How-To: Fake vs. Real

არ მეგონა, ეს სარჩევი თუ საინტერესო იქნებოდა. მარტივი ამბავი მგონია – მყიდველმა ყოველთვის იცის, ფეიქს ყიდულობს თუ ნაღდს, მაგრამ ამასწინათ მეგობართან ვლაპარაკობდი და, თურმე, არ ყოფილა ყოველთვის ასე. შეცდომები მოსულა. ვცადოთ, არ შევცდეთ და არ დაგვაბოლონ. სულ ესაა ამ პოსტის დაწერის მიზანი. არ ვაპირებ, ვინმე დავამუნათო ფეიქის ყიდვისთვის ან მოვუწოდო, გინდათუარა ნაღდი იყიდე ოთუსბირად-თქო. ეს პოსტი მისთვისაა, ვისაც არ უნდა ფეიქის ყიდვა და არ სურს, მოტყუვდეს ან თავი მოიტყუოს. და არც ის სურს, იყიდოს ფეიქი ვითომ იაფად, მაგრამ ფეიქისთვის – ძვირად.

პოსტი, ცხადია, ტანსაცმლის ბრენდებზეა. სხვას – არ შევეხები.

ვრცელი შესავალი გამომივიდა. 🙂 გადავდივარ საქმეზე.

  • კერვის სტანდარტი და ერთი სტილი

ბრენდს, რომელიც საშუალო-ზედა კატეგორიაშია და კიდევ ზემოთ, ტანსაცმლის კერვის თავისი გამორჩეული სტანდარტი აქვს. იოლად ამოსაცნობი. ფეიქმახერი ბევრია – ამიტომ ფეიქის სტანდარტი განსხვავებულია. ერთი ბრენდის ერთსა და იმავე ან სხვადასხვა მოდელს თუ აიღებ დახლიდან და დააკვირდები – ორიგინალის შემთხვევაში კერვის სტანდარტი იქნება იდენტური, ფექის შემთხვევაში – განსხვავებული. ორიგინალის კერვის ხარისხი იქნება მაღალი – ჩაგვირისტებული.

სიმარტივისთვის ავიღოთ ისეთი რამ, ყველას რომ აქვს გარდერობში – პერანგი. არის ერთი მარტივი მეთოდი – აიღო და დააკვირდე საყელოს, სადაც ნაკერის ლიანდაგი (ასე ქვია ქართულად stitch-ს) გადის. მეჩხერი არ უნდა იყოს, მიახლოებით 3.3 სმ-ში მინიმუმ 15 ბიჯი მაინც უნდა დათვალო. ეს მაღალი ხარისხის კერვის ნიშანია.

Number of Stitches

მხრები, საყელო, მანჟეტები, გვერდები – ყველგან ჩადგმული იქნება დამატებითი ნაჭერი სიმკვრივისთვის. იმისთვის, რომ არ მოიფლაშოს, საყელო არ მოექცეს, ფორმა არ დაკარგოს. მაღალი ხარისხის ბრენდის კერვის ხარისხი არის ამგვარი და არავითარ შემთხვევაში – სხვა.

Lining

Lining Cuffs

დააკვირდი პერანგის ბოლოს, სამკუთხა ნაჭრები, რაც, შეიძლება, მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებისა გვგონია (ნაწილობრივ, კიბატონო, ამადაც გამოდგება) დამატებითი კომფორტისა და კონსტრუქციის სიმყარისთვის არის. კუთხოვანას (gusset) ეძახიან და აუცილებელი ელემენტი და ხარისხიანი კერვის ნიშანია.

Gussets

თავამოჩრილი ძაფები. ესეც დაბალი ხარისხის კერვის უტყუარი ნიშანია.

თუ პრინტი აქვს, ის იქნება სიმეტრიული და არა – აცდენილი. თუ – ზოლები, ზოლი ზოლში უნდა გადადიოდეს. დააკვირდი მკერდზე, ჯიბეებზე, ზურგზე, მანჟეტებსა და მხრებზე.

Lines and Prints

Lines and Prints 2

თუ საყელოს ტიპი ამას ითხოვს, ფაფრფლებში (ფრთებში) იქნება პლასტმასის ან მეტალის სამაგრები, კუთხეებში რომ არ შეიკეცოს და არ შეტყდეს. ამასთან, უკეთესია, თუ ამ სამაგრის ამოღება შეიძლება, არ არის შიგ ჩაკერილი (ეს მცირე დეტალი მაღალი სტანდარტის დამატებითი ნიშანია და მწარმოებელმა რომ კლიენტზე იზრუნა).

Collar Bones

  • ღილები

ღილები სიმეტრიულად იქნება განლაგებული. ყველა – ერთ ხაზზე და ერთის მსგავსად.

ღილის საკინძეები – კარგად ამოგვირისტებული. სხვა შემთხვევაში, ისინი ძალიან მალე მოირღვევა და პირს მოაღებს, არც ერთი მაღალი დონის ბრენდი ასე არ კერავს.

  • ზიპერი (ელვა-შესაკრავი)

დიდი ალბათობით მაღალი ხარისხის ბრენდი გამოიყენებს YKK-ს. ეს არ არის 100%, მაგრამ მეტწილად – ასეა. დააკვირდი. რა არის YKK ამაზე, ადრე დავწერე.

  • იარლიყი, ლოგო

ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის იქნება ერთნაირი. აიღე ერთი და იმავე ბრენდის რამდენიმე პერანგი ან შარვალი ან ქურთუკი და შეადარე. თუ მოდელი იდენტურია – ლოგოც და ლეიბლიც იქნება იდენტური. ერთი ფერის, ერთსა და იმავე ადგილას განლაგებული. თუ სხვადასხვა მოდელია – განსხვავება შეიძლება იყოს ფერში ან განლაგებაში, მაგრამ სტილი, შესრულების მანერა იქნება იოლად ამოსაცნობი.

ამაზე დეტალურად ვწერდი ამ პოსტში.

  • მარკირება და კოდი

იარლიყზე, სადაც შემადგენლობა, რეცხვის და დაუთოების რეჟიმი და მწარმოებელია მითითებული, დატანებული უნდა იყოს ციფრებისა და ლათინური ასოებისგან შემდგარი კოდი. ეს კოდი იოლად იგუგლება. მსგავსი კოდის საქონელი იქნება ბრენდის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში და ონლაინ კატალოგებში. და ის იქნება იდენტური იმისა, რომელსაც გუგლავთ – ცხადია, თუ ფეიქი არ გიჭირავთ ხელთ.

რა თქმა უნდა, ფეიქმახერებსაც შეუძლიათ “გადაშუშონ” ეს მარკირება, მაგრამ ყოველთვის არ იწუხებენ თავს და შესამოწმებლად მაინც ღირს.

  • ტყავეული

ტანსაცმლის ყველა კატეგორიაზე შეიძლება ცალ-ცალკე თქმა, მაგრამ დაუსრულებელი პოსტი გამოვა. ტყავზე ვიტყვი ორი სიტყვით. ნამდვილ ტყავს თუ დაასველებ ის ოდნავ დარბილდება და გამუქდება, იმიტაცია – ფერს არ იცვლის. თუ ხელისგულებს შორის მოაქცევ, ტყავი სხეულის სითბოს იოლად “ისესხებს” და გათბება, იმიტაცია კი – არა. ხელოვნური მასალა ბევრად ჰომოგენურია, ტყავის ზედაპირი კი ფოროვანია და ეს ფორები ასიმეტრიულადაა გაბნეული. თუ ლეიბლი ტყავიაო ამტკიცებს და ტყავის ნიშნები არ აქვს – ფეიქია (ტყავზე ცალკე How-To პოსტიც მაქვს: ტყავი, რომელიც გაცვია).

  • ზოგადი რჩევები

თუ მაღაზიაში ერთი რომელიმე ბრენდის ერთი პროდუქცია მაინც არის, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ფეიქია, დიდი ალბათობით ასეთივე ფეიქი იქნება სხვაც.

ფასი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ყველა ფასდაკლებას აქვს თავისი ზღვარი. არ არსებობს ბუნებაში მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რაღაც იყიდო საბაზრო ფასზე რამდენიმეგზის იაფად. ვერანაირი აუთლეთი (მითუფრო ჩვენთან, რომელიც სინამდვილეში არანაირი აუთლეთიც არაა – კლასიკური აუთლეთი სულ სხვა რამეს ქვია) ამას ვერ იზამს. ამიტომ ფასიც არის ინდიკატორი. პირველ ფილტრად გამოდგება – ღირს თუ არა დროის დაკარგვა და ხარისხის შემოწმება.

ცხადია, ე.წ. მეორადები, გაკოტრებული ბრენდების (ბანკროტ და დახურულ წარმოებებს ვგულისხმობ) ნარჩენების ამოყიდვა, “აღდგენილ-შეკეთებული” საქონელი (კი, ტანსაცმელსაც ეხება, მარტო ტექნიკას კიარა) ცალკე ამბავია. ამაზე არ ვწერ.

ამოჩრილი ძაფები, ღრანჭმოქცეული, ოკრო-ბოკრო ნაკერი ფეიქის უტყუარი ნიშანია. თუ მაღაზია ფეიქ პერანგს ყიდის, დიდი ალბათობით შარვალიც, ქურთუკიც და ფეხსაცმელიც ფეიქი იქნება. და – პირუკუ.

და ისევ გავიმეორებ, რაც ზემოთ დავწერე – ორიგინალ პროდუქციას კერვის ერთი სტილი და სტანდარტი ახასიათებს. ყველაზე მარტივი გზაა, აიღო ერთი ბრენდის რამდენიმე ტანსაცმელი, დადო გვერდიგვერდ და დააკვირდე – ერთი იგივე მოდელი ყველა იქნება იდენტური. სხვადასხვა მოდელებს ექნებათ გამოხატულად იდენტური ნიშნები, ერთი კერვის სტანდარტი, სტილი, ლეიბლინგი. განსხვავებები პრინტების, ლოგოს, ლეიბლის და ა.შ. შემთხვევაში = ფეიქს.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

რაც ეხება აუთლეთს – ის, რაც ჩვენთან ასე მომრავლდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, სინამდვილეში არანაირი აუთლეთი არაა. აუთლეთი კონკრეტულ რაღაცას ნიშნავს, კონკრეტული მიზნით და მიზეზით შეიქმნა და მუშაობის, მომარაგების და ვაჭრობის თავისი პრინციპი აქვს. მწარმოებლებს, ბრენდებს და მათ დისტრიბუტორებს ოფიციალური აუთლეთები აქვთ ხოლმე (ჩვენთანაც არის, მაგალითად “დრესაფს” აქვს აუთლეთი), თუმცა ეს ცალკე პოსტის თემაა.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “How-To: Fake vs. Real”

  1. ყველა აუთლეტი ფეიკია :/ ზოგს ეტყობა იოლად, მაგრამ ატელიე აუთლეთი თუ იცი საბურთალოზე, მანდ ხარისხიანი მგონია.

    Like

    1. ოფიციალური აუთლეთები არაა ფეიქი.
      მაგრამ დიდი ნაწილი აუთლეთი არაა – შერეული მაღაზიაა. აუთლეთი ლეგალურად არის ან მწარმოებლის ან ბრენდის (ეგალური ლდისტრიბუტორის, მაღაზიის) .
      თან აუთლეთში დიდწილად ის საქონელი იყიდება, რაც ბუტიკში არაა. სპეციალურად სააუთლეთოდ იკერება. ხარისხიც სხვაა აუთლეთური.
      15-20% რეალურად აუთლეთში ნარჩენი საქონელი – ბოლო ზომები, არაპოპულარული ფერი, მოდელი ან მოდიდან გასული… 80% არის საგანგებოდ აუთლეთისთვის შეკერილი.

