ველდი

რეი ბრედბერი

– ჯორჯ, გთხოვ, ბავშვების ოთახში შეიხედე.

– დაემართა რამე?

– არ ვიცი…

– აბა…

– ჯორჯ, უბრალოდ მინდა, რომ შეხედო. ან ფსიქოლოგს დაურეკე, იმან ნახოს.

– რა ესაქმება ფსიქოლოგს ჩვენი ბავშვების ოთახთან?

– ძალიან კარგად იცი, რაც! – ქალი სამზარეულო ოთახის შუაში დადგა და ღუმელს დააცქერდა. ღუმელი კი საქმიანობდა თავისთვის – ვახშამს ამზადებდა ოთხი ადამიანისთვის.

– ბავშვების ოთახი ის აღარაა, რაც ადრე იყო.

– კარგი, დავხედოთ.

ცოლ-ქმარი მათი ჭკვიანი სახლის დერეფანში მიაბიჯებდა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ხმის იზოლაციითა და სრული აღჭურვილობით ეს სახლი 30’000 დოლარად შეიძინეს, მაგრამ განა არ უღირდათ – სახლი ზრუნავდა მისი ბინადრების ჩაცმა0დახურვასა და გამოკვებაზე, დროსტარებაზე, გართობაზე, ძილისპირულსაც უმღეროდა და ყოველმხრივ შეაყვარა თავი.

დერეფანში შუქი მიაცილებდათ – ნათურები ინთებოდა და რომ გაცდებოდნენ ქრებოდა ისევ. ბავშვების ოთახს რომ მიუახლოვდნენ, ახლა ეს ოთახი გაუნათა სახლმა.

– ვნახოთ, აბა – თქვა ჯორჯ ჰადლიმ.

***

145 კვადრატული მეტრი სივრცე, ათი მეტრის მაღალი ჭერი. ლერწმის რბილი იატაკი. სახლის ღირებულების ნახევარი ეს დაუჯდათ, მაგრამ შვილებისთვის ყველა მშობელს ყველაფერი საუკეთესო სურს.

ოთახი სავსე იყო სიცარიელითა და მყუდროებით. თეთრმა, ორგანზომილებიანმა კედლებმა თვალები გაახილა და, ლიდია და ჯორჯი რომ დაინახა, თითქოს, უკან დაიხია, აშრიალდა ფურცელ-ფურცელ და აფრიკული ველდის ხედებად გაიშალა. სამ განზომილებაში, ოთხივ მხარეს. ცოლ-ქმარი ადგილ-ადგილ ჩალადდაფერკლილ გახუნებულ გამხმარ ბალახსა და ყვითელ ქვიშაში იდგნენ და ლურჯ ზეცაზე გამოკიდული თაკარა მზე აცხუნებდათ.

უღრუბლო შუადღე იდგა.

ჯორჯმა იგრძნო, როგორ მოადგა ოფლი შუბლზე.

– გავეცალოთ ამ მზეს, – ცოლს უთხრა, – მეტისმეტად ნამდვილსა ჰგავს… მაგრამ, – დაამატა, – თითქოს, ყველაფერი რიგზეა, ისეთს ვერაფერს ვამჩნევ…

– მოიცადე კიდევ ცოტა ხანს და ნახავ, – უთქვა ლიდიამ.

ამასობაში სუნის წარმომქმნელი დანადგარიც ამუშავდა და ოთახის შუაში მდგარ ორ ადამიანს ცხელმა ქარმა პირდაპირ ნესტოებში შეუღიტინა ველდის ყველა არომატთან ერთად. მზით დამწვარი ჩალის. ლომების მიერ გაქექილი ბალახის. ანკარა ჭის სუნი. ცხოველების ჟანგიანი სუნი. მტვრის სუნი, მწველი, როგორც დაფქვილი წიწაკა. ახლა ბგერებიც მოწვდათ. სადღაც მოშორებით ანტილოპას ჩლიქების ხმა ბალახოვან კორდზე, სვავების ფრთებს ადევნებული ჩრდილი ჯორჯ ჰადლის ოფლმოკიდებულ შუბლზე.

– საზიზღარი, ბინძური არსებები, – მოესმა ცოლის ნათქვამი.

– სვავებია.

– იქეთ გახედე, ლომებს თუ ხედავ? რაღაც მოინადირეს. არ ვიცი, რა. დასამწყურვებლად მიდიან ახლა.

ჯორჯ ჰადლიმ თვალები მოიჩრდილა. ეწვოდა მზისგან.

– ზებრა იქნებოდა ან პატარა ჟირაფი.

– დარწმუნებული ხარ? – მეუღლის ხმა უცხოდ დაჭიმული იყო.

– ახლა როგორ გითხრა, ცოტა დაგვიანებულია, – სცადა გახუმრება, – მხოლოდ გალოკილ ძვლებსღა ვხედავ. თუ რამ კიდევ დარჩა ზედ, იმას სვავები მოასუფთავებენ.

– ყვირილი ვერ გაიგონე? – ჰკითხა ცოლმა.

– ყვირილი? ვერა…

– ერთი წუთის წინ.

– ვწუხვარ, მაგრამ არ გამიგონია.

ლომები მათ უახლოვდებოდნენ და ჯორჯ ჰადლი უნებლიედ ისევ შეიპყრო აღტაცებამ ინჟინრის გენიით, ეს ოთახი ვინც ააგო.

ტექნოლოგიური სასწაული, შეუსაბამოდ დაბალ ფასად. ყველა სახლს უნდა ჰქონდეს ასეთი, – გაიფიქრა. კი, ნატურალისტური სიზუსტე აშინებდა. ტკივილამდეც კი აფრთხობდა, ზოგჯერ, მაგრამ უფრო ხშირად მაინც ხალისის მომტანი იყო. განა მხოლოდ შვილებისთვის – მშობლებისთვისაც. მისწრებაა, როცა უცხო მხარეს გასეირნება გსურს, გარემოს ცვლილება…

აი, როგორც ახლა.

ლომები. ხუთიოდ მეტრში. ცოცხალი. ისე განსაცვიფრებლად ნამდვილი, რომ მათი ბეწვის მოთათუნებას იგრძნობ ხელისგულით. მათი ტყავის სუნისგან პირს ნერწყვი გადგება და შენი თვალის გუგებში იღვენთება მათი სიყვითლე. ლომებისა და ზაფხულისგან გამომშრალი ბალახის სიყვითლე. და ქოშინის ხმა. შუადღის მდუმარებას ახლა მხოლოდ ლომების ძალუმი ქოშინი არხევდა. დაფჩენილი ხახიდან გადმოღვრილ დორბლს ხორცის ოხშივარი მოყვებოდა.

მისჩერებოდნენ. მომწვანო-მოყვითალო თვალებით მისჩერებოდნენ ჯორჯსა და ლიდია ჰადლის.

მწვანე-ყვითელი თვალები.

– ფრთხილად! – შეჰყვირა ლიდიამ.

ლომები მათკენ გამორბოდნენ.

ლიდია შეტრიალდა და გაიქცა. ჯორჯიც მიყვა თავისდაუნებურად. კარი რომ გაიხურეს დერეფანში, ჯორჯს სიცილი წასკდა, ლიდიას კი – ცრემლები.

და ორივეს გაუკვირდა მეორის რეაქცია.

– ჯორჯ!

– ლიდია! ოჰ, ჩემო ძვირფასო, საბრალო, საყვარელო ლიდია!

– თითქმის მოგვწვდნენ!

– კედლებია, ლიდია, არ დაგავიწყდეს, მხოლოდ კედლებია, ეკრანი და სხვა არაფერი… არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, ვაღიარებ, აფრიკა ოთახში, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ნახატია, რეალისტური, ზემგრძნობიარე, ინტერაქტიული, სამგანზომილებიანი – მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გამოსახულება. ფილმი. არომატებისა და ხმის წარმომქმნელი დანადგარებით, ლიდია. სხვა არაფერი… აგერ, ცხვირსახოცი გამომართვი.

– მეშინია, – მიეტმასნა ქალი. მოეხვია. ტირილს ვერ იკავებდა, – ხომ ხედავ ახლა? ხომ იგრძენი? მეტისმეტად ნამდვილია.

– ლიდია, მომისმინე…

– უნდა უთხრა… ვენდის და ფითერს უნდა უთხრა, ნუღარ კითხულობენ ამ აფრიკაზე.

– კარგი, კარგი… – მიუალერსა.

– მპირდები?

– რა თქმა უნდა.

– და ბავშვთა ოთახიც უნდა ჩაკეტო… რამდენიმე დღით, სანამ არ დავმშვიდდები.

– ხომ იცი, ფითერისთვის ეს რა რთულია… გახსოვს, ერთი თვის წინ სულ რამდენიმე საათით რომ ჩავუკეტე ოთახი, რა ამბავში იყო?.. და – ვენდიც. ეს ოთახი მათი სამყაროა. ამით ცხოვრობენ.

– უნდა დავკეტოთ. მორჩა და გათავდა!

– კარგი, ნუ ღელავ, კარგი – და უხალისოდ ჩაკეტა უზარმაზარი კარი, – ბევრს მუშაობდი ბოლო დროს, დასვენება გჭირდება.

– არ ვიცი, არ ვიცი, – ჩაილაპარაკა ლიდიამ. აწყლიანდა. სავარძელში ჩაჯდა, რომელიც შემოერაგა მის სხეულს და რწევა დაიწყო, ამშვიდებდა.

– შეიძლება, პირიქით, ცოტა საქმე მაქვს და ძალიან ბევრი დრო შფოთიანი ფიქრებისთვის… იქნებ, რამდენიმე დღით მთელი სახლი გამოვრთოთ? ავიღოთ შვებულება.

– გინდა, საკუთარი ხელით შემიწვა ხოლმე დილით კვერცხი?

– მინდა, – აკოცა.

– და წინდებიც დამიკემსო? – გაეღიმა.

– დიახ! – მგზნებარედ უთხრა, თავი დაუქნია. თვალები კი კვლავ აწყლიანებული ჰქონდა.

– იატაკიც გამოხვეტო?

– კი! კი, კი!!!

– მაგრამ ეს სახლი განა იმიტომ არ ვიყიდეთ, რომ ამ ყველაფრის კეთება აღარ დაგვჭირვებოდა?

– სწორედ ასე. და ახლა ვგრძნობ, რომ უცხო ვარ აქ. სახლი არის ცოლიც, დედაც და ახლა უკვე – ძიძაც. რა მეტოქე ვარ აფრიკული ველდის? აღარაფერში ვჭირდები ბავშვებს. დაბანითაც ვერ დავბან ტანს ისე კარგად, როგორც ავტომატური აბაზანა გააკეთებს.. არამხოლოდ მე – შენც მეტად შფოთავ ბოლო ხანია.

– ძალიან ბევრს ვეწევი.

– უბრალოდ არ იცი, სად წაიღო თავი საკუთარ სახლში. უფრო მეტს ეწევი ყოველ დილით და უფრო მეტს სვამ ყოველ საღამოს. ერთი სიგარეტით მეტი დილით, ორი სირჩით მეტი საღამოს. ღამით კი დამამშვიდებელს სვამ. და ყველაფერი იმის გამო, რომ ზედმეტად გრძნობ თავს.

– ჰო? – ჰკითხა ჯორჯმა და დადუმდა. სცადა, შორიდან შეევლო თვალი საკუთარი ყოფისთვის.

– ჯორჯ! – ლიდიას მზერამ თითქოს გვერდი აუქციაო ქმარს და კარს მიაჩერდა, – ჯორჯ, მითხარი, ის ლომები… ვერ გამოაღწევენ იქედან?

ჯორჯ ჰანლი ანაზდად მიტრიალდა. მოეჩვენა, რომ კარი შეტორტმანდა, თითქოს, რაღაცა აწვებაო შიგნიდან.

თავი გაიქნია.

– რას ამბობ, რა თქმა უნდა, ვერა!

***

სადილად მარტონი დასხდნენ. ქალაქში კარნავალის დღე იყო და ბავშვები იქ იყვნენ, ვიდეოზარით შეატყობინეს, დაგვაგვიანდება, ნუ დაგველოდებითო. ჯორჯ ჰანლი შეფიქრიანებული დასჩერებოდა მაგიდას, რომელსაც ერთი-მეორეს მიყოლებით ამოქონდა ზედაპირზე თბილი კერძები.

– კეტჩუპი დაგავიწყდა, – უთხრა ჯორჯმა.

– მოპატიეთ, – მოუბოდიშა მაგიდამ წვრილი ხმით და გამოდგა კეტჩუპიც.

რაც შეეხება ოთახს, – ფიქრობდა ჯორჯ ჰადლი, – მცირე ხნით შესვენება ნამდვილად არ აწყენთ ბავშვებს. მომეტებული არაფერი ვარგა. მხოლოდ ლიდიას კიარ, არც მას გამოპარვია – ბავშვები მართლაც მეტისმეტად ბევრ დროს ატარებდნენ აფრიკაში. და იმ თაკარა მზემ დატორაო თითქოს – ახლაც კი ეწვოდა კისერი. ლომებიც. და სისხლის სუნი… ბავშვების გონება მთლიანად დაიპყრო ოთახმა. აიღო მათი ფიქრები და შექმნა მთელი სამყარო. თქვეს ბავშვებმა ლომი – გაჩნდნენ ლომები. თქვეს – ზებრა და ზებრებიც გამოჩნდნენ. მზე. ჟირაფები…

სიკვდილი…

სიკვდილი…

ჯორჯი გემოს ვეღარ ატანდა ხორცის ნაჭერს, მაგიდამ რომ მოუმზადა, – სიკვდილზე ფიქრისთვის ბავშვები მეტისმეტად პატარები არიან… თუმცა, ასაკი არაფერს ნიშნავს. სანამ გააცნობიერებ, რა არის სიკვდილი, უკვე უსურვებ ხოლმე ვიღაცა სხვას. ორიოდ წლის ხარ, როცა სათამაშო პისტოლეტს გატენი და სხვებს უმიზნებ.

მაგრამ არა, ის სულ სხვაა მაინც. ლომის ხახაში შემაძრწუნებელი სიკვდილი. ისევ და ისევ. დაუსრულებლივ, როგორც უკიდეგანოა თავად აფრიკული ველდი.

– სად მიდიხარ?

არ უპასუხა ლიდიას. ფიქრებში გართული მიუყვებოდა დერეფანს და ისევ მიაცილებდნენ ნათურები. საბავშვო ოთახის კარს რომ მიუახლოვდა, მიუყურადა. სადღაც შორს ლომი ბრდღვინავდა.

საკეტი გახსნა და კარი გამოაღო. მაგრამ სანამ ოთახში შევიდოდა ყვირილის ხმა შემოწვდა. და ლომების ღრიალი ისევ. და მეყსეულად ჩამომდგარი სიჩუმე.

შეაბიჯა აფრიკაში.

რამდენჯერ შესულა ბავშვებთან ოთახში შარშან და ხან საოცრებათა ქვეყანა დახვდებოდა – ელისი, ჩეშირელი კატა[*]… ხან – ალადინი და მისი ჯადოსნური ლამპარი, გოგრისთავა ჯექი ოზის ქვეყნიდან ან ექიმი დულითლი, ხანაც ძროხა, რომელიც მთვარეზე გადახტებოდა. ზღაპრული სამყაროს სხვა საოცარი ბინადრებიც რამდენჯერ უნახავს. ფრთოსანი რაში, ცად ქცეულ ჭერში რომ დაფრინავდა. ანგელოზთა გალობა. წითელ შადრევნებად აფეთქებული მაშხალები. ახლა კი მხოლოდ ყვითელი, აფრიკული ხვატი. ღუმელივით გავარვარებული ხახა, სადაც ოდენ სიკვდილი ცხვება… ლიდია, ალბათ, მართალია. დროა, დავისვენოთ იმ ფანტაზიისგან, რომელიც მეტისმეტად აბეზარია ათი წლის ბავშვებისთვის. შთაგონების გავარჯიშება კარგია, მაგრამ თუკი ბავშვის ცოცხალი გონება ერთმა სურათმა მოიცვა მარად? თითქოს მოაგონდა ახლა, რომ ბოლო თვის განმავლობაში სულ ესმოდა ლომების ბრდღვინვა. სუნიც ისე შორს წვდებოდა. მის კაბინეტამდე. მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ძალიან დაკავებული იყო.

ახლა კი ეულად იდგა აფრიკულ დამწვარ ბალახში. ჯორჯ ჰადლი და ლომები, რომელთაც ვახშმობა მიატოვეს და მიაჩერდნენ. ღიად დარჩენილი კარი რომ არა, რომლის ჭრილობში ჩაბნელებული დერეფანი და დერეფნის ბოლოს ლიდია ჩანდა, სხვა ყველა მხოლოდ აფრიკას მოეცვა ირგვლივ.

– წადით, – უთხრა ლომებს.

არ წავიდნენ.

ოთახის მუშაობის პრინციპი კარგად იცოდა – კითხულობს შენს ფიქრებს და სურათებად გარდაქმნის.

– ალადინი და მისი ლამპარი მინდა.

არაფერი შეცვლილა. ისევ ველდი. ისევ ლომები.

– ოთახო, ალადინი მოგთხოვე! – უთხრა.

უცვლელი სურათი. ლომები ნანადირევს დაუბრუნდნენ. ეშვებით გლეჯდნენ მსხვერპლის ტყავს.

– ალადინი! – ამაოდ სცადა ერთხელაც და სასადილოში დაბრუნდა.

– სულელი ოთახი მწყობრიდან გამოვიდა, – თქვა გულმოსულმა, – არ მიჯერებს.

– ან?

– ან რა?

– ან არ შეუძლია, დაგიჯეროს. იმდენი ხანია, ფიქრობენ ბავშვები აფრიკულ ლომებსა და სიკვდილზე, რომ ოთახი გაიჭედა.

– ჰო… შეიძლება, ეგეც იყოს.

– ან ფითერმა ჩაკეტა, რომ სულ ასე დარჩეს.

– ჩაკეტა?

– მექანიზმში შეაღწია და რაღაც შეცვალა.

– ფითერი ასე კარგად ვერ ერკვევა.

– ათი წლის ბიჭისთვის მეტისმეტად გონიერია, მისი ინტელექტის კოეფიციენტი…

– მიუხედავად მაგისა…

– დედა, მამა საღამო მშვიდობისა!

ცოლ-ქმარმა მოიხედა. ვენდიმ და ფითერმა შემოაბიჯეს.

ბროწეულისფრად შეფერკლილი ლოყები, ზურმუხტისფერი თვალები. ვერტმფრენით ემოგზაურათ და ოზონის სუნი მოიტანეს შინ.

– ზუსტად ვახშამს მოუსწარით, – უთხრეს მშობლებმა.

– მარწვის ნაყინი და სოსისი ვჭამეთ, მუცლებში ადგილი აღარ გვაქვს, მაგრამ დავსხდებით და შემოგხედავთ, – უპასუხეს ბავშვებმა. ხელი ხელს ჰქონდათ ჩაკიდებული.

– მოდი, მაშინ თქვენს ოთახზე მოგვიყევით, – თქვა ჯორჯ ჰადლიმ.

და და ძმა გაოცებით მიაჩერდნენ. მერე ერთმანეთს გადახედეს.

– ჩვენს ოთახზე?

– ჰო, აფრიკასა და სხვა ყველაფერზე, – მამა ცდილობდა, ძალად ხალისიანი ხმის ტემბრი არ დაეკარგა.

– ვერ მივხვდი, – უთხრა ფითერმა.

– დედათქვენმა და მე ახლახანს აფრიკაში ვიმოგზაურეთ. თომ სვიფთი[**] და მისი ციფრული ლომები.

– ჩვენს ოთახში არანაირი აფრიკა არაა, – ფითერმა.

– კმარა, ფითერ, ყველაფერი ვიცით.

– მე აფრიკა არ მინახავს… შენ? – დაეკითხა დას.

– არც მე.

– აბა გაიქეცი, ნახე ერთი, რა ხდება, – უთხრა ფითერმა და ვენდი გაიქცა.

– ვენდი, დაბრუნდი! – უბრძანა მამამ, მაგრამ გოგონა სწრაფად გარბოდა და უკვე მიეფარა თვალს, მხოლოდ ნათურები ციმციმებდნენ ციცინათელებივით. ჯორჯ ჰადლის მოაგონდა, რომ კარი ღია დარჩა. მაგრამ უკვე გვიან იყო.

– ნახავს და ახლავე დაბრუნდება. მოგვიყვება, რა ამბავია – უთხრა ფითერმა მშვიდად.

– რას მომიყვება, როცა საკუთარი თვალით ვნახე.

– დარწმუნებული ვარ, რაღაც შეგეშალა, მამა.

– არ შემშლია! წამო ახლავე, ვნახოთ.

მაგრამ ამასობაში ვენდიც დაბრუნდა.

– არ არის აფრიკა, – თან ქოშინებდა.

– ახლა ვნახავთ.

ყველანი ერთად გაემართნენ და ბავშვთა ოთახის კარი გამოაღეს.

მიეგება ჯადოსნური ტყის შრიალი. ანკარა მდინარე. დანისლული მეწამული მთები. სიმღერის ხმაც შემოესმათ და დაინახეს ჯუნგლების გოგო, რიმა[***], ლიანებს რომ მოეფარა და უკან მიყვნენ ფერად-ფერადი პეპლები, კულულებში ყვავილებივით რომ ებმოდნენ.

აფრიკული ველდი გაქრა. გაქრნენ ლომებიც. მხოლოდ რიმა იყო და მღეროდა ისე ტკბილად, რომ გული აგიჩუყდებოდა.

ჯორჯ ჰადლი შეცვლილ სურათს შესცქეროდა.

– დასაძინებლად წადით, – უთხრა შვილებს.

იმათ რაღაცის თქმა სურდათ, მაგრამ არ აცადა.

– ვერ გაიგონეთ, რა ვთქვი?

ბავშვები პნევმატურ შახტაში შევიდნენ და ჰაერის ნაკადმა ისე აიტაცა საძილე ოთახებისკენ, როგორც შემოდგომის ფოთლები.

