ვარსკვლავი ბრწყინავს, კრთის სასიამო

ალფრედ ბესთერი

საჭესთან ოცდათვრამეტი წლის მამაკაცი იჯდა. იყო მაღალი, მილეული და უღონო. დამძიმებულს განათლებითა და იუმორის გრძნობთ, ნაადრევად შევერცხლილი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. მიზანი დაესახა და კვალს ადგა მისამართების დავთრით აღჭურვილი. ის განწირული იყო.

ავტომობილი ფოუსთ ავენიუს აყვა და მე-17 ნომერი შენობის წინ გაჩერდა. მძღოლმა დავთარს ჩახედა. გადმოვიდა მანქანიდან და სადარბაზოს კარი შეაღო. საფოსტო ყუთებს შეავლო თვალი, კიბეები აირბინა და 2-F ბინის ზარი დარეკა. სანამ გამოეპასუხებოდა ვინმე, მოასწრო და პატარა, შავი რვეული და იშვიათი ვერცხლისფერი ფანქარი მოიმარჯვა. ოთხი ფერის გულით.

გაუღეს კარი.

უმარილო იერის შუახნის ქალბატონმა გამოხედა.

– საღამო მშვიდობისა… ხომ არ ვცდები, ქალბატონი ბიუქენენი ბრძანდებით?

ქალმა თავი დაუქნია.

– ჩემი სახელია ფოსთერი. კვლევითი ინსტიტუტიდან ვარ. ვცდილობთ, გადავამოწმოთ ცნობები მფრინავი თეფშის გამოჩენის შესახებ. სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, – თქვა და ზღურბლს გადააბიჯა. უკვე იმდენი ბინა შემოევლო, შეეძლო, თვალებიც დაეხუჭა – სწრაფად გაიარა დერეფანი და სასტუმრო ოთახში აღმოჩნდა.

დიასახლისისკენ შეტრიალდა, გაუღიმა, რვეული გადაშალა და თეთრ ფურცელზე ფანქრის წვერი დაასო.

– ოდესმე გინახავთ მფრინავი თეფში, ქალბატონო ბიუქენენ?

– არა და მაგ სისულელეებისაც არა მჯერა, მე…

– არც თქვენს შვილებს მოუკრავთ თვალი? შვილები ხომ გყავთ?

– მყავს, მაგრამ ისინი…

– რამდენი?

– ორი და არავითარი მფრინავი თეფში…

– სკოლის ასაკისა?

– რა მკითხეთ?

– სკოლაზე, – ბატონ ფოსთერს მოუთმენლობა შეეტყო, – თქვენი შვილები სკოლაში თუ დადიან?

– ბიჭი ოცდარვისაა და გოგო – ოცდაოთხის, – უპასუხა ქალბატონმა ბიუქენენმა, – რაღა დროს მათი სკოლაა! რა ხანია…

– ოჯახი თუ ჰყავთ?

– არა… და მფრინავ თეფშებზე კი, თქვენ, მეცნიერებმა, სჯობს…

– ამას ვაკეთებთ სწორედ, – შეაწყვეტინა ბატონმა ფოსთერმა, – რვეულში რაღაც ჯვარივით დასვა, დახურა და ფანქართან ერთად ქურთუკის შიდა ჯიბეში მოათავსა, – დიდი მადლობა, ქალბატონო ბიუქენენ, – უთხრა, შეტრიალდა სწრაფად და გარეთ გავიდა.

მანქანაში რომ ჩაჯდა, მისამართების დავთარი გადაშალა და გვარებს ჩამოყვა. მონიშნა ფანქრით, დაიმახსოვრა მისამართი და ავტომობილი დაძრა. გზა ფორთ ჯორჯ ავენიუსკენ ედო. სახლი ნომერი 800. გააჩერა. სადარბაზოში შევიდა და ლიფტს აჰყვა მეოთხე სართულზე. ბინა 4-G ზარი დარეკა და სანამ ვინმე გამოეპასუხებოდა, პატარა, შავი რვეული და ვერცხლისფერი ფანქარი მოიმარჯვა ისევ.

ამჯერად კარი ერთმა კუშტი სახის კაცმა გაუღო.

– საღამო მშვიდობისა. ხომ არ ვცდები, ბატონი ბიუქენენი ბრძანდებით?

– მერედა რაო? – გამოსძახა კუშტმა კაცმა.

– ჩემი სახელია დეივისი, ეროვნული მაუწყებლების ასოციაციიდან, – უთხრა ბატონმა ფოსთერმა კვლევითი ინსტიტუტიდან, – ერთგულ მაყურებელთა სიას ვადგენთ, პრიზები უნდა გავათამაშოთ… შეიძლება, შემოვიდე? სულ ერთი წუთის საქმეა.

შეაბიჯა და მისაღებ ოთახში აღმოჩნდა ბატონი ბიუქენენისა და მისი ჟღალთმიანი მეუღლის პირისპირ.

– ოდესმე თუ მოგიგიათ პრიზი რადიოსა და ტელევიზიაში?

– არასდროს, – გაცხარებით მიუგო ბატონმა ბიუქენენმა, – შანსიც არა გვქონია – ვინ აღარ იგებს, ჩვენს გარდა!

– ფულადი ჯილდო იქნება თუ მაცივარი, თუ თვითმფრინავის ბილეთი… მოგზაურობა პარიზში, – თქვა ქალბატონმა ბიუქენენმა, – არაფერი…

– სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ ჩამონათვალს, – არ აცალა დამთავრება ბატონმა ფოსთერი იყო თუ დეივისი, – იქნებ, თქვენს რომელიმე ახლობელს მოუგია პრიზი?

– არა… დადგმულია! წინასწარაა ყველაფერი…

– თქვენს შვილს?

– შვილები არ გვყავს.

– გასაგებია. დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ, – ბატონმა ფოსთერ-დეივისმა კიდევ ერთი ჯვარი დასვა თავის ბლოკნოტში, დახურა, ჩამალა ჯიბეში, შეტრიალდა სწრაფად, დაუსხლტა ხელიდან ბიუქენენების წყრომას და მანქანას შეაფარა თავი. იქ მისამართების დავთარში გადაშალა ერთი გვარი, მოძებნა შემდეგი, დაიმახსოვრა მისამართი და ავტომობილი დაძრა.

ამჯერად აღმოსავლეთის 68-ე ქუჩის 215-ე ნომერ შენობას ეძებდა. კერძო, ლამაზი სახლი იყო, ქვიშაქვით ნაგები. მანქანიდან გადმოვიდა და ზარი დარეკა.

კარი მოახლემ გაუღო.

– საღამო მშვიდობისა, – ბატონი ბიუქენენი შინ თუ ბრძანდება?

– ვინ კითხულობს?

– ჰუქი მქვია, – თქვა ბატონმა ფოსთერმა და დეივისმა, – ბიზნესის შეფასების ბიუროდან ვარ, კვლევას ვატარებთ.

მოახლე გაუჩინარდა, დაბრუნდა მალევე და ბატონ ფოსთერს, დეივისს, ჰუქს პატარა ბიბლიოთეკაში შეუძღვა, იქ ერთი ჯენტლმენი იდგა საღამოს კოსტიუმში გამოწყობილი ძვირფასი ფაიფურის ყავის ფინჯნითა და ლამბაქით ხელში. თაროებზე ძვირადღირებული წიგნები შემოეწყოთ. ბუხარშიც კი ძვირი ცეცხლი გიზგიზებდა.

