რობერთ შექლი
მოპასუხე უნდა ყოფილიყო იმდენ ხანს, სანამ იქნებოდა საჭირო, რაც საკმაოდ დიდი დროა, როგორც ზოგი რასა განსჯის დროს და არც ისე ბევრი, როგორც სხვა რასები განსჯიან. თავად მოპასუხისთვის ეს დრო უბრალოდ საკმარისი იყო.
მოპასუხე ზომით დიდი ზომისა იყო ზოგისთვის და სხვისთვის – პატარა.
ზოგი მოპასუხეს მეტისმეტად რთულ მექანიზმად აღიქვამდა, თუმცა სხვებისთვის მეტისმეტად მარტივი იყო.
მოპასუხემ იცოდა, რომ ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ის ხომ მოპასუხე იყო. მან იცოდა კარგად.
რასა, რომელმაც მოპასუხე შექმნა… რაც ნაკლებს ვიტყვით მათზე – მით უკეთესი. მათაც იცოდნენ და არასდროს გაუმჟღავნებიათ, იყო თუ არა ეს ცოდნა საამური.
მათ ააგეს მოპასუხე და დატოვეს ნაკლებგანვითარებული რასების სამსახურში. თავად გაემგზავრნენ. და სად წავიდნენ მხოლოდ მოპასუხემ იცის.
რადგან მოპასუხემ ყველაფერი იცის.
მოპასუხე იყო მისთვის განკუთვნილ პლანეტაზე, მისთვის განკუთვნილი მზის კამარის ქვეშ. დღე იყო გრძელი, როგორც ზოგი რასა განსჯის დღეს და მოკლე, როგორც სხვა რასები განსჯიან. თავად მოპასუხისთვის კი დღე გრძელდებოდა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იყო.
მოპასუხეს ყველა პასუხი ჰქონდა. მან იცოდა საგნების თვისება და რაობა. იცოდა რა არის და რატომ არის.
ყველა შეკითხვაზე შეეძლო პასუხის გაცემა, თუკი შეკითხვას სწორედ დაუსვამდნენ. მოპასუხე მზად იყო პასუხებისთვის და სურდა, ეპასუხა.
ეს არის მოპასუხის არსი.
განა, რა უნდა ქნას სხვა?
სწორედ ამიტომ ელოდა, რომ მივიდოდნენ მასთან და დაუსვამდნენ კითხვებს.
– როგორ გრძნობთ თავს, სერ? ჰკითხა მორანმა და ფრთხილად მიცოცდა მოხუცთან.
– უკეთესად, – უპასუხა ლინგმანმა. გაღიმება სცადა. უწონადობამ დიდი შვება მოუტანა. მორანი შეეცადა, მინიმალური აჩქარებით გასულიყო კოსმოსში, ამისთვის უზარმაზარი რაოდენობის საწვავიც არ დაენანა, მაგრამ ლინგმანის სუსტი გულისთვის ესეც კი მეტისმეტი ამბავი აღმოჩნდა. ხან დაეჭიმა, ხან – შეეკუმშა. ფართხალებდა და ნეკნს ეხეთქებოდა, თითქოს, ამოხტომას ლამობსო. ერთი პირობა ისიც ეგონა, გამიჩერდაო. უწონადობამ სულზე მოუსწრო. ლინგმანის უღონო გულს ძალა მიეცა და ხელახლა ამუშავდა.
მორანს, ცხადია, ასეთი გასაჭირი არ ადგა. მისი ძლიერი სხეულისთვის დატვირთვა და სტრესი არაფერი იყო. არც ამ მოგზაურობაში აწუხებდა რამე, მხოლოდ – მოხუც ლინგმანზე დარდი.
– ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს, – უტყვ შეკითხვას ჩურჩულით უპასუხა ლინგმანმა, – ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ არ გავარკვევ.
მორანმა მართვის ბერკეტი მოქაჩა და ხომალდი სივრცისმიღმეთში დაეშვა, როგორც გველთევზა – ზეთში.
– ჩვენ გავარკვევთ, – უთხრა მორანმა და მოხუცს დაეხმარა ღვედის გახსნაში, – ვიპოვით მოპასუხეს!
