ვუდუ

ფრედრიქ ბრაუნი

ქალბატონი დექერი ახლახანს დაბრუნდა მოგზაურობიდან. ჰაიტიზე ბრძანდებოდა. მარტო. ბატონი დექერისგან დაისვენა, ეგებ, ორთავენი დამშვიდებულიყვნენ, სანამ განქორწინების პირობების განხილვას შეუდგებოდნენ.

ვერ დამშვიდდნენ. პირიქით, თითქოს მეტადაც შესძულდათ ერთმანეთი, ვიდრე – ოდესმე.

– ნახევარი, – განაცხადა ქალბატონმა დექერმა, ისე, რომ წარბიც არ შერხევია, – ნაკლებზე არ დაგთანხმდები – ფულისა და ქონების ნახევარი!

– გამაცინე! – უთხრა ბატონმა დექერმა.

– გაგეცინა არა? მე კი ყველაფრის წაღება შემიძლია… მინდა გითხრა, რომ ეს დრო ჰაიტიზე ფუჭად არ გამიფლანგავს, ვუდუს ჯადოქრობას დავეუფლე.

– ბოდავ! – უთხრა ბატონმა დექერმა.

– არ გატყუებ… სულ იოლად შევძლებდი, მომეკალი და მთელი ფული და მთელი უძრავი ქონება დამრჩებოდა. თან, საფრთხის გარეშე – ვუდუს ჯადო არაფრით განსხვავდება გულის შეტევისგან, სხვა კვალიც არ რჩება. მადლობა მითხარი, რომ წესიერი ქალი ვარ და ამას არ ვაკეთებ.

– მეზღაპრე! – უთხრა ბატონმა დექერმა.

– ასე, არა? მაშ, კარგი, აგერ მაქვს ცვილი და ქინძისთავი. მომეცი შენი თმის რამდენიმე ღერი ან ფრჩხილის ანათალი – ეს დამჭირდება მხოლოდ და გიჩვენებ, რა შემიძლია.

– უვარგისო! – უთხრა ბატონმა დექერმა.

– თუ ასეა, რატომ გეშინია? მე კი ვიცი, რომ ნაღდია… მოდი, გარიგებას შემოგთავაზებ – თუ არ მოგკლავს, გაგეყრები და არაფერს მოგთხოვ. თუ იმუშავა, ყველაფერი ხომ მე დამრჩება.

– ყაბულსა ვარ! – შესძახა ბატონმა დექერმა, – გაამზადე ცვილი და ქინძისთავი მე კი… – ფრჩხილებს დახედა, – მოკლედ მაქვს დაჭრილი, თმის ღერებს ჩამოვალ.

ოთახიდან გავიდა და მალევე შემობრუნდა ლამბაქით ხელში. ზედ თმის რამდენიმე ღერი ჰქონდა.

ქალბატონმა დექერმა ცვილი მოზილა, თმის ღერებთან ერთად მოქნა, ადამიანის სხეულს მიამგვანა უხეშად, როგორც იყო. და მეუღლეს მიაჩერდა.

– იცოდე, ინანებ!

აიღო ქინძისთავი და შიგ გულში ატაკა ცვილის კაცუნას.

ბატონ დექერს არ უნანია. განცვიფრებით კი განცვიფრდა. მაგრამ უფრო მაინც გულს მოეფინა.

განა სწამდა ვუდუსი, მაგრამ ფრთხილი კაცი იყო და მის ბედს ალალზე არასდროს აგდებდა… გარდა მაგისა, ყოველთვის ბრაზობდა, ქალბატონი დექერი რომ ასე იშვიათად წმენდდა საკუთარ თმის ჯაგრისს.

©Fredric Brown – Voodoo. Beyond Fantasy Fiction, September 1954
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___