მოთხრობამ, რომელსაც ჰემინგუეის მიაწერენ, თუმცა, დიდი ალბათობით, არ დაუწერია, მთელს მიმართულებას დაუდო სათავე. “ექვსსიტყვიანი ამბები”. ასე ჰქვია.
ჩემს თარგმანში 5 სიტყვაა, მაგრამ ორიგინალშია – 6
For sale: baby shoes, never worn.
მოთხრობა იყო თუ არა, ამაზეც კამათობდნენ, მაგრამ მიკროპროზის ყველა ნიშან-თვისება აქვს. ონლაინ Smith Magazine აქვეყნებს ამგვარი ლიტერატურული გაელვების ნიმუშებს და HarperCollins-ის შვილობილ Harper Perennial-თან ერთად წიგნებადაც გამოსცემს ხოლმე. მიკროპროზაულ ნაწარმოებებს დღეს ცალკე ჟანრული სახელიც აქვს – Flash fiction (სიტყვიდან “flash” – გაელვება) და ისე პოპულარულია, რომ ლიტერატურის ბევრი კრიტიკოსი კიდევ უფრო აქუცმაცებს. აქ არის 50 სიტყვისგან შემდგარი დრიბლი (“dribble” – წვეთა, წანწკარი), 100 სიტყვისგან შემდგარი დრაბლი (“drabble” – დალბობა), ოდესღაც 140 და დღესუკვე 280 სიტყვისგან შემდგარი თვიტერატურა (Twitter), 750 სიტყვიანი უცაბედი მოთხრობა (sudden fiction), 1000 სიტყვიანი ელვა ან უკვენახსენები ფლეში. კიდევ ამბობენ ხოლმე მიკრომოთხრობას, რომელიც მაქსიმუმ 300 სიტყვას მოიცავს. თვითერმა რაც ლიმიტი გაზარდა, თვიტერატურა თითქმის გაუთანაბრდა მიკროს. მე ხელისგულისოდენა მომწონს. 6 სიტყვა იქნება თუ ათასი – ხელისგულზე რომ დაიტევ[*] ისეთი მოთხრობაა.
ფრედრიქ ბრაუნმა ხელისგულისოდენა საიფაით სახელი გაითქვა მანამ, სანამ ეს ტრენდული გახდებოდა.
უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე ეულად იჯდა ოთახში. კარზე მიუკაკუნეს…
The last man on Earth sat alone in a room. There was a knock on the door…
ეს საიფაი-ჰორორ შედევრი პირველი და ყველაზე ცნობილია. ჟანრის კლასიკა. არაერთ საიფაი კრებულშია. პირველად ჟურნალმა Thrilling Wonder Stories გამოაქვეყნა 1948 წლის დეკემბრის ნომერში. ასევე 1949 წლის საიფაი მოთხრობების რჩეულშია (The Best Science Fiction Stories: 1949) შეტანილი. ბრაუნი მიკროპროზის კლასიკოსია. მისი ერთი საიფაი მინიატურა წინა ჯერზე ავტვირთე და სხვებიც იქნება.
***
კიდევ რამდენიმეს დავამატებ, 6-სიტყვიან წესს რომ მიჰყვება ზუსტად და სხვა ცნობილ (მეტწილად – საიფაის) ავტორებს მიაწერენ.
ჰარი ჰარისონის 6-სიტყვიანი საიფაი:
დროის მანქანა მომავალში გაემგზავრა! არვინ დახვდა იქ.
TIME MACHINE REACHES FUTURE!!! … nobody there.
დეივიდ ბირნის 6-სიტყვიანი სარჩელი:
დინოზავრები დაბრუნდნენ და მათი ნავთობიც მოგვთხოვეს.
Dinosaurs return. Want their oil back.
გრეგორი მაგუაირის 6-სიტყვიანი ფენტეზი:
ადამიანებმა ალმოდებულ ცათამბჯენებში ფრთები გამოისხეს
From torched skyscrapers, men grew wings.
ვერნორ ვინჯის 6-სიტყვიანი ეპიტაფია:
ეპიტაფია: ბრიყვი ადამიანები. ვერასდროს დააღწიეს თავი დედამიწას.
Epitaph: Foolish humans, never escaped Earth.
ეილინ განის 6-სიტყვიანი ძალიან ყოფითი საიფაი:
კომპიუტერო, ელემენტები ხომ წამოვიღეთ?.. კომპიუტერო?!
Computer, did we bring batteries? Computer?
ჯეიმზ ფათრიქ ქელის 6-სიტყვიანი სიყვარულის ამბავი:
ვაკოცეთ ერთმანეთს. ის დადნა. ტილო ხომ არ გაქვთ?
We kissed. She melted. Mop please!
ქენ მაქლეოდის 6-სიტყვიანი აპოკალიფსი:
(აზიმოვმა კი ამ ამბის მოსაყოლად იმდენი სიტყვა დახარჯა 🙂 )
მზის ენერგიაზე გადავედით. მზე ჩაქრა.
We went solar; sun went nova.
კიდევ ერთი 6-სიტყვიანი ეპიტაფია. ამჯერად – ბრაიან ჰერბერთის (გვარი თუ გეცნოთ კი – იმის შვილია):
ეპიტაფია: არ უნდა გამოეკვება.
Epitaph: He shouldn’t have fed it.
ერთს სხვა ჟანრიდან დავამატებ.
ფრენქ მილერის 6-სიტყვიანი თრილერი:
სისხლში ამოთხვრილი ხელებით ვუთხარი: “მშვიდობით”.
With bloody hands, I say good-bye.
კიდევ ერთს – კომიქსიდან.
ჩარლზ შულცის კომიქს Peanuts-ის გმირი, ბიგლის ჯიშის ძაღლი სახელად სნუფი კითხულობს ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობას” (დღეში 1 სიტყვას) და თავადაც წერს წიგნს. სნუფის წიგნი ნამდვილად სჯობს ომდამშვიდობას, თუნდაც იმით, რომ სულ 6 სიტყვაა.
ის ღამე იყო ბნელი და ქარიშხლიანი.
It was a Dark and Stormy Night.
მიუხედავად იმისა, რომ სნუფის ლიტერატურული მასწავლებელი ტოლსტოია, აშკარად ზურიკელას “ღამე არის მთვარიანი, თოვლიანი ქარიანი”-ს გავლენა იგრძნობა. 🙂
და ბოლოს – ძალიან ჩემი. გასტრონომიული.
სთივ მერეცკი:
გაფლანგული დღე. გაფლანგული სიცოცხლე. დესერტი, გთხოვთ.
Wasted day. Wasted life. Dessert, please.
©WIRED collection – Very Short Stories. 33 writers. 5 designers. 6-word science fiction.
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(*)ჩემი მოფიქრებული არაა, სამწუხაროდ – “მოთხრობები ხელის გულზე” ასე დაარქვა იასუნარი კავაბატამ მინიატურების კრებულს. ქართულად იზა გოცაძემ თარგმნა პირველად. “ხელისგულისოდენა მოთხრობები”. “ნაკადული”, 1977 წელი.