ართურ ქლარქი
– შეშლილი მეცნიერების რიცხვი, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობა სურთ, ერთობ გაზვიადებულია, – ასე თქვა ჰარი ფარვისმა და ლუდის კათხას ჩააცქერდა, – ყოველ შემთხვევაში, მე მხოლოდ ერთ ასეთს გადავეყარე.
– რაკი ასეა, ბევრი ვერ იქნება, – ბილ თემფლმა გახედა მჟავედ, – ეგეთ ვინმეს იოლად ვერ დაივიწყებ.
– ეგრეა, თან ის მეცნიერი, მე ვიზეც ვამბობ, სულაც არ მომეჩვენა შეშლილად… – უთხრა ჰარიმ გულმართალი კაცის იმ შეუვალი იერით, რომელიც მის სიტყვებში ეჭვის შეტანის სურვილსაც კი გაგიქრობდა, – შეშლილი არ იყო, მაგრამ მსოფლიოს დასაპყრობად კი ემზადებოდა… ან, ასე გეტყვით, – მზად იყო, ნება დაერთო მსოფლიოს დაპყრობისთვის.
– ნება დაერთო ვისთვის? – ჩაიფრუტუნა ჯორჯ უითლიმ, – მარსელებისთვის? თუ პატარა მწვანე კაცუნებისთვის ვენერიდან?
– არც ერთი, არც – მეორე… სულ სხვა არსებებთან გაება მეგობრობა. აქვე, სულ ახლოს ბინადრობენ. ახლა მიგახვედრებთ, ვის ვგულისხმობ, ის მეცნიერი მირმეკოლოგი იყო.
– რომელ-კოლოგი?? – ჰკითხა ჯორჯმა.
– ნუღა აწყვეტინებ! – შესძახა ამ დროს დრიუმ, ბარმენმა, – ათს გადაცდა უკვე და დღესაც თუ ვერ გაგყარეთ აქედან დროზე და არ დავკეტე ბარი თერთმეტზე, ნამდვილად ჩამომართმევენ ლიცენზიას.
– გმადლობთ… – ჰარიმ პატივით დაუკრა თავი, თან კათხა გაუწოდა შესავსებად, – მაშ ასე… ეს ამბავი სადღაც ორი წლის წინ მოხდა. მაშინ წყნარი ოკეანის მისიაში გახლდით… საიდუმლო დავალებით, ცხადია, მაგრამ დღეს უკვე არაფერი დაშავდება, თუ გაგიმხელთ – სამი მეცნიერი ჩავფრინდით წყნარი ოკეანის მარჯნის კუნძულებიდან ერთზე, ბიკინიდან ათას ხუთას კილომეტრში. სადაზვერვო აღჭურვილობის დასამონტაჟებლად… ჩვენი კარგი მეგობრებისთვის თვალის მისადევნებლად. ბირთვული შეჯიბრი და მთელი ამბები, ხომ ხვდებით… რუსებიც იგივეს აკეთებდნენ და ყველას ისე გვეჭირა თავი, ვითომც აქ არაფერიაო… კუნძული დაუსახლებელი იყო… ასე გვეგონა, მაგრამ მხედველობიდან გამოგვრჩა რამდენიმე ასეული მილიონი მობინადრე.
– რაო?! – ყველამ შესძახა ერთხმად.
– რამდენიმე ასეული მილიონი მობინადრე, – მშვიდად გაიმეორა ფარვისმა, – თუმცა, ადამიანთა რასას მათგან მხოლოდ ერთი ეკუთვნოდა და სახლობდა კუნძულის შუაგულში. შემთხვევით გადავეყარე, როდესაც დავბორიალობდი მახლობლად. ხედებით ვტკბებოდი.
– შუაგულიო? – ეჭვის თვალით გამოხედა ჯორჯ უითლიმ, – მარჯნის კუნძული არ თქვი? მარჯნის კუნძულს კიდევ შუაგულიც აქვს?
– არის ეგეთი მარჯნის კუნძულები… ფართო, – უპასუხა ჰარიმ, – მე ვყვები თუ შენ? – და გამომწვევად მიაჩერდა, აბა, რას მეტყვის, კიდევო. მაგრამ აღარვინ შეჰკამათებია და კვლავ განაგრძო.
– ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მივუყვები მდინარის ნაპირს ქოქოსის პალმების ქვეშ, როდესაც, ჩემდა გასაკვირად, პატარა ელექტროსადგურს მივადექი, მშვენივრად გამართულს. დიდი ბორბალი, ტურბინა… გონიერება რომ გამომეჩინა, ჩემს მეგობრებთან დავბრუნდებოდი და მივიტანდი ამბავს, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია… ნეტავ, ვის შეეძლო ეცხოვრა აქ… იაპონელ ჯარისკაცებს, ვისაც არ გაუგია, რომ ომი დამთავრდა? რა სისულელეა… მოკლედ, ახსნა რომ ვერ მოვძებნე, გადავწყვიტე, სადენს გავყოლოდი. მალე გორაკზე აღმოვჩნდი, საიდაც დაბალი, თეთრად ნაშენი შენობა დავინახე. მდელოზე იდგა, ბორცვებით შემორაგული. და ბორცვიდან ბორცვამდე სხვა უამრავი სადენი იყო გაჭიმული. ობობას ქსელივით.
ღმერთმანი, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მენახა. ათი წუთი მაინც ენაჩავარდნილი შევყურებდი. ვცდილობდი, გამომეცნო, რა ჯანდაბაა. რაც მეტს ვეცადე, მით მეტად დაუჯერებელი მეჩვენა ყველაფერი.
ამ ამბავში რომ ვარ, ვხედავ უცებ, მაღალი, თმაშევერცხლილი მამაკაცი გამოვიდა გარეთ, კისერზე ჩამოკიდული ყურსასმენით და ხელში რაღაც ყუთით… ვიცანი, რაც ეჭირა – გეიგერის მრიცხველი. და ბორცვ-გორაკები კი… დამარტყა თავში – ეს ხომ ტერმიტების ბუდეა. გიგანტური… ჩვეულებრივი ბუდეები თუ გინახავთ, ესენი, მათთან შედარებით, ნამდვილი ცათამბჯენები იყო… წარმოიდგინეთ, ტერმიტების ემფაერ სთეით ბილდინგი… და კიდევ უფრო მაღალი.
განცვიფრებული ვადევნებდი თვალს, როგორ მიუახლოვდა ის კაცი, მოხუცი მეცნიერი ტერმიტების ბუდეს და თავისი ხელსაწყო გადაატარა საძირკველს. მოუსმინა და გაბრუნდა უკან, შენობისკენ… აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და დავუძახე. ვუყვიროდი და ვიქნევდი ხელებს. მტკიცედ გადავწყვიტე გამეგო, თუ რა ხდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, მის კვლევებს საერთაშორისო პოლიტიკასთან საქმე არ აქვს, და ჩვენ ორს შორის თუ ვინმეს აქვს რამე დასამალი – ისევ მე ვარ… მოგვიანებით ნახავთ, რომ ვცდებოდი.
უცნობი შეჩერდა და დამაკვირდა. მაინცდამაინც გაოცებულიც არ მეჩვენა. თავქვე დავეშვი, მივუახლოვდი და დავინახე, რომ აღმოსავლურ ყაიდაზე დაყენებული ულვაშები ჰქონდა. ასე, სამოცი წლისა იყო და, მიუხედავად იმისა, რომ შორტები ეცვა მხოლოდ, თავი ისე ღირსეულად ეჭირა, უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი ასეთი აყალმაყალი რომ ავტეხე.
– დილა მშვიდობისა, – ვუთხარი, როგორც შემეძლი თავაზიანად, – არ ვიცოდი, კიდევ თუ იყო ვინმე ამ კუნძულზე. სამეცნიერო ექსპედიციის წევრი ვარ. კუნძულის მეორე მხარეს დაკვირვებას ვაწარმოებთ.
უცნობს თვალები გაუბრწყინდა. – რა სასიამოვნოა, – მითხრა თითქმის სრულყოფილი ინგლისურით, – კოლეგა მეცნიერი! მიხარია, თქვენი გაცნობა… ნება მიბოძეთ, შინ შეგიპატიჟოთ.
ცხადია, უარი არ მითქვამს. ცნობისმოყვარეობა მღრღნიდა. შენობა ერთი დიდი ლაბორატორია აღმოჩნდა. მხოლოდ საწოლი, რამდენიმე სკამი, გაზქურა და ასაწყობი წყლის აბაზანა – ეს იყო სულ მისი ავეჯეულობა. სახლი სუფთა და მოწესრიგებული იყო. ჩემი უცნობი მასპინძელი, ჩანს, ეულად ცხოვრობდა აქ, მაგრამ ყველაფერი კოხტად ჰქონდა.
თავი გავაცანი. მითხრა, რომ ის იყო იაპონელი პროფესორი ტაკატო, ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ბიოლოგი. უკვე ხსენებულ ულვაშები თუ არა, ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც იაპონელივით გამოიყურებოდა-მეთქი. წელში გამართული, ღირსებით აღსავსე ჩემს ერთ ძველ ნაცნობ პოლკოვნიკს ჰგავდა ქენთაქიდან.
ღვინო შემომთავაზა. არ ვიცი, რა ღვინო იყო, მაგრამ კი მესიამოვნა. დავსხედით და ვისაუბრეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. მეცნიერთა უმეტესობის მსგავსად, ბედნიერი იყო, კოლეგას რომ შეხვდა, ვისთანაც მის აღმოჩენებზე საუბარი შეეძლო, ვინც მოუსმენდა… მართალია, ჩემი სფერო უფრო ფიზიკა და ქიმიაა და არა ბიოლოგია, მაგრამ პროფესორ ტაკატოს კვლევებით მოვიხიბლე ფრიად.
– ალბათ, – მითხრა, – ბევრი არაფერი გსმენიათ ტერმიტების შესახებ. მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტები რომ შეგახსენოთ – ისინი სოციალური მწერები არიან, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულნი, უზარმაზარ კოლონიებად ცხოვრობენ მთელს ტროპიკებს მოდებულნი. ცივ ამინდს ვერ იტანენ, მაგრამ აც მზის პირდაპირი სხივები უყვართ, ამიტომ ყოველთვის, როდესაც ერთი ადგილიდან მეორეზე უწევთ გადასვლა, გვირაბები გაჰყავთ. ჩანს, რაღაც მყისიერი და ჩვენთვის უცნობი საკომუნიკაციო საშუალება აქვთ და, თუ ერთი ცალკე ტერმიტი ერთობ უმწეო და უგუნური გვეგონება, კოლონიას რომ ვაკვირდებით, მაღალგონიერი ცხოველის მსგავსად იქცევა. ზოგი ტერმიტების კოლონიას ადამიანის სხეულსაც კი ადარებს, რომელიც ასევე შედგება ცალკეული ცოცხალი უჯრედისგან, ეს უჯრედები ერთობლიობაში ქმნიან არსებას ბევრად უფრო გონიერს, ვიდრე ცალკეული უჯრედია. ტერმიტებს ხშირად “თეთრ ჭიანჭველებს” უწოდებენ, მაგრამ ეს მცდარი სახელია, რადგან ისინი საერთოდ არ არიან ჭიანჭველები, მწერების სრულიად განსხვავებული სახეობაა. ან, ეგებ, გვარი უნდა ვთქვა. ასეთ ამბებში ჯერ ვერ გავერკვიე.
მაპატიეთ, თუ ამ სიტყვამოკლე ლექციით თავი შეგაწყინეთ, მეგობრებო, – თქვა ჰარი ფარვისმა , – მაგრამ პროფესორ ტაკატოს გატაცება, მგონი, მეც გადმომედო. მასთან შეხვედრის შემდეგ, თავადაც ბევრი რამ წავიკითხე ტერმიტების შესახებ. იცოდით, მაგალითად, რომ ისინი ამუშავებენ ბაღებს? ეგკიარა, ძროხებსაც წველიან?.. მწერ-ძროხებს ვგულისხმობ, ცხადია… ჰეჰე ეშმაკის ფეხები არიან ეს პატარა ტერმიტები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს ინსტინქტით აკეთებენ.
მაგრამ, ჯობს, პროფესორზე მოგიყვეთ მეტი. რომ გავიცანი, მარტო იყო და ასე, რამდენიმე წელია, მაგრამ თანაშემწეებიც ჰყავდა, ვინც იაპონიიდან დანადგარები ჩამოიტანა და ლაბორატორიის გამართვასა და მუშაობაში დაეხმარა. მისი პირველი უდიდესი მიღწევა იყო იმის მსგავსი, რაც ფონ ფრიშემ[*] – ფუტკრებთან. ისწავლა ტერმიტების ენა. ეს ბევრად რთული ამბავი აღმოჩნდა, ვიდრე ფუტკრების კომუნიკაციის სისტემა, რომელიც, როგორც თქვენც გაგიგიათ, ალბათ, დაფუძნებულია ცეკვაზე. სადენების ქსელმა, რომელიც ტერმიტთა ბუდეებს ლაბორატორიასთან აკავშირებდა, შესაძლებლობა მისცა პროფესორ ტაკატოს არამხოლოდ ტერმიტების ლაპარაკისთვის მოესმინა, არამედ თავადაც დალაპარაკებოდა მათ… ჰო, წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ არც მთლად ასეა, თუ სიტყვას “საუბარი” უფრო ფართო თვალით შევხედავთ. ჩვენ ხომ ბევრ ცხოველს ვესაუბრებით და არა ყოველთვის – სიტყვებით. როდესაც ჯოხს გადააგდებთ და ელოდებით, ძაღლი გაიქცევა და მოიტანს, ესეც კომუნიკაციის ფორმაა, მეტყველების გარეშე. პროფესორმა მითხრა, რომ ტერმიტებთან საურთიერთო კოდი შეიმუშავა. ეს ჩემთვის გასაგები იყო, თუმცა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს კოდი აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის, ჯერ არ ვიცოდი.
როცა კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, პროფესორ ტაკატოს ვსტუმრობდი. კვირის თავზე უკვე კარგი მეგობრები ვიყავით. შეიძლება, გაგიკვირდეთ, რომ ჩემი კოლეგებისგან ამ ამბის დამალვა მოვახერხე, მაგრამ კუნძული, აკი გითხარით, კარგა დიდი იყო და თითოეულ ჩვენგანს საქმეც ბევრი ჰქონდა. თავკერძა კაცივით ასე ვიფიქრე, რომ პროფესორი ტაკატო მხოლოდ ჩემი იყო და არ მსურდა სხვებისთვის გაზიარება. თან, ჩემი თანამგზავრები ერთი ხეპრე, გაუთლელი ხალხი იყო პროვინციული უნივერსიტეტებიდან, როგორც ოქსფორდი და ქემბრიჯია.
მინდა გითხრათ, რომ მეც გამოვადექი პროფესორს, – მწყობრიდან გამოსული რადიო შევაკეთე და ელექტრონული აღჭურვილობის გამართვაშიც დავეხმარე. მან ტერმიტების რადიოაქტიური ანაბეჭდით მონიშვნა შეძლო და ახლა გეიგერის მრიცხველის დახმარებით ადევნებდა თვალს მათ ფუსფუსს. ამ საქმით იყო გართული, პირველად რომ გადავეყარე.
ჩვენი შეხვედრის მეოთხე თუ მეხუთე დღეს მისი მრიცხველები აწრიალდა და ჩემს მიერ გამართული დანადგარებიც ამუშავდა – რაღაც მონაცემების ჩაწერა დაიწყო. ტაკატომ იოლად ამოიცნო, რა ხდებოდა. არ გასჭირვებია. არასოდეს უკითხავს ჩემთვის, რას ვაკეთებდი კუნძულებზე, მაგრამ, ვფიქრობ, უკითხავადაც კარგად იცოდა. როდესაც მივესალმე, მრიცხველები ჩართო და მომასმენინა. რადიოაქტიური ნალექი იყო. ფონიც გაიზარდა, თუმცა ჯანმრთელობისთვის საშიშ ზღვარს არ გადაცდენილა.
– ფიზიკოსები ისევ თქვენი სათამაშოებით თამაშობთ, – მითხრა ჩუმად, – ამჯერად გამორჩეულად დიდი სათამაშო იყო.
– მართალი ხარ, – ვუპასუხე, – მონაცემებს რომ ვნახავ, ზუსტად მეცოდინება, რა ხდება, მაგრამ, ალბათ, ტელერმა[**] და მისმა გუნდმა წყალბადის რეაქცია დაიწყო. ცოტა ხანში რაღაც ისეთი გვექნება, რომელთან შედარებით პირველი ატომური ბომბები ტკაცუნად მოგვეჩვენება.
– ჩემი ოჯახი ცხოვრობდა ნაგასაკიში, – მითხრა პროფესორმა მშვიდი ხმით.
რა უნდა მეთქვა? ვერაფერი! კიდევ კარგი, არ დამლოდებია და თავადვე განაგრძო.
– თუ გიფიქრიათ, ჩვენს ადგილს ვინ დაიჭერს, როდესაც დავმთავრდებით?
– თქვენი ტერმიტები? – ვუთხარი ხუმრობგაშვებით.
ერთი პირობა ყოყმანობდა, შევატყე. შემდეგ მითხრა.
– ჯერ ყველაფერი არ მიჩვენებია. მომყევით…
მიმიყვანა იქ, სადაც საბურველქვეშ რაღაც აღჭურვილობა იდგა. გადააძრო და დანადგარი დავინახე. ერთი შეხედვით, მანიპულატორს ჰგავდა, რომელსაც სახიფათო რადიოაქტიური მასალების დისტანციური მართვისთვის ვიყენებთ. ვიცანი სახელურები, რომლის მეშვეობითაც ხელისა და თითების მოძრაობა ღერძებისა და ღეროების მეშვეობით მექანიკურ ხელებსა და თითებს გადაეცემა, მაგრამ პროფესორ ტაკატოს მოწყობილობის მეორე ბოლოს პაწაწკინტელა ყუთი იდგა. სულ რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძისა და სიგანის.
– ეს რა არის? – ვკითხე
– მიკრომანიპულატორი. ფრანგებმა ბიოლოგიური მუშაობისთვის შექმნეს. რამდენიმე ცალია სულ.
გამახსენდა. ამ მოწყობილობის მცირე ზომის მექანიზმი მიკროსკოპული სამუშაოს ჩატარების საშუალებას იძლეოდა. თითს ერთი სანტიმეტრით ამოძრავებთ, ამ დანადგარის მექანიკური თითი კი თქვენი თითის მოძრაობას სანტიმეტრის მეათასედით იმეორებს. ფრანგმა მეცნიერებმა, რომლებმაც დაამზადეს ეს მიკრომანიპულატორი, მისი მეშვეობით პაწაწინა სამჭედლო ააგეს და გამდნარი მინისგან მასზე მიკროსკოპული სკალპელები და პინცეტები გამოჭედეს. შეძლეს ცალკეული უჯრედების გაყოფა… ამ ინსტრუმენტით, თუ დაჭირდა, ტერმიტისთვის ბრმა ნაწლავის ამოჭრაც მოხერხდება (არ მგონია, მწერს ნაწლავები ჰქონდეს, მაგრამ – მაინც).
– ძალიან კარგად ავითვისე ეს მანიპულატორი, – გამომიტყდა ტაკატო, – მხოლოდ მე და ერთი ჩემი თანაშემწე ვმუშაობთ. არვის ვუმხელ, მაგრამ თქვენ ძალიან დამეხმარეთ და… წამობრძანდით, გთხოვთ, გარეთ გავიდეთ.
მივდიოდით ტერმიტების ბუდეებს შორის. ყველა ნაგებობა განსხვავებული იყო, რაკი მრავალი განსხვავებული სახეობის ტერმიტია… ისეთებიც კი, სულ რომ არ აშენებს გორაკებს. თავს ვგრძნობდი, როგორც მანჰეთენზე მოსეირნე გოლიათი – ირგვლივ იყო ცათამბჯენები, ციცქნა ბინადრებით მჭიდროდ დასახლებული.
ერთ-ერთ ბორცვთან მეტალის შენობა იდგა… რატომ ხისა არა? მისგან, ჩემო მეგობრებო, ტერმიტები კვალსაც არ დატოვებდნენ. ამ შენობას არ ჰქონდა სარკმელი და რომ შევედით, კუნაპეტი დაგვხვდა. პროფესორმა გაკრა ჩამრთველს და მქრქალ წითელ შუქზე მრავალი სხვადასხვა ოპტიკური ხელსაწყო დავინახე.
– ძლიერ შუქს ვერ იტანენ, – თითქოს ტერმიტების სახელით მომიბოდიშა, – იოლი არაა მათზე დაკვირვება, მაგრამ ინფრაწითელი შუქის წყალობით, ეს ამბავიც მოვაგვარეთ… ომის დროს ღამე ბრძოლების დროს ვიყენებდით, იცი ეს ამბავი? – მკითხა.
– რა თქმა უნდა, – ვუთხარი, – სნაიპერულ შაშხანებზე ამაგრებენ, სიბნელეში მიზანში სროლა რომ მოახერხონ… მიხარია, თუ არასამხედრო დანიშნულებით რამეში გამოგადგათ.
რაღაც პერისკოპის მსგავსი მოიმარჯვა და კარგა ხანს ეძებდა რაღაცას ტერმიტების ქალაქის დერეფნებში. უეცრად შეჰყვირა:
– ჩქარა, ჩქარა, სანამ თვალს მიეფარნენ!
მივედი და ჩავიხედე. რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ ხელსაწყო მოვირგე თვალზე და კიდევ მეტი იმის გასააზრებლად, რაც – დავინახე. ექვსი ტერმიტი, სწრაფად მოძრაობდა შეკრულ ჯგუფად… როგორც ჰასკები. ძაღლებს ტყუილად არ ვამბობ, რადგან ჩაბმული იყვნენ მარხილში და მიაგორებდნენ…
იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ ვეღარც კი დავაკვირდი, რა ტვირთი მიჰქონდათ. მონუსხული შევყურებდი და თვალს რომ მიეფარნენ, შევძახე:
– აი, თურმე, რას ამზადებთ თქვენი მანიპულატორით, – პროფესორისკენ მივტრიალდი. მიუხედავად მკრთალი შუქისა, თვალი მიეჩვია და კარგად ვარჩევდი უკვე, – საოცარია… რომ არ მენახა, ვერასდროს დავიჯერებდი.
– ეგ ჯერ არაფერია, – მითხრა პროფესორმა, – რწყილსაც კი ასწავლი ურიკის გორებას… ყველაზე მთავარი არ მითქვამს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მარხილი დავუმზადეთ, დანარჩენი – მათ თავად შექმნეს.
ჩუმად მიყურებდა. სანამ გაგონილზე ვფიქრობდი.
– დრო დაჭირდათ… ერთ ცალკე ტერმიტს, პრაქტიკულად არ აქვს ინტელექტი, მაგრამ კოლონია ერთობლივად ძალიან გონივრულად მოქმედებს. და – უკვდავია. ადამიანის დაბადებამდე მილიონობით წლით ადრე შეწყვიტა განვითარება და მას შემდეგ უცვლელია. ჩაკეტილია საზღვრებში. ჩიხშია, რაკი არ აქვს ხელსაწყოები და არც ბუნების მართვა შეუძლია ჩვენსავით… სწორედ ეს გავაკეთე. მივეცი მათ ინსტრუმენტი, რამაც ძალა შემატა და მარხილი – ეფექტურობის გასაზრდელად. შედეგმა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მე მხოლოდ ერთ კოლონიასთან ვმუშაობ, მაგრამ უკვე ყველგან გაჩნდა მსგავსი ხელსაწყოები – რაც ადასტურებს, რომ ურთიერთობენ, ერთმანეთს ასწავლიან, გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ… კი, ბუნებაში ისინიც ომობენ ხოლმე ერთმანეთთან, მაგრამ მხოლოდ საკვების ნაკლებობის დროს – საკვები კი აქ საკმარისზე მეტი აქვთ… ახლა ბორბალზე ვფიქრობ, მაგრამ შემდეგი საფეხურისთვის მოვიტოვე. დღეს მაინცდამაინც არ გამოადგებათ… ტერმიტებს ადამიანური საზომით ვერ გაზომავ. იმის იმედი მაქვს მხოლოდ, რომ თუ კედლის განგრევის გზას ვაჩვენებ, თავად დააღწევენ თავს იმ მიწათხრილს, რომელშიც მილიონობით წელია, მოძრაობენ წრეზე… ამიტომ ვაპირებ სხვა ინსტრუმენტებიც მივცე, სხვა დანადგარები და მოვესწრო იმ დროს, როდესაც თავად შეძლებენ ახლის გამოგონებას.
– რატომ აკეთებთ ამას? – ვკითხე, ვიგრძენი, მხოლოდ მეცნიერისთვის ჩვეული ცნობისმოყვარეობა არ ამოძრავებდა.
– ადამიანის გადარჩენის რწმენა დავკარგე, – მითხრა, – არ მსურს ჩვენი მიღწევებიც ჩვენთან ერთად დაიკარგოს… ვიფიქრე, ვინმე სხვას უნდა დავხმარებოდი. ეს კუნძული იმად ავირჩიე, რომ გარე სამყაროს მოწყვეტილია. ექსპერიმენტი ბუნებრივ იზოლაციაში მიმდინარეობს. ჩემს სუპერ-ტერმიტებს მოუწევთ აქ დარჩენა მანამ, სანამ განვითარების იმ დონეს არ მიაღწევენ, რომ წყნარი ოკეანის გადალახვა შეძლონ… სხვა შესაძლებლობაც არის. დღეს ადამიანს კონკურენტი არ ყავს. ვიფიქრე, ურიგო არ იქნება, თუკი მეტოქე გამოგვიჩნდება… ეგებ, ამაშია ჩვენი გადარჩენა.
არაფერი მითქვამს. იმის გათვალისწინებით, რაც მე ახლახანს ვნახე, პროფესორის ოცნებები ერთდროულად განსაცვიფრებელი და დამაჯერებელი მეჩვენა. ვიცოდი, რომ პროფესორი ტაკატო არ იყო შეშლილი მეცნიერი. ის მეოცნებე იყო. მისი მოსაზრებები სამეცნიერო მიღწევებს ეფუძნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, უცნაური ჩანდა.
რაც მთავარია, ის არ იყო ადამიანის მოდგმის მტერი. პირიქით – გულშემატკივარი იყო. სჯეროდა, რომ კაცობრიობა განვითარების კიდეს მიუახლოვდა და სინანულით შეჰყურებდა. წინ ელოდა ნგრევას და სურდა, რაღაც მაინც გადაერჩინა მომავალი ნანგრევებიდან. გულმა ნება არ მომცა, განმეკიცხა.
კარგა ხანს დავრჩით იმ პატარა, რკინის ქოხმახში და ვსაუბრობდით კაცობრიობის მომავალზე. მახსოვს ჩემი მოსაზრება, რომ ეს ორი რასა შევძლებთ თანამშრომლობას, რაკი სრულიად განსხვავებულნი ვართ, რაკი ადამიანს და ტერმიტს კონფლიქტის მიზეზი არ აქვს… ვეუბნებოდი, მაგრამ თავადაც არ მჯეროდა… თუ ახლა მკითხავთ – კონფლიქტი გარდაუვალი იქნება და არ ვიცი, ვის დარჩება გამარჯვება.
გარეთ რომ გამოვედით, უკვე ბინდი ჩამოწოლილიყო.
– რამდენიმე კვირაში, – მითხრა პროფესორმა, – ერთ უდიდეს ნაბიჯის გადავდგამ წინ.
– რას აპირებთ? – ვკითხე
– ვერ გამოიცანით? მე მათ ცეცხლს მივცემ.
აქ კი, გამოგიტყდებით, ჟრუანტელმა დამიარა. და იმის გამო არა, რომ მზე პალმებს მიღმა ოკეანეში ჩაცურდა და შემოგვაღამდა.
აქაც ვიგრძენი სიმბოლიზმი – მზის ჩასვლა იყო ულამაზესი, რაც ოდესმე მინახავს. და ეს სანახაობა ხელით ქმნილი იყო – აფეთქებამ გამოიწვია სტრატოსფეროში რადიაციული მტვრის აფრქვევა. კაცობრიობამაც დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა?
„მე მათ ცეცხლს მივცემ“.
ეჭვიც არ მეპარებოდა, პროფესორი ტაკატო მიაღწევდა წარმატებას. და თვით ის ძალა, იმ დღეს რომ დავიმორჩილეთ, უძლური იქნება, გვიხსნას.
მომდევნო დღეს თვითმფრინავმა მოგვაკითხა. ჩვენი მისია დასრულებული იყო. ტაკატო აღარ მინახავს. დარწმუნებული ვარ, იქ არის ისევ და, ასე გეტყვით – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია მსოფლიოში. სანამ ჩვენი პოლიტიკოსები ჩხუბობენ, ის მომაკვდავ სახეობად გვაქცევს.
ფიქრობთ, ვინმემ უნდა შეაჩეროს? შეიძლება, ჯერ არ არის გვიან. ხშირად ვფიქრობ ამაზე. მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი დამაჯერებელ მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩავერიო. ერთხელ თუ ორჯერ კინაღამ წამცდა ხელი, მაგრამ შემდეგ ჩავხედე გაზეთის სათაურებს და…
მგონი, შანსს იმსახურებენ. ძნელად წარმომიდგენია, ჩვენზე უარესად გაართვან თავი.
©Arthur Clarke – The Next Tenants. Satellite Science Fiction, October 1956
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(*)კარლ ფონ ფრიში ავსტრიელი ეთოლოგია, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. სწავლობდა ფუტკრების “ენას” და გაშიფრა მათი ცეკვა.
(**)ედვარდ ტელერი (ედუარდ თელერი) უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი. წყალბადის ბომბის შემქმნელი. მოთხრობაში მინიშნებაა 1954 წელს კუნძულ ბიკინის მახლობლად ჩატარებულ გამოცდაზე.