ალფრედ ბესთერი
იყო ადამიანი, რომელიც ისტორიის ჩარხს უკუღმა ატრიალებდა. ამხობდა იმპერიებსა და ამთავრებდა დინასტიებს. მისი ნება რომ ყოფილიყო, მაუნთ ვერნონი[1] არ იქნებოდა ეროვნული სალოცავი, ოჰაიოს შტატის ქალაქს კი ქალამბუსის ნაცვლად ქებოთს დავარქმევდით, ფრანგები შეაჩვენებდნენ მარი კიურის და კეთილმორწმუნე მუსლიმები აღარ დაიფიცებდნენ წინასწარმეტყველის წვერს.
ეს ყველაფერი არ მოხდა, რაკი ის ადამიანი მხოლოდ შეშლილი პროფესორი იყო. სხვაგვარად რომ გითხრათ, ისტორიის ჩარხი კი დაატრიალა უკუღმა, მაგრამ – მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
„შეშლილი პროფესორის“[2] ამბავი ჩემმა მკითხველმა კარგად იცის – ჯუჯა კაცი ზეწარივით გადაშლილი შუბლით ლაბორატორიაში რომ დაბაჯბაჯებს და მონსტრებს ქმნის. მონსტრების შექმნა სარისკო საქმეა – ყოველთვის ბრუნდებიან შემქმნელთან და საფრთხეს უქმნიან მის ოჯახს. მაგრამ მათზე არ ვსაუბრობ. ჩემი ამბავი ჰენრი ჰასელზეა, ჭეშმარიტ შეშლილ პროფესორზე, ისეთზე, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ბოლცმანი, ჟაკ შრლი და ანდრე მარი ამპერი[3].
ესენი არვის გამოუგონია – ნამდვილი ადამიანები იყვნენ და, ამავდროულად, შეშლილი მეცნიერები. ამპერის ამბავს მოგიყვებით და განსაჯეთ თავად – ერთხელ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიიჩქაროდა. პარიზში. გზად რაღაც სამეცნიერო აღმოჩენა მოახდინა, ფანქარი მოიმარჯვა და ეტლის კედლებზე დაიწყო განტოლებების წერა. სანამ აკადემიამდე მიაღწია, გამოთვლები დასრულებული ჰქონდა. გადმოხტა გახარებული და დარბაზში შეიჭრა, ჩქარობდა, ყველასთვის ემცნო ამ აღმოჩენის შესახებ… იმ დროსღა იყო, რომ შემოირტყა შუბლზე ხელი – მისი გამოთვლები ხომ ეტლს გაეტაცა. გამოვარდა გარეთ და პარიზის ქუჩებში დაუწყო დევნა ეტლებს, სანამ ის ერთი არ მოიხელთა, განტოლებიანი.
ახლა ბოლცმანი აიღეთ. იდეალური აირების მისეულ თეორიას რომ ხსნიდა ლექციის დროს, გზად იმდენი რთული განტოლებით დახუნძლავდა ხოლმე, რომ სტუდენტებს თავგზა ებნეოდათ და ჯერ მესამე ფორმულაზე იყვნენ, ბოლცმანი რომ უკვე მეთხუთმეტეს გადიოდა. ასე ჰქონდა ბოლცმანს ტვინი მოწყობილი. მოკრძალებით თხოვეს, პროფესორო, იქნება ყველა განტოლების გამოთვლა დაფაზე დაგვიწეროთ, ასე ზეპირად დამახსოვრება გვიჭირს და ვერ მოგყვებითო. კარგი, ეგრე ვიზამ, აქამდე რატომ არ მითხარითო, – დაპირდა, თურმე.
მაგრამ პირველივე ლექციაზე ყველაფერი გადაავიწყდა და კვლავ თავისებურად გაუტია…
– ბატონებო, ბოილის კანონის შერწყმა შარლის კანონთან გვაძლევს განტოლებას pv = po vo (1 + at), ცხადია, თუ aSb = f (x) dx ÷ (a), მაშინ pv = RT და vS f(x,y,z) dV = 0. ეს იმდენად მარტივია, როგორც ორჯერ-ორი…
ამ დროს იყო, დანაპირები რომ გაახსენდა, შემოიკრა ხელი, მივიდა დაფასთან, აიღო ცარცი და დაწერა:
2 x 2 = 4
ან ისა ნახეთ, ჟაკ შარლს რა დაემართა, ბრწყინვალე მათემატიკოსს, რომელმაც საკუთარი სახელობის კანონი აღმოაჩინა, ბოლცმანი რომ ხსნიდა მის ლექციაზე. რაღაც ეშმაკად პალეოგრაფობა მოინდომა. იმდენი ეძება ძველი, დაკარგული ხელნაწერები, სანამ ერთ ცნობილ თაღლითს, დენი ვრა-ლუკას[4] არ გადაეყარა. მისგან 200,000 ფრანკად იულიუს კეისრის, ალექსანდრე დიდისა და პილატე პონტოელის წერილები შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილები ფრანგულად იყო დაწერილი მეზობელ საკანცელარიო მაღაზიაში შეძენილ ქაღალდზე… მწარმოებლის საფირმო ნიშნებიც კი ამოტვიფრული ჰქონდა, მაგრამ მაინც სიხარულით შეიძინა და ძალიან გაკვირვებული იყო, ლუვრის მუზეუმმა ამ „ძვირფასი“ ძღვენის მიღებაზე უარი რომ სტკიცა.
ახლა ვიღაც მეტყვის – ეს ადამიანები ბრიყვები ყოფილანო. მაგრამ არა – ბრიყვები არ იყვნენ. უბრალოდ დიდი ფასი გადაიხადეს მათი გენიალური ნიჭისთვის. სხვა ყველა საქმეში გონებაგაფანტულები.
გენიოსი საკუთარი მიზნისკენ გაუკვალავი გზით მიდის, აბა, რისი გენიოსია. მაგრამ გაუკვალავი გზების ძიებას, ყოველდღიურ ყოფაში ბევრი მარცხი სდევს. სწორედ ასე დაემართა 1980 წლის ერთ შუადღეს პროფესორ ჰენრი ჰასელს.
იმ შუადღეს პროფესორმა ჰენრი ჰასელმა წასახემსებლად უნივერსიტეტიდან სახლში გასეირნება გადაწყვიტა. გაიარა ლამაზი ხეივანი, თან მისი საუნივერსიტეტო გუნდის მიერ მოპოვებული ჯილდოებით ტკბებოდა, ბილიკის ორთავ მხარეს რომ გამოეფინათ და ასე, ამაღლებული განწყობით შეაბიჯა შინ, სადაც მის მეუღლეს წაუსწრო მამაკაცის ვნებიან მკლავებში.
35 წლის ჟღალთმიან ლამაზ ქალს ნუშის ფორმის თვალები მოეჭუტა და ეხვეოდა ვიღაც მამაკაცს, რომლის ჯიბეებიდან თავი ამოეყოთ ფანქრებს, ბლოკნოტს, კიდევ რაღაც ხელსაწყოებს, რომელთა შორის ჰასელმა ჩაქუჩიც დალანდა, ნერვოპათოლოგები რომ აკაკუნებენ ხოლმე პაციენტის რეფლექსების გასასინჯად.
ჰენრი ჰასელმა ქუთუთოები მოისრისა – ეჭვი არაა, ნამდვილად ქალბატონი ჰასელი იყო ვიღაც მამაკაცის მკლავებში. წყვილი ისე იყო გართული, არც შეუმჩნევიათ.
ჰასელი ზორბა ტანისა იყო, ძალ-ღონით სავსე, 90 კილოს იწონიდა და სულ იოლად შეეძლო ამ კვანძის გაგლეჯა – უცხო მამაკაცის ამბორიდან ცოლის გამოტაცება, მაგრამ გაიხსენეთ ამპერი, შარლი და ბოლცმანი. ჰენრი ჰასელიც ხომ გენიოსთა კლასში იყო და მისი გონება სხვაგვარად მუშაობდა.
ამოისუნთქა მძიმედ, შეაქცია ზურგი და ლაბორატორიაში შევიდა. ერთი უჯრიდან ამოიღო რევოლვერი, 45 კალიბრისა. შემდეგ სხვა უჯრებიდან და კარადებიდან ამოალაგა, რაც სჭირდებოდა და ჩხირკედელაობას შეჰყვა.
ზუსტად შვიდ-ნახევარ წუთში (მართლაც ძალიან იყო გაცეცხლებული), ააწყო დროის მანქანა (აკი ვთქვი, გენიოსი იყო მართლაც).
მოიმარჯვა რევოლვერი, ციფერბლატზე 1902 წელი აირჩია და დააწვა ღილაკს. მანქანამ ერთი დაიფრუტუნა, წყალდაწყვეტილი ონკანი რომ ხრუტუნებს ხოლმე და ჰასელი გაუჩინარდა, იმისთვის რომ ფილადელფიაში აღმოჩენილიყო 1902 წლის 3 ივნისს. კაკლიანის 1218 ნომერში წითელი აგურის სახლს მიადგა, მარმარილოს კიბე აიარა და ზარი დარეკა. კარი გაუღო ვიღაცამ, რომელიც ძმებ სმითებს შორის რიგით მესამე ძმას[5] ჰგავდა.
– ბატონო ჯესაფ? – ჰკითხა ჰასელმა ისე, თითქოს ნერწყვი მოადგა და სული ეკვრისო.
– დიახ?
– ბატონ ჯესაფს ვეძებ.
– მე ვარ.
– ედგარის მამა? ედგარ ალან ჯესაფის, ეს სახელი მწერლის საპატივცემულოდ რომ ჰქვია…
კაცს, რომელიც სმითებს შორის რიგით მესამე ძმას ჰგავდა, გაუკვირდა:
– რამდენადაც ვიცი – არა… ცოლიც არ მყავს.
– ეჭვი ნუ გაქვს, გეყოლება, – უთხრა ჰასელმა გაბრაზებით, – მე ის უბედური ვარ, თქვენს შვილიშვილზე რომ დავქორწინდი… გრეთა ჰქვია, – დაამატა, ამოიღო რევოლვერი და მისი ცოლის ბაბუას ესროლა, – ვწუხვარ…
შეუბერა რევოლვერიდან ამოსულ კვამლს.
– ესეც ასე – ჩემი ცოლი გაქრა… ისევ დაუქორწინებელი ვარ… თუმცა, შეიძლება, სხვა ვიღაცაზე ვარ დაქორწინებული… ვისზე ნეტავ? ღმერთო…
მოუთმენლად ელოდა, როდის დააბრუნებდა დროის მანქანა უკან, ლაბორატორიაში.
პირველი რაც ქნა, სასტუმრო ოთახში შევარდა, სადაც უცხო მამაკაცი ეხვეოდა ჟღალთმიან ქალს. ეჭვი არ იყო – ნამდვილად ქალბატონი ჰასელი ბრძანდებოდა.
ჰასელი გაოგნებული მიშტერებოდა.
– კარგი, – ჩაიღრინა თავისთვის, – ღალატის ოჯახური ტრადიცია გრძელდება… მაგრამ მე მივხედავ, გზებიც მოიძებნება და საშუალებებიც.
ჩაიცინა ცალყბად, ლაბორატორიაში დაბრუნდა და ახლა 1901 წელს გაემგზავრა, სადაც ემა ჰოჩქისი მოკლა… ვინმე ემა ჰოჩქისი კიარა – ემა ჰოჩქისი, მისი ცოლის ბებია.
მაგრამ საკუთარ დროს, საკუთარ სახლში რომ დაბრუნდა, იქ დახვდა მისი ჟღალთმიანი ცოლი, რომელიც კვლავ სხვა მამაკაცს ეკვროდა.
– ეს რაღაა… ნამდვილად ვიცი, რომ ბებერი ძუკნა ბებიამისი იყო, – ბუტბუტებდა თავისთვის ჰასელი, – სხვა თუ არაფერი, გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს…. რა ჯანდაბა ხდება?
ჰასელი დაბნეული და შეშფოთებული იყო, მაგრამ თავი ხელში აიყვანა, კაბინეტში გადაინაცვლა, ყურმილს დაწვდა და უნივერსიტეტს დაუკავშირდა, თან ნერვიულად აკაკუნებდა თითებს.
– სემ? – ჩასძახა, – ჰენრი ვარ.
– ვინ?
– ჰენრი.
– მკაფიოდ და ხმამაღლა, გეთაყვა.
– ჰენრი ჰასელი!
– ოჰ, შუადღე მშვიდობისა, ჰენრი.
– შეგიძლია, მომიყვე ყველაფერი დროის შესახებ?.
– დრო? ჰმმმ… კომპიუტერმა (ყურმილის მეორე მხარეს სწორედ სუპერ-კომპიუტერი იყო), – თითქოს, ყელი ჩაიწმინდაო, სანამ მონაცემთა დამუშავებას ელოდა.
– მაშ ასე… დრო არის წარსული, აწმყო, მომავალი, განგრძობითი…
– უკაცრავად, სემ, არაზუსტად ჩამოვაყალიბე, ჩემი ბრალია – მე მაინტერესებს: „დროის მიმდინარეობა“, „დროთა უწყვეტი რიგი“, “დროში მოგზაურობა“.
სემი ახალი მონაცემების დამუშავებაზე გადაერთო.
ჰასელი ყურადღებით უგდებდა ყურს. თან „ჰმ“ და „აჰა“-ო იძახდა განუწყვეტლივ და თავსაც აკანტურებდა.
– მესმის… მესმის… ასეც ვფიქრობდი… ერთიანი ჯაჭვია არა?.. წარსულში შესრულებულმა მოქმედებამ უნდა შეცვალოს მომავალი… სწორ გზაზე ვარ… რა მითხარი? მნიშვნელოვანი მოქმედება უნდა იყოს?.. აჰა… მასობრივი ზეგავლენის ეფექტით?.. წვრილმან ცვლილებებს არ შეუძლიათ არსებულ მოვლენათა ნაკადების კალაპოტის გამოცვლა?… მაგრამ ბებია რამდენად წვრილმანია? საკითხავი ესაა ახლა…
– რა მიზნის მიღწევას ცდილობთ, ჰენრი?
– ცოლის მოკვლას, – ცივად მოჭრა ჰასელმა, კავშირი გაწყვიტა და კვლავ ლაბორატორიაში დაბრუნდა. ეჭვიანობისგან ახლა უფრო მეტადაც კი იყო გახელებული.
– რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა საჭირო, – ბურდღუნებდა, – თუ მინდა, რომ გრეტა გაქრეს… უნდა ყველაფერი გაქრეს… ღმერთო! მე თქვენ გასწავლით ჭკუას!..
ამჯერად 1775 წელში გაემგზავრა, ვირჯინიის ერთ ფერმას ეწვია და ახალგაზრდა პოლკოვნიკს ტყვიით გულ-მკერდი გაუგლიჯა. პოლკოვნიკს ჯორჯ უოშინგთონი ერქვა და ჰასელმა კარგად დახედა, რომ დარწმუნებულიყო – მართლა გარდაცვლილი იყო თუ არა. მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა საკუთარ დროსა და საკუთარ სახლში. სადაც მისი ჟღალთმიანი ცოლი დახვდა, ისევ სხვა მამაკაცის მკლავებში.
– მართლაც რომ ჯანდაბა! – შესძახა ჰასელმა. დახედა ცარიელ დოლურას, ვაზნების ახალი კოლოფი ამოიღო, რევოლვერი გატენა და მოკლა ქრისტეფორე კოლუმბი, ნაპოლეონი, მუჰამედი და კიდევ სხვა ათეული ცნობილი ადამიანი მიაყოლა ხურდაში.
– მგონი, ეს უნდა მეყოს!
მაგრამ როდესაც დაბრუნდა უკან, მისი ცოლი კვლავ ეხვეოდა ვიღაც მამაკაცს.
ამის დანახვაზე ძალა წაერთვა, ძლივს მილასლასდა ლაბორატორიამდე, თითქოს, მუხლამდე ქვიშაში მიიკვალავსო გზას.
– სხვა ვინ არის ამათზე მნიშვნელოვანი? – ჰკითხა საკუთარ თავს, – რა უნდა ჩავიდინო წარსულში, მომავალი რომ შევცვალო?… კარგი! – გამოცოცხლდა უცებ, – ახლა კი ნამდვილად თავდაყირა დავაყენებ!
ამჯერად მეოცე საუკუნის დასაწყისის პარიზში იმოგზაურა და სორბონის მახლობლად სხვენში გამართულ ლაბორატორიაში თავს დაადგა მადამ კიურის.
– ქალბატონო, – მიმართა დამტვრეული ფრანგულით, – თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ თქვენსავით მეცნიერი ვარ, როგორც იტყვიან თხემით ტერფამდე. შევიტყე თქვენეული ექსპერიმენტების შესახებ რადიუმით… აჰ, ჯერ რადიუმი არ იცით? არა უშავს, აქ იმიტომ ვარ, რომ გზა გიჩვენოთ და მოგიყვეთ ატომის ბირთვის დაშლის შესახებ.
მართლაც უჩვენა გზა და დატოვა პარიზი ფრიად კმაყოფილმა, ისე, რომ ქალაქის თავზე დამდგარ ბირთვულ სოკოსაც მოასწრო და შეავლო თვალი.
– მე ვასწავლი ქალებს, როგორ უნდა ქმრის ღალატი! – ჩაიხითხითა და ღიმილი სახეზე შეაცივდა, როდესაც ნახა ჟღლათმიანი ქალი… აღარ გავიმეორებ, რაც ბევრჯერ აღვწერე ზემოთ.
კაბინეტისკენ გაემართა და ფიქრები, როგორც საავდრო ღრუბლები, ისე აედევნენ უკან.
ალბათ, თქვენც ფიქრობთ, დროა, იმ უცხო მამაკაცში ჰასელმა საკუთარი თავი ამოიცნოს… დროში მოგზაურობის მსგავსი ამბავი ბევრჯერ წაგიკითხავთ, მაგრამ მე განსხვავებულ ამბავს გიყვებით. არა, ის ავაზაკი არ იყო ჰასელი. ეგკიარა, ლუდვიგ ბოლცმანიც არ იყო.
სხვა ივარაუდებს, რომ ჰენრი ჰასელმა შეკრა წრე – დაბრუნდა იმ წერტილში, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო, მაგრამ – არც ეგაა. ჯერ ხომ ასეთი ისტორიები არვის მოსწონს, ბევრს კი – აცოფებს კიდეც. მერე კიდევ – დრო წრეწირი არაა, რომ შემოუარო. თუმცა – არც წრფივია, ან პარალელური, ან გრძივი, ან გრეხილი… დრო კერძო ამბავია. პირადი საქმე… როგორც ჰასელი აღმოაჩენს. მალე.
მანამ კი საგონებელში იყო ჩავარდნილი.
– იქნებ გამომრჩა, – ფიქრობდა, – გამომეპარა რაღაც…
ტელეფონს დაწვდა და, მიუხედავად იმისა, რომ ლოდივით მძიმე ეჩვენა, მკლავს ძალა დაატანა. ბიბლიოთეკას დაუკავშირდა.
– გამარჯობა, ბიბლიოთეკა, ჰენრი ვარ.
– ვინ?
– ჰენრი.
– მკაფიოდ და ხმამაღლა, გეთაყვა.
– ჰენრი ჰასელი!
– ოჰ, შუადღე მშვიდობისა, ჰენრი.
– რა ბედი ეწია ჯორჯ უოშინგთონს?
ბიბლიოთეკა აწრიალდა, სანამ ინფორმაციას გადაამუშავებდა.
– შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი დაიბადა…
– პირველი პრეზიდენტიო? განა, 1775 წელს არ მოკლეს?
– ჰენრი, გეთაყვა, აბა ეგ რა შეკითხვაა… ვინ არ იცის, რომ ჯორჯ…
– ვინ არ იცის, რომ მას ესროლეს და მოკლეს?
– ვინ ესროლა?
– მე.
– როდის?
– 1775 წელს.
– ეგ როგორ მოახერხეთ?
– რევოლვერით.
– მე გეკითხებით, ორასი წლის წინ ეგ როგორ მოახერხეთ?
– დროის მანქანა მაქვს.
– ინფორმაცია არ გამაჩნია, – უთხრა ბიბლიოთეკამ, – ჩემს დოკუმენტებში, არაფერი დაშავებია. ალბათ, ააცილეთ.
– არ ამიცილებია… კარგი, კოლუმბზე მითხარი, გაქვს ცნობები მისი 1489 წელს გარდაცვალების შესახებ?
– 1493 წელს ამერიკა აღმოაჩინა.
– ვერ აღმოაჩენდა. 1489 წელს მოკლეს.
– როგორ?
– 45 კალიბრი, პირდაპირ ჩიჩახვში ვესროლე.
– ოჰ, ისევ თქვენ, ჰენრი?
– დიახ!
– ინფორმაცია არ მაქვს, – უთხრა ბიბლიოთეკამ ჯიუტად, – მგონი, ყველაზე უხეირო მსროლელი ხართ.
– წონასწორობას ვერ დავკარგავ, – თქვა ჰასელმა, თან ხმა უკანკალებდა.
– რატომ ვერა, ჰენრი?
– იმიტომ, რომ უკვე დაკარგული მაქვს!! – შეჰყვირა, – ახლა მარი კიურიზეც მეტყვი, რომ ვერც მან შექმნა ატომური რეაქტორი, რომლის აფეთქებამ პარიზი გაანადგურა?
– ცხადია არა… პირველი ატომური რეაქტორი ენრიკო ფერმიმ…
– კიურიმ!
– კიურიმ – არა.
– მე პირადად ვასწავლე ბირთვის გახლეჩა… მე, ჰენრი ჰასელმა!
– ვინ არ იცის, რომ კარგი თეორეტიკოსი ხართ, ჰენრი, მაგრამ მასწავლებლად არ ვარგიხართ.
– ხმა ჩაიწყვიტე, შე ქათმისტვინა! ამ რებუსს რაღაც ამოხსნა უნდა ჰქონდეს…
– რა ამოხსნა?
– აღარ მახსოვს… რაღაც აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ ვერ მოვიხელთე… ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს… შენ რას მეტყვი?
– დროის მანქანა? მართლა გაქვთ?
– ცხადია, მაქვს, აბა – როგორ!
– მაშინ იოლია – უნდა დაბრუნდეთ წარსულში და გადაამოწმოთ.
ჰასელს ჭკუაში დაუჯდა.
დაბრუნდა 1775 წელს, ეწვია მაუნთ ვერნონს და ჯორჯ უოშინგთონს იმ დროს წამოადგა თავზე, როდესაც ის საგაზაფხულო ხვნა-თესვას ხელმძღვანელობდა.
– მაპატიეთ, პოლკოვნიკო.
მაღალმა კაცმა გაკვირვებულმა გადმოხედა.
– უცნაურად ლაპარაკობ, – უთხრა, – უცხო ქვეყნიდან ხარ? საიდან?
– ოჰ, სათქმელად არ ღირს, არა მგონი, გაგონილი გქონდეთ…
– უცნაურადაც გამოიყურები… თითქოს, ნისლში დგახარ…
– მითხარით, პოლკოვნიკო, კოლუმბზე რა გსმენიათ?
– ბევრი არაფერი, – უპასუხა, – ორასი თუ სამასი წლის წინ გარდაიცვალა.
– როდის გარდაიცვალა?
– ათას ხუთას რომელიღაცა წელს, ასე მახსოვს.
– 1489 წელს გარდაიცვალა.
– გეშლება, მეგობარო – 1492 წელს ამერიკა აღმოაჩინა.
– ქებოთმა აღმოაჩინა ამერიკა. სებასთიან ქებოთმა[6].
– არა, ქებოთს ცოტა დაუგვიანდა.
– უტყუარი მტკიცებულება მაქვს! – შესძახა ჰასელმა გამალებით, მაგრამ ერთი ჯმუხი და ტანსრული კაცი დაინახა. აჭარხლებული სახით, სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდათ. ნაცრისფერი ჩანჩურა შარვალი და ორიოდე ზომით ვიწრო ტვიდის პიჯაკი ეცვა. 45 კალიბრის რევოლვერი რომ შემართა, მაშინღა იცნო ჰენრი ჰასელმა საკუთარი თავი.
– ღმერთო ჩემო! ეს ხომ მე ვარ პირველი მოგზაურობის დროს… მეორე მოგზაურობა ერთი საათით რომ გადამეწია, პოლკოვნიკის გვამს ვნახავდი… ჰეი! – დაუყვირა, – მოიცადე, რაღაც საქმე მაქვს… ვარკვევ ჯერ რაღაცას…
მაგრამ პირველმა ჰასელმა მეორე ჰასელს ყურადღება არ მიაქცია. მგონი, არც გაუგონია. მიუახლოვდა და ესროლა. პოლკოვნიკი შეტორტმანდა და დაეცა. მკვლელმა დახედა, დარწმუნდა, რომ მკვდარი იყო, თან შეუჩერებლივ ბუტბუტებდა რაღაცას. მიტრიალდა და წავიდა. გაქრა.
– ვერ გაიგონა, ვერც დამინახა, – გაუკვირდა ჰასელს, – ვერც იგრძნო, აქ რომ ვიყავი… ან მე რატომ არ მახსოვს, საკუთარი თავის შეჩერებას რომ ვცდილობდი? რა ჯანდაბა ხდება?
ჰენრი ჰასელი გვარიანად შეფიქრიანებული და შეშფოთებული იყო, 40-იანი წლების დასაწყისის შიქაგოს რომ ეწვია და უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, გრაფიტის აგურებს შორის, გრაფიტის მტვერში გახვეული იტალიელი მეცნიერი, გვარად ფერმი ნახა.
– მარი კიურის ნაშრომის განმეორებას ცდილობთ, დოტორე, არა? – ჰკითხა ჰასელმა.
ფერმიმ ისე მიმოიხედა, თითქოს ბუზის ბზუილი მოესმაო.
– მარი კიურის ნაშრომის განმეორებას ცდილობთ, დოტორე, არა? – რაც ძალი ჰქონდა, იღრიალა ჰასელმა.
ფერმი უცნაურად მიაჩერდა.
– საიდან ხარ, ამიკო?
– სახელმწიფოდან.
– Სახელმწიფო დეპარტამენტი?
– უბრალოდ სახელმწიფო… ხომ გსმენიათ, მარი კიურიმ გახლიჩა ატომის ბირთვი ათას ცხრაას რომელიღაც…
– არა! არა! – შესძახა ფერმიმ, – ჩვენ უფრო წინ ვართ და ჯერ ჩვენც არ გავსულვართ ბოლოში… აქ გაუწყდა ხმა და უცებ აყვირდა: პოლიცია! პოლიცია! ჯაშუშია!
– ახლა ხომ მაინც დავტოვებ ისტორიაში რაღაც კვალს, – შეუღრინა ჰასელმა და 45 კალიბრის მთელი მჭიდი დაცალა დოქტორ ფერმის გულმკერდში. ამჯერად ჰასელი არსად გაქცევას არ აპირებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, დალოდებოდა, სანამ დააპატიმრებდნენ, გაზეთები კი ანათემას გადასცემდნენ, როგორც მოღალატეს… მაგრამ დოქტორი ფერმი არ წაქცეულა. ხელისგულით ფრთხილად მოისინჯა მკერდი და მიუტრიალდა რამდენიმე მამაკაცს, მის ყვირილზე რომ შემოცვივდნენ.
– არაფერია, უცებ წვა ვიგრძენი, მაგრამ გამიარა… შეიძლება, გულის ნერვიც იყოს, მაგრამ, მგონი, უბრალოდ გულძმარვაა.
ჰასელი მეტისმეტად იყო აფორიაქებული. უკან, მის დროში დაბრუნდა ისე, რომ დროის მანქანასაც არ დალოდებია. ამ ამბავს კი უნდა გაეკვირვებინა, მაგრამ, აკი გითხარით, მეტისმეტად აფორიაქებული იყო და იდეებით შეპყრობილი. სახლის ნაცვლად უნივერსიტეტში ამოყო თავი. სწორედ მაშინ ვნახე პირველად. მანქანებს, დახურულ კარებსა და აგურის კედლებში გადი-გამოდიოდა, თან ვერც ამჩნევდა თავად. ნისლად ქცეულიყო, მაგრამ სახეზე მტკიცე შემართება აღბეჭდვოდა.
ბიბლიოთეკაში შევიდა და კოლეგებთან ცხარე კამათში ჩართვა სცადა, მაგრამ არ ესმოდათ მისი და ვერც ამჩნევდნენ. მაშინ, ლაბორატორიას მიაშურა და სემს მიადგა, კომპიუტერს, რომელმაც ვერ დაინახა, მაგრამ ხმა გაიგონა. რაკი მილიონგზის უფრო მგრძნობიარე იყო და ყველაზე უჩინარი ტალღების რხევასაც გრძნობდა.
– სემ, – შესძახა ჰასელმა, – ერთი განსაცვიფრებელი აღმოჩენა გავაკეთე.
– თქვენ ყოველთვის განსაცვიფრებელ აღმოჩენებს აკეთებთ, ჰენრი, – კი არ გაჰკვირვებია, აბუზღუნდა სემი, – თქვენი მონაცემები შევსებულია. გნებავთ, ახალ ფირზე დავიწყო დატანა?
– რჩევა მჭირდება, სემ, ვინ არის წამყვანი ფიგურა თემებზე: „დროის მიმდინარეობა“, „დროთა უწყვეტი რიგი“, “დროში მოგზაურობა“.
– იზრაელ ლენოქსი, სივრცული მექანიკოსი, იელის პროფესორი.
– როგორ დავუკავშირდე?
– ვერ დაუკავშირდები. ის მკვდარია. 1975 წელს გარდაიცვალა.
– კარგი, ცოცხლებს შორის ვინ არის ყველაზე კარგი მცოდნე?
– უაილი მერფი.
– მერფი? ჩვენივე ინსტიტუტიდან? რა გაეწყობა… სად ვნახო?
– თავად დაგეძებდათ და თქვენთან წამოვიდა სახლში, რაღაცის კითხვა უნდოდა.
ჰასელი აღმოჩნდა სახლში, ისე, რომ ნაბიჯის გადადგმაც არ დასჭირვებია. ლაბორატორიასა და კაბინეტში ვერვინ ნახა. ბოლოს მისაღებისკენ ქნა პირი, სადაც მისი ჟღლათმიანი ცოლი უცხო მამაკაცის მკლავებში ნებივრობდა (არ გაგიკვირდეთ, დროის მანქანის შექმნიდან რა თავგადასავლებიც მოხდა, სულ რამდენიმე წუთის ამბავია, ასე ხდება დროში მოგზაურობისას).
ჰასელმა ერთი-ორჯერ ჩაახველა, მაგრამ ყურადღება ვერ მიიპყრო. მაშინ, ცოლს მხარზე მოკიდა ხელი… სცადა, მაგრამ ვერაფრით ჩაავლო.
– მაპატიე, საყვარელო, – უთხრა, – უაილი მერფი ხომ არ ყოფილა ჩემს სანახავად?
ყურადღება რომ არვინ მიაქცია, ახლოს მივიდა, დააკვირდა და რასა ხედავს – სწორედ უაილი მერფია, მის ცოლს რომ ეხუტება.
– მერფი! – შესძახა ჰასელმა, – სწორედ შენ მჭირდები, საკვირველი რამ აღმოვაჩინე.
და თავს რაც გადახდა, აღწერა დაიწყო, რაც მიახლოებით ასე ჟღერდა:
მერფი, u – v = (u½– v¼) (ua+ ux+ vy), მაგრამ როდესაც ჯორჯ უოშინგთონი F (x) y + dx და ენრიკო ფერმი F (u½) dxdt მარი კიურის ნახევარი, მაშინ კოლუმბი გამრავლებული მინუს ერთის კვადრატულ ფესვზე…
მერფიმ იმდენივე ყურადღება მიაქცია ჰასელს, რამდენიც მისმა მეუღლემ. მე კი დრო ვიხელთე და ჰასელის განტოლებები ტაქსის კაპოტზე დავწერე… ისე, თითქმის, როგორც – ამპერმა.
– ყური მიგდე, მერფი, – უთხრა ჰასელმა, – გრეთა ძვირფასო, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ერთი წუთით დაგვტოვე… ღვთის გულისათვის, თქვენ ორნი… შეწყვეტთ თუ არა გართობას? სერიოზული ამბავია.
ჰასელი ცდილობდა, მაგრამ ვერც გააგონა, ვერც ხელი მოკიდა, ბოლოს ცემა დაუწყო, მაგრამ ჰაერი თუ შეარხია მხოლოდ და ეგეც კი – ვერ. სახე ალისფრად წამოენთო და ვიფიქრე, დრო იყო, ჩავრეულიყავი.
– ჰასელ!
– ვინ ხარ?
– გამოდი გარეთ, მინდა, დაგელაპარაკო.
კედელში გამოცურა და გამოიხედა.
– სად ხარ, აბა?
– აგერ… ცოტა ზემოთ
– ბურუსში ხარ…
– ასე ხარ შენც.
– ვინ ხარ?
– ჩემი სახელია ლენოქსი, იზრაელ ლენოქსი.
– იზრაელ ლენოქსი? სივრცული მექანიკა, იელის პროფესორი?
– გახლავარ.
– კი მაგრამ, 75-ში არ გარდაიცვალეთ?
– 75-ში გავქრი.
– რას გულისხმობთ? როგორ თუ გაქრით?
– დროის მანქანა გამოვიგონე.
– ოჰ, ღმერთო, მეც გამოვიგონე, – შესძახა ჰასელმა, – აგერ, ამ შუადღეს. დამკრა თავში და… ვერ ვიხსენებ, რატომ… მაგრამ, მომისმინე, ყველაზე უჩვეულო ამბები გადამხდა, ლენოქს, დრო არ არის უწყვეტი!
– არა?
– არა, დისკრეტული ნაწილაკების რიგია, როგორიცაა ძუაზე აწყობილი მარგალიტი.
– მართლა?
– თითოეული მარგალიტი არის აწმყო და თითოეულს აქვს მისი წარსული და მომავალი, სხვა მარგალიტთან კავშირის გარეშე… თუ a = a1 + a2ji + ax (b1)
– მათემატიკას, შეეშვი, ჰენრი.
– ენერგიის კვანტური გადაცემის ფორმაა. დრო მოქცეულია ნაწილაკებში, თითო ნაწილაკში შეღწევა და შეცვლა შეგვიძლია, მაგრამ მაგრამ ეს სხვა ნაწილაკებზე ცვლილებას ვერ ახდენს.
– ცდები, – ვუთხარი დამწუხარებით.
– როგორ? აბა, სად ვცდები?! – თქვა მან და ხელების ქნევას მოყვა გაგულისებით.
ვიღაც სტუდენტი გამოვიდა ამ დროს ქუჩაში და ჰენრიმ ვერც კი შენიშნა, პირდაპირ მის სხეულში რომ იქნევდა ხელებს.
– ტროქოიდულ განტოლება ვიღებთ…
– ცდები, – მტკიცედ გავუმეორე, – მომისმენ, ჰენრი, თუ არა?
– მიდი, ჰო, – მითხრა.
– ამჩნევ, რომ, როგორა ვთქვა, ერთობ არამატერიალური გახდი? დაბინდული? აირივით? სივრცე და დრო აღარ მოქმედებს შენზე?
– ჰოო? – ეჭვით მკითხა.
– ჰენრი, მეც მივქარე 75 წელს და დროის მანქანა გამოვიგონე.
– მით უმეტეს… ენერგიის პრობლემა როგორ გადაწყვიტეთ? მე ვიყენებ დაახლოებით 7,3 კილოვატს ერთ…
– გაეშვი ენერგიაზე დარდს, ჰენრი… ჯერ პლეისტოცენს[7] ვესტუმრე. ძალიან მინდოდა, ფოტო გადამეღო მასტოდონისთვის, მეგათერიუმისა და ხმალკბილა ვეფხვისთვის. ჩამკეტის სიჩქარე 1/100-ზე დავაყენე და დიაფრაგმა f / 6.3…
– ჯანდაბაშიც წასულა დიაფრაგმა! – შესძახა მან.
– სანამ კადრში სრულად მოქცევას ვლამობდი, უკან-უკან ვდგამდი ნაბიჯებს და პლეისტოცენის ხანის პაწია მწერს დავაბიჯე ფეხი[8]…
– აჰა! – ისევ შესძახა ჰასელმა.
ძალიან შემეშინდა. ხილვა მქონდა – ვბრუნდები ჩემს დროში და სამყარო სრულიად შეცვლილი მხვდება… მაგრამ წარმოიდგინე ჩემი გაკვირვება, როდესაც დავბრუნდი და ვხედავ, არაფერი შეცვლილა.
– ოჰო! – შესძახა ჰასელმა ისევ.
– ამ ამბავმა დამაინტერესა. მივბრუნდი პლეისტოცენში და მასტოდონი მოვკალი. არაფერი შეიცვალა. მივბრუნდი ისევ და დავხოცე ყველა ცხოველი, რასაც მივწვდი. ისევ – არაფერი. ამის შემდეგ დავიწყე დროში ხეტიალი, ხოცვა და ჟლეტა, რომ მენახა, აწმყო თუ შეიცვლებოდა…
– ის ქენი, რაც – მე, – დაყვირა ჰასელმა, – ნეტავ, ერთმანეთს როგორ ვერსად გადავეყარეთ.
– ტყუილად გიკვირს.
– მე მოვკალი კოლუმბი.
– მე – მარკო პოლო.
– ნაპოლეონი.
– მე აინშტაინი ვარჩიე.
– მუჰამედის იმედი მქონდა, მან ხომ ამდენი რამ შეცვალა.
– მეც ეგ ვიფიქრე და მეც მოვკალი მუჰამედი.
– შენც მოკალი? – ჰკითხა ჰასელმა.
– 599 წლის 16 სექტემბერს.
– როგორ? მე ის 598 წლის 5 იანვარს მოვკალი.
– მჯერა.
– მაგრამ როგორ შეძელი მისი მოკვლა, მას შემდეგ რაც მე უკვე მოკლული მყავდა?
– ორივემ მოვკალით
– ეს ხომ შეუძლებელია!
– ჩემო კარგო, – ვუთხარი, – დრო მთლიანად სუბიექტურია. პირადი საქმეა. არ არსებობს ობიექტური დრო, ისევე, როგორც არ არსებობს ობიექტური სიყვარული, ან ობიექტური სული. დრო პირადი გამოცდილების ნაკრებია მხოლოდ.
– გამოდის, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია? კი მაგრამ, ჩვენ ხომ შევძელით.
– კი შევძელით. მე შევძელი და შენ შეძელი და მრავალმა სხვამ კიდევ. მაგრამ ჩვენ ყველა მხოლოდ ჩვენს წარსულში ვმოგზაურობთ და არა – სხვის წარსულში. ერთი, საერთო წარსული არ არსებობს, ჰენრი. მილიარდობით ადამიანი ვართ და თითოეულს გვაქვს საკუთარი დროის მძივი. მილიონობით სპაგეტის ჩხირივით ერთ ქვაბში. დროის ერთი მოგზაური ვერასოდეს შეხვდება სხვა მოგზაურს წარსულში ან მომავალში, რაკი ყველა მის საკუთარ დროში მოგზაურობს ეულად.
– ჩვენ ხომ შევხვდით? აგერ – ახლა.
– იმიტომ რომ ჩვენ დავასრულეთ მოგზაურობა, ჰენრი. აღარ ვართ სპაგეტის ჩხირები – სპაგეტის სოუსად ვიქეცით.
– სპაგეტის სოუსად?
– დიახ – სოუსად. იმიტომ რომ უკვე გავინადგურეთ თავი.
– ვერ გაგიგე, რას ამბობ.
– როდესაც ადამიანი ცვლის წარსულს, ის ცვლის მხოლოდ საკუთარ წარსულს და არა – სხვისას. წარსული მოგონებაა. როდესაც მოგონებებს შლი, საკუთარ მეხსიერებას სპობ მხოლოდ. მე წავშალე ჩემი წარსული და შენ წაშალე – შენი. სხვების სამყაროები არსებობას განაგრძობს, ჩვენი კი აღარ არის. და ჩვენც შევწყვიტეთ არსებობა.
– როგორ თუ არსებობა შევწყვიტეთ?
– რამდენჯერ რაღაც მოვსპეთ წარსულში, იმდენი საკუთარ თავს ჩამოვათალეთ რაღაც. სანამ არ გავილიეთ სრულად. თვითმკვლელობა ჩავიდინეთ. ჩრდილებადღა დავრჩით. მე ამას დავარქვი ქრონიციდი. იმედი მაქვს, ქალბატონი ჰასელი ბედნიერი იქნება ბატონ მერფისთან … ახლა კი, წამოდი აკადემიაში – ამპერი ყვება სახალისო ამბებს ლუდვიგ ბოლცმანზე. მოვუსმინოთ.
©Alfred Bester – The Men Who Murdered Mohammed. The Magazine of Fantasy & Science Fiction, October 1958
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1) მაუნთ ვერნონი – დასახლება ვირჯინიის შტატში, სადაც მდებარეობდა ჯორჯ უოშინგთონის პლანტაცია. დღეს იქ აშშ პირველი პრეზიდენტის სახლ-მუზუმია.
(2) “შეშლილი პროფესორი” / “შეშლილი მეცნიერი” კრებითი სტერეოტიპული სახეა, ბევრი ამერიკული კომიქსის გმირი. ლიტერატურულ პროტოტიპად ვიქტორ ფრანკენშტეინს მიიჩნევენ, მერი შელის რომანის გმირს.
(3) ლუდვიგ ედუარდ ბოლცმანი – ავსტრიელი ფიზიკოსი.
ჟაკ ალექსანდრ სეზარ შარლი – ფრანგი მათემატიკოსი და გამომგონებელი.
ანდრე-მარი ამპერი – ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.
(4) დენი ვრა-ლუკა ხელნაწერთა ფრანგი ფალსიფიკატორი იყო. ამბობენ, რომ 27’000-მდე ყალბი ხელნაწერი, ხელმოწერა და დოკუმენტი შექმნა და გაყიდა.
(5) ხუთი ძმა სმითები – ამერიკელი რელიგიური მოღვაწეები, მორმონების ეკლესიის დამფუძნებლები.
(6) სებასტიანო კაბოტო – იტალიელი მოგზაური. 1494 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირს მიაღწია.
(7) დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა (ყინულოვანი) ეპოქა. დაიწყო 2,588 მლნ. წლის წინ და დამთავრდა 11,7 ათ. წლის წინ.
(8) მინიშნება რეი ბრედბერის მოთხრობაზე “ჭექა-ქუხილის ხმა” (1952)
***
მთარგმნელის კომენტარი:
დროში მოგზაურობა საი-ფაის ავტორთა ერთ-ერთი საყვარელი თემაა, დღემდე რომ ვერ ანებებენ თავს. გამეფებული კონცეფცია “პეპლის ეფექტია” – მცირე ცვლილებაც კი წარსულში, იწვევს დიდ ცვლილებებს მომავალში და, ამგვარად, ცვლის აწმყოსაც. ამ კონცეფციის საუკეთესო ლიტერატურული ვერსია, ბრედბერის ის მოთხრობაა, ბესთერი რომ მიგვანიშნებს.
“ხალხი, ვინც მოკლეა მუჰამედი” ერთგვარი დიალოგი და შეკამათებაა ერთი დიდი მწერლისა მეორე დიდ მწერალთან. ამითაც იყო ჩემთვის საინტერესო.