ჯორჯ ჰადლიმ მწვანე მდელოში გაიარა, დაიხარა და რაღაცას დასწვდა. იმ ადგილას, სადაც ადრე ლომები იდგნენ. მოტრიალდა და ნელა მიუახლოვდა ცოლს.

– რა აიღე? – ჰკითხა ლიდიამ.

– ჩემი ძველისძველი საფულეა.

უპასუხა და გაუწოდა. დამწვარი თივის სუნი ადიოდა და კიდევ – ლომების. დადორბლილი იყო, ნაკბილარი და სისხლის კვალიც აჩნდა.

ბავშვთა ოთახის კარი გამოხურა და ჩაკეტა. საგულდაგულოდ.

***

შუაღამე იყო. არ ეძინა. იცოდა – არც მის მეუღლეს.

– გგონია, ვენდიმ შეიცვალა? – მოესმა მეუღლის ხმა ბნელ ოთახში.

– რა თქმა უნდა.

– ველდი – ტყით და ლომების ნაცვლად – რიმა?

– ასეა. კი.

– რატომ?

– არ ვიცი… სანამ არ გავარკვევ, დაკეტილი დარჩება.

– შენი საფულე? იქ როგორ მოხვდა?

– არაფერი ვიცი, მაგრამ უკვე ვნანობ ოთახი რომ შევიძენთ… ისედაც მეტისმეტად შფოთიანები არიან… ახლა კიდევ – ეს.

– განა, ნერვოზის დაძლევაში არ უნდა დახმარებოდა? ეს ამოცანა აქვს ოთახს.

– ოჰ… ვეჭვობ უკვე, – ჭერს მიაჩერდა.

– ყველა სურვილს ვუსრულებთ შვილებს, ჯილდოდ კი რას ვიღებთ? დაუმორჩილებლობა. საიდუმლო.

– ვინ თქვა, „ბავშვები ხალიჩაა, ხანდახან ფეხიც უნდა დააბიჯოო“?.. არასოდეს დაგვისჯია, არ გავწყრომივართ… მართალი გითხრა, აუტანლები გახდნენ. როცა უნდათ, მიდიან, როდესაც მოისურვებენ – ბრუნდებიან. არად გვაგდებენ. თითქოს, უფროსები ისინი იყვნენ.

– გახსოვს, ორიოდ თვის წინ ნიუ იორქში რაკეტით გაფრენის ნება რომ არ დართე? მას მერე გაუცხოვდნენ.

– ჯერ ძალიან პატარები არიან ამისთვის – მიზეზი ხომ განვუმარტე.

– კი განუმარტე, მაგრამ მას მერე, თითქოს, გულები გაუცივდათ ჩვენთვის.

– რა ვიფიქრე – დეივიდ მაქქლინს ხომ არ ვთხოვო?.. მოვიდეს, დახედოს ოთახს ხვალ დილით?

– აფრიკა რომ გაქრა? რიმაა და ჯადოსნური ქვეყანა.

– აფრიკა დაბრუნდება… ასე მგონია.

მცირე ხანი იყო და ყვირილის ხმა შემოესმათ. ორი ადამიანი ყვიროდა. სადღაც ქვემოთ. და კიდევ ლომების ღრიალი.

– ვენდი და ფითერი – საწოლ ოთახში აღარ არიან! – თქვა ლიდიამ.

– აღარ… ბავშვთა ოთახში შეაღწიეს, – ჯორჯს საკუთარი გულის ცემდა ესმოდა. ლამის ამომხტარიყო.

– ეს ყვირილი… რა ნაცნობია.

– ნაცნობი?

– მეტისმეტად.

ძილი გაუტყდათ. საწოლებმა იგრძნეს, დაიწყეს ქანაობა, ცდა არ დაუკლიათ, აკვანივით არწიეს, მაგრამ ჯორჯსა და ლიდიას ძილი არ მიკარებია. ღამე იყო და ჰაერი კატების სუნით იყო გაჟღენთილი.

***

– მამა.

– მოხდა რამე?

– ფითერი ფეხსაცმელებს დასჩერებოდა. ჯორჯს ადრეც შეუნიშნავს, ეს ბოლო ხანია, დედას და მამას თვალს არიდებს.

– საბავშვო ოთახის დაკეტვას ხომ არ გეგმავთ? არა?

– ჯერ, უნდა ვნახო…

– რა? – ფითერის ხმა სამართებელივით ბასრი იყო.

– შენ და შენი და… იქნებ, ცოტა ხნით მოწყდეთ ამ აფრიკას. ჩაანაცვლოთ რამით ხოლმე. შვედეთით ან დანიით. ან კიდევ – ჩინეთით.

– ასე მეგონა, ნება გვაქვს, ვითამაშოთ, როგორცა გვსურს?

– ცხადია… მაგრამ, გონიერების ფარგლებში.

– აფრიკას რას ერჩი, მამა?

– აკი, არანაირი აფრიკა არ ყოფილაო?

– არ მსურს დაკეტილი ოთახი, – ცივად უპასუხა, – არასდროს.

– თუ სიმართლე გინდა, მთლიანად სახლის გამორთვაზე ვფიქრობთ. ასე ერთი თვით. ვიცხოვროთ დევიზით: საკუთარი ხელით მოიპოვე სარჩო-საბადებელი შენი.

– საშინლად ჟღერს! თავად მომიწევს თასმების შეკვრა, იმის ნაცვლად, რომ თასმშემკვრელმა გამიკვანძოს? საკუთარი ხელით გავიხეხო კბილები? დავივარცხნო? დავიბანო?

– სახალისოც კი იქნება, აგერ – ნახავ.

– არ იქნება სახალისო. საშინელი იქნება! გასულ თვეს ავტო-მხატვარი რომ გამორთე, სულაც არ მიხალისია.

– მინდოდა, თავად გესწავლა ხატვა.

– ვხედავ. მესმის. სუნს ვგრძნობ – ეს უნარები მყოფნის.

– კარგი, წადი შენს აფრიკაში.

– მალე აპირებთ სახლის გამორთვას?

– ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ვფიქრობთ.

– გირჩევ, კარგად დაფიქრდეთ.

– ეს რაღაა?! შენგან მუქარა უკვე მეტისმეტია!

– ძალიან კარგი, – ფითერი საბავშვო ოთახისკენ გაემართა.

***

– ხომ არ დამაგვიანდა? – ეს დეივიდ მაქქლინი იყო.

– ისაუზმებ? – ჰკითხა ჯორჯ ჰადლიმ

– გმადლობ, არა. მოვასწარი წახემსება უკვე… რა ხდება თქვენს თავს?

– დეივიდ, ფსიქოლოგი ხომ ხარ?

– მგონი, კი.

– ჰოდა, ჩვენი ბავშვების ოთახი უნდა დაათვალიერო… ერთხელ უკვე ნანახი გაქვს, გასულ წელსაც გთხოვე. რამე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავს?

– ცოტა აგრესია… ჩვეულებრივია ამ ასაკში. ბავშვები მშობლების მხრივ ზედმეტ მზრუნველობას გაურბიან, ეჩვენებათ, რომ აკონტროლებენ… მოკლედ – არაფერი განსაკუთრებული.

დერეფანში გავიდნენ.

– დეივიდ, საბავშვო ოთახი დავკეტე წუხელ, მაგრამ ბავშვებმა როგორღაც შეაღწიეს ღამით… ხელი აღარ შევუშალე, მინდოდა გენახა, რას აკეთებენ.

ამ დროს საზარელი ყვირილის ხმა შემოესმათ.

– აგერ, შენც ხომ გაიგონე.

კარი შეაღეს და დაკაკუნების გარეშე შევიდნენ ოთახში.

ყვირილი მიიკარგა. ლომებს ჭამის დრო დადგომოდათ.

– ბავშვებო, ცოტა ხანს დაგვტოვეთ, ეზოში ჩადით… არაფერი შეცვალოთ, იყოს კედლებზე, რაც არის.

ბავშვები დამორჩილდნენ. ორი მამაკაცი დარჩა მარტო ლომების პირისპირ. მისჩერებოდნენ, როგორ ხარბად გლეჯდნენ ნანადირევს.

– ვიცოდე, ნეტავ, რას ჭამენ… თქვა ჯორჯ ჰადლიმ დაფიქრებით, – ხანდახან მეჩვენება, რომ ვხედავ კიდეც… რას იტყვი, ბინოკლით რომ დავაკვირდე…

დეივიდ მაქქლინს ცალყბად გაეღიმა.

– გაჭირდება გარჩევა… რა ხანია, ასეა? – ოთხივე კედელს შეავლო თვალი.

– თვეა, ალბათ… ცოტა მეტი.

– გულს ვერ დაგიმშვიდებ ტყუილად – ეს არ არის კარგი.

– ფაქტები მინდა და არა ემოციები.

– ოჰ ჯორჯ, ჩემო კარგო, ერთი ფსიქოლოგი მაინც მითხარი, ვინც რამე ფაქტს შესწრებია. გრძნობების შესახებ ვისმენთ მხოლოდ… გული კი ცუდს მეუბნება. რაღაც ხდება. ასეთ რამეებს ყნოსვით ვგრძნობ… რაკი რჩევას მთხოვ – უნდა გამორთო ეს წყეული ოთახი, დაკეტო კარგად და ბავშვები კი ყოველ დილით მოიყვანო ჩემთან. ერთი წლის განმავლობაში მაინც.

– ასეა საქმე?

– მენდე… ფსიქოლოგებს იმედი გვქონდა, ამ ოთახების დახმარებით დავაკვირვებოდით ბავშვების ფიქრებს, კედლის ნახატებით მათ გულისნადებს შევისწავლიდით. და დავეხმარებოდით, სადაც საჭირო გახდებოდა. ეს გვქონდა მიზნად. თქვენს შემთხევაში, ოთახი დამანგრეველი სურვილებისგან კი არ ათავისუფლებს, ახალისებს კიდეც.

– აქამდე არ შეგინიშნავს?

– აქამდე ვგრძნობდი, რომ ძალიან გაანებივრეთ ბავშვები. მეტად, ვიდრე – სხვებმა. ახლა კი გადაწყვიტეთ ქანჩების მოუჭიროთ…

– ნიუ იორქში მოგზაურობის ნება არ დავრთე.

– სხვა?

– რამდენიმე ავტო-დანადგარი გავიტანე სახლიდან… ერთი თვის წინ დავემუქრე ოთახის დაკეტვით, თუ საშინაო დავალებას არ შეასრულებდნენ… ორიოდ დღით დავკეტე კიდეც, რომ დარწმუნებულიყვნენ, არ ვხუმრობდი.

– გასაგებია…

– რამე გენიშნა?

– ის, რომ სანტა კლაუსის ნაცვლად უცბად ბუა მოვიდა. ბავშვებს სანტა ურჩევნიათ. შენ და ლიდია გვერდზე გადექით და თქვენი ადგილი ამ ოთახმა დაიჭირა და ამ სახლმა. ოთახი არის დედაც და მამაც. ბევრად უფრო ფასეული, ვინემ ნამდვილი მშობელია… ახლა გათიშვით ემუქრებით – ცხადია, მათი სიძულვილიც. ცაც კი გაჟღენთილია ამ სიძულვილით, მზეც. ბევრი რამის შეცვლა მოგიწევთ ახლა, ჯორჯ, თქვენი ყოფა უნდა შეცვალოთ სრულად… კომფორტი ყველაფერია თქვენთვის და მრავალი სხვისთვის. სამზარეულოში რამე რომ დაზიანდეს, შეიძლება, შიმშილით დაიხოცოთ. ერბო-კვერცხის შეწვას ვერ მოახერხებთ, ცხოვრების გემო დაკარგეთ. ამიტომ გირჩევ, გამორთო ყვლაფერი და ხელახლა დაიწყო ცხოვრება. ბავშვებმაც… დრო დაგვჭირდება, მაგრამ ერთ წელიწადში ყველაფერს შევცვლით, აგერ ნახავ.

– ოთახის დაკეტვა, ასე უცებ… მეტისმეტი ხომ არ იქნება? მტკივნეული?

– არ მინდა უფრო შორს გაგვექცნენ, საიდანაც ვეღარ დაიბრუნებთ.

ამასობაში ლომებმა სისხლიანი ნადიმი დაასრულეს. ენებით ილოკავდნენ დრუნჩებს და ადამიანებს შესცქეროდნენ.

– ჯანდაბა… ნანადირევი მგონია თავი, – თქვა მაქქლინმა, – გავიდეთ გარეთ. გავეცალოთ… არც არასდროს მომწონდა ეს ოთახები. მაშინებენ.

– მეტისმეტად რეალისტურად გამოიყურებიან, – თქვა ჰადლიმ, – ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ არის რამე გზა…

– რა გზა?

– რომ გაცოცხლდნენ?

– რამდენადაც ვიცი – ეს შეუძლებელია.

– თავად მექანიზმი ხომ არ არის დაზიანებული?

– თითქოს – არა.

კარისკენ წამოვიდნენ.

– არ მგონია, ოთახს მოეწონოს, თუ გამოვრთავთ, – თქვა ჯორჯმა.

– სიკვდილი არვის მოსწონს – ოთახსაც კი.

– ალბათ, ვძულვარ, რაკი მისი გამორთვა მსურს…

– აკი გითხარი, აქ ყველაფერი გაჟღენთილია სიძულვილით. სხეულით გრძნობ… მოიცა, – მაქქლინი შეჩერდა და დაიხარა, – შენია? – სისხლიანი შარფი ეჭირა ხელში.

– არა, – ჯორჯ ჰადლის ფერი აღარ ედო, – ლიდიასია.

მართვის დაფას მიუახლოვდნენ და იმ ღილაკს დააწვნენ, ოთახს რომ თიშავდა.

***

ბავშვები ლამის შეიშალნენ. ყვიროდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ და ისროდნენ, ხელში რაც მოხვდებოდათ. ტიროდნენ და ხტოდნენ ავეჯზე.

– ამის გაკეთების ნება არ გაქვთ! არ გაქვთ!

– კმარა, ბავშვებო!

ყველაფერი უშედეგო იყო. ბავშვები დივანზე მიეგდნენ. ტიროდნენ.

ლიდიამ ვერ გაუძლო.

– ჯორჯ, ჩართე ოთახი მცირე ხნით… არ შეიძლება, ასე ერთბაშად.

– არა, – ჯორჯ ჰანლი შეუვალი იყო.

– ნუ იქნები ასეთი სასტიკი

– ლიდია, ოთახი გამორთულია და მორჩა. და ეს დაწყევლილი სახლიც. რაც მეტს ვუცქერ ამ სისაძაგლეს, საკუთარი ხელით რომ მოვიწყეთ, მით უფრო მერევა გული. უნდა ჩავჭრათ ეს ხელოვნური კვების ჭიპლარი. სული გვეხუთება, სუფთა ჰაერი არ გვაწყენდა.

ჩამოუარა და საკუთარი ხელით გამორთო მოლაპარაკე საათები, ღუმელები, გამათბობლები, თასმშემკვრელები, ფეხსაცმლის მაპრიალებლები, მწმენდავები, მრეცხავები, დამბანველები და მასაჟორები და ყველა, სხვა, რასაც მიწვდა.

სახლი მექანიკური დანადგარების გვამებით აივსო. როგორც – აკლდამა. ავტომატები, წუთის წინ რომ ზუზუნებდნენ, მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ, ახლა დადუმდნენ.

– შეაჩერე, შეაჩერე! – ყვიროდა ფითერი. ჭერს ასძახოდა, თითქოს სახლს მიმართავსო თუ საბავშვო ოთახს, – ნებას ნუ მისცემ, ყველაფერი მოკლას, – და ისევ მამას, – როგორ მეზიზღები!

– შეურაცხყოფით ვერაფერს მიაღწევ!

– ნეტა, მოკვდე!

– მკვდრები ვიყავით დიდი ხანია, ახლა ხელახლა დავიწყებთ ცხოვრებას… ნაცვლად იმისა, რომ ღილაკებზე ვაჭიროთ თითები.

ვენდი ისევ ტიროდა და ფითერიც აზლუქუნდა ისევ.

– სულ ერთი წამით ჩაგვირთეთ ოთახი, სულ ერთი წამით.

ლიდიამ ბავშვების ქვითინს ვერ გაუძლო.

– ჯორჯ, არაფერი დაშავდება.

– კარგი… ოღონდ დამშვიდდნენ… მაგრამ ერთი წუთით მხოლოდ. შემდეგ სამუდამოდ გამოვრთავ.

– ვის ყავს მამა, ვის ყავს მამა, ვის ყავს მამა ჩვენისთანა! – ტირილი სიმღერამ შეცვალა.

– ამის შემდეგ სამოგზაუროდ მივდივართ. დეივიდ მაქქლინი მოგვაკითხავს ნახევარ საათში და აეროპორტში წაგვიყვანს… ლიდია, ჩაურთე ოთახი ერთი წუთით. წავალ, მანამ ტანთ გამოვიცვლი.

დედა და შვილები საბავშვო ოთახისკენ გაემართნენ. თან რაღაცას დუდუნებდნენ. ჯორჯს აღარ ესმოდა, პნევმატურ შახტაში შევიდა და ჰაერის ნაკადმა მეორე სართულზე აიტაცა. იქ გარდერობი გამოაღო საკუთარი ხელით და ჩაცმა დაიწყო. მალე ლიდიაც გამოჩნდა.

– ნეტავ, როდის გავაღწევთ აქედან, სხვა არაფერი მინდა, – ამოიოხრა.

– ბავშვები ოთახში დატოვე?

– ჰო… მეც უნდა გამოვიცვალო სამოგზაუროდ… ოჰ, ეს აფრიკა, ვიცოდე მაინც, რითი შეაყვარა თავი ასე?

– მალე აიოვას გზაზე ვიქნებით… რამ გვაყიდინა ეს სახლი, ღმერთო, ამ ყულფში ნებით როგორ გავყავით თავი.

– მედიდურობით, ფულით, წინდაუხედაობით.

– ჩავიდეთ დაბლა, სანამ ისევ არ გაერთნენ იმ მხეცებით.

ეს თქვა ჯორჯმა და ბავშვების ხმა შემოესმათ: „დედა, მამა, მოდით! ჩქარა!! მოდით!!!“

ორთავენი შვილებისკენ გაქანდნენ, მაგრამ ბავშვთა ოთახი ცარიელი იყო… მხოლოდ ლომები, სხვა – არვინ.

– ვენდი? ფითერ?

კარის გაჯახუნება.

– რა ჯანდაბაა… კარი გააღეთ! – ჯორჯ ჰადლი ღილაკს დააწვა. უშედეგოდ. კარს მაგრად მიარტყა ხელისგული.

– გარედან გადაკეტეს… გაგვიღეთ კარი!

ფითერი კარს მიღმა იდგა.

– არ მისცე ნება, სახლი გამორთონ! – მოესმათ მშობლებს ბიჭის ხმა, – არ მისცე ნება, გამორთონ ოთახი და სახლი!

ჯორჯი და ლიდია კარს მიაწვნენ. უშედეგოდ.

– ბავშვებო გეყოთ, რა ხუმრობაა! წასვლის დროა. ბატონი მაქქლინი მალე მოგვაკითხავს.

ამ დროს შემოესმათ ხმები.

ლომები. მზედაკრულ გაყვითლებულ ბალახში. მათი ტორების ხმა და ბრდღვინვა.

ლომები.

ჯორჯ ჰადლიმ ცოლს შეხედა, ისინი შემობრუნდნენ და მიაჩერდნენ მხეცებს. ლომები ნელა მოიწევდნენ. გრაციოზულად. ტაატით. ღონიერი კუდებით ხვეტდნენ და ჰაერში აფრიალებდნენ ჩალას.

ჯორჯ და ლიდია ჰადლის ყვირილი აღმოხდათ.

ყვირილი, რომელიც ესმოდათ ამ ოთახიდან ადრე. და მიხვდნენ ახლა, თუ რატომ იყო იმ ყვირილის ხმა ასე ნაცნობი.

***

– მე უკვე აქ ვარ! – შესძახა დეივიდ მაქქლინმა, – ოჰ, გამარჯობა ბავშვებო.

გაკვირვებული მიაჩერდა ორ ბავშვს, რომლებსაც საბავშვო ოთახში პიკნიკი მოეწყოთ. ყვითელ მდელოზე ისხდნენ და გემრიელად სადილობდნენ. უკან წყალსატევი იყო, თავს ზემოთ კი – მცხუნვარე აფრიკული მზე.

– მამა და დედა სად არიან?

– ახლავე მოვლენ, – გაუცინეს ბავშვებმა.

– ძალიან კარგი, თორემ წასვლის დროა.

ბატონმა მაქქლინმა ლომები დალანდა. თამაშ-თამაშ დატორეს ერთმანეთი, შემდეგ კი დამშვიდნენ ერთბაშად და ჭამას შეუდგნენ ისინიც. შორს, ხეების ჩრდილქვეშ.

თვალები მოიჩრდილა და დააკვირდა.

მაგრამ ლომებმა ნანადირევი მოინელეს უკვე და ახლა წყლის დასალევად წაიზლაზნენ.

გადაიფრინა ჩრდილმა. კიდევ და კიდევ. ბევრმა ჩრდილმა. ერთიმეორის მიყოლებით სვავები ეშვებოდნენ უღრუბლო ციდან.

– ფინჯან ჩაის ხომ არ ინებებთ? – გატეხა სიჩუმე ვენდიმ.

©Ray Bradbury – The Veldt. The Saturday Evening Post, September 23, 1950
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(*) ბრედბერის სხვა პერსონაჟი, ცრუ კუ უწერია. იმედია, მაპატიებს, მაგრამ ჩეშირელი კატით ჩავანაცვლე.

(**)
მინიშნება პოპულარულ ამერიკულ საბავშვო წიგნზე “თომ სვიფთი და ელექტრონული შაშხანა”.

(***)
ჯუნგლების გოგო, რიმა – უილიამ ჰენრი ჰადსონის წიგნის გმირი.

***

რეი ბრედბერის ეს მოთხრობა პირველად The Saturday Evening Post-ში გამოქვენდა სათაურით “სამყარო, რომელიც ბავშვებმა შექმნეს” (The World the Children Made). მომდევნო წელს, კრებულში The Illustrated Man უკვე იმ სათაურით დაიბეჭდა, რომლითაც გამოსცემენ დღემდე.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: