კულინარია უდავოდაა ხელოვნების ნაწილი. ყოველთვის ამას ვამბობ. იაპონელი არტისტის, მანამი სასაკის სამზარეულოში ტრადიციული იაპონური მხატვრობა და ევროპული კულინარია შეხვდნენ ერთმანეთს.
ფრანგული ტოსტი არამხოლოდ ძალიან გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი ტრადიციული საუზმეა, არაჩვეულებრივი “ტილოც” შეიძლება იყოს, თურმე.
მანამი სასაკი მხატვარი, ილუსტრატორი და დიზაინერია. ჩვეულებრივ, ტანსაცმელსა და სხვადასხვა აქსესუარებს აფორმებს, მაგრამ, როდესაც კოვიდის გამო შინ აღმოჩნდა გამოკეტილი და შეკვეთებიც შემოეძარცვა, ტოსტებზე ხატვა დაიწყო.
ჩემი საქმე სიამოვნებას მანიჭებს. დილით ადრე ვიღვიძებ და სახელოსნოში მივიჩქარი, მაგრამ, რაკი იძულებით სახლში დარჩენა მომიწია, მსურდა, ადრე ადგომის ჩვევა არ დამეკარგა და სიცარიელე იმ საქმით შემევსო, ბედნიერებას რომ მომიტანდაო, – ამბობს მანამი სასაკი.
მოხატული ფრანგული ტოსტების სერია სახელად “ქალი ქუხნაში” “დარჩი სახლში” ტრადიციული იაპონური მოტივებითაა გაჯერებული: ქვების ბაღი, კინცუგი (გატეხილი და შეწებებული კერამიკული ნივთები), ჰანაფუდა (იაპონური ბანქოს ქაღალდი), ნიჰონ ბუიო (იაპონური ცეკვა), მანგა (იაპონური კომიქსები), მწერლების, მხატვრების პორტრეტები, ფერწერული ტილოები და წიგნების ილუსტრაციები (სეი სიონაგონი, მიფი, უტაგავა კუნისადა) – რა არ გადაიტანა გამომცხვარ პურზე მანამი სასაკიმ. ყველაფერი, რაც იტაცებს, მოსწონს და სურს, მსოფლიოს გაუზიაროს.
ტოსტზე ხატვა მე არ მომიგონია, მაგრამ გურმანი ვარ და ვიზუალთან ერთად გემოვნებით თვისებებსაც ვითვალისწინებ, მსურს, ტილოდ ქცეული ტოსტი ისეთივე გემრიელი იყოს, როგორ ლამაზადაც გამოიყურებაო, – ამბობს მანამი სასაკი და მხოლოდ იმ ინგრედიენტებს იყენებს, რაც საკვებად ვარგისია და ერთ ტოსტზე მეზობლობისას ურთიერთს არამხოლოდ ვიზუალურად ამდიდრებს – იოგურტი, მდოგვი, კარტოფილი, ლორი, ძეხვი, ბრინჯი, კიტრი, პომიდორი, ბალი, ფორთოხალი, ანანასი, სხვადასხვა სახის მწვანილი…
ერთი ეგაა, ტოსტზე დახატვას იმდენი დრო მიაქვს (მინიმუმ სამი და ყველაზე მაქსიმუმ ექვსი საათიც კი დაჭირებია), რომ ის ტოსტი საჭმელად უკვე უვარგისია. 🙂
ეგებ, ასე ჯობდეს კიდეც – ისეთი ლამაზია, საჭმელად დაგენანება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
მანამი სასაკის მიერ გაფორმებული ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარი: Sasamana
Instargam @sasamana1204.
Interview With Artist. Borepanda