მადლობა, ბატონო პუავრ

ყოველთვის, როდესაც რამე გემრიელობას მიირთმევთ ან თავად ამზადებთ ჯერ, რომ მიირთვათ შემდეგ (და სხვებსაც გაუმასპინძლდეთ) მადლობა უთხარით ბატონ პუავრს. ბატონი პუავრია ადამიანი, ვისი წყალობითაც გვაქვს ამდენი და მრავალფეროვანი სუნელ-სანელებელი, რის გარეშეც გემრიელობა აბა რა გემრიელობა იქნებოდა.

სანამ ბატონ პუავრზე დავწერ, ჯერ გეო-პოლიტიკაზე და კომერციულ ომებზე უნდა ვთქვა, სხვაგვარად არ გამოვა. და 400-500 წლით წარსულში გადავაბიჯო. ის პერიოდია, როდესაც ევროპელი მოგზაურები ახალ მიწებს დაეძებენ და ახალ სანაოსნო გზებს ჭრიან. პორტუგალიელები – სამხრეთ ამერიკისკენ და აფრიკისკენ, ესპანელები – ჩრდილოეთ ამერიკისკენ, ინგლისელები და ჰოლანდიელები – ინდოეთისკენ. იქ დიდძალ სიმდიდრეებს პოულობენ და ევროპაში ეზიდებიან. იქმნება უზარმაზარი სავაჭრო-სამრეწველო კორპორაციები. აღმოსავლეთ-ინდურს რომ უძახიან. ეს სახელმწიფო მონოპოლიები კოლონიალურ მიწებზე სხვადასხვა ნედლეულის მოპოვების, გადამუშავების, ევროპისკენ გადაზიდვის და გაყიდვის მიზნით იქმნება. ყველაზე ძველი და პირველი ინგლისური აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო კომპანია (East India Trading Company) იყო, რომელიც 1600 წლის 31 დეკემბერს დაფუძნდა. სულ მალე, 1602 წლის 20 მარტს ჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია (Vereenigde Oostindische Compagnie) შეიქმნა. იმ ამბისთვის, ახლა რომ ვყვები ეს მეორეა მნიშვნელოვანი, რაკი სწორედ მან ჩაიგდო ხელთ სანელებლების ბიზნესი. ქათამს ვერ შეწვავდი პარიზში, პიცას ვერ გამოაცხობდი ნეაპოლში, ღორს ვერ შეაშაშხებდი მიუნხენში, ჰოლანდიელებისგან სნელებელი რომ არ გეყიდა… თუმცა, კი შეწვავდი, გამოაცხობდი და შეაშაშხებდი, მაგრამ ვაი ამ შაშხს – პილპილი ხომ მაინც უნდა მოგეყარა, სხვა საკმაზი თუ არაფერი.

ფრანგები ამ აღმოსავლურ-ინდურ საქმეებში გვიან გამოჩნდნენ, ლუი მეთოთხმეტისა და კოლბერის ინიციატივით – 1664 წლის 1 სექტემბერს. დიუმას “10 წლის შემდეგ” – დ’არტანიანი, ფრანგულ-ჰოლანდიური ომები… კი, ამ ამბებზეცაა.

ფრანგული აღმოსავლეთ ინდური კომპანია (Compagnie française pour le commerce des Indes orientales) ბამბით, აბრეშუმით და სხვადასხვა საღებავით ვაჭრობდა. ლიონში, ბატონი პუავრის მშობლიურ ქალაქში, დიდი საფეიქრო მანუფაქტურები იყო და ტყუილად ხომ არ ვიცნობთ საფრანგეთს მოდის კანონმდებლად. ძველი დროიდან მოსდგამთ ასე…

ეს იყო შესავალი. 🙂 თუ არ მოგბეზრდათ და კითხვა არ მიაგდეთ, მთავარი ამბები ახლა იწყება.

Pierre Poivre

ამ დროს ბატონი პიერ პუავრი (Pierre Poivre) დაბადებულიც არ იყო, ნახევარი საუკუნის შემდეგ გაჩნდა – 1719 წელს. ქალაქ ლიონში. მამა – ფარჩით მოვაჭრე ყავდა, თავად კი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და ბოტანიკით იყო გატაცებული. 20 წლის ძლივს შესრულდა, აღმოსავლეთს რომ გაემგზავრა პირველად. ამ დროს იქ საფრანგეთსა და ინგლისს შორის ომი იყო გაჩაღებული. პუავრმა რამდენიმე სამხედრო-საზღვაო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მარჯვენა ხელის მტევანიც დაკარგა.

როგორც დავწერე, ფრანგებიცა და ინგლისელებიც ინდოეთიდან ძირითადად ქსოვილებს ეზიდებოდნენ, მაგრამ ბოტანიკოსსა და გურმან პიერ პუავრს სხვა ჭია აწუხებდა. ეს ფარჩა-ფურჩა კარგია, მაგრამ პური არა ვჭამოთ გემრიელადო? ამბობდა. სადაური წესია, მე რომ სავახშმოდ ვჯდები, ჰოლანდიელმა სანელებელი თუ არ მომყიდა, ისე გემოსაც ვერ ჩავატანო. წუხდა ბატონი პუავრი.

ჰოლანდიელები სანელებლებზე თავიანთ მონოპოლიას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ. მალუკუს კუნძულებს სწორედ ასე – სანელებლების კუნძულს უძახდნენ და მრავალრიცხოვანი სამხედრო გარნიზონით იცავდნენ.

ამასთან, გაიძვერა ჰოლანდიელები ამ სანელებლებს დაძველებულს და დამუშავებულს ყიდნენ, ისე, რომ თესლის გამორჩევა და დათესვა შეუძლებელი ყოფილიყო. ამის გამო არც მდიდარი გემო ჰქონდა და არც არომატი, მაგრამ მონოპოლისტებს საქონლის ხარისხი არ ადარდებდათ დიდად.

პუავრმა იმდენი ქნა, რომ ფრანგული აღმოსავლეთ ინდური კომპანიის მესვეურები დაიყოლია და საგანგებო მისიით ინდოეთის ოკეანის კუნძულებისკენ გაემგზავრა. ბევრი ამბავი გადახდა თავს, მაგრამ ახლა ამდენს პოსტი ვერ დაიტევს. ჰოლანდიელების წინააღმდეგ ესპანელებთან შეკრა პირი, რომელთა კოლონიებიც იქვე, ფილიპინებზე იყო – მათი მეშვეობით კონტრაბანდისტებისა და ათასი ჯურის ქურდბაცაცისგან რაზმი შეკრა და ჰოლანდიურ კოლონიებში გადასხა… თესლების მოსაპარად. 🙂

მისია წარმატებული იყო. პუავრის ხელში აღმოჩნდა ჯავზის და მიხაკის ცოცხალი თესლები. ბოტანიკის კარგ მცოდნეს ადგილიც შერჩეული ჰქონდა – მავრიკისა და ბურბონის (დღეს – რეუნიონი) კუნძულებზე, რომლებიც ფრანგებს ეპყრათ. ჰოლანდიელებისგან მოპარული თესლები იქ დათესა. მოგვიანებით, უკვე ნაცადი ხერხით, სხვა სანელებლებიც მოიპოვა. ნაწილი ისევ იქ, ნაწილის გახარება კი სეიშელის კუნძულებზე მოსინჯა.

ეს მოკლედ ვთქვი… რაღა მოკლეაო იტყვით, მაგრამ მთელი ამბები იყო… დეტექტური ისტორია განვითარდა: სხვა ბოტანიკოსი, რომელიც ყოველმხრივ ექიშპებოდა და ხელს უშლიდა პუავრს, ჰოლანდიელი აგენტები, რომლებმაც მისი ნათესები მდუღარე წყლით მორწყეს, თუ ვერ მორწყეს და ბევრი რამ კიდევ. ერთი დიდი კვლევის თემაა. და ბევრი წიგნი დაწერილიც არის…

ასე იყო თუ ისე, პიერ პუავრმა (სხვათა შორის, ფრანგული სიტყვა poivre წიწაკას ნიშნავს) სანელებლებზე ჰოლანდიელების მონოპოლია დაამსხვრია. მათგან განსხვავებით, თესლებით ვაჭრობაც გამართა. კონკურენტის გაჩენის შემდეგ, ჰოლანდიელებსაც მოუწიათ ფასების დაწევა და გემრიელად შეკმაზული საჭმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

მეფის სამსახური პიერ პიავრს დაუფასდა – მავრიკისა და ბურბონის ადმინისტრატორობა უბოძეს. მავრიკიში მან არაჩვეულებრივი ბაღ-ბოსტანი გააშენა, რომელიც დღემდე არსებობს და მრავალ ტურისტსაც იზიდავს. პუავრის პარკი არის სეიშელის კუნძლებზეც.

Pierre Poivre monument

Pierre Poivre monument (2)

ასეთი კაცი იყო პიერ პუავრი – უყვარდა გემრიელი საჭმელი და არ უყვარდა მონოპოლისტები. 🙂

Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

A Pepper acquiring Nutmeg: Pierre Poivre, The French Spice Quest and the Role of Mediators in Southeast Asia, 1740s to 1770s

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.