საიმპერატორო ყველი

სუფთა “ნასკი” და მყრალი ყველი – კულტურული ერის ნიშანია.
აფორიზმი Soffi Meloman-თან დიალოგში რომ მომაფიქრდა და ამ პოსტს დააკვდა, როგორც ყველს კეთილშობილი ობი

ეკითხებოდნენ ხოლმე. თამაში იყო ასეთი – სადმე კუნძულზე რომ მოხვდე, რომელ ათ ნივთს წაიღებდიო. დღეს იოლი წარმოსადგენია, რაკი ამ კარანტინმა თითქმის კუნძულზე გადაგვსხა ყველა. ყველზე რომ მიდგება არჩევანი – როკფორს ავირჩევდი, მითუფრო რომ, თუ გაჭირდა, ბევრი სხვა ყველის ადგილზე ამოყვანას მოახერხებ (ძროხა, ცხვარი ან თხა თუ დარბის იმ კუნძულზე), მაგრამ როკფორისა – ვერა. ცხვრის რძის გარდა, როკფორს ის უნიკალური მიკროკლიმატი, მიკროგარემო სჭირდება, რაც აქცევს როკფორს როკფორად და მხოლოდ როკფორის მღვიმეებში მოიძებნება.

როკფორი ძალიან ძველი ყველია. კაროლინგურ მატიანეში (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი ფრანგული ანალოგი) ორი თავი ყველის ხსენებაა, რომელიც 1070 წელს ქალაქ როკფორიდან ქალაქ კონქში ძღვნად გაუგზავნეს სენ ფუას სააბატოს (L’abbatiale Sainte-Foy de Conques). როკფორის დაბადებას ბევრი ლეგენდა სდევს, ერთი ყველიერ პოსტში მოვყევი უკვე, ამიტომ ამ ჯერზე სხვა ისტორიას ვიტყვი, რომელიც კიდევ უფრო ძველია, ვინემ მე-11 საუკუნე და 778 წლით თარიღდება.

ფრანკებისა და გაერთიანებული ევროპის პირველი იმპერატორი, ვისაც ყველა ხალხი თავისებურად უძახის და ფრანგები კი – შარლემანს (Charlemagne), სარაცინებთან ომიდან რომ ბრუნდებოდა, რურგის რეგიონში შეჩერდა ღამის გასათევად. ეს პროვინცია დღეს აღარ არსებობს – მიუერთდა-მოუერთდა, გამსხვილდა და მიახლოებით ავეღოს (Aveyron) საზღვრებშია – სწორედ იქ, სადაც მდებარეობს ქალაქი როკფორი. იმპერატორს ადგილობრივმა ეპისკოპოსმა უმასპინძლა. ვახშმად დაპატიჟა, მაგრამ ეს ამბავი პარასკევ დღეს მომხდარა – მოუბოდიშა: ხორცს ვერ შემოგთავაზებთ, სამარხვო ვახშამი გვექნებაო. ამ სამარხვო სუფრაზე იმპერატორს ყველი გამოუტანეს. ყველი ძველი და დაობებული იყო. შარლემანმა იფიქრა, საბრალო ეპისკოპოსს, ალბათ, ახალი ყველის შესაძენი თანხა არ აქვსო და სადღაც გონებაში ჩაინიშნა კიდეც, არ დამავიწყდეს, მეჭურჭლეთუხუცესზე ბრძანება გავცე, ცოტა რამ ფული მოიძიოს ხაზინაში და საეპისკოპოსოსს დაეხმაროსო. ადგა და ჩუმად, მასპინძელს რომ არ შეემჩნია, ყველიდან ობის ფანტელების ამოჩიჩქნა დაიწყო. მაგრამ ეპისკოპოსი დაკვირვებული ადამიანი იყო, შეამჩნია და ასე უთხრა, რას აკეთებთ, იმპერატორო, ამ ყველის გემო მაგ ობშიაო… დაუჯერა შარლემანმა, გასინჯა, დააგემოვნა, მოეწონა ობიანი ყველი, უცხონდა მამა არ მოეწონებოდა და ხაზინიდან დახმარება ვიღას ახსოვდა, სადღაც გონებაში ჩაინიშნა ახლა, ბრძანება გავცე, რომ ამ ყველით სამეფო კარი მოამარაგონო.

ეს ლეგენდა როკფორზეა თუ რამ სხვა ყველზე, დანამდვილებით არვინ იცის. შარლემანის მემატიანე ნოტკერ ენაბლუ (Notcerus Balbulus) კი გადმოგვცემს, მაგრამ, ყველის ზუსტ დასახელებას არ ამბობს – ყველი ლურჯი ობითო, იხსენიებს. ასეა თუ ისე, როკფორს მეფეებისა და პაპების ყველის სახელი მოსდევს (le fromage des rois et des papes). თუმცა, მეფეთა და პაპთა ღირსი ყველი ბევრია, აი როკფორის ღირსი მეფე და პაპი კი – ცოტა.

როგორც ზემოთ დავწერე, 1077 წელს როკფორი როკფორის სახელით პირველად ჩნდება მატიანეში, 1411 წელს კი შარლ მეექვსემ ბრძანება გამოსცა, სადაც ზუსტად დაადგინა ამ ყველის წარმოების სტანდარტი და რომ როკფორი მხოლოდ მაშინაა როკფორი თუ როკფორის კომბალუს მთების მღვიმეებში (Rocher de Combalou) ძველდება. ბრძანება 4 ივნისითაა დათარიღებული – ასე რომ სამ დღეში როკფორის ოფიციალური დაბადების დღე შეგიძლია, აღნიშნო.

სხვათა შორის, შარლ მეექვსე ისტორიოგრაფიაში შლეგის სახელითაა ცნობილი, მაგრამ გემო პირში კი ქონია.

სხვა შლეგი ხალხის ხელში, როკფორი სასურსათო ომების მსხვერპლიც გამხდარა, როდესაც ევროკავშირმა ამერიკული ძროხის ხორცის იმპორტი, აშშ-მ კი ევროპული რძის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. 2009 წლის დასაწყისში ჯორჯ ბუშ უმცროსმა ხელი მოაწერა კანონს ფრანგულ ყველზე 100%-იანი საბაჟო გადასახადი რომ შემოიღო, მაგრამ ამ სიიდან გამოარჩიეს როკფორი, რომელზეც საგანგებო, 300%-იანი გადასახადი დააწესეს.

დღეს ეს ბეგარა გაუქმებულია, თუმცა, არვინ იცის, რა იქნება ხვალ. თუ სატარიფო ომი განახლდა. სადმე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ეჭვი არაა, ყველაზე გამორჩეული ბეგარა ისევ როკფორს დაეკისრება. იმიტომ რომ გამორჩეულია. და ისეთი, ნებისმიერ ტვირთს რომ აწევს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The King of Cheese by David Clark

Arrazat’s Aubergines: Inside a Languedoc Kitchen by Patrick Moon

ასევე:
მყრალი, მწარე, მლაშე და გემრიელი

One thought on “საიმპერატორო ყველი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.