დრო იყო, თბილისში მხოლოდ ორი ყაიდის ქანდაკება ვიცოდით – ცხენიანი კაცების ან პოეტების. დღეს ქალაქმა ცოტა გამოიხედა. რა შედარებაა. თბილისის არ იყოს, ცხენიანი კაცები სხვაგანაც ბევრია. პოეტებიც. მაგრამ მე უსახელო სკულპტურები მიყვარს. მაინცდამაინც სერვანტესი, გოია, ან ლოპე დე ვეგა ხომ არ უნდა იყოს. უსახელო, უცხო ქანდაკებები უფრო საინტერესოა. ის ამბებიც, ამ სკულპტურებს რომ სურთ, მოგიყვნენ.
გოგონა, რომელიც Malasaña-ს უბანში, Calle del Pez და Calle de San Bernardo ქუჩების კვეთაზე დგას, კედელს მიყრდნობია და წიგნი აქვს გადაშლილი. ეს ჯულიაა, პირველი ქალი სტუდენტი ესპანეთში. როდესაც სწავლა-განათლება ქალის საქმედ არ მიიჩნეოდა, მამაკაცად გადაიცვა და ასე, მოტყუებით გახდა მადრიდის უნივერსიტეტის სტუდენტი 1841 წელს. უნივერსიტეტის ძველი შენობა აქ, ამ უბანში მდებარეობდა.
- მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯულია ყველა იმ ქალის სახეა, ვინც ამა თუ იმ ფორმით დისკრიმინირებული იყო და დისკრიმინაციას ებრძოდა, მას კონკრეტული პროტოტიპი ყავს – კონსეფსიონ არენალ პონტე (Concepción Arenal Ponte) ესპანელი იურისტი, ვინც მადრიდის უნივერსიტეტში 1841-1848 წლებში სწავლობდა და მამაკაცის ტანსაცმელში უხდებოდა ლექციებზე დასწრება.
- პირველი ქალი სტუდენტი – ასე ამბობენ ჯულია/კონსეფსიონზე, თუმცა, 1785 წელს მარია ისიდრა დე გუსმანმა, ესპანელი ბანოვანების ქალიშვილმა კარლოს მესამის პირადი ნებართვით დაამთავრა ალკალას უნივერსიტეტი და ფილოსოფიის დოქტორის წოდებაც მიიღო. ჯულიას/კონსეფსიონს სამეფო კართან დაახლოებული მშობლები არ ჰყავდა (მეტიც, მისი მამა ოპოზიციონერი იყო), არც მეფის პროტექცია ჰქონდა, ამიტომ სწავლის გზაზე სხვა ხერხის ნახვა მოუხდა.
- არამხოლოდ ჯულიას გამო, მალასანია კარგი უბანია თუ მადრიდს გინდა, ესტუმრო – დღისით წყნარი და ღამით უამრავი კაფე-ბარით და თავშესაქცევით. მისადგომადაც მოხერხებულია და უსაფრთხო. აქ ვცხოვრობდი მე. ამას გირჩევ შენც.
როკერი ბებო Calle Peña Gorbea-ს ქუჩაზე დგას… თუმცა, დგასო ცოტა გადამეტებული ნათქვამია – ბიუსტია. ფეხები არ აქვს, მაგიერ მარჯვენა ხელი შეუმართავს ყველა როკერისთვის კარგად ნაცნობი მისალმებით – თხის (ეშმაკის) რქებით. არ ვიცი, იქაური კათოლიკე მშობელთა კავშირია, თუ რომელიმე მწუხარე სახის რაინდი, მაგრამ ქანდაკება ვანდალების მსხვერპლი რამდენჯერმე გამხდარა და სწორედ ამ თითებს ამტვრევენ ხოლმე. როკერი ბებო ანხელეს როდრიგეს იდალგოა (Ángeles Rodríguez Hidalgo). ერთი ჩვეულებრივი, კდემამოსილი ესპანელი დიასახლისი იყო, სანამ 70 წლის ასაკში, გასული საუკუნის 80-იანებში შვილიშვილმა ჰევი მეტალის (ამბობენ, AC/DC-ის) კონცერტზე არ წაიყვანა. მას შემდეგ და ვიდრე სიკვდილამდე როკერი ბებო როკ-კონცერტს არ აცდენდა. იმდენად პოპულარული შეიქნა, რომ ვერ გაიგებდი, დანარჩენი პუბლიკა მუსიკის მოსასმენად დადიოდა თუ მის სანახავად.
