გრძელი,
მოკლე,
სქელი,
წვრილი,
სწორი,
მოგრეხილი,
მრგვალი,
ბრტყელი,
თავწაჭრილი,
თავშეკრული…და კიდევ უთვალავი.
ეს ის არაა, რაზეც (ალბათ) თქვენ ახლა გაიფიქრეთ – ეს იტალიური პასტის ნაირსახეობებია.
რამდენნაირი პასტაა იტალიაში, ზუსტ რიცხვს ვერვინ ამბობს. მინიმუმ – 350 სახეობის. იტალიური სამზარეულოს მკვლევარმა ორეტა ძანი დე ვიტამ პასტის ენციკლოპედიაც გამოსცა 400+ გვერდზე.
იტალიური სამზარეულოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ პასტაფარიანელობას მაინც ვერ ვეზიარე, თუმცა, თუ ნიოკის, რავიოლის და ტორტელინისაც პასტებს მივათვლით – ეს სამი ძალიან მიყვარს. ლაზანიაც. და კიდევ – პასტა ალ ბურო (Pasta al burro – პასტა კარაქით), რომელსაც მისი შემქმნელის, ალფრედო დი ლელიოს სახელის მიხედვით, ალფრედოს პასტაც ქვია.
ალფრედოს პასტა, ცხადია, პასტის ნაირსახეობა არაა – კერძია, რომელიც იმ პასტიდან კეთდება, იტალიელები ფეტ-ტუტ-ჩინეს რომ უძახიან და სხვა არაიტალიელი დანარჩენნი – ხან ფეტუჩინის, ხან ფეტუჩინეს, ხან, მარტივად – ბრტყელ სპაგეტის.
ფეტუჩინე (Fettuccine) გრძელი, თხელი და ბრტყელი პასტაა. კიდევ არის ფეტუჩინე რიგატე, რომლის ზედაპირიც ორთავ მხარეს დამატებით დალიანდაგებულია, ან – დაკვალული.
ფეტუჩინე თბილისშიც იყიდება, თუმცა, ალფრედოს პასტა ტალიატელეთი… (სპაგეტით, ვერმიჩელით, ბუკატინით, კაპელინით და ლინგუინითაც) მშვენიერი გამოდის. 🙂 მაგრამ ალფრედო რომაელი იყო და მის პასტას ყოველთვის რომაული ფეტუჩინეთი ამზადებდა.
მესამე ძირითადი ინგრედიენტი (მეორე – კარაქია) ამ კერძისთვის არის რომაული ყველი – პეკორინო რომანო, რომელიც ჩვენთან არ შემხვედრია, ამიტომ პარმიჯანოთი ჩანაცვლება უწევს… თავს ზემოთ ძალა არაა.
ბევრ რეცეპტში სწორედ პარმიჯანოთი ამზადებენ, მაგრამ ამ ყველის მსოფლიო დიდების (დამსახურებულის) და ცნობადობის ბრალია, თორემ, არა მგონია, რომაელს პეკორინო რომანოსთვის ეღალატა, ისე, როგორც არც ერთი იმერელი არ გამოაცხობს ხაჭაპურს არაიმერული და არაჭყინტი ყველით.
***
UPD “გასტრონომმა” პეკორინონრომანოს შემოტანა დაიწყო. პარმიჯანოთი ჩანაცვლება აუცილებელი აღარაა. 🙂
ალფრედოს პასტის პეწი კარაქისა და ყველის სოუსშია. გენიალური და მარტივი. კარაქიც და ყველიც უნდა ბლომად. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან დიეტოლოგები. ეგკიარა, დღეს ნაღებსაც უმატებენ ხოლმე. და – წვავენ. მეც ასე ვაკეთებ და კიდევ უფრო გემრიელი გამოდის.
ალფრედო დი ლელიო (Alfredo Di Lelio) რომაელი შეფი და რესტორატორია. მისი მშობლები პატარა ტრატორიას ფლობდნენ Piazza Rosa-ზე. მე რომში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ეს მოედანი დღეს აღარ არსებობს – ალბერტო სორდის გალერეამ შეახრამუნა. არც ის რესტორანია. მაგრამ, თუ რომში იქენით და ნამდვილი ალფრედოს პასტის დაგემოვნება გსურთ – იმპერატორ ავგუსტუსის მოედანზე Il Vero Alfredo-ს უნდა მიაკითხოთ, რესტორანს, 70 წლის წინ რომ გახსნა თავად ალფრედო დი ლელიომ და დღეს მისი შვილიშვილები ფლობენ.
სანამ სარესტორნო მენიუში ამოყოფდა თავს და მსოფლიოში გაითქვამდა სახელს Pasta al burro-ს ალფრედო დი ლელიო შინაურულად, მეუღლის, ინესისთვის ამზადებდა. მშობიარობის შემდეგ, ქალს უმადობა დასჩემდა და ძალიან დასუსტებული იყო. მისი ფერზე მოყვანისთვის, მეუღლემ პასტა დიდი რაოდენობით კარაქით შეაზავა.
იტალიელები კარაქიან პასტას ოდითგანვე ამზადებდნენ. ეს სახელდახელო, შინაურულ კერძად ითვლებოდა. ალფრედო დი ლელიოს ფხა და მარიფათი ისაა, Pasta al burro რესტორნის მენიუში რომ შეიტანა.
მსოფლიო დიდებას ამერიკელ ტურისტებს უნდა უმადლოდეს. ვინ არ ყოფილა ალფრედოს რესტორანში. თუ თქვენც ეწვევით, იხილავთ ოქროს კოვზსა და ჩანგალს, დუგლას ფეარბენქსისა და მერი ფიქფორდის მიერ იტალიელი შეფისთვის ჯილდოდ მირთმეულს.
ომის შემდგომ რესტორანი Il Vero Alfredo ჰოლივუდელი ვარსკვლავების საყვარელ ადგილად იქცა. ენთონი ქუინი იყო თუ ავა გარდნერი, გერი ქუფერი თუ ჯექ ლემონი კოლიზეუმის ნახვის შემდეგ პირდაპირ ალფრედოს პასტის დასაგემოვნებლად მიიჩქაროდნენ. სოფი ლორენი ხომ სულ იქ იჯდა. იმიტომ რომ რომში იყო დაბადებული და კოლიზეუმი ნანახი ჰქონდა უკვე.
სხვათა შორის, ალფრედოს (კარაქის+(ნაღების)+პეკორინო/პარმიჯანოს) სოუსი ბევრი სხვა კერძისთვისაც გამოდგება. გამოდგება კიარა – მისწრებაა. ქათმის ფილეს უხდება, მაგალითად და ვინ მოთვლის კიდევ…
ალფრედოს პასტის გამოგონებისთვის იყო თუ პოპულარიზაციისთვის, ალფრედო დი ლელიო ვიქტორ- ემანუილ მესამემ სამეფო გვირგვინის ორდენით (Ordine della Corona d’Italia) დააჯილდოვა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Restorante Il Vero Alfredo
30, Piazza Augusto Imperatore
00186-Rome, Italy.
მე ვხარშავ რძეში და მერე ყველსაც ვაყრი.
ალფრედოს სოუსში შეწვა უნდა ვცადო, რაკი რეკომენდაციას უწევ. კალორიული კი იქნება 😦
LikeLike
LikeLike
“იმიტომ რომ რომში იყო დაბადებული და კოლიზეუმი ნანახი ჰქონდა უკვე” 😀
ინფორმატიული და საინტერესო პოსტი, as usual 🙂
LikeLike
პრაქტიკულადაც გამოყენებადი იყოს, მთავარია 🙂
LikeLiked by 1 person
+ რამდენი კალორია?
LikeLike
კალორია გემოვნებით 😉
LikeLike