ჩემ ბავშვობაში ნაყინი იყო სულ ორი სახის – ვაფლის ჭიქაში და ჯოხზე ჩამოცმული პლომბირი (რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო პლომბირი) შოკოლადის გარსში – ესკიმო (თუმცა, სინამდვილეში სულაც არ იყო ნამდვილი “ესკიმო”). მაგრამ ნამდვილი იყო თუ – არა ვაფლის ჭიქაზე უფრო გემრიელი კი იყო. ან – გვეგემრიელებოდა.
ნამდვილი “ესკიმო” რეგისტრირებული დასახელებაა და საუკუნის წინ ამერიკაში შექმნა დანიელმა ემიგრანტმა კრისტიან ნელსონმა (Christian Kent Nelson). ნელსონს აიოვას შტატის ქალაქ ოიავაში ტკბილეულის მაღაზია ჰქონდა. ერთ მშვენიერ, მზიან და ცხელ დღეს შენიშნა ბიჭუნა, რომელიც დახლის წინ იდგა და ფეხიდან ფეხზე გადადიოდა. ცქმუტავდა. დიდხანს იდგა. ისე დიდხანს, რომ ნელსონი მივიდა და ჰკითხა, რამით ხომ არ დაგეხმაროთო… ბიჭუნა გამოუტყდა, რომ ვერ გადაეწყვიტა, შოკოლადის ფილა ეყიდა თუ ნაყინი. ნელსონს ამ ორის შერწყმა მოაფიქრდა და ასე დაიბადა “ესკიმო”.
- “ესკიმო” კლასიკური შემთხვევაა, თუ როგორ ქმნის ბაზარი პროდუქტს (სხვა კარგი მაგალითია “უოქმენის” შექმნის ისტორია თავად მორიტა რომ ყვება და მისი მოგონების ნაწილი ვთარგმნე – დამზადებულია იაპონიაში).
კრისტიან ნელსონი შოკოლადით დაფარულ ვანილის ნაყინს თავდაპირველად I-Scream Bar-ის სახელით ყიდდა, 1922 წლის 24 იანვარს გამოგონება ოფიციალურადაც დააპატენტა. სახელი “ესკიმო” (Eskimo Pie) ბიზნესმენ რასელ სთოვერის (Russell William Stover) მოფიქრებულია, ვინც ნელსონს შეუამხანაგდა და ამ ახალი ნაყინის წარმოება დაიწყო. იმ ბიჭუნასი არ იყოს, ვისი სახელიც, სამწუხაროდ, არ ვიცით, შოკოლადი და ნაყინი მილიონობით ადამიანის უსაყვარლესი კოკლოზინია და ამ ორის შენივთება გენიალური მიგნება აღმოჩნდა – ნელსონი და სთოვერი მოთხოვნას ძლივს აკმაყოფილებდნენ და მხოლოდ იმ პირველ, 1922 წელს ყიდიდნენ დღეში მილიონ ცალ “ესკიმოს”. მომავალ წლებში – კიდევ მეტს. 1955 წელს ნელსონმა “ესკიმოს” ახალი დანადგარი შექმნა, რომელიც დიდი ზომის “ესკიმოს” ამზადებდა და შემდეგ პატარა ნაჭრებად ჭრიდა, რამაც ნაყინის წარმოება გაამარტივა და გააიაფა.
“ესკიმოს” ლიცენზიით აწარმოებენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის Nestle და Unilever (ეს მეორე – Algida-ს ბრენდის ქვეშ).
ბევრი კომპანია მსგავსი ფორმისა და რეცეპტურის ნაყინს აწარმოებს “ესკიმოს” დაურქმევლად.
1924 წელს საფრანგეთში დაფუძნდა კომპანია “ესკიმო-ბრიკ” (Esquimaux-Brick), რომელმაც უჯოხო “ესკიმოს” წარმოება დაიწყო და 4 წლის შემდეგ პატენტიც აიღო. დღეს Esquimaux-Brick-ის უფლებები Danone-ს ეკუთვნის, თუმცა, ამერიკელებთან შეთანხმების შემდეგ, ამ დასახელებას აღარ იყენებენ.
მაგრამ დასახელება “ესკიმო” ამერიკაშიც გაქრება. ის არა საპატენტო დავებსა და საავტორო უფლებებს – პოლიტკორექტულობას შეეწირა. კომპანიამ Dreyer’s Grand Ice Cream Holdings, Inc., ვინც “ესკიმო”-ზე საავტორო უფლებებს ფლობს, გამოაცხადა, რომ სახელწოდება შეუსაბამო და დამამცირებელია და მის გამოყენებაზე უარს ამბობს… ასეთ გემრიელ ნუგბარს რომ “Kartveli” ერქვას, მე პირადად სულაც არ მეწყინებოდა, თუმცა მათი გადასაწყვეტია. ესკიმოსებს თუ სწყინთ, მართლაც გამოსაცვლელი ყოფილა.
ყველა ესკიმოსის ამბავი არ ვიცი, მაგრამ 2009 წელს ვინმე სეეკა ვივი ლი პარსონსმა უჩივლა კომპანიებს Pascall-სა და Tip Top-ს. ერთი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში “ესკიმოს” ბრენდის ქვეშ ზეფირს ყიდის, მეორე კი – ნაყინს. მაშინ იმ ამბიდან არაფერი გამოდნა და სახელი არ შეუცვლიათ. ახლა რა იქნება – ვნახოთ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___