ბელკა და სტრელკა ვინ იყვნენ, ყველამ იცოდა ჩემ ბავშვობაში – ორი ძაღლი, ვინც პირველებმა იმოგზაურეს კოსმოსში. გაგარინზე ადრე.
ქიდდო – ასე ერქვა კატას, რომელიც 1910 წლის 15 ოქტომბერს დირიჟაბლში ჩაჯდა, რომ ატლანტის ოკეანეზე გადაეფრინა. პირველს, კატებს შორის. კატებს რა – ყველა სულიერს შორის პირველს (ჩიტები გამოვრიცხოთ) რაკი ეს ატლანტის ოკეანეზე გადაფრენის პირველი მცდელობა იყო ისტორიაში.
ამ ამბის სულისჩამდგმელი უოლთერ უელმენი (Walter Wellman) იყო, ამერიკელი ჟურნალისტი, მოგზაური და ავიატორი. შეიამხანაგა მელვინ ვენიმენი (Melvin Vaniman) ინჟინერი, ავიატორი და იმ დროის სახელგანთქმული ფოტოგრაფი – დღეს ასეთ ადამიანებს ექსტრემალებს უძახიან, იმ დროს კი აკრობატ-ფოტოგრაფად იცნობდნენ – ყველანაირ სარისკო ნაბიჯზე იყო თანახმა, ოღონდ კი კარგი კადრი მოეხელთებინა.
ამ ორის გარდა, ექსპედიციის მონაწილეთა შორის იყვნენ რადიო-ტექნიკოსი ჯექ ირვინი (Jack Irwin) ბრიტანელი შტურმანი მიურეი საიმონი (Murray Simon) და სხვა ორი წევრი. დაკიდევ ჟღალბეწვა კატა ქიდდო (Kiddo the Cat).
დირიჟაბლი “ამერიკა” 60 მეტრი სიგრძის, 9,760 კუბური მეტრის მოცულობის დიდი ხომალდი იყო. ტექნიკურად კარგად აღჭურვილი. მასზე პირველად დაამონტაჟეს მარკონის რადიოგადამცემი – ეკიპაჟს, ყველაზე შორ მანძილზე ფრენის რეკორდის გარდა, საფრენი აპარატიდან დედამიწაზე პირველი რადიოკავშირიც უნდა დაემყარებინა.
უელმენი და ვენიმენი გამოცდილი მოგზაურები იყვნენ და რამდენიმე ექსპედიციაში მოესწროთ ყოფნა. ერთად თუ ცალ-ცალკე, ამიტომ ატლანტის ოკეანეზე გადაფრენის სურვილი რომ გამოაცხადეს, სპონსორების მოძიება და თანხის შეგროვება არ გასჭირვებიათ. ერთადერთი, ვინც ამ წამოწყებას უნდობლად შეხვდა – კატა იყო. როდესაც დირიჟაბლ “ამერიკის” ბორტზე ამოყო თავი, ისეთი ჩხავილი მორთო, თურმე, რომ ვინემენს თავგზა აებნა და იმის ნაცვლად, რომ რამე ისტორიული ფრაზა ეთქვა: “აბა, გავფრინდით!” (გაგარინამდე) ან “დიდი ნაბიჯი კაცობრიობისთვის” (არმსთრონგამდე) ან “სიყვარული ვერტიკალურია და, თან – ბრუნვადი” (ქრისტეფორე მგალობლიშვილამდე) – “ეს წყეული კატა მომაშორეთო!” – შეჰყვირა.
Come and get this goddam cat! (მომაშორეთ ეს წყეული კატა!)
მელვინ ვინემენის მიერ დირიჟაბლ “ამერიკიდან” გადაცემული პირველი რადიოგრამა
“ამერიკამ” 1910 წლის 15 ოქტომბერს დიდი ზარ-ზეიმით აიღო სტარტი ნიუ ჯერსის ათლანთიქ სითიდან, მაგრამ ჩანს, კატას ტყუილად არ ეთანაღრებოდა გული – დირიჟაბლი გადატვირთული აღმოჩნდა და სიმაღლის აკრეფა გაუჭირდა, თან ოკეანეზე შტორმმაც მოუსწრო და ძრავები ქვიშითა და სილით ამოუვსო. ეკიპაჟი ბევრს ეცადა ფრენის გაგრძელებას, მაგრამ ძრავის შეკეთება და სიმაღლის შენარჩუნება ვერ მოახერხეს – დირიჟაბლი კურსს აცდა და ბერმუდას კუნძულებთან ჩამოვარდა.
საბედნიეროდ, დახმარების სიგნალი შენიშნეს ბრიტანეთის საფოსტო გემ “თრენთიდან”, რომელმაც სულზე მიუსწრო და ავიაკატასტროფაში მოხვედრილი “ამერიკის” ეკიპაჟის ყველა წევრი ბორტზე აიყვანა.
ქიდდომ მისთვის მოზომილი 9 სიცოცხლე ეკიპაჟის სხვა წევრებსაც გადმოგვინაწილა.
უოლთერ უელმენი
ოკეანეს ვერ გადაუფრინეს, მაგრამ უელმენმა და მისმა გუნდმა რეკორდი მაინც დაამყარა – “ამერიკა” პირველი დირიჟაბლი იყო, რომელმაც 2’200 კმ მანძილის დაფარვა შეძლო.
მელვინ ვენიმენმა ორი წლის შემდეგ ხელახლა სცადა ატლანტის ოკეანეზე გადაფრენა, იმ დირიჟაბლმაც კატასტროფა განიცადა და, სამწუხაროდ, ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა.
უოლთერ უელმენმა რამდენიმე საზღვაო-სახმელეთო ექსპედიციაში იმოგზაურა, დირიჟაბლ “ამერიკით” გადაფრენაზე წიგნი დაწერა და 1934 წელს გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
ატლანტის ოკეანეზე დირიჟაბლით გადაფრენა ვერვინ შეძლო. 9 წლის შემდეგ წარმატებული გაფრენა შეასრულეს ბრიტანელმა პილოტებმა, ჯონ ალქოქმა და ართურ ბრაუნმა – მაგრამ უკვე Vickers Vimy-ს სამხედრო თვითმფრინავით.
როგორ გეკადრებათ კატაზე ძალადობა, მძახალო, დაე
იფრინოსიცხოვროს, როგორცა სურს!
კატა ქიდდო
რაც შეეხება ქიდდოს, იმ ცხრიდან მორჩენილი რამდენიც იყო წელი მიწაზე, უოლთერ უელმენის ქალიშვილის სახლში გაატარა და დირიჟაბლებს სათოფეზე აღარ ეკარებოდა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ასევე თემის ირგვლივ:
კატა სემის სამი სიცოცხლე
***
Kiddo the Cat, Reluctant Aviator
Airship America’s landmark crossing attempt recalled
The Log of The Airship America – a Thrilling Record. New York Times, Nov. 6, 1910
ვისიამოვნე ფრიად.
“შერეკილები” როგორ მოუხდა 🙂
LikeLiked by 1 person