ზოდიაქო

ამოსახსნელი საიდუმლოებები

1968 წლის 20 დეკემბერი: 17 წლის დეივიდ ართურ ფარადეი და 16 წლის ბეთი ლუ ჯენსენი.

1969 წლის 4 ივლისი: 19 წლის მაიქ რენო მაჟო და 22 წლის დარლინ ელიზაბეთ ფერინი.

1969 წლის 27 სექტემბერი: 22 წლის ბრაიან ქალვინ ჰართნელი და 22 წლის სესილია ენ შეფარდი.

1969 წლის 11 ოქტომბერი: 29 წლის ფოლ ლი სთაინი.

სერიული მკვლელის მსხვერპლები არიან. არის ზღვა კრიმინალისტიკური მასალის, თვითმხილველები, ფოტორობოტი, დნმ-ის კვალი, დოკუმენტური თუ მხატვრული წიგნი და ფილმი (მათ შორის დეივიდ ფინჩერის), ვერსიები, ეჭვმიტანილები და მეტსახელი ვინაობის ნაცვლად – ზოდიაქო (Zodiac).

ზოდიაქომ 37 თავდასხმა აღიარა, თუმცა ჩამოთვლილი შვიდია დასტურებულად მისი. ხუთი დაიღუპა. ორის (მაჟოს და ჰართნელის) სიცოცხლე ექიმებმა იხსნეს.

ზოდიქო, როგორც ფსიქოპათებს ხშირად ემართებათ ხოლმე, განდიდების მანიით იყო შეპყრობილი, სურდა მისი მოტივები ქვეყნიერებისთვის ემცნო, სურდა, მისი სიმბოლოს გულსაბნევი დაემზადებინათ და ყველას დაებნია მკერდზე. აგზავნიდა წერილებს გაზეთებში, ტოვებდა წარწერებს თავდასხმის ადგილებში. გზავნილებს შორის არის კრიპტოგრამები, სადაც ზოდიაქოს ვინაობაა (თითქოს) დაშიფრული.

1969 წლის 1 აგვისტოს სამ გაზეთში – San Francisco Examiner, San Francisco Chronicle და Vallejo Times-Herald მიიღეს წინა დღით გაგზავნილი ხელნაწერი:

პატივცემულო რედაქტორო, მე ის ვარ, ვინც გასულ შობას ჰერმანის ტბაზე ორი ახალგაზრდა მოკლა.
Dear Editor: I am the killer of the 2 teenagers last Christmas at Lake Herman.

გახმაურებულ მკვლელობებს როდესაც იბრალებენ, არცთუ იშვიათი ამბავია, ამიტომ პოლიცია გზავნილს სკეპტიკურად მოეკიდა, მაგრამ წერილში მოტანილი დეტალები მიანიშნებდა – ავტორს დანაშაულთან ახლო შემხებლობა ჰქონდა. როგორც მინიმუმ, იცნობდა მკვლელს ან დანაშაულის მოწმე გახდა. ხელმოწერის ნაცვლად – იყო ნიშანი, დანართის სახით კი 408-სიმბოლოიანი კრიპტოგრამა, რომლის გაზეთში გამოქვეყნებასაც ითხოვდა ავტორი.

Zodiac Killer Symbol and Cipher

გრაფიკული ნიშანი-ზოდიაქოს ხელმოწერა მაჯის საათების შვეიცარული კომპანიის, Zodiac-ის ლოგოს იმეორებს.

რიგით მეორე წერილი ერთი კვირის შემდეგ, 7 აგვისტოს მივიდა San Francisco Examiner-ში. ავტორმა პირველად უწოდა თავს “ზოდიაქო”, აღწერა 4 ივლისის მკვლელობის ის დეტალები, რაც საჯაროდ გაცხადებული არ იყო, დასცინა პოლიციას მის კრიპტოგრამას რომ ვერაფერი გაუგეს და დაპირდა – თუ კოდს გახსნით, დამიჭერთ კიდეცო.

პატივცემულო რედაქტორო, ზოდიაქო მოგმართავთ.
Dear Editor: This is the Zodiac speaking.

მომდევნო დღეს, 8 აგვისტოს დონალდ ჯინ ჰარდენმა (Donald Gene Harden), სკოლის მასწავლებელმა, მაგისტრის ხარისხით პედაგოგიკის დარგში, თავსატეხებისა და შარადების დიდმა მოყვარულმა მეუღლის, ბეთის (Bettye June “Valerie” Harden) დახმარებით, ზოდიაქოს კოდი შეტეხა.

სწორედ ბეთი ჰარდენმა ივარაუდა, რომ აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული სიტყვები “მკვლელი” ან “მკვლელობა”. დონალდმა დაიწყო შიფრში შესატყვისი ასო-ნიშნების ძებნა და შემდეგ უკვე გზა იოლი იყო.

ასე ეძებდა ჰოლმსი სახელის შესატყვის სიმბოლოებს “მოცეკვავე კაცუნებში”.

Donald and Bettye Harden

სამწუხაროდ, მკვლელის ნამდვილი ვინაობა დაშიფრულ ტექსტში არ აღმოჩნდა, მხოლოდ ტიპური შიზოფრენიული ბოდვა იმაზე, რომ ადამიანი ყველაზე საშიში მხეცია და მასზე ნადირობას მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ტყეში მხეცის დევნას. დარომ მოკლულები მის მონებად გადაიქცევიან საიქიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარდენის გასაღები არ მოერგო 18 სიმბოლოს, ზოდიაქოს სახელი, სავარაუდოდ, არც იქ უნდა იმალებოდეს – დაშიფრულ ტექსტში ნათქვამია – სახელს არ გიმხელთ, მონების შეგროვებაში რომ არ შემიშალოთ ხელი და არ დაიჭიროთო.

1969 წლის 14 ოქტომბერს San Francisco Chronicle-ში მიიღეს მორიგი წერილი ფოლ სთაინის მკვლელობის დეტალებით, 8 ნოემბერს კი – შიფრი (პირველ ფოტოზე ამ პოსტში), რომელიც 51 წლის შემდეგ, 2020 წლის 5 დეკემბერს ერთობლივი ძალისხმევით შეტეხეს ამერიკელმა ვებ-დიზაინერმა დეივიდ ორანჩაქმა (David Oranchak), ბელგიელმა პროგრამისტმა იარლ ვან ეიკმა (Jarl Van Eycke) და ავსტრალიელმა მათემატიკოსმა სემ ბლეიქმა (Sam Blake).

ორანჩაქი ზოდიაქოს კოდის გახსნას 2006 წლიდან ცდილობდა. მეტისმეტად კერკეტი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, გამოძიებისთვის ღირებული რამ ვერც ამ ტექსტში ნახეს დამალული.

არ მეშინია გაზის კამერის. ის სამოთხეში გამაგზავნის, უკვე საკმარის მონებს მოვუყარე თავი, რომლებიც იქ მომემსახურებიან.
I am not afraid of the gas chamber because it will send me to paradice all the sooner because I now have enough slaves to work for me

1969 წლის 9 ნოემბერს ზოდიაქომ Chronicle-ში გააგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ სთაინის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში პატრულმა გააჩერა, მაგრამ არ დაუკავებიათ და მშვიდობით გაუშვეს.

1970 წლის 20 აპრილს ის მორიგ წერილსა და შიფრს აგზავნის.

მოგმართავთ ზოდიაქო. მოახერხეთ თუ არა ჩემი ბოლო კოდის გახსნა? ჩემი სახელია (შიფრი)
This is the Zodiac speaking. By the way have you cracked the last cipher I sent you? My name is….

Zodiac Killer Cipher

არვინ იცის, დაშიფრულია თუ არა ამ წერილში ზოდიაქოს ვინაობა – მცირე რაოდენობის ასო-ნიშნისთვის გასაღების მორგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამას გარდა, არცერთი ეჭვმიტანილის სახელი და გვარი, ვინც საქმეში ფიგურირებს, გასაღებად არ გამოდგა.

ეჭვმიტანილები კი ბევრი იყო.

San Francisco Chronicle-ის თანამშრომელი, მხატვარ-კარიკატურისტი, მწერალი რობერთ გრეისმითი (Robert Graysmith) ზოდიაქოს საქმის ყველაზე ცნობილი მკვლევარია. რამდენიმე წიგნის ავტორი. მან ძალიან მწყობრი და წიკწიკა ჯაჭვი ააგო, თუ ვინ იყო ზოდიაქო. მის ვერსიაში ყველაფერი ლოგიკური და გამართულია, ფოტორობოტსაც გავს და სამხილებიც არის… ოღონდ ეგაა საქმე – გრეისმითის ეჭვმიტანილის დნმ არ ემთხვევა იმ დნმ-ის პროფილს, რომელიც პოლიციას აქვს… მაგრამ გრეისმითმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა. ისევე, როგორც პოლიციამ.

1987 წელს აშშ-ში დააპატიმრეს ადამიანი (არა ზოდიაქო), რომლის ბრალის მტკიცებულებად ისტორიაში პირველად გამოიყენეს დნმ-ის კვალი.

გრეისმითმა თავისი მრავალწლიანი კვლევის შედეგები 1986 წელს გამოსცა წიგნად.

მაგიერ, მისი წიგნი დაუდო ფილმს საფუძვლად დეივიდ ფინჩერმა.

Zodiac 2007 movie

თუ ფინჩერის ფილმი ნანახი გაქვს – გრეისმითის მიერ ჩატარებული გამოძიების ამბავი კი გეცოდინება და თუ ნანახი არ გაქვს… რა დროს პოსტების კითხვაა? შეიძლება, განა, ფინჩერის რომელიმე ფილმი გამოტოვო?

Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Zodiac Killer
The Zodiac Ciphers: What We Know
Why the Zodiac Killer Has Never Been Identified
Why has DNA evidence not yet unmasked the Zodiac Killer?
Zodiac Ciphers

***
Zodiac by Robert Graysmith (Amazon Kindle Edition)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: