ფრანგული კომედიები ცალკე ჟანრია. ძალიან პოპულარული იყო. ფერნანდელი. ბურვილი. ლუი დე ფიუნესი. პიერ რიშარი… დღესაც გამორჩეული კომედიები აქვთ. ლელუში. დიუჟარდენი.
რეჟისორებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მათ შორის იქნებოდა რენე მალტეტიც, კინოკამერის ფული რომ ჰქონოდა. ასეც ხდება ხოლმე – კინოკამერის შესაძენად ფული არ ეყო, ფოტოკამერა იყიდა, მოეწონა ეს საქმე და მალტეტი-კინორეჟისორის ნაცვლად მალტეტი-ფოტოგრაფი გვყავს. ყველას, ვისაც ფოტოხელოვნება უყვარს.
იმ ფოტოგრაფზე ვამბობ, ყველა დროის საუკეთესო წინასაარჩევნო პლაკატი რომ შექმნა.
დარწმუნებული ვარ, უთვალავჯერ გაქვს ნანახი ფოტო, მაგრამ ავტორი, ეგებ, არც იცოდი.
რენე მალტეტი (René Maltête) ე.წ. ჰუმანიტარული ფოტოს წარმომადგენელი. ქუჩის ფოტოხელოვანი. ადამიანების გადაღება რომ უყვარს. გრძნობებს რომ დასდევს. ასეთები სხვაც ბევრია. მალტეტზე ბევრად სახელოვანიც. მაგრამ მალტეტს თავისი ნიშა აქვს – მის ფოტოებში ყოველთვის არის იუმორი. პარადოქსულ და სახალისო მომენტებზე ნადირობს.
მალტეტი 20 წლის იყო, როდესაც რეჟისორის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ფილმის გადაღება, კინორეჟისორობა სურდა. სწავლობდა. აკვირდებოდა. ჟაკ ტატისთანაც კი გაუმართლა მუშაობა. სამი წელი გადასაღებ მოედანზე გაატარა. 1954 წელს გადაწყვიტა, რომ მზად იყო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ცოდნა კი შეიძინა, მაგრამ საკმარისი ფული ვერა და (ალბათ, როგორც დროებითი თავშესაქცევი) Semflex შეიძინა (ფრანგული კომპანია იყო ასეთი SEM, მათი ფოტოკამერაა).
არაფერია ისე მუდმივი, როგორც დროებითი. :)ხუმრობაა ასეთი. რენე მალტეტის შემთხვევაში ასეც მოხდა. ფოტოგრაფიამ პროფესიონალურად გაიტაცა. 1958 წელს სააგენტო Rapho-მ დაიქირავა. იქ კი ტყუილად არვის ქირაობდნენ. ამ სააგენტოსთან თანამშრომლობდნენ უილი რონისი, რობერ დუანო, საბინე უეისი და ედუარდ ბუბა (ამ ოთხეულზე ცალკე პოსტები მაქვს “ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი”).
წარწერა კედელზე გაკრულ პლაკატზე: შვიდი სასიკვდილო ცოდვა.
რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის სადებიუტო, 1960 წელს გამოცემული “პარიზი – ქუჩები და სიმღერები” (Paris des rues et des chansons) რომელშიც ჟაკ პრევერის, ჟორჟ ბრასანსის, ბორის ვიანის ლექსები და მალტეტის ფოტოილუსტრაციებია.
მრავალი გამოფენის, ფესტივალის მონაწილეა. მის ფოტოებს აქვეყნებდნენ Life, Paris-Match, Punch, Stern… სახელით, დიდებით და პოპულარობით ბევრ სხვა ფრანგ ფოტოგრაფს ჩამორჩება, თუმცა რენე მალტეტს, ზემოთაც ვთქვი, თავისი, გამორჩეული ადგილი აქვს. პარიზი (და მსოფლიო) მისი ფოტოების გარეშე ვერ იქნებოდა ასეთი მხიარული, ხალისიანი და ზოგჯერ – ფუქსავატიც.
სხვათაშორის – mal ფრანგულად ავადობაა, ტკივილი, tête კი – თავი. Maltête – თავტკივანა გამოდის. 🙂
წარწერა პირველ ფოტოზე: ჰოსპიტალი. გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე. ბოლო ფოტო კი ქეინზიანიზმის შესანიშნავი ილუსტრაციაა. IYKWIM 😉
მალტეტი რისი მალტეტი იქნებოდა, საკუთარი თავისთვისაც რომ არ გაეკრა კბილი და ასეთი ავტოპორტრეტი არ გადაეღო.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ფოტო ცხვრებით ნანახი მაქვს, მაგრამ ზოგი სხვა ფოტოც მეცნო.
ავტორი მართლა არ ვიცოდი. რა კარგი ფოტოგრაფი ყოფილა. ავტოპორტრეტიც ძალიან მომეწონა. 🙂
LikeLiked by 1 person