რა თემაზე შეიძლება დავწერო კარანტინში, მკითხველსაც რომ გამოადგეს და ჩემთვისაც საინტერესო იყოს? პირველად ხდება, გარდერობის სეზონური შელაგება-გადმოლაგების ხალისი რომ არ მაქვს. არც განახლების დიდად. მაგრამ მაინც საჭიროა. დათბა უკვე და ზამთრის ტანსაცმელმა, დროა, დაისვენოს. როგორ უნდა შევინახოთ შალი ამაზე ადრე დავწერე (აქ და კიდევ აქ), ახლა კი ტყავის ქურთუკზე ვიტყვი (თუმცა, ტყავის სხვა სამოსზეც გამოდგება).
პირველი, არ ავყვეთ მრაკეტინგულ და სარეკლამო ტრიუკებს: ტყავეულის მოსავლელი საშუალებები ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისთვის 90% არის ურთიერთთავსებადი და ცალ-ცალკე ყიდვა არ არის საჭირო. თუ მასალა, ტიპი და ფერი სწორედ შეარჩიე – ორივეს მოუხდება. მასალაში ვგულისხმობ იმ ამბავს, რომ, ვთქვათ, საგანგებო ტიპის ლაპლაპა საპრიალებლებია (Glossy Polish), რაც, ცხადია, ქურთუკისთვის არაა გამიზნული, ფეხსაცმლის ექსკლუზივია, ტიპში კი – ზედაპირს: ზამშას და ტყავს (ზამშის ფეხსაცმლის მოვლაზეც მქონდა პოსტი ოდესღაც). მაგრამ 90% მოვლის და დაცვის საშუალება ფეხსაცმელზეც გამოდგება და ტანსაცმელზეც.
მეორე – (ეს სეზონის დასაწყისში უნდა დამეწერა, 🙂 მაგრამ სამომავლოდ გამოდგება) – ტყავის ქურთუკს, მიუხედავად იმისა, რომ წყალგაუმტარია, არ უყვარს ბლომად წვიმა და თოვლი და თუ მაინც მოყევი და დასველდა, რაც მალე გააშრობ – მით უკეთესი.
მესამე – გაშრობაში იგულისხმება – ბუნებრივად, ჰაერზე და ჩრდილში შრობა. საკიდზე. მზემ თუ დააცხუნა ან რადიატორთან დაკიდე, ესეც არ წაადგება.
მეოთხე – ტყავის ქურთუკის დაკეცვა არ არის მაინცდამაინც კარგი იდეა – შეიძლება ნაკეცებში მიკრო-ღარები და ნაოჭები გაუჩნდეს, რაც ნელ-ნელა მოაღებს პირს და თვალისთვისაც შესამჩნევი გახდება.
მეხუთე – ტყავმა უნდა ისუნთქოს, ამიტომ კარადაში საკიდზე შენახვა, ყველანაირი ცელოფანვაკუუმგარეშე – საუკეთესო ვარიანტია.
მეექვსე – მიუხედავად იმისა, რომ წყალი არ უყვარს, მცირე ჭუჭყის მოცილება სწორედ წყლით შეიძლება (დისტილირებულით სჯობს). რბილი ქსოვილით და ფანატიზმის გარეშე.
(ბლოგერი, სთაილ-ექსპერტი და ჭინჭის კაცი, ანტონიო სინტენო ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენებას გვირჩევს. არ მიცდია, მაგრამ ანტონიოს ნდობა შეიძლება).
მეშვიდე – გამოიყენე ტყავის მოვლისა და გაწმენდის საშუალებები (აქ იმ ფირმების პროდუქციას დავლინკავ თვალსაჩინოებისთვის, აქაც რომ იყიდება და იოლი მოსაძებნია, პოსტის ბოლოს საკუთარ გამოცდილებაზეც დავწერ):
– ლოსიონი – ტყავს წმენდს და გამოშრობისგან იცავს (Erdal და Pedag).
– სილიკონი – წყლისგან დასაცავად გამოიყენება, თუმცა, ცოტა აგრესიული რამეა და ამ ამბავს ფრთხილად მივუდგებოდი (Erdal და Pedag და Pedag). NB! არ გამოიყენო საპოხი საშუალება, რომელსაც აწერია Wax (ფეხსაცმლის ექსკლუზივია).
– ფერის აღმდგენი – ესენი უამრავია და ყველგან იყიდება. Kiwi, Salamander, Silver, Pedag, თუმცა, მე მხოლოდ ფეხსაცმლისთვის ვიყენებ ხოლმე. ერთი-ერთში ფერის დასმაც ჭირს.
“ერდალის” და “კივის”, “პროდუქცია სუპერ-მარკეტებშიც იყიდება. “ერდალის” ლოსიონს ვიყენებ და აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი. “პედაგი”, იმჰო, მაინც უფრო მაღალი კლასია. როცა აღმოვაჩინე ჩვენთან, ზამშის მოსავლელად მათ პროდუქციაზე გადავერთე. ასე ყველა ფეხის ნაბიჯზე არაა, მაგრამ “დრესაფი” ყიდის. თუმცა, ყველა ფერი და ყველა ტიპი არც მათ აქვთ ხოლმე. ზოგჯერ – აღწერილობაა არასრული, ამიტომ პარალელურად “პედაგის” საიტზე ვნახულობ და ანალოგს “დრესაფთან” ისე ვეძებ ხოლმე. ეს მეთოდი მუშაობს. 🙂
ამათ გარდა, არის კომპანია, რომელსაც უბრალოდ ზე-ხარისხი და უდიდესი გამოცდილება აქვს, ეს არის Saphir. ფრანგული ბრენდია და უკეთესს ვერ ნახავ. აქ კიარა – ვერსად. ჩვენთან კი თბილისი მოლში “გეფერინის” მაღაზიაში ვნახე. იმდენი არა, რაც თავად “საფირს” აქვს, მაგრამ შემოტანა რომ დაიწყეს – უკვე კარგია. ცხადია, “ამაზონზეც” არის, თუმცა ყველაფერი არც იქაა და, “დრესაფისა” არ იყოს, ყოველთვის ზუსტად არ წერია, რომელი კატეგორიაა და რისთვის გამოიყენება.
₾50+ ღირს ქილა. და ისევე ხშირად აყალბებენ, როგორც თავად ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის ბრენდებს. 🙂 მოკლედ, ნ რაოდენობის “ჩინური” ფეიქი იყიდება მსოფლიოში და ერიდეთ.
დაბოლოს – სამწუხარო ამბავია, მაგრამ თუ დაზიანდა და დასკდა – მხოლოდ პროფესიონალური აღდგენა უშველის.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
საჭირო რჩევებია.
ჩანთას ვწმენდ ხოლმე სალამანდრას ტყავის ლოსიონით. 🙂 ბატასაც აქვს მოვლის საშუალებები.
პედაგი არ ვიცოდი.
LikeLike
აქსესუარები, როგორც წესი (თუ კარგი ბრენდია და ნაღდია) Full Grain leather არის და არა Genuine Leather. ნატურალური ტყავია ისიც, გაცილებით უფრო დელიკატურია და მაღალი ხარისხისაა.
თუ კარგად იწმინდება და არ ზიანდება – ჯასთ გო ონ 🙂
მაგრამ ისე ყველაზე Most Delicate საშუალებების გამოყენება ჯობია.
საფირს კარგად აქვს საიტზე დალაგებული და ახსნილია რა საშუალება რომელი ტიპისთვისაა.
Nappa სერიაა მაგათი ყველაზე დელიკატურები. ჯერ მარტო არომატი აქ სუნამოსავით 🙂 საჩუქრად ჩამოვიტანე ერთხელ. 20 ევრო ღირდა :))
LikeLike
ზოგი ფეხსაცმელი ღირს მაგდენი :)))
LikeLike