Sie werden ja noch zum “Magus des Nordens”!
თქვენ გახდებით ჩრდილოეთის ჯადოსანი
ზიგფრიდ გიდეონი – ალვარ აალტოს
ეს კოვიდ-პანდემია კი მთავრდება და სანამ რამ სხვა დაგვატყდება, საზღვრებსაც შეხსნიან. თუკი ფინეთში იქენით და რომელსამე დიდ შენობაში შეაბიჯეთ – ბიბლიოთეკა იქნება, საგამოფენო დარბაზი, მერია თუ სავაჭრო ცენტრი, ახედეთ ჭერს. თუ გაგიმართლათ – ნახვრეტებიანი იქნება, ჭუჭრუტანა-ჭერი. ან, როგორც მე დავარქვი – ჭერჭრუტანა. 🙂
ეს ალვარ აალტოს ჭერია. ფინელი არქიტექტორის და დიზაინერის. დიდი გენიოსის. ვისაც ცვლილებების არ ეშინოდა და მუდამ სიახლეების ავანგარდში იყო. მოიფიქრე აღმატებული ხარისხის რამე ეპითეტი – ალვარ აალტოსთვის (Hugo Alvar Henrik Aalto) ცოტა იქნება. მთელი სკანდინავიური მოდერნიზმი, მინიმალიზმი, უტილიტარიზმი აალტოდან მოდის. სპეციალისტები მის შემოქმედებას რამდენიმე ეპოქად ანაწილებენ კლასიციზმიდან – მონუმენტალიზმამდე, მაგრამ ჩემი, არასპეციალისტი დილეტანტის თვალით, მთავარი რაც მის შემოქმედებას გასდევს და ახასიათებს – ფუნქციონალიზმია. ყველაფერი, რასაც ალვარ აალტო ქმნიდა, მოხერხებული, კომფორტული, კარგად მორგებული და იოლად გამოყენებადია.
ამის ნიმუშია სწორედ ჭერჭრუტანები, საიდანაც ოთახში დიდი რაოდენობით დღის შუქი შემოდის, თან ისე, რომ მზემ თვალი არ მოგჭრას.
ჭერჭრუტანიანი შენობის პირველი სრულყოფილი ნიმუში 1927-35 წლებში აგებული ქალაქ ვიიპურის ბიბლიოთეკაა. ჭერჭრუტანებს აალტო ადრეც ცდიდა, მაგრამ ამჯერად სხვადასხვა ფორმისები შეკრა, გადაანაწილა და ისე განალაგა, რომ 57 ჭერჭრუტანით განათებული ამ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი მსოფლიოს ბიბლიოთეკების სამკითხველო დარბაზებს შორის სანიმუშოა. სტანდარტი. იდეალი, საითკენ ყველა არქიტექტორი უნდა ისწრაფოდეს.
თუკი ჭერჭრუტანების ამოცანა დარბაზის ყოველი კუთხე-კუნჭულის თანაბრად განათებაა, იმგვარად რომ, სადაც არ უნდა ჩამოჯდე, შენი წილი დღის სინათლე გქონდეს, სალექციო-საკონფერენციო დარბაზის ტალღოვანი ჭერის ამოცანა იდეალური აკუსტიკაა, იმგვარად, რომ სადაც არ უნდა დაჯდე, სიტყვით გამომსვლელის ხმა და ბგერა, შენს ყურს მკაფიოდ წვდებოდეს.
საგანგებოდ ვიიპურის ბიბლიოთეკისთვის ალვარ აალტომ უზურგო სამფეხა სკამის (ტაბურეტს რომ ვუძახით ხოლმე) დიზაინი შექმნა. ამოცანა – მარტივი, კომპაქტური და გამძლე კონსტრუქციის გამოძებნა იყო, რომელიც უზრუნველყოფდა სალექციო დარბაზში მაქსიმალური რაოდენობით სკამის განთავსებას და ალაგების შემდეგაც არ დაიჭერდა დიდ ადგილს. ამ ტაბურეტს ლათინური ყირამალა-L ფორმის ფეხები აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს ალაგებისას ერთი-მეორეზე შემოვაწყოთ. ამგვარად, აალტოს ტაბურეტი ყველა დასახულ ამოცანას იოლად ართმევს თავს და მრავალი სხვა ტაბურეტის მშობელია. 🙂 სწორედ ის იქცა შთაგონებად და, თუ გნებავთ – გამოწვევად ავეჯის ბევრი სხვა დიზაინერისთვის.
აალტო ამ ქალაქში ბიბლიოთეკას რომ აშენებდა, ვიიპური ფინური ქალაქი იყო, მაგრამ ერთმა ულვაშა ტირანმა, სადისტმა და მაოხრებელმა მკვდარმა ფინელებს წაართვა და დღეს ვიბორგის სახელით ლენინგრადის ოლქის ნაწილია. რუსებმა შენობაში ბიბლიოთეკა კი შეინარჩუნეს, მაგრამ მწირი დაფინანსებისა და უყურადღებობის გამო, მძიმე მდგომარეობაში იყო და 2000 წელს იუნესკომ მსოფლიოს ას, განადგურების პირას მყოფი არქიტექტურული შედევრის სიაში შეიტანა. ისევ ფინელებმა მოიძიეს თანხაც, რესტავრატორებიც და 2010 წელს ვიიპურის ბიბლიოთეკა პირვანდელი სახით აღადგინეს.
ვიბორგ-ვიიპურისკენ თუ მაინცდამაინც გული არ გიდევთ, ალვარ აალტოს ბიბლიოთეკების ნახვა მათი ჭერჭრუტანებითა და საკონფერენციო დარბაზებით სხვაგანაც შეგიძლიათ.
ჰელსინკიში სეირნობისას, საკონცერტო დარბაზს გვერდს ვერ აუვლით. ისეც ალვარ აალტოს პროექტითაა აგებული. გარედან მეც შევავლე თვალი, სამწუხაროდ, შიგნით ნამყოფი არ ვარ. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, არაჩვეულებრივი სანახავია.
1933 წელს ალვარ აალტომ ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალო სანატორიუმის პროექტი დაასრულა. ეს სანატორიუმი იტალიის ქალაქ პაიმიოშია განლაგებული. ხალასი და ფერადი შიდა ინტერიერია, საგანგებოდ მსგავსი დაწესებულებისთვის შექმნილი ჩუმი წყლის ნიჟარები (ხმაურმა პაციენტები რომ არ შეწუხოს) და სავარძლები, რომელში მოსვენებისას ფილტვები მაქსიმალურად ფართოვდება და სუნთქვა იოლდება.
ამჟამად სანატორიუმში ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი და მუზეუმია.
აალტოს პროექტით 500-ზე მეტი შენობაა მთელ მსოფლიოში აგებული. უმრავლესი, ცხადია, ფინეთშია. იმასაც ამბობენ, აალტო იგივეა ფინელებისთვის, რაც მუმი-ტროლი და სიბელიუსი, პოპულარობით კი მხოლოდ იოულუპუკის ჩამორჩებაო, დანარჩენი მსოფლიო რომ სანტა-კლაუსად ვიცნობთ.
მისი არქიტექტურის ნიმუშებს სხვაგანაც ნახავთ: ისლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში და ოკეანგაღმა – აშშ-ში. ბევრი საჯარო შენობაა. შესვლა და დათვალიერებაც შეგიძლიათ. კერძო სახლებიც არის. საუნივერსიტეტო კამპუსებიც. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მასაჩუსეცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელია ე.წ. Baker House, რომლის დიზაინისას აალტომ დაწუნებული, დამწვარი, კბილმოტეხილი, შუბლგაბზარული, გაშავებული აგურები გამოიყენა. ამან შენობას განსხვავებული, გამორჩეული იერი შესძინა.
აალტოს ბევრ შენობაში მუზეუმია.
მაგალითად, ფრანგი კოლექციონერის და არტ-დილერის ლუი კარეს სახლში (Maison Louis Carré), რომელიც აალტომ 1957 წელს დააპროექტა, დღეს საგამოფენო სივრცეა მოწყობილი და სხვადასხვა თემატური ექსპოზიციები იმართება.
ეს უნიკალური სახლია, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ალვარ აალტოს შემოქმედების გასაცნობად. აქ თითქმის ყველაფერი მისი დიზაინითაა შექმნილი. არამხოლოდ სახლი – ეზოც, ბაღიც, ჭიშკარიც, სკამებიც, მაგიდებიც, სანათებიც, წყლის ნიჟარები და კარის სახელურებიც კი.
ლუი კარე ჩრდილოეთ საფრანგეთში ცხოვრობდა, პატარა სოფელში რამბუიესთან ახლოს. შემთხვევით იქ ვერ მოხვდები, ამიტომ, ვისაც მეტის ნახვა გსურთ – აგერ, რეკომენდაციას გავუწევ არაჩვეულებრივ ბლოგს.
ფინეთის საიუნაცალოს მუნიციპალიტეტის ყოფილ შენობაში (Säynätsalo Town Hall Apartment ) დღეს საცხოვრებელი, სასტუმრო და ბიზნეს-სივრცეა განთავსებული. აპარტამენტის დაქირავება ბუქინგზეც შეგიძლიათ. 1 დღე/ღამის ფასი 90 ევროა.
ცხადია, შეიძლება ალვარ აალტოს სახლისა და სტუდიის დათვალიერებაც. ორივე შენობა ერთმანეთის მეზობლადაა, ჰელსინკის ლაიალაჰტის (Laajalahti) ტბისა და ეროვნული პარკის მახლობლად. კიდევ ერთი მუზეუმი აალტოს საზაფხულო აგარაკზეა, მურაცალოს (Muuratsalo) კუნძულზე. ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან მურაცალოს სახლის ფასადზე მრავალფერი აგურები.
სხვათაშორის, გინახავთ უთუოდ, და ჩვენთანაც არის უკვე, როდესაც ხეს კი არ ჭრიან, შენობის შიგნით მოაქცევენ ხოლმე. პირველმა ესეც ალვარ აალტომ მოიფიქრა. პარიზის 1937 წლის მსოფლიო გამოფენაზე ფინეთის პავილიონი პირდაპირ ხეებს შემოუშენა ირგვლივ – ტყეში განთავსების ილუზიის შექმნის მიზნით. იგივე ხერხს ის მოგვიანებითაც იყენებდა სხვადასხვა საგამოფენო პავილიონების თუ საოფისე სივრცეების დიზაინის დროს.
ვრცელი პოსტი კი გამოდის, მაგრამ აალტოს ფურნიტურის რამდენიმე ფოტოც მინდა დავდო. მაგრამ მანამ – კიდევ ორი ბიბლიოთეკა:
ორეგონის შტატში ერთი ასეთი სააბატოა, მთის ანგელოსის (Mount Angel Abbey) რომ ქვია. მთის ანეგელოსის სააბატომ 60-იანების დასაწყისში ბიბლიოთეკის შენობა არქიტექტურისა და დიზაინის ჩრდილოელ ჯადოქარს დაუკვეთა.
ალვარ აალტოს პროექტით არის აგებული კულტურის ცენტრი ქალაქ ვოლფსბურგში – ბიბლიოთეკა, საგანმანათლებლო სივრცე და მუნიციპალური ოფისები. საჯარო შენობაა და ღიაა დამთვალიერებლებისთვისაც.
არის ერთი კარგი ბლოგი, რომელიც მთლიანად ალვარ აალტოს არქიტექტურის ირგვლივ ტრიალებს. მე მეტს აღარ გავაგრძელებ და, უბრალოდ, აქ დავლინკავ.
დაბოლოს – ცოტა ავეჯი და სანათები:
ალვარ აალტოს ფურნიტურას უფრო ვრცლად აქ დაათვალიერებთ.
ალვარ აალტოს ბევრ ნამუშევარს ორი თანაავტორი ყავს. ჯერ – ერთი, შემდეგ – მეორე. ორთავე ჰელსინკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (ამ უნივერსიტეტის მთავარი კორპუსიც აალტოს პროექტითაა აგებული).
პირველი იყო აინო მარია მანდელინი, რომელიც აალტოს სტუდიაში 1924 წელს მივიდა. მომდევნო წელს ის და ალვარ აალტო დაქორწინდნენ. აინო აალტო (Aino Aalto) იყო სტუდია და ავეჯის მწარმოებელი კომპანიის Artek-ის თანადამფუძნებელი და გარდაცვალებამდე, 1949 წლამდე – ხელმძღვანელიც.
1949 წელს ასისტენტად აიყვანა ელზა მაკინიემი. 54-ში წყვილი დაქორწინდა. ალვარ აალტოს გარდაცვალების შემდეგ, ელისა აალტომ (Elissa Aalto) დაასრულა დაწყებული პროექტები. იყო აალტოს ფონდის შექმნის ინიციატორი. ხელმძღვანელობდა მეუღლის რამდენიმე შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს.
©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Nous avons visité la maison Louis Carré d’Alvar Aalto
The Practical Side of Modernism – Aino Marsio-Aalto
Alvar Aalto Is Dead at 78; Master Modern Architect NYT, May 13, 1976