ფრედრიქ ბრაუნი
ჰენრი ბლოდჯეთმა მაჯის საათს დახედა – ღამის ორი საათი დამდგარიყო. სასოწარკვეთილმა აკრა ხელი მაგიდაზე გადაშლილი სახელმძღვანელოს ყდას და ხმაურით დახურა, შემდეგ თავზე შემოიკრა ხელი, მუშტები შეკრა და ზედ ნიკაპი ჩამოდო. ხვალ კიარა და უკვე დღეს გამოცდაზე უნდა გასულიყო და ამ გამოცდის ჩამბარებელი არ იყო ნამდვილად. ეს უეჭველი იცოდა. რაც მეტს სწავლობდა წყეულ გეომეტრიას, მით ნაკლები რჩებოდა თავში. ზოგადად მათემატიკაში ყოველთვის კოჭლობდა და გეომეტრია ხომ დაუძლეველ თამასად ექცა.
ცოტაც და კოლეჯიდან გააგდებდნენ – ორ წელიწადში სამი კურსი ჩააგდო უკვე და კიდევ ერთ წარუმატებლობას უპირობო გარიცხვა მოჰყვებოდა. ასეთი იყო დადგენილი წესი.
არადა, როგორ სჭირდებოდა კოლეჯის ხარისხი. იმ სამსახურის დასაწყებად, რომელსაც შენატროდა, აუცილებელი იყო. ამისთვის ემზადებოდა რა ხანია, აწყობდა გეგმებს და ახლა… მხოლოდ სასწაული თუ იხსნიდა.
ამ ფიქრზე წამოხტა ანაზდად. ჰმ! აქამდე როგორ არ მოაგონდა?! მაგია! რატომაც არა! ოკულტური მეცნიერებები ყოველთვის იტაცებდა. ჰქონდა ბევრი წიგნი და გადაფურცლავდა ხოლმე მოცალეობის ჟამს. ჩაჰკირკიტებდა წესთა კრებულს, თუ როგორ უნდა მოუხმო დემონს, ისე, რომ შენს ნებას დაჰმორჩილდეს. ეს საშარო საქმე აქამდე კი არასდროს უცდია – რამე ხათაბალას უფრთხოდა, მაგრამ ახლა უკიდურესი შემთხვევა იყო სწორედ. ცდა ბედის მონახევრეაო და ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო. შავი მაგია თუარა, სხვა ვერაფერი უშველიდა მის ბედუკუღმართობას.
დასწვდა თაროზე საუკეთესო წიგნს, რაც ეგულებოდა, მოძებნა შესაბამისი გვერდი და შელოცვა, რაც სჭირდებოდა… არ მოეჩვენა მეტისმეტად რთულ ამბად.
გული მოეცა, ავეჯი აქეთ-იქეთ მიწი-მოწია, იატაკი მოათავისუფლა, აიღო ცარცი, სწრაფად გამოსახა პენტაგრამა დემონისგან დასაცავად, ჩადგა შუაში და წარმოთქვა შელოცვა.
დემონი ბევრად იმაზე საზარელი ჩანდა, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ ჰენრიმ მთელი მისი გამბედაობა მოიკრიბა და თავისი გასაჭირი გაანდო:
– გეომეტრიაში სულ ყოველთვის მიჭირდა…
– რას მეუბნები! – გადაიხარხარა დემონმა.
და ისე, რომ ბაგეებზე ცეცხლის ალებად მოთამაშე ღიმილი არ მოშორებია, შეაბიჯა იმ უსარგებლო ჰექსაგრამაში, რომელიც ჰენრის დამცავი პენტაგრამის ნაცვლად დაეხატა.
©Fredric Brown – Naturally. Beyond Fantasy Fiction, September 1954
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ფრედრიქ ბრაუნის ამ პაწაწკინტელა მოთხრობის მიხედვით ფილმიც გადაიღეს… გადაიღეს კიარა თვით გილიერმო დელ ტორომ გადაიღო 1987 წელს. ფილმს “გეომეტრია” (Geometria) ჰქვია და ორ ვერსიად არის – Original Cut და Director’s Cut – რეჟისორი მიუბრუნდა თავის ფილმს, გადაამონტაჟა და მუსიკალურ ფონშიც რაღაც ცვლილებები შეიტანა. ორივე ვერსია დევს იუთუბზე და მსურველი იოლად მიაგნებს.