როცა ლაპარაკობს ლუის ქანოვერი

როდესაც საპროტესტო მუსიკას ახსენებენ ხოლმე – გვახსენდება როკი, პანკი, რეპი… ჯაზზე იშვიათად იტყვიან. ჯაზი რაღაც დავარცხნილი, კლასიკასთან ახლოს მდგომი, სმოკინგიანი ადამიანების მუსიკა ჰგონიათ. პროტესტამდე არმისული. მაგრამ საბჭოთა სისტემის დამანგრეველთა გვერდით ჯაზიც იყო. შეიძლება, გვერდით კიარა – სათავეშიც. ბევრი დისიდენტისთვის დასავლეთი იწყებოდა ჯაზის ჰანგებით. თავისუფლება კი უილის ქანოვერის ხმით ლაპარაკობდა.

Willis Conover VOA 1969

უილის ქანოვერი (Willis Conover) “ამერიკის ხმის” მუსიკალური გადაცემის “ჯაზის საათის” (Voice of America Jazz Hour) წამყვანი იყო. მთელი 40 წლის განმავლობაში. მოსესი არ იყოს. 🙂 გადაცემა ეთერში 1955 წლის 6 იანვარს გავიდა პირველად. ეს არის ეპოქა, როდესაც ჯაზი საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად აკრძალულია. “დღეს უკრავ ჯაზს – ხვალ სამშობლოს გაყიდი” – ასე ამბობდნენ. საბჭოთა სატელიტებშიც დიდწილად მსგავსი ამბავი ხდებოდა. უილის ქანოვერის მიზანი აუდიტორიისთვის ჯაზის სამყაროს სიახლეებისა და ჯაზური მუსიკის = ამერიკის მუსიკალური კულტურის გაცნობა იყო. ქანოვერი არ ლაპარაკობდა პოლიტიკაზე. თუმცა, ჯაზური მუსიკის წინ წამოწევის მიზანი, ერთგვარად და არაპირდაპირ, საბჭოურ პროპაგანდაზე პასუხიც იყო – საბჭოთა პროპაგანდა აშშ-ს რასისტულ ქვეყნად წარმოაჩენდა, შავკანიანებს კი ჩაგრულ, დისკრიმინირებულ კლასად. შეხვედრები ამერიკული ჯაზის წარმატებულ მუსიკოსებთან (რომელთა უმრავლესობა შავკანიანი იყო), მათი კონცერტების, ჩანაწერების ტრანსლირება პრესტიჟული დარბაზებიდან – ეს ყველა ამერიკის პოზიტიურ იმიჯის ქმნიდა.

ისინი გააფთრებულ ორთაბრძოლაში ჩაებნენ მსოფლიოს გულისა და გონების დასაპყრობად.
ფენნი ფონ ეშენი. ამერიკული ჯაზის მკვლევარი

ქანოვერს რადიოში კი ჰქონდა ნამუშევარი (მერილენდის რადიოსადგურ WTBO-ში – დიქტორად), მაგრამ არც მუსიკალური განათლება ჰქონია და საყვირისა და საქსოფონის ბგერასაც ვერ ასხვავებდა ერთი მოსმენით. 🙂 არაჩვეულებრივი დიქციისა და ხავერდოვანი ხმის გამო არჩიეს მრავალ სხვა პრეტენდენტს და “ჯაზის საათის” წაყვანა ანდეს.

გადაცემის ქუდი გენიალური Take the “A” Train-ია, ჯაზის სტანდარტი, დიუქის ბიგ-ბენდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.

ჯაზი, როგორც თავისუფალი ადამიანების თავისუფალი მუსიკა – “ჯაზის საათის” კვინტესენცია იყო. თუმცა, ჯაზის ამერიკელი ვარსკვლავები ხშირად მონაწილეობდნენ საპროტესტო მოძრაობაში. კონცერტებზეც უთქვამთ უარი, მანიფესტაციებზეც გამოსულან. რასიზმი 50-იანების ამერიკაში დიდი პრობლემა იყო, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულები იყვნენ თავად ჯაზმენები.

კანის ფერის, ეროვნული წარმომავლობის გამო წარმოშობილი კონფლიქტები ამერიკის განვითარებას აფერხებს. ჩვენი უუნარობით, რაციონალურად მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები, სარგებლობენ რუსები და წინ მიიწევენ.
დიუქ ელინგთონი

მაგრამ შავკანიანი ადამიანი, რომელიც ღიად აკრიტიკებს საკუთარ ხელისუფლებას და პოლიცია კი არ აკითხავს ღამით (როგორც ეს საბჭოთა წესი იყო), კონცერტებსაც არ უუქმებენ და კვლავ იწვევენ რადიოში – უკვე პოზიტიური პროპაგანდაა.

დიპლომატის ნიჭისა და პიროვნული ხიბლის წყალობით, ქანოვერი ბევრი ჯაზმენის მეგობრად იქცა. მის გადაცემაში იმ დროის უდიდესი ვარსკვლავები მიდიოდნენ. და ასე – 40 წლის განმავლობაში.

ჯაზი ყველა მუსიკოსს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. ეს არის თავისუფლება ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გზით. ამერიკული საზოგადოების მთავარი იდეაც ხომ ესაა.
უილის ქანოვერი

Adam Clayton Powell Jr

“ჯაზის საათის” სათავეებთან ამერიკელი კონგრესმენი ადამ ქლეითონ ფაუელი (Adam Clayton Powell Jr.) იდგა. ფაუელმა ამერიკის პრობლემები თავადაც იცოდა კარგად. მითუფრო – რასიზმი. შავკანიან კონგრესმენს კონგრესის აუზში არ უშვებდნენ, რაკი “მხოლოდ თეთრებისთვის” იყო. ის კი ლამის ხელჩართული ორთაბრძოლით მიიკვლევდა წყლისკენ გზას. მაგრამ, ამავე დროს, ფაუელს სწამდა “ამერიკული ოცნების” და დარწმუნებული იყო, ამერიკას, მთელი მისი შუქ-ჩრდილით, თავისუფალი სიტყვისა და იდეების პროპაგანდის მისია აკისრია. და – თავისუფალი მუსიკისაც. ფაუელმა ჯაზის მეშვეობითა და ჯაზის ვარსკვლავების დახმარებით მოახერხა აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანასთან კულტურული და პოლიტიკური ხიდის გადგმა.

ფაუელისეული “ჯაზის მოციქულების” (Jazz Ambassadors) პროგრამა ოფიციალურად 1956 წელს დაიწყო. ლუი, დიუქი, დიზი გილესფი, ბენი გუდმენი აშშ-ს კულტურულ ელჩებად იქცნენ – შემოიარეს ირანი, პაკისტანი, ლიბანი, თურქეთი, იუგოსლავია, საბერძნეთი (სადაც იმ დროს კომუნისტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და აშშ საელჩოსთან სტუდენტების ანტიამერიკული დემონსტრაციები იმართებოდა).

Louis Armstrong

1958 წელს დეივ ბრუბექი ეწვია პოლონეთს. 1960 წელს ლუი არმსთრონგმა აფრიკის 14 ქვეყანა შემოიარა. 1962 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, ბენი გუდმენს უფლება მისცეს საბჭოთა კავშირში ჩამოსულიყო. მან თბილისშიც დაუკრა. კონცერტს მამაჩემიც დაესწრო. ❤

ამასობაში ქანოვერმა საყვირისა და საქსოფონის ბგერის გარჩევა ისწავლა და ჯაზიც შეუყვარდა. 🙂 მისეული ინტერვიუების ციკლი უდიდეს ამერიკელ ჯაზმენებთან “ჩანაწერების ეროვნულ რეესტრშია” (National Recording Registry) – ჩვენთან ამას “რადიოს ოქროს ფონდს” ვუძახით. ზემოთ ქანოვერის დიპლომატიის ნიჭი და პიროვნული ხიბლი ვახსენე. განა ტყუილად – ართ თეითუმი, დიდი ამერიკელი პიანისტი, თავისებური და მძიმე ხასიათის ჭირვეული კაცი, იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუს. ქანოვერმა დაითანხმა და ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და საინტერესო საუბარი, რაც კი ოდესმე თეითუმსა და ჟურნალისტს შორის შემდგარა, ეს ინტერვიუა სწორედ.

1990 წელს ბერქლის სამუსიკო კოლეჯმა უილის ქანოვერს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ქანოვერი 1996 წელს გარდაიცვალა. იმქვეყნად (თუ სადაცარის) ჯაზის ჰანგებით გააცილეს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S. ან ამბავი ბონუსად

1968 წელს დიუქმა რელიგიური ჰიმნების კონცერტი – Second Sacred Concert ჩაეწრა, სადაც შესულია კომპოზიცია It’s Freedom (“ეს არის თავისუფლება”). კომპოზიციაში ისმის დიუქ ელინგთონის ხმა, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება არის სიტყვა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მრავალ ენაზე იმეორებენ, რასაც მოსდევს მისი და მისი ორკესტრის წევრთა შეძახილები – ისინი წარმოთქვამენ მხოლოდ ერთ სიტყვას – “თავისუფლება” სხვადასხვა ენაზე: ფრანგულად, ესპანურად, იტალიურად, პორტუგალიურად, ლათინურად, გერმანულად, ჰოლანდიურად, დანიურად, ნორვეგიულად, რუსულად, ქართულად, ბერძნულად, იაპონურად, ჩინურად, სუაჰილიზე, ებრაულად.

ქართული ენა დიუქს “შეასწავლა” ფათრისია უილარდმა, რომელიც ჯაზის ისტორიის ცნობილი მკვლევარია, იმ დროს კი ელინგთონთან მუშაობდა პრეს-მენეჯერად. ფათრისია უილიარდის მამა, დოქტორი რალფ სთენლი უილარდი თბილისშია დაბადებული. წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ოჯახმა საქართველო დატოვა და 1922 წლიდან ამერიკაში დასახლდა. რალფ უილიარდი იმ დროს 19 წლისა იყო. დოქტორი უილიარდი კრიონიკის ერთ-ერთი პიონერია ამერიკაში.

(სხვათა შორის, ის ცნობილი ქართველი ლოველასის “პრინც” დავით მდივნის კარგი მეგობარი იყო და თავადაც ჰქონდა გარკვეული შეხება კინოსთან – როგორც კონსულტანტი მუშაობდა 1940 წელს გადაღებულ ფილმზე “ადამიანი ცხრა სიცოცხლით” (The Man With Nine Lives) ბორის კარლოფით მთავარ როლში).

ბარემ დავწერ აქვე, რომ ქართულ სიტყვას დიუქის კომპოზიციაში ბევრი წელი ვდიე. პირველად საბჭოთა კავშირის დროს მოვისმინე და, ცხადია, მაშინ, რკინის ფარდის მიღმიდან ვერაფერს გავარკვევდი. სუსურუკუ რომ ჩამოიქცა და მე კომპიუტერი და ინტერნეტი მოვიგდე ხელთ (ინგლისური კი ვიცოდი) დავიწყე ძებნა და ჯერ დიუქის ფონდს მივაკვლიე და მივწერე, იმათ კი არ დაიზარეს და ქალბატონ უილარდთან გადამამისამართეს.

ფათრისიამ “თავისუფლების” ისტორიაც მომწერა, თბილისის და საქართველოს ამბებიც გამომკითხა და დიუქის ორი ალბომიც გამომიგზავნა საჩუქრად.

***

ასევე: ერთი დღე ჰარლემში

***

The Jazz Ambassadors

How the U.S. Used Jazz as a Cold War Secret Weapon

America’s Coolest Weapon During The Cold War: Jazz

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: