არც ერთ ამბავს აქვს დასაბამი. მხოლოდ ათვლის წერტილი, საიდანაც მთხრობელი ამბის მოყოლას გადაწყვეტს.
უილიამ ლენდეი. “მიშნ ფლეთს”
ტყეში 14 წლის ბიჭის გვამს პოულობენ. მკერდზე სამი ჭრილობა აქვს, თითქოს, სამკაპი დაარტყეს. სინამდვილეში დანაა. სამი სიმეტრიული ჭრილობა. სამივე – სასიკვდილო. გამოძიებას ოლქის პროკურორის პირველი მოადგილე, ენდი ბარბერი ხელმძღვანელობს. სულ მალე ეს გამოძიება ყველაზე დიდ კოშმარად ექცევა – ყველა სამხილი ჯეიქობ ბარბერზე მიანიშნებს – გარდაცვლილის თანასკოლელსა და ენდი ბარბერის ვაჟზე. ამავე დროს, საქმე ისე მიდის, რომ ენდი ბარბერი იძულებულია, მისი ოჯახის ბნელი წარსული ამოქექოს და ის ჩონჩხები გადმოალაგოს კარადიდან, საგულდაგულოდ რომ დაუმალავს. რა არის ოლქის პროკურორის პირველი მოადგილის პირველი რიგის ამოცანა? საქმის გამოძიება? საკუთარი წარსულის დაფარვა? შვილის გამოხსნა? წიგნი სასამართლო დეტექტივია. “თორმეტი განრისხებული მამაკაცი” თუ გინახავს – რაღაც მსგავსი. თუმცა იქ ამბავი ნაფიცი მსაჯულების სათათბირო ოთახში ვითარდება, აქ კი – სასამართლო დარბაზში, მანამ, სანამ მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად წავლენ. თუ ავტორის ოდნავ ზანტ თხრობის სტილს მიყვები და სხვადასხვა დეტალებით დახუნძლულ თხრობაში არ ჩაიკარგები – რამდენიმე სიუჟეტური მალაყი და მოულოდნელობა გელის.
გამოძიება, დეტალები და სასამართლო პროცესის მიმდინარეობა ავტორმა კარგად იცის. უილიამ ლენდეი (William Landay) ვინც “დავიცვათ ჯეიქობი” (Defending Jacob) დაწერა, ოლქის პროკურორის მოადგილე იყო თავად. მისი წიგნის გმირის, ენდი ბარბერის კოლეგა. ახლა, ვინმე იფიქრებს – პროტოტიპიო. შესაძლოა. ალბათ, ბარბერმა ბევრი რამ აიღო მისი შემქმნელისგან. “მადამ ბოვარი მე ვარო” – ფლობერს უთქვამს.
ლენდეის ერთბაშად რამდენიმე ამბის მოყოლა უყვარს – ეს მისი საფირმო თხრობის სტილია. ბევრი გმირი, ბევრი ისტორია. ერთმანეთთან გადაბმული, მაგრამ მაინც ჩნდება ხოლმე განცდა, რომ ავტორი მეტისმეტად დაშორდა ფაბულას. თუ ფოლქნერის რომანები წაგიკითხავს, ისინი, სადაც დეტექტური ელფერია, ეს ნაცნობი ამბავია (რომ არ დაგაფრთხოთ 🙂 – ბევრად იოლი წასაკითხია, ვიდრე ფოლქნერი. ცნობიერების ნაკადის გარეშე).
“დავიცვათ ჯეიქობი” ლენდეის რიგით მესამე რომანია. ყველაზე დაწურულია. ყველაზე კონცენტრირებულია ერთ კონკრეტულ ამბავზე. ამბობს კიდეც – სტილის შეცვლა მომიწიაო. 2012 წელს დაწერა. მანამდე იყო “მარჩობელი” (Strangler) და სადებიუტო “მიშნ ფლეთს” (Mission Flats). ლენდეი ბევრს არ წერს. მაგრამ – კარგად. რომანმა “დავიცვათ ჯეიქობი” ჟურნალ The Strand Magazine-ის ჯილდო მოიპოვა(“სთრენდი” კი რამე რიგითი ჟურნალი არაა, “ჰოლმსიანას” რომ აქვეყნებდა ის ჟურნალია), ამავე ჟურნალმა 2007 წელს გამოარჩია “მარჩობელიც” – დააშორთლისთა, თუმცა ჯილდო სხვა წიგნს ერგო. “მიშნ ფლეთს” ბრიტანელი მწერალ-დეტექტივისტების 2003 წლის ჯილდოს მფლობელია.
ამ სამიდან “დავიცვათ ჯეიქობი” საუკეთესოა. “სთრენდ მეგეზინის” ჯილდოს გარდა, რამდენიმე სხვა პრემიის მფლობელიცაა, მათ შორისაა ჰარფერ ლისა და დეშილ ჰემითის სახელობის ჯილდოებიც.
Apple TV+-მა რომანის ეკრანიზაციის უფლება შეიძინა და სულ ახლახანს, აპრილში, გაგანია პანდემიის დროს, მინისერიალის პრემიერაც გაიმართა. როგორც წერენ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Apple TV+-ზე და 8.1 ქულა აქვს IMDB-ზე. ჯერ არ მინახავს, ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი.
ვიცი, ფილმის ნახვა უფრო იოლი და სწრაფი საქმეა, მაგრამ, ტრადიციულ რჩევას მოვაყოლებ მაინც – ჯერ წიგნი. ნამდვილად ღირს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___