აიზექ აზიმოვი
ავტორის წინასიტყვაობა
ეს ჩემი უსაყვარლესი მოთხრობაა, ყველა ჩემს მოთხრობას შორის. ვცადე, მოკლე დროში მომეყოლა კაცობრიობის რამდენიმე ტრილიონი წლის ისტორია. როგორ მოვახერხე – ეს თავად განსაჯეთ. სხვა ამოცანაც დავისახე კიდევ, მაგრამ წინასიტყვაობაში ვერ გაგიმხელთ, არ მინდა, სიუჟეტი დროზე ადრე გაგიმჟღავნოთ.
სახალისო ამბავია, ბევრმა მკითხველმა მკითხა უკვე, მე დავწერე თუ არა ეს მოთხრობა. არასდროს ახსოვთ სათაური (მხოლოდ – ბუნდოვნად) და დანამდვილებით ვერ ამბობენ ავტორი თუ ვარ (მხოლოდ – გუმანით) მაგრამ კარგად ახსოვთ თავად ამბავი, გამორჩეულად კი – დასასრული.
ჩანს, ყველა დანარჩენი ამ მოთხრობის იდეის ჩრდილში მოექცა, თვით ავტორის ჩათვლით. და ამით ნასიამოვნები ვარ. ასეც უნდა იყოს.
უკანასკნელი შეკითხვა პირველად 2061 წლის 21 მაისს დასვეს. ნახევრად მასხრობით. იმ დროს, როდესაც კაცობრიობამ პირველად შეაბიჯა ახალ ეპოქაში. კითხვა ვისკი-სოდას ჭიქებს შორის დადებულ სანაძლეოდ დაიბადა. ხუთ დოლარიან ფსონსაც ჩამოვიდნენ.
ეს ამბავი ასე მოხდა:
ალექსანდერ ადელი და ბერტრამ ლაპოვი „მულტივაკის” ამალიდან იყვნენ და, რამდენადაც კი ეს შეეძლო ადამიანს, იცოდნენ, რა შესაძლებლობები იმალებოდა ამ გიგანტური კომპიუტერის ცივი, მოციმციმე, მილაკებით დაღარული იერის უკან, კილომეტრებზე რომ გადაჭიმულიყო. ბუნდოვანი, მაგრამ რაღაც წარმოდგენა მაინც ჰქონდათ ამ რელეებსა და სქემებზე, რომელთა აგებულებას ნებისმიერი ცალკე ადამიანის წარმოსახვა ვეღარც კი წვდებოდა.
მულტივაკი იყო თვითგანვითარებადი და თვითრეგულირებადი. ეს აუცილებლობა იყო, იმიტომ რომ მისი სწრაფად განვითარებაც და სწორი რეგულირებაც, კარგა ხანია, ადამიანის შესაძლებლობებს გაცდა. ამიტომ ადელი და ლაპოვი მხოლოდ ფრთხილად და ზედაპირულად ეხმარებოდნენ ამ კიბერნეტიკულ მონსტრს, ისე, როგორც შეეძლო ადამიანს. აწვდიდნენ მონაცემებს. აზუსტებდნენ შეკითხვებს. თარგმნიდნენ გაცემულ პასუხებს. მაგრამ მათ და ყველა მათ მსგავსს, რა თქმა უნდა, სრული უფლება ჰქონდა, მულტივაკის დიდების მათ წილ წუთებზე.
ათწლეულების განმავლობაში, მულტივაკი ეხმარებოდა კაცობრიობას ხომალდების დაპროექტებასა და ტრაექტორიის გამოთვლაში და ადამიანმა მიეღწია მთვარემდე… მარსამდე… ვენერამდე… დედამიწის რესურსები უძირო არ იყო. ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობები ძალიან ძვირი ჯდებოდა. ურანის საბადოებიც იწურებოდა.
მაგრამ ამასობაში მულტივიკიც განვითარდა. ნელ-ნელა ისწავლა რთულ კითხვებზე გასაგები პასუხის გაცემა და რაც ოდესღაც თეორია იყო, 2061 წლის 14 მაისს ფაქტად იქცა.
კაცობრიობამ შეძლო მზის ენერგიის შეკრება, გარდაქმნა და გამოყენება. ყველა ატომური სადგური ჩააქრეს. მათ ნაცვლად ააგეს პატარა ჰელიოსადგური, კილომეტრ ნახევარი დიამეტრის, რომელიც ჩვენი პლანეტის ირგვლივ ბრუნავდა და სრულიად დედამიწაგაეხვია მზის ენერგიის შარავანდედში.
ამ ამბის გამო საყოველთაო ზარ-ზეიმს, ცხადია, ვერც 15 წუთი და ვერც შვიდი დღე ეყოფოდა და ადელმა და ლაპოვმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ აბეზარ ყურადღებას და თავი შეაფარეს ერთ მიტოვებულ მიწისქვეშა ოთახს. მულტივაკის გიგანტური სხეულის ქვედა ნაწილი, რაც მიწისზედ ვერ დაეტია, აქ იყო განთავსებული. სიმყუდროვეს ფრთხილი ზუზუნი და რაკარუკი არღვევდა. მულტივაკი მონაცემებს ამუშავებდა. დუნედ. აუღელვებლად. მანაც დაიმსახურა შვებულება და ადელს და ლაპოვს ესმოდათ ეს. განზრახვადაც არ ჰქონიათ, მულტივაკის შეწუხება.
ბოთლი ჰქონდათ თან და ერთადერთი საზრუნავი ერთმანეთისა და ამ ბოთლის კამპანიაში დასვენება იყო.
– რომ დაფიქრდე, საოცარია ამბავია, – თქვა ადელმა. მის ფართო შუბლს ნაოჭები გასდევდა. მინის წკირით ზანტად ურევდა სასმელს და დაჰყურებდა ჭიქაში მოტივტივე ყინულის კუბებს, ნება-ნება რომ ილეოდა, – მთელი ენერგია, რომელიც კი შეგვეძლო ოდესმე გამოგვეყენებინა – მუქთად გვაქვს. სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ დედამიწა რკინის დიდ წვეთად შევაღვენთოთ. ენერგია, რომელიც არ იკარგება. რომელსაც დასასრული არ აქვს. ის ჩვენია. სამუდამოდ და სამუდამოდ და კიდევ სამუდამოდ.
ლაპოვმა თავი ასწია და ალმაცერად გამოხედა. ჩვევად ჰქონდა ასე, თუკი არ ეთანხმებოდა. არ ეთანხმებოდა ახლაც. იმიტომ, თუნდაც, რომ ყინულისა და ჭიქების თრევა მას მოუწია და გულმოსული იყო, – სამუდამოდ არა! – უთხრა.
– ოჰ, ჯანდაბას – თითქმის სამუდამოდ, ბერთ. სანამ მზე ამოდის და ჩადის.
– ჰოდა, სამუდამოდ არ გამოდის.
– კარგი, მაშინ მილიარდობით და მილიარდობით წელი. შეიძლება, ოცი მილიარდი… კმაყოფილი ხარ?
ლაპოვმა ხელი გადაისვა შეთხელებულ თმებზე, თითქოს, იმის სანახავად, რაც ჯერკიდევ შერჩენოდა და სასმელი მოწრუპა ნაზად, – ოცი მილიარდი წელი და „სამუდამო” არ არის ტოლი.
– ჩვენ გვეყოფა, ასე არ არის?
– ურანიც გვეყოფოდა.
– მაგრამ ახლა შეგვიძლია, თითოეული კოსმოსური ხომალდი დავუკავშიროთ მზის სადგურს და ის მილიონჯერ მიაღწევს პლუტონამდე და დაბრუნდება უკან, ისე, რომ საწვავზე დარდიც არ გვექნება. ვერანაირი ურანის საბადო ამას ვერ ეყოფოდა… მულტივაკს ჰკითხე, ჩემი თუ არ გჯერა.
– რად მინდა კითხვა, თავადაც ვიცი.
– აბა, ნუ აყენებ ეჭვქვეშ, რა სამსახურიც მულტივაკმა გაგვიწია, – ადელს ბრაზი მოერია, – ყველაფერი კარგადაა!
– ვინ ამბობს, რომ ცუდადაა? სხვა რამის თქმა მსურს – მზე სამუდამოდ ვერ იარსებებს. დავუშვათ, ოცი მილიარდი წლის განმავლობაში თავი ქუდში გვაქვს… შემდეგ? – ლაპოვმა საჩვენებელი თითი საჩვენებელ თითს შეუპირა და ადელს ენიშნა, თითები უკანკალებდა ოდნავ, – ახლა არ მითხრა, სხვა მზეზე გადავალთო.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ისვენებდნენ. ადელმა რამდენჯერმე მოსვა მხოლოდ. ლაპოვს კი თვალები დაეხუჭა.
– აბა, – გაახილა თვალები, – გგონია, სხვა მზეზე გადავინაცვლებთ, ჩვენი რომ ჩაქრება?
– არ მგონია.
– ჰმ… ეჭვიც არაა, ასე გგონია, – შესძახა ლაპოვმა, – ლოგიკაში ყოველთვის მოისუსტებდი. მანდ გიჭირს ხოლმე – იმ ბიჭს ჰგავხარ, მოულოდნელად თავს დამტყდარ წვიმას ტყეში რომ შეეფარა. დადგა ერთი ხის ქვეშ და იფიქრა, ეს რომ დასველდება, სხვის ქვეშ გადავალო…
– ცოტა ხმას დაუწიე! – უთხრა ადელმა, – როცა მზე ჩაქრება, სხვა ვარსკვლავებიც ჩაქრებიან, ვიცი.
– სწორედაც რომ, – თქვა ლაპოვმა, – ყველაფერი დაიწყო უთვალავი წლის წინ ერთი დიდი აფეთქებით, და დასრულდება ყველა ვარსკვლავის სიკვდილით. ერთბაშად – არა. ზოგი უფრო სწრაფად დაიშლება, ვიდრე – სხვები. გიგანტები ას მილიონ წელსაც ვერ გასტანენ. მზე – ოც მილიარდ წელს და ჯუჯები, ჩვენ გასახარად, მხოლოდ სულ რაღაც ტრილიონი წელი და ყველაფერს ბნელეთი მოიცავს. როგორც კი ენტროპია[1] მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს. სულ ეს არის.
– ყველაფერი ვიცი ენტროპიის შესახებ, – უთხრა ადელმა გოროზად.
– როგორც იტყვი…
– იმდენივე, რაც – შენ!
– მაშ, ისიც გეცოდინება, რომ ყველაფერს აქვს დასასრული.
– ვინ გეკამათება?
– შენ მეკამათები, ბრიყვო… ვინ ამბობდა, დაუშრეტელი ენერგია გვაქს სამუდამოდ, სამუდამოდ და სამუდამოდო?
ახლა ადელის ჯერიც დადგა, არ დათანხმებოდა.
– ერთხელაც იქნება, რამე გზას ვნახავთ, ყველაფერი რომ აღვადგინოთ, – უთხრა.
– აღარასოდეს.
– რატომ არა?.. მე ვამბობ – ოდესმე.
– აღარასოდეს-მეთქი.
– ჰკითხე მულტივაკს.
– თავად ჰკითხე. მე კი ხუთ დოლარს ჩამოვდივარ, რომ ასე გეტყვის – ამის გაკეთება შეუძლებელია.
ადელი საკმარისად მთვრალი იყო, ნიძლავი რომ მიეღო, და ჯერკიდევ საკმარისად ფხიზელი, საჭირო სიმბოლოების მოკრება რომ შეძლებოდა მულტივაკისთვის გასაგებ ენაზე.
ადამიანურზე კი ასე იყო: „შეძლებს თუ ვერა კაცობრიობა <ენერგიის წმინდა ხარჯვის გარეშე> მზეს დაუბრუნოს ახალგაზრდობა, მას შემდეგ, რაც ის სიბერით გარდაიცვლება?“
ან, უფრო მოკლედ, ასე: „როგორ შეიძლება სამყაროს ენტროპიის წმინდა სიდიდის მასიურად შემცირება?“
მულტივაკი დადუმდა. ერთბაშად შეწყდა ციმციმი და რელეს შორეული ხმები. ასე გაგრძელდა ერთხანს. დამფრთხალი ტექნიკოსები, სუნთქვაშეკრულნი მისჩერებოდნენ და, ის იყო, იგრძნეს, ჰაერი აღარ ყოფნიდათ, რომ ეკრანი გამოცოცხლდა და გამოიტანა სულ ხუთი სიტყვა:
„გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია“.
– ნიძლავი არ შედგა, – ჩაიჩურჩულა ლაპოვმა. და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ.
მეორე დილით თავის ტკივილისა და დამშრალი პირის წამლობის გარდა აღარაფერი ახსოვდათ.
*
ჯეროდი, ჯეროდინი , ჯეროდეტ I და ჯეროდეტ II შეჰყურებდნენ ეკრანზე თანაბრად მიმოფანტულ ვარსკვლავებს, სანამ ხომალდი ჰიპერსივრცეში ნახტომს დაასრულებდა. ვარსკვლავების ნაცვლად, კაშკაშა მარმარილოსფერი დისკი გამოჩნდა.
– ის არის, X-23, – დარწმუნებით განაცხადა ჯეროდმა. ხელები ზურგს უკან შემოეწყო და თითები კი გადაეჭდო ისე ძლიერ, რომ მთლად გათეთრებოდა.
პატარა ჯეროდეტებისთვის – ორი გოგონასთვის, ცხოვრებაში პირველი ჰიპერსივრცული ნახტომი იყო. პირველად იყო ის უცხო შეგრძნებაც, ხელი რომ გკიდეს, თითქოს და პირუკუღმა გადმოგაბრუნეს.
დედას აედევნენ ასკინკილათი, ჩუმი კისკისითა და ხმამაღალი შეძახილებით
– ჩვენ მივაღწიეთ X-23-ს! ჩვენ მივაღწიეთ X-23-ს!
– დამშვიდდით, ბავშვებო! – მკაცრად უთხრა ჯეროდინმა, – დარწმუნებული ხარ, ჯეროდ?
– განა, რა არის საეჭვო? – კითხვითვე უპასუხა ჯეროდმა და ამობურცულ მეტალის მასას მიაჩერდა ჭერამდე რომ წვდებოდა, კედლებს მთელს სიგრძეზე აკვროდა, ორთავ ბოლოს კედლებს მიღმაც გრძელდებოდა და მთელ ხომალდს იყო შემორაგული.
ჯეროდმა ბევრი არაფერი იცოდა ლითონის ამ უზარმაზარი კონსტრუქციის შესახებ, იმის გარდა, რომ მიკროვაკს უწოდებდნენ, რომ კითხვების დასმა შეიძლებოდა მისთვის და როცა არაფერი გქონდა შესაკითხი, ის მაინც დაკავებული იყო საქმით – მართავდა ხომალდს, მიყავდა დანიშნულების ადგილამდე, კვებავდა ენერგიით სხვადასხვა ქვე-გალაქტიკური სადგურებიდან და გამოყავდა ჰიპერსივრცული ნახტომების განტოლებები.
ჯეროდსა და მის ოჯახს მხოლოდ კომფორტულ კაიუტაში ყოფნა და ლოდინი უწევდათ.
ოდესღაც ვიღაცამ უთხრა ჯეროდს, რომ მიკროვაკის „აკ“ აღნიშნავდა ანალოგურ კომპიუტერს უძველეს ინგლისურ ენაზე, მაგრამ ეს სიტყვები მისი მახსოვრობის სადღაც უკვე შორეულ უჯრაში ჩარჩენილიყო და საცაა, საერთოდ დავიწყებას მიეცემოდა.
ჯეროდინს თვალები აუწყლიანდა.
– ცრემლებს ვერ ვიკავებ, რა ვქნა… უცხოდ ვგრძნობ თავს, დედამიწა რომ დავტოვეთ.
– რატომ? – ჰკითხა ჯეროდმა, – იქ აღარაფერი დაგვრჩა. X-23-ზე ყველაფერი გვექნება. მარტონიც არ ვიქნებით. პირველმოსახლენი ხომ არ ვართ – მილიონზე მეტი ადამიანია უკვე ამ პლანეტაზე… ჩვენს შვილთაშვილებს ახალი სამყაროების ძებნა მოუწევთ, რადგან X-23 უკვე გადატვირთული იქნება… კიდევ კარგი, კომპიუტერებმა ვარსკვლავთშორისი მოგზაურობების გეგმა მოამზადეს, თორემ კაცობრიობის ზრდა… – დაამატა მცირე ხნის დუმილის შემდეგ.
– ვიცი, ვიცი, – უთხრა ჯეროდინმა ნაღვლიანად.
ჯეროდეტ I-მა სხაპასხუპით შეახსენა:
– ჩვენი მიკროვაკი საუკეთესო მიკროვაკია მსოფლიოში.
– მეც ასე ვფიქრობ, – ჯეროდმა თმაზე გადაუსვა ხელი.
საკუთარი მიკროვაკის ფლობა ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნება. ჯეროდს უხაროდა, რომ ასე გაუმართლა, რომ ამ თაობის შვილი იყო და არა – სხვისა. მამამისის ახალგაზრდობისდროინდელი კომპიუტერი უზარმაზარი კოლოსი იყო, მილიონობით კვადრატული კილომეტრის მიწაზე გადაჭიმული. დედამიწაზე მხოლოდ ერთი იყო. პლანეტარული აკები – ასე უძახდნენ. ათასობით წლის განმავლობაში, სიმძლავრის მატების კვალობაზე, იზრდებოდნენ მოცულობაშიც. შემდეგ კი ტრანზისტორები მოლეკულურმა სარქველებმა ჩაანაცვლა. და დღეს უკვე ყველაზე დიდი პლანეტარული აკიც კი მოთავსდება კოსმოსურ ხომალდში. მოთავსდება და ფართის მხოლოდ ნახევარს დაიჭერს.
მის საკუთარ, პირად მიკროვაკთან შედარებით, როგორი მარტივი და პრიმიტიულია პირველყოფილი მულტივაკი, რომელმაც, ოდესღაც, შეძლო და მოიშინაურა მზე. და დედამიწის პლანეტარული აკი თუ ჯობნის რამით – სულ ოდნავ. იმ აკ-მა პირველმა გადაწყვიტა ჰიპერსივრცული ნახტომის პრობლემა და ვარსკვლავთშორის მოგზაურობებს დასაბამი მისცა.
– ამდენი ვარსკვლავი, ამდენი პლანეტა, – ამოიოხრა ჯეროდინმა, საკუთარ ფიქრებში გართულმა, – ალბათ, ადამიანები აღარასდროს შეწყვეტენ პლანეტებს შორის ხეტიალს, როგორც ჩვენ ახლა.
– არასდროს – არა, – უთხრა ჯეროდმა ღიმილით, – ოდეღაც ყველაფერი მთავრდება. მილიარდობით წლის შემდეგ. მრავალი მილიარდი წლის. ვარსკვლავებიც კი ქრება ბოლოს, ხომ იცი. ენტროპია იზრდება.
– რა არის ენტროპია, მამა? – ჰკითხა ჯეროდეტ II-მ.
– ენტროპია, ჩემო ტკბილო, სამყაროს დაშლის რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვაა. ყველა ენერგია იწურება, როგორც შენს პატარა ვოქი-თოქი რობოტს[2] დაემართა, ხომ გახსოვს?
– არ შეგიძლია უბრალოდ ახალი დენის წყარო ჩადგა, როგორც ჩემს რობოტში?
– ძვირფასო, ვარსკვლავები თავად არიან ენერგიის წყარო. მათი ამოწურვის შემდეგ, სხვა წყარო, უბრალოდ, არ დარჩება.
ჯეროდეტ I აზლუქუნდა.
– უშველე, მამა, ვარსკვლავებს… არ მოკვდნენ ვარსკვლავები…
– ნახე, აბა, რა ჩაიდინე, – ჩურჩულით უთხრა ჯეროდინმა. აფორიაქებული ჩანდა.
– რა ვიცოდი, ასე თუ დაფეთდებოდნენ? – ჩურჩულითვე უპასუხა ჯეროდმა.
– ჰკითხეთ მიკროვაკს, – შეჰყვირა ჯეროდეტ I-მა. – ჰკითხეთ, თუ როგორ უნდა ავანთოთ ვარსკვლავები ხელახლა.
– მიდი, – უთხრა ჯეროდინმა, – იქნებ, ამან დაამშვიდოს.
ჯეროდეტ II-ც აპირებდა ტირილს.
ჯეროდმა მხრები აიჩეჩა.
– ახლავე, საყვარელო, ახლავე ვკითხავ მიკროვაკს. დამშვიდდი და ის გვეტყვის.
ჰკითხა და სწრაფადვე დაუმატა – პასუხი ამობეჭდე! – ფურცელს დაწვდა, დახედა, შემდეგ გოგონებს მიუბრუნდა და მხიარულად დაამატა:
– ხომ ხედავთ, მიკროვაკმა დაწერა, რომ ყველაფერზე ის იზრუნებს, როდესაც ამის დრო მოვა, ასე რომ, ნუ ღელავთ.
– ახლა კი, ბავშვებო, ძილის დროა, – თქვა ჯეროდინმა, – მალე ჩვენს ახალ სახლში ვიქნებით.
ჯეროდმა კი ერთხელაც წაიკითხა მიკროვაკის პასუხი, სანამ გაანადგურებდა:
„გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია“.
მხრები აიჩეჩა და ეკრანს დახედა. წინ X-230 იყო.
*
VJ-23X-მა ლამეტიდან გალაქტიკის სამგანზომილებიანი, მცირემასშტაბიანი რუკის შავ სიღრმეებს ჩახედა და ასე თქვა:
– ღირს შეშფოთებად?.. დასაცინები არ გავხდეთ.
MQ-17J-მ ნიკრონიდან თავი გააქნია.
– ვფიქრობ, არ გავხდებით. ხომ იცით, გალაქტიკა უახლოეს ხუთ წელიწადში შეივსება, განსახლების დღევანდელი ტემპით…
ასე საუბრობდნენ. ორივენი ოცი წლისებს ჰგავდნენ, მაღლები, ბრგე აღნაგობის.
– და მაინც, – თქვა VJ-23X-მა, – გალაქტიკური საბჭოსთვის ამ უიმედო ანგარიშის წარდგენას არ ვიჩქარებდი.
– მე კი სხვა სახის მოხსენებას არც განვიხილავ. შენჯღრევა. ერთი კარგი შემოლაწუნება მათ არ აწყენთ.
VJ-23X-მა ამოიხვნეშა, – სივრცე უსასრულოა. ასობით მილიარდი გალაქტიკა ჩვენ გველის. მეტიც.
– ასი მილიარდი არ არის უსასრულო და ის სულ უფრო და უფრო სასრული ხდება. გაითვალისწინეთ! 20 ათასი წლის წინ კაცობრიობამ ვარსკვლავური ენერგიის გამოყენების პრობლემა გადაჭრა, რამდენიმე საუკუნის შემდეგ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა შეძლო. მილიონი წელი დასჭირდა ერთი პატარა სამყაროს შესავსებად და მხოლოდ თხუთმეტი ათასი წელი – გალაქტიკის დანარჩენი ნაწილის შესავსებად. ახლა კი ყოველ ათ წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა ორმაგდება.
VJ-23X-მა შეაწყვეტინა, – დიდი მადლობა გადავუხადოთ უკვდავებას.
– დიახ, უკვდავება არსებობს და ესეც სათვალავში გვაქვს მისაღები. უკვდავებასაც აქვს ბნელი მხარე. გალაქტიკურმა აკმა მრავალი პრობლემა გადაგვიწყვიტა, მაგრამ სიბერისა და სიკვდილის პრობლემის გადაჭრით, ყველა წინა მაშველ რგოლს გადაუსვა ხაზი.
– არ მგონია, თქვენ პირადად სიკვდილს ჩქარობდეთ.
– არცა ვჩქარობ! – შეუღრინა MQ-17J-მა, მაგრამ ერთბაშად აიყვანა თავი ხელში და კვლავ მშვიდად განაგრძო, – ყოველ შემთხვევაში, ჯერ – არა. არც საკმარისად მოხუცი ვარ.. თქვენ რამდენი წლის ხართ?
– ორას ოცდასამის. თქვენ?
– ორასისაც არ ვარ… იმას ვამბობდი, რომ მოსახლეობა ყოველ ათ წელიწადში ორმაგდება. ამ გალაქტიკის შევსების შემდეგ, ათი წლის განმავლობაში შევავსებთ ერთ გალაქტიკას. ათი წლის განმავლობაში – ორს. კიდევ ერთი ათწლეული და უკვე ოთხს ვეყოფით… ასი წლის განმავლობაში, ჩვენ შევავსებთ ათას გალაქტიკას. ათასი წლის განმავლობაში – მილიონს. ათი ათასი წლის შემდეგ, თავისუფალი გალაქტიკა აღარ დარჩება სამყაროში… მერე რას ვაპირებთ?
– აქ დამატებითი საკითხიც გვაქვს, – თქვა VJ-23X-მა, – ტრანსპორტირების პრობლემა. საინტერესოა, მზის ენერგიის რამდენი ერთეული დასჭირდება მოსახლეობის ერთი გალაქტიკიდან მეორეზე გადაყვანას.
– ძალიან კარგი კითხვაა. კაცობრიობა დღეს წელიწადში ორი მზის ენერგიას მოიხმარს.
– დიდ წილს ფუჭად ფლანგავს. მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა ათასი მზის ენერგიას აფრქვევს წელიწადში და ჩვენ კი მხოლოდ ორს ვიყენებთ.
– მართალია, მაგრამ ასპროცენტიან ეფექტურობასაც რომ მივაღწიოთ, მხოლოდ გადავავადებთ დასასრულს. ჩვენი ენერგეტიკული მოთხოვნები ხომ უფრო სწრაფად, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ვიდრე – მოსახლეობა. ენერგიას უფრო მალე ამოვწურავთ, ვიდრე – გალაქტიკებს… ასე რომ, კარგი კითხვა წამოჭერით, ძალიან კარგი კითხვა.
– ახალი ვარსკვლავების აგება მოგვიწევს ვარსკვლავთშორისი გაზისგან.
– თუ გაფანტული სითბოსგან? – დამცინავად ჰკითხა MQ-17J-მ.
– ენტროპიის უკუქცევის გზა უნდა არსებობდეს… გალაქტიკურ აკს უნდა ვკითხოთ.
VJ-23X-მა ეს ნახევრად ხუმრობით თქვა, მაგრამ MQ-17J–მ ჯიბიდან ამოიღო აკ-მეკავშირე და მაგიდაზე დადო.
– რატომაც არა, – თქვა მან, – ერთხელაც იქნება, ადამიანთა რასა ამ პრობლემის წინაშე დადგება.
პირქუშად დააცქერდა მის მცირე ხელსაწყოს. პაწია კუბი იყო, 5-სანტიმეტრიანი წახნაგებით და ჰიპერსივრცით დიდ გალაქტიკურ აკს უკავშირდებოდა. ჰიპერსივრცისთვის, ეს პაწია კუბი გალაქტიკური აკის ნაწილი იყო.
MQ-17J ფიქრობდა, ოდესმე, მისი უსასრულო სიცოცხლის მანძილზე, ნეტავ, თუ იხილავდა გალაქტიკურ აკს. გალაქტიკური აკი სადღაც შორს, მის საკუთარ სისტემაში მდებარეობდა, ძალის სხივების ობობის ქსელში გახვეული. დრომოჭმული მოლეკულური სარქველები ქვე-მეზონების ტალღებს ჩაენაცვლებინა. მიუხედავად ქვე-ეთერული მუშაობისა, ამბობდნენ, რომ გალაქტიკური აკი სამას მეტრამდე მაინც იყო სიგრძით.
MQ-17J ფიქრებიდან გამოერკვა და მის აკ-მეკავშირეს ჰკითხა:
– შეიძლება თუ არა ოდესმე ენტროპიის უკუქცევა?
VJ-23X-მა გაოცებით შეხედა და უთხრა:
– ოჰ, ნამდვილად არ მინდოდა, ეს გეკითხა…
– რატომაც არა?
– ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ენტროპიის უკუქცევა შეუძლებელია. არ შეიძლება კვამლისა და ნაცრის უკან ხედ გადაქცევა.
– თქვენს გალაქტიკაში ხეები არის? – ჰკითხა MQ-17J-მ.
VJ-23X-მა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, გალაქტიკურმა აკმა არ აცალა. მისი წვრილი და ჟღერადი ხმა მკაფიოდ გაისმა აკ-მეკავშირიდან:
„გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია“.
VJ-23X-მა თქვა:
– აჰა!
ამის შემდეგ ორივენი დაუბრუნდნენ იმის განხილვას, თუ რა მოხსენებით უნდა წარმდგარიყვნენ გალაქტიკური საბჭოს წინაშე.
*
ზი ფრაიმის გონება უხალისოდ სწავლობდა ახალ გალაქტიკას. უსასრულო თანავარსკვლავედს, რომლებიც ისე იყო გაბნეული, როგორც ბრინჯის მარცვლები. ეს გალაქტიკა აქამდე არასდროს ენახა. ნახავს კი ოდესმე ყველას? უთვალავი პლანეტა და ყველგან დატოვა კაცობრიობამ ნაფეხური. თუმცა, დღეს ეს მკვდარი ტვირთი უფროა. კაცობრიობის ცნობიერი არსი აქ – კოსმოსშია და არა პლანეტებზე.
გონება და არა სხეული! უკვდავი სხეულები ისევ პლანეტებზე დარჩნენ, მარადიულ ლეთარგიულ ძილში. ზოგჯერ ისინი იღვიძებდნენ, რაიმე მატერიალური საქმიანობისთვის, მაგრამ ეს სულ უფრო იშვიათად იყო საჭირო. ახალი ადამიანები იშვიათად თუ იბადებიან ისედაც მრავალრიცხოვან კაცობრიობას რომ შეემატონ. ან – რა საჭიროა? სამყაროში ახალი ადამიანისთვის ძალიან ცოტა ადგილია დარჩენილი.
ზი ფრაიმის გონებას უცხო გონების თხელი საცეცები მოეთათუნა და ფიქრებიდან გამოიყვანა.
– მე ვარ ზი ფრაიმი, – თქვა ზი ფრაიმმა, – ვინ ხარ შენ?
– მე ვარ დი სუბ ვუნი. შენი გალაქტიკა?
– ჩვენ მას უბრალოდ გალაქტიკას ვეძახით. შენი?
– ჩვენც ასე ვიქცევით. ყველა ადამიანი თავის გალაქტიკას უბრალოდ გალაქტიკას უწოდებს. ასე არ არის?
– კი, ასეა, მას შემდეგ, რაც ყველა გალაქტიკა ერთიმეორის ასლად იქცა.
– მაგრამ არის ერთი გალაქტიკა, სადაც ადამიანის რასა დაიბადა, თქვა დი სუბ ვუნმა, – ის განსხვავებულია.
– რომელია? – ჰკითხა ზი ფრაიმმა.
– არ ვიცი… მეტაგალაქტიკურმა[3] აკმა უნდა იცოდეს.
მოდი, ვკითხოთ. მეც მინდა, გავიგო.
ზი ფრაიმის აღქმა გაფართოვდა იქამდე, სანამ თავად გალაქტიკები არ შეიკუმშნენ, ახლა ისე ჩანდნენ, როგორც დაფაზე მიმობნეული ფქვილი. მრავალი მილიარდი გალაქტიკა, დასახლებული უთვალავი უკვდავი სხეულით და უკვდავი გონებით, თავისუფლად რომ ლივლივებდა კოსმოსში. ყველა ერთმანეთის მსგავსი და მათგან ერთი, ყველასგან გამორჩეული. იყო დრო, ძალიან შორეულ და მქრქალ წარსულში, როდესაც ეს გალაქტიკა იყო ერთადერთი, რომელიც ხალხით იყო დასახლებული.
ზი ფრაიმი ძიების ჟინს შეეპყრო ახლა და შესძახა აღტყინებით:
– მეტაგალაქტიკურო აკ! რომელ გალაქტიკაში იშვა კაცობრიობა?
მეტაგალაქტიკურმა აკმა გაიგონა, რაკი ყველა პლანეტაზე, გალაქტიკასა და სრულიად კოსმოსში იყო განფენილი და ჰიპერსივრცის გავლით ყველაფერი თავს იყრიდა სადღაც, უცნობ ადგილას, სადაც ის მდებარეობდა.
ზი ფრაიმმა იცოდა მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისი გონებაც აღქმის სიახლოვეზე შესწვდა მეტაგალაქტიკურ აკს და ასე აღწერა: სამოცი სანტიმეტრის დიამეტრის მანათობელი სფერო. ბურუსში.
– როგორ იქნება, ეს მეტაგალაქტიკური აკი იყოს? – ჰკითხა გაოცებულმა ზი ფრაიმმა.
– უდიდესი წილი ჰიპერსივრცეშია, – იყო პასუხი, – იქ რა ფორმა აქვს, წარმოდგენა არ მაქვს.
არც – არვის ჰქონდა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მეტაგალაქტიკური აკის რომელიმე, თუნდაც მცირე ნაწილაკის აგებაში ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დღეს მეტაგალაქტიკური აკი თავად ქმნიდა საკუთარ მემკვიდრეს. მილიონი და მეტი წლის მანძილზე აგროვებდა ცოდნას უკეთესი, სწრაფი, გაუმჯობესებული მემკვიდრის შესაქმნელად. და, როდესაც დადგებოდა დრო, ახალშობილ აკს სრულად შეენივთებოდა თავადაც.
ასე შორს დაეხეტებოდნენ ზი ფრაიმის ფიქრები, როდესაც მეტაგალაქტიკურმა აკმა მოკრიბა და გაუძღვა ჩამქრალი გალაქტიკების ოკეანეთა შორის ერთისკენ, რომელიც ვარსკვლავებად გაიშალა ზი ფრაიმის წინაშე.
და იშვა აზრი, უსაზღვროდ შორეული, მაგრამ უსაზღვროდ ნათელი.
“ეს არის ადამიანის მშობლიური გალაქტიკა”.
მაგრამ ის ისეთივე იყო, როგორც – ყველა დანარჩენი. ზი ფრაიმს იმედი გაუცრუვდა.
დი სუბ ვუნმა, რომლის გონებაც ამ მოგზაურობაში ახლდა თან, ჰკითხა:
– ამ ვარსკვლავებიდან ერთ-ერთია ადამიანის თავდაპირველი ვარსკვლავი?
მეტაგალაქტიკურმა აკმა უპასუხა:
– ადამიანის მშობლიური ვარსკვლავი გარდაიცვალა. პლანეტარული ნისლეულის ფაზა გაიარა და დღეს უკვე თეთრი ჯუჯაა[4].
– ადამიანებიც დაიღუპნენ? – ზი ფრაიმი განცვიფრებული იყო.
მეტაგალაქტიკურმა აკმა განუმარტა:
– არა. ახალი სამყარო, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დროულად ააგეს ფიზიკური სხეულებისათვის.
– ჰო, რა თქმა უნდა, – თქვა ზი ფრაიმმა, მაგრამ დანაკარგის გრძნობა, რატომღაც, არ ტოვებდა.
მისი გონება გაეშვა კაცობრიობის მშობლიურ გალაქტიკას და ის წამსვე ჩაიკარგა სხვა გალაქტიკებს შორის, როგორც – ქინძისთავი.
დანახვა აღარ სურდა.
დი სუბ ვუნმა ჰკითხა:
– რა მოხდა?
– ვარსკვლავები კვდებიან. პირველი ვარსკვლავი მოკვდა.
– უნდა მოკვდნენ. ასეთია კანონი.
– მაგრამ, როდესაც მთელი ენერგია ჩაქრება, ჩვენი სხეულებიც მოკვდებიან, მეც მოვკვდები. და შენც მათთან ერთად.
– ამას მილიარდობით წელი დასჭირდება.
– არ მსურს, ეს მოხდეს, თუნდაც მილიარდობით წლის შემდეგ… მეტაგალაქტიკურო აკ! როგორ შეიძლება, ვარსკვლავები არ დაიღუპონ?
ამ შეკითხვამ დი სუბ ვუნი გაახალისა:
– შენ ახლა კითხე, როგორ შეიძლება ენტროპია უკუიქცეს…
მეტაგალაქტიკურმა აკმა კი უპასუხა:
„გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია“.
ზი ფრაიმი დი სუბ ვუნს აღარ გამოეხმაურა. მისი ფიქრები მის საკუთარ გალაქტიკას დაუბრუნდა. დი სუბ ვუნი სადღაც იყო, შესაძლოა, ტრილიონი სინათლის წლის მანძილზე, ან, სულაც, ზი ფრაიმის გვერდით მდებარე ვარსკვლავზე. მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
დარდით დამძიმებულმა ზი ფრაიმმა ვარსკვლავთშორისი წყალბადის შეგროვება დაიწყო, რომლითაც საკუთარ პატარა ვარსკვლავს ააგებდა. თუკი ვარსკვლავების სიკვდილი გარდაუვალია, ჯერ-ჯერობით კიდევ შესაძლებელია ახლების აგება.
*
ადამიანი საკუთარ თავს ეთათბირებოდა, რადგან ყველა ადამიანის გონება ერთი იყო. ის შედგებოდა ტრილიონი, ტრილიონი, ტრილიონი უბერებელი და უხრწნელი სხეულისგან, რომელიც თავთავიანთ სამყაროში განისვენებდა ლეთარგიულ ძილში ავტომატების ზრუნვის ქვეშ. მათი გონება კი თავისუფლად დაცურავდა, იღვენთებოდა, ერწყმოდა ერთმანეთს და იყო ერთი.
– სამყარო კვდება, – თქვა ადამიანმა.
ის შეჰყურებდა მქრქალ გალაქტიკების. გიგანტური ვარსკვლავები, კარგა ხანია, რაც ჩაქრნენ. პლანეტარული ნისლიც განიქარვა. მხოლოდ თეთრი ჯუჯები დარჩა და ისინიც ძლივსღა ბჟუტავდნენ.
ახალი ვარსკვლავები ზოგი ბუნებამ, ზოგი ადამიანმა შექმნა ვარსკვლავური მტვრისგან, მაგრამ ისინიც სასიცოცხლო ციკლის დასალიერს იყვნენ უკვე. ჯერისევ შესაძლებელი იყო, თეთრი ჯუჯების ერთმანეთთან შეჯახება, რის შედეგად ახალი ვარსკვლავი დაიბადებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ათასი თეთრი ჯუჯიდან. და ამ ვარსკვლავის დღეებიც დათვლილი იყო.
ადამიანმა თქვა:
– როგორც კოსმოსურმა აკმა გამოთვალა, ენერგია, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა სამყაროში, მილიარდობით წელს გაგვატანინებს, თუ ჭკუით მოვიხმართ.
– მაგრამ ასეც რომ იყოს, საბოლოოდ ყველაფერი დასრულდება მაინც, – თქვა ადამიანმა, – როგორც არ უნდა დაზოგო, გახარჯული ენერგია დაკარგულია და მისი აღდგენა შეუძლებელია.
– შეიძლება თუ არა ენტროპიის უკუქცევა? – იკითხა ადამიანმა, – მოდით, ვკითხოთ კოსმოსურ აკს.
კოსმოსური აკი გარს შემორტყმოდა ადამიანს, მაგრამ არა – სივრცეში. სივრცეში მისი ერთი ნაწილაკიც კი არ მდებარეობდა, ის იყო განფენილი ჰიპერსივრცეში და ისეთი სუბსტანციისგან იყო შექმნილი, რაც არც მატერიაა და არც ენერგია. მის ზომასა და ბუნებაზე მსჯელობა აზრსმოკლებულია, რაკი, კარგა ხანია, გაცდა იმ საზღვრებს, რომლის შემეცნებაც ადამიანმა შეძლო.
– კოსმოსურო აკ, – თქვა ადამიანმა, – როგორ შეიძლება ენტროპიის უკუქცევა?
და კოსმოსურმა აკმა თქვა:
– გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია.
– შეაგროვე დამატებითი მონაცემები, – უთხრა ადამიანმა.
კოსმოსურმა აკმა კი უპასუხა:
– ასეც მოვიქცევი… როგოც ვაკეთებ, უკვე ასი მილიარდი წლის განმავლობაში. ჩემს წინამორბედებს, როგორც მე, ბევრჯერ დაგვისვეს ეს კითხვა, მაგრამ მონაცემები, რომელსაც დღემდე მოვუყარეთ თავი, ჯერისევ არასაკმარისია.
ადამიანმა ჰკითხა:
– დადგება თუ არა დრო, როდესაც საკმარისი მონაცემები მოგროვდება, თუ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია ნებისმიერ სავარაუდოდ დასაშვებ ვითარებაში?
– ნებისმიერ დასაშვებ ვითარებაში გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, – უთხრა კოსმოსურმა აკმა.
– როდის მოაგროვებ საკმარის მონაცემებს კითხვაზე პასუხის გასაცემად? – ჰკითხა ადამიანმა.
კოსმოსურმა აკმა უპასუხა:
– გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია.
– გააგრძელებ ამ საკითხზე მუშაობას? – ჰკითხა ადამიანმა.
გავაგრძელებ, – უთხრა კოსმოსურმა აკმა.
და ადამიანმა თქვა:
– დაგელოდებით.
*
ვარსკვლავები და გალაქტიკები ათი ტრილიონი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ქრებოდნენ და ბოლოს მოკვდნენ. ისინი საყოველთაო სიბნელემ შთანთქა.
ადამიანები სათითაოდ შეერწყნენ აკს. მათ დაკარგეს ფიზიკური სხეული და მენტალური იდენტობა ისე, რომ ეს, სინამდვილეში, დანაკარგად კიარა, შენაძენად იქცა.
უკანასკნელი ადამიანის გონება შერწყმის წინ შეჩერდა და წამით გადახედა სამყაროს, რომელშიც აღარაფერი იყო უკანასკნელი თალხი ვარსკვლავის ფერფლისა და დანახშირებული მატერიის გარდა, ჯერისევ რომ ნათდებოდა სითბოს იმ წამიერი, იშვიათი გაელვებებით, რომელთა რიცხვიც ისწრაფოდა აბსოლუტური ნულისკენ.
– ეს დასასრულია? – ჰკითხა აკს ადამიანმა, არ შეიძლება, ეს ქაოსი ხელახლა გარდაიქმნას სამყაროდ? ნუთუ, არ შეიძლება ამის გაკეთება?
აკმა უპასუხა:
– გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია.
უკანასკნელი ადამიანის გონებაც შეერწყა და დარჩა მხოლოდ აკი. და ის დარჩა ერთადერთი. ჰიპერსივრცეში.
*
ვარსკვლავები და გალაქტიკები ათი ტრილიონი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ქრებოდნენ და ბოლოს მოკვდნენ. ისინი საყოველთაო სიბნელემ შთანთქა.
ადამიანები სათითაოდ შეერწყნენ აკს. მათ დაკარგეს ფიზიკური მასა და მენტალური იდენტობა იმგვარად, რომ ეს, სინამდვილეში, დანაკარგად კიარა, შენაძენად იქცა.
უკანასკნელი ადამიანის გონება შერწყმის წინ შეჩერდა და წამით გადახედა სამყაროს, რომელშიც აღარაფერი იყო უკანასკნელი თალხი ვარსკვლავის ფერფლისა და დანახშირებული მატერიის გარდა, ჯერისევ რომ ნათდებოდა სითბოს იმ წამიერი, იშვიათი გაელვებებით, რომელთა რიცხვიც ისწრაფოდა აბსოლუტური ნულისკენ.
– ეს დასასრულია? – ჰკითხა აკს ადამიანმა, არ შეიძლება, ეს ქაოსი ხელახლა გარდაიქმნას სამყაროდ? ნუთუ, არ შეიძლება ამის გაკეთება?
აკმა უპასუხა:
– გონივრული პასუხის გასაცემად მონაცემები არასაკმარისია.
უკანასკნელი ადამიანის გონებაც შეერწყა და დარჩა მხოლოდ აკი. და ის დარჩა ჰიპერსივრცეში.
*
მატერია დასრულდა და ამოიწურა ენერგია. მათთან ერთად სივრცეცა და დროც.
დარჩა მხოლოდ აკი და ისიც იმ ერთადერთი კითხვის გამო, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩენოდა. ეს შეკითხვა ათი ტრილიონი წლის წინ ერთმა შეზარხოშებულმა კაცმა დაუსვა კომპიუტერს, რომელიც აკს ისე ჩამორჩებოდა შესაძლებლობებით, როგორც ის კაცი განვითარებით – ადამიანს.
ყველა სხვა კითხვას გასცა პასუხი, მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი შეკითხვა უპასუხოდ იყო დარჩენილი, აკს არ შეეძლო ისე დასრულებულიყო, როგორც სრულიად სამყარო დასრულდა ირგვლივ.
ყველა მონაცემი შეაგროვა. შესაგროვებელიც აღარაფერი დარჩა.
ახლა საჭირო იყო ამ მონაცემების თავმოყრა, დახარისხება, მათ შორის კავშირის ყველა შესაძლო ვარიანტის დადგენა. დროს მოითხოვდა, მაგრამ დროსაც უკვე შეეწყვიტა არსებობა.
აკმა მარადისობის რაღაც მონაკვეთი მოახმარა ამ საქმეს. და მოხდა ისე, რომ მიაგნო პასუხს, როგორ შეიძლება ენტროპიის უკუქცევა.
მაგრამ არავინ იყო, ვისაც აკი ამ პასუხს გაანდობდა.
თუმცა, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. კითხვაზე ქმედებით უნდა ეპასუხა და პასუხი თავად იზრუნებდა ყველაფერზე.
მარადისობის კიდევ რაღაც მონაკვეთი აკი ფიქრობდა, როგორ ემოქმედა. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შეადგინა გეგმა.
აკის ცნობიერებამ მოიცვა ყველა, რაც, ოდესღაც, იყო სამყარო და რაც, ახლა, იქცა ქაოსად.
და თქვა აკმა:
– იყოს ნათელი!
და იქმნა ნათელი.
©Isaac Asimov – The Last Question. Science Fiction Quarterly, November 1956
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ენტროპია სხეულის ან სხეულთა სისტემის სითბური მდგომარეობისათვის დამახასიათებელი სიდიდეა. ლუდვიგ ბოლცმანმა (“შეშლილმა მეცნიერმა” ალფრედ ბესთერის მოთხრობიდან 🙂 ) თერმოდინამიკის მეორე კანონი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ჩაკეტილ სამყაროში ენტროპია მუდამ იზრდება. სამყარო არსებობას თერმოდინამიკური წონასწორობით, (თერმული აღსასრულით, დიდი გამყინვარებით) დაასრულებს, როდესაც სითბოს გაცვლა აღარ მოხდება. ვარსკვლავები ენერგიას ბირთვში წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნით წარმოქმნიან. როდესაც ვარსკვლავების ბირთვში წყალბადის მარაგი ამოიწურება, ისინი დაიწყებენ ჩაქრობას.
(2)სათამაშო ინტერაქტიული რობოტების ტიპია ხმით მართვის ფუნქციით.
(3)აზიმოვთან Universal ქვია.
(4)ვარსკვლავის სიცოცხლის ციკლის ბოლო ორი ფაზაა.