– ბატონო ჰუქ?

– გახლავართ, – მიუგო კაცმა, რომელიც განწირული იყო, – ორიოდ წუთს წაგართმევთ, ბატონო ბიუქენენ, სულ რამდენიმე კითხვა.

ამ ჯერზე შავი რვეული და ვერცხლისფერი ფანქარი არ ამოუღია.

– ბიზნესის შეფასების ბიუროს ვენდობი, – უთხრა ბატონმა ბიუქენენმა, – თქვენ ჩვენი გალავანი ხართ, დროის უკუღმართობის…

– ნდობისთვის მადლობა, სერ, – შეაწყვეტინა ბატონმა, ვინც არ უნდა ყოფილიყო გვარად, – ოდესმე თაღლითობის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?

– მოტყუება უცდიათ, მე არ მოვტყუებულვარ.

– ეგებ, თქვენი შვილები?.. შვილები თუ გყავთ? ”

– ჩემი შვილი ჯერ იმ ასაკისა არ არის, თაღლითების საკბილოდ იქცეს.

– რა ასაკისაა?

– ათი წლის.

– იქნებ, სკოლაში უცდიათ? სამწუხაროდ, გამოჩნდნენ თაღლითები, რომლებიც სკოლის ასაკის ბავშვების ანკესზე წამოგებაზე დახელოვნდნენ.

– ჩემი შვილის სკოლას ვერ გაეკარებიან. კარგადაა დაცული.

– რომელი სასწავლებელია, სერ?

– გერმანსონი.

– ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა! საჯარო სკოლაში არასდროს უსწავლია?

– არასოდეს.

განწირულმა კაცმა ამოიღო რვეული და ფანქარი. დრო იყო, რაღაც ჩაენიშნა.

– სხვა შვილები არ გყავთ, ბატონო ბიუქენენ?

– ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი.

ბატონი ფოსთერი, დეივისი, ჰუქი ჩაფიქრდა, შემდეგ გამოერკვა და წერა დაიწყო. მაგრამ გადაიფიქრა. დაანება თავი, რვეული დახურა, მასპინძელს თავაზიანი მადლობა გადაუხადა და სწრაფად გაეცალა, მანამ, სანამ ბატონი ბიუქენენი ეჭვს აიღებდა და რამე საბუთს მოთხოვდა. იმავე მოახლემ გამოაცილა ისევ და კარი გამოხურა. მანქანასთან მიირბინა, სახელურს მოეჭიდა, მოქაჩა, ჩაჯდა სავარძელში და ამ დროს იყო რომ დაუბნელდა თვალთ – ვიღაცამ მთელი ძალით ჩასცხო თავში.

როდესაც განწირული კაცი ამ ქვეყანას მობრუნდა, ჯერ ასე ეგონა, შინ, საწოლში გაეღვიძა ნაბახუსევს, თავის ყრუ ტკივილით. სააბაზანოსკენ უნდოდა წასვლა, როდესაც მიხვდა, საწოლზე კიარა, სკამზე იყო მიგდებული, გასაწმენდად გამზადებული კოსტიუმივით. როგორც იყო, მოახერხა და თვალებიც გაახილა. ამ ჯერზე მოეჩვენა, თითქოს რაღაც წყლიან ხევში ეგდო. რამდენჯერმე დაახამხამა… წყალმა უკან დაიხია და დაშრა.

ახლაღა მიხვდა, სადღაც ოფისში რომ იყო. პატარა ოთახში. ვექილის კაბინეტის მსგავსში. მის წინ ჯმუხი კაცი იდგა. გაპარსულ სანტა კლაუსს ჩამოგავდა, ქამარზე გადმოფენილი დიდი ღიპით. გვერდით კუთხეში კი ხმელი ახალგაზრდა შემომჯდარიყო მაგიდაზე და ფეხებს დაუდევრად ათამაშებდა. დიდი ყბები ჰქონდა, ცხვირი კი – ისეთი თხელი, რომ თითქოს ორივ თვალი ერთ ბუდეში ტივტივებდა.

– გესმის ჩემი? – ჰკითხა მსუქანმა.

განწირულ კაცს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ყველა ბგერა აღმოხდა ერთად.

– ლაპარაკს შეძლებ?

ისევ ხრუტუნი.

– ჯო, – გასძახა მსუქანმა ხმელს, – პირსახოცი!

ახალგაზრდა მაგიდიდან ჩამოხტა, ხელსაბანთან მიირბინა, თეთრი პირსახოცი აიღო და წყალს შეუშვირა. დაალბო. ერთი კარგად დაფერთხა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა სკამს და არცაცხელა, გააფთრებით შემოარტყა განწირულ კაცს სახეზე.

– ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა ბატონმა ფოსთერმა, დეივისმა თუ ჰუქმა.

– ასე არ სჯობს? – შესძახა სანტამ, – ჩემი სახელია ჰეროდე. უოლთერ ჰეროდე, რწმუნებული.

მაგიდისკენ გადადგა ნაბიჯი. განწირული კაცის ჯიბეები, უკვე მოესწროთ, ამოესუფთავებინათ და იქ გაეშალათ ყველაფერი.

საფულეს დასწვდა და აჩვენა.

– შენი სახელი კი უორბექია. მერიონ ფერქინ უორბექი. ასეა?

განწირულმა ჯერ საფულეს შეხედა, შემდეგ ჰეროდეს და, სხვა რა ძალა ჰქონდა:

– კი, უორბექი ვარ, მაგრამ მერიონი რომ მქვია, უცხო ხალხს არ ვუმხელ ხოლმე.

წამოიწია სკამიდან და ეს იყო, კიდევ შემოსცხეს სველი პირსახოცი სახეზე, ისე, რომ უორბექი შეტორტმანდა და კვლავ დაეხეთქა სკამზე შემცბარი და გაოგნებული.

– საკმარისია, ჯო, – უთხრა ჰეროდემ მეწყვილეს, – სანამ მე არ გეტყვი.

შემდეგ უორბექს ჰკითხა:

– ასე რატომ დაინტერესდით ბიუქენენებით? – დაელოდა და პასუხი რომ არ იყო, თავადვე განაგრძო მშვიდად, – ჯო კუდში გდევდათ და ასე ამბობს, საშუალოდ ხუთ ბიუქენენს სტუმრობდით დღეში. სულ – 30 მოინახულეთ.

– რა ჯანდაბა გსურთ? ან სად გგონიათ თავი? რუსეთში?! – შესძახა უორბექმა რისხვით, – ნება არ გაქვთ, ადამიანი გაიტაცოთ და აწამოთ, თითქოს ლუბიანკაზე ვიყოთ. თუ ფიქრობთ, რომ უფლება გაქვთ…

– ჯო, – შეაწყვეტინა ჰეროდემ, – ერთხელაც, თუ შეიძლება…

კვლავ მოხვდა პირსახოცი. ტანჯულს, აღშფოთებულს და უმწეოს… უორბექს უღონობისგან ცრემლები წასკდა.

ჰეროდემ საფულეზე დააკაკუნა თითი.

– თქვენს საბუთებში წერია, რომ პროფესიით მასწავლებელი ხართ, საჯარო სკოლის დირექტორი. მასწავლებლები კანონმორჩილნი უნდა იყვნენ, ასე მეგონა აქამდე. ცრუ მემკვიდრეობის საქმეში საიდან აღმოჩნდით?

– რომელ საქმეში? – ფრთხილად ჰკითხა უორბექმა.

– ცრუ მემკვიდრეობის, – თითქმის დამარცვლით გაუმეორა ჰეროდემ, – ბიუქენენის მემკვიდრეობის. რას გეგმავთ? პირისპირ მოლაპარაკებების მართავთ?

– წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობთ, – უთხრა უორბექმა, წამოიწია სკამზე, წელში გაიმართა, ხელით გამხდარ ახალგაზრდაზე მიუთითა, – და აღარ გინდათ ეს პირსახოცები…

– მე ვიცი, რა მინდა და როდის, – უთხრა ჰეროდემ ავი ხმით, – სულ გაგაქრობ, თუ დამჭირდა, რაკი ფეხებში მებლანდები! წელიწადში სამოცდათხუთმეტი ათასი მეკუთვნის ამ საქმიდან, არ ვაპირებ არამკითხე მუქთახორებს წილი მოვუტეხო.

ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ყველასთვის ყველაფერი ნათელი იყო, განწირული კაცის გარდა. ბოლოს ჩაილაპარაკა:

– განათლებული კი ვარ… თუ გალილეოზე მკითხავთ, ვთქვათ, ან პოეტ-რომანტიკოსებზე მზად ვარ მუსაიფშიც აგიბათ მხარი, მაგრამ ჩემს განათლებაში არის ხარვეზები და ახლა მანდ ვარ სწორედ – ვერ ვხსნი, რას მემართლებით. ბევრუცნობიანი განტოლებაა.

ჰეროდემ უპასუხა:

– ჩემი სახელი იცი, ეს კი, – ხმელ ახალგაზრდაზე, – ჯო დევენფორთია.

უორბექმა თავი გააქნია.

– ჰო, მაგრამ სახელები არ შველის, “უცნობი” მათემატიკური გაგებით ვთქვი. იქსი. ამ განტოლების ამოსახსნელად, განათლება არ მყოფნის.

ჯო გაკვირვებით მიაჩერდა და პირველად ამოიღო ხმა.

– ოჰ ღმერთო! – ტუჩებს არც ამოძრავებდა, – შეიძლება, მართლაც კანონმორჩილი იყოს.

ჰეროდემ ცნობისმოყვარედ შეათვალიერა.

– კარგი, მე აგიხსნით, – უთხრა, – ძველისძველი თაღლითური სქემაა, ამბობენ, რომ ჯეიმზ ბიუქენენმა…

– მეთხუთმეტე პრეზიდენტზე ამბობთ?

– სწორედ მასზე. ის 1868 წელს გარდაიცვალა და ანდერძი არ დაუტოვებია. მისი ქონება დღეს მილიონები ღირს. გამიგეთ?

– მაგდენი ცოდნა კი მაქვს, – ჩაიდუდღუნა უორბექმა.

– თითოეული ბიუქენენი პოტენციური მემკვიდრეა. ვუკავშირდები, ვთავაზობ დახმარებას. წარმომავლობის წვრილად გამოკვლევასა და იურიდიულ სამსახურს… მცირე გასამრჯელოს საფასურად. ბევრი მთანხმდება. ასე ვკრებ მთელს ქვეყანაში… მოკლედ, ესპანელი პატიმრის[*] ამბავია… თქვენ კი…

– ერთი წუთით, – შესძახა უორბექმა, – მგონი, მივხვდი, – შენიშნეთ, რომ ბიუქენენებს ვსტუმრობ და ასე იფიქრეთ, აწყობილ საქმეში გეჩხირებით?

– ახლა მეტყვი, არ მეჩხირები?! – გაბრაზდა ჰეროდე.

– მადლობა ღმერთს!… მადლობელი ვარ, ეს ამბავი რომ დამემართა… თუ შეიძლება, – მიმართა ჯოს მოწიწებით, – მომეცით ეგ პირსახოცი… უბრალოდ, მესროლეთ. მინდა, სახე მოვიწმინდო…

დაიჭირა პირსახოცი ხელით და სახე მოიწმინდა. იღიმოდა.

– არ მეჩხირები? – გაუმეორა ჰეროდემ.

– არა, – უპასუხა უორბექმა, – თქვენს საქმეში არ ვმონაწილეობ, მაგრამ მადლობას კი გადაგიხდით ამ შეცდომისთვის. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი პატივია სკოლის მასწავლებლისთვის, ქურდი რომ გეგონეთ.

სკამიდან წამოდგა და მაგიდისკენ გაემართა, საფულისა და სხვა თავისი ნივთების ასაკრეფად.

– ნუ ჩქარობ! – ესროლა ჰეროდემ.

ჯო მაჯაში სწვდა უორბექს და ტკიპასავით ჩააფრინდა.

– გეყოთ! – ვეღარ მოითმინა განწირულმა კაცმა, – ვერა ხედავთ, ბრიყვული შეცდომაა.

– აქ მე გადავწყვეტ შეცდომაა თუ არა და გეტყვი, ბრიყვულია თუ როგორ… – მიუგო ჰეროდემ, – შენ კი ისე მოიქცევი, როგორც გითხრეს.

– გეგონოს! – უორბექმა ჯოს პირდაპირ თვალებში მისცხო პირსახოცი და მაჯა გაითავისუფლა. მაგიდამდე ერთი ნახტომი იყო. სტაცა ხელი პრეს-პაპიეს და ფანჯარას გაუქანა. ჩაამსხვრია მინა.

– ჯო!!! – დაიყვირა ჰეროდემ.

გვიან იყო.

უორბექმა ტელეფონი სადგამიდან გადმოაგდო, ყურმილს დასწვდა და ნომერი აკრიფა, მეორე ხელით კი სანთებელა ამოიღო, გაკრა და ქაღალდის ურნაში მოისროლა.

– პოლიცია, თუ შეიძლება! – ურნას კრა ფეხი და ოთახის სიღრმეში შეაგდო.

ალმოდებული ქაღალდები მიმოიფანტა. ჰეროდე დახტოდა – ფეხსაცმლის ძირებით აქრობდა ცეცხლს.

– ჯოოო!!

უორბექს გაეცინა. ყურმილი ხელისგულთ დაფარა და ჰკითხა:

– აბა, როგორაა საქმე? ეგებ, მოლაპარაკება გერჩიოთ?

– ძაღლიშვილი! – ჯომ თვალების სრესვას თავი ანება და მუშტმოკრულმა უორბექისკენ გაიწია.

– მოიცა! – შეაჩერა ჰეროდემ, – ამ გადარეულმა პოლიციაში დარეკა, მგონი, მართლა უბრალოა, ჯო…

და უორბექისკენ მიტრიალდა:

– კარგი. ყველაფერზე ყაბულსა ვართ. მოვილაპარაკებთ… ოღონდ, გამოძახება გააუქმე.

განწირულმა კაცმა ყურმილს ხელისგული მოაშორა და ჩასძახა:

– ემ ფი უორბექი ვარ, ჩემს ვექილთან საქმე მქონდა, როდესაც ვიღაც სულელმა ვითომ იოხუნჯა და პოლიცია გამოიძახა… გთხოვთ, ამ ნომერზე გადმორეკოთ და დარწმუნდეთ – ყველაფერი რიგზე გვაქვს.

ყურმილი დადო. საკუთარი ნივთები ჯიბეებში გადაინაწილა და ჰეროდეს ჩაუკრა თვალი. ტელეფონის ზარი გაისმა. უორბექმა უპასუხა და პოლიცია დაამშვიდა. შემდეგ მაგიდას მოშორდა და გასაღებების აცმა გაუწოდა ჯოს.

– ჩემი მანქანა სად დააყენეთ, თქვენ უკეთ იცით – ხელთათმანების ყუთში ყავისფერი კონვერტია. მომიტანეთ, გეთაყვა.

– ჯანდაბაში წადი! – გამოსცარა ჯომ. თვალები ისევ ეწვოდა.

– გააკეთე, რასაც გეუბნები! – ახლა უკვე მკაცრად უთხრა უორბექმა.

– მოიცა, უორბექ, – თქვა ჰეროდემ, – კი გითხარი, მოვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ ეგ რა ახალ თამაშს იწყებ?

– მინდა, გიჩვენოთ, რატომ მაინტერესებს ბიუქენენები, – უპასუხა უორბექმა, – და შეამხანაგებას გთავაზობთ. ერთ კონკრეტულ ბიუქენენს ვეძებ და თქვენ ამ საქმეში შესაფერისი ხალხი ჩანხართ. შენ და ჯო. ჩემი ბიუქენენი ათი წლისაა და თქვენსაზე ასჯერ ძვირფასია.

ჰეროდემ თვალები დაქაჩა.

უორბექმა გასაღებები ჯოს ხელში ჩაუდო.

– კონვერტი მომიტანე, ჯო, – გაუმეორა, – და რაკი მაინც გადიხარ გარეთ, ეგებ ამ ჩამსხვრეულ ფანჯარასაც მიხედო.

განწირულ კაცს კონვერტი დიდი განძივით ედო კალთაში.

– სკოლის დირექტორის ამოცანა სასწავლო პროცესზე მეთვალყურეობაა, – განუმარტა, – როგორ მიდის საკლასო მუშაობა. არის თუ არა პროგრესი. ხომ არ უჭირთ მოწაფეებს. რა სადარდებელი აქვთ და სხვა… მაგრამ სკოლაში 900 მოსწავლე მყავს – ყველას მეთვალყურეობა არ შემიძლია. ამიტომ, შერჩევით ვაკეთებ.

ჰეროდემ თავი დაუქნია. ჯო გაყინული სახით უმზერდა.

– გასულ თვეში მეხუთეკლასელთა ნამუშევრებს ვათვალიერებდი და ამ გასაოცარ თხზულებას წავაწყდი.

კონვერტიდან რამდენიმე ფურცელი ამოაცოცა. ხაზიანი ფურცლები იყო, გაკრული ხელით ნაწერი და ზედ რამდენიმე ლაქაც კი აჯდა.

– სთიუართ ბიუქენენის „ჩემი არდადეგები“. მეხუთე კლასის მოწაფეა და ათი წლისა უნდა იყოს. ცოტა იქეთ-ცოტა აქეთ. წაიკითხეთ და მიხვდებით, რატომ უნდა მოვძებნოთ ჩემი სთიუართ ბიუქენენი.

ფურცლები ჰეროდეს გაუწოდა. იმან გამოართვა, სათვალე მოირგო და დაიწყო ჩუმად კითხვა. ჯო ზურგსუკან წამოადგა და ისიც ჩააშტერდა ფურცლებს.

ჩემი არდადეგები

ავტორი სთიუართ ბიუქენენი

ამ ზაპხულს მე ვესტუმრე ჩემ მეგობრებს. მე ოთხი მეგობარი მყავს და ისინი ძალიან კარგები არიან. პირველი არის თომი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ასტრონომისტია. მან თავად გააკეთა საკუთარი ტელისკოპი 15 სანტიმეტრის შუშებისგან და თვითონ დადგა. ის ყველა ღამეს ვარსკვლავებს უყურებს და მეც დამანახა, თუნდაც როცა კოკასპირული შვიმდა…

– ეს რა ჯანდაბაა? – ჰეროდემ გულმოსულმა ამოხედა.

– წაიკითხეთ. გთხოვთ, წაიკითხეთ, – უთხრა უორბექმა.

კოკასპირული შვიმდა… ჩვენ კარგად ვხედავდით ვარსკვლავებს, იმიტო რო თომიმ რაღაც გააკეთა ტელისკოპისთვის და დაუმაგრა ბოლოში. ის ცაში ხვრელს აკეთებს, რომ დაინახო ვარსკვლავები როცა წვიმს.

– ასტრონომის ამბავს მორჩით? – ჰკითხა უორბექმა.

– კი, მაგრამ ვერაფერი გავიგე.

– რა ვერ გაიგეთ? თომის მოწყინდა მოწმენდილი ცის ლოდინი და რაღაც ისეთი გამოიგონა, რაც ღრუბლებს ჭრის და ატმოსფეროს… ვაკუუმის გვირაბივით… ახლა შეუძლია, გამოიყენოს ტელესკოპი ნებისმიერ ამინდში… ღრუბლების გამფანტავი სხივი – აი, რა გამოიგონა.

– რას მიჰქარავთ?

– არ მივქარავ. წაიკითხეთ, წაიკითხეთ.

მერე მივედი ანამარისთან და ერთი კვირა დავრჯი. მხიარულება იყო იმიტო რო ანამარის აქვს გადამცველი იპსანაკისთვის. კიდევ აქვს ჭარხალისთვის და მწვანე ლობიოსთვის.

– „გადამცველი იპსანაკისთვის“ რაღა ჯანდაბაა?

– ისპანახი. ისპანახის გადამცვლელი – მართლწერა და გრამატიკა სთიუართის ძლიერი მხარე არ არის.

როცა დედამ გვაიძულა ჭამა, ანამარიმ დააჯირა რგოლს და როდესაც გამოვიდა გადამცველიდან მხოლოდ გარედან იყო იგივე და შიგნდან იყო ნამცხვრები. ალუბალი და მარწყვი. ვკითხე ანამარის როგორ გააკეთა და მითხრა რომ მას დაეხმარა ენხვე.

– ვერც ეს გავიგე.

– მარტივია. ანა-მარის არ უყვარს ბოსტნეული. და რადგან ისიც ისეთივე ჭკვიანია, როგორც ასტრონომი თომი, მან გამოიგონა ნივთიერებათა გარდამქმნელი. ისპანახს ნამცხვრად გარდაქმნის. ალუბლის და მარწყვის ნამცხვრად. ნამცხვარი ანა-მარის უყვარს. და – სთიუართსაც.

– ნამდვილად შეშლილი ხარ!

