შეგიმჩნევიათ, ალბათ, მომრავლდნენ ჩვენს ქალაქში შავი კატები. შავი კატები კედელზე.
თუ თბილისის ქუჩაში მისეირნობ და კედელზე მოსკუპებულ შავ კატას დაინახავ, ეჭვი არ უნდა შეგეპაროს – გოშა დიმიტრუკის ნახელავია.
მოსკუპებული ვთქვი, მაგრამ გოშას კატებს ფრენა უფრო უყვართ. ეს გოშას კატების საფირმო ნიშანია. ან, როგორც მარველის სამყაროში იტყოდნენ – სუპერუნარი. მათი სუპერშესაძლებლობა.
გოშა დიმიტრუკი უკრაინული წარმოშობის რუსი მხატვარია, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს .
პირველი კედელი, რომელიც მოხატა მისი თბილისური ბინა იყო. ჩანს, ეს საქმე მოეწონა, მეგობრებმაც შეაგულიანეს და მას შემდეგ ქალაქის კედლებს ხატავს. პატარა კატებით. დიდი კატებით. ძალიან დიდი კატებით. და – არამხოლოდ კატებით.
კიდევ – ღობეებს, ჯიხურებს, აბრებს, მაისურებს და ყველაფერს, სადაც ცარიელი ადგილია და შევსებას ითხოვს.
ფუნჯით ხატავს და ასე ამბობს: როცა საფრქვევს იყენებ, პოლიცია ეჭვისთვალით გიყურებს და სურვილი არ მაქვს ქუჩა-ქუჩა ვირბინოო. მირჩევნია, მშვიდად ვიმუშაო და ხელი არ შემიშალონო.
თავი რომ დაეზღვია, თურმე, ნარინჯისფერი შარვალი და მაისური იყიდა, ვინმეს რომ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ჰგონებოდა. ეშმაკობამ გაჭრა. საკუთარი თავიც ყავს დახატული მუშაობის პროცესში. (ზემოთ, ლომიან სთრითარტში).
ბევრ ნახატზე თბილისის ლოგოც აქვს დატანებული და მერიის მოწონებულიაო აწერია. კედელმათეთრებლებისგან დასაცავად.
გოშას დახატულია კატები ძალიან მხიარულ სანაყინესთან – “ქოუნ ქალჩა” (თუ მათი უგემრიელესი ნაყინი ჯერ არ გაგისინჯავთ – გირჩევთ. თან – გოშას ნახატსაც ნახავთ).
სანამ კედელზე დაიტანს რამეს, ჯერ ფურცელზე ხატავს. ჩანაფიქრი და ესკიზი მეტი აქვს, ვიდრე შესრულებული სთრით-არტი.
ეს, უთუოდ, ქართველების ოცნებას მოკრა ყური – ნეტავ, ჩვენი ქვეყანა სადმე შუა ევროპაში გადაგვატანინა, უკეთესი მეზობლის გვერდითო.
აქ, კარგად თუ ჩანს, ოინბაზ კატას ორ სვანურ კოშკს შორის საქანელა გაუბამს. რომელიმე მეტისმეტად ცრუმორწმუნე სვანმა, ეგებ, რა იფიქროს, მაგრამ მათ დასამშვიდებლად, მინდა, ვთქვა, რომ გოშასთვის შავი კატა წარმატების და ბედნიერების სიმბოლოა და არა – ავი თვალის.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Russian artist adds a touch of color to Tbilisi’s cityscape by William King
კატებს გვიყვარს, როცა გვაფასებენ ^_^
LikeLiked by 1 person
ნაყინიც მიყვარს და კატებიც. 🙂 უნდა ვესტუმრო ამ სანაყინეს.
ბლოგი გამოიყვანე კარანტინიდან? ❤
LikeLike
არც შევსულვარ კარანტინში 🙂 უბრალოდ, სხვა ბლოგს დავუთმე მეტი ყურადღება.
მაგრამ ის თემატიკა არ დაგაინტერესებს.
მაგრამ არ გახსნილა ჯერ (მგონი). რამდენიმე დღის უკან ნამდვილად დახურულები იყვნენ.
LikeLike