“ფარგო” და ლორას ბუშტი

ამბავი, ახლა რომ უნდა მოვყვე, “ფარგოდან” ვიცი. ამ შესანიშნავი ამერიკული დეტექტური სერიალის III სეზონის V ეპიზოდში მოვისმინე და გამოგონილი მეგონა. გადამოწმება ვცადე და – მართალი აღმოჩნდა.

უცნაური ისტორიაა. ეგებ, დაუჯერებელიც კი მოგეჩვენოს.

Fargo EP 3

2001 წლის ივნისის თვეში გოგო, რომელსაც ლორა ბაქსთონი ერქვა ბაბუას და ბებიას სტუმრობდა სთეფორშერში. იქ ლამაზი, ოქროსფერი საჰაერო ბუშტი აიღო, შეაბა ბარათი – “გთხოვთ, დაუბრუნოთ ლორა ბაქსთონს”. უკანა მხარეს მისამართიც მიაწერა და ჰაერში გაუშვა. ქარიანი დღე იყო. სთეფორშერში ხშირადაა ქარიანი დღეები. გაიტაცა ბუშტი, წაიღო. წაიღო. მაღლა ცაში აიტაცა. ისე მაღლა, რომ ლორა პაწაწა წერტილადღა ხედავდა ღრუბლებს შორის და ბაბუა სათვალითაც კი – ვეღარ. ამასობაში ბებომ სადილად უხმო და ბაბუამ და შვილიშვილმა ცაში ყურებას თავი ანებეს და სახლში შევიდნენ.

საჰაერო ბუშტმა კი ფრენა განაგრძო. არც ხის კენწეროს წამოედო. არც წისქვილის ფრთას. არც რომელიმე ჩიტის ნისკარტს გადაეყარა. იფრინა 225 კილომეტრი და პატარა სოფლის, მილთონ ლილბორნის საძოვრებზე დაეშვა. იქ ფერმერ ენდი რივერზს ძროხები გაეყვანა საბალახოდ. ბუშტი რომ დაინახა, დაწვდა და სადმე გადავაგდებო, იფიქრა, მაგრამ ბარათი შენიშნა. წაიკითხა და შინ წაიღო. მეზობლები ყავდა გვარად ბაქსთონები იმათ კიდევ გოგონა სახელად ლორა. მისამართი აღარ წაუკითხავს – იმისი იქნებაო, იფიქრა და მიუტანა.

ამ მეორე ლორა ბაქსთონმა იუცხოა. ასეთი ბუშტი არ მქონია და არც დამკარგვიაო, მაგრამ მისამართი რომ ნახა, არ დაიზარა, დაჯდა და იმ პირველ ლორა ბაქსთონს წერილი მისწერა – მეც ლორა ბაქსთონი მქვია, ათი წლის ვარ (სინამდვილეში ჯერ სრული ათისა არ იყო, მაგრამ აღარც ბევრი აკლდა და რომ ეკითხებოდნენ, ათისა ვარო, ამბობდა) აქა და აქა ვცხოვრობ, შენი ბუშტი ვიპოვნე და მინდა დაგიბრუნოო.

გოგონები შეხვდნენ და სახელის, გვარის და ასაკის გარდა, სხვაც ბევრი რამ მსგავსება ნახეს – ორივე დედისერთა იყო. ორივე 140 სანტიმეტრი სიმაღლისა. ორთავეს ცისფერი თვალები ჰქონდა და წაბლისფერი თმა კიკინებად დაწნული. როცა შეხვდნენ, იმ დღეს ორივეს ჯინსის შარვალი ჩაეცვა და ვარდისფერი პულოვერი. ორთავე ცხოველების მოყვარული იყო და შინაური ცხოველიც ბევრი ჰყავდათ – ნარინჯისფერბეწვა ხალებიანი ზღვის გოჭები, ნაცრისფერი ბოცვრები და შავი ფერის ლაბრადორები.

ეგკიარა, იერითაც გვანან ერთმანეთს.

ამ ყველაფერმა გოგონები, მათი მშობლები და ყველა ვინც ეს ისტორია მოისმინა განაცვიფრა. თუმცა, სტატისტიკის მოყვარულნი ამბობენ, რომ ამ ტიპის შემთხვევითი დამთხვევები მეტისმეტად ხშირია რომ განსაცვიფრებელი იყოს. დეივიდ ჰენდი, ლონდონის “იმფერიალ ქოლეჯის” მათემატიკის პროფესორი, დიდი ხანია, ჩვენ რომ უცნაური გვგონია, ისეთ შემთხვევებს იკვლევს და რაციონალურ ახსნასაც პოულობს. წიგნიც დაწერა “შეუძლებლობის პრინციპი” (The Improbability Principle). ასე ამბობს – სამყაროში მრავალი რამ ხდება, რასაც რაციონალური ახსნა აქვს, მაგრამ ადამიანის გონება მაგიურ ძალას მიაწერს. ეს იმიტომ ხდება, რომ ერთი მძივის რამდენიმე თვალს ვაკვირდებით მხოლოდ და არა მოვლენების ჯაჭვს. როგორც პატერ ბრაუნი ამბობდა – ხეებს იქეთ ტყეს ვერა ვხედავთ.

მაგრამ ლორა ბაქსთონს ერთსა თუ მეორეს, მათ მშობლებსა და ახლობლებს და ყველას, ვინც მათ ამბავს ისმენს, მშრალ სტატისტიკაზე მეტად ბედისწერაზე ყველაფრის გადატანა მოსწონს. ასე უფრო რომანტიკულია.

გოგონები დღემდე მეგობრობენ. და უცნაური თუ რამეა, ესაა სწორედ 🙂 – ასეთი მსგავსი ადამიანების ასე დამეგობრება.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

‘Fargo’ Fact Check: The Story of Laura Buxton’s Balloon Really HappenedTwo Girls, a Golden Balloon, and Fate

5 thoughts on ““ფარგო” და ლორას ბუშტი

  1. რა საინტერესო ამბავია.
    ფარგო კი მაქვს ნანახი, მაგრამ ეგ ისტორია არ მახსოვდა.
    შეიძლება ყველა ეპიზოდი არც მაქვს ნანახი

    ლინკზე რომ სტატიაა, იქ მე-5 ფარგო წერია, შენ მე-3 ეპიზოდი გიწერია.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.