– მე – არა. ბავშვები. განსაცვიფრებელი ბავშვები. გენიოსები… თუმცა, მათთვის გენიოსიც ცოტაა. ამ ბავშვებს ეპითეტსაც ვერ მოუძებნი.

– გენიოსები არა… ეგ თქვენი სთიუართ ბიუქენენი დიდი წარმოსახვის პატრონია, რაც მართალია, ვერ დაუკარგავ.

– ასე ფიქრობთ? კი მაგრამ ენხვე? რომლის ძალითაც მუშაობს ანა-მარის გარდამქმნელი… კი ვიმტვრიე თავი, მაგრამ ბოლოს ამოვხსენი. ენხვე მაქს პლანკის განტოლებაა E = nhv. მაგრამ წაიკითხეთ. ცოტაღა დარჩა და საუკეთესო ჯერკიდევ წინ გელით. თავად დარწმუნდებით, ზარმაცი ეთელის ამბავს რომ მიადგებით.

ჩემი მეგობარი ჯორჯი აკეთებს კარგ და პატარა თვითფრინავებს. ჯორჯის თითები კოტოტაა, მაგრამ ის თიხისგან აკეთებს პატარა კაცებს და ეუბნება მათ რომ თვითფრინავები გააკეთოს მისთვის.

– აქ რა ხდება?

– ავიამოდელისტი ჯორჯი?

– ეგა.

– იოლია ესეც. ჯორჯს კოტიტა თითები აქვს, ამიტომ ჯერ ანდროიდებს ძერწავს… რობოტებს… და ეს რობოტები აგებენ მისთვის პატარა თვითმფრინავებს. გონიერი ბიჭია ჯორჯი, მაგრამ თქვენ მისი დის, ზარმაცი ეთელის ისტორია უნდა ნახოთ.

მისი და ეთელი არის ზარმაჩი გოგო რომელიც მე მინახავს. ის დიდი და მსუქანია და ფეხზე სიარული ეზარება. ამიტომ როცა დედა მაღაზიაში აკზავნის ეთელი ფიქრობს მაღაზიაზე და ფიქრობს სახლზე ჩანთებით ხელში მაგრამ იქამდე ჯორჯის ოთახში იმალება ორ გზას სანამ გაივლის. მე და ჯორჯი დავცინით რო მსუქანი და ზარმაცია მაგრამ ფილმებში უფასოდ შედის და თექვსმეჯერ ნახა ჰოფალონგ ქესიდი.

დასასრული

ჰეროდემ უორბექს ამოხედა.

– შესანიშნავ პატარა გოგოს, ეთელს, ფეხით სიარული ეზარება, ამიტომ ტელეპორტირებს. თან ძალიან ეშმაკია – ჯორჯის ოთახში იმალება იმ დროის განმავლობაში, რაც მაღაზიამდე და უკან უნდა ევლო ფეხით, დედა რომ ვერ მიუხვდეს ოინს. ჯორჯი და სთიუართი კი ამ დროს დასცინიან.

– ტელეპორტირებს?

– ჰო. ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილდება ფიქრით.

– ასეთი რამ არ არსებობს! – ვეღარ მოითმინა ჯომ.

– არ არსებობდა, სანამ ზარმაცი ეთელი გამოიგონებდა.

– არ მჯერა, – თქვა ჰეროდემ, – ერთი სიტყვისაც არ მჯერა.

– ფიქრობთ, მხოლოდ სთიუართის ფანტაზიაა?

– სხვა რა უნდა იყოს?

– პლანკის განტოლება? E = nhv?

– ეგეც მოიგონა… უბრალო დამთხვევაა.

– მაგის გჯერათ?

– ჰო, კარგი… წაიკითხა სადღაც.

– ათი წლის ბიჭმა? სად უნდა წაეკითხა.

– გეუბნებით, არა მჯერა, – წამოიძახა ჰეროდემ, – მანახეთ ეგ ბავშვი – ხუთ წუთს დაველაპარაკები და დაგიმტკიცებთ.

– ზუსტად მაგას ვცდილობ… – ბიჭი გაქრა.

– რას ქვია, გაქრა?

– მიწამ პირი უყო… სწორედ იმ დღეს, როდესაც ვნახე მისი თხზულება და მოვიკითხე მეხუთეკლასელი სთიუართ ბიუქენენი, ის გაქრა. მას შემდეგ არავის უნახავს… ამიტომ ვამოწმებ ბიუქენენების ყველა ოჯახს ქალაქში.

– ვერც ოჯახი ნახეთ?

– ოჯახიც გაქრა… – უორბექი ჰეროდესკენ დაიხარა, თითქმის ყურში ჩასჩურჩულა, – და ყველაფერი გაქრა. ყველა საბუთი, ჩანაწერი ამ ბიუქენენებზე… რამდენიმე ადამიანს ახსოვს, მათაც – ბუნდოვნად.

– დაითესნენ!! – შესძახა ჯომ

– ზუსტი შესატყვისია, მადლობა, ჯო, – უორბექმა ჰეროდეს თვალი თვალში გაუყარა, – ბავშვი, რომელიც მეგობრობს გენიოსებთან… გენიოს ბავშვებთან. ისინი სასწაულ რაღაცეებს იგონებენ საკუთარი, ბავშვური გართობისთვის. ეთელმა ტელეპორტი შექმნა, იმიტომ რომ ზარმაცია და ფეხით სიარული არ უყვარს. ჯორჯს კოტიტა თითები აქვს და რობოტები გააკეთა, რომ ავია-მოდელები დაუმზადონ. ანა-მარი ნივთიერებებს გარდაქმნის, რაკი სძულს ისპანახი. ღმერთმა უწყის, რას აკეთებენ სთიუართის სხვა მეგობრები. ეგებ, ყავს მეგობარი მეთიუ, რომელმაც დროის მანქანა გამოიგონა, სასკოლო დავალების შესრულება რომ მოასწროს…

ჰეროდემ ხელები აიქნია.

– საიდან უნდა გაჩენილიყო უცბად ამდენი გენიოსი? რა ხდება?

– არ ვიცი. ატომური ნალექები? ფთორი სასმელ წყალში? ანტიბიოტიკები? ვიტამინები? იმდენ ქიმიას მოვიხმართ, რომ ვინ იცის, რა ხდება. მეც მინდა, გავარკვიო, მაგრამ არ შემიძლია. სთიუართ ბიუქენენს კალამი გაექცა და როცა გამოძიება დავიწყე, დაფრთხა და – დაიმალა.

– ისიც გენიოსია?

– სავარაუდოდ. ბავშვები, როგორც წესი, იმ ბავშვებთან მეგობრობენ და ატარებენ დროს, ვისთან მსგავსი გატაცებები და ტოლი ჭკუა-გონება აქვთ.

– როგორი გენიოსია, ბიუქენენი? რა ნიჭის პატრონია?

– ეგ არ ვიცი. მხოლოდ ვიცი, რომ გაქრა. დაფარა კვალი, მოსპო ყველა საბუთი, რაც კი მის კვალზე დაგვაყენებდა. ყველაფერი კვამლს შეერიაო, თითქოს.

– დოკუმენტებს როგორღა მიწვდა?

– არ ვიცი.

