მოსასხამი ემოსა და ოქროსფერი სამაჯური კისერზე. გაუნძრევლად იჯდა და შეჰყურებდა ბავშვებს ნახევრად მოჭუტული თვალებით.

– რაღაც ვერ არის რიგზე, – ჩაიბურტყუნა მეთმა.

– რა?

– რომელი ცხოველი გაგიჩერდება ასე? უბრალოდ იჯდეს, როგორც… – საჭირო სიტყვა ვერ მოძებნა.

– მიზიდულობა, – შეახსენა ლიუსილმა, – ცოტას მოძრაობს და იოლად იღლება. ძლივს ქოშინებს ხოლმე… დედამიწის გრავიტაციისთვის მეტისმეტად სუსტია და პატარა.

ჯოში და ბარბი წარმოსახვითი სამეფო ტახტის წინ დაემხნენ, ხმლები ჰაერში აზიდეს და შესძახეს ერთხმად, – ქოარ! – შემდეგ ჯოში კვლავ ფეხზე წამოდგა და განაგრძო ისევ აბდა-უბდა საუბარი, თან დიდი მოწიწებით მიმართავდა ჯონ ქართერს, როგორც მეფეს.

– მარსული ენაა, – ჩასჩურჩულა ლიუსილმა ქმარს და თვალი ჩაუკრა, – გეფიცები, ხანდახან მეჩვენება, რომ მართლა ესმით ერთმანეთის… არ გინდა, დივანზე წამოწვე ცოტა ხნით, ძვირფასო? დაღლილი მეჩვენები.

– მართლა დავიღალე, – უთხრა მან, – და… – სიტყვა გაწყვიტა.

– ა?

– ოჰ, არაფერი…

მართლაც, სულ არაფერი. დივანზე წამოწვა. ლიუსილი კი სამზარეულოში გავიდა.

მეთს ჩათვლიმა. სამზარეულოდან ჩვეული ფუსფუსის ხმა ჩაესმოდა. შემდეგ კი ბავშვების ლაპარაკიც გაიგონა. ისინი, მგონი, მართლა მარსულ ენაზე ლაპარაკობდნენ…

არა, არა. ის რაც შეუძლებელია – შეუძლებელია. ბავშვებმაც კი იციან, სად არის რეალობა და სად – წარმოსახვა.

ამ ფიქრებში ჩაეძინა. მაგრამ ბავშვების ხმამ ახლა სიზმარშიც შეაღწია.

ქროდა ხან ძვალ-რბილში გამჭოლი ყინულოვანი ქარი, ხან – ცხელი ბუღი. მტვერი ციბრუტივით ბრუნავდა ჰაერში და ისმოდა ბუტბუტი მარსულ ენაზე და მეთს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს ნამდვილად მარსული იყო. მან დაუძახა შვილებს, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს, იმიტომ არა, რომ ხმა ვერ მიაწვდინა – უბრალოდ, არ სურდათ პასუხის გაცემა. ისინი დაიმალნენ წითელ ქვიშნარში, მეთი კი გზას მიიკვლევდა დიუნებში, თუმცა არ ჩანდა არც გზა, არც – კვალი. ყვიროდა ბავშვების სახელებს. და იარა ასე, სანამ არ მიადგა უძველესი ლოდების ნაშალს, ადგილს, სადაც ოდესღაც დაიმსხვრა თვალუწვდენელი კლდე და წარმოიქმნა უზარმაზარი ღრმული წყალსატევითა და გაქექილი, მწვანე ბალახით. მეთმა იცოდა, რომ მის შვილებს მალავდა ეს ღრმული და გაიქცა იქეთ. ღამე იდგა ბნელი და ვარსკვლავებს გადაკვროდათ ბინდი. ამ კუნაპეტში წამოიმართა თალხი არსება და გადაუდგა წინ. მარჯვენა ხელში ეჭირა ლერწამი თუ დანა. კიარადა – ხმალი. სახე ჰქონდა დაჩრდილული, მაგრამ მეთი ხედავდა ზურმუხტისებრ-მოოქროვილ თვალებს, კაშკაშას, როგორიც არც ერთ დედამიწელ არსებას არ აქვს.

– მეთ! მეთ!.. რა გჭირს!.. გაიღვიძე!

ნელ-ნელა გამოფხიზლდა და იგრძნო, რომ ლიუსილი ანჯღრევდა. წამოჯდა, მაგრამ ჯერ-კიდევ ნახევრად სიზმარში იყო ჩარჩენილი. ამ დროს დაინახა, ჯოში და ბარბი ოთახის მეორე მხარეს იდგნენ, პირსახოცები მოეშორებინათ და ჩვეულებრივად ეცვათ. უღიმოდნენ.

– მამა, როგორ შეიძლება კოშმარი დაგესიზმროს, როცა ჯერ კიდევ დღეა? – ჰკითხა ბარბიმ.

– არ ვიცი, რა დაესიზმრა, – თქვა ლიუსილმა, – მაგრამ მართლა საზარელი რამ უნდა ყოფილიყო… ისე ყვიროდი მეთ, რომ მეზობლები იფიქრებდნენ, გცემდი… წამოდი, ვივახშმოთ…

– სხვისი სიზმრები ყოველთვის სახალისოდ ჩანს, – ჩაიბურტყუნა მეთმა, – ჯონ ქართერი სად ბრძანდება?

– მის სარდაფში დავაბრუნეთ, – უპასუხა ჯოშმა უდარდელად, – დედა, ხვალ ცოტა მეტი სალათის ფოთოლი დაუჭერი, რა… ძალიან მოეწონა.

მეთი შეფიქრიანებული იყო და ბოლომდე კარგადაც ვერ გრძნობდა თავს. უგემურად შეექცეოდა ვახშამს. მადა არა ჰქონდა. იმ ღამითაც ფორიაქობდა. რამდენჯერმე ისევ ესიზმრა კოშმარი და გაეღვიძა ცივ ოფლში. გარიჟრაჟი კი ცხელი ქარით შეეგება და შაკიკმაც ახალი ძალით შეუტია.

დილით ჰოსპიტალში შეიარა, მაგრამ საგანგაშო ვერაფერი აღმოუჩინეს. ექიმმა გამაყუჩებლები გამოუწერა. შემდეგ ოფისში წავიდა, მაგრამ მხოლოდ იმად, რომ ორდღიანი შვებულება აეღო და დაბრუნდა სახლში.

ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს მიუახლოვდა და ტენიანობამაც იმატა, როგორც წვიმის წინ იცის ხოლმე.

– ნეტავ, ფრედი როგორ იტანს ნიუ იორქში… და საბრალო ჯონ ქართერი… ბავშვებს მისი სარდაფიდან ამოყვანა ავუკრძალე, სანამ ასეთი სიცხეებია.

– იცი რა ქნა, მამა? – უთხრა ბარბიმ, – დღეს დილით ნახა ჯოშმა, როცა შენ წახვედი.

– რა ქნა? – ჰკითხა მეთმა.

– ხვრელი მდელოზე, – თქვა ჯოშმა, – მგონი, ავარიული გასასვლელი გაჭრა მისი სახლიდან. სარდაფის ქვეშ მიწაში გრძელი გვირაბი გათხარა მდელომდე… მაგრამ მე მიწით ამოვავსე და დიდი ქვა დავაფარე.

მეთმა თავი გაიქნია.

– ახალს გათხრის…

– ჯობს, არ ქნას, – შესძახა ბარბიმ, – მე ავუხსენი, რომ იქ ან ძაღლს გადაეყრება, ან გზას დაკარგავს და ვეღარ მოგვაგნებს…

– საბრალო პაწია… – თქა ლიუსიმ, – ვეღარასდროს მიაგნებს მის სახლს.

– ჯანდაბამდე გზა ჰქონია! – გაბრაზდა მეთი, – ცოტა თანაგრძნობა, ეგებ, ჩემთვისაც გაიმეტოთ… ბოლო-ბოლო ავად ვარ.

საწოლ ოთახში ავიდა. იფიქრა, დავისვენებო, მაგრამ ბუღი იდგა, როგორც – საუნაში. ოფლად იღვრებოდა. ჩამოვიდა ისევ დაბლა და ვერანდაზე ჩამოჯდა, ჩრდილში, ლიუსილმა კი ლიმონათი მოუმზადა. ყინულებით. ცივმა სასმელმა შვება ვერ მოჰგვარა. ადგა და მდელოზე ბილიკს გაჰყვა, იქეთ, სადაც ჯოშმა „შუათანას“ გათხრილი გვირაბი ამოავსო. ცხელოდა ისე, რომ… როგორ თქვა ფრედმა? წებოს მორევში მივცურავო?

გზად ბავშვების შეძახილები შემოესმა. სარდაფიდან. წავიდა იქეთ და ღია კარში ჩასძახა:

– მანდ რას აკეთებთ?

ბარბის ხმა სარდაფის სიღრმიდან ყრუდ და უცხოდ ისმოდა.

– ჯონ ქართერს ყინულის ნატეხები მოვუტანეთ გასაგრილებლად, ის კი არსად ჩანს…

შემდეგ მეთს ტკბილი, დაყვავებით ლაპარაკი შემოესმა – ბარბი „შუათანას“ უძახდა.

– ამოდით დროზე, არ გაცივდეთ მანდ!

– ახლავე, – უთხრა ჯოშმა.

მეთი თავად ჩაუყვა კიბეებს. მისი ხის ძველი საფეხურები აწრიალდნენ. სარდაფში ბნელოდა და მტვრიანი სარკმლიდან შემოსულ მქრქალ შუქზე მხოლოდ თალხ ლანდებს თუ გაარჩევდი. ფეხი აერია, წაბორძიკდა და გათბობის მილს მიარტყა თავი.

– მამა! ხომ გითხარით, ერთ წუთში ამოვალთ-მეთქი! – უსაყვედურა ბარბიმ.

– რა მოხდა? სარდაფში ჩამოსვლა მეკრძალება? – მეთმა ხელების ცეცებით გადადგა ორიოდ ნაბიჯი და ბუხრის კედელს ამოუდგა გვერდით.

– ის ამოცოცდა, შენ კი შეაშინე! – უთხრა ჯოშმა.

იატაკზე დიდი ღრმული იყო, თიხის გალავნით. რუდუნებითა და ოსტატობით ამოყვანილი. ირგვლივ ბავშვები შემოსხდომოდნენ. მეთიც დაიხარა, ჩახედა და ბინდში მოელვარე თვალები შეეფეთა.

ბარბიმ ყინულის ორი ნაჭერი დაუწყო „შუათანას“ წინ. მან დაყნოსა და დინგი მიადო. მთელი სხეულით ცახცახებდა.

– ყველაფერი კარგად იქნება, – დაუყვავა ჯოშმა და თავზე გადაუსვა ხელი, – ნუთუ, ვერ ხვდები, მამა, რა არაჩვეულებრივი ვინმეა. არსად. არსად დედამიწის ზურგზე არ არის ბავშვი, რომელსაც ჰყავს შინაური ცხოველი მარსიდან!

– გეყოთ ახლა, – მკაცრად თქვა მეთმა, – ავიდეთ ზემოთ.

ბავშვები უხალისოდ წამოდგნენ და ზლაზვნით გაყვნენ.

ჯონ ქართერი არც შერხეულა. მზერა გააყოლა მეთს. მეთმა ბოლოჯერ გამოხედა, სარდაფიდან გავიდა და კარი გაიხურა.

მიდიოდა სახლისკენ, მაგრამ თვალწინ ედგა ჯონ ქართერი, რომელიც სიბნელეში ეხუტებოდა ყინულებს მისთვის უცხო სამყაროში, სადაც სიცხემ და მიზიდულობის ძალამ ცხოვრება წამებად უქცია… ზის, ალბათ, ახლა კედელს მიღმა მის სოროში მოკრუნჩხული და ფიქრობს…

თუმცა, არა – ცხოველები ხომ არ ფიქრობენ. ადამიანები ფიქრობენ, ცხოველები კი განიცდიან შიშს, ძრწოლვას, ტკივილს და მრავალ სხვას… მაგრამ ფიქრით მხოლოდ ადამიანები ფიქრობენ.

დედამიწაზე.

მეთი შემობრუნდა. მივიდა ეზოს ბოლოს, მესერის წნულს მოეჭიდა და გახედა ხეივანს. მის გადაღმა კი მეზობლების ღობეებს, ავტოფარეხებსა, სახლებს. ფიქრები არ ანებებდა თავს. ჯერ ბუნდოვანი. თანდათან სულ უფრო მკაფიო და ნათელი.

– არა, – თქვა თავისთვის. თავი გაიქნია, – ფრედს ეცოდინებოდა. როგორ შეიძლება, მეცნიერებს ეს ამბავი გამორჩენოდათ?

მაგრამ… შეიძლება კი სხვა სამყაროს საკუთარი საწყაოთი აწონვა?

მეთი იხსენებდა, რას ამბობდა ფრედი – ერთადერთი ძუძუმწოვარი და თითქმის ერთადერთი ხერხემლიან არსებათა შორის მარსზე. როგორ გადარჩება ერთი სახეობა, როდესაც ყველა სხვა გაქრა? თუკი უპირატესობა არ აქვს? დასაბამიდან?

დავუშვათ, ის მარსული რასის წარმომადგენელია. დავუშვათ, აზროვნების უნარიც აქვს. იმ სახის, რაც ადამიანებს არ ესმით.

არის მომაკვდავი სამყარო და არის რასა, რომელმაც სახე უნდა იცვალოს, რომ გადარჩეს. ამ რასამ დათმო ქალაქები და შენობები და ხელნაწერები და სამეცნიერო აღმოჩენები… ყველაფერი, რაც ეძვირფასებოდა, მაგრამ არ დაუკარგავს გონება. აზროვნება არის ერთადერთი, რამაც ის იხსნა განადგურებისგან.

რასა აღმოჩნდა შეცვლილ, ეკოლოგიურად დაკნინებულ გარემოში, თავადაც მოუწია ფიზიკური გარდასახვა, მაგრამ გამოიმუშავა სხვა სახის უნარები, ძალა, რომელიც ამოუცნობია დედამიწელთათვის. ჩვენ ხომ ყველაფერს დედამიწისთვის ჩვეული საზომით ვზომავთ. განა, ეს რასა არ შეეცდება, დამალოს მისი შესაძლებლობები? დამალოს მისი ინტელექტი, რაც უკანასკნელი იარაღია ადამიანთა წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უცხო ხალხი, ვინც მივიდა მისი პლანეტის წასართმევად.

ისევ აუტანელი სიცხე იდგა, მაგრამ მეთი კანკალმა აიტანა. ახედა ცას. რაღაც შეიცვალა და მან იცოდა რაც – კოსმოსი ერთდროს იყო დამცავი ფარი, რომელიც გაგლიჯეს და ფართოდ გახსნეს კოსმოსურმა ხომალდებმა. სიხარბით ატანილ ადამიანებს არასდროს გვყოფნის, რაც გვაქვს, მეტი და მეტი გვინდა. მაგრამ რაღაც შეუცნობელმა გარედან უკვე შემოაღწია დედამიწაზე. და ვერც დედამიწა იქნება ამიერიდან ისეთი, როგორც ოდესღაც იყო.

მეთი გაუნძრევლად იდგა და ვერცკი იგრძნო, როგორ წამოვიდა წვიმა და მთლიანად გაილუმპა.

– არა, მაინც ვერ ვიჯერებ, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა მეთმა, – ეს რაღაც ბავშვურ თამაშსა ჰგავს, ამასწინ ჯოში და ბარბი რომ თამაშობდნენ…

თუ ის მხოლოდ თამაში არ იყო…

საკუთარი სახელი გაიგონა – ლიუსილი უხმობდა. მოცილდა მესერს და სახლისკენ გაემართა. ლიუსილი გამოსულიყო მის საძებრად. ჰკითხა, რას აკეთებდა წვიმაში…

სველი ტანსაცმელი გამოიცვალა. ლიუსილი აღელვებული შეცქეროდა. მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ – ამაოდ.

– წადი, დაწექი, – უთხრა ლიუსილმა.

მეთი წამოწვა და ცოლმა საბანი შემოუკეცა.

ცოტა ხანში ლიუსილის ხმა ჩაესმა – ვიღაცას ესაუბრებოდა ტელეფონით.

მეთი ეცადა აბეზარი ფიქრებისგან გაქცევას, მაგრამ არ შეეძლო. ფორიაქობდა, ოფლი სდიოდა. გვერდი იცვალა და საბანი გადაიხადა ბოლოს. სული შეეხუთა… მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო, როცა ცხელი, ნოტიო ზაფხული იდგა ხოლმე?

წამოდგა და ჩავიდა დაბლა.

– ვის ურეკავდი?

– ფრედს… დილით აქ იქნება, მინდა გაგსინჯოს და თქვას, რა გჭირს, – ლიუსილი ისეთი თვალებით შესცქეროდა, რომ შეპასუხებას არ ჰქონდა აზრი.

მაგრამ მეთმა მაინც სცადა.

– ჩემმა ექიმმა …

– შენი ექიმი არ გიცნობს, ისე კარგად, როგორც – ფრედი. და არც ფრედივით წუხს ჩვენზე…

მეთი კიდევ ერთხანს ჯუჯღუნებდა, მაგრამ აზრი არა ჰქონდა… შემდეგ ის მოაფიქრდა, ეგებ, ფრედმა იცოდესო პასუხი…

რაზე?

ჰმ… როგორ ავუხსნა, რომ უწყინარი ცხოველის უკან რაღაც სხვა იმალება… გონიერი არსება, რომელსაც ვძულვარ მე და სძულს დედამიწა. სძულს, იმიტომ რომ დაიჭირეს და მოიყვანეს აქ, როგორც შინაური ცხოველი… და ის რაღაცას დაჰმართებს ჩემს შვილებს…

ეს უნდა როგორმე აუხსნას ფრედს.

მაგრამ სად იპოვის საჭირო სიტყვებს?

ლიუსილი ბავშვებს სავახშმოდ უხმობდა.

– ოჰ, არა, ისევ იმ ნესტიან სარდაფში არიან… ჯოშ, ბარბი, მოდით ახლავე!

მეთმა საფეთქლებზე შემოიწყო ხელისგულები. თავი ისევ ტკიოდა.

იმ ღამეს საძინებელში არც ასულა, მისაღებ ოთახში დაწვა დივანზე. ადრეც უქნია ასე ზაფხულის ჩახუთულ ღამეს. ვითომ, ქვედა სართულზე ოდნავ უფრო სიგრილე იყო. ასპირინიც დალია და ჩაეძინა. ძილში მიყვებოდა უცხო უდაბნოს, რომელიც ღამის საბურველში იყო გახვეული. არაფერი ჩანდა, მაგრამ იცოდა – ირგვლივ ყველაფერი მტრული და მისი მოძულე იყო. ალიონზე გაეღვიძა. სუნთქვა შეგუბებოდა. ჰაერი იყო მორევივით, წყლით გაჟღენთილი. წამოდგომა სცადა, მაგრამ სხეულით, თითქოს, კლდის ნაშალ ლოდებში ჩაფლულიყო.

წამოდგა, ძლივს, ნათურა აანთო და როგორც იყო ჩაისუნთქა ჰაერი. მძიმედ, ხარბად. მთელი სხეულით კანკალებდა, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა.

მიმოიხედა. ოთახი თითქოს ეცნო და ვერც ეცნო.

ყავისფერი მუყაოს აშია – წიგნი ლიუსილმა გამოიტანა ბიბლიოთეკიდან, ფაიფურის ფიგურები, რომლებიც ლიუსილს შემოეწყო ბუხარზე, დივანსუკან ლიმონათის ერთ… არა ორ ცარიელ ბოთლს წამოეყო თავი. პატარა, ჯიბეაწყვეტილი ლურჯი ქურთუკი, კომიქსების ჟურნალი, სკამი ბალიშით, რომელშიც თავად მას ასე უყვარს მოკალათება, შპალერი, გადასაფარებლები ხალიჩა… მათი კვალი – მისი, ლიუსილის, ჯოშისა და ბარბის, თითქოს დადნა და ჩამოიღვენთა, როგორც დალის ნახატზეა.

და იატაკი იყო სიფრიფანა, როგორც ყინული. გამზადებული, რომ ჩამტყდარიყო და მეთი ჩაეტანა იქ, სადაც უცხო იწვა ჩასაფრებული და ელოდა.

ეს ხდება მარსზეც, – ფიქრობდა მეთი, – ისინი თავს იკატუნებენ და ელიან. სხედან მიწისქვეშ და ფიქრობენ ადამიანებზე, რომლებიც სძულთ. ადამიანებზე, ვინც მყუდროება დაურღვია, ვინც ნადირობს მათზე, ვინც იჭერს, კლავს, ატყავებს, ტვინს, ჩონჩხსა და ორგანოებს იკვლევს. ისინი ფიქრობენ საძულველ ადამიანებზე, ვინც ჯაჭვით აბამს და გალიებში ამწყვდევს… ადამიანებს კი არ შეუძლიათ, ჩახედონ აკაშკაშებულ მბზინავ თვალებში და დაინახონ, რა საიდუმლო იმალება მათ მიღმა.

სძულთ და ელიან, როდის დაიბრუნებენ მათ სამყაროს უკან. სძულთ და ჭკუიდან გადაჰყავთ ადამიანები.

ზუსტად ისე, როგორც ეს ერთი მექცევა მე. იტანჯება. აწუხებს სიცხე და მიზიდულობა და მეც მასავით მტანჯავს. იცის, რომ ვერასდროს მიაგნებს სახლისკენ გზას. იცის, რომ აქ მოკვდება. მან იცის რომ კვდება… მაგრამ, შეუძლია, თუ არა, მეც…

დავუშვათ, რომ შეუძლია… იცის, რომ ვაპირებ, ფრედს ვუთხრა და უნდა, შემაჩეროს… შემდეგი ვინ იქნება? ლიუსილი?.. ჯოში?.. ბარბი?

მეთი ოთახის შუაგულში იდგა.

– მკლავს! – გაიფიქრა, – და ყველაფერი იცის.

მეთმა ბარბაცით გადადგა ფეხი. ოთახი შეტორტმანდა. და ერთბაშად ჩამობნელდა. პირს დუჟი მოაწვა. კიდურები წაერთვა, თითქოს ბაწრით გაკოჭესო. და ისე გაეყინა სხეული, თითქოს უკვე მომკვდარიყოს.

თავს ძალა დაატანა. ნაბიჯი გადადგა. კიდევ და კიდევ. სირბილი არ შეეძლო, ფეხებს მუხლებში ვერ ხრიდა, მაგრამ უკვე სწრაფად მიდიოდა. თანდათან უფრო მყარად გრძნობდა მიწას. სარდაფის კარი გააღო და საფეხურებს ჩაყვა. აანთო შუქი.

სორომდე ერთი ნაბიჯიღა იყო.

ჯონ ქართერმა დაიჭყიპინა. პირველად გაიგო მეთმა მისი ხმა. ასე ჭყიპინებენ ცხოველები. უბრალო, უტვინო ცხოველები.

დილით მოვიდა ფრედი. ადრეულ მატარებელს გამოჰყოლოდა.

ეზოში იდგნენ ღობის მახლობლად. მიწას დაჰყურებდნენ. ბავშვები ტიროდნენ.

– ალბათ, ძაღლმა გაიტაცა, – უკვე მერამდენედ გაიმეორა მეთმა. მაგრამ ხმაში დამაჯერებლობა და რწმენა აკლდა. შეცბუნებული ჩანდა და ცდილობდა, არ შეეხედა იმისთვის, რაც მის ფეხებთან ეგდო.

– საბრალო პაწია, – თქვა ლიუსილმა, – ალბათ, მართლაც ძაღლი იყო… რას იტყვი, ფრედ?

ფრედი დაიხარა.

მეთს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მჯიღებად შეეკრა. საკუთარი ფეხსაცმლის ცხვირებს აკვირდებოდა.

უნდოდა ეთქვა. ცდუნებით, ვნების ალით იწვოდა. სათქმელი ადგა ენაზე და კბილებით ეჭირა.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ფრედი წამოდგა და თქვა:

– კი, ძაღლი იყო.

მეთმა შეხედა, მაგრამ ფრედმა აარიდა მზერა და ახლა ის დააშტერდა საკუთარი ფეხსაცმლის ცხვირს.

– იმედია, ძაღლს არაფერი დაუშავდება, – თქვა ლიუსილმა.

– არ მგონია, რამე ავნოს, – დაამშვიდა ფრედმა.

– ყველაზე დიდი ქვა მოვათრიე, რაც კი ვნახე… რას ვიფიქრებდი, თუ გადააგორებდა, – თქვა ჯოშმა და ცრემლები გადაყლაპა.

ლიუსილმა შვილები გულში ჩაიკრა. სახლისკენ წაიყვანა და დასამშვიდებლად ეუბნებოდა იმ სიტყვებს, რასაც მშობლები ასეთ დროს ეუბნებიან ხოლმე პატარებს.

მეთსაც სურდა, გაყოლოდა, მაგრამ ფრედი გაუნძრევლად იდგა და ვერც მან გადადგა ფეხი.

თავჩაქინდრული იდგა მეთი და ელოდა. მზე კი ისე აჭერდა კეფაზე, თითქოს გავარვარებულ უროს ურტყამენ გრდემლს.

მეთს სურდა, ფრედს ეთქვა რამე, მაგრამ ფრედი სდუმდა.

ბოლოს ისევ მეთმა თქვა.

– მადლობა.

ფრედმა მხრები აიწურა.

– მაინც ვერ გაიგებდნენ…

შენ გესმის? – შესძახა მეთმა, – იმიტომ რომ მე – არა. არ მესმის, რატომ ჩავიდინე ასეთი რამ? როგორ შემეძლო, ამის გაკეთება?

– შიში, – უთხრა ფრედმა, – ერთხელ, მგონი, გითხარით კიდეც – ქსენოფობია.

– მახსოვს, მაგრამ ეგ ის არაა… ვერ ვხედავ, ჩემს ამბავთან რა შუაშია…

– ქსენოფობია მხოლოდ უცხო ადგილის შიში არაა, ეს არის ყველაფერი უცხოს შიში. ყველაფერი, რაც არის უცხო და უცნობი გვაფრთხობს. და მიღება გვიჭირს… შენგან ამას, ნამდვილად, არ ველოდი, მაგრამ, ალბათ, ყველაფერზე უნდა მეფიქრა… ჩემი შეცდომაა…

– დარწმუნებული ვიყავი, – უთხრა მეთმა, – ყველაფერი ისე დაემთხვა ერთმანეთს…

– ადამიანის წარმოსახვა უსაზღვროა… ათი თვის განმავლობაში სხვა კი არაფერს ვაკეთებდი… შეტევა გქონდა, არა?

– კი! – და მათმა ჩამოთვალა , – გუშინღამ ისე ცუდად ვიყავი, მეგონა… მაგრამ როგორც კი… – დახედა მის ფეხებთან მიგდებულ უძრავ პატარა სხეულს, – გავაკეთე ეს, ყველაფერი გაქრა… წყეული შაკიკიც… რა ჰქვია იმას, ფსიქო-რაღაც?

– ფსიქოსომატური… ნაცნობი ამბავია, – ბიჭებს მარსზე რა სიმპტომები აღარ გამოუჩნდათ – ზოგს კანზე გამოაყარა და ზოგს ყელი ატკივდა, ოღონდ კი სახლში გამოეშვათ.

– მრცხვენია, – თქვა მეთმა, – აღარ ვიცი რა ვქნა, თავს ისე ვგრძნობ, როგორც…

– დაივიწყე, – უთხრა ფრედმა, – მხოლოდ ცხოველი იყო… ალბათ, დიდხანს ისედაც ვერ იცოცხლებდა აქ… არ უნდა მომეყვანა.

– რაღა დროსია! – შესძახა მეთმა და სახლისკენ გაემართა.

ჯოში და ბარბი დაინახა. ჯოშს ყუთი ეჭირა, ბარბის კი – ყვავილები და პატარა ნიჩაბი. მივიდნენ, სადაც ჯონ ქართერს სოროდან ამოსასვლელი გაეთხარა. ამოსასვლელზე დადებული ქვა გვერდით იყო გადაწეული, მაგრამ – უხეიროდ. ცხოველი შიგნიდან ამას ვერ იზამდა. მეთმა გული დაიმშვიდა, რომ ბავშვები ამდენს ვერ შეამჩნევდნენ.

მივიდა მათთან, ჩაიმუხლა და მოხვია ხელი.

– რაც მოხდა – მოხდა, – უთხრა ღონემიხდილმა, – მოდი, ასე მოვიქცეთ, მე წაგიყვანთ ერთ კარგ ადგილას, სადაც ლეკვებს ყიდიან… ხომ გინდათ ფუმფულა, ლამაზი ლეკვი?

©Leigh Brackett – The Tweener. Magazine of Fantasy and Science Fiction, February, 1955
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(*)აშშ დამოუკიდებლობს დღე

(**)ცხოველს და მოთხრობას ჰქვია Tweener რაც ნიშნავს შუაში მდებარეს, გარადმავალს, ხიდს. სიტყვიდან Between.

ავტორის შესახებ:

ლი ბრექეთი საიფაის ჟანრში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და დაფასებული ავტორია. არის რამდენიმე კინოსცენარის ავტორი, მათ შორისაა „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო, V ეპიზოდი (სამწუხაროდ, გარდაიცვალა და სცენარის საბოლოო სახით დასრულება ვერ მოასწრო – ლოურენს ქაზდანმა გადაამუშავა და ჯორჯ ლუქასმა დაასრულა).

მარსს ბრექეთის საიფაიში გამორჩეული ადგილი უჭირავს. მის რომანს „ჩრდილი მარსზე“ (Shadow Over Mars) მოპოვებული აქვს „ჰიუგო“ იმ ნაწარმოებთა კატეგორიაში, რომლებიც ამ პრემიის დაწესებამდე დაიწერა.

ბრექეთის მოთხრობა “დაზვერვა მარსზე“ (Martian Quest) ერთ-ერთია, რამაც ბრედბერის „მარსული ქრონიკების“ შექმნისკენ უბიძგა.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: