ბევრს გაქვთ სახლში საოჯახო ფოტოალბომი, სადაც დიდი ბებიის და დიდი ბაბუის ფოტოები ინახება. და სხვა ძველი ფოტოები. XX საუკუნის დასაწყისის. XIX საუკუნის. ბევრი – ვერ იქნება. ფოტოგრაფია ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, დიდ დროსაც მოითხოვდა და ტექნოლოგიურადაც არ იყო იოლი ამბავი.
ერთი ფოტოს ფასი მე-19 საუკუნეში 3-6 აშშ დოლარი იყო. მე-19 საუკუნის კურსით, ცხადია, რაც დღევანდელი 100-200 დოლარის ტოლია.
ამიტომ იყო იმ დროს ფოტოს გადაღება დიდი ამბავი. მაგრამ მე-19 საუკუნის პარიზში ცხოვრობდა ქალი, ვისი 700-ზე მეტი ფოტო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დღეს. კიდევ რამდენი ფოტო დაიკარგა, ვინ იცის. მას პირველი ფოტომოდელიც, შეგვიძლია, ვუწოდოთ, თუმცა, ეს სიტყვა იმ დროს ჯერ არ გამოეგონათ. არც მოვლენად არსებობდა. ვირჯინია ოლდოინი (Virginia Elisabetta Luisa Carlotta Antonietta Teresa Maria Oldoini) ქვია. იტალიელი ბანოვანი, იმპერატორ ნაპოლეონ მესამის საყვარელი, დიპლომატი. ქალი, ვინც პარიზი პრუსიელთა ოკუპაციისგან იხსნა. ვინც იტალიას დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა.
ვირჯინია ფლორენციელი მარკიზის ქალიშვილი იყო. ლომბარდიის პროვინციის, კასტილიონეს გრაფის მეუღლე. მისი ბიძაშვილი, გრაფი კავური სარდინიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ. როდესაც გრაფი კასტილიონე პარიზში გაემგზავრა იტალიური სამეფოების გაერთიანებისა და იტალიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის საფრანგეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, კავურმა ვირჯინიას თხოვა, ნაპოლეონ მესამეზე გავლენა მოეხდინა. დიპლომატიური მისიის შედეგად ვირჯინია ოლდოინიმ ნაპოლეონ მესამესთან სასიყვარულო ურთიერთობები გააბა, მეუღლეს გაშორდა, საცხოვრებლად პარიზში გადაბრძანდა, ფოტომოდელობამ გაიტაცა (მიუხედავად იმისა, როგორც ზემოთაც ვთქვი, სიტყვაც კი არ იცოდნენ ჯერ), იტალიურმა სამთავროებმა ერთიან სამეფოდ გაერთიანება გამოაცხადეს, გრაფი კავური იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა…
ახლა ვიღაც იტყვის, ამ ყველაფრიდან ერთადერთი დამარცხებული გრაფი კასტილიონე გამოსულაო. მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ერთი რომ გრაფი კასტილიონე პატრიოტი და იტალიის გაერთიანების მოსურნე კაცი იყო, მეორეც, აკი დავწერე – ვირჯინია ოლდოინის 700-ზე მეტი ფოტოა შემორჩენილი, მათი დამზარება კი, დღევანდელი ფასებით, 140’000 დოლარის ტოლი დაჯდებოდა. გრაფ კასტილიონეს ამხელა ქონება არ ჰქონდა. ნაპოლეონ მესამეს – კი.
ვირჯინიას სხვა მფარველები, მეგობრები და თაყვანისმცემლებიც ყავდა – ბარონი როტშილდი, ადოლფ ტიერი (საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მომავალი პრეზიდენტი), მხატვრები, პოეტები. და ოტო ფონ ბისმარკი. ვირჯინია ოლდოინის სხვა წარმატებული დიპლომატიური მისიის საგანი და შედეგი პარიზის პრუსიელთა ოკუპაციისგან დახსნა იყო.
ვირჯინია ოლდოინის თითქმის ყველა ფოტოს ავტორი პიერ-ლუი პიერსონია (Pierre-Louis Pierson). პიერსონი ვის შევადარო, არც ვიცი – მისი დროის რიჩარდ ავედონი იყო თუ ჰერბ რიცი. პიერსონის კლიენტებს შორის მრავალი ჩინებული ადამიანია, მათ შორის საფრანგეთის, შვედეთის, პორტუგალიის სამეფო ოჯახის წევრები, მაგრამ არცერთი ფოტო გავს ვირჯინია ოლდოინის ფოტოებს. ვირჯინია საკუთარი პორტრეტების თანაავტორია პიერსონთან ერთად. ეგებ, პიერსონზე მეტადაც. არჩევდა ინტერიერს, კოსტიუმებს, ანტურაჟს. ქმნიდა ამბავს ფოტოს ირგვლივ. ხშირად აფერადებდა კიდეც ხელით და არეტუშირებდა (დღეს ვიტყოდით – აფოტოშობებდა).
ცნობილი ტრენდი – ფოტო-ტერფები ვირჯინიას გამოგონებაა. 🙂 როგორც ჩანს, ქალს ძალიან მოსწონდა თავისი ფეხები. ბევრი ასეთი თამამი ფოტოა შემორჩენილი. დიდ ნაწილზე სახე არ ჩანს. რაც, ეპოქისა და მოდელის სტატუსის გათვალისწინებით, არცაა გასაკვირი.
ვირჯინია ოლდოინი ასაკის მატებას ძალიან განიცდიდა. ზემოთ რეტუში ვთქვი, მაგრამ თვალს რეტუში არ აქვს. სახლიდან ყველა სარკე გაიტანა. სიცოცხლის ბოლო წლებში სულ უფრო იშვიათად გამოდიოდა გარეთ – მხოლოდ ღამით. ოთახები ნახევრად დააბნელა და კედლებს შავი მაუდი ააკრა. ბინდი შეგირდად დაიყენა და ნაოჭებს შუქ-ჩრდილში მალავდა.
პარიზის 1867 წლის გამოფენაზე პიერ-ლუი პიერსონის ნამუშევრებიც წარმოადგინეს, მათ შორის იყო ვირჯინია ოლდოინის პორტრეტიც – “გულების დედოფალი” (La Dame de Cœurs). აი – ეს:
ვირჯინიას პარიზის 1900 წლის გამოფენის ფარგლებშიც სურდა მისი ფოტო-პორტრეტების ექსპოზიციის მოწყობა, მაგრამ 1899 წლის 28 ნოემბერს სისხლჩაქცევით გარდაიცვალა. 62 წლის იყო. პერ ლაშეზის სასაფლაოზე განისვენებს.
ვირჯინია ოლდოინის ფოტოების ყველაზე მდიდარ კოლექციას (400-ზე მეტ ფოტოს) მისმა თაყვანისმცემელმა, პოეტმა რობერ დე მონტესკიემ მოუყარა თავი. 270 ფოტო მონტესკიეს კოლექციიდან დღეს Metropolitan Museum of Art-ში ინახება.
ჟორჟ კომბრემ 1954 წელს გადაიღო “ლა კასტილიონე” (La Castiglione). ფილმი არ მინახავს, მაგრამ ვირჯინია ოლდოინის როლს ძალიან ლამაზი მსახიობი, ივონ დე კარლო ასრულებს.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ნაპოლეონ მესამემ იტალიის ერთიან სამეფოს რომ დაუჭირა მხარი და ბისმარკმა პრუსიის არმია პარიზის მისადგომებთან შეაჩერა, ვირჯინია ოლდოინის წვლილი ცოტა კი გავაზვიადე, მაგრამ, როგორც ადრეც მითქვამს მსგავს შემთხვევებში – პოსტს ასე უხდება. 🙂 თან, ლა კასტილიონეს ცდა არ დაუკლია, თუნდ მისი მონაწილეობა გადამწყვეტი არც ყოფილიყო.
___
The Countess da Castiglione by Malcolm Daniel (Department of Photographs, The Metropolitan Museum of Art)
რამ გადარია ეს ამდენი კაცები? 🙂
საერთოდ არ მგონია ეს ქალი ლამაზი
LikeLike
არც ეკატერინე ჭავჭავაძე მეჩვენება ლამაზად, არადა იმ დროს პირველ ლამაზმანად ითვლებოდა 🙂
სთანდარდსგონაჩენჯ
LikeLike