მუშკეტერები

1622 წელს ლუი მეცამეტემ, ციცას რომ ეფერებოდა იმ ლუის მამამ, მსუბუქი კავალერიის მუშკეტებით (თოფი იყო ერთგვარი) აღჭურვა ბრძანა – ასე მოევლინენ საფრანგეთს მუშკეტერები. მეფის პირადი გვარდია იყო, ასეც ერქვა – მეფის მუშკეტერები (Mousquetaires de la maison militaire du roi de France), თუმცა სულ მალე მუშკეტერების მეორე რაზმიც შექმნეს, ვისაც პრემიერ-მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დაცვა დაევალა. კი, დიუმა სხვა რამეს გვიყვება, მახსოვს, როგორ არ მახსოვს, მაგრამ სინამდვილეში კარდინალის გვარდიელებიც მუშკეტერები იყვნენ… დიუმას ათასი ტყუილის გამოგონება სჩვევია. თან ისე კარგად აკეთებს ამას, რომ სიმართლეს დაგავიწყებს.

Three Musketeers (3)

მუშკეტერების მეთაურად (კაპიტნად) მეფე ითვლებოდა, თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობა კაპიტან-ლეიტენანტს ჰქონდა დაკისრებული. მეფის და პრემიერ-მინისტრის მუშკეტერები არ ყოფილან დიუმასეულად დაშნა-სისხლად გადაკიდებულები, მაგრამ ქიშპობა მათ შორის ნამდვილად იყო. ფორმა და აღჭურვილობა ერთნაირი ჰქონდათ და ლურჯი ფერის კოხტა მოსასხამებს ატარებდნენ ჯვრის გამოსახულებით (“სამი მუშკეტერის” მრავალრიცხოვანი ეკრანიზაციიდან რომ გვახსოვს). მოგვიანებით პრემიერის მუშკეტერები ნაცრისფერ ცხენებზე შემოსვეს, მეფის მუშკეტერები კი – შავზე (ჩანს, ეს “შავი ჯიპების” სიყვარული საუკუნეებს ითვლის და არცმხოლოდ ქართველების ექსკლუზივია). შავ ცხენზე ჯდომა და მეფის გვერდით ყოფნა უფრო პრესტიჟული იყო და ყველა სამეფო მუშკეტერებში მოხვედრას ლამობდა.

Louis XIII, de Treville, Cardinal Richelieu

მუშკეტერების კაპიტან-ლეიტენანტმა, გრაფმა დე ტრუავილმა (დე ტრევილმა) (Jean-Armand du Peyrer, Comte de Troisville) მუშკეტერების გვარდია საკუთარი ახლო თუ შორეული ნათესავებითა და მეგობრებით გამოტენა – დღესაც რომ გაგვაკვირვებს, იმგვარი ნეპოტიზმით… თუმცა, დღეს რაღამ უნდა გაგვაკვირვოს. თან, ნაცნობობით თუ უცნობობით შერჩეული მუშკეტერები ნამდვილად მამაცი და კარგი მებრძოლი ხალხი იყო. ომს არ უფრთხოდნენ და ბევრი ბრძოლის გამოვლა მოუხდათ.

ასე, პროტექციის წყალობით მოხვდა მუშკეტერებში დე ტრევილის დის შვილი

ათოსი

Athos & d′Artagnan

მუშკეტერების საგის ყველაზე კეთილშობილი, მშვიდი, ბრძენი და გაწონასწორებული პერსონაჟი. მისი პროტოტიპი სენიორ არმან დე სილეგ, დ’ათოს, დ’ოტევილია (Seigneur Armand de Sillègue, d’Athos, et d’Autevielle). დიუმასეულ ათოსთან საერთო მხოლოდ სახელი, გვარი და ბიოგრაფიის რამდენიმე ნაფლეთი აქვს. გრაფის ტიტული დიუმამ გამოუგონა, სინამდვილეში გაღარიბებული გასკონელი მემამულის შვილი იყო ბეარნის მხარიდან. კლდიაშვილი როგორც იტყოდა – შემოდგომის აზნაური.

ათოსი მუშკეტერების გვარდიას 25 წლის ასაკში, 1640 წელს შეუერთდა და 28 წლის ასაკში, 1643 წლის 21 დეკემბერს დუელში მოკლეს.

გვარდიაში მისულ ათოსს იქ დახვდა მისი ბიძაშვილი, ჩემი (და თავად დიუმასიც) საყვარელი პერსონაჟი

პორთოსი

Porthos

რეალურ ცხოვრებაში ისააკ დე პორთო (Isaac de Porthau) – ბეარნის მხარის წარმოშობით გასკონელი დიდებულის ოთხი შვილიდან უფროსი (მოგვიანებით მისი ძმაც მუშკეტერულ გზას გაყვა). პორთოები გამორჩეულად მდიდრები არა, მაგრამ ძველი და წარჩინებული ოჯახი იყო – მისი მამა რეგიონალური პარლამენტის (მმართველი ადმინისტრაციის) მდივანი ბრძანდებოდა, ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ – სამეგრელოს საკრებულოს სპიკერი. რატომ სამეგრელო არ მკითხოთ ახლა. 🙂 ვისაც მუშკეტერები წაგიკითხავთ, გასკონელები ყველაზე მეტად მეგრელებს გვანან. თან ენაც თავისი აქვთ. ეს თანამდებობა დე პორთოს გვარს მემკვიდრეობით ეჭირა. როდესაც მამა გარდაიცვალა, საკრებულოს სკამი პორთოსმა დაიჭირა და ბარონის ტიტულიც ერგო. მანამ კი, 1642-დან 1654 წლამდე მუშკეტერებში მსახურობდა.

დე პორთო დიდი ტანის, ღონიერი და ძლიერი კაცი იყო. უჩვეულოდ დიდხანს იცოცხლა – 95 წლისა გარდაიცვალა 1712 წლის 13 ივლისს. სისხლჩაქცევით.

არამისი

Aramis & d′Artagnan

სენიორ ანრი დე არამისი (Seigneur Henri d’Aramitz) წარჩინებული გასკონური ოჯახიდან იყო. ისიც ენათესავებოდა ათოსსა და პორთოსს. მამა მუშკეტერების მარეშალი (უმცროსი სერჟანტის ტოლი ჩინი), ბაბუა კი სამხედრო კაპიტანი იყო. ეს კაპიტანი ბაბუა რელიგიურ ომებში მონაწილეობდა – ჰუგენოტების მხარეს, თუმცა, არამისი კათოლიკედ აღზარდეს და, ისე როგორც წიგნში, აბატიც გახდა.

არამისი 1640 წელს ჩარიცხეს მუშკეტერების გვარდიაში. 1648 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სამხედრო კარიერა დაასრულა და ბეარნის სააბატოს ჩაუდგა სათავეში. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ ვიცით, შესაძლოა 1655 წელი იყოს, შესაძლოა – 1674. არამისი ამ ოთხიდან ყველაზე ნაკლებად მომწონს, მაგრამ მაინც ვერ გავწირავ – მოდი, ჩემ პოსტში 1674 წელს გარდაიცვალოს. მაინც არ გამოდის ბევრი – სულ 54 წლისა.

დაბოლოს ის, ვისი წყალობითაც ვიცით დანარჩენ სამზე რაღაც

დ’არტანიანი

d′Artagnan

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და, უდავოდ, ყველაზე კარგად ცნობილი მუშკეტერი, შარლ დე ბაც დე კასტელმორ დ’არტანიანი (Charles de Batz de Castelmore d’Artagnan). მუშკეტერების საგის წერისას დიუმა მის “მემუარებს” იყენებდა. იქ ამოიკითხა ათოსის, პორთოსისა და არამისის ამბებიც. ეს ოთხი, როგორც წიგნშია, რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრობდნენ და რაღაც გასკონური კლანიც კი ჰქონდათ შექმნილი (თუმცა, მუშკეტერებს შორის უმრავლესობა ისედაც გასკონელები და ბასკები იყვნენ – დე ტრევილის მშობლიური ბეარნი სამ დიდ ბასკურ და ერთ წილ გასკონურ პროვინციასაც მოიცავდა).

All for one and one for all

დ’არტანიანები ძველი და პატივცემული, თუმცა გაღარიბებული დე მონტესკიუ დ’არტანიანის გრაფების შთამომავლები იყვნენ. ბაცი კი გამდიდრებული ბურჟუა იყო. ორი გვარის შეერთებამ შეანივთა ტიტული და ქონება. თავად შარლ დე ბაცი დედის გვარით, დ’არტანიანად მოხსენიებას ამჯობინებდა. ბიძამისი ანრი დე მონტესკიუ დ’არტანიანი დე ტრევილთან მეგობრობდა. ამ პროტექციით მოხვდა 21 წლის დ’არტანიანი მუშკეტერების გვარდიაში 1632 წელს (წიგნში სხვაგვარადაა, მაგრამ ის სამი მუშკეტერი გვარდიაში რომ მივიდა, რეალურ დ’არტანიანს უკვე სამი დიდი სამხედრო კამპანიის გამოვლა მოესწრო და მუშკეტერებშიც სიტყვა ეთქმოდა).

Three Musketeers (2)

ბევრი რამ, რაც დიუმას საგაშია, რეალური დ’არტანიანის ბიოგრაფიას ემთხვევა – მეფის ერთგულება, ფრონდა, აჯანყებული პარიზიდან კარდინალ მაზარინის გარიდება, სამხედრო კარიერა, მუშკეტერების კაპიტან-ლეიტენანტობა, მარშლის ტიტული. დაღუპვის ადგილი.

დ’არტანიანი მეფის და პრემიერ-მინისტრის, კარდინალ მაზარინის ნდობით და სამეფო კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა. პირფერებიც ბევრი ეხვია გარს. ხშირად მიმართავდნენ გრაფის ტიტულით (რომელიც არ ეკუთვნოდა და არც ჰქონია). იფერებდა. თავად იმ სამეფო ორდენების კავალერად მოიხსენიებს ხოლმე თავს, რომელიც რანგით არ ერგებოდა და არა ჰქონდა.

მაგიერ, როდესაც მეფემ უბოძა ქალაქ ლილის გუბერნატორობა, სხვა გაიხარებდა, ამან კი ვერ შეირგო. დღეს რომ იტყვიან, “ადგილი გააფუჭა” ტყუილად. 🙂 კაბინეტში ჯდომა და სულელურ ნებართვებზე ხელის მოწერა მისი საქმე არ იყო. იმას ნატრობდა, ნეტავ რამე ომი დაიწყოს, რომ საქმე ვნახოო.

Three Musketeers (1)

ჰოლანდიური ომის დაწყებისთანავე, კვლავ სამხედრო სამსახურში დაბრუნება მოითხოვა. 1673 წლის 25 ივნისს მაასტრიხტზე შეტევის დროს რომ დაიღუპა, 60 წლის იყო.

დ’არტანიანის “მემუარები”, რომელიც ზემოთ ვახსენე, გატიენ დე კურტილ დე სანდრას დაწერილია. ფრანგი მწერალი იყო ეგეთი. დღეს მხოლოდ ლიტერატურის სპეციალისტებს და ისტორიკოსებს თუ ახსოვთ. მაგრამ ეს “მემუარები” რომ არა, ეგებ, არც დიუმა დაინტერესებულიყო მუშკეტერებით.

ამბობენ, დ’არტანიანის პორტრეტს რომ ქმნიდა დიუმა, ხასიათის ბევრ ნიშანს ბაბუამისს, გენერალ თომა-ალექსანდრე დიუმას დაესესხაო. სამი დუელის დანიშნვა ერთ დღეს სწორედ ბაბუა დიუმას მოუხდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენეს და არ აიტანა. კიდევ სხვა მსგავსებებსაც პოულობენ ათოსის, პორთოსის, არამისის, დ’არტანიანისა და გენერალ დიუმასა და მისი სამხედრო მეგობრების თავგადასავლებშიც.

დაბოლოს, პოსტში დართულ ილუსტრაციებზეც დავწერ – ლელუარი იგივეა “მუშკეტერებისთვის”, რაც ფეჯითი “ჰოლმსიანისთვის” ან შეფარდი – ვინი ფუუჰისთვის.

Porthos & Aramis

მორის ლელუარი (Maurice Leloir) ფრანგი მხატვარია, ილუსტრატორი, გამფორმებელი, ბევრი წიგნის გამოცემაზე, სპექტაკლსა თუ ფილმზე უმუშავია და მოდის სფეროშიც დატოვა კვალი. 1894 წელს “სამი მუშკეტერის” საიუბილეო გამოცემა დაასურათა. არაჩვეულებრივი ნახატებია. სიყვარულით შექმნილი. ამ გენიალური წიგნის ღირსი რომაა, ისე.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The Three Musketeers. Alexandre Dumas ლელუარის მიერ დასურათებული

***

სწორედ ის დიუმა

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “მუშკეტერები”

    1. მეც მიყვარს.
      დიუმას კითხვაც და დიუმაზე წერაც.

      არსად წავსულვარ.
      უბრალოდ სხვა ბლოგზეც ვწერ ხოლმე ხანგამოშვებით. 😉

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: