ფრედრიქ ბრაუნი
დვარ ევმა ოქროთი მირჩილა ბოლოსთვის მოტოვებული ის სადენიც და საზეიმოდ დააცქერდა. თორმეტი ვიდეო-თვალი აკვირდებოდა და მათი საშუალებით – უკლებლივ კაცობრიობაც.
წელში გაიმართა და თავი დაუქნია დვარ რეინს, შემდეგ კი ჩამრთველს წაეტანა. უნდა შეეკრა წრე, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ყველა გალაქტიკის ყველა კომპიუტერს განლაგებულს ყველა კუთხე-კუნჭულში. მილიარდობით რასა, ვინც სახლობდა ოთხმოცდაექვს მილიარდ დასახლებულ პლანეტაზე – მათი ცოდნა თავს მოიყრიდა ერთ კიბერნეტიკულ ტვინში.
დვარ რეინმა მოკლე სიტყვა თქვა. ტრილიონების გასაგონად. ვინც მონიტორებთან ისხდნენ მონუსხულნი და ვერ წყვეტდნენ თვალს.
წამიერი დუმილი და ნიშანი მისცა:
– მიდი, დვარ ევ!
დვარ ევმა ჩამრთველი გადმოწია. ძლიერი ზუზუნი შემოესმათ. ერთბაშად დაიძრა ოთხმოცდაექვსი მილიარდი პლანეტის ძალა. სამყაროში ყველაზე გრძელ მართვის პანელზე ინთებოდა და ქრებოდა ღილაკები.
დვარ ევმა ნაბიჯი გადადგა უკან და ჩაისუნთქა ღრმად.
– პირველი კითხვის დასმის პატივი შენია, დვარ რეინ.
დვარ რეინმა მადლობა გადაუხადა. მას სურდა პასუხი კითხვაზე, რომელმაც იქამდე ყველა კომპიუტერი საგონებელში ჩააგდო.
მანქანისკენ შეტრიალდა.
– არსებობს ღმერთი?
ძლიერმა ხმამ რიხიანად უპასუხა, ჭოჭმანის გარეშე, ისე რომ ღილაკზე დაჭერასაც არ დალოდებია.
– დიახ, ახლა უკვე არსებობს ღმერთი.
დვარ ევი შეცბა. სახეზე უეცარმა შიშმა გადაურბინა. ელვის სისწრაფით ისკუპა ჩამრთველისკენ.
მაგრამ ამ დროს გადაიხსნა უღრუბლო ზეცა და მეხის დაცემამ ჩამრთველი სანთელივით ჩამოღვენთა. თან ადგილზე დაფერფლა დვარ ევი.
©Fredric Brown – Answer. Angels and Spaceships. E. P. Dutton, 1954
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ავტორის შესახებ:
ფრედრიქ ბრაუნი ამერიკელი ფანტასტია. ალბათ, პირველია საიფაის მწერლებს შორის, ვინც ხელისგულისოდენა მოთხრობებით გაითქვა სახელი. ცნობილია საფირმო შავი იუმორით
“სთარ თრექის” მოყვარულთა შორის არ ვიხსენები, მაგრამ ამ სერიალის ფანებს ეცოდინებათ, რომ ერთი ეპიზოდი ბრაუნის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული.
მუშაობდა მისტიკური დეტექტივის ჟანრშიც (ედგარის პრიზიც მიანიჭეს).
ჯერ დეტექტივების ავტორად გავიცანი და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მის სამშობლოში პოპულარული და კარგად ცნობილი ფანტასტია.
ფრედრიქ ბრაუნის დამფასებელთა შორის ისეთი პატივცემული ხალხია, როგორც ფილიფ დიქი, უმბერტო ეკო და ალფრედ ჰიჩქოქი. “ალფრედ ჰიჩქოქი წარმოგიდგენთ” – მინი-დეტექტივებისა და ჰორორების ტელე-ციკლი თუ გახსოვთ, მის სცენარისტადაც მუშაობდა.
“პასუხი” მისი საუკეთესო მინიატურა არ არის, იმჰო, მაგრამ წინა პოსტში რომ დავდე, შექლის იმ მოთხრობას ეხმაურება, ერთგვარად. და აზიმოვის მოთხრობას, ამის შემდეგ რომ ავტვირთავ.