თბილისია. 1981 წელი. მგონი, თბილისობის დღესასწაულია. ყოველ შემთხვევაში, ძალიან გავს.
ვიტას ლუცკუსმა (Vitas Luckus) გადაიღო, ლიტველმა ფოტოგრაფმა, ლიტვური კონცეპტუალური ფოტოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა. იმ წელს იმყოფებოდა ჩვენთან. ეს “მფრინავი კინტოები” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მის ფოტოთა შორის. სოთბის აუქციონზე გაიტანეს 2013 წელს და 1’500 ფუნტად შეიძინა კერძო კოლექციონერმა.
60-80-იან წლებში ბევრს მოგზაურობდა საბჭოთა რესპუბლიკებში. საზღვარგარეთ არ უშვებდნენ. ეჭვის თვალით უყურებდნენ და კაგებეს მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
საბჭოთა რეალიზმის ჩარჩოებში ვიწროდ გრძნობდა თავს. სული ეხუთებოდა. ცდილობდა, თავისი გზა მოენახა. მეამბოხე იყო. მხოლოდ საბჭოთა ყოფის მიმართ – არა, ყველას მიმართ. კოლეგების მიმართ. ცალკე იდგა. მათ სახლში სულ სტუმრების რია-რია იყო, მაგრამ ცოტას ესმოდა მისი. ასე იგონებს ტანია ლუცკენე (Tanja Luckienė-Aldag), მეუღლე, თანამოაზრე და მუზა.
ბევრია ნიუ. ბევრია ქუჩის ფოტო. რეპორტაჟული ფოტოს მიმდევარი იყო. მაგრამ საბჭოთა რეალისტური ფოტოს კანონებს არას დაგიდევდათ. “სოციალისტური მშენებლობის ფერხულში ჩაბმული ადამიანები” არ აინტერესებდა. ადამიანები აინტერესებდა. ფიქრები. დარდები.
ფოტოაპარატით ჩემი შეგრძნებების გადმოცემას ვლამობ.
ვიტას ლუცკუსი
კარტიე-ბრესონის ზეგავლენა აშკარაა. ის სკოლაა. გრძნობების მწევრის სკოლა. ტანია ამბობს, შეეძლო საათობით დალოდებოდა აპარატმომარჯვებული, სანამ სასურველ კადრს მოიხელთებდაო – სიცილი, გაოცება, შეშფოთება, სიხარული… ამათ დაეძებდა. საბჭოთა პლაკატებით გარშემორტყმული გულწრფელ ემოციებს დასდევდა.
ხშირად დღეებსა და კვირებს ათენებდა, მეტადრე, როდესაც მოგზაურობდა – ენანებოდა ძილში დაკარგული დრო. სულ მუშაობდა – იღებდა და ამჟღავნებდა ფოტოებს.
მისი ნამუშევრები პირველად 1969 წელს გამოფინეს, სერიაში “ექვსი ლიტველი ფოტოგრაფი”. შემდეგ იყო მრავალწლიანი აკრძალვის წლები – მხოლოდ 80-იანებში დართეს ნება, კვლავ მიეღო მონაწილეობა გამოფენებში.
1987 წლის 16 მარტს ვიტას ლუცკუსი აივნიდან გადმოხტა. ვილნიუსში. მე-5 სართულიდან.
ფოტოგრაფის ცხედარი მეუღლემ იპოვა. თოვლში ეგდო. ბინაში კი – უცნობი მამაკაცის ცხედარი, რომელიც კაგებეს თანამშრომელი აღმოჩნდა. დღემდე არვინ იცის, იქ რა მოხდა. გამოძიების ოფიციალური პროტოკოლის თანახმად, ლუცკუსმა კაგებეშნიკებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთი მათგანი დანით მოკლა. შემდეგ კი თავი მოიკლა. კაგებეს არქივის ნაწილი რუსებმა მოასწრეს და ლიტვიდან გაიტანეს. ახლა მოსკოვის არქივებში ინახება. გრიფი “საიდუმლო” მალავს.
ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სულ რაღაც 3 წელიწადი იყო დარჩენილი.
2014 წელს რეჟისორმა გიდრე ჟიცკიტემ (Giedrė Žickytė) ვიტას ლუცკუსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. “ოსტატი და ტატიანა” (Meistras ir Tatjana) ქვია. ეროვნული კინოაკადემიის ოთხი პრიზი მოიპოვა – საუკეთესო დოკუმენტური ფილმის, რეჟისორის, ოპერატორისა და მემონტაჟის მუშაობისთვის.
2017 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმმა ვიტას ლუცკუსის რეტროსპექტივას უმასპინძლა. ცხადია, თბილისური ფოტოებიც გამოფინეს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Appreeciate this blog post
LikeLike