– შეიძლება, თაღლითი გენიოსია, – თქვა ჯომ, – გატეხვის, შეღწევის, მიმალვის სპეციალისტი…

ჰეროდეს ანაზდად გაიღიმა.

– თაღლითი გენიოსი? ქურდების პრინცი? პატარა მორიარტი?

– შეიძლება გენიოსი-ქურდიც იყოს, – თქვა განწირულმა კაცმა, – მაგრამ მხოლოდ გაქცევით ნუ განსჯით. ყველა ბავშვი ასე იქცევა, თუ შეშინდა. ორი რამ სურთ ამ დროს – ან არასდროს აღმოჩენილიყვნენ მსგავს ვითარებაში ან ასობით კილომეტრით შორს აღმოჩნდნენ პრობლემებისგან… სთიუართ ბიუქენენი, ეგებ, ასი კილომეტრითაც იყოს შორს, მაგრამ სადაც არის, იქ უნდა მოვძებნოთ.

– იმის გასარკვევად, რამდენად გონიერია? – ჰკითხა ჯომ.

– არა, მისი მეგობრების მოსაძებნად. ამას რაღა განმარტება უნდა? რას გადაიხდიან სამხედროები გამფანტავ სხივში? რა ღირებულების არის ნივთიერებათა გარდამქმნელი? ანდროიდების წარმოება რომ შევძლოთ, რამდენად მდიდრები ვიქნებით? ან ტელეპორტირება რომ შევძლოთ, რა ძალას შევიძენთ?

სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ ჰეროდე წამოდგა ფეხზე.

– ბატონო უორბექ, მე და ჯო ღლაპები ვართ თქვენთან შედარებით. გმადლობთ, რომ ამ საქმეში აგვიყვანეთ. ვალში არ დაგრჩებით. ჩვენ მივაგნებთ მაგ ბავშვს.

*

არავის ძალუძს, გაქრეს უკვალოდ… გენიოს-კრიმინალსაც კი. იოლი არაა ამ კვალის პოვნა… პროფესიონალი მაძებარისთვისაც არ არის იოლი, მაგრამ საგანგებო გზები არსებობს, რასაც შედეგი მოაქვს. მოყვარულთათვის უცნობია. პროფესიონალებმა – იციან.

– ბიუქენენების ჩამოვლა მცდარი გზაა, – ასწავლა ჰეროდემ განწირულ კაცს, – ასე ბნელ ოთახში აცეცებ ხელებს. გაქცეულს კი არ უნდა სდიო – აქეთ-იქეთ უნდა გაიხედო, მოძებნო ნაკვალევი, რომელიც დატოვა.

– გენიოსი კვალს არ დატოვებდა.

– დავუშვათ რომ თქვენი ბიუქენენი გენიოსია… დაუზუსტებელი პროფილის. მაგრამ ბავშვი ყოველთვის ბავშვად რჩება. რაღაც დარჩებოდა, ჩვენ კი – ავიღებთ.

სამ დღეში უორბექმა კვალის აღების ნამდვილი აკადემია გაიარა.

ჯერ – საფოსტო ოფისი. ბიუქენენების ოჯახი, ვინც ამ უბანში ცხოვრობდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, ეგებ, დატოვეს ახალი მისამართი გზავნილების გადასაგზავნად?

არა.

შემდეგ – საარჩევნო კომისია. ყველა ამომრჩეველი რეგისტრირებულია. თუ ერთი საარჩევნო უბნიდან სხვა უბანში გადადის, საგანგებო ჩანაწერი კეთდება. არის ასეთი ჩანაწერი ბიუქენენების შესახებ?

არა.

მაშინ – გაზისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია. აბონენტი, ბინას რომ იცვლის, ანგარიშიც გადააქვს. თუ ქალაქგარეთ გადადის, განაცხადს ავსებს, რომ დეპოზიტი დაიბრუნოს. მსგავსი საბუთი შეავსეს ბიუქენენებმა?

არა.

ავტომფლობელი მისამართს რომ შეიცვლის, ლიცენზიის გამცემ ბიუროს უნდა შეატყობინოს. სხვა შემთხვევაში – ჯარიმაა. არის შეტყობინება ბიუქენენებისგან?

არა.

ბიუქენენებს ოთხოთახიანი ბინა ჰქონდათ ნაქირავები. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავი ქონების სააგენტო, როგორც წესი, ორი სანდო ადამიანის თავდებს ითხოვს ხოლმე. არის საიჯარო ხელშეკრულება?

არა.

– იქნებ ჯომ მართალი თქვა, – ჩიოდა უორბექი ჰეროდეს კაბინეტში, – ბიჭი გენიოსი-ქურდია. როგორ მოიფიქრა ამდენი? როგორ შეძლო? სად მიაგნო ყველა საბუთს და როგორ გაანადგურა? კარი გატეხა? შეიპარა? ქრთამი? გატაცება? მუქარა? როგორ მოახერხა?

– ვკითხავთ, როდესაც მივაგნებთ, – დარწმუნებით უპასუხა ჰეროდემ, – ყურებს ნუ ჩამოყრით. ამ ბავშვმა ჯვარს გვაცვა – ორი ნაბიჯით წინაა მუდამ. არაფერი დავიწყნია. ყველაფერი მოასუფთავა… მაგრამ ერთი ფანდი შემოვინახე, წავიდეთ, მათი სახლის კარისკაცი ვნახოთ.

– თვეების წინ ველაპარაკე, – უთხრა იმედჩამქრალმა უორბექმა, – ბუნდოვნად ახსოვს ბიუქენენები და არც ის იცის, სად წავიდნენ.

– კიდევ სხვა რამ იცის, რის დაფარვას ბავშვი ვერ მოიფიქრებდა. ცდა ბედის მონახევრეა. წავიდეთ, ვნახოთ.

წავიდნენ და ნახეს ბატონი ჯეიქობ რუიზდეილი. ცოტა უხეირო დროს მოუვიდათ – ბატონი რუიზდეილი სადილობდა და ხახვთან ერთად მოხრაკულ ღვიძლთან განშორება ეძნელებოდა, მაგრამ გასამრჯელოზე უარი ვერ თქვა.

– ბიუქენენების შესახებ… დაიწყო თუ არა ჰეროდემ, რუიზდეილმა მოუჭრა:

– რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუთხარი… – და უორბექისკე გაიშვირა თითი, – ამას…

– მას ერთი კითხვა გამორჩა, შემიძლია, ახლა გკითხოთ?

რუიზდეილმა ბანკნოტს დახედა და თავი დაუქნია.

– როდესაც ახალი მოსახლე გადმოდის ან, პირიქით, – გადადის სხვაგან, ბარგის გადამტანი კომპანიის სახელს ჩაინიშნავენ ხოლმე, მე ვექილი ვარ და ეს ამბები კარგად ვიცი – შენობას თუ ზიანი მიადგა, სარჩელის შეტანა რომ შესაძლებელი იყოს.

რუიზდეილს სახე გაუნათდა.

– ჯანდაბა! მართალს ამბობთ… არ გამხსენებია… არც მას უკითხავს.

– არ იცოდა… შენახული გაქვთ კომპანიის სახელი, ვისაც ბიუქენენების ბარგი-ბარხანა გადაჰქონდა?

რუიზდეილმა წიგნების თაროს მიაშურა, გაცრეცილი დავთარი გადმოიღო, თითები გაისველა და ფურცვლა დაიწყო.

– აგერ არის „ეივონ მუვინ ქომფანი“ სატვირთო მანქანა G-4.

მაგრამ „ეივონ მუვინ ქომფანი“-სთან ბიუქენენების ბარგის გადატანის შესახებ ჩანაწერი ვერ მოიძებნა.

– ბიჭმა აქაც სიფრთხილე გამოიჩინა, – ჩაიბურტყუნა ჰეროდემ.

მაგრამ კიდევ იყვნენ მუშები, ვინც იმ დღეს მუშაობდნენ. ძველი ამბის გახსენება ჯერ გაუჭირდათ, მაგრამ ვისკიმ და შეპირებულმა თანხამ მახსოვრობა გამოუცოცხლა. მტვირთავებმა მთელი ის დღე, თურმე, ბიუქენენების ავლა-დიდება ზიდეს, რაკი ბიუქენენები საცხოვრებლად შორეულ ბრუქლინში გადადიოდნენ.

– ბრუქლინი, ღმერთო! ბრუქლინი! – უორბექი აღტყინებული იყო, – სადღაც მეიფლ ფარქ როუ… უფრო ზუსტად ვერ გაიხსენეს.

– ჯო, მიდი ერთი, რუკა ნახე….

მართლა ქვეყნიერების დასალიერში აღმოჩნდა.

– ბრუქლინის კვარტლები – ორგზის უფრო გრძელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, – ჩაიბურტყუნა ჯომ, – ეგ კი კარგად ვიცი…

ჰეროდემ მხრები აიჩეჩა, – რა მნიშვნელობა აქვს, როცა უკვე ასე ახლოს ვართ. ფეხებს ძალა – ოთხი კვარტალი თითოს. ყველა სახლი, ყველა ბინა უნდა გავსინჯოთ. ყველა ბიჭი ვნახოთ, მიახლოებით ათი წლისა. სია უნდა შევადგინოთ. თუ, ვინცობაა, გვარი შეიცვალეს, უორბექს სათითაოდ გადამოწმება მოუწევს.

– ბრუქლინში მილიონი ბავშვია კვადრატულ მეტრზე, – არ ცხრებოდა ჯო.

– და მილიონი დოლარი, ყოველ დახარჯულ დღეზე… თუ მივაგნებთ.

მეიფლ ფარქ როუ გრძელი, დაკლაკნილი ქუჩა იყო, ხუთსართულიანი სახლებით ორთავ მხარეს. საბავშვო ეტლები და სკამებზე ჩამომჯდარი ბებიები. ტროტუარების გასწვრივ ჩამომდგარი ავტომობილები. ბეიზბოლის სათამაშოდ დახაზული მოედნები, სადაც უამრავი ბავშვი დარბოდა.

– ბრონქსს ჰგავს, – თქვა ჯომ და ნოსტალგია შემოაწვა, – ათი წელია, ბრონქსში არ ვყოფილვარ.

მწუხარე სახით გაყვა ქუჩას მისი კვარტლისკენ, თან მოთამაშე ბავშვებს ოსტატურად უქცევდა გვერდს.

სწორედ ასეთი ჯო დევენფორთი ჩარჩა მეხსიერებაში უორბექს, იმიტომ რომ ჯო უკან აღარ მობრუნებულა.

პირველ დღეს მან და ჰეროდემ ასე იფიქრეს – ჯომ, ალბათ, კვალი აიღო. იმედი მიეცათ. მერე დღე რომ გათენდა, მიხვდნენ, კვალი კარგია, მაგრამ როგორი ოხშივარიც არ უნდა ასდიოდეს, 48 საათი შეუსვენებლივ ვერვინ გაყვებოდა. ამან შეაფიქრიანა. მესამე დღეს თვალი სიმართლეს გაუსწორეს.

– ჯო აღარ არის, – თქვა ჰეროდემ, – ბიჭმა თავიდან მოიშორა.

– როგორ?

– მოკლა.

– ათი წლის ბავშვმა?

– ხომ გაინტერესებდა, რა საქმის გენიოსია სთიუართ ბიუქენენი? ახლა – ვიცი.

– ვერ დავიჯერებ.

– კარგი… მაშ, სად არის ჯო?

– მობეზრდა და ამ საქმეს გაეშვა.

– მილიონ დოლარადაც არ იზამდა ამას.

– კი მაგრამ, გვამი სად არის?

– ეგ იმ ბიჭს ჰკითხე. გენიოსია. ალბათ, ისეთი ხრიკები იცის, დიქ თრეისისსაც საგონებელში ჩააგდებს.

– როგორ მოკლა?

– აკი გითხარი, ბავშვს უნდა ჰკითხო – გენიოსია.

– ჰეროდე, მეშინია.

– მეც… გინდა, თავი დავანებოთ?

– არ ვიცი, როგორ… თუ ბიჭი საშიშია, მითუმეტეს უნდა ვიპოვოთ.

– სამოქალაქო ვალია, არა?

– შეგიძლია, ეგრეცა თქვა.

– მე მაინც ფულზე ფიქრი მირჩევნია.

მათ მეიფლ ფარქ როუს იმ ოთხ კვარტალს მიაშურეს, სადაც ჯო დევენფორთი დაიკარგა. ძალიან ფრთხილად. ფეხაკრეფით. გაიყარნენ და დაიწყეს ძებნა. ერთმა თავიდან, მეორემ – ბოლოდან. შენობიდან შენობამდე. სადარბაზოდან სადარბაზომდე. ყველა სართული. ყველა ბინა. ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. უკვე ხედავდნენ კიდეც. ერთი სახლი. მეორე. უორბექმა შენიშნა, ჰეროდე სადარბაზოდან რომ გამოვიდა და სხვა სადარბაზოსკენ გაემართა. და მიეფარა თვალს. ეს იყო და ეს. ბოლოჯერ ნახა.

მანქანაში იჯდა და ელოდა. ტყუილად. კანკალს აეტანა.

– პოლიციაში წავალ, – თავის თავს უთხრა. მაგრამ მშვენივრად იცოდა, ვერსად წავიდოდა, – ბიჭს რაღაც იარაღი აქვს. რაღაც გამოიგონა. რაღაც შტერობა, როგორც სხვა დანარჩენებმა. ფარანი, რომ ღამით კოჭის თამაში შეძლოს… მაგრამ ეს შუქი მამაკაცებს კლავს. ან შაშის დაფა, რომელიც აჰიპნოზებს. ან რობოტების გუნდი, მძარცველები და პოლიციელები რომ ითამაშოს – ჯო და ჰეროდეც მათ გაიტაცეს… გენიოსი ბავშვია. საშიშია. მომაკვდინებლად საშიში… რისი გაკეთება შემიძლია?

განწირული კაცი ავტომობილიდან გადმოვიდა. წავიდა იქეთ, საიდანაც გაქრა ჰეროდე. მოსახდენი – მოხდეს.

რა იქნება, სთიუართ ბიუქენენი რო გაიზრდება? დანარჩენები? ყველანი. თომი. ჯორჯი. ანა-მარი. ზარმაცი ეთელი. და მე რას ვაკეთებ აქ? რატომ არ გავრბივარ?

ამასობაში შებინდდა კიდეც. მოხუცმა ქალბატონებმა სკამები აკეცეს და სახლებს მიაშურეს. ავტომობილები აღარ მოძრაობდნენ. ბეიზბოლის თამაშიც დასრულდა. თუმცა, ქუჩის ანთებული ლამფების ქვეშ შეკრებილებმა გაშალეს სამაგიდო თამაშები. ქალაქის თავზე ნისლმა კალთები აიკრიფა. ჩამობინდდა. და ჩამავალი მზის სხივებში გაეხვია ვენერა – მწუხრის ვარსკვლავი.

– მან იცის თავისი ძალა, – ბრაზით ჩაილაპარაკა უორბექმა, – იცის, რამდენად საშიშია. ამიტომაც გარბის. დანაშაულს გაურბის. ჩვენ კი გვანადგურებს. სათითაოდ. მომღიმარი, ცბიერი ბავშვი, ბოროტი, მკვლელი გენიოსი…

უორბექი დადგა შუა ქუჩაში.

– ბიუქენენ! – დაიყვირა, – სთიუართ ბიუქენენ!!

მის მახლობლად მყოფმა ბავშვებმა თამაშობა მიატოვეს და, დამფრთხალნი, მიმოიფანტნენ.

– სთიუართ ბიუქენენ!! – გაებზარა ხმა, – ჩემი გესმის?!

სულ უფრო ხმამაღლა ყვიროდა. მისი ხმა შორს სწვდებოდა ქუჩას. კიდევ მეტმა მიაგდო ბანქო და შაშის დაფები აკეცა. გაეცალა. მაგრამ უორბექს არვინ აღელვებდა. მხოლოდ ბიუქენენი.

– სთიუართ ბიუქენენ! გამოდი, ნუ იმალები!!

დედამიწა გაჩერდა, თითქოს.

მეიფლ ფარქ როუს 217-ე და 219-ე სახლებს შორის ნაგვის რუხ ურნებს უკან იმალებოდა სთიუართ ბიუქენენი. საკუთარი სახელი რომ გაიგო, უფრო ღრმად ჩაიმალა. ათი წლისა იყო. სვიტერში, ჯინსებსა და სპორტულ ფეხსაცმელში, როგორც ბევრი მისი კბილა. იმალებოდა და არც აპირებდა გამოჩენას. „იმათ“ ხელში ჩავარდნა სულაც არ სურდა. გადაწყვიტა, დამალულიყო მანამ, სანამ სახლში უსაფრთხოდ შეძლებდა შესვლას. ამ დროს იყო, მაღლა რომ აიხედა და ცაში მწუხრის ვარსკვლავი დალანდა.

– ვარსკვლავი ბრწყინავს, ო, ვარსკვლავი კრთის სასიამო[**], – შესჩურჩულა ბიჭმა, – ღმერთმა დალოცოს დედა და მამა, მე და ჩემი მეგობრები, მინდა, კარგი ბიჭი ვიყო, ყოველთვის ბედნიერი ვიყო და კიდევ ამას ვნატრობ, ვინც ჩემ შეწუხებას ცდილობს, შორს წავიდეს… დაიკარგოს… და სამუდამოდ მომშორდეს.

მერიონ ფერქინ უორბექმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო, უნდა დაეყვირა, რომ სულ სხვაგან ამოყო თავი. სადღაც შორს. თეთრ, შარა გზაზე, რომელიც უსასრულოდ გადაჭიმულიყო ბნელში. მწუხარე, ეული, დაუსრულებელი გზა, რომელიც მიდის და მიდის და მიდის. შორს, შორს და შორს. დაუსრულებლად.

ამ გზას მიუყვებოდა უორბექი. გაოცებული. ხმის ამოღებაც არ შეეძლო. არც ჩამუხლვა. არც ჩაფიქრება. არც უკან მობრუნება. ხედავდა ადამიანთა სილუეტებს. ამ მარადისობის გზაზე დამდგარს. ერთი, ასე მოეჩვენა, რომ იყო ჰეროდე. ჰეროდეს წინ კი, უთუოდ – ჯო დევენფორთი. ჯოს წინ კიდევ მიდიოდა ვიღაც და კიდევ. და კიდევ ვიღაც. ადამიანთა ჯაჭვი.

უორბექმა თავს ძალა დაატანა და უკან მოიხედა – შორს, ზურგსუკან, კიდევ ერთი წერტილი გაჩნდა. მის უკან კიდევ ერთი. და კიდევ ერთი.

სთიუართ ბიუქენენი კი ნაგვის რუხ ურნებს ეფარებოდა. მან არ იცოდა, რომ გააქრო უორბექი. გააქრო ჰეროდე. გააქრო ჯო დევენფორთი და ბევრი კიდევ სხვა.

არ იცოდა, რომ აიძულა მშობლები, გამოეცვალათ ბინა. არ იცოდა, რომ მოსპო საბუთები. წაშალა მოგონებები. იმიტომ მხოლოდ, რომ აბეზართაგან თავის დახსნას ნატრობდა.

არ იცოდა, რომ გენიოსი იყო.

ნატვრის გენიოსი.

©Alfred Bester – Star Light, Star Bright. Berkley / G. P. Putnam, 1976
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(*) ესპანელი პატიმარი – თაღლითური სქემა, რომელმაც „ნიგერიული მემკვიდრეობის“ სახელით, ლამის, დღემდე მოაღწია. კლასიკური სახით მე-19 საუკუნეში გაჩნდა და ფრანსუა ვიდოკი ახსენებს მის მემუარებში. ესპანეთის ციხეში დამწყვდეული მდიდარი პიროვნების მემკვიდრე ან ნდობით აღჭურვილი პირი უკავშირდებოდა პოტენციურ მსხვერპლს და სთხოვდა დახმარებას პატიმრის თანხის გამოხსნაში.

(**) ბიუქენენი ბრიტანულ/ამერიკულ საბავშვო ხალხურ ლექსს Star Light, Star Bright ამბობს. პოეზია ჩემი ძლიერი მხარე არაა, ამიტომ თარგმნის ნაცვლად, ანა კალანდაძის საბავშვო ლექსით “ვარსკვლავი ბრწყინავს” ჩავანაცვლე… ლექსის შინაარსი სხვაა, მაგრამ – არა უშავრს. 🙂

___

ავტორის შესახებ:
ალფრედ ბესთერი
ამერიკელი მწერალია. ფანტასტი. პრემია ჰიუგოს პირველი ლაურეატი. ამერიკის მწერალ-ფანტასტთა გილდიის დიდი მაგისტრი. იყო კომიქსების “სუპერმენი”, “ბეთმენი”, “კაპიტანი მარველი” სცენარისტი. უდიდესი გავლენა მოახდინა რამდენიმე ქვე-ჟანრის განვითარებაზე, გამორჩეულად – კიბერ-პანკზე. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის ისე პოპულარული, როგორც, იმჰო. იმსახურებს. ჩემი გემოვნებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანტასტია კლასიკოსთა შორის (ჩემი თარგმანით ნუ იმსჯელებთ :)) ბრედბერისა და ფილიფ დიქის ტოლი გენიოსი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: