მოიჯარის პრობლემა

ჰენრი ქათნერი და სი ელ მური

ჯექლინმა თქვა იადონიო, მე კი განუყრელებს[1] ვამბობდი – ერთი იადონისთვის ასეთი გნიასი მართლაც მეტისმეტი იყო, თან ბუზღუნა ბებრუხანა ბატონი ჰენჩარდი და განუყრელები – ეს სურათი ძალიან შეუხამებელი მეჩვენა და რომ წარმოვიდგინე, თავს როგორ ეფოფინება, ძალიან გავხალისდი. დაე, განუყრელები ყავდეს. ასე იყო თუ ისე, მდგმური რაღაცას გვიმალავდა ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ჩიტების გალიაში. თითქოს ეჭვიანობსო, ჩვენი შესვლა და შალითის ჩამოფარება ერთი იყო. თვალში ვერაფერი მოვიხელთეთ, ხმაური გვესმოდა მხოლოდ.

და არც ეს ხმები იყო იოლი გასარჩევი. მაუდის ქსოვილის საფარქვეშ ხან ფრუტუნებდნენ, ხან შარიშურობდნენ, ხან მორიდებულად აკაკუნებდნენ, ხანაც აბრახუნებდნენ და ერთი-ორჯერ ისეთი შემოკრეს, რომ მთელი გალია შეხტა და შეტორტმანდა, რაღაც მანქანებით იყო, ძირს რომ არ გადმოვარდა. ბატონმა ჰენჩარდმა უთუოდ შენიშნა, მისი გალიისკენ რომ გაგვირბოდა თვალი და ყური, ან რა დიდი შემჩნევა ამას უნდოდა, მაგრამ ვითომც არაფერიაო. ერთხელ კი, როდესაც ჯექიმ სასხვათაშორისოდ უთხრა, როგორი სასიამოვნოაო, ალბათ, ფრინველების ყოლა, ბატონმა ჰენჩარდმა ცივად მოუჭრა:

– არ უნდა ენის ჭარტალი! და ჩემს გალიას თავი დაანებეთ, შევთანხმდით?

ამან კი ცოტა არ იყოს გაგვაბრაზა. თქვენ არ გაბრაზდებოდით? მაგრამ რაკი ცნობისმოყვარენი არ ვართ და სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა არ გვჩვევია, ერთმანეთს სიტყვა მივეცით – არცკი გავიხედოთ იმ მაუდგადაფარებული გალიისკენ… და არც ბატონი ჰენჩარდის დაკარგვა გვინდოდა. კარგი მდგმურის შოვნა დღეს იოლი აღარ არის. ჩვენი პატარა სახლი პატარა ქალაქის გზატკეცილის პირას იდგა. ქალაქი ერქვა თორემ – რამდენიმე ათეული მოსახლე, სასურსათო და სასმელების მაღაზია, ფოსტა და თერის რესტორანი. ეს იყო სულ. მე და ჯექი ყოველ დილით ვსხდებოდით ავტობუსში და მივემგზავრებოდით ქარხნისკენ, ერთი საათის სავალზე. სახლში ვბრუნდებოდით დაბინდებისას არაქათგამოცლილები, მაგრამ სახლის დალაგებაც ჩვენ გვიწევდა – მუშა-ხელი ჭირდა, დამლაგებელს სანთლით ვერ იპოვნიდი, სამხედრო სამუშაოებზე იყო ყველა და გასამრჯელოსაც არ უჩიოდნენ. სამზარეულოს ამბები კი… რა გითხრათ, აბა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თერის რესტორნის საუკეთესო კლიენტები ჩვენ ვიყავით.

ქარხანაში ჩვენც კარგი ხელფასი გვქონდა, მაგრამ ომის დაწყებამდე დიდი ვალები ავაგროვეთ და ახლა დამატებითი შემოსავალი დაგვჭირდა, ამიტომ მივაქირავეთ ბატონ ჰენჩარდს ოთახი. მიყრუებულში, სადამდე მიღწევაც არ არის იოლი, სანაპიროს კი, მტრის ბომბდამშენების მოლოდინში, ყოველ ღამე აბნელებენ, მდგმურის ასარჩევად არ გაქვს საქმე. ჩვენ კი ბატონი ჰენჩარდი მგონი, უფალმა გამოგვიგზავნა. ხნიერი კაცი იყო. მოხუცი. მეტისმეტად მოხუციც კი, იმისთვის, რომ თავგადასავლების მაძებარი ყოფილიყო.

მოგვიკაკუნა კარზე და ბეც დაგვიტოვა. რამდენიმე დღეში დიდი ტყავის ჩემოდნითა და ნაჭრის სამოგზაურო ჩანთით მოგვადგა. ჩია ტანის ხმელი ბერიკაცი მოკლე შევერცხლილი თმით. თვალჭყეტელას[2] მამა ხომ იცით, იმას ჰგავდა ძალიან. მჟავე ხასიათი ჰქონდა-მეთქი არ ვიტყოდი, ბუზღუნა კი იყო. მგონი, ცხოვრების დიდი წილი ნაქირავებ ოთახებში გაატარა. საკუთარი თავის კაცი იყო. გრძელ შავ მუნდშტუკში მუდამ სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი და აბოლებდა. მაგრამ არ გეგონოთ, იმ მარტოხელა ბერიკაცთა მსგავსი იყო, თავს რომ შეგაცოდებენ. სულაც არა. მისი საკმარი ფულიც ჰქონდა და ცხოვრებითაც ფრიად კმაყოფილი იყო. სხვა არვინ სჭირდებოდა. ჩვენ შეგვაჩვია თავი. ერთხელ იყო, პაპა-მეთქი, დავუძახე და ისეთი საყვედურები მომაყარა, სახეზე ალი მომედო.

ზოგი ადამიანი იღბლიან ვარსკვლავზე იბადება. ბატონი ჰენჩარდი იყო ასეთი. რამდენი ქუჩაში გავიდოდა, ფულს იპოვიდა. რამდენი პოკერის სათამაშოდ დავსხდებოდით, ხან ფლეში მოსდიოდა, ხან – ფულჰაუსი. განა ცუღლუტობდა. მოგებასაც არ ცდილობდა, თითქოს. უბრალოდ უმართლებდა სულ და რა ექნა.

ერთხელ იყო, ხის დაკლაკნილი კიბეებით ვეშვებოდით ფერდობიდან სანაპიროსკენ. ბატონმა ჰენჩარდმა ქვას წაკრა ფეხი. კარგა მოზრდილი ქვა იყო, დაგორდა, ჩახტა და ქვედა საფეხური ჩატეხა. ძველ კიბეს უკვე ლპობა შეპარვოდა და ქვა რომ არა, ბატონ ჰენჩარდს უნდა დაედგა იქ ფეხი – ჩაუტყდებოდა და, უთუოდ, ჩაიტანდა კიდეც.

კიდევ ასეთი ამბავი – ავტობუსში ავედით და ძრავი ჩაქრა. გავჩერდით. ამ დროს იყო, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთოს ბორბალი გაუსკდა, მძღოლმა ვერ დაიმორჩილა, გადმოვიდა ჩვენს ზოლში და გადავარდა თხრილში. ავტობუსის ძრავი რომ არ ჩამქრალიყო და არ გავჩერებულიყავით, პირდაპირ შეგვასკდებოდა. ახლა კი არვინ დაშავებულა.

ბატონ ჰენჩარდი დღისით ქალაქში გადიოდა თავის საქმეებზე ღამით კი ნიადაგ თავის ოთახში იჯდა ფანჯარასთან. ოთახის დასუფთავების დრო რომ იყო, დავუკაკუნებდით კარზე და „ერთი წუთითო”. შემდეგ გვესმოდა ქსოვილის შრიალი და, რომ შევიდოდით, გალიას უკვე მთლიანად ფარავდა მაუდი. რა ფრინველი ჰყავდა? იქნებ – ფენიქსი? მისი ჩიტები არასდროს გალობდნენ. ხმაურობდნენ მხოლოდ. და ეს ხმები ხშირად არც გავდა ფრინველისას. მაგრამ როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდით, ბატონი ჰენჩარდი თავის ოთახში გვხვდებოდა უკვე. და არასდროს გვტოვებდა მარტოს, როდესაც ოთახს ვალაგებდით. არც შაბათ-კვირას გამოდიოდა გარეთ. რა ჩიტები ყავდა? მხოლოდ მარჩიელობა შეგვეძლო.

რაც შეეხება გალიას…

ერთ გვიან საღამოს ბატონი ჰენჩარდი ოთახიდან გამოვიდა, სიგარეტი მუნდშტუკს მოარგო და გადმოგვხედა.

– ჰმმ, – გვითხრა, – ასეთი ამბავია – რაღაც ქონება მაქვს ჩრდილოეთით, უნდა წავიდე, დავხედო. ერთი კვირა არ ვიქნები, მაგრამ ქირას გადაგიხდით…

– ოჰ, რას ამბობთ, – თქვა ჯექიმ, – ჩვენ შეგვიძლია…

– არ უნდა ენის ჭარტალი! – შესძახა, – ეს ჩემი ოთახია. მინდა, შემენახოს… შევთანხმდით?

ჩვენ შევთანხმდით და სიგარეტის ნახევარი შეისრუტა ერთი ჩასუნთქვით.

– ჰმმ, – გვითხრა ისევ, – ასეთი ამბავია – ყოველთვის საკუთარი მანქანით ვმოგზაურობდი და გალიაც თან დამქონდა, მაგრამ ამ ჯერზე ავტობუსით მიწევს მგზავრობა და თან ვერ წავიღებ… თავაზიანი ხალხი ჩანხართ, რაც თქვენი საქმე არ არის, ცხვირს არა ჰყოფთ, ამიტომ, ჩემს გალიას აქ დავტოვებ, მაგრამ არაფრის დიდებით გადახადოთ შალითა!

– კი მაგრამ, იადონი? – შეწუხდა ჯექი, – ის ხომ შიმშილით მოკვდება.

– იადონი? ჰმ! – თქვა ბატონმა ჰენჩარდმა და ეჭვის თვალით გადმოგვხედა, – არაფერი დასჭირდება თქვენგან, ბლომად საკვები და წყალი დავუტოვე. ხელით არ შეეხოთ და მორჩა… დაალაგეთ ჩემი ოთახი, თუ საჭირო იქნა, მაგრამ არ გაბედოთ ფრინველის გალიასთან მიახლოება. შევთანხმდით?

– შევთანხმდით, – ვუთხარი მე.

– გაითვალისწინეთ, რაც გითხარით!

შემდეგ საღამოს, როდესაც სახლში მივედით, ბატონი ჰენჩარდი წასული დაგვხვდა. მის ოთახში შევედით. ჩიტების გალიისთვის მაუდის ქსოვილი გადაეფარებინა საგულდაგულოდ და ზედ წარწერაც მიემაგრებინა:

„გაითვალისწინეთ, რაც გითხარით!“

გალიიდან კი ჯერ რაღაც ზუზუნი, შემდეგ – კაკუნი მოისმა.

– ჯანდაბა მის თავს, – ჩავიბურდღუნე, – შხაპს მიიღებ?

– კი, – მითხრა ჯექიმ.

გალიაში კი ისევ ზუზუნებდნენ.

და ჩვენ ვერაფრით მივამგვანეთ ფრინველის ფრთების შრიალს.

იმ ღამით – არაფერი. მეორე ღამეს კი ვუთხარი:

– შეიძლება მან საკმარისი რაოდენობით საკვები დაუტოვა, მაგრამ, ვფიქრობ, წყლის დამატება დასჭირდებათ.

– ედი! – შესძახა ჯექიმ.

– ჰო, კარგი, ცნობისმოყვარეობა მკლავს, – გამოვუტყდი, – მაგრამ ფრინველის წყურვილით მოკვლის იდეაც არა მხიბლავს.

– ბატონმა ჰენჩარდმა ასე თქვა…

– ჰო, კარგი… თერისთან ჩავიდეთ და ბატკნის მწვადის ამბავი მოვიკითხოთ…

მესამე ღამით…

კი, მესამე ღამით გალიას შალითა გადავხადეთ.

იმდენად ცნობისმოყვარეობის გამო არა, რამდენადაც – ჩიტებზე დარდით.

ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა მაშინ და დღესაც ასე ვფიქრობ.

ჯექიმ თქვა, რომ ერთი კაცის ამბავი გაეგონა, ვისაც იადონების წვალება უყვარდა.

– აგერ, ნახავ, საბრალო ჩიტი ჯაჭვით ეყოლება დაბმული, – ასე ამბობდა და თან ფანჯრის რაფას წმენდდა გალიის უკან.

მე მტვერსასრუტი გამოვრთე. გალიაში კი ამ დროს რაღაც აშიშინდა.

– მისმინე, ჯექი, ბატონი ჰენჩარდი კარგი ვინმეა, მაგრამ, შენც შენიშნავდი, ცოტა თავში უქრის. შეიძლება, ამ ჩიტს ან ჩიტებს მოსწყურდათ… მე მივხედავ…

– არა! – შემაჩერა ჯექიმ, – კი! ოღონდ, ორივენი ვიზამთ ამას. ერთად. პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ.

გალიაზე გადაფარებულ მაუდს ხელი მოვკიდე, ჯექი გვერდით ამომიდგა და მაჯაზე ჩამაფრინდა.

შალითის კუთხე ავწიეთ ოდნავ. გალიაში რაღაც შარიშურობდა, მაგრამ, როგორც კი საფარველი შევარხიეთ, მიჩუმდა. ცალი თვალით შეჭყეტა მსურდა მხოლოდ, მაგრამ ხელი აღარ მემორჩილებოდა – ზემოთ და ზემოთ იწევდა და მასთან ერთად – შალითაც. თვალი გალიისკენ გამექცა.

გალიაში იდგა… პატარა სახლი. კოპწია. კოხტა. თავად სრულყოფილება. პატარა სახლი თეთრი კედლებითა და მწვანე დარაბებით მხოლოდ დეკორისთვის – არ მგონია, ვინმეს ოდესმე დაეკეტა. თანამედროვე ტიპის შენობა იყო. მკვიდრად ნეგბი, მოხერხებული. ასეთებს ყოველ ნაბიჯზე ხედავ გარეუბნებში. პატარა სარკმლებზე ჩითის ფარდები ჩამოეკიდათ. პირველი სართული განათებული იყო, მაგრამ, როგორც კი საფარველი გადავწიეთ – ჩაბნელდა… არა, შუქი არ გამოურთავთ, უბრალოდ ჟალუზები ჩამოაფარეს. ერთბაშად. ისე სწრაფად, რომ ვერც კი შევნიშნე, ვინ ქნა.

ქსოვილს ხელი გავუშვი და მან კვლავ დაფარა გალია. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვშორდი და ჯექისაც მოვქაჩე ხელი, რომ გამომყოლოდა.

– თოჯინების სახლი, ედი!

– თოჯინებით?

გალიას მივაჩერდი.

– როგორ ფიქრობ, შეიძლება იადონი გაწვრთნა ისე, რომ ჟალუზების ჩამოშვება ისწავლოს?

– ოჰ, ღმერთო ჩემო! მომისმინე, ედი!

გალიიდან ჩუმი შრიალი მოგვესმა. შემდეგ რაღაცამ დაიჭრაჭუნა.

მივუახლოვდი და საფარველი ამ ჯერზე სრულად გადავხადე. მომზადებული ვიყავი და პირდაპირ ფანჯარაში შევიხედე, მაგრამ თვალის დახამხამებაში ისევ ჟალუზები ჩამოაფარეს.

ჯექიმ მკლავზე მომკიდა ხელი და თითით მიმანიშნა – დამრეც სახურავზე პაწია აგურის საკვამური საიდანაც მქრქალი კვამლი ამოდიოდა. იკლაკნებოდა და მიიწევდა ზემოთ. ისეთი სიფრიფანა იყო, რომ სუნი ვერ ვიგრძენი.

– იადონები სადილს ამზადებენ, – მითხრა ჯექიმ.

ცოტა ხანს კიდევ ვიდექით გაუნძრევლად და ვუყურებდით. არ ვიცი, რას ველოდით. ეგებ იმას, რომ კარი გაიღებოდა, გამოვიდოდა მწვანე კაცუნა და სამი სურვილის ასრულებას შემოგვთავაზებდა. არ გაგვიკვირდებოდა სულაც. მაგრამ არაფერი მომხდარა.

ჩამიჩუმი არ ისმოდა. და ყველა ფანჯარაზე ჟალუზები ჩამოეფარებინათ.

ვათვალიერებდი სახლს და ვტკბებოდი მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევრით. ყველა დეტალი გაეთვალისწინებინათ. ზღურბლზე – ჭილოფი ფეხის გასაწმენდად. კარზე – ზარის ღილაკი.

გალიებს ძირი ეხსნება ხოლმე, სარკმელი აქვს, რომ გამოაღო. ამ გალიას ვერ მოხსნიდი და ვერ გააღებდი. მირჩილული იყო და მირჩილვის ადგილებიც ეტყობოდა.

გისოსებს შორის საჩვენებელი თითი ეტეოდა, ცერისთვის კი მეტისმეტად ახლო-ახლოს იყო.

– ლამაზი კოტეჯია, არა? – ჩაილაპარაკა თავისთვის ჯექიმ და ხმა აუკანკალდა, – ისეთი ციცქნა კაცუნები უნდა ცხოვრობდნენ იქ…

– კაცუნები?

– ჩიტები… ედი, ვინ ცხოვრობს ამ სახლში?

– კარგი, – ვუთხარი, – ამოვიღე გულის ჯიბიდან ფანქარი, ფრთხილად შევყავი გისოსებს შორის, დავუმიზნე ფანჯარას და ჟალუზების აწევა ვცადე. ოთახიდან ფარნის შუქმა შემომანათა. ნემსივით წვრილმა და წვეტიანმა სხივმა, ასე მეგონა, დამიწვა გუგა. ანაზდად შევყვირე და შევტრიალდი. ფანჯარამ დაიქუხა და ისევ დაუშვეს ჟალუზი.

– დაინახე, რა მოხდა?

– ვერა, შენი თავი მეფარებოდა.

ისევ ჩააქრეს შუქი. მხოლოდ საკვამურიდან კვამლის ღრუბლები მიანიშნებდა, რომ სახლში ვიღაც იყო.

– ბატონი ჰენჩარდი შეშლილი მეცნიერია[3], – ჩაილაპარაკა ჯექიმ, – ადამიანები დააპატარავა.

– ბირთვდამშლელი უნდა ჰქონდეს, – ვუპასუხე, – როგორი შეშლილი მეცნიერია თუ ბირთვდამშლელი არ აქვს? და ელვის შექმნა არ შუძლია?

ისევ მოვიმარჯვე ფანქარი, წამახული წვერით ამჯერად ზარის ღილაკს დავუმიზნე და დავაწექი. გაისმა წვრილი „ბზზზზზ“.

კარის გვერდით ფანჯარაში რაღაც აშრიალდა. მგონი, ჟალუზის კიდე აწიეს სწრაფად და შემომხედეს. ისე სწრაფად, რომ ვერაფერი დავინახე. მხოლოდ ხელახლა დაშვებული ჟალუზი და სრული სიჩუმე. ამაოდ ვრეკავდი ზარს, სანამ ხელი არ დამეღალა.

– შემიძლია, გალია დავშალო… – ვთქვი.

– ოჰ, არა! ბატონი ჰენჩარდი…

– კარგი, – ვუთხარი, – მაგრამ როდესაც დაბრუნდება, ვკითხავ, ეს რა ჯანდაბაა. ელფების ყოლის ნება არ აქვს… არც საიჯარო ხელშეკრულებაში გვიწერია.

– საიჯარო ხელშეკრულება საერთოდ არ გვაქვს, – შემახსენა ჯექიმ.

გალიას შემოვუარე და კარგად დავაკვირდი. სახლი გასუსული იყო. მხოლოდ კვამლი საკვამურიდან ამოდიოდა და იშლებოდა ზანტად.

გალიაში შეღწევის უფლება არა გვქონდა. კერძო საკუთრებაა. წარმოვიდგინე, როგორ მაპატიმრებენ ქურდობის ბრალდებით მწვანე კაცუნები. ფრთების ფრიალითა და ცეცხლოვანი ხელკეტის ქნევით. ნეტავ, ელფებს პოლიციელები თუ ჰყავთ. ან რა სახის დანაშაულებები ხდება მათთან.

ქსოვილი გადავაფარე გალიას. და სულ მალე ისევ გაისმა შრიალი. კაკუნი. ზუზუნი. და არც ერთი გავდა ჩიტის ხმას.

– ოჰ, ღმერთო ჩემო, – თქვა ჯექიმ, – წავიდეთ, გავეცალოთ.

დასაძინებლად წავედით. მთელი ღამე მესიზმრებოდა, როგორ ცეკვავენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მწვანე კაცუნები ცისარტყელის რკალზე და მღერიან ტკბილად.

მაღვიძარამ გამაღვიძა. შხაპი. საპარსი. მოვწესრიგდი და სამუშაოდ გამოვეწყე. თან ფიქრები არ მასვენებდა. ჯექისაც – ასევე.

ერთმანეთს შევხედეთ.

– ხომ არ…

– რა თქმა უნდა!.. ედი, ნეტავ ისინიც მიდიან სამსახურში?

– რა სამსახურში? ფაიფურის ფინჯნების მოსახატად?..

ფეხაკრეფით შევედით ბატონი ჰენჩარდის ოთახში. გალიაში სიწყნარე იყო. მზე ამოწვერილიყო უკვე და ფანჯარაში იჭყიტებოდა. ერთი ხელის მოსმით გადავხადე შალითა. სახლი ადგილზე დამხვდა. ყველა ჟალუზი ჩამოეფარებინათ ერთის გარდა. თხელი ჩითის ფარდას ნიავი არხევდა.

დავიხარე და იმ ფანჯარაში შევიხედე.

იქედან უზარმაზარი თვალი მომაშტერდა.

გველნაკბენივით ვისკუპე უკან. დაფეთებულმა ჯექიმ შემომხედა, დარწმუნებული იყო, რომ დამჭრეს… ვყვიროდი რაღაცას ურჩხულის გადმოკარკლულ, სისხლიან თვალზე, ადამიანისას რომ არა ჰგავდა…

მოვეხვიეთ ერთმანეთს და ვიდექით ასე ერთხანს.

შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ისევ შევიხედე ფანჯარაში.

– ოჰ… – ამოვისუნთქე, – სარკე ყოფილა.

სარკე?

– ჰო, დიდი სარკეა. კედლის. სულ ესაა, რასაც ვხედავ. ახლოს ვერ მივდივარ.

– კარის ზღურბლთან ნახე, – მითხრა ჯექიმ.

შევხედე და რძის ბოთლი დგას. პაწაწკინტელა. მეწამული. ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა. გვერდით კი შუაში გაკეცილი საფოსტო მარკა დევს.

– მეწამული რძე? – ვთქვი.

– ჰო, მეწამული ძროხისგან… ან, ბოთლია ფერადი… იქ კი გაზეთია, ედი?”

დავაკვირდი და მართლაც, საფოსტო მარკა კიარა – გაზეთია.

სტატიის სათაურიც გავარჩიე:

„ელვა: ფოცფა თარს კუდში მისდევს!“

რაღაც ასე.

მაუდი ფრთხილად გადავაფარე გალიას. თერის რესტორანში შევიარეთ სასაუზმოდ, სანამ ავტობუსი მოვიდოდა.

ერთი სული გვქონდა, შინ როდის დავბრუნდებოდით. ბატონი ჰენჩარდი ჯერ არსად ჩანდა და ჩვენც მის ოთახში შევედით, ავანთეთ შუქი და სმენად ვიქეცით.

– მუსიკის ხმაა, – თქვა ჯექიმ.

ვერც კი ვიტყვი, მართლა მუსიკა იყო თუ არა. სუსტი ბგერები სულ მალე ჩაიკარგა კაკუნის, ჟღარუნის, ხახუნისა და ზუზუნის ხმებში.

ესენიც მალე მიჩუმდა და ამ დროს გალიას ქსოვილი გადავხადე.

სახლი ჩაბნელებული იყო. ფანჯრები დაეხურათ, შუქები ჩაექროთ და ყველა ჟალუზი ბოლომდე ჩამოეშვათ. რძის ბოთლი და გაზეთიც გაექროთ ზღურბლიდან, მაგიერ კარზე შევნიშნეთ რაღაც აბრა. ძნელი გასარჩევი იყო, მაგრამ ამ ჯერზე თადარიგი დავიჭირე და გამადიდებელი შუშით მივედი.

„კარანტინი! ციცხვის ცხელება!“

– ჰაჰ, ეს ციცქნა მატყუარები, – შევძახე, – ნიძლავს ვარ, არავითარი ცხელება არ ჭირთ.

– ციცხვის ცხელება მხოლოდ აპრილშია, არა? – ჩაიხითხითა ჯექიმ.

– აპრილსა და შობის დღეებში. ყიყლიყოს ბუზებს[4] გადააქვთ. სად არის ჩემი ფანქარი…

გუშინდელივით დავუმიზნე ზარის ღილაკს და დავაწექი. ჟალუზი შეირხა და წამსვე დაუბრუნდა ადგილს. ვერც კი დავინახეთ, ვინ გადაწია.

და კვლავ დუმილი. ჩამიჩუმი არ ისმოდა. კვამლიც კი არ ამოდიოდა საკვამურიდან.

– ხომ არ გეშინია? – ვკითხე ჯექის.

– სულაც არა… ისინი ხომ თავად გაგვირბიან… როგორ არის – ქებოთები საუბრობენ მხოლოდ[5]

– ელფები მხოლოდ გობლინებთან საუბრობენ, – გინდოდა გეთქვა?.. რას გვიბზუებენ ცხვირს, ნეტავ? ბოლო-ბოლო ეს ჩვენი სახლია, სადაც მათი სახლი დგას. ხომ ხვდები, რას ვგულისხმობ.

– ვერაფერს ვიზამთ, – თქვა ჯექიმ.

ფანქრის წვერით მივწვდი კარს და დიდი გაჭირვებით, ოკრობოკროდ დავაწერე:

„შემოგვიშვით“

სხვა ვერაფერი დაეტია.

– ასე არ უნდა დაგეწერა, – თავი გაიქნია ჯექიმ, – შესვლა სულაც არ გვინდა, გვინდა, რომ დაგვენახონ.

– გვიანაა… თან, მგონი, მიხვდებიან, რა ვიგულისხმეთ, – ვუთხარი დარწმუნებით.

ცოტა ხანს კიდევ დაველოდეთ.

მივჩერებოდით სახლს, რომელიც გალიაში იყო. მას კი ყველა თვალი დაეხუჭა და მგონი, გულმოსული ჩანდა.

„ციცხვის ცხელება“, როგორ არა!

სულ ეს იყო, რაც იმ ღამეს მოხდა.

მეორე დილით ჩემი ნაჯღაბნი კარიდან წაშლილი დაგვხვდა, საკარანტინო გაფრთხილება კი კვლავ ადგილზე იყო. ზღურბლზე მწვანე ფერის ბოთლი იდგა და ახალი გაზეთი, რომელიც ამ ჯერზე იუწყებოდა:

„ელვა: ფოცფამ თარი უკან ჩამოიტოვა!“

საკვამურიდან კვამლი იკლაკნებოდა.

ისევ დავრეკე ზარი. არვინ გამომეხმაურა. კართან საფოსტო ყუთი შევნიშნე – დომინოს ქვის ხელა. ვერც მივხვდებოდი, რა იყო, მაგრამ ღრიჭოდან წერილები მოჩანდა. თავი დახურული ჰქონდა.

– ნეტავ, შეგვეძლოს ვნახოთ, ვის გამოუგზავნეს, – მითხრა ჯექიმ.

– ან – ვინ გამოუგზავნა, ეს უფრო მაინტერესებს.

სამსახურში წავედით. მთელი დღე კაცუნებზე ფიქრი დამტრიალებდა და ისე გავერთე, კინაღამ თითიც მივაყოლე დაზგას.

ჯექი რომ ვნახე, ისიც ასე დარდიანი დამხვდა.

– მოდი, თავი დავანებოთ, – მითხრა, როდესაც ავტობუსში ჩავსხედით და სახლისკენ გამოვემგზავრეთ, – არ ვუნდივართ და ნუ ვუნდივართ.

– ეგღა მაკლია, ვიღაც არსებების ღვარძლიან ჭკუაზე ვიარო, ამის გარდა, ეს ამბავი ორთავეს ჭკუიდან გადაგვიყვანს, თუ ვერ გავიგეთ, ვინ ცხოვრობს იმ სახლში… რას იტყვი, ბატონი ჰენჩარდი ჯადოქარია?

– ჯადოქარი კიარა ალქაჯია! – გამწარებით შესძახა ჯექიმ, – წავიდა და ვიღაც ავთვალი ელფები ჩვენ შეგვატოვა!

სახლში რომ მივედით, ჩიტების გალიის სახლის ბინადრებს მოესწროთ უკვე და საალყო განგაში გამოეცხადებინათ. შალითაზე ხელის შევლება და ყველა ჟალუზის ჩამოშვება ერთი იყო. სრული სიჩუმე. ზღურბლზე – ჭილოფი და დეპეშა – საფოსტო ყუთში.

– ეს ბოლო წვეთია! – მიტკლის ფერი ედო ჯექის, – დეპეშა!

– იქნებ, სხვა რამეა?

– დეპეშაა ნამდვილად. „ბებია ელპიტე გარდაიცვალა“ ან „მალე დეიდა ეფროსინე გესტუმრებათ“[6].

– აბრა გამოუცვლიათ, – ვუთხარი, – კარანტინი აღარ აწერია, ახლა “ფრთხილად, შეღებილია!”-ო

– ჰოდა კოხტა, ახალშეღებილ კარზე მიუჩხაპნე…

გალიას მაუდი გადავაფარე, ოთახში შუქი გამოვრთე და ჯექის მოვკიდე ხელი. ვიდექით ასე ხელიხელჩაკიდული და ველოდით, რა მოხდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ პაწია სახლის ბინადარნი აშრიალდნენ, აკაკუნდნენ და რაღაც მელოდიური სტვენის ხმაც კი შემოგვესმა – უთუოდ, წყალი ადუღდა ჩაიდანში.

გამთენიისას რომ დავხედეთ, ერთბაშად ოცდაექვსი ყვითელი რძის ბოთლი და დილის გაზეთი მოეტანათ:

„ელვა: თარი ფოცფას ფეხდაფეხ მისდევს!“

საფოსტო ყუთიდან დეპეშა ამოეღოთ, მაგიერ ახალი წერილი მოსულიყო.

საღამოს – ყველაფერი ჩვეულებისამებრ გაგრძელდა. ქსოვილი რომ გადავხადეთ, სახლი სუსხიანი მდუმარებით შეგვეგება. მაგრამ ვგრძნობდით, როგორ გვიჭვრეტდნენ პაწია ჟალუზებს მიღმა.

დასაძინებლად წავედით, მაგრამ შუაღამისას ავდექი და ერთხელ კიდევ დავხედე ჩვენს იდუმალ ბინადრებს. ცხადია, დანახვით ვერვინ დავინახე, მაგრამ, მგონი, რაღაც წვეულება გაემართათ – უცხო მუსიკა და ფეხების კაკუნი მიწყდა, როგორც კი მაუდი შევარხიე.

დილით კი წითელი რძის ბოთლი და გაზეთი იდო ზღურბლზე.

„ელვა: ფოცფას საქმე წასულია!“

– ჩემი საქმეც წასულია, – ვუთხარი ჯექის, – სამუშაოს გულს ვერ ვუდებ, სულ ამ სახლის ამბავი მიტრიალებს თავში, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ…

– ასე ვარ მეც… როგორღაც უნდა გავარკვიოთ.

გალიაში შევიჭყიტე. ცალი თვალით, მაგრამ ჟალუზი ისე სწრაფად დაეშვა, რომ, მეგონა, მოწყდებოდა.

– რას ფიქრობ, ცოტა ხომ არ გავაცოფეთ? – ვკითხე.

– უეჭველი, – მიტხრა ჯექიმ, – გულზე ხელი რომ დავიდოთ, აღარ მოვასვენეთ… დაგენიძლავები, სხედან ახლა ფანჯრებთან ჟალუზებს მიღმა და საცაა, ჭიპზე გასკდებიან. ერთი სული აქვთ, როდის წავალთ… მოდი, მარტო დავტოვოთ, თან, საცაა, ავტობუსიც ჩამოდგება.

სახლს დავაკვირდი და, ჯექის თქმისა არ იყოს, ვიგრძენი, როგორ მიყურებდა სახლი წყენისა და მრისხანებისგან გავარვარებული.

დაღლილები და მშივრები დავბრუნდით შინ, მაგრამ ვის ახსოვდა, პალტოებიც კი არ გაგვიხდია, ისე შევვარდით ბატონი ჰენჩარდის ოთახში. სიჩუმე შეგვეგება. შუქი ავანთე და ჯექიმ გალიას შალითა გადააძრო.

გადააძრო და მოულოდნელობისგან შეჰყვირა.

ერთი ნახტომით მასთან გავჩნდი – მეგონა, დავინახავდი პაწია მწვანე კაცუნას ან ვინმე სხვას, კიდევ უფრო უცნაურს. მაგრამ უჩვეულო ვერაფერი დავინახე.

პატარა, მდუმარე სახლი. საკვამურიდანაც კი არ ამოდიოდა კვამლი.

მაგრამ ჯექის კარისკენ გაეშვირა თითი.

ეკიდა აბრა და ზედ კოხტად. ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაეწერათ:

„ქირავდება“.

მშვიდად. მკაფიოდ. შეუვალად.

– ვაიმე… ღმერთო… ოჰ… – შესძახა ჯექიმ.

ნერწყვი გადავყლაპე.

ყველა ჟალუზი აწეული იყო. ჩითის ფარდები – მოხსნილი. პირველად შევძელით, ფანჯრებში შეგვეხედა და კარგად დაგვეთვალიერებინა სახლი შიგნიდან.

მიტოვებული და ცარიელი.

ავეჯი გაეტანათ. მხოლოდ ალუბლის ხის პარკეტზე დარჩენილიყო ოდნავ შესამჩნევი ნაკაწრები.

გემოვნებით შერჩეული პასტელის ფერის შპალერი. იდეალურად სუფთა.

მოიჯარეებს სახლი დაეტოვებინათ.

– გადავიდნენ, – ვუთხარი ჯექის.

– კი, – ჩურჩულით მითხრა მან, – სხვაგან გადასახლდნენ.

უცებ საძაგლად ვიგრძენი თავი. სახლი დაცარიელდა. არა, გალიაში მდგარ პატარა სახლზე კიარა – ჩვენს სახლზე ვამბობ. თუ იცით გრძნობა, სტუმრად რომ იყავით და მობრუნდით შინ, სადაც არვინ და არაფერი გელოდებათ.

მოვეხვიე ჯექის. ისიც ცუდად გრძნობდა თავს. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთი „ქირავდება“ ასე შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას.

– რას იტყვის ბატონი ჰენჩარდი? – მკითხა ჯექიმ და დიდრონი თვალებით შემომხედა.

ბატონი ჰენჩარდი ორი დღის შემდეგ დაბრუნდა. გვიანი საღამო იყო, ბუხარს ვუსხედით. შემოვიდა და გორგოლაჭებიანი დიდი ჩემოდანი შემოაგორა. პირში გაჩრილი შავი მუნდშტუკი ცხვირის წვერს აკვროდა.

ერთი ჩაიფრუტუნა მისალმების ნიშნად.

– ღამე მშვიდობისა, – ვუთხარი თითქმის ჩურჩულით, – მოხარული ვარ, რომ დაბრუნდით.

– არ უნდა ენის ჭარტალი! – ჩვეულებისამებრ შესძახა და თავისი ოთახისკენ გაემართა. მე და ჯექიმ ერთმანეთს გადავხედეთ.

დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია.

ბატონმა ჰენჩარდმა სიბრაზისგან აჭარხლებული სახე გამოყო.

– თავხედებო – ყვიროდა, – ხომ გითხარით!…

– ერთი წუთით მომისმინეთ, – ვცადე მისი დაშოშმინება.

– არც ერთი წამი! ახლავე მივდივარ!

ოთახში მიიმალა. კარი მიხურა და გადაკეტა.

მე და ჯექი ველოდით. არ გაგვიკვირდებოდა, წკეპლით გამოსულიყო და შემოეწნა.

მაგრამ ბატონი ჰენჩარდი ჩემოდნით ხელში გამოვიდა, სწრაფად აგვიქცია გვერდი და გასასვლელისკენ გაემართა.

ისევ ვცადე მისი შეჩერება.

– ბატონო ჰენჩარდ…

– არ უნდა ენის ჭარტალი!

ჯექიმ მკლავი გამოსდო, მე მეორე ხელში ჩავაფრინდი და, როგორც იყო, შევაჩერეთ.

– მოიცადეთ, – ვუთხარი, – თქვენი… ის… ჩიტის გალია გრჩებათ.

– შენთვისაა ჩიტის გალია! – გამოსცარა, – მიჩუქნია! მაბეზარა!… თვეები დამჭირდა, თვეები, რომ ამეგო სახლი, ისეთი ზუსტად, როგორიც საჭირო იყო და ერთი მაგდენი, სანამ დავარწმუნებდი, რომ იქ დასახლებულიყვნენ. თქვენ კი ყველაფერი წაახდინეთ… აღარასდროს დაბრუნდებიან.

– ვინ??? – მოუთმენლად შესძახა ჯექიმ.

გადმოგვხედა. თვალები ავად უელავდნენ.

– ჩემი მდგმურები… ახალი სახლის აშენება მომიწევს… მაგრამ ამჯერად თქვენნაირ მაბეზარა ხალხს არ გავაკარებ.

– თქვენ ჯადოქარი ხართ?

ბატონმა ჰენჩარდმა დაიფრუტუნა.

– კარგი ხელოსანი ვარ. სულ ესაა საჭირო. მათი რიდი იქონიეთ და ისინიც კეთილად მოგექცევიან… თუმცა, ყველამ როდი იცის, როგორი სახლი უნდა აუშენოს.

ეს ბოლო ამაყად თქვა და, თითქოს მოლბა კიდეც, მაგრამ ჩემმა შემდეგმა კითხვამ ისევ გააბრაზა.

– ვინ… ვინ… – მომაძახა, – პატარა ხალხი… დაუძახეთ რაც გსურთ – ელფები, ფერიები, ფუძის ანგელოზები – სახელი მრავალი აქვთ, მაგრამ ერთადერთი, რაც სურთ, მშვიდ გარემოში ცხოვრება, ზრდილ და თავაზიან მეზობლებში. არ უყვართ, თავს რომ აბეზრებენ, უთვალთვალებენ, ყურს უგდებენ… ეს ამბავი სახლს სახელს უტეხს. რა გასაკვირია, რომ სხვაგან გადასვლა ამჯობინეს… არადა, რა კარგი მობინადრენი იყვნენ. იჯარის ფასსაც ყოველთვის დროულად იხდიდნენ!

– რითი იხდიდნენ? – ჩურჩულით ჰკითხა ჯექიმ.

– იღბლით!.. აბა, ფულით ხომ არ გადაიხდიდნენ… სანამ ახალ სახლს არ ავუშენებ, ჩემი იღბალი არ დამიბრუნდება.

ერთხელაც გადმოგვხედა, სახელურს მოქაჩა, გააღო კარი და გარეთ გავიდა. ავტობუსი გამოჩნდა და ბატონი ჰენჩარდიც სწრაფად გარბოდა, რომ მიესწრო.

თვალი გავაყოლეთ.

მიასწრო, მაგრამ ასვლისას წამოკრა ფეხი და პირქვე გაიშხლართა.

ჯექის მკლავზე მოვკიდე ხელი.

– ჰო, – მითხრა, – დავინახე… მისი თარსი ბედი უკვე ამუშავდა.

თარსი არა – ჩვეულებრივი. როცა ფერიები გყავს მდგმურად, უამრავ ზედმეტ იღბალს მოიხმარ.

დანა პირს არ გვიხსნიდა. მივჩერებოდით ერთმანეთს. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბეთ და უხმოდ შევედით ბატონი ჰენჩარდის ოთახში. ჩიტის გალია ისევ იქ იყო. სახლიც. და აბრა წარწერით „ქირავდება“.

– მოდი, თერისთან წავიდეთ, – ვუთხარი ჯექის.

გვიანობამდე რესტორანში დავრჩით. ჩვეულზე – მეტად. ვინმე იფიქრებდა, შინ წასვლა არ გვინდოდა, რადგან მოჩვენებიან სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ, სინამდვილეში, სხვა რამ ამბავი იყო. ჩვენი სახლი მოჩვენებებმა დატოვეს და ის საზარლად, მწუხარედ ცივი და ცარიელი დარჩა.

დანა პირს არ გვიხსნიდა. რესტორნიდან გამოვედით. გადავჭერით მაგისტრალი, ავიარეთ ფერდობი და ჩვენი კარი შევაღეთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ რაღაც ძალამ ისევ ბატონი ჰენჩარდის ოთახისკენ წაგვიყვანა. გალია კვლავ ადგილზე იყო და შალითა გადაფარებული ისე, როგორც დავტოვე, მაგრამ საფარის ქვეშიდან ისმოდა ჭრიალი, კაკუნი, ჟღარუნი და შრიალი.

სახლი იქირავეს!

შევტრიალდით სუნთქვაშეკრულნი, ფეხაკრეფით გავიძურწეთ ოთახიდან და კარიც უხმაუროდ გამოვხურეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გავბედეთ ამოსუნთქვა,

– არა, – თქვა ჯექიმ, – ჩვენ არასდროს, არაფრის დიდებით შევიხედავთ შალითის ქვეშ.

– არასოდეს, – ვუთხარი მე, – მაგრამ, რას ფიქრობ, ვინ არიან?

იქედან კი ვიღაც კრუტუნებდა, თითქოს მღერისო. კარგად მენიშნა. რაც უფრო ბედნიერად იგრძნობენ თავს, მით მეტხანს დარჩებიან.

დამესიზმრა, რომ რიპ ვან ვინკლთან[7] და ჯუჯებთან ერთად ვსვამდი ლუდს. ყველას ვაჯობე სმაში და ბოლოს მაგიდის ქვეშ დაეყარნენ.

წვიმიანი დილა გათენდა, ჩვენ კი ფანჯრებში მზე გვეჩვენებოდა. შხაპს რომ ვიღებდი, ვმღეროდი, ჯექი გაუჩერებლად რაღაცას დუდუნებდა თავისთვის. ბატონი ჰენჩარდის ოთახის კარი არც შეგვიღია.

– ალბათ, გვიან დაიძინეს, – ვუთხარი.

საამქროში ყოველთვის ხმაურია, ამიტომ ცილინდრული ფორმის საკისრებით დატვირთული ურიკის ჭრიალს არვინ აქცევს დიდად ყურადღებას. არც მე მიმიქცევია, ჩარხთან ვიდექი და ზომაზე ვასწორებდი, როდესაც შეგირდი ურიკას საწყობისკენ მიაგორებდა. მე უზარმაზარ სარანდ დაზგასთან ვმუშაობ, ეტლის ბორბლისხელა ხერხი რომ აქვს.

ამ დროს იყო, უკან რომ გადავდგი ნაბიჯი, დავინახე ურიკა და ერთი მოძრაობით, ვალსის მოცეკვავეც რომ მოიხდენდა, გვერდი ავუქციე, მაგრამ იმ ბიჭმაც სცადა, გვერდის ცვლა, ურიკა გაუსხლტა, გადმოპირქვავდა. ცილინდრები გამოგორდა ჩემკენ. აქ უკვე კამარა შევკარი და ჩარხის ჩარჩოზე დავენარცხე. მბრუნავი ხერხი ჯიქურ მიახლოვდებოდა. მუშაობისას, არასდროს შემინიშნავს, ასე სწრაფად მოძრაობა თუ შეეძლო.

ვფართხალებდი, ხერხი ღმუოდა, თითქოს სისხლს იყო მოწყურებული, ცილინდრები გორავდა ძირს და ხალხი გამორბოდა ყვირილით… უცებ, ერთბაშად ყველაფერი დამთავრდა. რაღაცამ დაიჭახუნა და ხერხი გაიჭედა.

საკუთარი გულისცემის ხმა შემომესმა. მგონი გაჩერებული იყო და ხელახლა ამუშავდა.

ტანსაცმელი გამოვიცვალე, დავჯექი და ჯექის დაველოდე. ავტობუსში მოვუყევი, თავს რაც გადამხდა.

– ფოლადის ცილინდრი ჩარხში მოყვა. ზუსტად იქ, სადაც საჭირო იყო… არ ვიცი, ჯადოქრობა ქვია თუ იღბალი. მაგრამ ამან გადამარჩინა… ჩარხი მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ მე ცოცხალი ვარ… ალბათ, მადლობის წერილი უნდა მივწეროთ მდგმურებს.

ჯექი თავი დამიქნია.

– ის იღბალია, რომლითაც ქირას გვიხდიან, ედი… რა ბედნიერი ვარ, რომ ბე გადაგვიხადეს.

– ჰო… თუმცა, სანამ ჩემს დაზგას შეაკეთებენ, გასამრჯელოს გარეშე კი დავრჩი, – შევნიშნე.

ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე კოკისპირულში ვიარეთ.

ბატონი ჰენჩარდის ოთახიდან ბრახაბრუხის ხმა გამოდიოდა. ბევრად ხმამაღალი, ვიდრე ნებისმიერი ხმაური, რაც კი აქამდე ყოფილა. ოთახში შევედით. სარკმელი ღია იყო და დავკეტე. გალიას შალითა ნახევრად გადახდილი ჰქონდა, ალბათ – ქარისგან. გასწორება დავიწყე და ანაზდად თვალი შევავლე პატარა სახლს. ჯექიც გვერდით ამომიდგა.

ჟალუზები ჩამოფარებული იყო. „ქირავდება“ ჩამოეხსნათ. მაგრამ სხვა ცვლილებებიც იოლად შესამჩნევი იყო: საკვამური გაჭვარტლული ჩანდა. სამზარეულოში საქმიანობდნენ – დამწვრის სუნი მეკრა. უეჭველი ძველი ხორცი და მჟავე კომბოსტოა, – გავიფიქრე. დათხვრილ ჭილოფზე ნაგვით სავსე ურნა შემოედგათ და ნარინჯისფერი ყუთი – კონსერვის ცარიელი ქილებით და გამოცლილი ბოთლებით, აშკარად არყისას რომ ჰგავდა. ერთი რძის ბოთლიც იდო კართან მღვრიე ნაღვლისფერი სითხით. დილის გაზეთი ჯერისევ ზღურბლზე ეგდო და უკვე საღამოს გაზეთიც მოეტანათ. ის არა, წინა მდგურებს რომ ჰქონდათ გამოწერილი, მსხვილი ჭყეტელა შრიფტითა და ფოტოებით იოლად ამოსაცნობი – ტაბლოიდები იყო.

კარის ჩარჩოდან სახლის კიდემდე თოკი გაებათ. სარეცხისთვის, ალბათ, თუმცა ზედ არაფერი ეკიდა.

გალიას ქსოვილი გადავაფარე და ოთახიდან გავედით. დავსხედით სამზარეულოში.

– ღმერთო ჩემო! – ვთქვი.

– რეკომენდაცია უნდა მოგვეთხოვა, – მწარედ ჩაიცინა ჯექიმ, – ესენი ჩვენი მდგმურები არ არიან!

– ჩვენი ძველი მდგმურები ნამდვილად არ არიან, – დავეთანხმე, – იმათ ვგულისხმობ, ბატონ ჰენჩარდს ვინც ყავდა… ჯერ ამდენი ნაგავი რად ღირს!

– სარეცხის თოკი? – დაამატა ჯექიმ, – ფეთხუმები ჩანან.

– ლესთერების ოჯახია. თამბაქოს გზა[8] შემოგვისახლდა.

ჯექიმ ამოიხვნეშა.

– ბატონმა ჰენჩარდმა თქვა – ისინი აღარასდროს დაბრუნდებიანო.

– ჰო, მაგრამ… ესე…

ჯექიმ ჩაფიქრებით გაიქნია თავი, თითქოს რაღაცას მიხვდაო.

– რა ხდება?.. აბა, გამოუშვი…

– არ ვიცი, მაგრამ, ნახე – ბატონმა ჰენჩარდმა ასე თქვა, პატარა ხალხი მშვიდ, კარგ სამეზობლოს ეძებს, ჩვენ კი მყუდროება დავურღვიეთ…. გალიას… ამ უბანს სახელი შევულახეთ. რესპექტაბელური ელფები აქ აღარ დასახლდებიან… ეს… ოჰ, ძვირფასო, ეს ახლა მათთვის, ალბათ, ჯურღმულებია…

– ხომ არ გაგიჟდი, – გული მომივიდა.

– სულაც არა. გაიხსენე, ბატონმა ჰენჩარდმა თქვა, რომ ახალი სახლის აშენება სჭირდებოდა. წესიერი მდგმური ცუდ სამეზობლოში არ გადავა. ჩვენ ახლა ვიღაც ფეთხუმი ელფები გვყავს.

პირდაღებული მივაჩერდი, მაგრამ საპირისპირო არგუმენტი ვერ მოვნახე.

– მიწურში ცხოვრებას მიჩვეული ხალხია. ფსონს ჩამოვალ, სამზარეულოში თხაც ეყოლებათ დაბმული, – ჩაილაპარაკა ჯექიმ.

– რაკი ასეა, – ვუთხარი გადაჭრით, – ჩვენ ამას არ მოვითმენთ. აქედან გავასახლებ. ახლა, წყალს ჩავუსხამ საკვამურში… სად არის ჩვენი ჩაიდანი…

მაგრამ ჯექიმ ხელი წამავლო და შემაჩერა, – არა, ედი, ამას არ იზამ. არ გავასახლებთ. ჩვენ უფლება არ გვაქვს მათი გასახლების – ბინის ქირა გადაგვიხადეს.

– ჩარხი? – გამახსენდა.

– სწორედაც რომ, – მითხრა ჯექიმ და თითები მკლავზე მომიჭირა, – დღეს მოკვდებოდი, ზედმეტი იღბალი რომ არა… შეიძლება, ცოტა უჯიშო ელფები გვყავს, მაგრამ ბინის ქირას კი იხდიან.

ჯექი მართალი იყო.

– ბატონი ჰენჩარდის იღბალი საათივით მუშაობდა. გახსოვს, კიბის ამბავი, ქვით რომ საფეხური ჩატეხა? ჩემი იღბალი კი ძლივს მიჭრიალებს – ჩარხზე დავეცი… ცილინდრები მოყვა შიგ და გადამარჩინა, მაგრამ, დაზგაც დააზიანა და ახლა უმუშევარი ვარ, სანამ შეაკეთებენ… დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰენჩარდს მსგავსი არაფერი შეემთხვეოდა.

– ჰო, უფრო მაღალ ფასს უხდიდნენ, – ამიხსნა ჯექიმ, თან თვალებში ცრემლები უბრწყინავდა, – ბატონი ჰენჩარდი რომც ჩავარდნილიყო ჩარხში, დენი გაითიშებოდა… მაგრამ ჩვენ ფეთხუმი მდგმურები გვყავს და გასამრჯელოს ფეთხუმი იღბლით გვიხდიან.

– რა გაეწყობა, იცხოვრონ, – ვუთხარი, – დაე, ვიყოთ ჯურღმულთმესაკუთრენი… წამო, თერისთან ჩავიდეთ და დავლიოთ.

ისევ წვიმდა. საწვიმარი ლაბადები მოვისხით და გავედით გარეთ. ძლიერი ქარიც ქროდა. ფანარი მოვიკითხე, მაგრამ სახლში დამრჩენოდა. მიტრიალება დამეზარა. ხელის ცეცებით დავეშვით ფერდობიდან დაბლა, სადაც რესტორნის შუქები კიაფობდა.

ქარსა და წვიმაში ქუჩის გადაკვეთისას ავტობუსი მაშინღა შევნიშნეთ, როცა ნისლიდან გამოანათა.

ჯექის ხელი ვტაცე, გვერდზე რომ გამეწია, მაგრამ სველ ბეტონზე ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. კიდევ კარგი, გზიდან გადავვარდი და თხრილში აღმოვჩდი პირქვე. ჯექიც გადავიყოლე და ზედ დამეცა. წამიც და ავტობუსმა ჩაიქროლა.

ძლივს ამოვძვერით, დავიფერთხეთ და რესტორნის კარს მივადექით.

– ოჰო! – ბარმენი მოგვაშტერდა, კარგად შეგვათვალიერა და, სიტყვაც რომ არ გვითქვამს ჯერ, ისე შეგვივსო ჭიქები.

– უეჭველი გადავრჩით, – ვუთხარი ჯექის, – ჩვენი სიცოცხლე იხსნეს.

– ასეა, – დამეთანხმა ჯექი, თან ყურის ნიჟარიდან ხელსახოცით ტალახს იწმენდდა, – მაგრამ ბატონ ჰენჩარდს ასე არ დაემართებოდა.

ბარმენმა თავი გააქნია.

– თხრილში ჩავარდი, ედი? და შენც? რა უიღბლობაა!

– იღბალია, – ნაზად გაიღიმა ჯექიმ, – მაგრამ – ფეთხუმი.

ჭიქა აწია და დარდით შემომხედა.

მივუჭახუნე.

– აბა, – ვუთხარი, – ჩვენს იღბალს გაუმარჯოს.

©Henry Kuttner & C. L. Moore – Housing Problem. Charm magazine, October 1944
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Lovebirds – თუთიყუშების სახეობაა

(2)თვალჭყეტელა მეზღვაური (Popeye the Sailor) – პოპულარული ამერიკული ანიმაციური სერიალის გმირი.

(3)“შეშლილი მეცნიერი” ამერიკული კომიქსების გმირია.

(4)Bread-and-butter flies ალუზია პეპელაზე (Bread-and-butterfly) ლუის ქერალის ნაწარმოებიდან “სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა”.

(5)ქებოთები ბოსთონის წარჩინებული გვარია. ციტატა ჯონ ქოლინზ ბოსიდის ლექსიდან, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტს ეძღვნება:
სადაც ლოუელზები ესაუბრებიან მხოლოდ ქებოთებს,
და ქებოთები კი ესაუბრებიან მხოლოდ ღმერთს.
And this is good old Boston,
The home of the bean and the cod,
Where the Lowells talk only to Cabots,
And the Cabots talk only to God.

(6)ორიგინალში, ცხადია, სხვა სახელებია. ფილმ “ჭრიჭინადან” ჩავანაცვლე. იმედია, ავტორები ამ უწყინარ “ხულიგნობაზე” არ შემომწყრებიან.

(7)ჰოლანდიელი ემიგრანტი, პირველმოსახლე, უოშინგთონ ირვინგის ამავე სახელობის მოთხრობის გმირი.

(8)ღარიბი ოჯახი, ერსქინ ქოლდუელის რომანიდან “თამბაქოს გზა”.
ავტორები კიდევ რამდენიმე სხვა ამერიკულ გვარს ჩამოთვლიან, რომლებიც გამოვტოვე.

___

ავტორების შესახებ:

ჰენრი ქათნერი ამერიკელი ფანტასტია. წერდა მრავალი ფსევდონიმით, რომელთა რაოდენობა 20-ზე მეტია, რამაც მისი ცნობადობა მნიშვნელოვნად დააზარალა. როჯერ ჟელაზნი იმ წიგნებსა და ავტორებს შორის, რომლებმაც “ამბერის ქრონიკებზე” მოახდინეს გავლენა, პირველ ყოვლისა ასახელებს ქათნერის ნაწარმოებს “ბნელი სამყარო” (The Dark World). ბრედბერის შეფასებით, ქათნერს იმდენი სიუჟეტი და იდეა ჰქონდა თავში, რამდენიც მწიფე ბროწეულს – მარცვლები. წინასიტყვაობაში, რომელიც 1975 წელს გამოცემულ ქათნერის რჩეულ მოთხრობებს დაურთო (რჩეული თავად ბრედბერის მონაწილეობით არის შედგენილი. “მოიჯარის პრობლემა”, ცხადია – შედის)… მოკლედ, ამ წინასიტყვაობაში, რომელსაც ბრედბერიმ “ჰენრი ქათნერი – მივიწყებული დიდოსტატი” დაარქვა, ის იხსენებს რჩევას, ქათნერისგან რომ მოისმინა:

– რეი, – მითხრა ერთ დღეს, – დამავალებ, თუ…
– რა? – ვკითხე.
– მოკეტავ!
– უკაცრავად?
– სულ ფორიაქობ, აღმა-დაღმა დარბიხარ, არვის აძლევ მოსვენებას, ყველას ედები და იდეებს აფრქვევ… – მითხრა ქათნერმა, – ამით ხომ მთელს ორთქლს გარეთ უშვებ. სულ აღარ მიკვირს, ვერც ერთი მოთხრობის დასრულებას და წერტილის დასმას რომ ვერ ახერხებ. გაეშვი ამ ზეპირსიტყვიერებას. და მოკეტე!

ბრედბერიმ ყური უგდო.

ვინ იცის, ქათნერი რომ არა, ბრედბერის იდეების დიდი წილი სხვა მწერლების წიგნებში გვეპოვა. ან უბრალოდ გვეცოდინებოდა, როგორც – “ხალხური”. 🙂

30-იანების ბოლოს ჯერ მიმოწერით, შემდეგ – პირადად გაიცნო მისი თაყვანისმცემელი, ახალგაზრდა მწერალი ქეთრინ ლიუსილ მური. აქედან დაიწყო მათი თანამშრომლობა, რაც 40-იანი წლებიდან ინტენსიური გახდა. მალე ისინი დაქორწინდნენ. მური, მეტწილად, ჩრდილში რჩებოდა. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, ცხოვრება ქათნერის შემოქმედების დახარისხებას, რედაქტირებას და ხელახლა გამოცემას მოანდომა. კრებულთა უმრავლესობას მხოლოდ ჰენრი ქათნერის სახელი ეწერა, თუმცა, დღეს, თანამედროვე ლინგვისტურ-ტექსტობრივი ანალიზით, დადასტურებულია, რომ ნაწარმოებთა დიდი წილი მათი ერთობლივი ნამუშევარია. ისეთებიც არის, პრაქტიკულად სრულად მურის კალამს რომ ეკუთვნის. მურის თანაავტორობა დიდად სავარაუდოა ზემოთ ნახსენები “ბნელი სამყაროს” შემთხვევაშიც.

ჰენრი ქათნერი 42 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. სი ელ მურს 1981 წელს მიენიჭა “ფენტეზის მსოფლიო კონვენციის” (World Fantasy Convention) ჯილდო მთლიანი შემოქმედებისთვის.
2019 წელს კი Hugo იმ ნაწარმოებთა კატეგორიაში, რომლებიც ამ ჯილდის შექმნამდე დაიწერა, მიენიჭა მოთხრობას “მიმზნი იყვნენ ბოროგოვნი” (Mimsy Were the Borogoves), რომელიც ქათნერსა და მურს ეკუთვნით (2019 წელს აღარც მური იყო უკვე ცოცხალი). მოთხრობა ლუის ქერალის “სარკისმიღმეთით” და მიმზების შესახებ ლექსით არის შთაგონებული. სათაურიც იქედანაა. “მიმზების” მიხედვით არის რამდენიმე ტელედადგმა და ორი ფილმი. ფრანგული Tout spliques étaient les Borogoves (1970) და ამერიკული The Last Mimzy (2007).

ეს “მიმზები” ყოველთვის შეაქვთ ხოლმე საიფაის საუკეთესო მოთხრობების ანთოლოგიებში. საკმაოდ ვრცელია. ქართულად ზუსტი შესატყვისი არ გვაქვს, ინგლისურად Novelette-ს უძახიან, ჩვენ, უბრალოდ – მოთხრობას. ვრცელი მოთხრობაც შეიძლება… მოკლედ, სიამოვნებით ვთარგმნიდი, მაგრამ ბევრია. თან ლექსის ალუზიაა და პოეზია ჩემი ძლიერი მხარე ვერ არის. 🙂

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: