ახლა თავყბას დამამტვრევენ – გაუელვა თავში პაულ ჰერცფელდს.
სებასტიან ფიცეკი. “ჩამოკვალვა”.
პაულ ჰერცფელდს თავყბა არ დაუმტვრიეს. ქალიშვილი გასტაცეს და 48 საათი აქვს, სანამ გოგონა სერიული მოძალადისა და მკვლელის ხელში აღმოჩნდება. ჰერცფელდი გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალური ოფისის ექსტრემალური დანაშაულების სპეციალური განყოფილების უფროსია, პათოლოგანატომი. მას ორი გზა აქვს – ან გამტაცებლის მოთხოვნები შეასრულოს, ან გზა ნახოს, როგორ დაიხსნას შვილი.
შანტაჟის თემა სებასტიან ფიცეკისთვის საფირმოა. არ ვიცი, რატომ (შეიძლება რაღაც პირადი გამოცდილებაა) ბევრ რომანში მეორდება, მაგრამ “ჩამოკვალვა” (Abgeschnitten) მათგან ერთ-ერთი საუკეთესო წასაკითხია. სიუჟეტი საბავშვო თავსატეხს გავს, როცა უთვალავი ნატეხი გაქვს და სურათი უნდა ააწყო. რომანის ბოლოს აწყობილი დაგეშლება და თავიდან გექნება ასაწყობი. ნაბეჭდ წიგნში მერამდენე გვერდია, არ ვიცი, “ქინდლში” კი სადღაც 90%-ზე. ბევრი რაც იქამდე სხვაგვარად ჩანდა, იმ დარჩენილ 10%-ში სულ თავდაყირა დადგება. ესეც ფიცეკის სტილია.

სებასტიან ფიცეკი (Sebastian Fitzek) ფსიქოლოგიური თრილერის გერმანელი ავტორია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სამშობლოში (სხვათუარაფერი, სადებიუტო “თერაპიამ” (Die Therapie) გაყიდვებით “დავინჩის” კოდსაც კი აჯობა) და – გარეთაც (წიგნების საერთო ტირაჟმა გერმანიის გარეთ 12 მილიონს მიაღწია). ამ რომანშიც რამდენიმე ფსკერია და ბევრი ჩონჩხი კარადაში. და ფიცეკისთვის საყვარელი კიდევ ერთი ხერხი – წიგნი-წიგნში.
მისი რომანების გმირები ხშირად არიან ექიმები (ფსიქიატრები, პათოლოგანატომები) თავად ვეტერინარულზე სწავლობდა, თუმცა არ დაუმთავრებია – ვეტერინარიას მას შემდეგ დაანება თავი, რაც ძაღლი გარდაეცვალა და ვერაფერი უშველა. ავადმყოფობით არა – სიბერით. რას უშველიდა. მაგრამ მაინც გამოიცვალა პროფესია და იურისპრუდენციას მიადგა. სადიპლომო გამოცდებამდე რომ მივიდა, ამასაც დაანება თავი. ვექილად მუშაობა არა მსურდაო, ამბობს… მაგრამ, მგონი, უბრალოდ გამოცდისთვის მომზადება დაეზარა. 🙂 (მეც ასე დამეზარა სამაგისტრო გამოცდაზე გასვლა საერთაშორისო სამართალში. ვიცი, რა ხილია) კრიმინალისტიკის ლექციებს კი უქმად არ ჩაუვლია – ეს ცოდნა ადვოკატობას თუ ვერა, მწერლობას კარგად წაადგა.
2002 წლამდე, სანამ მწერლობას გადაწყვეტდა, ჟურნალისტი და პროდიუსერი იყო, ბერლინურ რადიოსადგურებში მუშაობდა.
სიუჟეტებს ყველგან პოულობს. “თერაპიის” იდეა ჰოსპიტალში დაებადა, სადაც რამდენიმე საათი დაჰყო… მოსაცდელში. გერლფრენდს ელოდა. ვაითუ, ცოცხალი ვეღარ ვნახოო, უფიქრია. ასე იწყება “თერაპიაც”. თუმცა, წიგნში ამბავი გერლფრენდზე არა – შვილზეა, პატარა გოგონაზე.
მის წიგნებში ბავშვები/თინეიჯერები ხშირად არიან მსხვერპლნი. რატომ? იმიტომ არა, რომ ჩემ ბავშვობაში მოხდა რაღაც მსგავსიო, ამბობს. ბედნიერი ბავშვობა მქონდა – ვთამაშობდი ჩოგბურთს, ვუკრავდი დასარტყამ ინსტრუმენტებზე და მყავდა ძაღლებიო… ერთი ეგაა, კარგად ვერ ვმღეროდი, მაგრამ როკ-მუსიკას რომ გავყოლოდი, რაღაცას მოვახერხებდი მაინცო.
მწერლობა ყველაზე სწორი არჩევანი აღმოჩნდა. წელიწადში თითო წიგნს გამოსცემს ხოლმე, ხან ერთდროულად რამდენიმეზეც მუშაობს. ხანგამოშვებით ისვენებს. სხვამხრივ მშვიდობაა მის თავს.
25 რომანი აქვს. მე რომ გამომადგება იმ ენებზე 11 არის ნათარგმნი. აქედან 10 წავიკითხე, მეთერთმეტე “სულთშემძვრელი” (Der Seelenbrecher) რიგში მყავს. ვისაც დააინტერესებს, წიგნების მოძებნა არ გაუჭირდება. ოფიციალურ საიტზე ლინკს პოსტს დავურთავ. “თერაპია” და “პატიმარი” (Der Insasse) ფრიდრიხ გლაუზერის სახელობისა და დეტექტური ჟანრის საუკეთესო წიგნის ევროპული პრემიით დააჯილდოვეს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
როგორი მშვიდი თხრობის მანერა გაქვს ^_^
LikeLike
წიგნები მძიმეა და რომ არ დავზაფრო 🙂
LikeLike
-(მეც ასე დამეზარა სამაგისტრო გამოცდაზე გასვლა საერთაშორისო სამართალში. ვიცი, რა ხილია)
სამართალმცოდნე ხარ?
LikeLike
არა. მაგისტრატურა – საერთაშორისო ეკონომიკა და საერთაშორისო სამართალსაც ვსწავლობდით.
LikeLike
ფილმი არ მომეწონა. თუ ნანახი გაქვს.
არ მიყვარს ეს ბავშვების თემა თრილერებში და საშინელებებში. სპეკულაციაა არის ხოლმე.
https://www.imdb.com/title/tt3645988/
LikeLike
არა, ფილმი არ მინახავს.
გადავხედე და ვერ აქვს კარგი შეფასებები.
წიგნი კარგია, მაგრამ გემოვნების ამბავია. ფსიქოლოგიურ თრილერს თავისი წესები აქვს მაინც. კლასიკური დეტექტივი უფრო “რბილია” ხოლმე.
LikeLike