      მოკლედ, კლასიკურად აუთლეთი რა არის – ცალკე ვრცელი თემაა რა 🙂
      და ეგრე დარქმევით რასაც გინდა იმას დაარქმევ. ზოგჯერ 15 კვადრატულში გახსნილ მაღაზიას სუპერმარკეტს აწერენ ჩვენთან 🙂

      Like

    1. ნავნე თუ არ ვცდებო დეფართმენთ სთორია და პრემიუმ ბრენდებს არ ყიდიან, მგონი.
      ამერიკული დეფართმენთ სთორების რა რითეილერების საკუთარ ბრენდებს ყიდიან რაც მინახავს – J.C Penny, Ross, J. Crew და ეგეთების – ან ბანკროტის ზღვარზე დგანან ან გაბანკროტდნენ და კრედიტორებისგან დაცვის ქვეშ არის ბევრი და საკუთარ ტანსაცმელს არ კერავენ უკვე. სხვისას ყიდიან მარტო. ჰოდა, ეგ პროდუქცია რომ დაითრიო იაფად – ეგ ლოგიკურია.
      არ მგონია ფეიქი იყოს. და არც ის მგონია ეგ ბრენდები ფეიქდებოდეს ზოგადად.

      Like

      1. J. Crew-ს აყალბებენ არ იდარდო 🙂 არც იაფია და არც გაკოტრებულა.
        Penny კოტრდება, მაგრამ მაგათ თავისი ტანსაცმელი აქვთ?

        Like

      2. OK. 🙂 თუ ყალბდება, ვინც ყიდულობს იმან არკვიოს 🙂
        ყოველ შემთხვევაში ზოგი ამერიკული ბრენდის იაფად დათრევა ბევრად რეალური სცენარია, მთუმეტეს როცა მაგათ ამერიკულ და ევროპულ პროდუქციას შორის საგრძნობი სხვაობაა ფასში. თან თუ მაგათი ფექთორი აუთლეთიდან მოგაქ.
        ხარისხი არ იქნება იგივე, მაგრამ ფასში მოიგებ კარგად.

        მაგრამ დოლჩეგაბანას პალტო 500 ლარად ისეთი ზღაპარია როგორც ეგერ პატეკფილიპებს რომ ყიდიან.

        Penny

        კი. სხვადასხვა ბრენდის ქვეშ უშვებს/და ტანსაცმელს, რაც რეალურად მაგათია.
        ბევრი დიდი დეფართმენთ სთორი და რითეილერი ჩალიჩობს ამას.

        Like

  2. არ ვიცოდი ბევრი რამ თურმე, მადლობა 🙂

    პ.ს.
    ერთი ბრენდული აღშფოთება უნდა გაგიზიარო. ამხელა თბილისში, ამხელი სითი მოლების ამბავში, ერთი კარგი მამაკაცის საცვლების მაღაზია ან განყოფილება ვერ მომიძებნია კაცს. აი, სტანდარტული, შეფუთუთული საცლვლები კი არ იქნება გასაყიდად გამოტანილი, არამედ ორიგინალი, განსხვავებული, ასაჩევად ბევრი იქნება და თითო მოდელი, შეიძლება თითო-თითოც იყოს. ქალის საცვლების უამრავი მაღაზიაა, არცერთი კაცის, შენ რამე სადმე ხომ არ იცი?

    Like

    1. ცალკე მაღაზია არ ვიცი, ალბათ ეგეცაა, მაგრამ ტანსაცმლის ბრენდებს ნამდვილად შემოაქვთ თავისი.
      ძვირებიც და იაფებიც. 100 ლარიც და 20-იც.
      ლივასის ბოქსერებს ვყიდულობ მე 🙂

      Liked by 1 person

    2. აი წინდებს რაც ეხება ერთნაირად იხევა 🙂 გინდა 100 ლარი მიეცი გინდა 20 :)))
      CK ვყიდულობდი ხოლმე. ლაკოსტიც მაქ.

      Like

    1. ძვირიც არაა მგონი…
      თუმცა, მაგ ბრენდის მომხმარებელი არ ვარ. შენ უკეთ იცი
      ამერიკულებიდან ბრუქსები მევასება მე და ლივაისი, იუ ნოუ 🙂

      Like

  3. BTW
    J. Crew 2-მილიარდიანი ვალი ქონია აკიდებული. ახლა კორონაც დაემატა და კრედიტორებისგან დაცვას ითხოვს.
    კაი ხანია უკვე ფინანსური პრობლემები ქონია.
    ბოლო ორი წელია საერთოდ მთელი ინვესტირება Madewell- ში მიდიოდა და იქ ქონდათ ზრდა და არა საკუთრივ J. Crew-დან

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: