დანიილ ხარმსი
დედაბრების ფანჯრიდან ფენა
ერთი დედაბერი, მეტისმეტმა ცნობისმოყვარეობამ რომ აიტანა, ფანჯრიდან გადმოიხარა და გადმოვარდა. დაენარცხა ძირს და აილეწა.
მეორე დედაბერმა იმ პირველს დაუწყო ფანჯრიდან ცქერა, მეტისმეტი ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი გადმოიხარა ფანჯრიდან ისიც და გადმოვარდა, დაენარცხა ძირს და აილეწა.
შემდეგ ფანჯრიდან გადმოვარდა მესამე დედაბერი. მეოთხე. კიდევ – მეხუთე.
და როდესაც მეექვსე დედაბერიც გადმოვარდა, დავიღალე მათი ყურებით. წავედი მალცევის ბაზარში, სადაც, ასე მითხრეს, ერთ ბრმას ნაქსოვი შალი აჩუქესო.
***
ერთ ფრანგს აჩუქეს დივანი…
ერთ ფრანგს აჩუქეს დივანი, ოთხი სკამი და კიდევ – სავარძელი.
ფრანგი ფანჯარასთან მდგარ სკამზე შემოსკუპდა… მაგრამ არ ესკუპება – დივანზე წამოწოლა სურს. მივიდა ფრანგი დივანთან და წამოწვა ზედ, მაგრამ ახლა უკვე სავარძელში ნებივრობა სურს. წამოდგა ფრანგი დივნიდან და სავარძელზე გადაბრძანდა მეფესავით, თან ასეთი ფიქრები უტრიალებს თავში – მეტისმეტად ფუშფუშაა ეს დივანი, ისევ სკამში ჯდომა სჯობს. მოხერხებულად.
გადაინაცვლა ფრანგმა ფანჯარასთან სკამზე, მაგრამ ვერ ჩერდება, წრიალებს – ფანჯრიდან ცივი სიო უბერავს.
შეამცივნა ფრანგს და სხვა სკამზე გადაჯდა ღუმელთან. აქ კი იგრძნო, რომ არაქათი აღარ აქვს. გადაწყვიტა დივანზე წამოწოლა და დასვენება, მაგრამ, სანამ დივნამდე მივიდოდა, სავარძლისკენ გაუხვია და ჩაესვენა შიგ.
– აქ კი მართლაც კარგია! – შესძახა ფრანგმა, მაგრამ ერთბაშად დაამატა: – აი დივანზე კი, მგონი, უკეთესი იქნებოდა.
***
ერთი კაცი აედევნა მეორეს
ერთი კაცი აედევნა მეორეს, ეს მეორე კი, თავის მხრივ, მესამეს მისდევდა, რომელიც მადევარს ვერა გრძნობდა და, უბრალოდ, მიუყვებოდა ქვაფენილს სწრაფი ნაბიჯით.
***
ოპტიკური ილუზია
სემიონ სემიონის ძემ სათვალე მოირგო, გახედა ფიჭვს და რასა ხედავს – ვიღაც გლეხი შემომჯდარა ფიჭვზე და მუშტს უღერებს.
სემიონ სემიონის ძემ სათვალე მოიხსნა, გახედა ფიჭვს – არვინაა ზედ.
სემიონ სემიონის ძემ ისევ მოირგო სათვალე, გახედა ფიჭვს და ისევ ის გლეხი ზის ფიჭვზე და ისევ ისე უღერებს მუშტს.
სემიონ სემიონის ძეს არ სურს თვალებს დაუჯეროს და ამ ფენომენს ოპტიკურ ილუზიად მიიჩნევს.
***
ორი კაცი ლაპარაკობდა
ორი კაცი ლაპარაკობდა. ერთი ხმოვნებზე უკიდებდა ენას, მეორე კი – ხმოვნებზეც და თანხმოვნებზეც.
საუბარი რომ დაასრულეს, ყურს ისე ესიამოვნა, გეგონება, ნავთქურა ჩააქრესო.
***
სანაპიროზე
ჩვენი მდინარის ნაპირზე დიდძალ ხალხს მოეყარა თავი – პოლკის მეთაური სეპუნოვი იხრჩობოდა. ჩაყურყუმელავდებოდა. მერე ამოხტებოდა წყლიდან ჭიპამდე, შეჰყვირებდა და მიდიოდა წყალქვეშ ისევ. ყველა მიმართულებით იქნევდა ხელებს და იძახდა, რომ გადაერჩინათ.
ხალხი ნაპირზე იდგა და გასცქეროდა პირქუშად.
– დაიხრჩობა, – თქვა კუზმამ.
– დაიხრჩობა, წყალი არ გაუვა, – დაუდასტურა მამაკაცმა კარტუზით.
მართლაც, პოლკის მეთაური დაიხრჩო.
ხალხი წავიდ-წამოვიდა.
***
დანაკარგი
ანდრეი ანდრეის ძე მიასოვმა ბაზარში იყიდა პატრუქი და წამოიღო სახლში.
მაგრამ ანდრეი ანდრეის ძემ პატრუქი გზაში დაკარგა, მაგიერ, შეიარა მაღაზიაში ას ორმოცდაათი გრამი პოლტავური ძეხვის შესაძენად. იქედან ანდრეი ანდრეის ძე წავიდა რძის კოოპერატივში და ერთი ბოთლი კეფირი იყიდა. შემდეგ ჯიხურში მომცრო კათხით დალია ბურახი და გაზეთის რიგში დადგა. გვარიანი რიგი იყო და ანდრეი ანდრეის ძე კარგა ოც წუთს ელოდა, სანამ მეგაზეთესთან მიაღწევდა, მაგრამ გაზეთები მის ცხვირწინ დამთავრდა.
ანდრეი ანდრეის ძე ერთი პირობა ბოლთას სცემდა, მერე ჩაიქნია ხელი და წავიდა სახლში. მაგრამ გზაში დაკარგა კეფირი. მაშინ გადაუხვია საფუნთუშეში და იყიდა იქ ფრანგული ბატონი, მაგრამ ამასობაში დაკარგა პოლტავური ძეხვი.
აქედან ანდრეი ანდრეის ძე პირდაპირ სახლისკენ გაემართა, მაგრამ გზად რაღაცას წამოკრა ფეხი, გაიშხლართა ძირს, დაკარგა ფრანგული ბატონი და პენსნეც გაუტყდა.
ანდრეი ანდრეის ძე ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა სახლში და მაშინვე დასაძინებლად დაწვა, მაგრამ დიდხანს ბორგავდა და ვერ იძინებდა, ხოლო როდესაც ჩაეძინა, ასეთი სიზმარი ნახა: თითქოს კბილის ჯაგრისი დაჰკარგვია და კბილებს რაღაც შანდლით იხეხავს.
***
სპილენძის მზერა
– საქმე ისაა, – უთხრა, – რომ გუშინწინ დაგინახეთ. მათთან ერთად სეირნობდით ნავით. ერთი საჭესთან იჯდა, ორი – ნიჩბებთან, მეოთხე კი – თქვენს გვერდით და გესაუბრებოდათ. დიდხანს ვიდექი ნაპირზე და გავცქეროდი იმ ორ ნიჩბოსანს. დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ – მათ თქვენი დახრჩობა სურდათ. ასე ნიჩბებს მხოლოდ მკვლელობის წინ უსმევენ.
ქალბატონმა, რომელსაც ყვითელი ხელთათმანები ეცვა, გახედა კლოპოვს.
– ეგ რას ნიშნავს? – ჰკითხა, – როგორ ხდება მკვლელობამდე განსაკუთრებულად ნიჩბების მოსმა? გარდა მაგისა, რა ხელს აძლევს მათ ჩემი დახრჩობა?
კლოპოვი ანაზდად მიტრიალდა ქალბატონისკენ და უთხრა:
– იცით, რა არის სპილენძის მზერა?
– არა, – უთხრა ქალბატონმა და უნებლიედ კლოპოვისგან შორს გადაჩოჩდა.
– აჰა! – შესძახა კლოპოვმა, – თუ სიფრიფანა ფაიფურის ჭიქა გადმოვარდა განჯინიდან და მიფრინავს ქვემოთ, იმ წამს, სანამ ის ჯერ კიდევ ჰაერშია, თქვენ უკვე იცით, რომ იატაკს შეეხება თუ არა, ნამსხვრევებად იქცევა… მე კი ვიცი, რომ თუ ერთი ადამიანი მეორეს უყურებს სპილენძის მზერით, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოკლავს.
– ისინი სპილენძის მზერით მიყურებდნენ? – ჰკითხა ქალბატონმა ყვითელ ხელთათმანებში.
– დიახ, ქალბატონო, – უპასუხა კლოპოვმა და ქუდი დაიხურა.
ცოტა ხანს ასე სდუმდნენ. კლოპოვი თავდახრილი იჯდა.
– მაპატიეთ, – უთხრა ბოლოს.
ქალბატონმა ყვითელ ხელთათმანებში გაკვირვებით შეხედა კლოპოვს, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– ეს ყველაფერი ტყუილია, – უთხრა კლოპოვმა, – სპილენძის მზერის ამბავი მე მოვიგონე. სწორედ ახლა შევთხზი, სანამ თქვენს გვერდით ვიჯექი სკამზე. დღეს საათი გამიტყდა. ასეთი ამბავია. ამიტომ ყველაფერი მოქუფრული მეჩვენება.
კლოპოვმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, გაშალა და ქალს გატეხილი საათი გაუწოდა.
– თექვსმეტი წელი ვატარებდი ჯიბით. გესმით, ეს რას ნიშნავს? გატეხო საათი, რომელიც თექვსმეტი წლის განმავლობაში წიკწიკებდა აი აქ, ჩემი გულის ქვეშ? თქვენ თუ გაქვთ საათი?
***
ერთი მორწმუნე კაცი დასაძინებლად დაწვა
ერთი მორწმუნე კაცი დასაძინებლად დაწვა და გაეღვიძა, როგორც ურწმუნოს.
საბედნიეროდ, ამ კაცს ზუსტი სამედიცინო სასწორი ჰქონდა და ყოველ დილით და საღამოს ჩვევად ჰქონდა, აწონილიყო. ასე აიწონა წინა ღამით, ძილის წინ და სასწორმა 4 ფუთი და 21 გირვანქა უჩვენა. მეორე დილით, როდესაც ურწმუნოს გაეღვიძა, წამოდგა ლოგინიდან, შედგა ისევ სასწორზე და მხოლოდ 4 ფუთსა და 13 გირვანქას[*] იწონიდა.
„ჩემი რწმენა დაახლოებით რვა გირვანქა ყოფილაო“, – განსაჯა კაცმა.
©Даниил Хармс – Собрание сочинений. Академический Проект, 1997
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(*)ფუთი 16,38 კილოგრამს, გირვანქა კი 409,5 გრამს უდრის.
___
ავტორის შესახებ:
ის, რაც ახლა წაიკითხეთ, ცხადია, არც საიფაია, არც – ფენტეზი, თუმცა ავტორს სუპერფანტასტს კი უწოდებენ ხოლმე.
დიდი ხანია დანიილ ხარმსზე პოსტის დაწერა მსურს, მაგრამ რაკი შიგადაშიგ ნათარგმნი ტექსტების დაპოსტვაზე გადავედი, პოსტს ისევ ნათარგმნის ატვირთვა სჯობს. მითუფრო, რომ ხარმსზე რამის თქმა უკეთ, ვიდრე ის თავად იტყოდა საკუთარ თავზე ძნელია. შეუძლებელი.
არ ვიცი, რატომ ვგონივარ ყველას გენიოსი; მე კი მგონია, რომ გენიოსი არ ვარ. გუშინ ვუთხარი სწორედ: მისმინეთ! აბა, როგორი გენიოსი მე ვარ? ისინი კი მეუბნებიან: ასეთი! და მე ვეუბნები: როგორი ასეთი? ისინი კი არ ამბობენ როგორი, დაუჟინიათ მხოლოდ: “გენიოსი და გენიოსი”. მე კი მაინც ასე მგონია, რომ გენიოსი არ ვარ.
სადაც არ უნდა გამოვჩნდე, ყველა იწყებს ჩურჩულს და თითების მოშვერას. “გეყოთ, მართლა და მართლა, რა არის ახლა…” – ვამბობ. მაგრამ განა სიტყვის თქმას მაცლიან, მოვლენ, ამიტაცებენ ხელში და გამაქანებენ…
რა ჟანრს მიეკუთვნება დანიილ ხარმსის (იუვაჩოვის) ნაწარმოებები? მეტწილად მაინც აბსურდია. გროტესკი. ბუფონადა. იუმორი (შავი). იმ დროს არ იყო სიტყვა “ტროლინგი”, თორემ ესეც დიდი ულუფით აქვს. კიდევ აქვს საბავშვო პიესები, მოთხრობები და ბევრი ლექსი. თავად ამბობდა, ბავშვებისთვის “ძალად” ვწერო – უბრალოდ სხვას არაფერს უქვეყნებდნენ და საბავშვო ჟურნალებთან, თეატრებთან და გამომცემლობებთან თანამშრომლობა ჰონორარის ერთადერთი წყარო იყო. თან, იმ ქვეყანაში, ხარმსი რომ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მწერალი რომ გრქმეოდა და რამე დაგებეჭდა, მწერალთა კავშირის წევრობა იყო საჭირო. წევრად კი არვინ მიგიღებდა იმით, რაც მე ვთარგმნე აქ. ასაკით დიდებისთვის დაწერილიდან მხოლოდ 2 ლექსის გამოქვეყნება მოახერხა – 1926 და 1927 წლებში. 1931 წელს დააპატიმრეს და ჯერ სამი წლით საკონცენტრაციო ბანაკში (ზუსტად ასე წერია განაჩენში – “კონცლაგერი”) გაამწესეს, შემდეგ – გადასახლებით შეუცვალეს. 1941 წლის ზაფხულში დააპატიმრეს ხელმეორედ და მომდევნო წლის თებერვალში ცნობილი ციხის, “კრესტების” საავადმყოფოში გარდაიცვალა იმხანად ლენინგრადადწოდებულში.
P.S.
ზედა ფოტოზე შერლოქ ჰოლმსს ნამდვილად ჩამოჰგავს. არ მოგელანდათ. 🙂 აგერ – კიდევ:
ჰოლმსის როლი არა და საკუთარი არარსებული ძმის ივან ხარმსის როლს კი თამაშობდა ხოლმე. ასეთი მისტიფიკაციის ავტორიც იყო (ზემოთ ტროლინგი რომ ვახსენე) – გამოიგონა ძმა ივან ხარმსი, გადაიცვამდა განსხვავებულად, გაიკეთებდა გრიმს, დადიოდა ნაცნობებსა თუ სხვადასხვა კანტორებში და ლაზღანდარობდა ხარმსულად. გენიალური კომიკოსი ენდი ქაუფმანი თუ გახსოვთ (მილოშ ფორმანის ფილმი “ადამიანი მთვარეზე”) რაღაც – ეგეთი.
**
UPD
პეტერბურგის ძერჟინსკის რაიონის (რა სიმბოლურია) სასამართლომ 2021 წლის 26 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი საქმეზე ქალაქის რაიონული ადმინისტრაცია მაიაკოვსკის 11ა ნომერში მდებარე სახლის მფლობელების წინააღმდეგ. ამ მისამართზე მდებარეობს სახლი, სადაც ცხოვრობდა დანიილ ხარმსი და ზედ გრაფიტია მწერლის გამოსახულებით.
სთრითარტერებმა პაშა კასმა და პაველ მოკიჩმა გრაფიტი კერძო მფლობელების ნებართვით შეასრულეს 2016 წელს. 2021 წლის აპრილში კი ქალაქის ადმინისტრაციამ გრაფიტის წაშლის გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ მიდიოდა სასამართლო პროცესი, რომელიც კერძო მფლობელების მარცხით დასრულდა.
აქ ყველანაირი დიპლომატიის გარეშე “ხარმსულად” უნდა ვთქვა – რუსეთის ხელისუფლებაში კრემლიდან დაწყებული და ქალაქების ადმინისტრაციით დამთავრებული სხედან გაუნათლებელი, მდაბიო და უგვანო ყლეები და პროჭები. მათგან ვინმეს და რამის პატივისცემას როგორ უნდა ელოდო, საკუთარ ისტორიას და კულტურას შლიან, თუ რამ ფასეული აქვთ.