რობერთ შექლი
რიჩარდ გრეგორი პლანეტათშორისო დეზინფექციის სამსახურის AAA Ace-ის ოფისში, საკუთარ კაბინეტში იჯდა დამტვერილ მაგიდასთან და პასეანსს შლიდა არნოლდის მოლოდინში. შუადღე მომდგარიყო, ლამის, მისი პარტნიორი კი არსად ჩანდა. ამ დროს იყო, დარბაზიდან რაღაც ბრახუნის ხმა და ჩოჩქოლი რომ შემოესმა.
არნოლდმა AAA Ace-ის კარი შემოაღო და შემოყო თავი.
– პუნქტუალობა მეფეთა თავაზიანობაა? – ჰკითხა გრეგორმა.
– ეს-ესაა, ბედნიერ ვარსკვლავზე დავეშვით, – უპასუხა არნოლდმა. კარი ფართოდ გახსნა და, თითქოს, სცენაზე ყოფილიყოს, თეატრალური ჟესტით, – აბა, შემოიტანეთ, ბიჭებო!
შავი კუბი ოთხმა ძლივს შემოათრია ოთახში. ქოშინებდნენ და ხვითქი გადასდიოდათ. ყუთი პატარა სპილოს ზომისა იყო, ნაკლების – არა.
– აგერ! – ამაყად თქვა არნოლდმა. მტვირთავებს ანგარიში გაუსწორა. დადგა ამაყად, დოინჯშემოყრილი. ოდნავ მოჭუტული თვალებით დანადგარს დააცქერდა.
გრეგორმა ბანქო მიატოვა და ზანტად წამოდგა სავარძლიდან. ყველაფრის მნახველი კაცის იერით მიუახლოვდა კუბს. შემოუარა.
– მოდი, მარჩიელობას არ ვართ, გნებდები – უბრალოდ, მითხარი, რა არის ეს?
– მილიონი დოლარია. მუჭში გვაქ აგერ. ჯიბეებში. მე და შენ, – უთხრა არნოლდმა.
– ეჭვიც არ მეპარება… მაგრამ აი, ეს რა არის?
– უფასო საწარმო, არნოლდს სახე გაბადროდა, – ჯოს გალაქტიკური ნაგავსაყრელი ხომ იცი? მივდივარ ამ დილით და რასა ვხედავ… ორ გროშად გამომატანა. არც კი იცოდა, რა არის.
– არც მე ვიცი, – უთხრა გრეგორმა, – შენ იცი?
არნოლდმა ჩაიმუხლა. ცდილობდა, კუბის ზედაპირზე ამოტვიფრული ინსტრუქციის ამოკითხვას.
– პლანეტა მელჯის ამბავი თუ გსმენია, – ჰკითხა ისე, რომ თავი არ აუღია.
გრეგორმა თავი დაუქნია. მელჯი მესამე დონის პატარა პლანეტა იყო სადღაც, გალაქტიკის დასალიერში, სავაჭრო გზებიდან მოშორებით. ერთ დროს, მოწინავე ტექნოლოგიებს ფლობდა, ე.წ. მელჯის ოქროს ეპოქაში, მაგრამ ის ძველი ცოდნა, საუკუნეებია უკვე, რაც დაეკარგათ. ახლა შემთხვევით გადარჩენილ არტეფაქტებს თუ ნახავდი მეძველმანეებთან.
– ძველი ცივილიზაციის პროდუქტია? – ჰკითხა გრეგორმა.
– სწორედაც! მელჯის მუქთა საწარმოა… ოთხი ან ხუთი თუ შემორჩა მთელ სამყაროში. მისი კოპირება ვერვინ მოახერხა.
– რას აწარმოებს? – ჰკითხა გრეგორმა.
– საიდან უნდა უნდა ვიცოდე? – უთხრა არნოლდმა, – მაგრამ მელჯურ-ინგლისურ ლექსიკონს თუ მომაწვდი – გეტყვი.
გრეგორი წიგნის თაროსკენ გაემართა. მოთმინება კბილებით ეჭირა, – არც კი იცი, რას აწარმოებს?
– გმადლობთ, – არნოლდმა ლექსიკონი გამოართვა, – ღმერთო ჩემო, რა მნიშვნელობა აქვს? ვერ გაიგე, რა გითხარი? მუქთაა! ჰაერით მუშაობს, მზის სხივით, კოსმოსიდან იღებს ენერგიას… არც საწვავის ჩასხმა უნდა, არც სადმე მიერთება. არც შეკეთებას ითხოვს. მუდმივია.
არნოლდმა ლექსიკონი გადაშალა და ქექვა დაიწყო, თან კუბის კედელზე სიტყვებს თითს აყოლებდა.
– უფასო ენერგია… ის მეცნიერები სულელები არ ყოფილან, – არნოლდმა ბლოკნოტი გაშალა და წერა დაიწყო, – ენერგია არაფრიდან მოაქვს, ასე რომ, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რისი საწარმო აღმოჩნდება. რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის შევძლებთ, მყიდველი ვნახოთ – რა ფასიც არ უნდა მოგვცენ, სუფთა მოგება იქნება.
გრეგორი კი შეჰყურებდა თავის პარტნიორს და გრძელი, მოღუშული სახე კიდევ უფრო ჩამოუგრძელდა და დაუნაღვლიანდა, ვიდრე – ოდესმე.
– არნოლდ, – უთხრა, – მინდა რაღაც შეგახსენო. ჯერ ერთი, შენ ქიმიკოსი ხარ, მე – ეკოლოგი. მანქანა-დანადგარებისა ბევრი არაფერი გაგვეგება, მითუფრო – რთული, უცხო ცივილიზაციის დანადგარებისა.
არნოლდმა თავი დაუქნია და რაღაცას დააწვა. განათდა ეკრანი. კუბი ყრუდ აზუზუნდა.
– მეტსაც გეტყვი, – განაგრძო გრეგორმა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, – ჩვენ პლანეტათშორისო სამსახურის დეზინფექციონისტები ვართ. ხომ გახსოვს? მიზეზი არ გვაქვს…
კუბმა, თითქოს, ამოახველაო.
– ყველაფერში გავერკვიე, – თქვა არნოლდმა, – ზედ წერია: „მელჯური მუქთა საწარმო გლოთენის ლაბორატორიის კიდევ ერთი მიღწევა. აქვს მწარმოებლის გარანტია, რომ არ დაზიანდება და არ შეიცავს წუნს. არ სჭირდება ენერგიის წყაროსთან მიერთება. ჩასართავად დააჭირეთ პირველ ღილაკს. გამოსართავად გამოიყენეთ ლაქსიანური გასაღები. თქვენს მელჯურ მუქთა საწარმოს მოყვება სამარადჟამო გარანტია. რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუბრუნოთ გლოთენის ლაბორატორიას“.
– მგონი, გაუგებრად ვლაპარაკობ, – თქვა გრეგორმა, – პლანეტათშორისო…
– ნუ ბუზღუნებ! – გააწყვეტინა არნოლდმა, – ამას როგორც კი ავამუშავებ, შეგვიძლია, პენსიაზე გავიდეთ… აგერ – ღილაკი ერთი.
კუბი ჯერ შეტორტმანდა, შემდეგ კი კატასავით აკრუტუნდა. გადიოდა წუთები. სხვა ცვლილება – არაფერი.
– ალბათ, მექანიზმი უნდა გათბეს… – არნოლდი შეფიქრიანებული ჩანდა.
ამასობაში, კუბის ძირში არსებული ღიობიდან ნაცრისფერი ფხვნილი გადმოიყარა. კიდევ და კიდევ.
– ნარჩენია რაღაც, – ჩაიბურდღუნა გრეგორმა.
მაგრამ ფხვნილი იყრებოდა და იყრებოდა. თხუთმეტ წუთს ელოდნენ. არ გაჩერებულა.
– ესეც ასე!! – შესძახა არნოლდმა.
– რა ჯანდაბაა? – ჰკითხა გრეგორმა.
– წარმოდგენა არ მაქვს. ქიმიური ანალიზი დასჭირდება.
არნოლდმა მცირე რაოდენობის ფხვნილი სინჯარაში ჩაყარა და გამარჯვებული იერით მაგიდისკენ გაემართა.
გრეგორი კი ნაცრისფერი ფხვნილის უწყვეტ ნაკადს მისჩერებოდა.
ბოლოს ჰკითხა:
– ხომ არ გავთიშოთ, სანამ გავარკვევთ, რა არის?
– თავი დაანებე, – გამოსძახა არნოლდმა, – რაც არ უნდა იყოს, რაღაც ფასი ხომ ექნება.
სანთურას მოუკიდა, სინჯარა გამოხდილი წყლით შეავსო და ფუსფუსი დაიწყო.
გრეგორმა მხრები აიჩეჩა. შეჩვეული იყო პარტნიორის ხუშტურებს. მას შემდეგ, რაც ფირმა AAA Ace დააფუძნეს, არნოლდი დღენიადაგ სწრაფად გამდიდრების იოლი გზების ძიებაში იყო. ამ ყველაფერს მეტ ძალისხმევას ახმარდა, ვინემ ყოველდღიურ სამუშაოს. სულ ამაოდ, მაგრამ მარცხი არნოლდს მეორე დღეს აღარ ახსოვდა ხოლმე.
ამის შემყურე გრეგორი იმით იმშვიდებდა თავს, რომ ეს თავგადასავლები, ხანდახან, სახალისოც კი იყო.
მაგიდასთან დაჯდა და პასიანსს მიუბრუნდა.
რამდენიმე საათით ოფისში სიჩუმე ჩამოწვა. არნოლდი მუშაობდა, ქიმიკატებს უმატებდა, ურევდა, სინჯებს იღებდა და შედეგებს ცხრილს ადარებდა დიდი წიგნიდან, მაგიდაზე რომ გაეშალა.
გრეგორი ოფისიდან გავიდა, სენდვიჩებისა და ყავის მოსატანად. წაიხემსა. შემდეგ კუბს მიუახლოვდა. ნაცრისფერი ფხვნილი უწყვეტად მოედინებოდა. გრეგორიმ შენიშნა – ნაკადის ძალაც გაზრდილიყო და მელჯური ქარხანაც ახლა უფრო ხმამაღლა თუხთუხებდა.
ლანჩიდან ერთი საათის შემდეგ, როგორც იქნა, არნოლდიც წამოდგა.
– არის!
– რა არის? – ჰკითხა გრეგორმა და გაიფიქრა, რა მოხდება, ერთხელ მაინც რომ გაუმართლოს არნოლდს.
– თანგრიზია! – თქვა არნოლდმა და გრეგორს მიაჩერდა.
– ნამდვილად თანგრიზია?
– წყალი არ გაუვა!
– ჯანდაბა, არნოლდ! იქნებ, დამდო პატივი და მითხრა, რა არის თანგრიზი?? – შესძახა გრეგორმა.
– მეგონა, იცოდი. თანგრიზი არის მელჯელთა ძირითადი საკვები. ზრდასრული მელჯელი წელიწადში რამდენიმე ტონა თანგრიზს მოიხმარს.
– მაშ, საჭმელია, არა? – გრეგორმა ფხვნილი უფრო მეტი ყურადღებით შეათვალიერა. მზერაში უკვე პატივისცემაც ჩადგომოდა – დანადგარი, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში საკვებ პროდუქტს აწარმოებს, გვარიანი ფულის მწარმოებელია. მით უმეტეს, თუ არც მარაგ-ნაწილებს ითხოვს, არც ენერგიის წყაროს, არც – ნედლეულს.
არნოლდი კი დროს ტყუილად არ კარგავდა, ტელეფონის წიგნი გადაეშალა და ნომერს კრეფდა.
– გამარჯობა, კვების პროდუქტების გალაქტიკათა შორისი კორპორაციაა? ბატონ პრეზიდენტთან დამაკავშირეთ, გეთაყვა… მაშინ ვიცე-პრეზიდენტთან. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს… კარგი, კარგი… თანგრიზის მოწოდება შემიძლია შეუზღუდავი რაოდენობით… მელჯელთა ძირითად საკვებზე ვამბობ… ეჭვიც არ მეპარება, რომ გაინტერესებთ… კი ბატონო, გელოდებით…
გრეგორს გადმოხედა, – ამ კორპორაციებს თავი კიტრად მოაქვთ… – და კვლავ ყურმილში, – დიახ… დიახ… თქვენ ვაჭრობთ თანგრიზით, არა? მოხარული ვარ, სერ, მშვენიერი ამბავია!
გრეგორიც მიჩოჩდა ახლოს, უკეთ რომ გაეგო, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ არნოლდმა ყურმილი მოარიდა.
– ფასი?… ჰმ, რა არის ამჟამინდელი საბაზრო ფასი?.. ოჰ… ხუთი დოლარი ტონაში ბევრი არ არის, მაგრამ… ვფიქრობ… – რაო? ცენტი?… ალბათ, ხუმრობთ!.. მოდი, საქმიანად განვიხილოთ…
აქ გრეგორი თავად მოშორდა ტელეფონს და ერთბაშად წაერთვა ღონე. სავარძელში ჩაესვენა. გულგრილად შესცქეროდა არნოლდს, რომელიც ტელეფონით ლაპარაკს განაგრძობდა:
– დიახ, დიახ… სამწუხაროდ, ეს არ ვიცოდი… ჰო… ახლა, ვხედავ… გმადლობთ.
ყურმილი დადო.
– როგორც ჩანს, ჩვენს პლანეტაზე ამჟამად არ არის დიდი მოთხოვნა თანგრიზზე. მელჯიმდე ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, დედამიწაზე კი სულ ორმოცდაათიოდე მელჯელი იმყოფება…
გრეგორი კოპებშეყრილი მისჩერებოდა პარტნიორს. კუბს კი, ამასობაში, კარგად ჰქონდა აკრეფილი და თანგრიზიც ისე იღვრებოდა, როგორც წყალი მაღალი წნევის მილიდან. ოთახში ყველაფერი გადანაცრისფრებულიყო. დანადგარიც კარგა ღრმად ჩაფლულიყო ფხვნილში.
– გული არ გაიტეხო, – გაამხნევა არნოლდმა, – კვების გარდა, სხვა დანიშნულებაც უნდა ჰქონდეს. ახლა ვნახავ… მაგიდასთან დაბრუნდა და ირგვლივ წიგნები შემოიწყო.
– ხომ არ გავთიშოთ დროებით? – ჰკითხა გრეგორმა.
– რა თქმა უნდა, არა, – უთხრა არნოლდმა, – მუქთაა, ხომ არ დაგავიწყდა? უფასო ფულს წერს…
სანამ არნოლდი წიგნებს ქექდა, გრეგორი ბოლთას სცემდა, მაგრამ კოჭებამდე თანგრიზში სიარული გაუჭირდა. ისევ სავარძელში ჩაჯდა. თან ფიქრობდა, მებაღეობას რად არ გავყევიო.
საღამო ჟამს ნაცრისფერი ფხვნილი ნახევარი მეტრის სიმაღლის ბორცვებად იდო ირგვლივ. ფანქრები, კალმისტარი ჩაკარგულიყო მტვერში. პორტფელიც კი არსად ჩანდა და გრეგორი იმაზე ფიქრობდ ახლა, ნეტავ, იატაკი თუ გაუძლებსო… კარამდე ბილიკის გაყვანა მოუწია – ნიჩაბი სადა ჰქონდა, აბა და ურნით თხრიდა.
ამასობაში არნოლდმა დახურა წიგნები, გადადო და კმაყოფილი სახით ამოხედა.
– სხვა გზაც არის.
– რა გზა?
– თანგრიზი სამშენებლო მასალადაც ვარგებულა. რამდენიმე კვირა ჰაერზე და – გრანიტივით მყარდება, თურმე… იცოდი?
– პირველად შენგან მესმის.
– სამშენებლო კომპანია გვინდა… ნახე, ერთი…
გრეგორმა დაურეკა ტოლედო-მარსის სამშენებლო კომპანიას და ვინმე ბატონ ო’თულს შეუზღუდავი რაოდენობით თანგრიზით მომარაგება შესთავაზა.
– თანგრიზი? ჰმ… – დიდად პოპულარული ვერ არის, – უთხრა ო’თულმა, – იცით, საღებავს ვერ იჭერს…
– პირველად მესმის თქვენგან, – თქვა გრეგორმა.
– ნამდვილად ასეა… მაგრამ, რა უნდა გითხრათ… მაგ თანგრიზს რომელიღაც რასა ჭამს… რა ჯანდაბა ქვია… რომ შესთავაზოთ…
– სამშენებლო მასალად გაყიდვა გვსურს, – გააწყვეტინა გრეგორმა.
– თქვენი ნებაა… შეგვიძლია, შევიძინოთ. რაღაც იაფი მშენებლობა სადღაც ყოველთვის მიმდინარეობს… თუ გაწყობთ 15 ერთი ტონისთვის.
– დოლარი?
– ცენტი.
– კარგი, მალევე შეგატყობინებთ, – უთხრა გრეგორმა და პარტნიორს გახედა.
არნოლდმა, შეთავაზება რომ მოისმინა, თავი დაუქნია.
– აგერ, დავთვალოთ – დავუშვათ, ჩვენი დანადგარი ათ ტონას აწარმოებს დღეში, რაც წელიწადში თითქმის ხუთას ორმოცდაათ დოლარს გვაძლევს… გამდიდრებამდე შორს ვართ, მაგრამ ქირის გადახდას ეყოფა.
– ამას აქ ვერ დავტოვებთ, – თქვა გრეგორმა და თვალი გადაავლო თანგრიზის საგანგაშოდ მზარდ გორაკებს.
– რა თქმა უნდა – არა. სადმე, ქალაქგარეთ გავიტანთ და იმუშაოს თავისთვის ნელ-ნელა… როცა სამშენებლო მასალა შემოაკლდებათ, მოვლენ და გაიტანენ, რამდენიც სურთ.
გრეგორი ისევ დაუკავშირდა ო’თულს და უთხრა, თქვენს წინადადებაზე ყაბულსა ვართო.
– ძალიან კარგი, – თქვა ო’თულმა, – ჩვენი ქარხანა სად არის, ხომ იცით? მოგვიტანეთ, როდესაც გაწყობთ.
– ჩვენ უნდა მოგიტანოთ? მე კი მეგონა თქვენ თავად…
– თხუთმეტ ცენტად? აბა, რას ამბობთ! თქვენ მოგვიტანთ სატვირთო ავტომობილებით, ჩვენ – ჩამოვცლით და დავასაწყობებთ… მართალი გითხრათ, სამსახურსაც კი გიწევთ, საერთოდ რომ დაგთანხმდით თანგრიზი მოგაშოროთ.
– ცუდია ამბავია, – თქვა არნოლდმა, – ტრანსპორტი…
– თხუთმეტ ცენტზე უფრო ძვირი დაგვიჯდება, – მის ნაცვლად დაამთავრა გრეგორმა, – შენ კი გიჯობს, გათიშო ეს წყეული, სანამ რამე გამოსავალს ვნახავთ.
არნოლდი კუბთან მივიდა, – მოიცა, ვნახო რა ეწერა… აჰა… გამოსართავად გამოიყენეთ ლაქსიანური გასაღები… კუბის ზედაპირს დააკვირდა.
– გამორთე! – გაუმეორა გრეგორმა.
– დამაცადე…
– ჰა, გამორთავ, თუ – არა?!
არნოლდი გასწორდა წელში და უხერხულად გაეღიმა.
– არც ისე ადვილია.
– რას გულისხმობ?
– ლაქსიანური გასაღები გვჭირდება, ის კი, ასე ჩანს, ჩვენ არ გვაქვს….
შემდეგი რამდენიმე საათი ხელიდან ტელეფონი არ გაუგდიათ – ვის აღარ დაურეკეს: მუზეუმებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტს, კოლეჯებს, არქეოლოგიურ საცავებს და ყველას, ვინც კი მოაგონდათ… ლაქსიანური გასაღები არსად იყო და არც სმენოდა ვინმეს, რომ სადმე ეპოვნათ.
სასოწარკვეთილმა არნოლდმა ბოლოს ჯოს დაურეკა, ვარსკვლავთშორის მეძველმანეს.
ლაქსიანური გასაღები? საიდან უნდა მქონდეს, – უთხრა ჯომ, – სულელი ხომ არ გგონივარ, ასე იაფად რომ მოგყიდე.
ერთმანეთს გადახედეს. მელჯური მუქთა საწარმო ღუღუნებდა და მხიარულად აფრქვევდა უსარგებლო ნაცრისფერ ფხვნილს. ორი სკამი და რადიატორი სრულად გაუჩინარებულიყო და სადაცაა, მაგიდის ზედაპირსაც შეწვდებოდა.
– ესეც ჩვენი კოხტა ხელფასი! – თქვა გრეგორმა.
– რამეს მოვიფიქრებთ.
– ჩვენ?
არნოლდი თავის წიგნებს დაუბრუნდა და მთელი ღამე ფურცლა და ქექა. ხანგამოშვებით ოთახიდან გარეთ, დარბაზში ხვეტდნენ თანგრიზს, მთლიანად რომ არ ჩაფლულიყვნენ შიგ.
დადგა დილა და მზემ მათ მტვერაკრულ ფანჯრებში ნაცრისფრად შემოანათა. არნოლდი წამოდგა და დაამთქნარა.
– არაფერი? – ჰკითხა გრეგორმა.
– ვშიშობ, რომ არა.
გრეგორი ყავაზე გავიდა. როდესაც დაბრუნდა, შენობის ზედამხედველი და ორი სახეშეფაკლული პოლიციელი დახვდა ოფისში. არნოლდს ეჩხუბებოდნენ.
– ამ ქვიშის ბოლო ნამცეციც კი უნდა გაიტანოთ შენობის დარბაზიდან, – ყვიროდა ზედამხედველი, – დაუყონებლივ!
– საოფისე სივრცეში ქარხნის გამართვის ნება არ გაქვთ, – ამბობდა პოლიციელი.
– ეს ქარხანა არ არის, – ამაოდ ცდილობდა გრეგორი, – ეს მელჯური…
– გეუბნებით, რომ – ქარხანაა, – თავისას არ იშლიდა პოლიციელი, – და წარმოება უნდა გააჩეროთ!
– სწორედ ესაა პრობლემა, – უთხრა არნოლდმა, – ვერ ვაჩერებთ.
– რას ქვია, ვერ აჩერებთ? – პოლიციელი ეჭვის თვალით მისჩერებოდა, – დამცინით? გეუბნებით, ახლავე უნდა გამორთოთ.
– ოფიცერო, გეფიცებით…
– მომისმინე, ჭკუის კოლოფო, ერთ საათს გაძლევ – ან გააჩერებთ მაგ ქარხანას და ყველაფერს მოასუფთავებთ აქ, ან უწყისით დავბრუნდები!
სამივენი წავიდნენ.
გრეგორმა და არნოლდმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი მელჯურ მუქთა საწარმოს და თანგრიზის ზვინებს, რომელიც სამუშაო მაგიდის სიმაღლისა იყო და კიდევ იზრდებოდა.
– ჯანდაბა, – შესძახა არნოლდმა და ხმაში ბზარი შეეპარა, – უნდა იყოს რაღაცა გზა, სადღაც უნდა იყოს ამაზე მოთხოვნა, – თან უფასოდ გვაქვს! ამ ფხვნილის ყოველი პეშვი მუქთაა! მუქთა! მუქთა!
– მშვიდად! – უთხრა გრეგორმა. ცდილობდა თმებიდან ქვიშის მოშორებას. და ქანცი აღარ ჰქონდა.
– როგორ არ გესმის? როდესაც გაქვს რაღაც მუქთად, შეუზღუდავი რაოდენობით, სადღაც უნდა არსებობდეს ვიღაც სხვა, რომელსაც ეს სჭირდება!
ამ დროს კარი გაიღო და შემოვიდა მაღალი, ხმელი კაცი, მუქ ელეგანტურ კოსტიუმში. მიმოიხედა.
– აჰა… აქ ყოფილა, – თქვა მამაკაცმა.
ხელში რაღაც უცნაური, პატარა ხელსაწყო ეჭირა.
გრეგორს მოულოდნელად ერთმა შლეგმა იმედმა დაკრა.
– ლაქსიანური გასაღებია? – ჰკითხა.
– გასაღები? არა, არ ვფიქრობ, რომ ასე ქვია, – უთხრა მამაკაცმა, – დრენაჟომეტრია, ჩვენ ასე ვეძახით.
– ოჰ, – თქვა გრეგორმა.
– და, როგორც ჩანს, იქ მომიყვანა, სადაც საჭირო იყო. მე ვარ ბატონი გარსთერზი.
გრეგორის მაგიდიდან ქვიშა გადაწმინდა, ბოლო ჩვენება ამოწერა დრენაჟომეტრიდან და რაღაც ფურცლის შევსება დაიწყო.
– კიდევ რა ხდება ჩვენს თავს? – ჰკითხა არნოლდმა.
– მუნიციპალური ენერგოკომპანიიდან ვარ, – თქვა გარსთერზმა, – გუშინ შუადღის შემდეგ, უზარმაზარი მოცულობის ენერგიის კარგვა შევამჩნიეთ.
– და ჩვენთან მოდის? – ჰკითხა გრეგორმა.
– თქვენი დანადგარი მოიხმარს, – უპასუხა გარსთერზმა.
წერა დაასრულა, ფურცელი გაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.
– მოხარულნი ვართ, ჩვენი კომპანია რომ აირჩიეთ, დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის… ანგარიშს ყველა წესისამებრ წარმოგიდგენთ.
გაჭირვებით გამოაღო კარი, შემდეგ შემობრუნდა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი კუბს.
– რაღაც მეტად ღირებულს აწარმოებთ არა? – ჰკითხა, – ამ მოცულობის ელექტროენერგიის ხარჯს რომ ფარავს. რა არის? პლატინის მტვერია?
თავაზიანად გაუღიმა, დაუკრა თავი და წავიდა.
გრეგორი არნოლდს მიუბრუნდა.
– მაშ, უფასო ენერგიაა, არა?
– მგონი, – თქვა არნოლდმა, – ენერგიას უახლოესი წყაროდან იღებს…
– ანუ: ჰაერიდან, კოსმოსიდან, მზიდან… მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზებისაც არ ერიდება, როცა ეს უფრო მოსახერხებელია.
– ჰო, ასე ჩანს… მაგრამ ძირითადი პრინციპი მაინც…
– ჯანდაბაში წადი შენი ძირითადი პრინციპით! – უყვირა გრეგორმა, – ლაქსიანური გასაღების გარეშე ამ წყეულ ნივთს ვერ გავთიშავთ, ლაქსიანური გასაღები არსადაა და სად შეიძლება იყოს, არვინ იცის… უკვე ყელამდე ვართ მტვერში, რომლის გატანაც არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ტრანსპორტირების ფულსაც არვინ გადაგვიხდის და, ალბათ, იმდენ ელექტროენერგიას ვწვავთ, მზეს იქეთ გავანათებდით!
– გამოსავალი უნდა იყოს, – თქვა არნოლდმა ჯიუტად.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ მიაგნებ.
არნოლდი ქვიშაში ჩაჯდა, სადაც მისი მაგიდა იყო ოდესღაც და თვალებზე აიფარა ხელი. კარზე დააკაკუნეს. გარედან გაბრაზებული ხმები შემოესმათ.
– არ გაუღო, – თქვა არნოლდმა.
გრეგორმა ურდული გადაწია.
არნოლდი კიდევ ცოტა ხანს იჯდა ასე, ფიქრებში. შემდეგ ფეხზე წამოდგა.
– ჯერ არაფერია დაკარგული! – თქვა მან, – მაინც ვნახავთ ხეირს.
– მოდი, უბრალოდ გავანადგუროთ, – შესთავაზა გრეგორმა, – ოკეანეში გადავაგდოთ ან კიდევ სადმე.
– არა! არა! ამჯერად ნაღდი იდეა მაქვს! კოსმოსური ხომალდი უნდა გავამზადოთ.
მომდევნო რამდენიმე დღე გრეგორისა და არნოლდისთვის ფრიად ხარჯიანი იყო – თანგრიზისგან შენობის გასაწმენდად ხალხის დაქირავება და დიდი თანხის გადახდა მოუხდათ. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს და კუბი, რომელიც შეუჩერებლივ აფრქვევდა ფხვნილს, ხომალდში გადაიტანეს. მათი კოსმოსური ხომალდი სწრაფად მიფრინავდა, მზის სისტემასაც გასცდა უკვე, თანგრიზის შადრევნის თანხლებით.
– ლოგიკური ამბავია, – იმეორებდა არნოლდი, – თანგრიზის ბაზარი დედამიწაზე არ არის, მისი გაყიდვის მცდელობა იქ დროის ფუჭი კარგვაა… სულ სხვაა პლანეტა მელჯი.
– შენი იდეა არ მომწონს, – უთხრა გრეგორმა
– ვერ მიმიხვდი – თანგრიზის ტრანსპორტირება მელჯიმდე ძალიან ძვირი ჯდება, ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენ თანგრიზი კიარა, თვითონ ქარხანა გადაგვაქვს. წაუგებელი თამაშია – თანგრიზის უწყვეტი წარმოება გვექნება ადგილზე.
– მცირე მოთხოვნა რომ იყოს? – ჰკითხა გრეგორმა.
– რამდენად მცირე? ეს ხომ მელჯელების პურია. ძირითადი საკვები. როგორ შეიძლება, წავაგოთ?
ორი კვირა კოსმოსში დაყვეს. მოგზაურობა არ აღმოჩნდა იოლი. თანგრიზმა სრულად აავსო სატვირთო განყოფილება. შეეშინდათ, ხომალდის კედლები არ გაანგრია, ამიტომ ყოველდღე რამდენიმე ტონის გადაყრა უხდებოდათ. არც ეს იყო მარტივი – დროს ითხოვდა და ენერგიას, თან სითბოსა და ჰაერს კარგავდნენ ამ დროს.
როგორც იყო, დაეშვნენ მელჯიზე. ხომალდით, რომლის ყოველი სანტიმეტრი ქვიშით იყო სავსე, ჟანგბადი აღარ ყოფნიდათ და თან, ძალიან ციოდა.
იმწამსვე ეწვიათ მებაჟე, ფორთოხლისფერი კანით. ზორბა ტანისა.
– მოგესალმებით, – უთხრა, – ჩვენს უმნიშვნელო პატარა პლანეტას იშვიათად სტუმრობენ. დიდხანს აპირებთ დარჩენას?
– სავარაუდოდ – დიდხანს, – უპასუხა არნოლდმა, – ბიზნესის დაწყებას ვაპირებთ.
– რა შესანიშნავია! – შესძახა მებაჟემ მხიარული ღიმილით, – ჩვენს პლანეტას ახალი სისხლი და ახალი საწარმოები სჭირდება. ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რა საქმეს გეგმავთ?
– თანგრიზით ვაჭრობას, ძირითადი საკვებ…
ჩინოვნიკს სახე მოექუფრა.
– რა თქვით, რის გაყიდვასო?
– თანგრიზის. თანგრიზის მუქთა საწარმო გვაქვს და…
მებაჟემ სამაჯურზე რაღაც აკრიფა და ღილაკს დააწვა.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ დაუყონებლივ უნდა დატოვოთ პლანეტა!
– კი მაგრამ, ჩვენ ყველა საბუთი წესრიგში გვაქვს – პასპორტები, საბაჟო დეკლარაცია…
– ჩვენთან მოქმედებს კანონები, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გაფრინდეთ მაგ თქვენს მუქთა საწარმოსთან ერთად!
– ალბათ, ვერ გაგვიგეთ, – შესძახა გრეგორმა, – ბიზნესის დაწყება გვსურს თქვენს პლანეტაზე!
– თანგრიზის ბიზნესის – არა!
ამასობაში ათიოდ სამხედრო ჯავშან-მანქანამ ალყაში მოაქცია მათი ხომალდი და მიზანში ამოიღო. მებაჟე შეტრიალდა და ტრაპზე დაეშვა.
– მოიცადე! – გრეგორი სასოწარკვეთილებისგან აყვირდა, – უსამართლო კონკურენციის გეშინია? კარგი… კარგი… აიღე ჩვენი მუქთა საწარმო… საჩუქრად იყოს.
– არა! – შესძახა არნოლდმა.
– კი! კი! – ყვიროდა გრეგორი, – არაფერი გვინდა, უბრალოდ ამოთხარე და გაგატანთ… ღატაკები დააპურე, რა ვიცი… დრო რომ გავა, ძელი დაგვიდგით სადმე და ეგ იქნება…
სამხედროებმა იმატა. ჯავშნიანი მანქანების მეორე რიგი. კიდევ რეაქტიული თვითმფრინავები. მოძველებული, მაგრამ ქვემეხები ჰქონდათ, ფრენა შეეძლოთ და დაბალ სიმაღლეზე დასტრიალებდნენ.
– გაეთრიეთ ამ პლანეტიდან! – დაუღრიალა მებაჟემ, – ნუთუ, მართლა ფიქრობ, რომ თანგრიზის გაყიდვას შეძლებთ მელჯიზე? მიმოიხედე გარშემო!!
მიმოიხედეს.
კოსმოდრომი იყო ნაცრისფერი.
შენობები იყო ნაცრისფერი.
ველები იყო ნაცრისფერი.
და ნაცრისფერი გორაკები – ირგვლივ.
სადაც არ გაიხედავდი, ყველა ნაცრისფერი ქვიშით იყო დაფარული.
– გინდა მითხრა, რომ მთელი პლანეტა…
– თავად მიხვდე, ეგებ, – უთხრა მებაჟემ გრეგორს, – ძველი ცივილიზაცია დაიბადა აქ, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება სულელი, რომელსაც ხელები ექავება… ახლა კი დაახვიე აქედან…
მებაჟემ კიბე ჩაამთავრა, შეჩერდა უცებ, მოტრიალდა და შესძახა:
– მაგრამ თუ ოდესმე სადმე ლაქსიანური გასაღები იპოვნე, დაბრუნდი და გვითხარი შენი ფასი!
©Robert Sheckley – The Laxian Key. Galaxy Science Fiction, November 1954
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ავტორის შესახებ:
ავტორის შესახებო კი დავწერე, მაგრამ რობერთ შექლის წარდგენა არ სჭირდება. ბევრს უყვარს ჩვენთან, იცნობენ და აფასებენ. რომანებიც კარგი აქვს, თუმცა, მე პირადად, მაინც მისი იუმორითა და ირონიით გაჟღენთილი მოთხრობები მიყვარს. საი-ფაის ო. ჰენრია. 🙂
იმის ჩემი ნაცნობობა ამ მწერალთან სწორედ “ლაქსიანური გასაღებით” დაიწყო. ეს კარგად მახსოვს.
მოთხრობების ციკლი გრეგორსა და არნოლდზე, პარტნიორებზე AAA Ace-იდან საუკეთესო თუარ, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის შექლის შემოქმედებაში.