რეი ბრედბერი
მზის საათისგან თეთრი კენჭებიღა დარჩა. ფრინველებისგან – ქვა და ქვიშა. მათი გალობისგან კი – მდუმარება. ქარი ქროლვით ამბობდა ძველისძველ ამბავს წარღვნაზე და მტვერს დამშრალი ზღვის ფსკერიდან ტალღებად ერეკებოდა ხმელეთზე, ერთ დროს ნაპირი რომ ერქვა. ოდესღაც აქ ჩქეფდა შადრევნები და წყალი ლივლივებდა აუზებში, მაგრამ სიცოცხლემ ქალაქები მიატოვა. გაიყინა დრო. დარჩა მხოლოდ დუმილი და მოგონებები.
მარსი კვდებოდა.
მყუდროება ანაზდად შეირხა. უცხო ხმა იყო. შორეული. მწერისას ჰგავდა. ნელ-ნელა იმატა, მზისგან დამწვარ ჰაერს გამოჰყვა და გამოაღწია ჟანგისფერ კლდეებს შორის. მიტოვებული შარა-გზის სილა ააფორიაქა მხოლოდ.
და ეს ხმაც მიწყდა.
ალბერთ ბექი და ლენარდ ქრეიგი მონჯღრეულ ყველგანმავალში ისხდნენ და შესცქეროდნენ მკვდარ ქალაქს, რომელიც შუადღის ხვატსა და სიჩუმეში გარინდული ელოდა მათ შეძახილს:
– გამარჯობა!
ბროლის კოშკი შეტორტმანდა და ჩამოიშალა მტვრად და ფერფლად.
– ეჰეი, შენ!
მიჰყვა მეორეც.
და კიდევ ერთი. და კიდევ.
ძველისძველი შენობები, გახევებული გიგანტური ფრინველებივით, ადამიანთა შეძახილზე, თითქოს, ცოცხლდებოდნენ, მხოლოდ იმად, რომ შუშის თვალების ბრიალით, ნისკარტდაფჩენილებს გაეშალათ ფრთები და ბოლო კამარა შეეკრათ, სანამ დაასკდებოდნენ მიწას.
– ეჰეჰეი!!
ბექი ელოდა. აღარაფერი ჩამონგრეულა.
– ახლა უსაფრთხოა.
ქრეიგი არც განძრეულა.
– ისევ იმისთვის?
ბექმა თავი დაუქნია.
– წყეული ბოთლისთვის? არ მესმის, რა ჯანდაბად გჭირდება!
– ვინც მიაგნო, არასდროს ამბობს – რატომ, – უპასუხა ბექმა და მანქანიდან გადმოვიდა, – მაგრამ ის ძველია. ძალიან ძველი. უხსოვარი დროისა. ამ უდაბნოსავით ძველი. ამ მკვდარი ზღვასავით ძველი. შიგნით ყველაფერი შეიძლება იყოს. ასე ამბობს თქმულება. და რაკი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს… ადამიანის წადილს აღძრავს.
– შენსას… ჩემსას – არა, – უთხრა ქრეიგმა ზანტად. თვალები ნახევრად მოჭუტული ჰქონდა. მზერა – დაბინდული. გაიზმორა, – მე სამოგზაუროდ ვარ მხოლოდ. მაგრამ ამ სიცხეში მანქანაში ჯდომას, მირჩევნია, ისევ შენ გიყურო.
ეს ყველგანმავალი ბექმა ერთი თვის წინ გამოჩხრიკა სადღაც. ჯერკიდევ, სანამ ქრეიგი შეუამხანაგდებოდა. მარსზე პირველი ინდუსტრიული ფლოტილიის ნაწილი იყო. იმ მისიის ნაწილი, რომელიც დასრულდა, როდესაც კაცობრიობა სხვა ვარსკვლავებისკენ დაიძრა. ძველისძველი მანქანა იყო და ძრავზე ხელის შევლება დაჭირდა, მაგრამ ქრეიგმა გამართა და ახლა მოგზაურობდა ერთი მკვდარი ქალაქიდან – მეორეში. მარსი იქცა დღიურ მუშათა და უსაქმურთა, მეოცნებეთა, დაუდგრომელთა და თავგადასავლების მაძებართა მიწად. ისეთების, ვინც გაურბოდა ჯაფას და შრომას და ერჩივნა ცოტ-ცოტა ყველაფრის და მეტწილად არაფრის კეთება. როგორებიც იყვნენ თავად ბექი და ქრეიგი. ასეთებმა იპოვეს მარზე სასურველი თავშესაფარი.
– ხუთი ან ათი ათასი წლის წინ მარსელებმა ცისფერი ბოთლი შექმნეს, – თქვა ბექმა, – მარსული ცისფერი მინიდან… შემდეგ – დაკარგეს. და იპოვეს. და დაკარგეს. და იპოვეს. და ისევ და ისევ და ისევ…
ბექი იდგა და გაჰყურებდა პაპანაქება მზეში გახვეულ მკვდარ ქალაქს. მთელი ცხოვრება, – ფიქრობდა, – ვიმყოფებოდი არსად და ვაკეთებდი არაფერს. სხვებმა, დიდმა ადამიანებმა დიდი საქმეები აკეთეს – გაემგზავრნენ მერკურიზე, ან – ვენერაზე და – სხვა გალაქტიკებში. მე – არა. მაგრამ ცისფერ ბოთლს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
შეტრიალდა და ჩამქრალ მანქანას მოშორდა.
ქრეიგიც გადმოვიდა და კვალში ჩაუდგა. არხეინად მიაბიჯებდა. თან ეუბნებოდა:
– უკვე ათი წელია, დაეძებ. ღამე არ გძინავს. თუ გძინავს და სიზმარში ბორგავ. დღე ოფლად იღვრები… ისე ოცნებობ ამ ბოთლზე და არც კი იცი, რა ჯანდაბა დაგხვდება შიგნით… შეშლილი ხარ, ბექ.
– მოკეტე! მოკეტე! – შეუღრინა ბექმა თან გზაზე დაყრილ კენჭებს წაკრა ფეხი და მიმოფანტა.
დანგრეულ ქალაქში შევიდნენ. ქუჩა მოზაიკური ფილებით იყო მოკირწყლული. ძველი გამოსახულებები: მარსელი არსებების, დიდი ხნის წინ გადაშენებული ცხოველების… რომლებსაც ქარი ხან გამოაჩენდა და ხან ისევ დამალავდა ფერფლსა და მტვერქვეშ.
– მოიცა! – ბექი შეჩერდა, ხელისგულები შეკრა პირთან და რაც ძალი ჰქონდა, შეჰყვირა:
– ეჰეი! მანდ!
…მანდ… – გამოსძახა ექომ.
შადრევნის სვეტი მოწყდა და ოთხად ჩაიკეცა. ასეთი იყო მარსული ქალაქის ქუჩები. ცად აზიდულ კოშკებს შორის, რომლებსაც ამსხვრევდა ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვა. თითქოს ბახის კანტატა იშლება ბგერებად თქვენს თვალწინ.
ბუღი რომ გაიფანტა, მხოლოდ ორი შენობა გადარჩენილიყო.
ბექი წინ წავიდა და მეწყვილეს ანიშნა, მომყევიო.
ისინი ეძებდნენ.
ქრეიგი შედგა უცებ, ბაგეზე ოდნავი ღიმილი დაეფინა.
– იმ ბოთლში, – უთხრა, – პატარა ქალი იქნება, დაკეცილი… აი, გასაშლელი ჭიქები როა… ან იაპონური ყვავილივით, რომელსაც წყალში ჩადებ და იფურჩქნება.
– ქალი არ მჭირდება.
– ეგებ, კი გჭირდება…. ეგებ, არასდროს გყოლია ქალი, რომელსაც მართლა უყვარდი და ახლა, გულში, სწორედ მას ეძებ… ან, იქნებ, იმ ბოთლში გელის რაღაც, შორეული მონატრებიდან: ხე, რომელზეც მიძვრებოდი ბავშვობაში, ხასხასა ბალახი, ტბა, ან – კიბორჩხალა… ერთად დაგრაგნილი დევს იმ ბოთლში… ჰა, როგორია?
– ზოგჯერ, მეც ვფიქრობ, იქ რაღაც დამხვდება წარსულიდან… დედამიწიდან, – ბექმა სადღაც ცის კიდეს გახედა, – არ ვიცი, რა…
– ბოთლში რას იპოვი, იმაზე იქნება დამოკიდებული, ბოთლს ვინ იპოვის, – ქრეიგმა თავი დაიქნია, – აი, ახლა, ერთი კარგი ვისკი…
– ყურადღებით იყურე, – უთხრა ბექმა, – არ გამოგვეპაროს.
რაღაც შენობაში შევიდნენ, სადაც შვიდი ოთახი იყო. იატაკიდან ჭერამდე თაროებზე შემოეწყოთ კასრები, ქოთნები, დოქები, ფერადი საყვავილეები – წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, იისფერი და შავი შუშისა. ჭურჭელი მზის სხივებზე ლაპლაპებდა და თვალს ჭრიდა. ბექი მიდგა და სათითაოდ გატეხა ყველა, ხელმეორედ რომ აღარ მობრუნებულიყვნენ.
ასე გადადიოდა ოთახიდან – ოთახში და უცებ გახევდა. ეშინოდა, რომ იპოვიდა, რასაც ეძებდა და სიცოცხლე დაკარგავდა მიზანს. ათი წლის წინ, ვენერიდან იუპიტერისკენ გზად მოისმინა ცისფერი ბოთლის შესახებ პირველად და ეს ციებ-ცხელება მასაც მოედო. შეავსო მისი სიცოცხლე. კიდევ ოცდაათი წელი შეძლებდა ამ ალის შენარჩუნებას, თუკი შეუბერავდა ხოლმე სულს და ფრთხილად გაქექავდა ნაკვერჩხალს. ამიტომ იყო, არც ისე გულმოდგინედ ეძებდა და არასდროს უღიარებია ხმამაღლა, რომ ძიება, დევნა, ნადირობა მეტი იყო თავად ბოთლზე. და კიდევ მტვერი და ქალაქები და წანწალი.
ყრუ ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან. ფანჯარასთან მივიდა და ეზოს გახედა. ქვიშისფერი მოტოციკლი სუსტი ღუღუნით გაჩერდა ქუჩის ბოლოს. ტანსრული მამაკაცი ღია თმებით გადმოხტა. დადგა და მიაჩერდა ქალაქს.
– კიდევ ერთი, – ამოიოხრა ბექმა. რამდენი შეხვედრია ასეთი. ეძებენ და ეძებენ. მაგრამ მარსის ქალაქები და სოფლები მრავალი ათასი იყო. ყველას შემოვლას რამდენიმე სიცოცხლეც არ ეყოფოდა.
– აბა, როგორაა საქმე? – ქრეიგმა შემოყო თავი.
არაფერი, – უთხრა ბექმა. ამ დროს იყო, რაღაც სუნი რომ იგრძნო, – ვერაფერს გრძნობ?
– რას?
– მომეჩვენა, რომ ბურბონია…
– კი, – გაეცინა ქრეიგს, – ჩავურტყი!
– შენ?! საიდან?
– იმ ოთახში ვნახე… სხვა ხარახურის შორის შემხვდა ერთი ბოთლი ბურბონიც და დავლიე.
ბექი მიაჩერდა. ჟრუანტელმა დაუარა.
– ბურბონი?… რას… რა უნდა ბურბონის ბოთლს აქ?.. მარსზე? – ბექმა იგრძნო, როგორ გაეყინა ჯერ ხელისგულები და ერთბაშად – მთელი სხეული. კანკალმა აიტანა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქრეიგს.
– მაჩვენე, სადაა!
– გეუბნები, ბურ…
– ჯანდაბა! მაჩვენე-მეთქი!
ნამდვილად ის იყო. ოთახის კუთხეში იდგა. მარსული სიფრიფანა ცისფერი მინის. პატარა. კოხტა. ცასავით ბოთლი. ფრთხილად აიღო ბექმა და მაგიდაზე დადგა.
– ხედავ, ნახევარია კიდევ… ბურბონი, – უთხრა ქრეიგმა.
– მგონი, ცარიელია, – თქვა ბექმა.
– შეანჯღრიე და ნახავ.
ბექმა აიღო, ნაზად შეარხია.
– ბუყბუყებს.
– არ მესმის.
– მე მესმის. გარკვევით.
ბექმა ბოთლი კვლავ მაგიდაზე შემოდო. მზის სხივი ცისფერ ათინათებად დაასხდა. იყო მწუხრის ვარსკვლავის ფერი. შუადღის ოკეანის ტალღის ფერი. დილის ცვრის ფერი.
– ის არის, – ჩურჩულებდა ბექი, – ნამდვილად ისაა. ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა საძებნი – ცისფერი ბოთლი ვიპოვეთ.
ქრეიგი ეჭვისთვალით შეჰყურებდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ შიგნით ვერაფერს ხედავ?
– ვერაფერს… მაგრამ, – ბექი დაიხარა და უნაპირო სიცისფრეთს ჩახედა, – თუ გავხსნი და ამოვუშვებ, რაც არ უნდა იყოს… დავინახავ.
– კარგად დავარჭე საცობი… მოიცა…
ქრეიგმა ბექისკენ წადგა ნაბიჯი, როდესაც შემოესმათ:
– უკაცრავად, ბატონებო, – უცხო კაცი გამოჩნდა ზღურბლზე. ქერა თმით. სრული ტანისა. მოდიოდა შაშხანშემართული. მათ არც უყურებდა, თვალს ვერ აშორებდა ბოთლს, – რომ იცოდეთ, როგორ მძულს იარაღი, – დასძინა ღიმილით, – მაგრამ, ზოგჯერ, სხვაგვარად არ გამოდის… ეგ ხელოვნების ნიმუში კოლექციისთვის მჭირდება – ავიღებ და შარის გარეშე დავშორდებით.
ბექი თითქმის ეშხითაც კი შეჰყურებდა. ყოველთვის ხიბლავდა სიუჟეტის ამგვარი მოულოდნელი მიქცევ-მოქცევა. ამ ამბის კაზმულობაც იგრძნო – განძს მიაგნებ, მაგრამ ცხვირწინ აგაცლიან. თანაც ახლა კარგი ოთხი-ხუთი წელი ძებნა, ბრძოლა, გამარჯვებები და დამარცხებები ელოდა წინ…
– აბა! – უცხო კაცმა თოფის ლულა მიუშვირა.
ბექმა აიღო ბოთლი და გაუწოდა.
– საოცრებაა… მართლაც საოცრება. არც კი მჯერა, ასე იოლი თუ იქნებოდა. მოვედი, თქვენს ლაპარაკს ყური მოვკარი და ცისფერი ბოთლი მომართვით ლანგარზე… საოცრებაა! – შენობიდან გავიდა გარეთ. თან არც ხითხითს იკავებდა.
დაღამდა. ქალაქების ჩონჩხს მარსის ორი მთვარის შუქი მოეფინა.
ყველგანმავალი მიყვებოდა გზატკეცილს, ხტოდა და გრუხუნებდა. ირგვლივ ჩანდა შადრევნები და მიტოვებული სახლები. ავეჯით, წიგნებით, ნახატებით. ყველაფერი ჩაძირული იყო მტვერსა და სილაში. წარსულის ქალაქები ქალაქებიც აღარ იყო უკვე – მხოლოდ ნანგრევები და ძველმანები, რომელსაც ქარი საუკუნეთა ფერფლის საბურველს ხან გადახდიდა ხან ისევ გადააფარებდა და ასე – უსასრულოდ და უკიდეგანოდ. სიჩუმეს მხოლოდ ავტომობილის ძრავის ხმა არხევდა.
– ვეღარასდროს ვიპოვით, – თქვა ქრეიგმა, – ეს გზაც ისეთი ძველია და მიგდებული. ორმოებად ქცეული… მოტოციკლს უპირატესობა აქვს, გვერდს აუქცევს.
მკვეთრად მოუხვიეს და გზა მოჭრეს. მანქანის ბორბლები ძველი მარსული მოზაიკის ზურმუხტისფერ და ოქროსფერ კვალს ტოვებდა ქვიშაში.
– შეჩერდი! – შესძახა ბექმა. დაავიწყდა, თავად რომ უჯდა საჭეს, – რაღაც დავინახე.
მუხრუჭს დააწვა და ყველგანმავალი უკუსვლით დაძრა.
– სად?
ასიოდ მეტრი გაიარეს.
– იქ, ხედავ? ის არ არის?
თხრილში მოტოციკლზე ტანსრული, ქერა კაცი იჯდა გაუნძრევლად, წელში მოხრილი. რულზე ჩამოედო თავი. ბექმა ფანარი მიანათა. მოტოციკლისტს სიცოცხლეგამოცლილი თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი.
– ბოთლი სად არის? – ქრეიგმა მიმოიხედა.
ბექი თხრილში ჩაძვრა. უცნობის შაშხანა აიღო.
– არ ვიცი. აქ არ არის.
– რისგან მოკვდა?
– არც ეს ვიცი.
– ავარიას არ გავს, – სიტყვა შეაწია ქრეიგმა.
ბექმა გვამი დაათვალიერა ფანრის შუქზე.
– არც ჭრილობა აქვს, – ამოსძახა, – არც ძალადობის ნიშან-წყალი.
– ეგებ, გულის შეტევაა, – თქვა ქრეიგმა, – ბოთლი რომ ხელთ იგდო, მეტისმეტად აღგზნებული იყო. გზიდან ჩაუხვია, იფიქრა, დავიმალებიო. ყველაფერი კარგადააო, ეგონა და ამ დროს გულმა მოუღო ბოლო.
– ცისფერ ბოთლზე რას იტყვი?
– ვიღაცამ დაგვასწრო, ალბათ… რამდენი დაწანწალებს…
იქაურობა დაათვალიერეს.
შორს, ბორცვებზე ვარსკვლავების შუქზე მოჩანდნენ ლანდები.
ბექმა დაანახა.
– იქ მაღლა, სამნი უნდა იყვნენ… ფეხით მიდიან.
– მათ უნდა…
– ღმერთო ჩემო, შეხედე! – შეჰყვირა ბექმა.
ქერა მოტოციკლისტის გვამი უცნაურად აალდა და დნობა იწყო. ჯერ თვალები გადმოეღვენთა გუგებიდან. შემდეგ მთლიანად სახემ დაიწყო დაშლა. თმებს პატრუქივით მოედო ცეცხლი. შემდეგ – თითებს. ბოლოს სხეული გასკდა ათას ნამსხვრევად, როგორც ბროლის ქანდაკება უროს დარტყმისგან. ცოტაც და აღარაფერი დარჩა ფერფლის გარდა, ღამის ნიავმა რომ გაიტაცა და მიმოფანტა ნისლად.
– რაღაც დამართეს, – თქვა ქრეიგმა, – იმ სამმა… უცხო იარაღი აქვთ…
ბექმა თავი გაიქნია.
– აქამდეც მომხდარა… ვიცნობდი ადამიანებს, ვინც მიაგნეს ცისფერ ბოთლს და უკვალოდ გაქრნენ… ბოთლი კი სხვების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ გაქრნენ ისინიც.
მიიხედა. იქ, სადაც წამის წინ მოტოციკლეტისტის ნეშტი იყო, მილიონი ციცინათელა დაფარფატებდა თითქოს.
– უნდა დაედევნო?
ბექი მანქანასთან მიბრუნდა. გაჰყურებდა უდაბნოს, გორაკებს და ჩამოწოლილ მდუმარებას.
– გაჭირდება, მაგრამ, ვფიქრობ, შევძლებ, მანქანით გავიარო… სხვა გზა არც მაქვს, – შეხედა ქრეიგს, – მგონი, ვიცი, რა არის ცისფერ ბოთლში… ის, რაც ყველაზე მეტად მსურს, სწორედ ის მელოდება იმ ბოთლში…
– მე არ მოვდივარ, – თავი გაიქნია ქრეიგმა. ისიც მივიდა მანქანასთან. ქრეიგი უკვე შიგნით იჯდა, ხელები მუხლებზე შემოეწყო, – სამი შეიარაღებული კაცის მდევრად ვერ გამოვდგები… მე სიცოცხლე მინდა, ბექ. და ეგ ბოთლი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მისი გულისთვის სიცოცხლეს ფსონად ვერ ჩამოვალ… შენ კი წარმატებას გისურვებ.
– მადლობა, – უთხრა ბექამ, – ძრავი ჩართო და ყველგანმავალი დაძრა.
გრილი ღამე ძარაზე ცვრად იღვრებოდა.
ყველგანმავალი აედევნა დამშრალი მდინარეების კირიანი კენჭებით მოფენილ კალაპოტებს, სწრაფად მოძრაობდა კლდეებს შორის. წყვილი მთვარის შუქზე ქვაში კვეთილი ღმერთებისა და ცხოველების გამოსახულებები ხახადაფჩენილი და საცრისხელა თვალებით ლივლივებდა ოქროსფრად. მარსის ისტორია სიმბოლოებად იყო გაშლილი.
ძრავის ღრიალი აფრთხობდა ლანდებს. ქვის უძველესი ქანდაკებები წამით წამოყოფდნენ თავებს შუქის ქვეშ და ისევ ქრებოდნენ მოქუფრულ უკუნში.
ბექს თვალწინ წამოუდგა გასული ათი წლის ყოველი ღამე. ყოველი დანთებული კოცონი დამშრალი ზღვის ფსკერზე, სადაც ამზადებდა კერძს და ოცნებობდა. მუდამ ოცნებობდა რაღაცაზე და არ იცოდა – რაზე. ცხოვრება არასდროს იყო იოლი. არც ახლა, არც – მის ახალგაზრდობაში. 2130 წლის დიდი პანიკა, შიმშილი, ქაოსი, არეულობა, სუსხი. წოწიალი პლანეტიდან პლანეტაზე. უსიცოცხლოდ და ეულად გატარებული წლები.
როცა სიბნელიდან ანაზდად შემოაბიჯებ ნათელში, როგორც დედის საშოდან შემოდიხარ სამყაროში, რას აღმოაჩენ, გულის სიღრმეში რა გსურს? თუნდაც, ის მკვდარი კაცი თხრილში? რა უნდოდა? რა იყო ის სანუკვარი, რაც არა ჰქონდა და აკლდა? მას? მისთანა ხალხს? რა იყო ის რაღაც ერთი, რასაც დაეძებდა ყველა?
ცისფერი ბოთლი.
მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა, გადავიდა, ჩახმახი შეაყენა. და გაიქცა. გარბოდა დიუნებში, სანამ არ წამოადგა სამეულს. ცივ ქვიშაზე გაშოტილს. ადამიანებს დედამიწიდან. გარუჯული სახეებით, გაუხეშებული ტანსაცმლით და დაკოჟრილი ხელებით. მათი სხეულები კი დნებოდა. ცოტაც და ორთქლად იქცნენ. წვეთებად და ცვრად. ბექი ამ ღრუბელში იდგა. სახეზე, წამწამებზე ფიფქებად დაასხდნენ.
ცისფერი ბოთლიც იქვე ეგდო. ვარსკვლავი დაჰნათოდა.
გააჟრჟოლა.
მოტოციკლეტისტიც ასე ღრუბლად იქცა.
„იარაღიო“, – ქრეიგმა… არა, ეს იარაღი არ არის.
ცისფერი ბოთლია.
თავი მოხადეს იმის საპოვნელად, რაც ყველაზე მეტად სურდათ. ყველა უბედურმა და ტანჯულმა კაცმა, მრავალი და მრავალი წლის განმავლობაში მიაგნო და გახსნა, რომ მიეღო რაღაც, ყველაზე სანატრელი. ისე, როგორც ამ სამმა… ამიტომ გადადიოდა ბოთლი ასე სწრაფად ხელიდან ხელში. ადამიანები გაქრნენ. დარჩა მათგან მხოლოდ ალი. ციცინათელები. და ნისლი.
ბექი ბოთლს დაწვდა. ხელები უთრთოდა, თვალები კი უბრწყინავდა.
რასაც ვეძებდი, – გაიფიქრა. ბოთლი შეატრიალა. შემოატრიალა. ვარსკვლავის შუქზე გახედა, – ის, რაც ყველა მამაკაცს ნამდვილად სურს? ჩუმი სურვილი? ღრმად დამარხული იქ, სადაც არასდროს ვიხედებით? ხსნა?
სიკვდილი.
დასასრული ეჭვების, ტანჯვის, ამაოების, ნდომის, მარტოობის, შიშის… ყველაფრის ბოლო და დასასრული. ყველასთვის.
თუმცა – ყველასთვის არა.
ქრეიგი… ქრეიგი, ალბათ, ბევრად უფრო იღბლიანი ვინმე იყო. და კიდევ სხვები, მისი მსგავსნი. ვიდაც არ აწუხებდა შეკითხვები. ვინც საღამოებს ატარებდა საბილიარდოში. სვამდნენ. მრავლდებოდნენ. ზრდიდნენ პატარებს. და ეჭვიც არ ღრღნიდათ. მათთვის ცხოვრება მშვენიერი იყო. ასეთი იყო ქრეიგი. და – მისნაირნი. ბედნიერნი. მტკიცენი მრწამსით და მომავლის რწმენით. როგორც რკინა და ქვა ჭმუნვით შეპყრობილთა შორის. მათაც მოუწევთ სიკვდილი. მაგრამ – ბუნებრივი. მომავალში.
ბექმა ხელახლა გახედა ბოთლს. როგორი სადაა, – ფიქრობდა, – და უეჭველი. რაც ყოველთვის მინდოდა. ეს და სხვა არაფერი.
არაფერი.
სიფრიფანა მინის ბოთლი, ცისფერი ვარსკვლავის შუქზე. ბექმა მოიყუდა. ცისფერი ბოთლიდან ჰაერი ფილტვებში ჩაეღვარა.
ესეც ასე, – გაიფიქრა.
სიმშვიდე იგრძნო. საამო სიცივე და საამო სითბო. ვარსკვლავებს შორის დაეშვა თავქვე. შეცურა ცისფერ ღვინოში და თეთრ ღვინოში და შავ ღვინოში. სანთელივით წვრილი ალი აცეკვდა მის მკერდში და სადღაც სიღრმეში ზანტად დატრიალდა ცეცხლის ბორბლები. იგრძნო, როგორ დაკარგა ხელები. იგრძნო, როგორ დაკარგა ფეხები. ღიტინი იგრძნო სხეულში და გაეცინა. თვალები დახუჭა და იცინოდა. და იცინოდა.
ძალიან ბედნიერი იყო. პირველად – ცხოვრებაში.
ცისფერი ბოთლი ქვიშაზე დაეცა.
თენდებოდა. ქრეიგი მოაბიჯებდა. სტვენით. მარტო იყო. დაინახა ცისფერი ბოთლი თეთრ ქვიშაზე გაწოლილი, ალიონის მზის მკრთალ შუქზე. აიღო და სიჩუმე, თითქოს, აჩურჩულდა. ცეცხლოვანი ჩურჩულით. მრავალი ნარინჯისფერი და წითელი და იისფერი ციცინათელა აციმციმდა და გაიფანტა ჰაერში. გაქრა.
კვლავ დუმილი ჩამოწვა.
– ჯანდაბა… – ქრეიგმა შეუძახა უახლოეს მკვდარ ქალაქს, – ჰეი, ბექ!
კოშკი შეტორტმანდა და ჩამოიფშვნა.
– ბექ, შენი განძი ვიპოვე, მოდი… მე არ მინდა. მოდი, აიღე!
…მოდი, აიღე… – უთხრა ექომ. და კიდევ ერთი შენობა ჩამოიქცა.
ქრეიგი ამაოდ ელოდა.
– სახალისოა, – თქვა მან, – ბოთლი უპატრონოდ გდია, ბექი კი არსად ჩანს, რომ აიღოს.
ქრეიგმა ბოთლი შეანჯღრია.
ბუყბუყი შემოესმა.
– ჰეჰე! როგორც ამასწინ – ისევ ბურბონით არის სავსე!
გახსნა, დალია და პირი მოიწმინდა. კორპი კვლავ თავის ადგილას მოარგო და უხეშად ჩააჭირა.
მთელი ეს აურზაური ბურბონისთვის, – ფიქრობდა, – ჩამოვჯდები აქ და დაველოდები ბექს. მივცე მისი წყეული ბოთლი… მანამ კი ერთსაც დავლევ, ამისთვის არვინ გამკიცხავს.
სხვა ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მხოლოდ სითხე იღვრებოდა ყელში.
ცისფერი ბოთლი ელავდა მზის შუქზე.
ქრეიგმა შეათვალიერა. გულიანად გაიცინა და გემრიელად მოსვა ისევ.
©Ray Bradbury – The Blue Bottle. Planet Stories, Fall 1950
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___