ლინგმანმა თავი დაუქნია ახალგაზრდა პარტნიორს. წლებია, უკვე, ერთმანეთს ამხნევებდნენ. თავდაპირველად მხოლოდ ლინგმანის პროექტი იყო. შემდეგ ქალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მორანი შეუამხანაგდა. მისხალ-მისხალ შეაგროვეს მითქმა-მოთქმა, მზის სისტემა რომ მოეცვა. თქმულებები უძველესი ჰუმანოიდული რასის შესახებ. მათზე, ვინც იცოდა პასუხი ყველა კითხვაზე. ვინც ააგო და დატოვა მოპასუხე და წავიდა თავად.
– პასუხი ყველა კითხვაზე! – შესძახა მორანმა. ის, როგორც ფიზიკოსი, მრავალ კითხვაზე ეძებდა პასუხს. სამყაროს გაფართოებაზე; ატომის ბირთვის ნაწილაკების შემკვრელ ძალაზე; ახალი და ზეახალი ვარსკვლავების წარმოშობაზე; პლანეტების ფორმირებაზე; წითელ ძვრაზე; ფარდობითობაზე და ვინ მოთვლის კიდევ…
– ყველაზე! – უთხრა ლინგმანმა და ეკრანზე უკიდეგანო სივრცისმიღმეთის ციმციმს დააკვირდა.
ის ბიოლოგი იყო. და – ძალიან მოხუცი.
მას ორი კითხვა ჰქონდა მხოლოდ.
რა არის სიცოცხლე?
რა არის სიკვდილი?
***
იისფრებზე ნადირობის შემდეგ, ლეკი და მისი მეგობრები სასაუბროდ დასხდნენ. დიდი თანავარსკვლავედების მახლობლად, იისფრები მუდამ კარგავდნენ იის ფერს, არვინ იცის – რატომ. და მათი საუბარი სწორედ რომ დროული იყო.
– ეჭვი ნუ გაქვთ, – ამბობდა ლეკი, – მოპასუხეს აუცილებლად ვიპოვი.
ის ოლგრატზე საუბრობდა – ენაზე, რომელზე ნათქვამსაც წყალი არ გაუვა.
– რატომ? – ილმმა ჰკითხა ჰვესტზე – მსუბუქი ირონიის ენაზე, – იისფრების დევნა, განა, არ გყოფნის? რად გინდა კიდევ პასუხების დევნა?
– არა, – უპასუხა ლეკმა. კვლავ მტკიცე განზრახვების ენაზე ლაპარაკობდა, – არ მყოფნის.
ლეკისა და მისნაირების საქმე იისფრების შეგროვება იყო. ისინი ეძებდნენ კოსმოსის ქსოვილში ჩაქსოვილ იისფრებს და მათგან ბორცვს აგებდნენ… არვინ იცის, რისთვის იყო ეს ბორცვი.
– გინდა, ალბათ, გაიგო, რა არის იისფრები? – ჰკითხა ილმმა და ვარსკვლავს ხელი კრა ოდნავ, რომ ადგილი გამოეთავისუფლებინა და მოხერხებულად წამოკოტრიალებულიყო.
– მინდა, – უთხრა ლეკმა, – ჩვენი უმეცრება მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა, დროა, გავიგოთ, იისფრების ნამდვილი არსი და მათი ადგილი ფერთა სისტემაში… უნდა ვიცოდეთ, რატომ მართავს ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებას, – ამის სათქმელად ლეკმა ილგრეტი დაიხმარა – ბინდგადაყრილი საუნჯის ენა.
ილმი და დანარჩენები არ შეკამათებიან. თუნდაც, არგუმენტების ენაზე. მათაც იცოდნენ, ცოდნის მნიშვნელობა.
დროით გარიჟრაჟზე ლეკმა, ილმმა და სხვებმა იისფრების შეგროვება განაგრძეს.
დრო დამდგარიყო, გაეგოთ ზუსტი პასუხები სამყაროს შექმნის ტოლ კითხვებზე – რა არის იისფრები და რისთვის არის ბორცვი.
და რა თქმა უნდა, ყველა პასუხს მოპასუხისგან მოისმენდნენ. ყველას სმენოდა მოპასუხის შესახებ, რომელიც ააგო რასამ ვინც ჰგავდა მათ და დიდი ხანია, წავიდა.
– სხვაზე არაფერზე კითხავ? – მიაჩერდა ილმი ლეკს.
– არ ვიცი, – უპასუხა ლეკმა, – შეიძლება, ვარსკვლავებზეც ვკითხო. არაფერია ამაზე ღირებული.
რაკი ლეკი და მისი ძმები დროით გარიჟრაჟზე ცხოვრობდნენ, მათ არაფერი იცოდნენ სიკვდილზე. და რაკი მათი რაოდენობა არ იცვლებოდა, არაფერი იცოდნენ სიცოცხლეზე.
იისფრები? ბორცვი?
– წავედი! – შესძახა ლეკმა, კილო-კავზე, რომელშიც თქმა და გაკეთება ერთი იყო.
– ბედნიერად! – მიადევნეს ძმებმა გულითადი მეგობრობის ჟარგონზე.
ლეკი მიალაჯებდა და გზად ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე ხტებოდა.
მოპასუხე კი თავის პატარა პლანეტაზე იყო ეულად და ელოდა კითხვებს. ზოგჯერ, კითხვების მოლოდინში, პასუხებს ბუტბუტებდა თავისთვის. პასუხების ცოდნა მისი აღმატებული უფლება იყო. ეს იცოდა კარგად.
ელოდა და მოლოდინი არ იყო ხანგრძლივი და არ იყო ხანმოკლე.
სამყაროს ნებისმიერი ქმნილებას შეეძლო, მისულიყო მასთან და შეკითხვოდა, რაც სურდა.
***
თვრამეტნი იყვნენ და ერთად მოეყარათ თავი.
– თვრამეტის წესის ძალით, – შესძახა ერთმა. და გამოჩნდა სხვა, რომელიც იქამდე არასდროს არსებულა. თვრამეტის წესის ძალით შობილი.
– თვრამეტის წესი მართავს ჩვენს ყოფას, – შესძახა ერთმა, – სადაც თვრამეტია, იქ ცხრამეტიც იქნება. რატომ არის ეს ასე? მოპასუხეს უნდა ვკითხოთ.
არვინ იცოდა სხვამ პასუხი.
– სად ვარ? – იკითხა ახალშობილმა მეცხრამეტემ. ერთმა თვრამეტიდან გვერდზე გაიყვანა, რომ აეხსნა წესი.
ჩვიდმეტი დარჩა. უცვლელი რიცხვი.
– ისიც უნდა ვკითხოთ, – შესძახა სხვამ, – რატომ არის ყველა ადგილი განსხვავებული, თუკი მათ შორის მანძილი არ არის?
პასუხი არ ჰქონდათ. ერთი ჯერ აქ არის. შემდეგ ერთი იქ არის. უმიზეზოდ და უმოძრაოდ. და მაინც, ერთი სხვა ადგილას აღმოჩნდება, თუმცა, არ გადაადგილდება.
– ვარსკვლავები ცივია, – წამოიძახა ერთმა.
– რატომ?
– მოპასუხეს უნდა ვკითხოთ.
ყური მოეკრათ თქმულებებისთვის და ახსოვდათ ზღაპრები.
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი რასა, ისეთი, როგორც ჩვენ, მათ იცოდნენ და მათ მოუყვეს მოპასუხეს. შემდეგ გაემგზავრნენ იქ, სადაც ადგილი არ არის, მაგრამ არის დიდი მანძილი“.
– როგორ უნდა მოვხვდეთ იქ? – შესძახა ახალშობილმა მეცხრამეტემ, ახალი ცოდნით დამძიმებულმა.
– წავედით!
თვრამეტი გაქრა. დარჩა ერთი. დარდით შეჰყურებდა უზარმაზარი ვარსკვლავის ყინულოვან გარსს, სანამ გაქრებოდა ისიც.
– ძველი თქმულებები არ ტყუიან, – შვებით ამოიოხრა მორანმა, – ის აქ არის.
სივრცისმიღმეთიდან ამოყვინთეს იმ ადგილას, სადაც ლეგენდები ამბობდნენ და თვალწინ გადაეშალათ ვარსკვლავი, რომელიც არ ჰგავდა არცერთ სხვა ვარსკვლავს. მორანმა ამ ვარსკვლავისთვის ცალკე თანავარსკვლავედი გამოიგონა, მაგრამ ახლა ეს ყველა უმნიშვნელო იყო. მეორე არ იყო ამ ვარსკვლავის მსგავსი.
ვარსკვლავის გარშემო ბრუნავდა პლანეტა, რომელიც არ ჰგავდა არცერთ სხვა ვარსკვლავს. მორანმა ამ პლანეტისთვის ცალკე სისტემა შექმნა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, როცა მეორე არ იყო ამ პლანეტის მსგავსი.
– ღვედი შეიკარით, სერ, – გააფრთხილა მორანმა, – ვეცდები, ნაზად დავეშვათ.
ლეკმა ვარსკვლავზე შედგა ფეხი, დაიხარა, დასწვდა მოპასუხეს, აიღო და დააკვირდა.
– აბა, შენა ხარ მოპასუხე, – უთხრა, არ უკითხავს.
– მე ვარ, – უპასუხა მოპასუხემ.
– მაშ, ეს მითხარი, – ლეკი ვარსკვლავებს შორის მოკალათდა მოხერხებულად, – მითხარი, მე ვინ ვარ.
– მიკერძოება, – თქვა მოპასუხემ, – მინიშნება.
– ჰმ… კარგი ერთი, – ჩაიბურდღუნა ლეკმა, ამ პასუხმა მის თავმოყვარეობას კბილი გაკრა, – მგონი, უკეთ შეგიძლია… მაგრამ… ჩემი რასის მიზანი იისფრების შეგროვება და მათგან ბორცვის აგებაა… იქნებ მითხრა, რა აზრი აქვს ამას?
– თქვენი კითხვა აზრსმოკლებულია, – უპასუხა მოპასუხემ.
მან იცოდა, თუ რა იყო იისფერი და რისთვის იყო ბორცვი, მაგრამ პასუხი უფრო ვრცელ პასუხში იმალებოდა. იმ პასუხის გარეშე ლეკის კითხვაზე პასუხი შეუძლებელი იყო. ლეკმა კი სწორი კითხვის დასმა ვერ მოახერხა.
ლეკი ეკითხებოდა და ეკითხებოდა. მაგრამ მოპასუხეს არ შეეძლო პასუხის გაცემა. ლეკი ყველაფერს მისი სამრეკლოდან უყურებდა, მისი საწყაოთი სიმართლის მცირე ნაწილს წონიდა მხოლოდ და დანარჩენს არად აგდებდა.
როგორ უნდა მოუყვე უსინათლოს მწვანე ფერის სიხასხასეზე?
მოპასუხეს არ უცდია. ამისთვის არც იყო შექმნილი.
ბოლოს, ლეკს ზიზღნარევი სიცილი აღმოხდა. ამ სიცილზე ვარსკვლავი, რომელზეც შედგა ფეხი, ალისფრად აენთო, მაგრამ უმალ ჩაფერმკრთალდა.
ლეკი კი სწრაფი ნაბიჯით შორდებოდა. ხტომა-ხტომით. ვარსკვლავიდან – ვარსკვლავზე.
მოპასუხემ ყველა პასუხი იცოდა. მაგრამ პასუხი რომ მიიღო, ჯერ სწორი შეკითხვა უნდა დასვა. მოპასუხე ფიქრობდა იმ ზღვარზე, რომლითაც შემოფარგლული იყო. და შესცქეროდა ვარსკვლავებს, რომლებიც არც დიდი იყვნენ და არც – პატარა. ზუსტად იმ ზომის, რაც იყო საჭირო.
სწორად დასმული კითხვები.
იქნებ მოპასუხეს, – ფიქრობდა მოპასუხე, – უნდა მისცემოდა ნება, სემანტიკური აბდაუბდიდან გამოერჩია საღი მარცვალი… იქნებ, რასას, რომელმაც ის შექმნა, უნდა ეზრუნა ამაზეც?
მოპასუხე თავისთვის ბუტბუტებდა კითხვებს და პასუხებს.
პასუხებით კმაყოფილი იყო.
***
თვრამეტი არსება გამოჩნდა მოპასუხესთან. არც მოსულან, არც მოფრენილან, უბრალოდ – გაჩნდნენ. ვარსკვლავების ცივ შუქზე აკანკალებულნი მიაჩერდნენ მოპასუხეს, მისი ზომით გაკვირვებულნი.
– თუკი მანძილი არ არის,- ჰკითხა ერთმა, – როგორ შეუძლიათ საგნებს სხვადასხვა ადგილზე იყვნენ?
მოპასუხემ იცოდა, რა არის მანძილი და რა არის ადგილი. მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მანძილი არსებობდა, მაგრამ ისე არა, როგორც ეს არსებები ზომავდნენ. იყო ადგილებიც, მაგრამ განსხვავებული იმისგან, რასაც ეს არსებები ელოდნენ.
– კითხვა სხვაგვარად დამისვით, – უთხრა იმედიანი მოლოდინით.
– რატომ ვართ მოკლენი აქ, თუკი იქ გრძელები ვართ, – ჰკითხა ერთმა, – რატომ ვართ მსუქები იქ და აქ კი – მოკლენი? და რატომ არიან ვარსკვლავები ცივი?
მოპასუხეს ჰქონდა პასუხები. იცოდა რატომ იყვნენ ვარსკვლავები ცივი, მაგრამ არ შეეძლო ამის ახსნა ვარსკვლავების და სიცივის განზომილებაში.
– რატომ, – ჰკითხა სხვამ, – არსებობს თვრამეტის წესი? როცა კი თვრამეტი იკრიბება რატომ ჩნდება კიდევ ერთი?
პასუხი იყო ნაწილი უფრო ვრცელ კითხვაზე პასუხის, მაგრამ ის კითხვა მოპასუხისთვის არ დაუსვამთ.
გაჩნდა კიდევ ერთი თვრამეტის წესის ძალით და ცხრამეტი არსება გაქრა.
მოპასუხემ საკუთარ თავს ჩასჩურჩულა სწორი კითხვები და უპასუხა მათ.
– ჩვენ ეს შევძელით, – უთხრა მორანმა, – როგორც იქნა! – და მხარზე შეეხო ლინგმანს. სათუთად. რადგან ლინგმანი, შეიძლება, დაშლილიყო.
მოხუცი ბიოლოგი დაიღალა. სახეც ჩამოეღვენთაო, თითქოს. გამომშრალ კანს ყვითელი დაკრავდა. კბილებიც ჩაყვითლებოდა. პატარა, თხელი ცხვირი და ჩავარდნილი ლოყები – გეგონებოდა, თავის ქალა უჩანდა.
– წავიდეთ, – ლინგმანს აღარ სურდა დროის ფუჭად ფლანგვა. მას არ ჰქონდა დასაკარგი დრო.
თავზე მორგებული ჩაფხუტებით აედევნენ ვიწრო ბილიკს.
– ცოტა ნელა, – ქოშინით თქვა ლინგმანმა.
– ჰო, მესმის…
მიჰყვებოდნენ ერთად თალხ ბილიკს პლანეტაზე, რომელიც არ ჰგავდა სხვა პლანეტებს და ეულად ბრუნავდა მზის გარშემო, რომელიც არ ჰგავდა სხვა მზეებს.
– იქ, ზემოთ, – უჩვენა მორანმა.
ლეგენდები არ ტყუოდნენ. ბილიკი. ქვის საფეხურები. ეზო. შემდეგ კი – მოპასუხე!
მათთვის მოპასუხე თეთრი კედლის ეკრანს ჰგავდა. ძალიან სადა იყო მოპასუხე მათთვის.
ლინგმანს ხელები უკანკალებდა. ხელისგულები ერთმანეთს მიადო და თითები გადააჭდო. ეს იყო მთელი მისი ცხოვრების კულმინაცია. შრომის. წვალების. თანხის ძიების. კამათის. თქმულებათა შეგროვების. ყველაფერი აქ, ახლა დასრულდა.
– მოემზადე, – უთხრა მორანს, – სახტად დარჩენა გველოდება. ჭეშმარიტება ის არ იქნება, ჩვენ რასაც ველით.
– მზად ვარ, – უპასუხა მორანმა. თვალები უბრწყინავდა.
– მშვენიერი… მოპასუხე, – ჰკითხა ლინგმანმა წვრილი ხმით, – მითხარი, რა არის სიცოცხლე?
ხმა მათ თავებში გაისმა:
– თქვენი კითხვა აზრსმოკლებულია. ტერმინში „სიცოცხლე“ შეკითხვის მომცემი გულისხმობს ფენომენის ნაწილს, რომლის ახსნა შეუძლებელია, მთლიანისგან განცალკევებით.
– რისი ნაწილია სიცოცხლე? – ისევ ჰკითხა ლინგმანმა.
– შეკითხვას ამ სახით პასუხი არ აქვს – შეკითხვის მომცემი სიცოცხლეს მისი პირადი, შეზღუდული მიკერძოებით აფასებს.
– მაშინ, თქვენი სიტყვებით გვიპასუხე, – ვეღარ მოითმინა მორანმა.
– მხოლოდ კითხვაზე პასუხის გაცემა შემიძლია.
მოპასუხე კვლავ ჩაფიქრდა მისი შემქმნელების მიერ მისთვის სამწუხაროდ დაწესებული საზღვრის შესახებ.
სიჩუმე ჩამოწვა.
– სამყარო ფართოვდება? – ახლა მორანმა ჰკითხა თავდაჯერებით.
– გაფართოება ამ მოვლენის შეუსაბამო ტერმინია. სამყარო, როგორც მას შეკითხვის მომცემი აღიქვამს, მოჩვენებითი ცნებაა.
– შეგიძლია რამე გვითხრა? – ჰკითხა მორანმა.
– შემიძლია პასუხის გაცემა ნებისმიერ სწორად დასმულ შეკითხვაზე, რაცკი ეხება საგანთა ბუნებას.
***
ორმა მამაკაცმა ერთმანეთს გადახედა.
– ვფიქრობ, ვიცი, რას გულისხმობს, – თქვა ლინგმანმა სევდიანად, – ჩვენი ძირითადი ვარაუდები მცდარია… ყველა მათგანი.
– შეუძლებელია, – არ დაეთანხმა მორანი, – ფიზიკა, ბიოლოგია…
– ნახევარსიმართლე, – თქვა ლინგმანმა. ხმაში დიდი დაღლილობა დაეუფლა, – ეს ერთი ამბავი მაინც გავარკვიეთ – დავადგინეთ, რომ დასკვნები რაც კაცობრიობას სამყაროზე დაკვირვების შედეგად დაგვიგროვდა, არასწორია.
– მაგრამ უმარტივესი ჰიპოთეზის წესი[*]…
– მხოლოდ თეორიაა, – უთხრა ლინგმანმა.
– სიცოცხლე? შეეძლო კი პასუხის გაცემა კითხვაზე – რა არის სიცოცხლე?
– ასე განსაჯე, – განუმარტა ლინგმანმა, – დავუშვათ, შენ მკითხე: „რატომ დავიბადე მორიელის თანავარსკვლავედში, სატურნის ტახტის ქვეშ?” მე ვერ ვუპასუხებ შენს შეკითხვას ზოდიაქოს მოშველიებით, რადგან, სინამდვილეში, ზოდიაქო აქ არაფერ შუაშია…
– მესმის, – დაფიქრებით თქვა მორანმა, – არ შეუძლია უპასუხოს ჩვენს კითხვებს ჩვენსავე ვარაუდზე დაყრდნობით.
– ასე ჩანს. და არ ძალუძს ჩვენი ვარაუდების შეცვლა, რადგან მხოლოდ შეკითხვებით არის შემოსაზღვრული… სწორი კითხვის დასმა კი მოითხოვს ცოდნას, რომელიც, უბრალოდ, არ გვაქვს.
– ნუთუ, სწორი კითხვის დასმასაც ვერ მოვახერხებთ? არა მჯერა, – თავი გაიქნია მორანმა, – რაღაც საფუძვლების ცოდნა ხომ მაინც გვაქვს.
და კვლავ მოპასუხეს მიუბრუნდა.
– რა არის სიკვდილი?
– მე ვერ ავხსნი ანთროპომორფიზმს.
– სიკვდილი ანთროპომორფიზმია! – შესძახა მორანმა.
– მგონი, წინ მივიწევთ, – გამოცოცხლდა ლინგმანიც, – არის თუ არა ანთროპომორფიზმები არარეალური? – ჰკითხა.
– ანთროპომორფიზმების პირობითი კლასიფიცირება შესაძლებელია, როგორც: A – ცრუ ჭეშმარიტების; B – ნაწილობრივი ჭეშმარიტების, ვითარებიდან გამომდინარე.
– ჩვენს შემთხვევაში, რომელი გამოიყენება?
– ორივე.
ჭეშმარიტებასთან ამაზე ახლოს ვერ მივიდნენ. ორი ადამიანი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდიდა კიდევ, მაგრამ სულ უფრო და უფრო შორდებოდა პასუხს.
– ცოტაც და ჭკუიდან გადავდგები, – შესძახა მორანმა, – ამ რაღაცას მთელი სამყაროს სამყოფი პასუხები აქვს, მაგრამ ვერ გვეტყვის, თუ სწორ კითხვას არ დავუსვამთ… მაგრამ საიდან უნდა ვიცოდეთ სწორი კითხვა?
ლინგმანი მიწაზე ჩამოჯდა და ქვის კედელს მიეყრდნო. თვალები დახუჭა.
– ველურები ვართ, – ამბობდა მორანი, თან მოპასუხის წინ ბოლთას სცემდა, – ბუშმენი მიდის ფიზიკოსთან და ეკითხება, თუ რატომ არ შეუძლია მზის ისრით ჩამოგდება. მეცნიერს კი ამის ახსნა მხოლოდ მისი ტერმინოლოგიით შეუძლია… რა მოხდებოდა ასეთ დროს?
– მეცნიერი არც კი შეეცდებოდა, – ლინგმანის ხმა ძლივს ისმოდა, – მას ხომ ეცოდინებოდა შეკითხვის მიმცემის კნინი შესაძლებლობები.
– ჯანდაბა, – შესძახა გაბრაზებით მორანმა, – როგორ უნდა განუმარტო დედამიწის ბრუნვა? ან, კიდევ უკეთესი, ფარდობითობის თეორია? თან მეცნიერების ფარგლებს რომ არ გაცდე?
ლინგმანს პასუხი არ გაუცია. თვალები კვლავ დახუჭული ჰქონდა.
– ის ბუშმენი ჩვენ ვართ… არა, განსხვავება უფრო დიდიც კია. ნაპრალი ჭიაყელასა და ზეადამიანს შორის. ჭიაყელას სურს, იცოდეს, საიდან გაჩნდა ჭუჭყი და როგორ მოგროვდა ამდენი… ოჰ… სერ, წავიდეთ?
ლონგმანმა არაფერი უპასუხა. არც თვალები გაახილა. ხელისგულები ერთმანეთისთვის მიადო და თითები გადაეჭდო. ლოყები კიდევ უფრო ჩავარდნოდა. ცარიელი თავის ქალა იყო.
– სერ!.. სერ!…
მოპასუხემ იცოდა, ეს ის პასუხი არ იყო.
***
მოპასუხე ეულად იყო პლანეტაზე, რომელიც არც დიდია, არც – პატარა. ზუსტად იმ ზომისაა, რაც უნდა იყოს. და ელოდა.
მოპასუხეს არ შეუძლია დაეხმაროს მასთან მისულებს, რადგან მოპასუხეც კი მოქცეულია საზღვრებში.
მას შეუძლია მხოლოდ სწორად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
სამყარო? სიცოცხლე? სიკვდილი? იისფერი? თვრამეტი?
ნაწილობრივი ჭეშმარიტებები. ნახევარი სიმართლე. ვრცელი შეკითხვის მცირე ნაფლეთი.
მხოლოდ მოპასუხე უსვამს საკუთარ თავს სწორ კითხვებს. კითხვებს, რომელთა გაგებას ვერვინ შეძლებს. და პასუხების გაგებას როგორღა შეძლებენ?
სწორ კითხვებს ვერვინ ვერასდროს დასვამს. მოპასუხეს ახსოვს, რაღაც, რაც მისმა შემქმნელებმაც იცოდნენ, მაგრამ – დაავიწყდათ.
კითხვა რომ დასვა, პასუხის მეტი წილი უკვე უნდა იცოდე.
©Robert Sheckley – Ask a Foolish Question. Science Fiction Stories, June 1953. Columbia Publications, Inc.
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(*)იგულისხმება “ოკამის სამართებელი” – უილიამ ოქამელის წესი, რომლის მიხედვით, რაიმე მოვლენის აღწერის დროს ყველაზე სადა განმარტება უნდა ავირჩიოთ.