ნუარის ოთხი გვარდიელი

ჟაკ დერეს “მარტოხელა”, “ბანდა”, “პოლიციური ისტორია”, “აურზაური ტოკიოში”, “სხვის ტყავში”, ედუარდ მოლინაროს “მძევალთა ბანდა”, დენი დე ლა პატელიერის “აურზაური პანამაში” თერენს იანგის “ცივი ოფლი”, ჟორჟ ლოტნერის “ფაშა”, ჟან ბეკერის “მომხიბლველი ნაძირალა”, “კაცი, სახელად როკა”, ჟაკ ბეკერის “ხელი არ ახლო ნადავლს”, “ხვრელი”, ჟორჟ ლოტნერის “მსტოვრები”, “ბატონი განგსტერები”, ანრი ვერნეის “მელოდია სარდაფიდან”, “სიცილიური კლანი”, ნილ ჯორდანის “კარგი ქურდი”, ჟილ გრანჟიეს “წითელი შუქი ანთებულია”, კლოდ სოტეს “აწონე ყველა რისკი” ჟან-პიერ მელვილის და ალენ კორნოს “მეორე სუნთქვა”, რობერ ენრიკოს “თავგადასავლის მაძიებელნი”, ჟოზე ჯოვანის და რაშიდ ბუშარების “ორნი ქალაქში”, ჟოზე ჯოვანის “მკვლელის შავი მანტია”, მგლები მგლებს შორის”, “მტაცებელი”…

ამ ფილმებს, იმის გარდა რომ ფრანგულია (თითქმის ყველა), ძველია (უმრავლესობა), საკულტოდ იქცა თავის დროზე (ბევრი), ნანახი არ გექნება (თითქმის არც ერთი) Smile … კიდევ ოთხი საერთო აქვს – ალფონს ბუდარი, ალბერ სიმონენი, ოგიუსტ ლე ბრეტონი და ჟოზე ჯოვანი – ფრანგული ნუარის, პოლარისა და კრიმინალური რომანის ოთხი გვარდიელი.

მუშკეტერი შემეძლო, მეთქვა. სტერეოტიპულად: თუ ფრანგები არიან და თან – ოთხი (სამიც შეიძლება), აუცილებლად მუშკეტერს მოაყოლებენ ხოლმე. თუმცა ამათ მუშკეტერობისა არაფერი სცხიათ, იმის გარდა, რომ ავანტიურისტი იყო ოთხივე და ნიჭიერი. მაგრამ ისეთები აქვთ ჩადენილი ახალგაზრდობაში, უკანასკნელი გვარდიელიც არ იკადრებდა.

ციხეში დაიწყო წერა ოთხივემ (სხვადასხვა დროს) და დიდწილად საკუთარ გამოცდილებას აღწერდნენ.

გვარდიელი პირველი.

Jose Giovanniჟოზე ჯოვანი (José Giovanni), რომლის ნამდვილი გვარი დამიანია, კორსიკელი იყო. ოჯახს ფული არ უჭირდა და კარგი განათლება მიიღო, ჯერ კერძო კათოლიკური კოლეჯში, შემდეგ ლიცეუმში სწავლობდა. ალპინიზმით იყო გატაცებული. მუშაობა ალპებში, მამამისის სასტუმროში დაიწყო გამყოლად. სხვადასხვა ბნელმა იდეებმა გაიტაცა და მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად ბუნებრივად აღმოჩნდა ახალგაზრდული ფაშისტური ორგანიზაციის წევრი და კოლაბორაციონისტი. როგორც სხვადასხვა დოკუმენტებით დასტურდება, წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლებს დაყვებოდა გამყოლად და ბევრი მათგანი, სამშვიდობოს ნაცვლად, ვიშის რეჟიმის ციხეებში აღმოჩნდა, ზოგი – გესტაპოშიც. 

1944 წელს ჟოზე დამიანი გესტაპოს “თავებზე მონადირე” ჯგუფის წევრი გახდა. საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ ძმასა და ორ თანამზრახველთან ერთად მიმალვა გადაწყვიტა და ხელცარიელი რომ არ წასულიყო სამი ადამიანი გაძარცვა და მოკლა.

შეიპყრეს და სამმა სხვადასხვა სასამართლომ გაასამართლა: როგორც კოლაბორაციონისტს და ფაშისტური პარტიის წევრს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და სიცოცხლის ბოლომდე სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა მიუსაჯეს. რეკეტისა და შანტაჟისთვის – 10 წელი. მკვლელობაში მონაწილეობისთვის კი – გილიოტინა.

მაგრამ – შეიწყალეს. ორჯერ. ერთმა პრეზიდენტმა სასიკვდილო განაჩენისგან იხსნა, მეორემ –პატიმრობის ვადა შეუმცირა და 1956 წელს საპატიმრო დატოვა.

1957 წელს გამოსცა (ჯოვანის ფსევდონიმით) პირველი რომანი “ხვრელი” (Le Trou), პატიმრობის გამოცდილებას რომ აღწერს. წაკითხული არ მაქვს, მაგრამ, ჩემი სხვა პოსტისა არ იყოს, ფილმი კი მაქვს ნანახი. Smile არც წიგნი იქნება ცუდი – ბოლო-ბოლო ალბერ კამიუმ მოიწონა და გამოცემაშიც ხელი შეაშველა.

აქედან მოყოლებული თითქმის ყოველ წელს ახალ წიგნს გამოსცემს, წერს კინოსცენარებს, რამდენიმე ფილმი თავადაც გადაიღო, როგორც რეჟისორმა.

და ყველაზე ძნელად დასაჯერებელი ამბავი: 90-იანებამდე ცოტამ თუ იცოდა, რომ ჟოზე დამიანი და ჟოზე ჯოვანი ერთი და იგივე ადამიანია. მხოლოდ 1993 წლის შემოდგომაზე შვეიცარულმა (1968 წელიდან იქ ცხოვრობდა და 1986 წელს მოქალაქეობაც მიიღო) გაზეთმა La Tribune de Genève გამოაქვეყნა სტატია და დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტები.

ჯოვანი ჯერ ყველაფერს უარყოფდა, ბოლოს კი: “ეს უკვე წარსულია და მე ყველაფრის ფასი გადავიხადე”. ასე თქვა და დასვა წერტილი.

ჟოზე ჯოვანის ფილმოგრაფია:

ხვრელი (Le Trou, 1960), რეჟისორი ჟაკ ბეკერი.

აწონე ყველა რისკი
(Classe tous risques, 1960), რეჟისორი კლოდ სოტე. როლებში ლინო ვენტურა ჟან-პოლ ბელმონდო.

კაცი, სახელად როკა
(Un nommé La Rocca, 1961), რეჟისორი ჟან ბეკერი. მთავარ როლში ჟან-პოლ ბელმონდო.
მეორე სუნთქვა (Le Deuxième Souffle, 1966) რეჟისორი ჟან-პიერ მელვილი. მთავარ როლში ლინო ვენტურა.

თავგადასავლის მაძიებელნი
(Les Aventuriers, 1967). რეჟისორი რობერ ენრიკო. როლებში ლინო ვენტურა და ალენ დელონი.

სიცილიური კლანი
(Le Clan des Siciliens, 1969). რეჟისორი ანრი ვერნეი. როლებში ჟან გაბენი, ალენ დელონი, ლინო ვენტურა.

  • ცნობილი ფილმია. თუ მეხსიერებას მოქექავ, ეგებ, ნანახიც გქონდეს. Smile


მკვლელი
(La Scoumoune, 1972). რეჟისორი ჟოზე ჯოვანი. როლებში ჟან-პოლ ბელმონდო, კლაუდია კარდინალე.

ორნი ქალაქში
(Deux hommes dans la ville) რეჟისორი ჟოზე ჯოვანი. როლებში ჟან გაბენი, ალენ დელონი, მიშელ ბუკე.

  • ეს ფილმი, შეიძლება, ნანახიც გქონდეს. მისი 2014 წლის ამერიკული რიმეიქიც არის, ფორესთ უაითექერითა და ჰარვეი ქეითელით მთავარ როლებში.
  • “მეორე სუნთქვის” გვიანდელი, 2007 წლის რიმეიქიც არსებობს დანიელ ოტიოით და მონიკა ბელუჩით.

გვარდიელი მეორე,

Auguste Le Bretonოგიუსტ ლე ბრეტონი (Auguste Le Breton) ოგიუსტ მონფორის ჯერ კრიმინალური თიკუნი იყო, შემდეგ კი ლიტერატურულ ფსევდონიმად იქცა. მონფორის ცხოვრება მსოფლიო ომებმა შეცვალა – პირველი მსოფლიო ომის დროს მშობლები დაკარგა და ობლად დარჩა. ცხოვრება აეწეწა. ქუჩის ბანდების წევრი გახდა და ათას ცუდ ამბავში გაეხვია. დაპატიმრებულიც იყო. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპაციის წლებში წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა და ვიშის რეჟიმსა და გერმანელებს ებრძოდა. მამაცურად. სამხედრო ჯილდოებიც აქვს – საბრძოლო ჯვარი და წინააღმდეგობის მედალი. მას მერე კანონმორჩილი მოქალაქეა. განცდილი და თავსგადახდილი წიგნებად შეკრა. ავტობიოგრაფიაც აქვს დაწერილი. წერდა კინოსცენარებსაც. ბევრი მისი რომანი ფილმად არის გადაღებული.

ოგიუსტ ლე ბრეტონის ფილმოგრაფია:

თავდასხმა მაგარ ბიჭებზე (Razzia sur la chnouf, 1955), რეჟისორი ანრი დეკუანი. როლებში ჟან გაბენი, ლინო ვენტურა.
გარჩევა კაცებს შორის (Du rififi chez les hommes, 1955), რეჟისორი ჟიულ დასენი. მთავარ როლში რობერ ოსეინი.
ქუჩის კანონი (La Loi des rues, 1956), რეჟისორი რალფ ჰაბიბი. როლებში ჟან-ლუი ტრენტინიანი, ლინო ვენტურა, ლუი დე ფიუნესი.
წითელი შუქი ანთებულია (Le rouge est mis, 1957), რეჟისორი ჟილ გრანჟიე. მთავარ როლში ჟან გაბენი.
გარჩევა ქალებს შორის (Du rififi chez les femmes, 1959) რეჟისორი ალექს იოფე. როლებში ნადია ტილერი, სილვია მონფორი, რობერ ოსეინი.
სიცილიური კლანი (Le Clan des Siciliens, 1969). რეჟისორი ანრი ვერნეი. როლებში ჟან გაბენი, ალენ დელონი, ლინო ვენტურა.

  • “სიცილიური კლანის” სცენარისტი ჟოზე ჯოვანია, საფუძვლად კი ოგიუსტ ლე ბრეტონის რომანი უდევს.

კედლებს მიღმა (Les hauts murs, 2008). რეჟისორი კრისტიან ფავრი. მთავარ როლში კაროლ ბუკე.

გვარდიელი მესამე.

Albert Simoninალბერ სიმონენის (Albert Simonin) ცხოვრებაც მეორე მსოფლიო ომმა ამოატრიალა. იქამდე დაუდგრომელი, მაგრამ ძირითადად კანონმორჩილი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. სწავლას გული ვერ დაუდო, მამისგან მალულად მიაგდო სკოლა და ათასი პროფესია გამოიცვალა – გაზეთების გამყიდველიდან ტაქსისტამდე, ელექტრიკოსობიდან რეპორტიორამდე. 16 წლისა იყო, რომ დაობლდა, მაგრამ პატიოსნად, საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცხოვრებისეული გამოცდილება კარგად გამოადგა და საუკეთესო ჟურნალისტი გახდა, მეტადრე კრიმინალური ქრონიკა და სპორტული მიმოხილვები იზიდავდა. შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ვიშის რეჟიმს მიემხრო. პრო-ნაცისტურ გაზეთში დაიწყო მუშაობა. საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ გაასამართლეს და 10 წელი მიუსაჯეს. 54-ში ამნისტიით გარეთ გამოვიდა და ციხიდან იქ დაწერილი რომანი, “ხელი არ ახლო ნადავლს” გამოიტანა. იმავე წელს გამოსცა, კინოსცენარადაც გადააკეთა და ჟაკ ბეკერმა ფილმად აქცია.

ბევრი სხვა რომანის და კინოსცენარის ავტორია. ნუარისა და იუმორის შეზავების დიდოსტატია. რამდენიმე კინოკომედიის სცენარის ავტორიცაა. მისი შედგენილია ფრანგული ენის კრიმინალური ჟარგონის ლექსიკონიც.

ალბერ სიმონენის ფილმოგრაფია:

ხელი არ ახლო ნადავლს (Touchez pas au grisbi, 1954). რეჟისორი ჟაკ ბეკერი. როლებში ჟან გაბენი, ლინო ვენტურა.

პარიზელი ყალბი ფულის მჭრელნი
(The Counterfeiters of Paris/Le cave se rebiffe, 1961) რეჟისორი ჟილ გრანჟიე. როლებში ჟან გაბენი, ბერნარ ბლიე.

ჯენტლმენი ეპსომიდან
(Le gentleman d’Epsom, 1962). რეჟისორი ჟილ გრანჟიე. როლებში ჟან გაბენი, ლუი დე ფიუნესი.

ნებისმიერი ნომერი შეიძლება მომგებიანი იყოს
(Mélodie en sous-sol/Any Number Can Win, 1963). რეჟისორი ანრი ვერნეი. როლებში ჟან გაბენი, ალენ დელონი.

თოფმომარჯვებული ბიძაკაცები
(Les Tontons flingueurs/Monsieur Gangster, 1963). რეჟისორი ჟორჟ ლოტნერი. როლებში ლინო ვენტურა, ბერნარ ბლიე, ფანსის ბლანში.

მსტოვრები
(Les Barbouzes, 1964). რეჟისორი ჟორჟ ლოტნერი. ლინო ვენტურა, მირიელ დარკი, ბერნარ ბლიე, ფანსის ბლანში.

რვაფეხის მეტამორფოზა
(La métamorphose des cloportes, 1965). რეჟისორი პიერ გრანიე-დეფერი. როლებში ლინო ვენტურა, შარლ აზნავური.

ფაშა
(Le Pacha, 1968). რეჟისორი ჟორჟ ლოტნერი. როლებში ჟან გაბენი, სერჟ განსბური.

  • “მეტამორფოზის” სცენარისტი ალბერ სიმონენია, საფუძვლად კი ალფონს ბუდარის რომანი უდევს.

გვარდიელი მეოთხე.

Alphonse Boudardალფონს ბუდარი (Alphonse Boudard) ამ პოსტის მეოთხე პერსონაჟი და ფრანგული კრიმინალური რომანის კიდევ ერთი სულისჩამდგმელია. ადრე დაობლდა და ბებიამ გაზარდა. ოკუპაციის წლებში წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. სამხედრო მედალიც აქვს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბევრ პროფესიაში სცადა ბედი, მაგრამ ყველაზე კარგად ყალბი ფულის ჭრაში დახელოვნდა. ცხადია, ჩავარდა და ციხეში უკრეს თავი. იქ გონებას მოუხმო, დიდი ხნის ოცნება აისრულა (თავისუფალი დრო გამოიყენა ნაყოფიერად) და გარეთ გამზადებული რომანით გამოვიდა. თუმცა,  სამწუხაროდ, ციხეში ტუბერკულიოზით დაავადდა და ხანგრძლივი დროის გატარება უწევდა ჰოსპიტლებსა და სანატორიუმებში. იქაც წერდა. მიუხედავად ყველაფრისა იუმორს არ კარგავდა, რაც მისი ნაწარმოებების ხიბლია.

მისი წიგნები წლების მანძილზე ასაზრდოებდა ფრანგულ სინემატოგრაფს.

ალფონს ბუდარის ფილმოგრაფია:

აურზაური პანამაში (Du rififi à Paname, 1966). რეჟისორი დენი დე ლა პატელიერი. როლებში ჟან გაბენი, გერტ ფრობე, მირეი დარკი.

ტატუირებული
(Le tatoué, 1968). რეჟისორი დენი დე ლა პატელიერი. როლებში ჟან გაბენი, ლუი დე ფიუნესი.

ერთხელ, პოლიციელი/პოლიციელის ისტორია
(Il était une fois un flic, 1975). რეჟისორი ჟაკ დერე. როლებში ალენ დელონი, კსავიე დეპრა.

ბანდა
(Le Gang, 1976). რეჟისორი ჟაკ დერე. როლებში ალენ დელონი, ჟან-ლუი ტრენტინიანი.

მარტოხელა
(Le solitaire, 1986). რეჟისორი ჟაკ დერე. მთავარ როლში ჟან-პოლ ბელმონდო.

  • ეს ორი პოპულარული ფილმი იყო ჩვენთანაც.


მოღალატე, ჩემი მეგობარი
(Mon ami le traître, 1988) რეჟისორი ჟოზე ჯოვანი. როლებში ვალერი კაპრისკი, ანდრე დიუსოლიე.

  • “მოღალატე” კარგი ფილმია. ჟოზე ჯოვანიმ გადაიღო საკუთარი რომანის მიხედვით, სცენარის თანაავტორი კი ალფონს ბუდარია. ფილმის (და წიგნის) მთავარი გმირი გესტაპოს აგენტია, “თავებზე მონადირე”.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ფილმები პრაქტიკულად ყველა დევს ნეტში. წიგნები ამაზონზეც არის (ქინდლის ფორმატში) და ზოგი უფასო ბიბლიოთეკებშიც იპოვება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.