ხშირად იყო ტელე-როკ-გადაცემების სტუმარი და ჟურნალ-ჟურნალ არიგებდა ინტერვიუებს. 1984 წელს ჯგუფ Panzer-ის ალბომის გარეკანზეც გამოჩნდა.
დაცემული ანგელოზი – 2. არა, ფილმის სათაური არაა. სკულპტურაა მადრიდში. იმიტომ 2, რომ პირველი დაცემული ანგელოზის, ლუციფერის ქანდაკება რეტიროს პარკშია და ყველამ იცის. ეს მეორე Calle de los Milaneses დასაწყისშია, სახლის სახურავზე. სხვები მადრიდელ იკაროსსაც უძახიან.
მაგრამ არც ლუციფერია, არც იკაროსი (ან – ორთავეა ერთად). ქანდაკებას ავიაკატასტროფა ქვია და სიმბოლურად ყველა ავიაკატასტროფის ყველა მსხვერპლის ხსოვნას ეძღვნება.
- ამ ქანდაკების აღმართვიდან სამი წლის შემდეგ, 2008 წელს მადრიდის აეროპორტში საზარელი ავიაკატასტროფა მოხდა, როდესაც Spanair-ის რეისი 5022 აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
Calle Mayor ესპანურად მთავარ ქუჩას ნიშნავს. მთავარი თუარა, ერთ-ერთი მთავარი ნამდვილად არის, მადრიდში ყოფნისას დღეში 2-ჯერ მაინც აივლი და ჩაივლი. თუ მეტჯერ არა. და ამდენჯერ მოკრავ თვალს დამკვირვებლის ოქროსფრად აპრიალებულ უკანალს.
ვიღაც იფიქრებს, როკერი ბებოს თითის მამტვრეველნი რომ ვახსენე, მათთვისაა… სინამდვილეში ქალაქის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომელთა საპატივსაცემოდ დგას. ზურგშექცევით კი იმადაა, რომ ესკალატორს გასცქერის, აკვირდება, ხომ არ დაზიანებულა, რომ შეაკეთოს.
სხვები ამბობენ (და ეს უფრო სარწმუნო ვერსია მგონია) ქანდაკება მადრიდული ცხოვრების ტემპს ასახავს – აქ ყოველთვის გაქვს დრო დაეყუდო და დააკვირდე, როგორ მუშაობენ სხვები. 🙂
კატების ქანდაკებებით ბარსელონაა ცნობილი, მაგრამ ახლახანს, სთრით-არტ ფესტივალის ფარგლებში მადრიდშიც გამოჩნდა ერთი, მწვანე ბურთზე შემოსკუპებული შავი კატა.
ინსტალაცია დროებითია, მაგრამ ამ ამბით ვისარგებლებ და ერთ კარგ ლეგენდას მოგიყვები მადრიდსა და მადრიდელებზე.
მადიდელებს Gatos – კატებს უძახიან. დღეს, ეგებ, ეს ყველას არც ახსოვდეს, მაგრამ მეტსახელი XI საუკუნიდან მოდის, როდესაც ქალაქი არაბების ხელში იყო. 1083 წლის მაისში, გარიჟრაჟზე ერთი მადრიდელი ჭაბუკი აძვრა გალავნის კოშკზე და დამპყრობლების დროშა ჯვარგამოსახული დროშით შეცვალა. შავი სამოსი ეცვა და თან ისე სწრაფად და ოსტატურად მიცოცავდა, რომ მავრებს ვერ გაეგოთ ადამიანი იყო თუ მაქცია – კატა. დროშის აღმართვა ქალაქში შეთქმულთათვის აჯანყების დაწყების ნიშნად იქცა, ქალაქის გალავანს მომდგარი ესპანელი მეომრებისთვის კი – შტურმის დაწყებისა.
ამ მეტსახელის სხვა, ნაკლებპატრიოტული და ნაკლებჰეროიკული ვერსიაც არსებობს – შუა საუკუნეებში ქალაქის მმართველებს ქალაქში ყველა შემსვლელისთვის, ადგილობრივი იქნებოდა თუ სტუმარი, ბაჟი ჰქონდათ დაწესებული (აი, დღეს რომ ტურისტული მოსაკრებელია, მაგის მსგავსი, მაგრამ – უფრო მაღალი). ბევრს ფულის გადახდა არ ეპიტნავებოდა, ამიტომ ქალაქში შეღწევას ღამით, გალავანზე გადაძრომით ლამობდა. ამად შეარქვესო მადრიდელებს კატები.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___