ყველაზე ხშირად და ბანალურად ჰანს ვეგნერს სკამების დანიელ უფლისწულს უძახიან. თუ მაინცდამაინც შექსპირულ მეტსახელებზე მიდგა საქმე, მეფეა უფრო და არა უფლისწული. მითუფრო რომ მისი იდეები, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი, ყველა დიზაინერს ადგას თავს და მოსვენებას არ აძლევს. 🙂 როგორც დიდი გამოწვევა.
სკამი, ალბათ, ყველაზე ძველი გამოგონებაა. ბორბალზე უფრო ძველიც. ვეგნერი XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა და, ვინ დათვალოს, რამდენნაირი სკამი დახვდა. თუკი რამ ახლის შექმნა ჩანდა შეუძლებელი, აქ იყო სწორედ, მაგრამ ვეგნერმა მაინც ეს გზა აირჩია.
კარგი სკამის შექმნა ის ამოცანაა, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს დაძლევ.
ჰანს ვეგნერი
ჰანს ვეგნერის (Hans Jørgensen Wegner) მამა მეხამლე იყო. წაღების არტელი ჰქონდა. დანიური ქოშები ნანახი გექნებათ, ნანახი თუარა გაგონილი მაინც – ხისაა, ამიტომ ჰანსი ბავშვობიდან მეგობრობდა საჭრეთელთან, შალაშინთან და სხვა სადურგლო იარაღებთან. მამამ რომ შეატყო, გამორჩეული ნიჭი ჰქონდა, ხის სხვადასხვა ავეჯის კეთება შეასწავლა. ხელობა, შემდეგ – დიზაინი. ვეგნერმა ჯერ სახელოვნებო კოლეჯი დაამთავრა, სამხედრო სამსახურის მოლევის შემდეგ კი დიზაინის სამეფო სკოლასა და არქიტექტურულ აკადემიაში განაგრძო სწავლა. დაუახლოვდა იმ დროის ცნობილ დანიელ არქიტექტორებსა და ავეჯის დიზაინერებს და ყოველწლიურ გამოფენებშიც მიიღო მონაწილეობა.
პირველი დიდი შეკვეთა აარჰუსის ახალი მერიის 1938-40 წლების შენობის პროექტირება იყო, სადაც არქიტექტორებმა ერიკ მიოლერმა, არნე იაკობსენმა და ფლემინგ ლასსენმა მიიწვიეს როგორც შიდა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი.
არნე იაკობსენთან თანამშრომლობა მომდევნო წლებშიც გააგრძელა. კოპენჰაგენში სუპერმარკეტების ასეთი ქსელია – ირმა (IRMA). დანიური კოოპერატივების გაერთიანებას ეკუთვნის. კიდევ რამდენიმე სხვა ქსელიც აქვთ. მათთვის ავეჯი ვეგნერმა შექმნა.
დანიური სტილი ჩემთვის არის დაწურვის, სისადავის ძებნის მარადიული პროცესი. გამოჭრა უმარტივესი ელემენტები – ოთხი ფეხი, დასაჯდომი, ლარტყა და სამკლავური.
ჰანს ვეგნერი
ჰანს ვეგნერი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ავეჯის დიზაინის კომპანიებთან Fritz Hansen, Carl Hansen & Søn, PP Møbler.
Fritz Hansen ავეჯისა და აქსესუარების დიზაინის ერთ-ერთი უძველესი სტუდიაა, 1857 წლიდან არსებობს. მათთან მუშაობდა არნე იაკობსენიც. Carl Hansen & Søn 1908 წელს დაფუძნდა. PP Møbler კი 1953 წელს დააფუძნა დანიელმა ბიზნესმენმა, მეავეჯემ და ვეგნერის ახლო მეგობარმა ეინარ პედერსენმა.
ეს სამი კომპანია დანიური ინდუსტრიული დიზაინის ფლაგმანად რჩება დღემდე.
სიფრთხილე გვმართებს: საქმეს მეტისმეტი სერიოზულობით არ უნდა მივუდგეთ, მაგრამ ამ თამაშს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
ჰანს ვეგნერი
სკამებისა და სავარძლების გარდა, ჰანს ვეგნერს სხვა სახის ავეჯისა და სანათების დიზაინიც ეკუთვნის. დათვალიერება და შეძენა Danish Design Store-დან შეგიძლიათ.
მაგრამ ვეგნერის ყველაზე ცნობილი ქმნილება მაინც მისი “მრგვალი სკამია”. მასში საუკეთესოდ განსხეულდა დიზაინერის მრწამსი: სისადავე. მინიმალიზმი. ფუნქციონალურობა. კომფორტი.
ჟურნალმა Interior Magazine ვეგნერის “მრგვალი სკამი” მსოფლიოში ულამაზეს სკამად გამოაცხადა. გარეკანზეც გამოიტანეს ამ “სელებრითი” სკამის ფოტო.
ტყუილად ხომ არ შეარჩევდნენ აშშ-ში პირველი საარჩევნო ტელე-დებატებისთვის სწორედ ამ სკამებს. შეიძლება ითქვას, JFK ოვალური კაბინეტის საპრეზიდენტო სავარძელში პირდაპირ ჰანს ვეგნერის “მრგვალი სკამიდან” გადაჯდა.
დღესაც თუ სადმე იტყვიან ხაზგასმით – The Chair (არტიკლი ჩვენ არ გვაქვს, ასომთავრული – აღარ და “მისი უდიდებულესობა – სკამი” ასე თუ თარგმნი) სწორედ “მრგვალ სკამს” გულისხმობენ.
ჰანს ვეგნერი უამრავი გამოფენის მონაწილე და ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ პომპიდუს ცენტრში, MoMA-ში, მიუნხენის Die Neue Sammlung-ში.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Hans Wegner: Master of Nordic Design
Hans Wegner’s The Chair by Anna Carnick
ნურას უკაცრავად. სკამების მეფე-დედოფალი ჩემი იმზები არიან 🙂
LikeLiked by 1 person
ეგაა კარგი, რომ არჩევანი დიდია.
მე პრუვე მევასება ყველაზე მეტად
LikeLike