1920 წელი. პარიზი. 5 ბოთლი. 5 არომატს შორის შერჩეული ნომერი 5.
ეს ამბავი ყველამ ბევრმა იცის. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სუნამოს დაბადების ამბავი.
არ ვიცი, რამდენი იყენებს ამ სუნამოს დღეს, მაგრამ ყველაზე ცნობილი როა – უკამათოა. სიტყვა სუნამოს რომ გაიგებ – პირველი “შანელი ნომერი 5” გახსენდება.
მაგრამ თავისი ისტორია აქვს სუნამოს ბოთლსაც. Chanel No. 5 ფორმისა და შინაარსის ჰარმონიაა.
ფლაკონი არაპრანჭია, მინიმალისტური, ოდნავ ბრუტალური კოკო შანელის დახატულია. თუკი არომატი ერნესტ ბომ (Ernest Beaux) შექმნა, ბოთლის დიზაინი თავად კოკო შანელს ეკუთვნის.
Chanel No. 5-ის ფლაკონი ამ სუნამოს ტოლი შედევრია. დახვეწილი და სადა. ბევრის შეფასებით, ზედმეტად “არაფემინურიც” კი იყო, მაგრამ კოკო შანელი ასეთ ამბებში არასდროს ცდებოდა. თითქმის – არასდროს.
თავსახური – როგორც დაწახნაგებული ალმასი, “შანელის” ლოგოთი. ორი C.
ბოთლის დიზაინი დროთა განმავლობაში შეიცვალა. რვა მცირე ცვლილებას დავთვლით დღემდე, მაგრამ მთლიანობაში ისევ ის ფლაკონია, რაც 1921 წელს.
Chanel No. 5-ის ბოთლის ინსპირაცია ვისკის დეკანტერია. ასე ამბობენ. და მსგავსება მართლაც თვალშესამჩნევია. ეპოქის გათვალისწინებით, ამ სუნამოს ბოთლი ერთგვარი ფემინისტური განაცხადიც არის.
ზემოთ “5 არომატს შორის შერჩეული ნომერი 5” ვახსენე… ეს პოპულარული ლეგენდაა (სიმართლესთან ძალიან ახლოს) თუმცა, სინამდვილეში არომატი მეტი იყო. ერნესტ ბომ კოკო შანელს ასარჩევად 10 ვარიაცია, დღეს რომ ვიტყოდით – ტესტერი წარუდგინა. 1-5 და 20-24. კოკომ ნამდვილად აირჩია მე-5. იმიტომ არა, ან ვთქვათ ასე – მხოლოდ იმიტომ არა, რომ არომატი მოეწონა ყველაზე ძალიან. ციფრი მოეწონა. 5 კოკოს საყვარელი ციფრი იყო. ბედნიერების მომტანი.
ტანსაცმლის ახალ კოლექციებს მე-5 თვის 5 რიცხვში წარვადგენ ხოლმე. ამიტომ ამ სუნამოსაც დავუტოვოთ ეს სახელი. წარმატებას მოუტანს.
კოკო შანელი ერნესტ ბოს
Chanel No. 5 1921 წლის 5 მაისს გამოჩნდა დახლებზე პირველად. “შანელის” პარიზულ ბუტიკში, კამბონის ქუჩაზე. იქ შეგიძლიათ იხილოთ დღესაც. 🙂 პოპულარული საინსტაგრამჩასასელფებელი პარიზული მისამართია.
©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ბონუსად:
1975. კატრინ დენიოვი Chanel No. 5-ის სარეკლამო კამპანიაში. ფოტო: რიჩარდ ავედონი.
2016. ლილი-როუზ დეფი Chanel No. 5-ის სარეკლამო კამპანიაში. ფოტო: კარიმ სადლი. ვიდეო: ჯოან რენექი
***
საპნის არომატი აქვს 🙂
LikeLiked by 1 person