ფოტო(ს)ისტორია
ფოტო მეორე: რობერ დუანო
ფოტოს ავტორი, შეიძლება, არ იცოდე, მაგრამ ეს ფოტო გეცოდინება.
“კოცნა მერიასთან” (Le baiser de l’hôtel de ville) ასე ქვია. 1950 წელსაა გადაღებული და ჟურნალმა Life გამოაქვეყნა. დღეს მილიონობით ბარათზე, კალენდარსა თუ პოსტერზეა. და ბევრი სხვა ფოტოგრაფისა და ფოტოს ინსპირაცი გამხდარა. სხვადასხვა დროს დავის საგნადაც ქცეულა, როდესაც დუანოს თანხას სძალავდნენ, აქაოდა ფოტოზე ჩვენ ვართ და ფოტოს გადაღების ნება არ დაგვირთავსო (კი, ასეთი კანონი ნამდვილად არსებობს). ერთმა, ყველაზე მონდომებულმა წყვილმა 80-იანებში სასამართლო დავაც წამოიწყო. მაგრამ სინამდვილეში ფოტოზე სულ სხვა ორი ახალგაზრდაა და ფოტოს გადაღების ნება დუანოს ჰქონდა. შემთხვევით შეესწრო, როგორ კოცნიდა ფრანსუაზ დელბარი ბოიფრენდ ჟაკ კარტუს და თხოვა, ფოტოს გადასაღებად ერთხელაც გაემეორებინათ(*). სულ ფოტოს სამი ვერსიაა, პარიზის სხვადასხვა ადგილას გადაღებული. ფოტოგრაფმა და ჟურნალმა მერიის წინ გადაღებული ფოტო შეარჩიეს. ფოტოგრაფის ხელმოწერითა და ბეჭდით ორიგინალი ფრანსუაზ დელბარის არქივში ინახებოდა, სანამ 1992 წელს არ გაყიდა 155’000 ევროდ. დელბარისა და კარტუს სიყვარულმა ერთ წელიწადსაც ვერ გაძლო, მათი ფოტო კი დღემდე რჩება პარიზის – სიყვარულისა და სილამაზის, გრძნობების ქალაქის სიმბოლოდ.
რობერ დუანომ (Robert Doisneau) პარიზის მხატვრობისა და გრაფიკის სამაგისტრო სკოლა (ESAIG) დაამთავრა. მუშაობდა სარეკლამო ინდუსტრიაში როგორც ლითოგრაფისტი და გრაფიკოსი. 20-იანების ბოლოს ფოტოგრაფიამ გაიტაცა. ნამუშევრებს სხვადასხვა ჟურნალს სთავაზობდა უშედეგოდ, სანამ 1932 წელს Excelsior-მა ერთ-ერთი ნამუშევარი არ მოუწონა და გამოაქვეყნა. შემდეგ იყო სარეკლამო კონტრაქტი Renault-თან. ქუჩის ფოტოგრაფიით 1939 წლიდან დაკავდა, როდესაც სააგენტო Rapho-მ დაიქირავა ფოტორეპორტიორად.
მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო კორესპონდენტად მუშობდა, ბევრი კარგი ფოტო აქვს, თუმცა ყველაზე ცნობილი მისი ომისშემდგომი პარიზული ციკლია ჟურნალისთვის Life.
რობერ დუანო მუშაობდა ჟურნალისთვის Vogue და მხატვრების, მუსიკოსების თუ მწერლების მრავალი ფოტოპორტრეტის ავტორიცაა. პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო, ნამდვილად რომ გექნება ნანახი, დუანოს გადაღებულია (აქ არ დავპოსტავ. სიტყვაზე მენდე, ან – დაგულე 🙂 )
რობერ დუანო 1947 წლის Kodak-ის პრიზის,ა პროფესიონალ ფოტოგრაფთა ასოციაციის 1956 წლის ნიეპსის ჯილდოს მფლობელია და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი. სხვა მრავალ ჯილდოსა და პრიზს არ ჩამოვთვლი.
პარიზის მახლობლად, მის მშობლიურ ქალაქ ჟანტიიში რობერ დუანოს სახელობის გალერეა მდებარეობს, სადაც ფოტოგრაფის ნამუშევრების მუდმივმოქმედი გამოფენაა.
ბოლო ფოტოს კი ბლოგერის წვალებას ბედს დავარქმევდი, ლეპტოპის, ტაბლეტის და სმარტფონის გამოჩენამდე.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Robert Doisneau: the humanist photographer who loved Paris
(*) ამ ფოტოს ისტორიას ყველა ისე ყვება, როგორც გაუხარდება. სავსეა ინტერნეტი სტატიებით და პოსტებით.
Classic Kiss shot sold at auction
***
ასევე
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო პირველი)
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო მესამე)