იუბერი და ოდრი

მათი სიყვარულის ისტორია ისე დაიწყო, როგორც სიყვარულის ისტორიები მთავრდება ხოლმე – უარით. როცა იუბერ დე ჟივანშის უთხრეს, რომ მის ატელიეს ქალბატონი ჰეფბერნი უნდა სწვეოდა ახალი ფილმისთვის ტანსაცმლის შესარჩევად, დიზაინერს ოდრის სახელი გაგონილიც არ ჰქონია და ქეთრინს ელოდა. ხელთ შერჩა სიფრიფანა ქალი, ლამაზი თვალებით, მოკლედ შეჭრილი თმით, ხშირი წარბებით, პაწია შარვალში, მაისურსა და ბალეტის ფეხსაცმელში. თავზე გონდოლიერის ფართოფარფლებიანი ჩალის ქუდი ეხურა, წითელი ლენტით და დიდრონი წარწერით “ვენეცია”.

ამ ქალს გემოვნების ნატამალი არ აქვს, – იფიქრა იუბერ დე ჟივანშიმ, მე კი – დასაკარგი დრო.

არა, მე თქვენ ვერ ჩაგაცმევთ! – ცივი უარი.

მაგრამ ოდრიმ წყენა გადაყლაპა და იუბერი სადილზე დაპატიჟა. იმ საღამომ შეცვალა ყველაფერი. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის არ არის ყველაზე მართალი (ეგაა, რომ მეორე შანსი ყველას არ ეძლევა… თუ ოდრი არ ხარ 🙂 ). ოდრი ჰეფბერნი იუბერ დე ჟივანშის მუზად იქცა. მათი მეგობრობა ოთხ ათეულ წელსა და მრავალ ფილმს გასდევს. ვერც ეს ფილმები იქნებოდა ისეთი, რაც არის, ჟივანშის ოდრისთვის რომ “ვერ შეეკერა”.

ოდრი იყო ადამიანი, რომელმაც მშვენივრად იცოდა როგორ უნდა ჩაეცვა და მშვენივრად იცოდა რა უნდა ეტარებინა.
იუბერ დე ჟივანში

სთენლი დონენის “შარადა” (Charade, 1963).

1963 Charade

ეს კადრი ვერასდროს იქნებოდა ასეთი, რომ არა ჟივანშის წითელი კოსტიუმი, თეთრი ქუდი და ხელთათმანები. ეს კადრი მთელი ეპოქის სახეა.

ბლეიქ ედვარდსის “საუზმე ტიფანისთან” (Breakfast at Tiffany’s, 1961)

1961 Breakfast at Tiffany's1961 Breakfast at Tiffany's (2)

სტილი, რაც ჟივანშიმ ჰეფბერნს ამ ფილმისთვის მოარგო, უკვდავი კლასიკაა, როგორც შანელის “პატარა შავი კაბა”. ჟივანშის შავი კაბის ხელახალი გააზრება, გადათამაშება, გადასხვაფერება რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა და, ალბათ, კვლავ გაგრძელდება. ორიგინალი კი 2006 წელს აუქციონზე გამოიტანეს და 427,600 ფუნტად გაიყიდა.

Mattel-მა ოდრის თოჯინაც შექმნა. ამ ფილმიდან. ამ კაბაში.

ბილი უაილდერის “საბრინა” (Sabrina, 1954) – ფილმი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

1954 Sabrina

თუმცა, კოსტიუმების დიდი წილი ამ ფილმისთვის არა ჟივანშიმ, ედით ჰედმა შექმნა და ოსკარიც მას მიენიჭა. ჟივანშის გვარი კი ტიტრებშიც ვერ მოხვდა.

სთენლი დონენის “მხიარული იერი” (Funny Face, 1957)

1957 Funny Face

ოდრის სწორედ ის ბალეტის ფეხსაცმელი აცვია, ჟივანშიმ რომ დაუწუნა. 🙂 ეს სახეც გააბარბეს – ჰეფბერნის თოჯინა ამ საქორწილო კაბაშია გამოწყობილი და საპატარძლო ყვავილებიც უჭირავს.

მას ტანსაცმლის გაცოცხლება შეეძლო – ეს იყო მაგია, რაც მის შემდეგ აღარ შემხვედრია.
იუბერ დე ჟივანში

ბილი უაილდერის “შუადღის სიყვარული” (Love in The Afternoon 1957)

1957 Love In the Afternoon

რიჩარდ ქუინის “როცა პარიზი თუხთუხებს” (Paris – When It Sizzles, 1964)

  • ფილმის სათაურს სხვადასხვაგვარად თარგმნიან. მინიშნებაა სტრიქონზე ქოულ ფორთერის სიმღერიდან I Love Paris:
  • I love Paris in the springtime.
    I love Paris in the fall.
    I love Paris in the winter when it drizzles,
    I love Paris in the summer when it sizzles.

1964 Paris – When It Sizzles

საგანგებოდ ამ ფილმისთვის იუბერ დე ჟივანშიმ პარფიუმიც შექმნა. ერთ ეგზემპლიარად – მხოლოდ ოდრისთვის.

ჩვენ ეკრანიდან არომატს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ოდრი ხომ გრძნობდა. ფრეკენ ბოკის ახალი ლანჩებისა არ იყოს. 🙂

როჯერ იანგის “ქურდებმაც იციან სიყვარული” Love Among Thieves (1987)

1987 Love Among Thieves

ტელეფილმია. ალბათ, ოდრის ან ჟივანშის თავგადაკლულ ფანებს თუ ექნებათ ჩვენთან ნანახი. მე – არ მაქვს. საგანგებოდ ამ ფილმისთვის ჟივანშის არაფერი შეუქმნია, მაგრამ ჰეფბერნმა საკუთარი გარდერობი დაიხმარა, მათ შორის ჟივანშისეული წითელი კაბაც.

დაბოლოს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი პოპულარული და საყვარელი კომედია უილიამ უაილერის “როგორ მოვიპაროთ მილიონი” (How to Steal a Million, 1966)

1966 How to Steal a Million (3)1966 How to Steal a Million1966 How to Steal a Million (2)

ზოგჯერ ჟივანშის სტუდიაში ტელეფონი რეკდა ხოლმე. “გამარჯობა, მე ოდრი ვარ, ვიცი, ძალიან დაკავებული ხარ, მაგრამ არ გამიბრაზდე, გირეკავ, რომ გითხრა: მინდა, გაკოცო”.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ამ ფილმებს კიდევ ერთი მოქმედი გმირი და შემოქმედი ყავს – პარიზი. პარიზის განუმეორებელი აურა რომ არა, ვერც ჟივანში იქნებოდა ჟივანში და ვერც ოდრი გახდებოდა ოდრი. და ვერც ის კადრი ფილმიდან “შარადა” იქნებოდა ისეთი, თვალს რომ ვერ მოწყვეტ.

____

Hubert de Givenchy & Audrey Hepburn: A Love Story
Audrey Hepburn and Givenchy by Christian Esquevin

ესეც – ბონუსად

4 thoughts on “იუბერი და ოდრი

  1. ოდრი ჰეფბერნი საოცარი ქალი იყო. დახვეწილი და ნატიფი გარეგნობის.
    ჟივენშის გაუმართლა რომ ოდრი შერჩა ხელთ და არა კეტრინი 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.