ბღენძნი და ბღვერნი

ფოტო(ს)ისტორია

ცოტა უხეირო სათაურია. 🙂 ნაღები და ნაძირალა, ასეც შემეძლო, დამერქმია. ან კიდევ რამ სხვა.

Toffs and Toughs დღეს ასე ვიცნობთ ფოტოს, რომლის ამბავიც ამ პოსტში მინდა, მოვყვე. 1937 წლის 9 ივლისს გადაიღო ფოტოგრაფმა ჯიმი საიმმა (Jimmy Sime).

Toff – რჩეულ საზოგადოებას, დიდებულთ, ჩინებულთ ნიშნავს, Tough კი – აშარ, შფოთის თავ, ყაჩაღანას. ვინ-ვინაა, ფოტოდანაც იოლად იკითხება.

Toffs and Toughs

თუმცა, ბღვერნი – არ იბღვირებიან. იღიმიან. მაგრამ – იქედნურად. ალმაცერით უმზერენ. თითქოს, მომართულნი, წამიც და ერთი კარგი ალიყური აჭამონ უნდა ბღენძთ. ბღენძნი – კი გაბღენძილნი. ერთს ზურგიც უქცევია, მეორე კი სადღაც გაღმა იყურება. ვერც ამჩნევენო, თითქოს.

“ყველა ფოტო ამბავს ყვება“ – ეს წარწერა დაურთო გაზეთმა News Chronicle ამ ფოტოს რომ აქვეყნებდა.

ფოტო სტადიონთანაა გადაღებული, სადაც ჰაროუსა და ითონის სასწავლებლებს შორის ტრადიციული კრიკეტის მატჩი ეწყობოდა… ეს კი იმ მნიშვნელობის მოვლენაა, რაც ქვიდიჩი “გრიფინდორსა” და “სლიზერინს” შორის.

ბღენძნი ჰაროუს მოწაფენი არიან – 14 წლის ფითერ ვაგნერი (Peter Wagner) და 15 წლის თიმ დაისონი (Thomas “Tim” Dyson). სხვათაშორის, ჰაროუელია ბენედიქთ ქამბერბეჩიც. მაგრამ ფოტოს გადაღების დროს ჯერ დაბადებული არ იყო.

ბღვერნი – 13-13 წლის ჯორჯ სალმონი (George Salmon), ჯექ ქეთლინი (Jack Catlin) და ჯორჯ იანგი (George Young). კლასელები. საეკლესიო სკოლა-პანსიონში სწავლობდნენ, მაგრამ იმ დღეს “შატალოზე” იყვნენ… 9 ივლისს რა გაკვეთილები აუტყდათ სკოლაში, არ ვიცი, მაგრამ რას გაუგებ ამ ინგლისელებს. მოკლედ, რაც იყო ჩანიშნული, იმ გაკვეთილების გაცდენა განიზრახეს და კრიკეტის მატჩზე ცოტა ფულს გავაკეთებთო, იფიქრეს. ადრეც უქნიათ ასე – რომელიმე ბღენძს მანქანის კარს გაუღებ, ჩანთის მიტანაში მიეხმარები ან ბალიშს მიურბენინებ (სამეფო ლოჟის მიღმა სტადიონზე მყარი მერხები იყო და ბევრი დასაჯდომ ბალიშებს იყენებდა, გაბღენძილი უკანალი რომ რბილად შეენახა). 2-3 პენსს კი გადმოგიგდებს. ან, ეგებ – მეტსაც.

ფოტომ გამოქვეყნებისთანავე საარაკო პოპულარობა შეიძინა და დღემდე “კლასობრივი საზოგადოების” ილუსტრაციად იყენებენ ხოლმე. არაერთ წიგნში მოხვდა და ზოგიერთის – ყდაზეც კი.

პრაქტიკულად იგივე ფოტო, ოღონდ სხვა რაკურსით გადაღებული, LIFE-მა დაბეჭდა აგვისტოს ნომერში და ჟურნალის გამორჩეული და მდიდარი ფოტოტეკის ერთ-ერთი მარგალიტია. თუმცა, ლაიფელებმა ჰაროუელ ბღენძებს (ღმერთო დიდებულო) ითონელები უწოდეს, ქალაქელ ბღვერებს კი – სოფლელები.

თიმ დაისონი (პირით ჩვენკენ რომ დგას) ერთი წლის შემდეგ ინდოეთში გაემგზავრა საზაფხულო არდადეგების გასატარებლად (მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო და კოლონიებში მსახურობდა), დაავადდა დიფტერიით და ფოტოს გადაღებიდან 13 თვეში გარდაიცვალა.

ფითერ ვაგნერმა კოლეჯის დამთავრების შემდეგ ქემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ სულ მალე გულის ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი – ნერვიული აშლილობა. 70-იანებში ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გაამწესეს, სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.

ჯორჯ სალმონმა, ჯორჯ იანგმა და ჯექ ქეთლინმა სამხედრო სამსახური მისი უდიდებულესობის სამხედრო ფლოტში გაატარეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სალმონი სამთო-მომპოვებელი გიგანტის, Imperial Metal Industries ინჟინერი გახდა და ევროპის ბაზარზე გაყიდვებს და სასაწყობო ქსელის გამართულ მუშაობას ზედამხედველობდა. 90-იანების ბოლოს პენსიაში გავიდა და 2000 წელს გარდაიცვალა.

იანგმა შუშის მწმენდავი კომპანია დააფუძნა. მის საქმეს დღეს მისი შვილები უძღვებიან.

ჯექ ქეთლინმა სახელმწიფო სამსახური არჩია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ლონდონში. 2011 წლამდე იცოცხლა და ამ ფოტოზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა.

ფოტო ნაწილობრივ დადგმულია. ბღენძნი თავიანთთვის იდგნენ, როცა ჯიმი საიმის მიერ წაქეზებული ბღვერნი მიუახლოვდნენ და მიაჩერდნენ ჯიქურ. მაგრამ რეაქციები კი ბუნებრივი იყო. ამის შესახებ 80-იანებში “დეილი მეილს” მოუთხრეს სალმონმა და იანგმა. ბღვერები არც ისე ბღვერები იყვნენ, როგორც ჟურნალისტებმა და სოციოლოგებმა აიტაცეს (სწორედ ამაზე მოსდიოდა გული ქეთლინს და პრესას გაურბოდა) – ჩვეულებრივი, საშუალო კლასის წარმომადგენლები. არც სიბრაზე ჰქონიათ და არც ალიყურის მირთმევა სურდათ – უბრალოდ, გაეცინათ ბღენძების ქედმაღლურ იერზე.

მაგრამ, ეგებ, არც ბღენძებს ეხატებოდათ გულზე მათი ჩაცმულობა და იერი. ეგებ, მათი ნება რომ ყოფილიყო, გადაეგდოთ ხელჯოხები, მოესროლათ ცილინდრები და, კრიკეტი იქეთ იყოს და, ფეხბურთი ეთამაშათ მათი კბილა ბღენძებთან ერთად…

არვის უკითხავს, რა უფრო სურდათ. და ახლა ვერც ვერვინ კითხავს.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Five Boys: The Story Of A Picture by oxfordschoolofphotography

Toffs and Toughs – The photo that illustrates the class divide in pre-war Britain, 1937

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “ბღენძნი და ბღვერნი”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: