ერთი დღე ჰარლემში

ფოტო(ს)ისტორია

ფოტოგრაფმა ართ ქეინმა ისტორიული ფოტოს გადაღება მოიფიქრა. ხშირად ასე ხდება – ფოტოს რომ იღებ, არ იცი, ისტორიულია თუ არა. გადის დრო და, თურმე, ისტორიული ფოტო გადაგიღია. ქეინმა ნამდვილად იცოდა, რომ ისტორიულ ფოტოს იღებდა – ბევრი დიდი მუსიკოსის ერთ კადრში მოქცევა სურდა. ჰარლემში, მეხუთე ავენიუსა და მედისონ ავენიუს შორის, 126-ე ქუჩაზე შეკრიბა ყველა. ნიუ იორქში.

A Great Day in Harlem Photo location

ამ მუსიკოსთაგან ვიღაცები მეგობრობდნენ, ვიღაცები უბრალოდ გამარჯობას ეტყოდნენ ერთმანეთს, ვიღაცები – გამარჯობასაც არა. გვერდიგვერდ ნუ დადგებითო, – ეუბნებოდა ქეინი, – ვისაც გსურთ, სათოფეს იქეთო. ფოტოს სხვადასხვა კუთხეში დაგაყენებთო, მაგრამ ამ კადრში კი ერთად უნდა მოგაქციოთ, წყალი არ გაუვაო.
დააჯერა.

ერთ მუსიკოსს, დიდ პიანისტს შლაპა მოპარეს. ასე არ გადავიღებო, – თქვა. დამიბრუნეთ შლაპაო. აქვე იქნება, სად წავიდოდაო. ქარმა გაგტაცა, ალბათო, – ეუბნებოდა ქეინი, – შენი ჭირიმე, ფოტოს ნუ გამიფუჭებო. იმან შორს დაიჭირა. დამიბრუნეთ შლაპა, თორემ სახლში მივდივარო. ააგდო ქუდი და თავი შეუშვირა… თუმცა, რაც აღარ ჰქონდა, რას ააგდებდა.

თურმე, იქაურ ბავშვებს აეწაპნათ. ჩვენც გვინდა, კადრში მოვხვდეთო. თორემ, არ დავაბრუნებთო. სხვა რა ძალა იყო – ისინიც მოაქცია ქეინმა კადრში. თან, იფიქრა, ვინ იცის, გავა დრო და ამათგან რომელიმე მუსიკას გაყვეს და დიდი პიანისტი დადგესო.

ბოლოს ყველანი დამშვიდდნენ. ყველანი დალაგდნენ, როგორც სურდათ. ფოტო გადაიღეს. შლაპა დააბრუნეს.

ამ ფოტოს ახლა “დიდი დღე ჰარლემში” – ასე უძახიან.

A Great Day in Harlem

ჟურნალში Esquare გადაწყვიტეს, ამერიკული ჯაზის ისტორიისთვის დაეთმოთ 1959 წლის პირველი ნომერი. ამ დროს იყო, ართ ქეინი რომ მივიდა რედაქციაში და მოდით, ყველა ჯაზმენი, ვინც სახელიანია, ვინც ახლა ნიუ იორქშია, ვინც ჯაზის კორიფეა, შევკრიბოთ და ფოტო გადავუღოთო. ჩვენ როგორ არ მოგვივიდა ეს აზრიო – ხელი შუბლზე შემოირტყეს ესქუაირელებმა და საქმე თავად იდეის მომტანს ანდეს.

1958 წლის 12 აგვისტოს სულ 58 მუსიკოსი შეიკრიბა, თუმცა ერთმა, უილი სმითმა, მეტსახელად The Lion (ლომი) მიატოვა ფოტო-სესია და სადღაც მოშორებით ჩამოჯდა კიბეზე. ბევრად დიდი დრო დაიჭირა ყველაფერმა, ვიდრე შეთანხმებულები ვიყავით და დავიღალე ფეხზე დგომითო (ასე იგონებს თავად). გული მოუვიდა რაღაცაზეო (ასე ახსოვთ სხვებს), ამიტომ საბოლოო ფოტოზე – 57-ნი არიან. მართლა კორიფე ხალხი. ქაუნთ ბეიზი (შლაპა ვისაც მოპარეს), დიზი გილესფი, ართ ბლეიქი (ამის კონცერტზე ნამყოფი ვარ თბილისში), ლესთერ იანგი, თელონიუს მონქი, ჩარლი მინგუსი, ჯერი მალიგანი, როი ელდრიჯი, სონი როლინზი, ქოულმენ ჰოუქინზი. ეს ბუმბერაზებია, მაგრამ დანარჩენებიც ძალიან მაგრები არიან ჯინ ქრუფა, სთაფ სმითი, ჯიმი რაშინგი, ჰორას სილვერი, მარი ლუ უილიამზი(აქ – სრული სიაა) კიდევ მეტნი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ რამდენიმე, ვინც შეპირებული იყო, ვიღაც არ/ვერ მოვიდა, ვიღაცას შეაგვიანდა და, როცა მოვიდა, ყველაფერი დასრულებული იყო. 🙂 ასეთი ხალხია ჯაზმენები. რა გაეწყობა. დიზი გილესფის დაგვიანებულები შეეცოდა და მათთან ცალკე გადაიღო ფოტო, ფოტოსგარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ. მათ შორის დიდი ჰარდბოპერი ჩარლი როუზიც იყო. ის თელონიუს მონქთან ერთად უკრავდა, მონქი კი, ვისაც მოუსმენია, იმპროვიზაციის ღმერთია. დრო და სივრცე, ჩვენ როგორიც ვიცით, მონქის მუსიკისთვის არ არსებობს. არც საზღვრები აქვს არც განზომილება… ამიტომ დააგვიანდა, უთუოდ, როუზს. თუმცა, თავად თელონიუს მონქმა კი მოახერხა დროზე მისვლა. 🙂

ეს ფოტო ნობელის პრემიის მსგავსია. 🙂 რამდენ დიდ მწერალსაც არ უნდა მიანიჭონ, მაინც ის რომ გაგახსენდება, ვისაც ეკუთვნოდა და არ აქვს. დახედავ ქეინის ფოტოს და იტყვი: აბა, ეს რატომ არაა, ის რატომ არაა. განა, ლუი არმსთრონგის გარეშე შეიძლება? ან დიუქის? ან ელასი? ბილი ჰოლიდეი? დეივ ბრუბექი? ფოლ დეზმონდი? ანითა ო’დეი? ჯონ ქოლთრეინი? ჩარლი ფარქერი?… მერე ჩახედავ ვიკის და – ფარქერი 58-ში უკვე ცოცხალი აღარ იყო. მაგრამ დანარჩენები ხომ იყვნენ?

ართ ქეინმაც იცოდა ეს, განა, არ იცოდა. ლუი არმსთრონგს, დიუქ ელინგთონს ცალკე ეწვია, ფოტოები გადაუღო და ჟურნალის იმავე ნომერში განათავსა. კიდევ ერთი ფოტო იყო Esquare-ის ჯაზურ ნომერში – ჩარლი ფარქერის საფლავის.

ქეინს არამხოლოდ ჯაზის კორიფეების ფოტოები აქვს გადაღებული – ყველანაირ დიდ მუსიკას აფასებდა. ჯენის ჯოფლინის ფოტოებიც დაგვიტოვა და ბლიუზის თუ როკის სხვა მუსიკოსების. ეს ისე – FYI.

ართ ქეინი 1995 წელს გარდაიცვალა. ჯაზმენებიც ქეინის ფოტოდან აღარ არიან ცოცხლები, ორის – ბენი გოლსონისა და სონი როლინზის გარდა (bzw გოლსონის ავტოგრაფს ეძებს ჰენქსის პერსინაჟი ფილმიდან “ტერმინალი”)

აქ რამე ბანალურის დაწერა შეიძლებოდა – დრომიდისკადრებიკირჩება-ს მსგავსის… მაგრამ, ჯობს, იმ ფოტოს ხალხის მუსიკა დაგიტოვოთ.

პირველ ვიდეოში ორი გენიოსი საქსოფონისტი – ქოულმენ ჰოუქინზი და ლესთერ იანგი. ფორტეპიანოსთან – უილი სმითია. კლარნეტზე ფი უი რასელი უკრავს, დასარტყამ ინსტრუმენტთან – სონი გრირია.

მეორეში – ქაუნთ ბეიზი და დიზი გილესფი.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Golden Age of Jazz. Esquire, January 1959 Issue

A Great Day In Harlem: The Most Amazing Photograph In Jazz history

“A Great Day In Harlem”: Remembering the iconic 1958 photo of legendary musicians

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “ერთი დღე ჰარლემში”

  1. არ ვუსმენ ჯაზს და მაგ გვარებიდან მარტო ლუი არმსტრონგი ვიცი, მაგრამ ისე კარგად ყვები ამბებს რომ მაინც სიამოვნებთ წავიკითხე :)))

    Liked by 1 person

  2. არ უსმინო. ესენი მოგზავნილები არიან :))))))
    ალბათ ბარსას ფანებმა მოგიგზავნეს.

    ძალიან მაგარი ისტორიაა და ფოტოც. დიდი პოეზიაა ეს უბნები.

    ქენ ბერნსის ნაკრებიდან ეს ამბავი მომწონს – ბიქს ბაიდერბექი იყო (ხომ ხედავ, ქ ების წერა დავიწყე შენებურად) ჯაზის გარიჟრაჟზე მოღვაწე მუსიკოსი. აყვა გლახა ბიჭებს და დაიწყო ცუდი ნივთიერებების მოხმარება, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა. ერთხელ, რეპეტიციაზე მისულს სკამთან პატარა ნოუთი დახვდა: Wake up, Bix.

    Like

    1. მაგარი მუსიკოსი ყოფილა. არ ვიცოდი, არადა დევენფორთ ბლიუზის ავტორია.
      და ბევრ ბიგბენდში უკრავდაო ხოლმეო – გუდმანი, ქრუფა.
      და ფილმიც გადაუღიათ 🙂 უნდა ვნახო.

      მაგ ადგილს შეიძლება ჩავუარე კიდეც, ყოველ შემთხვევაში მედისონზეც და მეხუთეზეც ვსეირნობდი, მაგრამ არ ვიცოდი 😦

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: