როდესაც ურსულა ანდრესი ბონდიანის რიგით პირველ და ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში “დოქტორი ნო” გამოჩნდა, არც უფიქრია, რომ რევოლუციას მოახდენდა ამერიკულ მოდაში და – არამხოლოდ მოდაში. რომ ეს ფილმი “სექსუალური რევოლუციის” სიმბოლოდ გადააქცევდა.
როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ… ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.
აგენტი და მისი ქალები
არ უფიქრია, იმიტომ რომ ევროპელი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ევროპულ პლიაჟებზეც, კინოშიც და სცენაზეც უკვე (თითქმის) ჩვეულებრივი ამბავი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ეცვათ ბრიჟიტ ბარდოს და დალიდას. მაგრამ პურიტანულ ამერიკაში ქალს განცალკევებულ საცურაო კოსტიუმში ჯერისევ თამამ, რისკიან (ეს – უკეთეს შემთხვევაში) და უარეს შემთხვევაში კი – უხამსობის და ამორალურობის ზღვარზე მოსიარულედ მიიჩნევდნენ. ზოგიერთ პლიაჟზე ასე ბანაობა და გარუჯვა აკრძალულიც იყო.
“დოქტორი ნო” (Dr. No.) 1962 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ირლანდიელმა თერენს იანგმა გადაიღო. ჯეიმს ბონდს, ვინ არ იცის, შოტლანდიელი შონ ქონერი თამაშობს, პირველი ბონდის პირველი გოგოს, ჰანი რაიდერის როლზე კი რამდენიმე მსახიობს შორის ჰოლანდიელი ურსულა ანდრესი (Ursula Andress)შეარჩიეს.
სცენა, როდესაც ურსულას პერსონაჟი წყლიდან ამოდის, ბოტიჩელის ნახატითაა ინსპირირებული.
ჰანი რაიდერი ფლემინგის წიგნში და შესაბამისად – ფილმშიც იამაიკელია და დღეს უკვე ლეგენდარული ბიკინი იამაიკელმა მოცეკვავემ, მსახიობმა, მოდელმა და დიზაინერმა თესსა ფრენდერგასთმა (Marie Therese “Tessa” Prendergast) შექმნა. თესას შესახებ ფილმის შემქმნელებმა არაფერი იცოდნენ – ურსულას რჩევით აიყვანეს კოსტიუმების დიზაინერად.
2001 წელს ჰანი რაიდერის ბიკინი Christie’s აუქციონზე 41’125 ფუნტად შეიძინა ბიზნესმენმა და რესტორატორმა (“პლანეტ ჰოლივუდის” მფლობელმა) რობერთ ელმა.
ურსულას საკულტო კადრს პატივი მიაგეს ბონდიანის მე-12 ფილმში “მოკვდი, მაგრამ დღეს არა” (Die Another Day) – სადაც იმ ძველ სცენას ჰელი ბერი იმეორებს.
“დოქტორი ნო” იღბლიანი აღმოჩნდა ყველასთვის – სათავე დაუდო ბონდიანის უწყვეტ საგას (უკვე 25 ფილმია), ურსულა ანდრესს ოქროს გლობუსი, სახელი და ბევრი როლი მოუტანა (19 მარტს მსახიობი 85 წლისა მოიყარა), თესა ფრენდერგასთმა ლონდონში კლუბი შეიძინა, რომელსაც ფლობდა და წარმატებით მართავდა სიცოცხლის ბოლომდე (ის 2001 წელს გარდაიცვალა). ქალებს კი – სითამამე და თავისუფლება ჩაიცვან და ატარონ, რაც უნდათ, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან არამკითხე სხვები.
©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
The history behind Ursula Andress’ bikini in “James Bond 007 vs. Dr. No”
Ursula Andress’ iconic ‘Dr. No’ bikini could fetch $500K at auction