რობერთ შექლი
ედსელს მოთმინების ფიალა გადავსებოდა. ასეთ დროს, ჯობდა, არ დანახვებოდი. ცხელ გულზე, შეიძლება, მოეკლა ვიღაც. ის, ფარქი და ფაქსონი მესამე კვირაა დაეხეტებოდნენ ამ ღვთისგან მიტოვებულ მიწაზე. ერთიმეორის მიყოლებით გათხარეს ყველა ნამარხი და მიწაყრილი, რაც გზად შემოხვდათ, წელში გაწყდნენ. მაგრამ ფასეული ვერაფერი ნახეს. ყოველი დღე წინაზე გრილი[*] იყო. მარსის ზაფხული თვალსა და ხელს შუა დნებოდა და მასთან ერთად – ედსელის ნერვებიც. მშვიდი არც სხვა დროს ეთქმოდა. სულ სხვა იყო ფაქსონი. მუდამ მხიარული. ოცნებობდა, როგორ სარფიანად გაყიდდნენ იმ იარაღს, მარსიდან რომ ჩაიტანდნენ დედამიწაზე. ფარქი, სამეულიდან ყველაზე უშფოთველი, მუშაობდა დინჯად და თუ არ კითხავდი რამეს, ძნელად თუ გაგაგონებდა ხმას.
ედსელი კი ზღვარზე იყო. გათხარეს კიდევ ერთი ბორცვი და – ისევ არაფერი. კაშკაშა მზე დაადგათ თავს და ერთბაშად ვარსკვლავებიც გამოჩნდა უცხოდ ცისფერ ცაზე. შუადღე გადასულიყო. ედსელს სიცივემ დაკრა. დაუარა სახსრებში. და – კუნთებში.
ამ დროს იყო, ფარქის მოკვლა რომ გადაწყვიტა. ეს აზრი ანაზდად ამოუტივტივდა. სიტყვაძუნწი კაცი დედამიწაზეც არ მოსწონდა და აქ – უკვე ყელზე იყო მომდგარი… განა, ფაქსონი ეხატებოდა გულზე, მაგრამ ფარქი მაინც სხვა იყო.
შეჩერდა.
– თუ იცი, სად მივდივართ? – ჰკითხა ფარქს ხმადაბლა.
ფარქმა დაუდევრად აიჩეჩა გამხდარი მხრები. ფერმკრთალ, თხელ სახეზე წარბი არ შეტოკებია.
– არ იცი? – ისევ ჰკითხა ედსელმა.
ფარქმა კი ისევ მხრები აიჩეჩა.
ტყვია თავში, – გადაწყვიტა მაშინ ედსელმა და ხელით იარაღის ტარი მოსინჯა.
ფაქსონმა შენიშნა.
– კმარა, ედსელ! – მათ შორის ჩადგა, – ოღონდ ახლა ნუ გააფრენ! იფიქრე იმ ფულზე, რასაც ვიშოვით, როგორც კი იარაღს მივაგნებთ, – უთხრა და, ჩვეულებისამებრ, თვალები გაუბრწყინდა, – სადღაც აქ არის, ედსელ, ეგებ – სულაც იმ ბორცვის ქვეშ.
ედსელი ფარქს მიაშტერდა. ყოყმანობდა მაინც. არაფერი სურდა ახლა იმაზე მეტად, ვიდრე მისი მოკვლა… დედამიწაზე გეგმებს რომ აწყობდნენ, რა იცოდა მაშინ… არ უფიქრია – იოლი საქმე ჩანდა. მას ჰქონდა რუკა, სადაც იდუმალი მარსული იარაღის საწყობი იყო დატანილი. ფარქს მარსული დამწერლობის წაკითხვა შეეძლო, ფაქსონს კი – ექსპედიციის დაფინანსება. ადგნენ და შეამხანაგდნენ. ედსელს ეგონა, მარსზე დაშვება, საჭირო ბორცვამდე მისვლა და… ეგ იყო სულ.
მაგრამ ედსელი აქამდე არასდროს ყოფილა სხვა პლანეტაზე. არც რამდენიმე კვირიანი წანწალისთვის იყო მზად, არც – მოულოდნელი სიცივისთვის. კონცენტრირებული საკვების ულუფა არ ყოფნიდა, გაუხშოებული ჰაერისგან კი თავბრუ ესხმოდა. კიდევ ის ჯაფა, რის გამოც უკვე კუნთები სტკიოდა – მარსის მიწა ბევრად იმაზე გაქვავებული იყო, ეკლნარი კი – ბევრად გაუვალი, ვიდრე ელოდა.
ფაქსონის რჩევამ გაჭრა. აბეზარი ფიქრი მოიშორა და იმაზე დაფიქრდა ახლა, რა ფასს გადაუხდიდა მთავრობა, თუკი ამ არაკადქცეულ საწყობს მიაკვლევდნენ.
– ბოდიში, ფარქ, – უთხრა ედსელმა, – სულ ამ წყეული ადგილის ბრალია… ჭკუაზე გადავყავარ. დაივიწყე!
ფარქმა თავი დაუქნია და გზა განაგრძო. ფაქსონმა კი შვებით ამოისუნთქა.
მიაბიჯებდნენ.
ბოლოს და ბოლოს, – ფიქრობდა ედსელი, – მათ მოკვლას წინ რა უდგას… ნებისმიერ დროს შემიძლია.
ზუსტად იმ დროს, როდესაც ედსელს კვლავ გაელია მოთმინება და თავი კბილებით ეჭირა, მიადგნენ გორაკს. უცნაური, დიდი გორაკი იყო. ისეთი – როგორც რუკაზე. იოლად იცნეს. რამდენიმე სანტიმეტრი მტვრის ფენა გადახვეტეს და კარიც გამოჩნდა.
– საკეტს მე მივხედავ, – ედსელმა შაშხანა მოიმარჯვა, მაგრამ ფარქმა არ აცალა, აუქცია გვერდი, სახელურს მოეჭიდა, გადაატრიალა და გამოაღო.
გამოჩნდა უზარმაზარი ოთახი. და იქ მწკრივ-მწკრივად ნაირ-ნაირი იარაღი მარსიდან. გამქრალი ცივილიზაციის დაკარგული არტეფაქტები.
რამდენიმე წუთი იდგნენ და მონუსხულნი შეჰყურებდნენ. მიაგნეს განძს, რომლის პოვნის იმედიც ადამიანებმა კარგა ხნის წინ დაკარგეს თითქმის. მას შემდეგ, რაც გაჩხრიკეს ქალაქების ნანგრევები. ველები და დაბლობები. მიტოვებული მანქანები. სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყოები. ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშები. ლანდადქცეული ტიტანური ცივილიზაცია. დედამიწელ მეცნიერთა მიერ გაშიფრული წარწერები მოგვითხრობდნენ დიდ ომებზე, მაგრამ ვერაფერი ამოიკითხეს უცაბედად და უკვალოდ გამქრალ სიცოცხლეზე. რამდენიმე ათასი წლის წინ მარსელები გაწყდნენ. გაწყდა ყველა ცოცხალი ორგანიზმი. ერთბაშად დადუმდა ყველა მატიანე.
მარსული იარაღის კვალიც წაიშალა.
მაგრამ ედსელმა იცოდა, რომ ეს იარაღი სადღაც იყო დამარხული. და ამ იარაღის ტოლი არაფერი იყო. არც – მისი ფასი.
მღვიმეში შევიდნენ. ედსელმა მოუთმენლად აიღო პირველი, რაც ხელში მოხვდა. 45 კალიბრიან პისტოლეტს გავდა, მაგრამ – უფრო დიდი ზომისას. კარისკენ მიტრიალდა, ბუჩქს დაუმიზნა გარეთ.
– არ ისროლო! – შესძახა ფაქსონმა, – არ აგიფეთქდეს ან, რა ვიცი კიდევ… მოდი, მთავრობის ხალხმა გამოსცადოს, როცა ფულს გადაგვიხდიან.
ედსელმა სასხლეტს გამოკრა. ბუჩქი, ოციოდ მეტრის მოშორებით, წითლად განათდა და ჩაიფერფლა.
– გამოდგება! – თქვა ედსელმა და იარაღი მის ადგილას დადო. ახალს დაწვდა.
– გთხოვ, ედსელ, – ფაქსონი შიშით ადევნებდა თვალს, – არაა საჭირო… ბირთვული ბომბი არ ააფეთქო ან – რამე მსგავსი…
– მოკეტე! – ედსელმა ყურადღებით შეათვალიერა იარაღი. ჩახმახს ეძებდა.
– აღარ ისროლო, – ფაქსონმა დასახმარებლად ფარქს გახედა, მაგრამ ის ჩვეული დუმილით იდგა. აუღელვებლად.
– შეიძლება, აქ არის დამარხული რაღაც, რამაც მარსული რასა გაანადგურა… – შეევედრა ისევ ფარქი, – მისი ამოქმედება ხომ არ გსურს?
ედსელმა გაისროლა და სადღაც შორს გავარვარებული, მოგიზგიზე, ელვარე ბურთი გაჩნდა.
– კარგია! – სხვა აიღო, ჯოხს რომ ჰგავდა. დაღლაც გადაავიწყდა და სიცივეც – ბედნიერი იყო, როგორც ბავშვი, საშობაო სათამაშოებით სავსე ყუთთან.
– საქმეს მივხედოთ, – თქვა ფაქსონმა.
– რა საქმეს? – ედსელი ერთ ბრჭყვიალა იარაღს დაწვდა, რომელიც დაიკლაკნა და მოხერხებულად შემოერაგა მის მაჯასა და ხელს.
– დავბრუნდეთ ნავსადგურში, – უთხრა ფაქსონმა, – და გავყიდოთ რასაც მივაგენით, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ვფიქრობ, მთავრობა ნებისმიერ ფასს გადაგვიხდის… მილიარდებს.
– გადავიფიქრე, – თქვა ედსელმა, – თან ფარქს აადევნა მზერა, რომელიც იარაღის რიგებს შორის დადიოდა, მაგრამ ისე ფრთხილად, რომ ერთსაც არ შეხებია.
– მისმინე, ედსელ, – უთხრა ფაქსონმა, – ეს ექსპედიცია მე დავაფინანსე. რასაც მივაგნებდით, უნდა გაგვეყიდა… ეს იყო გეგმა. და მე უფლება მაქვს…
და დაინახა ლულა, რომელსაც მისი მუცელი ამოეღო მიზანში.
– რას აკეთებ? – გაებზარა ხმა. თან სცადა, იარაღისთვის აერიდებინა თვალი.
– გაყიდვის დედაც! – ედსელმა უკან გადადგა ნაბიჯი და კედელს მიეყრდნო. აქედან ორივეს კარგად ხედავდა, – ვფიქრობ, მე უკეთ გამოვიყენებ ამ ყველაფერს. ყურებამდე გაიბადრა. თან ფაქსონსა და ფარქს უყურებდა, – ეს იარაღი ერთი კარგი რაზმეულისთვის გვეყოფა. ცენტრალური ამერიკის რომელიმე მთავრობას გადავაყირავებთ და ძალაუფლებას ავიღებთ… სიცოცხლის ბოლომდე და კიდევ – რამდენი ხანიც მოგვესურვება.
– შენი ნებაა, – თქვა ფაქსონმა თან ედსელის იარაღს მიაშტერდა, – მე ხელს არ შეგიშლით… ამ საქმეში მონაწილეობა არ მსურს…
– კარგი, – მშვიდად უთხრა ედსელმა.
– ჩემზე ნუ ღელავ, ხმას არ ამოვიღებ… – სწრაფად დაამატა, – მაგრამ სროლა და მკვლელობები ჩემი საქმე არაა… მაინც ვერაფერში გამოგადგებით… ახლა დაგემშვიდობებით და წავალ…
– როგორც იტყვი, – თავი დაუქნია ედსელმა. ფარქი იდგა მშვიდად და საგულდაგულოდ ათვალიერებდა საკუთარ ფრჩხილებს.
– სამეფო რომ გექნებათ, გესტუმრებით, – ფაქსონმა გაღიმება სცადა. ცალყბად, – ეგებ… ისა… ჰერცოგობა მიბოძო ან რამე…
– კარგი აზრია.
– აბა, წარმატებები… – ფაქსონმა ხელი დაუქნია და კარისკენ გაემართა.
ედსელმა ექვსიოდ ნაბიჯი აცალა. შემდეგ ახალი იარაღი დაუმიზნა და გამოკრა.
არც ხმა გავარდნილა ლულიდან, არც – ალი, მაგრამ ფაქსონს მკლავი მოწყდა. ედსელმა მეორეც მიაყოლა და ისედაც ჩია ტანის ფოქსონი შუაზე გახლიჩა. მიწაზეც კარგა გვარიანი თხრილი გაჩნდა.
უცებ ედსელს გაახსენდა, რომ ამ გართობაში ფარქი თვალთახედვის მიღმა დარჩა. სადღაც – ზურგსუკან. საკმარისი იყო, იარაღი აეღო და… მეყსეულად შეტრიალდა, მაგრამ ფარქი ისევ იქ იდგა, გაუნძრევლად. მხოლოდ ფრჩხილების თვალიერება მოემთავრებინა და ხელები ახლა მკერდზე შემოეწყო.
– ეს სხივი, ალბათ, ყველაფერს გაჭრის, – უთხრა, – კარგი რამე ჩანს.
ედსელი დამშვიდდა.
ნახევარი საათი სხვადასხვა იარაღით დარბოდა წინ და უკან. ცდიდა. ფარქს ამ ამბავში მონაწილეობა არ მიუღია, ყურადღებით კი უცქერდა. ძველი მარსული იარაღი ახალივით იყო. მოვლილი და გამართული. ათასობით წელი უსაქმოდ დება არც დატყობია. რა გინდა, სულო და გულო: ასაფეთქებელი, სითბური, რადიაციული. საოცრად კომპაქტური და მოხერხებული. ზოგი ყინავდა, ზოგო წვავდა. ზოგი ჭრიდა, ამსხვრევდა, შლიდა… საოცარი მრავალფეროვნება და მხოლოდ ერთი მიზანი – სიცოცხლის მოსპობა.
ერთი უცნაური, სამლულიანი თოფის გამოცდას აპირებდა, როდესაც ფარქის ხმა შემოესმა.
– მოდი, ეს ვცადოთ.
– არ მცალია, – ჩაიბურტყუნა.
– დაანებე თავი მაგ სათამაშოებს. ნამდვილი რაღაც ვნახე.
ედსელმა თავი აწია და გახედა.
ფარქი ბორბლებიანი შავი მანქანის მახლობლად იდგა.
ერთად გამოაგორეს გარეთ. ფარქი უყურებდა, სანამ ედსელი მართვის ბერკეტს წაეტანს. ჩუმი შიშინი შემოესმათ. მანქანამ ლურჯი ნისლი გამოაფრქვია. ედსელმა ბერკეტი კიდევ მეტად გადმოწია. გაფართოვდა ნისლიც. მალე ორივენი მასში გაეხვივნენ.
– ესროლე, აბა, – უთხრა ფარქმა.
ედსელმა აიღო იარაღი, რაც ხელში მოხვდა და ესროლა, გავარდა ალი, რომელიც ბურუსმა შთანთქა, ვითომც – არაფერიაო. სხვა იარაღებიც გამოსცადეს. შედეგი – უცვლელი.
– ბირთვულ დარტყმასაც გაუძლებს, – ჩუმად თქვა ფარქმა, – დამცავი ფარია.
ედსელმა გამორთო და საწყობში დაბრუნდნენ ისევ. ამასობაში მზეც გადაიწურა და მღვიმეში გვარიანად ჩამობნელდა.
– იცი, ფარქ, – უთხრა ედსელმა, – ჯიგარი ყოფილხარ… შევცდი.
– მადლობა, – უთხრა ფარქმა, თან იარაღის მარაგს ათვალიერებდა.
– ფაქსონის ამბავზე რას ფიქრობ?.. ხომ არ ბრაზობ, რომ მოვკალი… ეგრევე ჩაგვიშვებდა.
– კი, გეთანხმები.
– რომ ვესროლე, მივხვდი, კარგი ტიპი ხარ… შეგეძლო, შენც გესროლა მაშინ… ჩემთვის, – აღარ უთქვამს, რომ თავად სწორედ ასე მოიქცეოდა.
ფარქმა მხოლოდ მხრები აიწურა.
– გინდა, სამეფოს ამბავსაც ერთად მივხედოთ? – ჰკითხა ედსელმა ღიმილით, – კარგად ვუგებთ ერთმანეთს… რომელიმე ლამაზი ქვეყანა ვნახოთ და – შევუბეროთ… დროსტარება და მაგარი გოგოები… რას იტყვი?
– რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ფარქმა, – შენთან ვარ.
ედსელმა გაუცინა და მხიარულად დარა მხარზე ხელი. ამის შემდეგ იარაღის რიგს გაყვნენ.
– ეს ყველა ერთმანეთის მსგავსია, – თქვა ფარქმა, როდესაც ბოლოში გავიდნენ. ერთიმეორის ვარიაცია.
მაგრამ ოთახის ბოლოს კიდევ ერთი კარი დახვდათ. მარსულად ეწერა რაღაც.
– რაო? რა მიაჯღაბნეს? – ჰკითხა ედსელმა.
– რაღაც საბოლოო იარაღიო… – უთხრა ფარქმა და ნატიფ ასოებს თითი გააყოლა, – გვაფრთხილებენ, არ შეხვიდეთო…
კარი გამოაღო და ორთავემ შეაბიჯა.
სახტად დარჩნენ.
ეს დარბაზი წინაზე სამჯერ დიდი აღმოჩნდა. სავსე იყო ჯარისკაცებით. მწკრივებად იდგნენ. მორთულ-მოკაზმულ მუნდირებში. სრული სამხედრო აღჭურვილობით.
გახევებულნი.
ქანდაკებებს ჰგავდნენ.
კართან მაგიდა იდგა და ზედ – სამი ნივთი. მჯიღისხელა სფერო ციფერბლატით. მანათობელი ჩაფხუტი. და მარსულწარწერიანი პატარა ზომის შავი ყუთი.
– სამარხია? – ჩურჩულით ჰკითხა ედსელმა და რიდით შეხედა მარსელი ჯარისკაცების არაამქვეყნიურად ძლევამოსილ სახეებს.
ფარქს არ უპასუხია.
ედსელი მაგიდასთან მივიდა და სფეროს დაწვდა. ფრთხილად გადაუსვა ციფერბლატს ხელი. ერთიანს დააწვა.
– რას ფიქრობ, რა უნდა იყოს? ჰითხა ფარქს, – ეგებ…
ორთავემ ძრწოლვით დაიხია უკან. ჯარისკაცები შეტორტმანდნენ, მაგრამ წამით. უმალ გაიმართნენ წელში და გახევდნენ ისევ… ოღონდ ქანდაკებებს აღარ გავდნენ. მარსელთა უხსოვარდროინდელი არმია გაცოცხლდა.
თითქოს ამის დასტურადო, ერთმა მათგანმა, ვერცხლისფრით გაწყობილ იასამნისფერ კოხტა მუნდირში, წინ წადგა ფეხი, მწკრივი დატოვა და ედსელს ქედი მოუხარა.
– თქვენი ჯარი მზად არის, ბატონო.
ედსელს განცვიფრებისგან ენა ჩაუვარდა.
– ცოცხლები ხართ?.. როგორ?.. ათასობით წლის შემდეგ?! – ჰკითხა ფარქმა, – მარსელები ხართ?’
– ჩვენ ვართ მარსელების მსახურნი.
ფარქმა შენიშნა, რომ ჯარისკაცი ტუჩებს არ ამოძრავებდა, ტელეპატი იყო.
– სინთეტიკურები ვართ, ბატონო.
– ვის ემორჩილებით? – ჰკითხა ისევ ფარქმა.
– აქტივატორს, ბატონო.
ის ედსელს მიმართავდა და სფეროს ედსელის ხელში.
– ჩვენ არ გვჭირდება კვება და დასვენება. ჩვენ გვსურს მხოლოდ გემსახუროთ და ვიბრძოლოთ.
მწკრივში დარჩენილმა ჯარისკაცებმა დასტურის ნიშნად დახარეს თავები.
– გაგვიძეხით საომრად, ბატონო!
– აბა, რას ვიზამ! – როგორც იქნა ხმა ამოიღო ედსელმაც, – ისეთ ომებში წაგიძღვებით… ეჭვიც არ შეგეპაროთ!
ჯარისკაცებმა სამჯერ შესძახეს ვაშა.
ედსელმა კბილები დაკრიჭა და ამაყად გახედა ფარქს.
– სხვა ციფრები რიღასია? – ჰკითხა, მაგრამ ჯარისკაცი დუმდა. ამ კითხვაზე პასუხი, ჩანს, მისი ცოდნის მიღმა იყო.
– სხვა სინთეტიკურ ჯარისკაცებს გააცოცხლებს… სხვა დარბაზებიც იქნება მიწისქვეშ, – ივარაუდა ფარქმა.
– ძმაო! მე შენ გაგიძღვები ბრძოლაში! – რიხით შეჰყვირა ედსელმა.
და ჯარისკაცებმა ისევ დასჭექეს ვაშა.
– დააძინე ახლა და მოდი, სამოქმედო გეგმა შევადგინოთ… – უთხრა ფარქმა.
ედსელი ჯერკიდევ ბედნიერების ძილ-ბურანში იყო. სფეროზე ჩამრთველი ძველ მდგომაროებაში დააბრუნა. ჯარისკაცები კვლავ გაქანდაკდნენ.
– გავიდეთ გარეთ.
– ჰო, გავიდეთ.
– ესენი წამოიღე.
ედსელმა აიღო სფერო, ჩაფხუტი, შავი ყუთი და ფარქს გაჰყვა გარეთ.
მზე თითქმის სრულად მიფარებოდა თვალს. წითელ მიწას თალხი ჩრდილი გადაეფარა. ძალიან ციოდა, მაგრამ ვერცერთმა შენიშნა.
– გაიგე, რა თქვეს, ფარქ?.. მითხრეს, რომ მათი მხედართმთავარი ვარ! ასეთი ჯარის სათავეში…
გაეცინა. კი, ასეთი ჯარით, ამ იარაღით წინ ვერვინ დაუდგება. ახლა უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ დაითრევდა მის სამეფოს, მაგარი გოგოებით და იგრიალებდა სიცოცხლის ბოლომდე…
– დიახ, მე გენერალი ვარ! – შესძახა ედსელმა და ჩაფხუტი თავზე ჩამოიცვა, – თუ მიხდება, ფარქ? არ ვგავარ, განა…
გაჩუმდა. ყურებში რაღაც ხმა ჩაესმოდა… ჩურჩული… ვიღაც ბუზღუნებდა… რაო, რა მინდაო? ყური მიუგდო…
ეს რა იდიოტია… მეწვრილმანე კაცის უბადრუკი ოცნებები პატარა სამეფოზე… მსგავსი ძალაუფლება გენიალური ადამიანისთვისაა შექმნილი, ადამიანისთვის, ვისაც ისტორიის ჩარხის დატრიალება შეუძლია… ჩემთვის!
– ვინ ლაპარაკობს? ეს შენა ხარ, ფარქ?!
ედსელი ახლაღა მიხვდა, რომ ჩაფხუტში სხვისი ფიქრების კითხვა შეეძლო. მაგრამ იმის გააზრება კი ვერ მოასწრო, თუ რა შესაძლებლობები მისცა ამ ამბავმა.
ფარქმა ესროლა ზურგში იმ პისტოლეტიდან, რომელიც სულ თან ჰქონდა.
სამეფოო… ბუტბუტებდა თავისთვის ფარქი. თან ჩაფხუტს დაწვდა და მოირგო, – მთელი მსოფლიო ფერხთით, ის კი – სამეფოო… იდიოტი!
გამოქვაბულს გახედა.
– ამ ჯარით და შეიარაღებით მთელ მსოფლიოს დავიპყრობ, – თქვა მშვიდად. ისე, როგორც უკვე მომხდარ ამბავზე ჰყვებიან ხოლმე. და მღვიმისკენ წავიდა, ჯარისკაცების გასაცოცხლებლად. წამით შეჩერდა მხოლოდ, რომ შავი ყუთი აეღო.
ზედ ეწერა მარსულად: “საბოლოო იარაღი”.
ნეტავ, რა უნდა იყოს? – ჰკითხა საკუთარ თავს. მოთმინებით ელოდა, სანამ ედსელი ყველა სხვა იარაღის გამოცდიდა… ცუდია რომ ეს ბოლო არ გამოსცადა… ცხადია, რაც არ უნდა იყოს, ეს არაფრად სჭირდება – ისედაც საკმარისზე მეტი იარაღი აქვს… მაგრამ… ურიგო არ იქნებოდა… შეიძლება, ამ რაღაცამ საქმე გაუადვილოს… ტყუილად არ იტყოდნენ ‘საბოლოოს“… კარგი, ვნახოთ ერთი, რას შეარქვეს მარსელებმა „საბოლოო იარაღი“, – უთხრა საკუთარ თავს და ხუფი ახადა.
იქედან ორთქლი ამოვიდა და ფარქმა სასწრაფოდ მოისროლა ყუთი. მომწამლავ გაზს ჰგავდა.
მაგრამ რაღაც სხვა იყო. ორთქლი პატარ-პატარა გუნდებად გაიშალა და ერთხანს ასე დაეკიდა ჰაერში, შემდეგ მოკრება დაიწყო, შეერთდა, გაიზარდა და უზარმაზარ თეთრ ღრუბლად გამოეკიდა ჰაერში. თუმცა… ფარქი დააკვირდა და – ღრუბელი კიარა, უზარმაზარი პირი იყო. და ორი დაჭყეტილი თვალი.
– ჰო, ჰო, ჰო, – შესძახა პირმა, – პროტოპლაზმა! – და ედსელის სხეულთან მიცურდა.
ფარქმა შაშხანა ასწია ფრთხილად და დაუმიზნა.
– მშვიდი პროტოპლაზმა, – თქვა პირმა და ედსელის სხეული დაყნოსა, – მიყვარს მშვიდი პროტოპლაზმა.
გადაყლაპა. ერთ ლუკმადაც არ ეყო.
ფარქმა გაისროლა. სამი მეტრი დიამეტრის ორმო გაჩნდა მიწაში. გიგანტური პირი კი მხოლოდ გვერდით გაცურდა ოდნავ. თან ხითხითებდა.
– რამდენი ხანი ველოდი, – თქვა.
ფარქმა ნერვები მოთოკა. ცივი გონება ერთადერთი ხსნა იყო ახლა. მივიდა იმ ბორბლებიან მანქანასთან და მშვიდად ჩამოსწია ბერკეტი. დამცავი ფარი შექმნა. თავად ლურჯ კვამლში შეიმალა.
მაგრამ პირმაც შემოცურა ნისლში, ისე, რომ ხითხითს ვერ იკავებდა.
ფარქმა იარაღი აიღო. ედსელმა რომ ფაქსონზე გამოსცადა. იგრძნო, როგორ მოხერხებულად შემოეკლაკნა. მკლავზე მოერგო. დაუმიზნა და ესროლა.
პირი არც შერხეულა.
– მოკვდი! – შეჰყვირა ფარქმა, – მოკვდი! – ახლა კი უმტყუნა თავდაჯერებამ.
პირი მოუახლოვდა. მთლად ღიმილად ქცეული.
– მიყვარს მშვიდი პროტოპლაზმა, – უთხრა და ფარქი გადასანსლა, – მაგრამ მე აფორიაქებული პროტოპლაზმაც მიყვარს.
გამოცურდა და გაემართა თავის საქმეებზე. მადაგაღვიძებული ხარბად ათვალიერებდა გარემოს მილიონობით პროტოპლაზმის ძიებაში.
ისე, როგორც მრავალი ათასი წლის წინ.
©Robert Sheckley – The Last Weapon. Star Science Fiction Stories No.1, 1953
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(*)ზაფხულში დღის ტემპერატურა მარსზე +20 გრადუსია, ღამით კი -70 გრადუსი ყინვა.
___
მთარგმნელის კომენტარი:
მოთხრობის სათაური ლათინური გამოთქმის “Ultima Ratio Regum” (მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი) ალუზიაა – ეს წარწერა ამშვენებდა ლუი XIV-ის ქვემეხებს… მაგრამ “უკანასკნელი იარაღი” მეტისმეტად სფოილერულ სათაურად მეჩვენა და ამიტომ ვთარგმნე, როგორც “საბოლოო”. თუმცა, წესით და აზრით და შინაარსით, ცხადია – უკანასკნელია.