კერკეტი კაკალი

ალფრედ ბესთერი

Alfred Bester The Die-Hard

ძველად, – თქვა ბერიკაცმა, – იყო შეერთებული შტატები და რუსეთი და ინგლისი და რუსეთი და ესპანეთი და ინგლისი და შეერთებული შტატები. ქვეყნები იყო. იყო სახელმწიფოები. ერები იყვნენ. მსოფლიოს ხალხები.

– დღესაც არიან მსოფლიოს ხალხები, ბერიკაცო.

– შენ ვინ ხარ? – ჰკითხა ანაზდად ბერიკაცმა.

– მე ვარ თომა.

– თომა?

– არა, ბერიკაცო, თომა.

– აბა მე რა ვთქვი? თომა.

– თქვენ არასწორად გამოთქვით, ბერიკაცო – სხვა თომას სახელი თქვით.

– თქვენ ყველანი თომა ხართ, – თქვა ბერიკაცმა კუშტად, – ყველანი თომა ხართ, ან დიქი ხართ, ან ჰარი.

მზის გულზე იჯდა და კანკალებდა – სძულდა საამო იერის ეს ახალგაზრდა კაცი.

ორთავენი ფართო ვერანდაზე იმყოფებოდნენ, მისი ჰოსპიტლის ოთახს გარეთ. ქუჩას გადაჰყურებდნენ. ქუჩა კი სავსე იყო მომხიბლველი ქალებითა და მამაკაცებით. მოლოდინით აღსავსე იყო ყველა. თეთრ ქალაქში სიცოცხლე დუღდა. აღგზნებული ხალხი ნელ-ნელა მოემართებოდა მათკენ.

– შეხედე მათ, – ბერიკაცმა ხელჯოხი გაიქნია ქუჩისკენ, – ყველა თომაა, დიქია და ჰარი. ყველა დეიზია, ანაა და მარიამი.

– არა, ბერიკაცო, – გაეღიმა თომას, – ბევრი სხვა სახელიც გვქვია.

– ასი თომა მაინც მჯდარა აქ, ჩემ გვერდით! – შეუღრინა ბერიკაცმა.

– ჩვენ ხშირად გვქვია ერთი სახელი, ბერიკაცო, მაგრამ სხვაგვარად გამოვთქვამთ. მე არ ვარ თომა ან თომა ან თომა. მე თომა ვარ. გესმის?

– რა ხმაურია? – ჰკითხა ბერიკაცმა.

– გალაქტიკის დესპანი ჩამობრძანდა, – განუმარტა თომამ მერამდენეგზის, – სირიუსიდან წარმოგზავნილი, ორიონის თანავარსკვლავედიდან. ჩვენს ქალაქს ათვალიერებს. პირველად ეწვია დედამიწას სხვა სამყაროს ბინადარი. საყოველთაო მღელვარებაა.

ძველად, – თქვა ბერიკაცმა, – ნამდვილი დესპანები გვყავდა. პარიზიდან, რომიდან, ბერლინიდან, ლონდონიდან და პარიზიდან და… ისინი ღირსსაცნობი გზავნილებით მობრძანდებოდნენ. პომპეზურად. მოჰქონდათ ომი. ან მშვიდობა. მოქარგულ მუნდირებში. თოფითა და მახვილით. ოფიციალური მიღება იმართებოდა. გულადთა დრო იყო! ამაღელვებელი დრო!

– დღესაც გულადთა დროა, ამაღელვებელი დრო, ბერიკაცო.

– შენთვის – არა, – კვლავ შეუღრინა ბერიკაცმა, – ხელჯოხი იატაკს დაკრა. ღონედაცლილმა, – სად არის ვნება? სიყვარული? შიში და სიკვდილი. სისხლი აღარ ჩქეფს სისხლძარღვებში. თქვენ ყველანი ლოგარითმი ხართ მხოლოდ. ცივსისხლიანი და გულგაყინული. ყველა თომა, დიქი და ჰარი. განურჩევლად.

– არა, ბერიკაცო. Ჩვენც გვიყვარს. ჩვენც გვწვავს ვნება. ჩვენც გვეშინია ბევრი რამის. ის, რასაც შენ ვეღარ ხედავ – ბოროტებაა. ავის ჩადენის სურვილი, რაც ჩავკალით საკუთარ გულში.

– ყველაფერი მოკალით და მოსპეთ! – აქვითინდა ბერიკაცი, – აი, შენ, – თითი მიუშვირა თომას, – შენ რამდენი სისხლი გდის სისხლძარღვებში?

– არც ერთი მილილიტრი, – დაუდასტურა თომამ, – მაგიერ, ძარღვებში თერმო-ხსნარი მაქვს. სისხლი ვერ უძლებს რადიაციას, მე კი ატომური რეაქტორის გამოსხივებას ვიკვლევ.

– ამას ვამბობ – არც სისხლი, არც ძვლები!

– ყველა სრულად როდი შეგვიცვლია, ბერიკაცო.

– არც, ნერვული ქსოვილი, ხომ?

– აკი გითხარი, ყველაფერი ძველი არ შეგვიცვლია.

– არც სისხლი გაქვს, არც ძვლები, არც ნაწლავები, არც გული, – არ იშლიდა ბერიკაცი თავისას, – და არც ის… ინტიმური ადგილები… რას აკეთებ ქალთან? რამდენი პროცენტით მექანიკური ხარ?

– არაუმეტეს 60 პროცენტისა, ბერიკაცო, – გაეცინა თომას, – შვილებიც მყავს.

– და სხვა თომა, დიქი და ჰარი?

– 30–დან 70 პროცენტამდე, ბერიკაცო. ვინ – როგორ. და მათაც ჰყავთ შვილები. განა, თქვენს დროს, არ ცვლიდით კბილებს ხელოვნურით? ჩვენ სხეულის სხვა ნაწილების შეცვლაც ვისწავლეთ. ეს არაფერს აზიანებს.

– თქვენ ადამიანები აღარ ხართ! თქვენ მანქანები ხართ! – ქვითინს ვერ იკავებდა ბერიკაცი, – რობოტები ხართ! მონსტრები! თქვენ ადამიანი მოსპეთ.

თომას გაიღიმა.

– მანქანაში იმდენია ადამიანური და ადამიანში – მანქანისა… ძნელად ვასხვავებთ, ან რა საჭიროა? ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ და ბედნიერად ვმუშაობთ. მოვერგეთ.

– ძველად, – თქვა ბერიკაცმა, – ადამიანებს ნამდვილი სხეულები გვქონდა. სისხლი და ძვლები და ნერვული ქსოვილი და ნაწლავები. აი, როგორც მე ახლა. ჩვენ ვმუშაობდით და გვდიოდა ოფლი. გვიყვარდა და გვძულდა. ვიბრძოდით და ვკლავდით და გვკლავდნენ. თქვენ არ ცხოვრობთ… აწყობილი სუპერმენები ხართ… მანქანა-ადამიანები… მჟავითა და სპერმით შექმნილი ნაბიჭვრები. სად ვნახო ჩხუბი, დარტყმა, კოცნა, შეჯახება, სიცოცხლე. როგორ მენატრება ნაღდი ცხოვრება… და არა თქვენი ხელოვნური იმიტაცია.

– ეს თქვენი სიძველის ბრალია, ბერიკაცო, – უთხრა თომამ და ღიმილი გაუქრა სახიდან, – რატომ არ გვითანხმდებით რეკონსტრუქციასა და განკურნებაზე? ნება რომ მოგვცეთ, შევაკეთოთ თქვენი დათხელებული სადინრები, განგიახლოთ რეფლექსები და…

– არა! არა! არა! – შეჰყვირა ბერიკაცმა, – არ მინდა კიდევ ერთ თომად ვიქცე!

წამოიწია სავარძლიდან, ხელჯოხით მიწვდა საამო იერის ამ ახალგაზრდას და ცემა დაუწყო. ძლიერი დარტყმით სახეზე კანი გაუხეთქა. თომამ შეჰკივლა. ტკივილის გამო არა, უფრო – გაოცებით. ხმაურზე კიდევ ერთი საამო იერის ახალგაზრდა გამოვიდა ვერანდაზე, ბერიკაცი გააკავა და ისევ იმ სავარძელში ჩასვა. შემდეგ თომასკენ მიტრიალდა.

– ყველაფერი რიგზეა?

– დიდად არ დავზიანებულვარ, – უპასუხა თომამ, თან გამდნარი ყინულივით ცივ, უფერო სითხეს იწმენდდა იარიდან, – მგონი, მართლა სურდა ჩემი დაზიანება.

თომა ბერიკაცს შეჰყურებდა. შიშნარევად.

– ეჭვიც არ მეპარება, სწორედ ეგ სურდა. პირველად ხარ მასთან? უნდა ნახო, რა შფოთიანი, კერკეტი კაკალია. ვამაყობთ კიდეც მისით. პირველყოფილი მეამბოხეა. რეკონსტრუქციის გარეშე. უნიკუმი. პათოლოგიების მუზეუმის ექსპონატი.

მეორე ახალგაზრდა ბერიკაცის შორიახლოს ჩამოჯდა, – ცოტა ხნით მე დავრჩები მასთან. წადი, დესპანის დახვედრის ზეიმს დაესწარი.

ბერიკაცი კი თრთოდა და ქვითინებდა

– ძველად იყო გამბედაობა და სიმამაცე, სული და ძალა, სისხლი იყო მეწამული ფერის და გამბედაობა იყო და სიმამაცე და…

– ძველად, ახლა, ახლა, ძველად… – გააწყვეტინა ახალმა, – ჩვენც გვაქვს, ბერიკაცო, ჩვენც. როდესაც ადამიანს აღვადგენთ, არაფერს ვაცლით, რაც საღია, მხოლოდ იმას – რაც დაზიანებულია და ლპება… სხეულსა და ტვინში.

– შენ ვინ ხარ? – ჰკითხა ანაზდად ბერიკაცმა.

– მე ვარ თომა.

– თომა?

– არა, ბერიკაცო, თომა არ ვარ, თომა ვარ. თომა.

– გამოცვლილხარ.

– ის თომა არ ვარ, აქ რომ იყო, სხვა თომა ვარ.

– თქვენ ყველა ერთი თომა ხართ, – შესძახა ბერიკაცმა, – თქვენ ყველანი ერთნაირი, ღვთისაგან მიტოვებული თომები ხართ.

– არა, ბერიკაცო. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. თქვენ უბრალოდ ვერ ხედავთ ამას.

ხალისიანი ჩოჩქოლის ხმა სულ უფრო უახლოვდებოდათ. ჰოსპიტლის წინ ქუჩაში აღტყინებული შეძახილები გაისმა. ხალხი აქეთ-იქეთ გაიწია, გზა დათმო. შორს, ქუჩის დასაწყისში მზის სხივებქვეშ სასულე ორკესტრის ინსტრუმენტები სპილენძისფრად ბრჭყვიალებდა და მუსიკის პირველი ბგერებიც მოწვდათ.

თომამ ბერიკაცს მკლავქვეშ მოავლო ხელი და წამოდგომაში დაეხმარა.

– მოაჯირთან მოდი, ბერიკაცო, – თქვა აღელვებით თომამ, – აქედან უკეთ დაინახავთ დესპანს. დიადი დღეა კაცობრიობისთვის. კავშირი დავამყარეთ სხვა გალაქტიკასთან. ახლი ეპოქის დასაწყისია.

– გვიანია, – თქვა ბერიკაცმა, – ძალიან გვიანი.

– რას გულისხმობ, ბერიკაცო?

– ჩვენ უნდა მიგვეგნო მათთვის და არა მათ – ჩვენთვის. პირველები უნდა ვყოფილიყავით ჩვენ. ძველად, პირველები ჩვენ ვიქნებოდით. ძველად გვქონდა სიმამაცე და გაბედულება. ვიბრძოდით და გავუძელით. .

– ეგერ არის, – შესძახა თომამ და ქუჩისკენ მიუთითა, – ინსტიტუტი მოინახულა… ახლა გამოდის გარეთ… აქეთკენ მოდის… გვიახლოვდება… ის სულ უფრო გვიახლოვდება. . . . არა, შეჩერდა ისევ… ცენტრში. რა შესანიშნავი ნაბიჯია…. მხოლოდ თავაზიანი ვიზიტი არ არის, ყველაფრის ნახვა აინტერესებს…

– ძველად, – თქვა ბერიკაცმა, – ჩვენ ცეცხლითა და მახვილით მოვდიოდით. უცხო ქუჩებში მივაბიჯებდით იარაღშებმულნი და მზერაში გვედგა ქარიშხალი. ჩვენ პირველები ვიქნებოდით, მაგრამ თუ სხვები მოვიდოდნენ პირველნი, მათ შევეგებებოდით მახვილითა და ცეცხლით. მაგრამ თქვენ – არა… ნახევრად მანქანები… ლაბორატორიაში გამოყვანილი სუპერმენები… კონსტრუქტორით აწყობილი… უსარგებლონი…

– ის ცენტრიდან გამოვიდა, – თომა მეტ და მეტ აღტყინებას შეეპყრო, – გვიახლოვდება… სულ უფრო გვიახლოვდება… შეხედე, ბერიკაცო. არასდროს დაგავიწყდეს ეს მომენტი. ის… – თომას სუნთქვა ეკვროდა, – ბერიკაცო, ის ჰოსპიტალსაც მოინახულებს!

ავტომობილი ციმციმა შუქებით ჰოსპიტლის წინ გაჩერდა. ორკესტრი მქუხარე, ხალისიან მელოდიას უკრავდა. ბრბო ღრიალებდა. ოფიციალურ პირებს მანქანაში სახეები გაბადროდათ. რაღაცას უჩვენებდნენ სტუმარს, უხსნიდნენ. გალაქტიკის ელჩი ავტომობილიდან გადმოვიდა, წელში გაიმართა და სწრაფი ნაბიჯით, ესკორტის თანხლებით გაემართა ჰოსპიტლის ვერანდისკენ.

– ჩვენკენ მოდის! – შეჰყვირა თომამ და მისი ყვირილი ბღავილში გადაეღვენთა.

ბერიკაცმა ხელი უშვა მოაჯირს. მან თომას და ყველა დანარჩენ თომას აუქცია გვერდი. გვერდი აუარა დიქსა და ჰარის და დეიზის, ანას და მარიამს. ჯოხის სუსტი კაკუნით გაითავისუფლა გზა, გააღწია მათ შორის და გალაქტიკის ელჩის პირისპირ აღმოჩნდა. ერთი პირობა ძრწოლვითა და ზიზღით შეაცქერდა ჩოქელას. შემდეგ შესძახა:

– მოგესალმებით. მარტო მე მაქვს აქ უფლება, რომ მოგესალმოთ.

უცებ, ხელჯოხი შემართა და, რაც ღონე ჰქონდა, სახეზე გადარტყა.

– მე ვარ უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე!

©Alfred Bester – The Die-Hard. Signet Books, 1958
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ალფრედ ბესთერის სხვა მოთხრობის “ვარსკვლავი ბრწყინავს, კრთის სასიამო” ჩემეული თარგმანი ამავე ბლოგზე დევს. იქვე – ინფორმაცია ამ ფანტასტზე.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: