ქართ ვონეგათი
ეს დღეც დადგა. იყო 2081 წელი და ყველა იყო თანასწორი. თანასწორი არამხოლოდ ღმერთისა და კანონის წინაშე. თანასწორი – ყველაფერში. თანასწორი – ყოველმხრივ. არავინ იყო სხვაზე ჭკვიანი. არავინ იყო სხვაზე ლამაზი. არავინ იყო უფრო ძლიერი სხვაზე ან უფრო სწრაფი, ვიდრე – ვინმე სხვა. ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის 211-ე, 212-ე და 213-ე შესწორებების თანახმად და განტოლების ეროვნული ბიუროს – „განერბოს“ დაუღალავი მეთვალყურეობის ქვეშ.
თუმცა, სრულყოფილების დაცვა არ არის იოლი საქმე. და აპრილის ჭინჭყლი ამინდი ძველებურად მოქმედებს ზოგიერთზე, როგორც – უწინ. იმ წლის აპრილში იყო სწორედ, ბიუროს ფედერალურმა აგენტებმა ჯორჯ და ჰეიზელ ბერჯერონების თოთხმეტი წლის ვაჟი, ჰარისონი რომ დააპატიმრეს.
ასეთი უბედურება დაატყდა მის მშობლებს თავს, მაგრამ ამაზე ხანგრძლივად დაფიქრება მათ არ შეეძლოთ. ჰეიზელის საშუალო გაქანების ინტელექტი ერთი რამე ამბის რამდენიმე წამით გაელვებას ჰყოფნიდა მხოლოდ, სანამ დაავიწყდებოდა. ჯორჯს კი, საშუალოზე ერთობ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების გასათანაბრებლად, კანონთან სრულ შესაბამისობასა და მთავრობის დადგენილებით, ყურში პაწაწკინტელა მიმღები ჰქონდა, რომელიც ოც წამში ერთხელ რამე მკივანა სიგნალს გადმოსცემდა, ჯორჯის მსგავს ხალხს მათი გონებრივი უპირატესობით უსამართლოდ რომ არ ესარგებლათ.
ამიტომ იყო, საინფორმაციო გამოშვების დროს, ცრემლი კი ჩამოუგორდა ჰეიზელს ლოყებზე, მაგრამ უცებვე გადაავიწყდა, რა მოისმინა.
ტელევიზორში უკვე ბალერინები ცეკვავდნენ.
ჯორჯს ზუზუნი ჩაესმა და ბასრად გაუარა ტვინში. ფიქრები მიმოეფანტა, როგორც ბანკის მძარცველები განგაშის სიგნალის დროს.
– ლამაზი იყო… რა კარგად შეასრულეს, – უთხრა ჰეიზელმა.
– რა თქვი?
– ცეკვა-მეთქი… ძალიან კარგი იყო.
– ჰო, – თქვა ჯორჯმა.
ბალერინები ნამდვილად არ იყვნენ ძალიან კარგები. ყოველ შემთხვევაში, სხვაზე უკეთესები არაფრით ყოფილან. ჯაჭვებითა და ტყვიის ბურთულებით სავსე ტომრებით შებოჭილნი, ცეკვავდნენ, როგორც შეეძლოთ. სახეებს ნიღბები უფარავდათ – ვერც ფეხის მოხდენილ შერხევას დაინახავდი და ვერც – ლამაზ სახეს, ფუჭი შური რომ არ აღეძრათ მაყურებელში. ჯორჯი გაიტაცა ფიქრმა – ეგებ ჯობს, მოცეკვავეს ჰქონდეს თავისუფლად მოძრაობის ნება, მაგრამ უცაბედმა გამყინავმა ხმამ ყურში ეს აზრიც ბინდად აქცია.
და გააჟრჟოლა. ისე, როგორც იმ რვა ბალერინიდან – ორს.
ჰეიზელმა, ვისაც გონებრივი გამთანაბრებელი არ სჭირდებოდა, ჰკითხა, თუ რას ჰგავდა ეს ბოლო ხმა. ასე იქცეოდა ყოველთვის.
– თითქოს, რძის ბოთლი დაამსხვრიეს უროთი, – მშვიდად უპასუხა ჯორჯმა.
– სახალისოა, ალბათ, ყოველ ჯერზე ახალი ხმის გაგონება… – თქვა ბეწვისოდენა შურით, – ნეტავ, კიდევ რას მოიგონებენ…
– ჰმ, – ჩაიბურტყუნა ჯორჯმა.
– მაგრამ მე რომ „განერბოს“ დირექტორი ვიყო, იცი, რას ვიზამდი? – განაგრძო ჰეიზელმა. ის მართლაც ძალიან ჩამოგავდა იერით დაიანა მუნ გლემფერსს, განტოლების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს, – აი, მე რომ დაიანა მუნ გლემფერსი ვიყო, კვირაობით მხოლოდ ზარების რეკვას გადმოვცემდი… უფლის სადიდებლად.
– მხოლოდ ზარი თუ იქნა, ფიქრს შევძლებ, – თავი გაიქნია ჯორჯმა.
– მაშინ, უფრო ავუწევდი ხმას… ხომ შევძლებდი „განერბოს“ მართვას? – ჰკითხა ჰეიზელმა.
– ისე, როგორც ნებისმიერი სხვა, – უპასუხა ჯორჯმა.
– განა, ვინ იცის ჩემზე უკეთ, თუ რა არის ნორმა? – ისევ ჰკითხა ჰეიზელმა.
– მართალი ხარ, – უთხრა ჯორჯმა.
გაახსენდა მისი არანორმალური შვილი, ჰარისონი, ვინც ახლა ციხეში იყო, მაგრამ ოცდაერთმა ქვემეხმა ერთდროულად დაიქუხა ყურში და ყველა დარდი მაშხალებივით გაფანტა და ჩაფერფლა.
– ოჰო! – შესძახა ჰეიზელმა, – როგორ ბუთქა, არა?!
მართლაც ისე ბუთქა, რომ ჯორჯს სახეზე ფერი აღარ ედო . მთელ სხეულში კრუნჩხვამ დაურა. თვალებზე ცრემლი მოადგა. ტელევიზორში კი რვა ბალერინიდან ორი მოწყვეტით დაეცა იატაკზე. ხელისგულები საფეთქლებზე შემოეჭდოთ.
– დაღლილი ხარ, ძვირფასო, – უთხრა ჰეიზელმა ქმარს, – დივანზე წამოწექი, მაგ ტომრის ქვეშ ბალიშებს დადებ და ცოტა შვებას მოგცემს, – ბურთულებით დატვირთულ 20-კილოგრამიან ტომარაზე მიუთითა, რომელიც კისერზე ჰქონდა ჯორჯს შებნეული და ბოქლომიც ედო, – დაისვენე, მე არ მაღელვებს, ცოტა ხნით თუ ჩემი ტოლი არ იქნები.
– არ მაწუხებს სრულებით… – ჯორჯმა ტვირთი შეარხია, თითქოს აწონაო, – ვეღარც ვამჩნევ. ჩემს ნაწილად იქცა.
– მაინც ძალიან დაღლილი მეჩვენები ეს ბოლო ხანია, – ისევ გაუმეორა ჰეიზელმა, – იქნებ, რამე გზა ვნახოთ… პატარა ხვრელს თუ გავჭრით ქვემოდან, ბურთულების ამოღებას შევძლებთ… მხოლოდ – რამდენიმე ცალის.
– ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი ათასი დოლარი ჯარიმა თითოეულისთვის, – შეახსენა ჯორჯმა, – სარფიან გარიგებას ვერ დავარქმევ…
– სამსახურის შემდეგ ვამბობ… აქ ხომ არვის ეჯიბრები, უბრალოდ ზიხარ და ისვენებ.
– ჰო, მაგრამ თუ მე შევეცდები ამის გაკეთებას, სხვებსაც გაუჩნდებათ მსგავსი სურვილი… და რა გამოვა აქედან? დავბრუნდებით იმ შავბნელ წარსულში, როდესაც ყველა ერთმანეთის მეტოქე იყო… მოგწონდა ის დრო? – ჰკითხა ჯორჯმა.
– მძულდა, – თქვა ჰეიზელმა.
– მეც მანდა ვარ. როდესაც ხალხი კანონს უვლის გვერდის, რა ემართება საზოგადოებას? როგორ ფიქრობ?
ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრება ჰეიზელს მოუხდა თავად, ჯორჯი ვერაფრით დაეხმარებოდა – სწორედ იმ დროს დაკრა თავში საყვირის ხმამ.
– მგონი, ყველაფერი ჩამოიქცეოდა, – უპასუხა ჰეიზელმა.
– რა ჩამოიქცეოდა? – ჰკითხა ჯორჯმა უხალისოდ.
– საზოგადოება, – გაუბედავად თქა ჰეიზელმა, – ეგ არ მკითხე?
– ვინ იცის… – თქვა ჯორჯმა.
საბალეტო წარმოდგენა შეწყდა და ეკრანზე საგანგებო საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გამოჩნდა. რაღაცას კითხულობდა, ვერ გაიგებდი რას, რაკი მას, ყველა სხვა დიქტორის მსგავსად, მეტყველება უჭირდა. ნახევარ წუთს იწვალა ასე, თან – მეტისმეტად აღელვებულიც ჩანდა. როგორც იქნა ამოღერღა: “ქალბატონებო და ბატონებო” და ფურცელი ბალერინას მიაწოდა.
– ეგ არაფერი, – თქვა ჰეიზელმა, – მთავარია, რომ სცადა. მოახერხა, უფლის წყალობით. ამისთვის პრემია უნდა გამოუწერონ.
– ქალბატონებო და ბატონებო, – გამოაცხადა ბალერინამ. არნახულად ლამაზი უნდა ყოფილიყო, რაკი ნიღაბი, რაც ეკეთა, სიმახინჯის ერთი იყო. სხეულზე ასხმული ტვირთი კი ზორბა მამაკაცსაც ეყოფოდა – გოგონას გამორჩეული გრაციოზულობის უტყუარ ნიშნად.
ჯერ ბოდიში მოიხადა, რაკი მისი ლაპარაკი იღვრებოდა, როგორც ტკბილი, ცქრიალა სიმღერა. უსამართლოდ არათანასწორი ხმა ჰქონდა.
– მაპატიეთ, – თქვა და ხელახლა დაიწყო კითხვა. ცდილობდა, ხმაში ხან კივილი, ხან ხროტინი გამორეოდა – ჰარისონ ბერჯერონი, თოთხმეტი წლისა, რომელიც ეჭვმიტანილია მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულების მომზადებაში, ეს წუთია, გაიქცა ციხიდან, სადაც იყო დაკავებული. ის არის გენიოსი და სპორტსმენი და შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონეა, რის გამოც მიჩნეულია უკიდურესად საშიშად.
ტელეეკრანზე ჰარისონის ფოტო გამოიტანეს საპოლიციო კართოტეკიდან. ჯერ – თავდაყირა, შემდეგ – გვერდულად, ისევ – თავდაყირა. ბოლოს – გაასწორეს. ფოტოზე ჰარისონი თავით ფეხებამდე გადაეღოთ. ორ მეტრზე მეტი სიმაღლის იყო.
სხვა დანარჩენი იყო ნიღბები და რკინეულობა. არავის არასოდეს დაჭირვებია გამთანაბრებლები ისეთი და იმ რაოდენობით, რაც – ჰარისონს. პატარა ყურის მიმღების ნაცვლად დიდი ყურსასმენი ეკეთა, სათვალე გადმოკარკლული შუშებით, რომელიც არამხოლოდ ნახევრად აბრმავებდა, თავის ტკივილიც გამოწერილი ჰქონდა. მთელ სხეულზე ჯართი ჰქონდა ასხმული. ჩვეულებრივ, ტვირთს თანაბრად ანაწილებდნენ ხოლმე, მაგრამ ჰარისონის შემთხვევაში, სადაც ცარიელი ადგილი ნახეს, ყველგან დაკიდეს რაღაც. მოსიარულე მაგნიტს ჰგავდა. 100 კილოზე მეტს მაინც დაათრევდა. წარბები გაეპარსათ მისთვის, კბილებზე კუპრი გადაესვათ და ცხვირზე რეზინის წითელი ბურთი ეკეთა.
– თუ სადმე დაინახავთ მას, – განაგრძო კითხვა ბალერინამ, – არავითარ შემთხვევაში, გაფრთხილებთ, არავითარ შემთხვევაში სცადოთ მასთან მსჯელობაში შესვლა…
ამ დროს კარი ყულფიდან მოწყდა და ძირს ბრაგვანი გაადინა.
ტელევიზორიდან ისმოდა ჩოჩქოლი და ყვირილი. ჰარისონ ბერჯერონის ფოტო ისე დახტოდა ეკრანზე, თითქოს მიწა იძვრისო.
ჯორჯ ბერჯერონი ზუსტად მიხვდა, ეს რა მიწისძვრაც იყო. მისი სახლიც ხტოდა და იძვროდა ხოლმე ასე, როდესაც მისი შვილი დააბიჯებდა.
– ღმერთო ჩემო, – შესძახა ჯორჯმა, – ეს ხომ ჰარისონია!
თქვა და იმავე წამს მის მიმღებში ორი ავტომობილი შეასკდა ერთმანეთს. ჯორჯის გონებაში ყველა ფიქრი თეთრად გადაიპენტა.
მაგრამ თვალები რომ გაახილა, ჰარისონის ფოტოს ნაცვლად, ტელეეკრანიდან თავად ჰარისონი იცქირებოდა. სიცოცხლით სავსე.
დახუნძლული, მასხარასავით გათხაპნილი, მოგლეჯილი კარის სახელურით ხელში. მისი სხეული თითქმის სრულად ავსებდა ეკრანს. მოცეკვავეები, მუსიკოსები, ტექნიკოსები, დიქტორები, სტუდიაში ვინც იყო ყველა მის წინაშე დაემხნენ მუხლებზე და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს.
– მე ვარ იმპერატორი! – შესძახა ჰარისონმა, – გესმით? მე ვარ იმპერატორი! ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც მე გეტყვით!
დაკრა ფეხი დაარტყა და სტუდია შეტორტმანდა.
– მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ სახიჩარი, მახინჯი, დავრდომილი, ყველაზე დიადი მმართველი ვარ, თუკი ოდესმე ყოფილა… მიყურეთ ახლა, როგორ გადავიქცევი იმად, რადაც შემიძლია ვიქცე!
ჰარისონმა, ისე, თითქოს ხელსახოცისა ყოფილიყოს, დაფლითა რკინის ბორკილები და სამაგრები და თავი დაიხსნა ტვირთისგან, რაც ასხმული ჰქონდა.
ცერა თითით გატეხა ბოქლომი, რომელიც მის თავზე შემოკრულ სალტეს ედო, მოისროლა სალტეც და სათვალე და ყურსასმენი მიანარცხა კედელს.
ბოლოს ჯამბაზის ცხვირიც მოიშორა და გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჰგავდა თორს.
– ახლა მე ავირჩევ ჩემს დედოფალს! – თქვა და დამფრთხალ ხალხს გადახედა, – პირველმა ქალმა, ვინც გაბედავს ფეხზე წამოდგომას, დაე მოითხოვოს მეუღლე და ტახტი!
არ გასულა წამი და წამოდგა ფეხზე ბალერინა. ისე ირწეოდა, როგორც ლერწამი ნიავში.
ჰარისონმა მოხსნა მიმღები ყურიდან, ტომრები – სხეულიდან და ბოლოს ნიღაბი – სახიდან.
გოგონა დამაბრმავებლად ლამაზი იყო.
ახლა ჩვენ ვაჩვენებთ ხალხს, რას ნიშნავს ნამდვილი ცეკვა… მუსიკა! – ბრძანა
მუსიკოსები თავიანთ სკამებზე აბობღდნენ და ინსტრუმენტები აიღეს. მაშინ ჰარისონმა მათაც მოხსნა, რაც რამ გამთანაბრებელი ტვირთი ჰქონდათ ასხმული.
– დაუკარით ისე, როგორც არასდროს და მე თქვენ დაგირიგებთ ბარონის, გრაფისა და ჰერცოგის ტიტულებს.
დაიწყეს დაკვრა, მაგრამ მუსიკა იყო ისეთი, როგორც – უწინ: ჩალის ფასად ღირებული, ოკრო-ბოკრო, ყალბი.
მაშინ ჰარისონმა დასტაცა ხელი ორ მუსიკოსს, აიტაცა სავარძლებიდან და, როგორც დირიჟორი იქნევს ჯოხს, ასე დაიწყო ქნევა, თან მღეროდა, როგორც საჭირო იყო.
დასვა უკან და როცა ხელახლა დაიწყეს დაკვრა, ამ ჯერზე ბევრად უკეთ გამოუვიდათ.
ჰარისონი და მისი დედოფალი ერთი პირობა გაუნძრევლად იდგნენ და გულდასმით უსმენდნენ მელოდიას. თითქოს, მათი გულის ფეთქვამ აუბა მხარი.
შემდეგ ააყოლეს ფეხიც.
ჰარისონმა ძლიერი ხელები შემოხვია გოგონას საროს წელზე და სიხარულისა და სინარნარის აფეთქებამ ისინი ჰაერში აიტაცა.
ფრთაშესხმულებმა მიატოვეს ადამიანთა დადგენილი კანონებიც და დაძლიეს მიზიდულობისა და მოძრაობის კანონიც.
ტრიალებდნენ, ფრიალებდნენ, ბზრიალებდნენ, დაქროდნენ და დაფარფატებდნენ.
როგორც ირმები ხტიან მთვარეზე.
სტუდიის ჭერი ათი მეტრი სიმაღლისა იყო და სულ მალე შესწვდებოდნენ მას.
სურდათ ეკოცნათ ჭერისთვის. აკოცეს კიდეც.
შემდეგ კი, რაკი აღარ იყო დედამიწის მიზიდულობა, იყო მხოლოდ სიყვარული და წმინდა ნება, ისინი შეჩერდნენ ჭერქვეშ და კოცნიდნენ ერთმანეთს დიდხანს. დიდხანს.
სწორედ ამ დროს შემოვიდა სტუდიაში დაიანა მუნ გლემფერსი, განტოლების ეროვნული ბიუროს დირექტორი ორლულიანი 20 მილიმეტრიანი შაშხანით ხელში. გაისროლა ორჯერ და მეფეს და დედოფალს სული იატაკამდე არ დაჰყოლიათ.
დაიანა მუნ გლემფერსმა ხელახლა გადატენა შაშხანა და ახლა მუსიკოსებს დაუმიზნა. უთხრა, რომ სულ ათი წამი ჰქონდათ, სანამ გამთანაბრებლებს აისხამდნენ უკან სხეულზე.
და აქ ბერჯერონების ტელევიზორში რაღაც სქემა გადაიწვა და ეკრანი ჩაქრა.
ჰეიზელს ამ ამბავზე რაღაცის თქმა სურდა ჯორჯისთვის, მაგრამ რომ გახედა, ჯორჯი სამზარეულოსკენ მიდიოდა ლუდისთვის.
ქილით ხელში რომ დაბრუნდა, შეჩერდა, სანამ მიმღები დაჰკივლებდა ყურში და კვლავ მის სავარძელში ჩაჯდა.
– ტიროდი, – უთხრა მან ჰეიზელს.
– კი.
– მიზეზი? – ჰკითხა.
– დამავიწყდა, – უპასუხა ჰეიზელმა, – რაღაც ძალიან სამწუხაროს გადმოსცემდნენ ტელევიზორში.
– რას? – ჰკითხა ჯორჯმა.
– ყველაფერი არეული მაქვს გონებაში… – უპასუხა ჰეიზელმა.
– დაივიწყე ცუდი ამბები, – უთხრა ჯორჯმა.
– ყოველთვის ეგრე ვიქცევი, – უთხრა ჰეიზელმა.
– ამიტომ მიყვარხარ! – უთხრა ჯორჯმა და თოფის გამაყრუებელ ხმაზე შეაჟრჟოლა.
– ოჰო… მაგრად ბუთქა! – შესძახა ჰეიზელმა.
– რა მითხარი?
– ოჰო, მაგრად ბუთქა-მეთქი.
©Kurt Vonnegut – Harrison Bergeron. The Magazine of Fantasy & Science Fiction, October 1961
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ავტორის შესახებ:
(ავტორისშესახებკიარადა, მგონი, მთელი პოსტი გამომივიდა ქართ ვონეგათზე, მაგრამ – იყოს, როგორც არის).
ქართ ვონეგათი გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალია. გამორჩეული სტილით, შავი იუმორით, საიფაის ელემენტებით, აბსურდის ჭარბი და მდიდარი ულუფით.
მე ვიყავი “Saab Cape Cod”-ის მფლობელი და მენეჯერი მასაჩუსეცის შტატის ქალაქ უესთ ბარნსთეიბლში. „სააბის“ ფირმის ავტომობილებს ვყიდდი და ჩემი კომპანია, და მასთან ერთად – მეც, გავკოტრდით 33 წლის წინ. „სააბი“ მაშინაც და ახლაც შვედური მანქანაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემი, როგორც „სააბის“ დილერის ჩაფლავება საიდუმლოს ფარდას ხდის იმ ამბავს, რომელიც, სხვა შემთხვევაში, ამოუხსნელი დარჩებოდა – რატომ არ მომანიჭეს შვედებმა ნობელის პრემია ლიტერატურაში?
როგორც ძველი ნორვეგიული ანდაზა გვასწავლის: “შვედებს აქვთ მოკლე ჭუჭუ, მაგრამ – გრძელი მახსოვრობა”.
ქართ ვონეგათი. „ჰეი, თქვენთვის მანქანა მაქვს!“. InTheseTimes, 2004 წლის 24 ნოემბერი.
სხვათაშორის, „სააბი“ მის ოფიციალურ ვებ-გვარდზე დიდი სიამაყით შეგვახსენებს, რომ ვონეგათი ერთ დროს მათ ავტომობილებს ყიდდა. 🙂
ვინც მის წერის სტილს იცნობს, ამ პატარა მოთხრობასაც „მომზადებული“ დახვდება. ვონეგათი არაჩვეულებრივი თხრობა აქვს, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად მიყვარს, ყველა იმ ავტორს შორის, ვინცკი ორიგინალში წამიკითხავს. ძუნწი. დაწურული და სხარტი. და რიტმისა და ტემპის იდეალური გრძნობა. თუ ეს თარგმანშიც ჩანს – კარგია. თუ არა, რა გაეწყობა – ვონეგათამდე ბევრი მიკლია.
ამ პატარა მოთხრობაში ბევრი ალუზიაა, ზოგი ქართველ მკითხველს არაფერს ეტყვის. მაგალითად, ჯორჯის და ჰეიზელის დიალოგი გავს ამერიკელი კომიკოსების ჯორჯ ბარნსისა და გრეის ალენის პოპულარულ ტელეშოუს. ტვირთად ასხმული რკინეულობა, ალბათ, „რკინის კაცს“ გაახსენებს ბევრს, მაგრამ რუბ გოლდბერგის ანიმაციას ეხმაურება (სთენ ლის კომიქსი დროში არ ემთხვევა – მოთხრობაზე უფრო გვიანდელია). აპრილი, როგორც თვე, როდესაც ადამიანებს „ტვინები ემღვრევათ“ (ჩვენ მარტს ვიტყვით ან – მაისს) გადაძახილია თომას ელიოთის პოემასთან „უნაყოფო მიწა“. ჰარისონი – თორი უპირისპირდება დიანას (ნადირობისა და მთვარის ქალღმერთს რომაულ მითოლოგიაში) – აქედან არის სახელი მუნ (Moon – მთვარე) და „ირმების მთვარეზე ხტომის“ ეპიზოდიც. ბიურო, რომელსაც დაიანა ხელმძღვანელობს, ცხადია, „გამოძიებათა ფედერალურ ბიუროზე“ მიანიშნებს, ვონეგათი იყენებს აბრევიატურას H-G, სადაც G ტექსტში „გენერალურია“, მაგრამ, მკვლევართა აზრით, მიანიშნებს მთავრობაზე (Government). აშშ კონსტიტუციაში სულ 27 შესწორებაა, თუმცა, პირველი 10, პრაქტიკულად, კონსტიტუციასთან ერთად მიიღეს, დანარჩენი 17 – მოგვიანებით და ცალ-ცალკე. პირველი 10 შესწორება არის ე.წ. “კანონი უფლებების შესახებ” და მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს მოიცავს. 211-ე, 212-ე და 213-ე შესწორებები ამერიკის კონსტიტუციას – ძნელად და საქართველოს პარლამენტების მიერ საქართველოს კონსტიტუციის ჭრა-კერვას კი მახსენებს. და ვონეგათი, უდავოდ, მართალია, ყველა ასეთი „გაკეთილშობილების“ შემდეგ უარეს კონსტიტუციას ვიღებთ… საერთოდ, 1921 წლისა ჯობდა ყველას. 🙂
ვონეგათი ნაწარმოების კითხვისას, „ჰარისონ ბერჯერონი“ იქნება თუ სხვა, უნდა გვახსოვდეს, რას ამბობდა თავად – „ჩემი წიგნების საიდუმლო საკმაზი ის არის, რომ ჩემს პერსონაჟებს შორის ავაზაკი არვინ არისო“… თუ ავაზაკი არ არის, ალბათ, არც კეთილი გმირია. ყოველ შემთხვევაში – უპირობოდ თეთრი და უპირობოდ შავი არ ყავს.
მინდა, ისე წერო რომ, თუ უეცრად მოკვდი, შენმა მკითხველმა შეძლოს შენს მიერ დაწყებული ამბის დასრულება.
ქართ ვონეგათი. Chicago Tribune
2019 წელს მოთხრობას „ჰარისონ ბერჯერონი“ აშშ „ლიბერტარიანულმა ფუტურისტულმა საზოგადოებამ“ დიდების დარბაზის ჯილდო მიანიჭა.
მიუხედავად მცირე ფორმატისა, ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ორი ფილმი და თეატრალური დადგმებიც არის.
თანასწორობის “სამოთხის” იდეა ახალი არაა. სხვა მწერლებთანაც ხშირად გვხვდება და – ქართ ვონეგათთანაც (ვისაც „ბერჯერონი“ არ ეყო, შემიძლია ვურჩიო „სირენები ტიტანიდან“ (The Sirens of Titan).
ჩემი საყვარელი ვონეგათი „ჩემპიონთა საუზმეა“ (Breakfast of Champions). ყველაზე ცნობილი ვონეგათი, ალბათ, „ბავშვების ჯაროსნული ლაშქრობა“ (Slaughterhouse-Five, or, The Children’s Crusade) და, რა თქმა უნდა, „კატის აკვანია“ (Cat’s Cradle) – ეს რომანი ძალიან უყვარდა მამაჩემს.
აქვს მოთხრობების რამდენიმე არაჩვეულებრივი კრებული იუმორითა და სატირით გაჟღენთილი. მეტწილად – არასაიფაია. თუმცა, ვონეგათი ერთი ჟანრის სივრცეში ვერასდროს ეტევა. ხშირად ფანტაზისტს (fantasist – ფანტაზიორი) უწოდებენ.
*
P.S.
ვითვალისწინებ მკითხველის მართებულ შენიშვნას, რომ მწერლის სახელი და გვარი ან წარმოშობის მიხედვით (გერმანულ ყაიდაზე) დავწერო ან ისე, როგორც ამერიკაში გამოთქვამენ.