პოსტი ჯორჯ ორუელზეა. დრაფტებში მეგდო რახანია: გამოქვეყნება არ მეჩქარებოდა – ორუელი ვინ არ იცის-მეთქი, ვფიქრობდი. და მართალი ვყოფილვარ. 🙂
ცხადია, საუკუნეებს ჯერ ვერ გაუძლო, “1984”-ის გამოცემიდან ერთი საუკუნეც არ გასულა, 70 წელი აღნიშნეს წელს, მაგრამ 7 მილიარდი რომ აქვს კაცს, რამდენიმე ათეულსა თუ ასეულზე გამოეკიდო, სირცხვილია.
მითუმეტეს რომ, საუკუნეებს გაუძლებს ნამდვილად. მისი პერსონაჟები ხომ, სამწუხაროდ, არსად ქრებიან.
თუმცა, დრო იყო ჯორჯ ორუელი (George Orwell) თავად კინაღამ დაემგვანა იმ “სასარგებლო იდიოტს” ტოტალიტარული რეჟიმები და სხვადასხვა წვრილფეხა ავტორიტარები რომ იყენებენ. ბრიტანელ ინტელექტუალთაგან ზოგმა მის იდიოტიზმში ისე ღრმად შეტოპა, რომ სამშობლოს ღალატამდე მივიდა. მათგან ყველაზე კარგად ცნობილი ე.წ. “ქემბრიჯის ოთხეულია” ქიმ ფილბის მეთაურობით. მემარცხენე და მარქსისტი იყო ჯორჯ ორუელიც.
1936 წელს კატალონიას მიაშურა ესპანეთის სამოქალაქო ომში ჩასაბმელად პუომელებთა გვერდიგვერდ (P.U.O.M. – მარქსისტული ერთობის ესპანური მუშათა პარტია იყო). სწორედაც რომ მებრძოლად და არა – რეპორტიორად. იარაღიც ეჭირა ხელში და სნაიპერმა დაჭრა კიდეც. მძიმე ჭრილობა იყო – ყელში. ერთი ხანობა ლაპარაკიც უჭირდა.
მაგრამ ჭრილობაზე მეტად ორუელს საბჭოთა “მეგობრების”, ენკავედეს რაზმების და ათასი ჯურის წითელი ჯალათების ქმედებებმა აუხილა თვალი “კომუნისტურ სამოთხეზე”. განსხვავებული აზრის დევნა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება და მოსპობა, რეპრესიები. ყველაფერი რაშიც მემარცხენეები ფრანკისტებს ტოლს არ უდებდნენ და, ხშირად, “ჯობნიდნენ” კიდეც – ცივი შხაპი, რომელმაც ჯორჯ ორუელი გამოაფხიზლა. ერთი წლის შემდეგ, 1937-ში სოციალიზმისგან სრულად განხიბლული დაბრუნდა ლონდონში.
1943 წელს “ცხოველთა ფერმის” (Animal Farm) წერას შეუდგა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ბიძგი უელსელი ფოტოგრაფის გარეთ ჯონსის (Gareth Jones) საბჭოურმა რეპორტაჟმა მისცა (ფერმის მფლობელი გვარად ჯონსი მის საპატივცემულოდაა).
გარეთ ჯონსი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ლოიდ ჯორჯის თანაშემწედ მუშაობდა და 1930 წელს მისი დახმარებით საბჭოთა კავშირში რეპორტაჟის მოსამზადებლად მოახერხა გამგზავრება. საბჭოელებმა ჯონსს, როგორც შეეძლოთ, ისე დააბოლეს – სანიმუშო “სავხოზებში” დაატარებდნენ, წითელ ინტელიგენციასთან არაყი ასვეს და ყოველმხრივ თავზე გადაყვნენ, მაგრამ სურსათის დეფიციტი, ცენზურა, ენკავედე, რეპრესიები არ გამოპარვია. პირად წერილებში და დღიურებში ყველაფერ იმაზე წერს, რაც დღეს ჩვენც კარგად ვიცით, მაგრამ რაც გაზეთებში გამოაქვეყნა, “დავარცხნილი” და მეტ-ნაკლებად საბჭოთა რეჟიმისთვისაც მისაღები იყო. ამის წყალობით, კიდევ რამდენჯერმე მოახერხა საბჭოთა კავშირში მოგზაურობა – წერდა ინდუსტრიალიზაციაზე, ხუთწლედის გეგმებზე… და პატარა გმირობისთვის ემზადებოდა.
1933 წელს სტალინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში მყოფმა გარეთ ჯონსმა ისარგებლა ნდობით, რაც საბჭოელებში მოიპოვა, ენკავედეს დაუსხლტა და მორიგი საგამოფენო “სავხოზის” თუ მეტალურგიული ქარხნის ნაცვლად უკრაინაში გაემგზავრა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ გაზეთებში Manchester Guardian და New York Evening Post გამოაქვეყნა რეპორტაჟი ჰოლოდომორის შესახებ. ეს იყო პირველი დადასტურებული ცნობები იმ გენოციდზე, რასაც საბჭოთა ხელისუფლება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდა.
როგორ იქცევა საბჭოთა რეჟიმი ომის დროს, ჯორჯ ორუელს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, გარეთ ჯონსის სტატიამ დაანახა, თუ როგორია უბრალო ადამიანების, ყოფა, შიმშილი და მონური შრომა “ბოლშევიკურ სამოთხეში”.
“ცხოველთა ფერმაში” თითქმის ყველა პერსონაჟს ეძებნება რეალური პროტოტიპი – მარქსი, ლენინი, სტალინი, ტროცკი. გაბრიყვებულ პროლეტარიატსაც ვხედავთ იქ და წითელ ინტელიგენციასაც… მაგრამ, “1984”-ისა არ იყოს, ეს წიგნიც საუკუნეებს უძლებს. დღეს სხვა გვარები უნდა ჩავსვათ. პროლეტარების ნაცვლად ამომრჩევლები დავინახოთ. ინტელიგენციის ნაცვლად – ისევ ინტელიგენცია, წითლის ნაცვლად ნაყიდი ვთქვათ.
მაგრამ ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი მაინც სქუილერია (Squealer). “მკივანად”, “მჭყივანად”, “ჩამშვებად” თარგმნიან ხოლმე. ტროლი მისთვის ცოტაა და გამპრავებელი კი მოერგება მშვენივრად.
მათ შორის იყო პატარა, ჩასუქებული ღორი, სახელად სქუილერი, ლოყებღაჟღაჟა და თვალებფახულა, მოხდენილი მიხრა-მოხრა იცოდა და მკვეთრი, მკივანა ხმა ჰქონდა დაყენებული. არც ენაწყლიანობა აკლდა და თუ კამათისას გაუჭირდებოდა, ისეთ ცმუკვასა და კუდის ქიცინს მოჰყვებოდა ხოლმე, რომ მეტ დამაჯერებლობას სძენდა მის ნათქვამს. ასე ამბობდნენ, სქუილერს შავზეც შეუძლია დაგიმტკიცოს, თეთრიაო.
ამასობაში ცხოვრება გაჭირდა. მორიგი ზამთარი შარშანდელივით სუსხიანი იყო საკვები კი უფრო შემოაკლდათ. კვლავ შეუმცირეს ყველას ულუფა, გარდა ღორებისა და ძაღლებისა. სქუილერის განმარტებით, საკვების თანასწორად განაწილება თვით ჰუმანიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. სულაც არ გასჭირვებია სხვა ცხოველებისთვის დაემტკიცებინა, რომ თვალი ატყუებდათ და საკვები სინამდვილეში თავზე საყრელად ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ულუფების დარეგულირების დროებითი ზომა საჭირო გახდა (ყოველთვის ასე ამბობდა – დარეგულირება და არა შემცირებაო), მაგრამ იმ ავბედით წინა წლებთან შედარებით, ყველასთვის თვალნათელი უნდა ყოფილიყო უკეთესობა. დამაჯერებლობისთვის, სწრაფად, მკივანა ხმით ჩაიკითხა ციფრები, იმის დასტურად, რომ მეტი შვრია, მეტი თივა, მეტი თალგამი აქვთ, ვიდრე წინა მმართველობისას ჰქონდათ, წყალი უკეთესი ხარისხისა მოედინება, თივა უფრო ფაფუკადაა გაშლილი, სიცოცხლის ხანგრძლივობამ – იმატა, სამუშაო დრომ – იკლო. რწყილებიც კი უფრო ტკბილად და საამურად იკბინებიან. და ცხოველებსაც სწამდათ მისი ყოველი სიტყვა.
ჯორჯ ორუელი. “ცხოველთა ფერმა”
ჯორჯ ორუელმა “ცხოველთა ფერმა” 1945 წელს გამოსცა, “1984” კი – 1949-ში. უელსელი ჟურნალისტი გარეთ ჯონსი კი 1935 წელს მანჯურიაში ყოფნისას გერმანელ ჟურნალისტთან ერთად ყაჩაღებმა გაიტაცეს. გერმანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს, ჯონსი კი მოკლეს. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ენკავედეს აგენტების სპეცოპერაცია იყო. სხვათა შორის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ზუსტად ასე ყაჩაღებმა გაიტაცეს და მოკლეს სამი რუსი ჟურნალისტი. ხელწერა ერთია. “ერთმორწმუნეს” ენკავედეშნიკი მართავს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
“1984”-ზე არაფერს დავწერ. ერთი რომ ეს პოსტი ისედაც ვრცელი გამოვიდა. მეორე, გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, “1984”-მა უკვე სამაგიდო წიგნის გრიფი მოიპოვა და უჩემოდაც ყველა წაიკითხავს ახლა. მესამე, “ცხოველთა ფერმა(ც)” კარგი წიგნია, ეგეც გაუძლებს საუკუნეებს და მაგასაც გადაავლონ, ეგებ თვალი. მეტადრე – ჩვენი დროის სქუილერებმა.