ქუჩის კატა, სახელად ბობი

ერთ ძველ პოსტში ვწერდი, რომ მწერლების უმრავლესობა, ალბათ, სულკატიანია. მწერლობა მშვიდ გარემოს, ფურცელთან (საბეჭდ მანქანასთან, კომპიუტერთან) დიდხანს ჯდომას ითხოვს და კატა ამ გარემოს უფრო უხდება, ვიდრე ძაღლი. ამიტომ უმართლებთ კატებს მწერალ-პატრონებში. და რამდენიმე ძალიან კარგი ლიტერატურული ნაწარმოების გმირებადაც იქცნენ. ჯანი როდარის ფეხცანცარა ციცუნია. ბულგაკოვის კატა ბეჰემოთი. ჩაპეკის ფილოსოფოსი კატა და ლუის ქერალის ჩეშირელი კატა.

ბობი ლონდონელი ქუჩის კატა იყო, სანამ ჯეიმს ბოუენს გადაეყრებოდა. ახლა რამდენიმე წიგნისა და ერთი ფილმის პერსონჟია.

Bob & Bowen (3)

ჯეიმს ბოუენი (James Bowen) ინგლისელი მწერალი და მუსიკოსია. ცხოვრება ვერ აეწყო. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასახლდა და შვილიც თან წაიყვანა, მაგრამ ახალ გარემოს ჯეიმსმა გული ვერ დაუდო. სახლი ენატრებოდა. სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესია და შიზოფრენია განუვითარდა. სრულწლოვანი რომ გახდა, უკან, ლონდონში დაბრუნდა. ნახევარდასთან ცხოვრობდა, მაგრამ ვერც აქ გაძლო დიდხანს. დის სახლიც მიატოვა და მას შემდეგ დიდწილად ქუჩაში იყო. ღამეს სადგურებზე ათენებდა. ალკოჰოლსა და ნარკოტიკს მიეტანა. დეპრესია გაუძლიერდა და თვითმკვლელობაზეც არაერთხელ უფიქრია. ერთი გიტარა ჰქონდა და თავს ქუჩაში დაკვრით ირჩენდა.

Bob & Bowen

2007 წელს, როდესაც ბოუენი ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობდა, მეტადონის პროგრამაში იყო და უსახლკაროთა საცხოვრებელში ცხოვრობდა, საღამო ხანს კატას გადაეყარა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როდესაც მეორე და მესამე დღესაც შეხვდა ის კატა, იფიქრა, დაკარგული იქნებაო. დააკვირდა. საყელური არა ჰქონდა. მაგიერ, შენიშნა რომ ცხოველს ფეხი ჰქონდა ნაღრძობი. ბოუენმა ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა, სადაც კატას უმკურნალეს. პატრონის მოძებნას შეეცადა, საცხოვრებელი დაიარა, გაიკითხა-გამოიკითხა, მაგრამ პატრონს ვერ მიაგნო. ამასობაში დამეგობრდნენ კიდეც და კატა ჯეიმს ბოუენთან დარჩა. ბობი დაარქვა.

Bob & Bowen (1)

ბოუენის თქმით, გამოჩნდა არსება, ვისაც მისი დახმარება ჭირდებოდა და უარი ვერ უთხრა. სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა რაკი აიღო, საკუთარი სიცოცხლეც მეტად დააფასა. თვითმკვლელობაზე ფიქრებიც გადააგდო. ნარკოტიკიც და ალკოჰოლიც.

ბობი და ბოუენი ლონდონის ცნობილ წყვილად იქცნენ. ბევრი უღებდა ფოტოს. 2010 წელს გაზეთმა Islington Tribune მათი ამბავი მკითხველებს მოუთხრო. ლიტერატურულმა აგენტმა მერი ფექნოსმა იფიქრა, აქედან წიგნიც გამოდნებაო. გამომცემლობა Hodder & Stoughton-იც დააინტერესა. იმათ კი მწერალი გერი ჯენქინზი დაიქირავეს.

Bob & Bowen (2)

ჯენქინზმა და ბოუენმა წაიმუშავეს ერთად და ასე გაჩნდა წიგნი “ქუჩის კატა სახელად ბობი და როგორ იხსნა მან ჩემი სიცოცხლე” (A Street Cat Named Bob: And How He Saved My Life). 2013 წელს გამოსცეს ბრიტანეთში. დღეს უკვე 30 ენაზეა თარგმნილი. NYT-ის ბესთსელერთა სიაში მე-7 ადგილი დაიჭირა, 2016 წელს კი ფილმადაც გადაიღეს. ბობის როლს ფილმში თავად ბობი ასრულებს.

პირველს კიდევ სხვა წიგნები მოსდევს “სამყარო ბობის თვალით” (The World According to Bob), “ბობის პატარა წიგნი” (The Little Book of Bob), საშობაო მოთხრობა “ბობის საჩუქარი” (A Gift from Bob). კიდევ ამ ისტორიების საბავშვო და ილუსტრირებული (კომიქს) ვერსიები. და – მუსიკალური ალბომიც.

Bob's books

ბობისა და ბოუენის ისტორია დიდი ხანია დადრაფტული მქონდა. 15 ივნისს კი ბოუენმა დათვითა, რომ ბობი დაიღუპა. მანქანამ გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოუენსაც და ბობსაც უკვე ჰქონდათ საკუთარი სახლი, დიდხანს ცხოვრობდნენ ქუჩაში, იმისთვის რომ ეს ჩვევა გადაეგდოთ. კატა ბობი ყოველთვის დასეირნობდა როგორც სურდა და სადაც სურდა. ვერ ეგუებოდა, კარს და ფანჯარას თუ დაუკეტავდნენ. 11-ზე ივახშმა და ჩვეულებისამებრ ეზოში გაისეირნა. და ვეღარ დაბრუნდა. ბობი 14 წლის იყო. კატებისთვის პატარა ასაკი არაა.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Street Cat Bob and The Big Issue: Journey through our incredible cat covers

StreetCatBob

ფილმი:

ქუჩის კატა სახელად ბობი

წიგნები:

ინგლისურად (ამაზონზე)

რუსულად და ინგლისურად (უფასოდ) 🙂

***

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “ქუჩის კატა, სახელად ბობი”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: